განმარტებანი - ორიოდ სიტყვა მხილების შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
"როდესაც განიკვეთება უარესი, ზეცა უკეთესს შეუერთდება"
ანუ,
ორიოდ სიტყვა მხილების შესახებ
წმმ. ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი და გრიგოლ ღვთისმეტყველი
წმ. ბასილი დიდი:

"ძმათაგან თუნდაც ერთი რომ ჩავარდეს ცოდვაში იმიტომ, რომ წინასწარ არ აუწყა საღმრთო სამართალი, ან არ ასწავლის ცოდვაში შთავარდნილს, არ ცდილობს მის გამოსწორებას და ისიც, განუსწავლელი და უცოდინარი იმისა თუ როგორ გამოსწორდეს, წარწყმდება, წარწყმედილი ძმის სისხლს ღმერთი მოძღვარს მოჰკითხავს" (იხ. ეზეკ. 33:8). განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მოძღვარი უცოდინარობით კი არ უგულებელჰყოფს ღვთისათვის რაიმე სათნოს, არამედ მოფერებით ემლიქვნელება შემცოდეთ, შეცოდებისკენ აქეზებს და ცხოვრების მკაცრ წესებს უმსუბუქებს მათ, რამეთუ ნათქვამია: "მნეტარებელნი თქვენნი გაცთუნებენ თქვენ, და კვალს გირევენ" (ესაია 3:12): "თქვენი ამამღვრეველი, ვინც უნდა იყოს იგი, იტვირთავს სასჯელს" (გალატ. 5:10).

ამიტომ, ჩვენც, მსგავს განკითვას რომ არ ვეწიოთ, ჯერ არს ძმებთან საუბარში მივყვეთ მოციქულის განწესებას: "არასოდეს გვიხმარიაო ლიქნის სიტყვა - ბრძანებს მოციქული, - და არც ანგარებისთვის მიგვიმართავს, ღმერთია მოწმე: "არც ვეძებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან და არც სხვებისგან" (1 თესალონიკ. 2:5, 6)....

ვინც ასეთი არ არის, ის ბრმა წინამძღოლია, რომლიც თავპირისმტვრევით მიექანება უფსკრულში და თან ითრევს სხვებსაც.

ნათქვამიდან ადვილი დასანახია, როგორი ბოროტებაა ჭეშმარიტების გზიდან ყალბ გზაზე ხეტიალის მიზეზი ექმნე საძმოს, მაგრამ ამავე დროს, ეს სიყვარულის მცნების არშესრულების მიზეზიც გახლავთ...

მაშ, რაოდენ საშინელია უთქმელობით და უმოქმედობით წარსაწყმედად გაწირო სული, რომელიც ბოროტებათა სიღრმეში დანთქმულა? მაშ, არის თუ არა საჭირო მისი გაფრთხილება?...

"... ამგვარი ადამიანებისადმი კაცთმოყვარების გამოჩენა ჰგავს საკუთარი შვილებისადმი იმ უგუნურ ლმობიერებას, რომლის არღვთივსათნო გამოყენებისათვის მხილებულ იქნა მღვდელი ელია (იხ. 1 მეფეთა 2). ეს არის ყალბი ლმობიერება ცოდვებში გახევებულთა გაუმართლებელი შეწყალება, ჭეშმარიტების ღალატი, საზოგადო სიკეთისადმი ბოროტგანზრახვა და სხვათა მიჩვევა გულგრილად უყურონ ყოველგვარ ვნებას... ამიტომაც, "შემცოდენი ყველას წინაშე ამხილე, ბრძანებს მოციქული, რათა ეშინოდეთ დანარჩენთ" (1 ტიმოთე 5:20) (Св. Василий Великий. Творения, ч. V, Москва 1901, стр. 132-134).

 
წმ. იოანე ოქროპირი:

"როდესაც ზოგიერთი არათუ არ ამხელს შემცოდეს, არამედ ხარობს კიდევაც მასთან ერთად _ თვით შემცოდეზე უნაკლებესად როდი სცოდავს. "იხილი თუ მპარავი, თანაურბიოდი მას და მეძავსა თანა დასდვი ნაწილი შენი" (ფსალმ. 42:18).

აი, ყოველგვარი ბოროტების მიზეზი, რაც განსაკუთრებით ვნებს სათნობებს... რატომ ამართლებ შენ მათ ნამოქმედარს, მითუმეტეს, რომ თავად, მათგან არავითარი სიამოვნება არ განგიცდია?

შემცოდემ შეიძლება შეინანოს კიდეც, შენ კი შენთვისაც და მისთვისაც სინანულის კარებს კეტავ, უარყოფ მკურნალობას, საკუთარ თავს ართმევ ნუგეშინისცემას, ყოველგვარ გზას იხშობ სინანულთან მისასვლელად.

როდესაც ის (ანუ შემცოდე) იხილავს, რომ შენ, რომელსაც ცოდვაში მონაწილეობა არ მიგიღია და ვალდებული ხარ ამხილო, არა თუ არ ამხელ, არამედ მფარველობ კიდევაც, და არა თუ მფარველობ, შეეწევი კიდევაც, ან საკუთარ თავზე რაღას იფიქრებს ან მის მიერ ჩადენილ საქციელს როგორ შეხედავს?...

