განმარტებანი - ქრისტეანთა ნუგეშისცემა 4 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ქრისტეანთა ნუგეშისცემა

ამონაწერები წმიდა წერილიდან,  წმიდა  მამათა თხზულებებიდან და პატერიკებიდან
მძიმე ცხოვრებისეულ ვითარებაში ჩავარდნილ ადამიანთა ნუგეშისცემისთვის

(გ. დიაჩენკოს წიგნის "შემწე და მფარველის" (Помощник и покровитель) მიხედვით
ნუგეშისცემა


განყოფილება პირველი

ნაწილი მეოთხე



1. მოთმინებაში დაქანცულთა ნუგეშისცემა


ა) ბიბლიური ნუგეშისცემანი

1. ღმერთი არის ღმერთი მოთმინებისა: "მოთმინებისა და ნუგეშის ცემის ღმერთმა კი, დაე, ერთსულოვნად გამყოფოთ ქრისტე იესოს მიერ" (rom 15:5).

2. ქრისტემ მოგვცა მაგალითი მოთმინებისა: "ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე" (ესაია 53:7). "იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე" (ებრ. 12:3). "ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს. არც შეუცოდავს და არც დასჩენია ზაკვა მის ბაგეს, ვისაც ჰგმობდნენ და სანაცვლოდ არავის ჰგმობდა, აწამებდნენ და არ იმუქრებოდა, არამედ თავის თავს ანდობდა მართლად გამკითხეს" (1 პეტრე 2:21-23).

3. ქრისტე მოთმინებისკენ მოგვიწოდებს: "მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული" (ლუკა 21:19). "ამასაც გევედრებით, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარში ამოუდექით უმწეოთ და დიდსულოვანნი იყავით ყველას მიმართ' (1 თესალონიკ. 5:14). "თქვენც მრავლისმთმენნი იყავით და გაიმაგრეთ გული, რადგანაც მოახლოვდა მოსვლა უფლისა" (იაკობ. 5:8). "ამიტომ თქვენც გულმოდგინედ ეცადეთ, რომ თქვენს რწმენას სათნოებაც ზედ მიუსართოთ, სათნოებას კი - შემეცნება, შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, ხოლო მოთმინებას - ღვთისმოსაობა" (2 პეტრე 1:6).

4. კეთილ საქმეთა კეთებისას მართლმორწმუნენი მომთმენნი უნდა იყვნენ: "სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ" (გალატ. 6:9). "მართლაცდა, თუკი შეცოდებისათვის გცემენ და ითმენთ, ვითომ რა საქები საქციელია? ხოლო თუ სიკეთის ქმნისათვის გაწამებენ და ითმენთ, ეს კი მადლია ღვთის წინაშე" (1 პეტრე 2:20).

5. მოთმინებას მოაქვს უდიდესი ნაყოფი: "პოხიერ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, კეთილსა და სუფთა გულში იმარხავენ მას და ნაყოფიც გამოაქვთ მოთმინებით" (ლუკა 8:15).

6. მომთმენნი უნდა ვიყოთ ჭირსა და დევნულებაში: "გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი" (რომ. 12:12). "არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში, გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში" (2 კორინთ. 6:4-5). "ასე რომ, თვითონვე ვიქადით თქვენით ღვთის ეკლესიებში, თქვენი მოთმინებისა და რწმენის გამო ყოველგვარ დევნილობასა და გასაჭირში, რასაც იტანთ" (2 თესალონიკ. 1:4).

7. უნდა გვქონდეს ღმრთისადმი სასოება: "მტკიცედ ვესავდი უფალს და მომხედა მე, და მოისმინა ჩემი ვედრება" (ფსალმ. 39:2).

8. მოთმინებით ველოდოთ ხსნას უფლისაგან: "კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან" (გოდ. იერ. 3:26).

9. მოთმინებით ველოდოთ ქრისტეს მეორედ მოსვლას: "უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულისა და ქრისტეს მოთმინებისკენ" (2 თესალონიკ. 3:5). "მაშ, მრავლისმთმენნი იყავით, ძმანო, უფლის მოსვლამდე. აჰა, გლეხკაცი ელის მიწის სანუკვარ ნაყოფს; მოთმინებით ელის როდის ეღირსება წვიმას, ნაადრევს თუ ნაგვიანევს. თქვენც მრავლისმთმენნი იყავით და გაიმაგრეთ გული, რადგანაც მოახლოვდა მოსვლა უფლისა" (იაკობ. 5:7-8).


