სწავლანი > განმარტებანი
წმ. იოანე ოქროპირი
ორმხრივი სიყვარულის შესახებ
ღმერთმა დასაბამიდანვე მრავალ ხერხს მიმართა, რათა ჩვენში სიყვარული დაენერგა. მან ყველას ერთი საერთო თავი - ადამი მოგვანიჭა. რატომ არ ვიშვით ყველანი მიწისგან? მასავით ზრდასრულნი რატომ არ ვიბადებით? იმიტომ, რომ შობამ, აღზრდამ და ურთიერთისგან წარმომავლობამ ერთმანეთს მიგვაჯაჭვოს. ღმერთმა ცოლი მიწისგან იმიტომ არ შექმნა, რომ ბუნების ერთობა ერთსულოვნებისთვის საკმარისი არ იქნებოდა ერთი პირველმშობელი რომ არ გვყოლოდა. ამიტომ ესეც მოიმოქმედა. თუკი ჩვენ ამჟამად, მხოლოდ ადგილებით გაყოფილნი, ერთმანეთისგან გაუცხოებულნი ვართ, მით უმეტეს ასე მოხდებოდა ორი საწყისი რომ გვყოლოდა. ამიტომ ერთი თავით ერთგვარად მთელი კაცთა მოდგმის სხეული შეაერთა.
ამგვარად, დასაბამიდან, როგორც ვხედავთ, ორი პირი არსებობდა, დააკვირდი, როგორ შეაერთა და გააერთიანა ისინი ქორწინების გზით: "ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა" (დაბ. 2:24). მას არ უთქვამს: დედაკაცმა, არამედ: "კაცმან, რადგან მასში მიჯაჭვულობა უფრო ძლიერია. ხოლო ძლიერი მიჯაჭვულობა მასში იმიტომ წარმოიშვა, რომ აღმატებული არსება ამ სიყვარულის ძალით მოედრიკა და სუსტს მიკვროდა. რადგან ქორწინებაც უნდა დაედგინა, დედაკაცს ქმრად ის დაუდგინა, ვისგანაც წარმოსდგა.
ღმერთისთვის ყოველივე სიყვარულზე უდარესია. თუკი პირველი ადამიანი ესოდენ უგუნურებაში ასე სწრაფად ჩავარდა, ეშმაკმა ასეტი მტრობა და შური დათესა, რაღა დაემართებოდათ, ერთი ძირიდან რომ არ წარმოშობილიყვნენ? შემდგომ, ისე მოაწყო, ერთი მორჩილებაში იყო, ხოლო მეორე მბრძანებლობდა. რამეთუ თანაბარი ღირსება ხშირად მტრობას შობს, - მან არა სახალხო მმართველობა დააწესა, არამედ ყოველ ოჯახში სამეფოსა და ჯარის მსგავსი წყობა დაამყარა. ქმარი მეფის ადგილს იკავებს, ცოლი - მმართველისა და მხედართმთავრის, შვილებმა მესამე ხარისხოვანი უფლება მიიღეს. შემდეგ მეოთხე ხარისხის უფლება მონებს ეკუთვნით. რამეთუ მათაც აქვთ ხელმწიფება უმდაბლესებზე და ერთ-ერთი მათგანი უფროსობს დანარჩენებზე, ცვლის ბატონს, თუმცა თავადაც მონაა. მათ შორის კიდევ არის სხვა ხარისხები: სხვა არის ცოლის უფლება, სხვა შვილების, თვითონ ბავშვებს შორისაც არის განსხვავება ასაკისა და სქესის მიხედვით. თვით ბავშვებშიც მდედრს ისეთი უფლებები არა აქვს, როგორიც მამრს. ღმერთმა ყველგან ხარისხები და განსხვავებული უფლებები შექმნა, რათა ყველგან ერთსულოვნება და თანხმობა იყოს.
