განმარტებანი - ქადაგება იმაზედ, არიან თუ არა დღეს მართლები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
წმ. იოანე ოქროპირი
 
ქადაგება იმაზედ, არიან თუ არა დღეს მართლები
უფლის წმიდა ანგელოზი
წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებები მრევლის სათნოებებში განსასწავლად.
 
ოდესღაც ელია თეზბიტელი ფიქრობდა, რომ მხოლოდ ის ერთადერთი დარჩა მართალი ამ ქვეყნად, მაგრამ ეუწყა ღმერთისგან დავტოვებ ისრაელში შვიდი ათას კაცს.
 
აქედან ნათლა ჩანს, რომ ამჯერადაც მრავალია ისეთი, რომელნიც მოციქულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ, მსგავსად იმ დროში მცხოვრებ ოთხი და ხუთი ათასი მართლმორწმუნისა.
 
ამისი თუ არ გვჯერა, მიზეზი ის კი არაა, თითქოს მართლმორწმუნენი აღარ არიან, არამედ, ის, რომ ჩვენ თვითონ ძალიან ცოტას ვირჯებით.
 
დალევას მიძალებული ადამიანისთვის, ნაკლებად დასაჯერებელია, რომ არსებობდეს ისეთი კაცი, ვინც წყალსაც კი არ სვამს, თუმცა ამას მრავალი მონაწონი აღასრულებს ჩვენს თვალწინ.
 
ვნებასაყოლილი ნაკლებად დაიჯერებს, რომ იოლად შეიძლება ქალწულობის დაცვა; მტაცებელს გაუჭირდება დაიჯეროს, რომ ისეთებიც არიან, რომლებიც უანგაროდ გასცემენ საკუთარს.
 
ასევე, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ქანცს იწყვეტენ ურიცხვი საზრუნავით, უცებ ვერ მიიღებენ სწავლებას იმის შესახებ, რომ შეიძლება, საყოფაცხოვრებო საზრუნავისგან თავისუფალი იყო.
 
ხოლო ბევრი რომ ამ სწავლებით ცხოვრობდა, ამის დამტკიცება იმათ მაგალითზე შეგვიძლია, ვინც ასე ბრძნობენ ჩვენ დროშიც. მაგრამ პირველ ჯერზე ჩვენთვის საკმარისი იქნება, თუკი უანგარობას ვისწავლით, მოწყალებას სათნოდ მივიჩნევთ და შევიგნებთ, რომ საკუთარი ქონებიდან უქონელთაც უნდა გამოვუყოთ.
 
ჩემო საყვარელო, თუკი, ამას შეასრულებ, მაშინ მალე მიაღწევ ისეთ მდგომარეობას, რომ იმასაც შეძლებ. მაშ, პირველ რიგში დავუტევოთ უსარგებლო ფუფუნება, დავიცვათ ზომიერება და ვისწავლოთ სამართლიანი შრომით მივაღწიოთ ყველაფერ იმას, რაც გვსურს.
 
ნეტარი იოანეც, როცა მებაჟეებსა და სამხედროებს ესაუბრებოდა, მცნებას აძლევდა, ხელფასით დაკმაყოფილებულიყვნენ. მას, მართალია, უნდოდა ისინი სხვა, უფრო მაღალი სიბრძნისთვის ეზიარებინა, მაგრამ რადგანაც ამისთვის ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად, ამიტომ სთავაზობს უმდაბლეს მცნებას.
 
მას რომ მათთვის მაღალი მცნებების შეგონება დაეწყო, მაშინ არამცთუ არ მოუსმენდნენ მას, არამედ დაბალი საფეხურის მცნებებსაც აღარ შეასრულებდნენ.
 
ამიტომ ჩვენც დაბალი საფეხურის ჭეშმარიტებებს გამცნობთ ჯერ; ჩვენ ხომ ვიცით, რომ უპოვარობის ტვირთი თქვენს ძალებს აღემატება, და რამდენადაც დაშორებულია მიწიდან ზეცა, ამდენადვე - ასეთი სათნოება თქვენგან.
 
ასე რომ, ეს ბოლო მცნებები მაინც დავიცვათ. არც ეს გაკვეთილია უმნიშვნელო. თუმცა, ზოგიერთმა ელინმა ის მცნებაც კი შეასრულა, როცა თავისი ქონება დაუტევა, მაგრამ არა იმ განზრახვით, რომლითაც საჭირო იყო. თუმცაღა, თქვენთვის ისიც საკმარისი იქნება, თუკი გულუხვად გასცემთ მოწყალებას. რადგან, როცა ამგვარად მოვიქცევით, მალე შევძლებთ იმ მცნების შესრულებასაც.
 
ხოლო თუ ამასაც არ შევასრულებთ, მაშინ მიტევების რა ღირსნი ვიქნებით, - ჩვენ, ვისაც გვაკისრია, ძველაღთქმისეულთ გადავაჭარბოთ, ამ დროს კი ელინელ ბრძნებზე უარესები გამოვდივართ?
 
რაღა უნდა ვთქვათ, როცა გვევალება ანგელოზები და ღვთის ძენი ვიყოთ, და ამ დროს ადამიანურ ვალდებულებებსაც კი არ ვასრულებთ? სხვისი ქონების სურვილი და მიტაცება მძვინვარე მხეცებს ახასიათებთ, და არა მშვიდ ადამიანებს.
 
სხვისი ქონების მიმტაცებელნი თვით მხეცებზე უარესები არიან. მხეცებს ეს ბუნებით ახასიათებთ, ჩვენ კი, გონებით დამშვენებულნი, მაგრამ არაბუნებრივ უწესობამდე დაცემულნი, მიტევებას როგორ მივიღებთ?
 
ასე რომ, წარმოვიდგენთ რა ჩვენთვის მითითებულ სიბრძნისმოყვარეობის ხარისხს, უკიდურეს შემთხვევაში, საშუალო საზომს მაინც მივაღწიოთ, რომ მომავალ სასჯელსაც თავი დავაღწიოთ.
 
წყარო: წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. შრომები XXIV ტომი. ქადაგებები მრევლის სათნოებებში განსასწავლად. თბილისი 2020. გვ. 327-328.
Назад к содержимому