წმიდა მამათა და ღვთისმოსავ მოსაგრეთა სწავლება მოთმინების სათნოების შესახებ

1. ღირ. მაკარი ეგვიპტელი ამბობს: "თუ გინდა ქრისტეს მიბაძო და ამგვარად მოიპოვო ღვთისშვილობა, უპირველესად ყოვლისა დიდსულოვნად აიტანე ყველა ჭირვება, რაც მას განუცდია: ხორციელი სნეულებანი, წყენა და შეურაცხყოფანი, უხილავ მტერთა ბრძოლანი, რადგან ღმრთის განგებით, რომელიც ყოველივეს კეთილად წარმართავს, ამგვარი განსაცდელნი სულებზე იმისთვის მოიწევა, რათა გამჟღავნდეს მათში ღვთისადმი არსებული გულწრფელი სიყვარული.

დასაბამითგანვე წმ. პატრიარქთა, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და მოწაფეთა რჩეულობის ნიშანი იყო ის, რომ ყველანი განსაცდელთა ვიწრო გზით ვიდოდნენ და ამგვარად სათნოეყოფოდნენ ღმერთს. "შვილო, - ბრძანებს წერილი, - თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი. გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და განსაცდელის ჟამს ნუ აჩქარდები" (ზირაქი. 2:1, 2). და კიდევ სხვა ადგილას: "რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი" (ზირაქი. 2:4), როგორც სიკეთე, რადგან იცი არაფერი ხდება ღმრთის გარეშე.

ამიტომაც, სული, რომელიც ღმრთის სათნოყოფისკენ მიისწრაფვის, უპირველეს ყოვლისა მოთმინებითა და სასოებით უნდა აღიჭურვოს. ბოროტმზაკვარი ეშმაკი ჩვენი გაჭირვების ჟამს ღმრთისადმი უსასოობაში ცდილობს ჩვენს შთაგდებას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, - ღმერთი არასოდეს დაუშვებს იმგვარ განსაცდელს, რომ მათით გათანგული სული ღმრთისადმი ურწმუნოებაში შთავარდეს. "სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა" (1 კორ. 10:13). და ეშმაკიც სულს აბოროტებს არა იმდენად, რამდენადაც მას სურს, არამედ იმ ზომით, რა ზომითაც ამას უფალი დაუშვებს. თუკი ადამიანებმა იციან რა სიმძიმის ტვირთვა ძალუძს ჯორს, რა სიმძიმისა ვირს და რა სიმძიმისა აქლემს, და ამ ცოდნის საფუძველზე ყოველ პირუტყვს იმაზე მეტ ტვირთს არ აჰკიდებენ, რაოდენის ტვირთვაც მათ ძალუძთ; თუკი მეთუნემ იცის რამდენი ხნის განმავლობაში უნდა დაჰყოს თიხამ ღუმელში, რათა არც გადახურებით გაიბზაროს, და არც არასაკმარისი გამოხურვებითა და ნაადრევი გამოტანით გახდეს უხმარი გამოყენებისთვის; და მაშ, თუკი ადამიანი ამგვარი გულისხმისყოფით ყოფილა დაჯილდოვებული, განა უმეტესად არ უწყის ღმრთის სიბრძნემ რა სიმძიმენი დააკისროს ყოველი კაცის სულს, რათა მისით გამოცდილი და გამოხურვებული ზეციური სასუფევლის ღირსჰყოს" (Sancti Macarii Aegyptii opera omnia, liber de libertate mentis, caput XIII).