ამიტომ ვიდრე კაცთა მოდგმა გამრავლდებოდა, უბრძანა პირველ ორ ადამიანს, ერთი მბრძანებელი ყოფილიყო, ხოლო მეორე მას დაქვემდებარებოდა. პირველს მეორე რომ არ შეეძულებინა და არ უარეყო, როგორც მდაბალი, დააკვირდი, ღმერთმა როგორი ღირსებით პატივჰყო და შეუერთა მას ჯერ კიდევ შექმნამდე: "უქმენი მას შემწე" (დაბ. 2:18), რითაც გამოხატა, რომ მისი სარგებლობისთვის შექმნა და ამგვარად მამაკაცი იმასთან შეაერთა, ვინც მისთვის შექმნა. ჩვენ განსაკუთრებული კეთილგანწყობა იმის მიმართ გვაქვს, რაც ჩვენთვის იქმნება. მას (დედაკაცს) თავი რომ არ აემაღლებინა, როგორც მის შემწედ შექმნილს, და ეს საკვრელი არ გაეწყვიტა, ღმერთმა ის მამაკაცის ნეკნისგან შექმნა, რითიც ამცნო, რომ ის მისი სხეულის ნაწილია. მასაც თავი ამით რომ არ აემაღლებინა, ღმერთმა მომავალი მხოლოდ მას არ მიანდო, როგორც მანამდე ეკუთვნოდა, ამის საპირისპირო რამ მოიმოქმედა, შვილიერება შექმნა, რომელშიც თუმცა უპირატესობა მამაკაცს მიანიჭა, მაგრამ ყველაფერი მას არ დაუთმო.
ხედავ, ღმერთმა სიყვარულის რამდენი საკვრელი შექმნა? ყოველივე ამაში ერთსულოვნების წინდი ბუნებრივად არის ჩადებული. ჭეშმარიტად, მასთნ ბუნებით ერთობას მივყავართ, - რამეთუ "ყოველსა ცხოველსა უყუარს მსგავსი თვისი" (ზირ. 13:19) - ცოლს ქმრისგან წარმომავლობა, - და შვილებისა ორივე მათგანისგან. აქედან მრავალგვარი სიყვარული იშვება: ერთი გვიყვარს, როგორც მამა, მეორე, როგორც პაპა; ერთი როგორც დედა, სხვა, როგორც ძიძა; ერთი, როგორც ვაჟი, შვილიშვილი ან შვილთაშვილი, მეორე როგორც ქალიშვილი ან შვილიშვილი; ერთი, როგორც ძმა, სხვა როგორც ძმისწული; ერთი როგორც და, სხვა როგორც დისწული. თუმცა რა საჭიროა ნათესაური კავშირების სრულად ჩამოთვლა? ღმერთმა სიყვარულის აღძვრისთვის სხვა გზასაც მიმართა: ნათესავებს შორის ქორწინება აკრძალა, ამით სხვებისკენ მიგვმართა, ისინი კი ჩვენდამი განაწყო, რადგანაც ისინი ჩვენთან ბუნებითი ნათესაობით არ არიან დაკავშირებულნი, სხვაგვარად, ქორწინების გზით შეგვაერთა, ერთი პატარძლის საშუალებით მთელი სახლები და სანათესაოები შეკრა. "სარცხვინელი დისა შენისაი არა გამოაცხადო მამით". არც სხვა ქალწული, ვინც ნათესავად გეკუთვნის და ქორწინებისთვის დამაბრკოლებელი გარემოება არსებობს, არ შეიცნო და ჩამოთვლილი აქვს ქორწინებისთვის დამაბრკოლებელი ნათესაური კავშირები (ლევ. თ. 18). შენი სიყვარულისთვის ისიც საკმარისია, რომ ერთი წიაღიდან იშვით ან მასთან სხვაგვარი საკვრელით ხარ შეერთებული. სიყვარულის სივრცე რატომ უნდა შეავიწროვო? სასიყვარულო განწყობა საჭიროზე მეტად აქ რატომ უნდა გააძლიერო, მაშინ, როდესაც შეგიძლია სხვა სიყვარულის საბაბი მოიპოვო, ცოლი უცხო ხალხისგან შეირთო და მასთან ერთად უამრავი ნათესავი შეიძინო - დედა, მამა, ძმები და მათი მოყვარენი?