2. ღირ. მარკოზ განშორებული ასწავლის: "როგორც მწარე აბზინდია სასარგებლო მათთვის, ვისაც კუჭი აქვს აშლილი, ასევე სასარგებლოა განსაცდელი ავნზიანთათვის, რადგან ერთსაც და მეორესაც სამკურნალო დანიშნულება გააჩნია, და თუ პირველთ ხორციელ შვებას ჰგვრის აბზინდი, მეორეთ სინანულისკენ უბიძგებს განსაცდელი" (თ. 115). "თუმცა, ნურც იმას იფიქრებ, თითქოსდა განსაცდელნი ადამიანებს მხოლოდ მათი ცოდვების გამო ევლინებათ: ზოგჯერ ღმრთითსათნო ადამიანიც გამოიცდება. წერილი ამბობს: "ხოლო უშჯულონი იდევნნენ და თესლი უღმრთოთა მოისრას" (ფსალმ. 36:28); და კიდევ: "ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება" (2 ტიმ. 3:12) (თ. 174).

"როდესაც კაცნი დაგჩაგრავენ, უწყოდე, მოთმინებისთვის ღმერთი განგადიდებს, - და ასე, დამცირებული და დაკნინებული უშფოთველი გახდები; ხოლო დიდებაში, როდესაც მოვა, მტკიცე და განუკიცხველი აღმოჩნდები" (თ. 68).

3. წმ. იოანე კიბისაღმწერელი წერს: "როგორც გველი ვერ გამოიცვლის ქერცლს თუ ვიწრო ხვრელში არ გაძვრა, ვერ ჩვენც შევიცვლით ცოდვით მიდრეკილებებსა და გრძნობებს, ძველი კაცის სამოსსა და სულის ჭუჭყს, მარხვისა და დამცირების ვიწრო გზას თუ არ შევუდგებით" (თ. 15). "როგორც ღორი არ ეტანება ამომშრალ ჭაობს, ასევე ეშმაკიც ვერ ხარობს ღვაწლით გამობრძმედილი მოსაგრის ხორცში" (კიბე. თ. 17).

4. ღირ. ამბა დოროთე ბრძანებს: "გწამდეს, რომ ყოველივე, რაც ჩვენ გვეხება, თვით ყველაზე უმცირესშიც კი, ღმრთის განგებულების აღსრულდება, - მაშ, როგორ არ უნდა დაითმინო შენს თავს მოწეული განსაცდელი. გწამდეს, რომ წყენა და უპატივობა ამპარტავნების საკურნებლად გევლინება, რომლითაც მოწყლულია შენი სული. ილოცე მათთვის ვინც გამცირებს, როგორც ჭეშმარიტ მკურნალთათვის, თანაც იმ რწმენით, რომ ვისაც სძულს უპატივობა მას მორჩილებაც სძულს, და წუხილთაგან გაქცევის მოწადინე თავმდაბლობასაც გაურბის".

5. ღირ. ილია განშორებული ასწავლის: "ვინმემ შენი თანდასწრებით ძმა თუ გაკიცხოს ნუ დაუთმობ მოკიცხარს, ნუ მოერიდები მას და ნუ დაეთანხმები, რათა არ შესცოდო ღმრთის წინაშე. არამედ თავმდაბლობით უთხარი მოკიცხარს: "ძმაო, მომიტევე, მე ვარ ცოდვილი და ყოველგვარი კიცხევის ღირსი; ის ვნება, რომელზეც ლაპარაკობ, მეც მახასიათებს, ამიტომაც, მასში მხილების მოსმენა ვერ ძალმიძს" (ჰომ. 4).

"ძმამ თუ გიმუხთლა, ან ვინმე შენი თანდასწრებით ძმას განიკითხავს, დაიცავ შენი გული, რათა ძმის სიძულვილი არ განახლდეს მასში. გაიხსენე შენი უამრავი შეცოდება ღმრთის წინაშე და, თუ გსურს უფალმა მოგიტევოს, ნუ მიაგებ ბოროტს სიბოროტით" (ჰომ. 4). "როცა შეიტყობ, რომ ძმა განგიკითხავს, და ამის შემდეგ სადმე შეხვდები, ან ის მოვა შენთან, -კეთილგანწყობით შეიწყნარე, სიხარულით მიეგებე და ნუ აგრძნობინებ, რომ იცი მისგან შენი განკითხვები, არამედ ჰკითხე: "რატომ ამბობდი ამას და ამას"? ხომ წერილ არს: "ვისაც უკეთურება ახსოვს ის უსჯულოებს" (ჰომ. 4). "ვინმეს წყენა თუ გახსოვს, ადექი და ილოცე მისთვის მთელი გულით, რათა ღმერთმა მიუტევოს ბოროტმოქმედს და შურისძიების გრძნობა მიგატოვებს" (ჰომ. 4). "თუ დასნეულდი ნუ იწუწუნებ, არამედ ღმერთს მადლობდე; თუ დაინახავ, რომ სნეულების გამო შეცბუნდა შენი სული, დასამშვიდებლად თავი ასე ინუგეშე: "ეს სნეულება იმ სნეულებაზე უკეთესია, რაც ჯოჯოხეთში გელოდება და რომელშიც შთავარდები, თუ მტკიცედ არ დაუდგები განსაცდელებს". ამგვარი ფიქრი ყოველგვარ ცბუნებას განგაშორებს" (ჰომ. 4).

ეკლესიის ერთი ძველი მოძღვარი (ტერტულიანე) ასე აღწერს მოთმინების სათნოებას: "ღმერთი საიმედო თავდებია ჩვენს მოთმინებაში; თუ მას მიანდობ შენს მიერ განცდილ უსამართლობას, - შურს ის იძიებს; თუ მის ხელებს გადასცემ შენთვის მოყენებულ ზიანს, - ის დაგაჯილდოვებს; სული გიწუხს? - გვირგვინს ის დაგიწნავს; სიკვდილი გაშინებს? -მკვდრეთით ის აღგადგენს. მაშ იხილე რაოდენ დიდია მოთმინების სიდიადე, -ის ღმერთს შენს მოვალედ აქცევს! რამეთუ მოთმინება იმას მოიპოვებს, რაც ღმერთს მოსწონს, და განუხრელად უფლის მცნებებს მისდევს. მოთმინება რწმენას აძლიერებს, მართავს სამყაროს, ხელს უწყობს სიყვარულს, გვასწავლის თავმდაბლობას, ელოდება სინანულს, აღმსარებლობის ბეჭედს გვანიჭებს. ის ქელავს განსაცდელს, იცავს სულს, თოკავს ენას, აჩერებს ხელს ძალადობისკენ გაწვდენილს, მდიდართ ასწავლის ზომიერებას, სნეულთა დროს ამოკლებს, არ ღლის ჯანმრთელთ; ახარებს მორწმუნეთ, მოაქცევს წარმართთ, მონას ბატონის ერთგულად აქცევს, ხოლო ბატონს ღმრთის ერთგულად. მოთმინება ამტკიცებს დედაკაცს და კაცზე სრულყოფილად აქცევს; ის სასიამოვნოა ყრმებში, საქებარია ყმაწვილებში, გაკვირვების ღირსია მოხუცეებში, და საერთოდ, ყოველგან და ყოველთვის საქებარია მოთმინება".

"მოდი შევიმოსოთ მოთმინების ბრწყინვალე გარეგნობა, - აგრძელებს ეკლესიის იგივე მოძღვარი, - მისით აღჭურვილის სახე მშვიდობით ანათებს, შუბლი ბრწყინავს და ჭმუნვისა თუ მრისხანების იოტისოდენა ღარიც კი არ აუშნოვებს; მისი წარბები მხოლოდ სიხარულისგან იწევენ, მისი თვალები თავმდაბლობისგან ინაბებიან და არა სირცხვილისგან; მისი ბაგენი მდუმარების სიდიადით არიან აღბეჭდილნი; მისი სახის ფერი -უბიწოა და უშფოთველი. მისი სამოსი წმიდაა და მჭიდროდ ეკვრის სხეულს ისე, რომ არ იჭმუჭნება და არ იმჩვარება. ასეთია მოთმინების სახე; რადგან ის უფლის სულის საყდარზე ზის, რომელიც იმდენად მშვიდია და თავმდაბალი, რომ ძლიერ ქარში კი არ არის, მთათა დამქცეველსა და შემმუსვრელში, ან ცეცხლსა და მიწისძვრაში, არამედ ოდნავ ჩქამსა და ნიავის მონაბერში (შეად. 3 მეფ. 19:11-12), - წმიდა სულსა და ნათელში, როგორიც ილიამ იხილა, რადგან სადაც არის ღმერთი, იქვეა მისი პირმშო - მოთმინებაც".