მაგრამ მან არც ეს იკმარა, ისე მოაწყო, რომ ჩვენ ერთმანეთიც გვჭირდება, რათა ამ გზითაც შევეერთებინეთ; რამეთუ საჭიროება განსაკუთრებით წარმოიშობს ურთიერთობებს. მან ამის გამო არ დაუშვა, რომ ყველგან ყველაფერი ყოფილიყო, და ამითიც გვაიძულა ურთიერთობა გვქონოდა. როდესაც ეს აღასრულა, ურთიერთობის საშუალებებიც მოგვცა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, უსიამოვნებები და წინააღმდეგობები აღმოცენდებოდა. მაგალითად, თუ ვიღაცას ექიმი, ხურო ან სხვა ხელოსანი დასჭირდებოდა, შორს მოუწევდა გამგზავრება და ყველაფერი წახდებოდა. ამიტომაც მოაწყო ქალაქები და ყველას თავი ერთად მოუყარა. შორს მცხოვრებლებთანაც ადვილად რომ გვევლო, ქალაქებს შორის ზღვები გადაჭიმა და სწრაფი ქარები წარმოგზავნა, ამგვარად კი კავშირები გააადვილა. თავიდან ყველანი ერთად დაასახლა და იქამდა არ განასახლა, ვიდრე პირველმა ადამიანებმა, რომელთაც ეს საუნჯე მიიღეს, თანხმობა ბოროტად არ გამოიყენეს.
მან ამგვარად ყოველგვარი საშუალებით შეგვაერთა - ბუნებით, ნათესაობით, ენით და ადგილით! მას არ უნდოდა, რომ სამოთხე დაგვეკარგა, - ეს რომ სდომოდა, პირველშობილ ადამიანებს იქ არ დაასახლებდა, ამაში დამნაშავე მცნების დამრღვევია; მას არც ის უნდოდა, რომ განსხვავებული ენები გვქონოდა; წინაღმდეგ შემთხვევაში ამას თავიდანვე მოიმოქმედებდა; მაგრამ მაშინ "იყო ყოველი ქვეყანა - ბაგე ერთ და ხმა ერთ ყოველთა" (დაბ. 11:1). ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც მიწაზე მცხოვრებთა განადგურება უნდოდა, სხვა ნივთიერებისგან არ შეგვქმნა, არც მართალი გადაუსახლებია, არამედ წარღვნაში დატოვა, როგორც ქვეყნიერების ნაპერწკალი და ჩვენი მოდგმა ნეტარი ნოესგან აღმოშვა.
თავიდან ერთი მეუფება დაადგინა. ცოლს ქმარი მიუჩინა, მაგრამ როდესაც ჩვენი მოდგმა უდიდეს აღრევამდე მივიდა, მაშინ სხვა ხელმწიფებაც დაადგინა - ბატონები, მმართველები, ესეც სიყვარულისთვის მოიმოქმედა. ჩვენს მოდგმას ბოროტება რყვნიდა და ღუპავდა, ამიტომ ქალაქებში მოსამართლეები დასვა, როგორც მკურნალები, რათა მათ ბოროტება აღმოეფხვრათ, როგორც სიყვარულის სენი და ყველანი ერთად შეეკრიბათ. არა მარტო ქალაქებში, თითოეულ სახლში რომ თანხმობა იყოს, ქმარი ძალაუფლებითა და უპირატესობით პატივჰქო, ხოლო ცოლი ძლიერი გრძნობით შეაიარაღა. მათ შორის შვილიერების უნარი მოათავსა, და ამას გარდა სიყვარულის სხვა კავშირებიც გამოიყენა. მან ყველაფერი არც ქმარს მისცა და არც ცოლს, არამედ მათ შორის გაანაწილა. დედაკაცს სახლი მისცა, ქმარს ბაზარი, მას საზრდოს მოპოვება მიანდო, რადგან მიწას ამუშავებს, ხოლო ცოლს ტანსაცმელზე ზრუნვა, ძაფის დართვის ხელოვნება მიანიჭა. ამ ყოველივეში საღმრტო განგებულების აღმშენებლობა ბრწყინავს. ცოლი სხვა აუცილებლობისათვისაც საჭიროა და უმდაბლესიც ჩვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად გვჭირდება. ეს საჭიროება კი ისეთია, ადამიანი თუნდაც ძალიან მდიდარი იყოს, სხვებთან ურთიერთობას ვერ განუდგება და ღარიბებიც სჭირდება. რამეთუ არა მარტო ღარიებებს სჭირდებათ მდიდრები, არამედ მდიდრებსაც სჭირდებათ უპოვრები და კიდევ უფრო მეტადაც, ვიდრე უკანასკნელთ პირველნი.
წყარო: ცხოვრება და რჩეული თხზულებანი წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინოპოლელ მთავარეპისკოპოსისა. თბილისი. 2007 წ. თ. 44. გვ. 291-294.