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ცოდვით შეპყრობილი თუ ხარობ და იფურჩქნები, უწყოდე, სამარადისო ტანჯვისთვის ყოფილხარ განწირული; ხოლო თუ სათნოებებით აღვსილხარ, ტანჯული ცხოვრება იქნება შენი ხვედრი, და უწყოდე, ამით იწმინდები ვითარც ოქრო ღუმელში; ან თუკი, როგორც ახალი იობი გათანგული ხარ ხორცით და მტარვალს ებრძვი, მხოლოდ იმისთვის, რათა ღვაწლის შემდეგ დაიმკვიდრო შენთვის დაწნული ზეციური გვირგვინი. ამიტომაც, თუ კეთილდღეობ ნუ გაანებივრებ შენს გონებას და ნურც ჭირვებაში დაეცემი სულით, არამედ ყველაფერი ქრისტესმოყვარე გულით შეიწყნარე".

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი მოთმინების შესახებ შენიშნავს: "მახვილისა და ჯალათის გარეშე ტანჯული მოწამეა წუთისოფლის ჭირვებათა შორის ჭეშმარიტი მოთმინების შემმოსველი".

10. მოთმინებით ველოდოთ მიცვალებულთა აღდგომას: "რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე. და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში. რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით, ხილული სასოება კი არ არის სასოება, ვინაიდან რა სასოება უნდა გქონდეს იმის მიმართ, რასაცა ხედავ? ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას" (რომ. 8:22-25).

11. მოთმინებაში მივბაძოთ წინასწარმეტყველთ: "ჭირთათმენისა და სულგრძელობის ნიმუშად გყავდეთ, ძმანო ჩემნო, წინასწარმეტყველნი, რომელნიც ლაპარაკობდნენ უფლის სახელით" (იაკობ. 5:10).

12. მოთმინების საქმე სრულყოფილი უნდა იყოს: "მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე" (იაკობ. 1:4).

13. მოთმინება სულის ნაყოფია: "ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა" (გალატ. 5:22).

14. სიყვარული და ჭირვება ბადებენ მოთმინებას, რადგან: "სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს" (1 კორ. 13:4). "და არა მარტო ამით, არამედ შეჭირვებითაც, რადგანაც ვიცით, რომ შეჭირვება შეიქმს მოთმინებას" (რომ. 5:3).


15. მოთმინება ბადებს:

ა) გამოცდილებას: "მოთმინება - გამოცდილებას, გამოცდილება - სასოებას" (რომ. 5:4).


ბ) სასოებას: "ხოლო ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს" (რომ. 15:4).


16. მოთმინებას თან უნდა ახლდეს:

ა) რწმენა: "რათა მცონარებას არ მისცეთ თავი, არამედ ბაძავდეთ მათ, რწმენი თა და დიდსულოვნებით რომ იმკვიდრებენ აღთქმათ" (ებრ. 6:12).


ბ) ღვთისმოსაობა: "შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, ხოლო მოთმინებას - ღვთისმოსაობა" (2 პეტრე 1:6).


გ) სიხარული და სულგრძელება: "ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ" (კოლას. 1:11).


17. მოთმინება აუცილებელია აღთქმულ სიკეთეთა მისაღებად: "მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის" (ებრ. 10:36).

18. ქება მოთმინებისთვის: "სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს" (იგავნი 16:32). "საქმის ბოლო სჯობს მის დასაწყისს; სულგრძელი კაცი სჯობს ამპარტავანს" (ეკლ. 7:8). "ვიცი შენი საქმენი, შრომა თუ მოთმინება შენი, და ისიც, რომ არ შეგიძლია აიტანო უკეთურნი, და გამოსცადე ისინი, მოციქულებად რომ მოაქვთ თავი, მაგრამ მოციქულები კი არ არიან, და ჰპოვე ისინი მტყუარნი" (გამოცხ. 2:2-3).

20. უფლის მეორედ მოსვლის მოახლოვება მოთმინების უდიდესი საფუძველია: "მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული. ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი" (ებრ. 10:36-37).

21. წმიდა წერილი მოთმინებისა და ღმრთისადმი სასოებისკენ მოგვიწოდებს: შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი. გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს. მიეახლე მას და ნუ განშორდები, რათა ამაღლდე საბოლოოდ. რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი. რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი - მორჩილების ქურაში. ერწმუნე მას და შეგეწევა, სწორად წარმართე გზები და მისი იმედი იქონიე. უფლის მოშიშნო, მის წყალობას ელოდეთ და ნუ მიიქცევით, რათა არ დაეცეთ. უფლის მოშიშნო, გწამდეთ მისი და არ დაგეკარგებათ საზღაური. უფლის მოშიშნო, იმედი გქონდეთ სიკეთისა, საუკუნო სიხარულისა და წყალობისა. გადახედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ ირწმუნა უფლისა და შერცხვენილ იქნა? ან ვინ იყო მის შიშში და მიტოვებულ იქნა, ანუ ვინ მოუხმო მას და მან უგულებელყო? რადგან უფალი შემბრალეა და მოწყალე, ცოდვათა მიმტევებელი და მხსნელი გასაჭირის ჟამს. ვაი, გულმხდალებს და ხელძაბუნებს, და ცოდვილებს, ორი გზით მავალთ! ვაი, გულს დაძაბუნებულს, რადგან არა სწამს, ამიტომაც დაცული არ იქნება! ვაი, თქვენ, მოთმინების დამკარგავნო! რას მოიმოქმედებთ, როცა უფალი მოგაკითხავთ? უფლის მოშიშნი ურწმუნოდ არ მოეკიდებიან მის სიტყვებს და მისი მოყვარულნი მის გზებს დაიცავენ. უფლის მოშიშნი მის წყალობას ეძიებენ და მისი მოყვარულნი აღივსებიან რჯულით. უფლის მოშიშნი თავიანთ გულებს გაამზადებენ და მის წინაშე თავს დაიმდაბლებენ. ჩავვარდეთ უფლის ხელში და არა კაცთა ხელში, რადგან რა დიდიცაა იგი, იმგვარივეა მისი წყალობა" (ზირაქი თ. 2).


გ) მოთმინების სათნოების მაგალითები

"ერთ დღეს, - მოგვითხრობს წმ. იოანე კიბისაღმწერელი, - ერთ დიდ მოძღვართან ერთად ტრაპეზზე ვიჯექი. მან წმიდა ბაგეები ყურთან მომიტანა და მითხრა: "გინდა, გაჩვენო ღრმად მოხუცებულის საღმრთო გონება?" მე ამის გაკეთება ვთხოვე. მაშინ მან, წმიდამ, მეორე სუფრიდან ერთ კაცს უხმო. მას ლავრენტი ერქვა, ორმოცდარვა წელი მონაზვნობაში გაეტარებინა და მღვდელთა უხუცესის შემდგომი ხუცესი იყო. ის ჩვენთან მოვიდა და იღუმენს დაუჩოქა. იღუმენმა აკურთხა, მაგრამ როცა ლავრენტი ფეხზე წამოდგა, არაფერი უთხრა, არამედ სუფრასთან ფეხზემდგომი უჭმელი დატოვა. ამ დროს ტრაპეზი ახალი დაწყებული იყო. ლავრენტი ასე, ფეხზემდგომი, დარჩა სუფრის ალაგებამდე. მისი შეხედვაც კი მრცხვენოდა, რადგან ძალიან მოხუცებული იყო, ოთხმოცდაორი წლისა. სუფრიდან რომ წამოვდექით, წმიდა მამამ ის ზემონახსენებ დიდ ისიდორესთან გაგზავნა ოცდამეცხრამეტე ფსალმუნის - "თმენით დაუთმე უფალსა" - სათქმელად.

მე ეს ამბავი უყურადღებოდ არ დავტოვე, ბერის აზრის გაგება მოვიწადინე და ვკითხე, თუ რას ფიქრობდა გულში, როცა სუფრასთან იდგა. მან მიპასუხა: "ვინაიდან მწყემსის მიმართ დიდი რწმენა მაქვს, გონებაში ის ქრისტედ მყავს წარმოდგენილი და არასდროს მიფიქრია, რომ ის მიბრძანებს, და არა ღმერთი. ამიტომ, მამა იოანე, ადამიანთა სუფრის წინ კი არ ვიდექი, არამედ ღვთის საკურთხევლის წინ და ღვთის წინაშე ვლოცულობდი. მწყემსისადმი დიდი რწმენისა და სიყვარულის გამო მასზე არანაირი ბოროტი აზრი არ მომსვლია. როგორც წერია, სიყვარული ბოროტს არ იხსენებს. იცოდე, მამა იოანე, თუ კაცს სიწრფელე სურს, მასთან მტერი ვერც ადგილს იპოვის და ვერც დროს" (წმიდა იოანე სინელი. კლემაქსი, ანუ კიბე. თავი მეოთხე. წმიდა და ნეტარი მამის, იოანეს თქმული ყოვლადქებული და მშვენიერი მორჩილებისთვის. § 43).

"მოვისმინოთ ღვთის სიბრძნე და გაგვიკვირდეს მისი პოვნა თიხის ჭურჭელში: იქ ყოფნისას მაკვირვებდა ბევრი ახალმოსულის მოთმინება, რომელსაც წინამძღვრის ყვედრებისა და გინების მიმართ იჩენდნენ. ხშირად ისინი არამარტო წინამძღვრისგან ითმენდნენ დევნას, არამედ უმცროსებისგანაც. სარგებლობის მიღების მიზნით ამის შესახებ ერთ ძმას ვკითხე. მას მონასტერში თხუთმეტი წელი ჰქონდა გატარებული და კვიროსი ერქვა. რადგან ეს ძმა  ბუნებით დიდად ენადაუოკებელი ვინმე იყო, ვხედავდი, რომ ამ უკანასკნელს ძმები ყოველთვის შეურაცხყოფდნენ და მსახურებიც ხშირად აგდებდნენ ტრაპეზიდან.

"ძმაო კვიროს, - ვუთხარი მე, - ვხედავ, რომ ყოველდღე გაძევებენ სუფრიდან და ზოგჯერ უჭმელი იძინებ. რატომ?" მან მიპასუხა: "დამიჯერე, მამაო, მამები გულით კი არ აკეთებენ ამას, არამედ მცდიან, გამოვდგები თუ არა მონაზვნად. ვიცი მე უხუცესისა და მათი განზრახვა და ამიტომ ყველაფერს უმტკივნეულოდ ვითმენ. აი, უკვე თხუთმეტი წელია, რაც მახსოვს, მონასტერში მოსვლისთანავე რომ მითხრეს: მონაზვნობის მსურველებს ოცდაათ წლამდე გამოსცდიანო. და სწორადაც იქცევიან, რადგან წვრთნის გარეშე ვერც ოქრო გახდება სრულყოფილი".

მონასტრიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ მხნე კვიროსმა ორი წელი იცოცხლა და უფალს მიაშურა. სულის აღმოსვლის ჟამს მამებისთვის უთქვამს: “ჩემო მამებო, მადლობელი ვარ ქრისტესი, და თქვენიც მადლობელი ვარ, რადგან მცდიდით რა ჩემი ცხონებისთვის, ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ეშმაკს აღარ გამოვუცდივარ." აღესრულა ის როგორც მოწამე და კეთილმა მწყემსმა წმიდა მამების გვერდით დამარხა" (იქვე. § 45).

"ბევრს დავაკლებ სიკეთის მოშურნეებს, თუ იმ მონასტრის მთავარდიაკვნის, მაკედონიოსის სათნოებაზე გავჩუმდები. მან, ქების ღირსმა, გამოცხადების დღესასწაულიდან ორი დღით ადრე გარკვეული საჭიროების გამო მწყემსს ალექსანდრიაში წასვლის ნებართვა სთხოვა და დღესასწაულამდე უკან დაბრუნება აღუთქვა.

მაგრამ სიკეთის მოძულე ეშმაკმა დიაკონი დააბრკოლა: როგორც იღუმენს აღუთქვა, დროულად ვერ დაბრუნდა და დღესასწაულის მეორე დღეს მოვიდა მონასტერში. იღუმენმა მას პატივი აჰყარა და ახალმოსულებთან გაამწესა. დიაკონმა მამის ბრძანება მოთმინებითა და სიხარულით მიიღო, თითქოს სხვა ვინმეს სჯიდნენო, და არა მას. ასე გაატარა მან ორმოცი დღე, რის შემდეგაც იღუმენმა კვლავ ძველ პატივში აიყვანა. ერთი დღის შემდეგ მან იღუმენს უწინდელ უპატიობაში დაბრუნება სთხოვა და უთხრა, რომ ქალაქში ყოფნისას მძიმე ცოდვა ჩაიდინა. უხუცესმა იცოდა, რომ ეს უკანასკნელი თავმდაბლობის გამო ეძიებდა უპატიობას და ნება დართო, კეთილი გულისთქმა აესრულებინა. და ვხედავდი მას, მოხუცსა და პატივის ღირსს, ჭაბუკებსა და ახალმოსულებს შორის, ყველას რომ ლოცვას სთხოვდა და ამბობდა, ურჩობის სიძვით დავეციო.

ხოლო დიდმა მაკედონიოსმა ცალკე მითხრა, თუ რისთვის მოისურვა ამგვარი სიმდაბლე: "არასდროს მიგრძვნია ბრძოლების ამგვარი შემსუბუქება და ღვთიური ნათლის სიტკბო, როგორც ამ დღეებში" (იქვე. § 46).


დ) ჭირვებათა მოთმინებით გადატანა აღხოცავს ცოდვას

"მან ასევე მიამბო: "ასიაში, იმავე მონასტერში ერთ ძალიან მშვიდ, კეთილსა და წყნარ მონაზონს ჰყავდა მოწაფე. როცა მოწაფემ იხილა, რამდენად დიდ პატივისცემასა და უპატიობაში ამყოფებდა მას ბერი, იფიქრა, რომ ამგვარი ყოფა ბევრი ადამიანისთვის საცთურს წარმოადგენდა და ბერს გაშვება სთხოვა. ვინაიდან ბერს სხვა მოწაფეც ჰყავდა, ძალიან აღარ გასძნელებია ამ უკანასკნელის გაშვება. წასვლისას მოწაფემ თან წაიღო მოძღვრის წერილი და პონტოს ქვეყანაში ერთ მონასტერს მიაშურა.

მონასტერში როცა მივიდა, მან პირველსავე ღამეს ჩვენება იხილა: თითქოს ვიღაც კაცები პასუხს სთხოვდნენ. საშინელი პასუხისგების შემდგომ აღმოჩნდა, რომ ასი ლიტრა ოქრო დარჩენოდა ვალად. როცა გაიღვიძა, ხილვაზე დაფიქრდა და თავისთვის თქვა: "ჰოი, საწყალო ანტიოხოზ (ასე ერქვა მას), დიდი ვალი გვმართებს!"

სამი წელი გაატარა მან ამ მონასტერში დიდ მორჩილებაში. როგორც უცხოელს, იქ მყოფი ძმები ძლიერ შეურაცხყოფდნენ და ავიწროებდნენ მას (მონასტერში მის გარდა არავინ იყო უცხოელი). და აი, ღამით კვლავ იხილა ჩვენება: თითქოს ვიღაც კაცმა ათი ლიტრა ვალის პატიების ხელწერილი მისცა. როცა გამოეღვიძა და ნანახ სიზმარზე დაფიქრდა, თავისთვის თქვა: "ჯერჯერობით მხოლოდ ათი ლიტრა გადამიხდია. როდისღა შევძლებ დანარჩენის გადახდას?!" და თავის თავს მიმართა: "ჰოი, საწყალო ანტიოხოზ, უფრო მეტი შრომა და ყვედრების დათმენა გვამრთებს!" მას შემდეგ მან თავი მოისულელა და არ ცხრებოდა შრომისგან. შეუბრალებელი მამები კი, ხედავდნენ რა მის ამგვარ მორჩილებას, მონასტრის მთელ საქმეს მას ავალებდნენ და ისიც უხმოდ ასრულებდა.

ასე გაატარა მან ცამეტი წელი. და აი, კვლავ ის ადამიანები იხილა, რომლებიც პირველ ჩვენებაში სთხოვდნენ პასუხს. ამჯერად მთელი ვალის გადახდის ხელწერილი დაუწერეს. ასე ამბობდა ხოლმე ის: “რამდენჯერაც მონასტერში შემაწუხებდნენ, ვალს ვიხსენებდი და მხნედ ვითმენდი ყველაფერს" (წმიდა იოანე სინელი. კლემაქსი, ანუ კიბე. თავი მეოთხე. წმიდა და ნეტარი მამის, იოანეს თქმული ყოვლადქებული და მშვენიერი მორჩილებისთვის. § 151).
Назад к содержимому