როდესაც შემცოდე ხედავს, რომ ყველამ ზურგი აქცია, მიხვდება, რომ უდიდესი ბოროტება ჩაიდინა; მაგრამ თუ ხედავს, რომ სხვები არა თუ თავს არ გრძნობენ შეურაცხყოფილად და ზურგს არ აქცევენ, არამედ მორჩილად ითმენენ და მოწიწებითაც კი ეპყრობიან, დათრგუნავს საკუთარ სინდისს და მრავალთაგან მისი უსამართლობის შეწყნარების შემდეგ რას არ გაბედავს?

მაშ, როდისღა განსჯის საკუთარ თავს და როდის მიატოვებს ასე უშიშრად ცოდვის ჩადენას?

... რას სჩადი ადამიანო? სჯული დარღვეულია, უბიწოება გათელილია, ამდენი ცოდვაა ჩადენილი მავანის მიერ, ყველაფერი დამახინჯებული და შერყვნილია და არა სწუხარ? წინასწარმეტყველი უსულო სტიქიასაც კი მოუწოდებს იგლოვოს ყოველთა შეცოდება: "განჰკრთა ამას ზედა ცა და განცვიფრდა უფროის ფრიად" (იერემია 2:12); და კიდევ: "იგლოოს ღვინომან, იგლვოს ვენახმან..." ("წყევამან შეჭამოს ქვეყანა, რამეთუ ცოდეს დამკვიდრებულთა მისთა" ესაია 24:7, 6).

გლოვობ სუსულო ქმნილება, ოხრავს და მრისხანებს შემოქმედთან ერთად; შენ კი, გონიერო არსებავ, არ სწუხარ, არ ამხელ, საღმრთო სჯულდებებისთვის მრისხანე შურისმაძიებელი არ ხარ, და ჯერაც ცოდვილებთან ერთობას ბედავ? როგორღა მიიღებ მიტევებას?

როდესაც გვერდს უვლი ცოდვის ჩამდენს, არ ამხელ და არ სწუხარ, უდარდელობისკენ მიგყავს შენი სული, რომელიც ამით ცოდვისადმი მიდრეკილი ხდება და ამზადებ მას ჩაიდინოს იგივე ცოდვა რასაც თვალი მოუხუჭე; ამიტომაც უადგილო შემწყნარებლობით აზიანებ შენს სულს, აწმყოს ხდი მისთვის უზრუნველს და უმძიმებ მომავალ პასუხისგებას... და ეს ყოველგვარ შეცოდებას ეხება" (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილია 49-ე ფსალმუნზე).

 
 
***

უსჯულო მოძღვართა მხილებისა და მათგან გამოყოფის შესახებ

 
წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი: "ნუ სცთებით ძმანო! რამეთუ, უკუეთუ ვინმე განმბრძარველსა და განწვალებულსა ჭეშმარიტებისგან შეუდგეს, სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდროს და უკუეთუ ვინმე ტყუვილისა მეტყველსა ქადაგსა არა განეშოროს, გეჰენიასა შინა დაისაჯოს, რამეთუ არცა მწვალებელთა ჯერ არს შეერთებაი და არცა მართლმადიდებელთაგან განშორებაი" (მეექვსე ეპისტოლე. ფილადელფიელთა მიმართ. საქ. საეკლ. კალენდარი (საპატრ. გამოცემა) 1988 წ. გვ. 972).

იგივე წმ. მამა ბრძანებს: "და ეგრეთვე ყოველივე კაცი, რომელსა განკითხვაი და გულისხმისყოფაი ღმრთისგან მიეღოს და ეგევითარი იგი გამოუცდელსა მწყემსსა შეუდგეს და მტყუვარი ეჭვ, ვითარცა ჭეშმარიტი შეიწყნაროს, ვითარცა გამხრწნელი სულისა თვისისაი დაისაჯოს" (მეთერთმეტე ეპისტოლე. ეფესელთა მიმართ. ციტ. იქვე. გვ. 616).

წმ. იოანე ოქროპირი: "... არის ბოროტება, როდესაც მეთაური (ანუ მწყემსმთავარი) არის უვარგისი. ვიცი ეს არცთუ მცირედი ბოროტებაა და უმეთაურობაზე უმეტესიც კი არის, ამიტომაც უმჯობესია უმეთაუროდ (ანუ ეპისკოპოსის გარეშე) დარჩე, ვიდრე გმართავდეს ცუდი მეთაური, პირველ შემთხვევაში ერი ვარდება განსაცდელში, ზოგჯერ ცხონდება კიდეც, მეორე შემთხვევაში კი გამუდმებულ განსაცდელშია და მიექანება უფრსკრულისკენ" (Св. Иоанн Златоуст. Беседа 34 на послание к евреям).

მათეს სახარება: "უკუეთუ თვალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რაითა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა" (მათე 5:30, 31).

წმ. ათანასე დიდის განმარტება: "უცთომელი და მაცხოვნებელი გზით მავალნო, გავაგდოთ ჩვენგან თვალი მაცთური, მაგრამ არა გრძნობისმიერი, არამედ გონისმიერი; ასე, მაგალითად, თუკი ეპისკოპოსი ან პრესვიტერი როგორც თვალნი ეკლესიისა უკეთურად ცხოვრობენ და ერს აცთუნებენ, ჯერ არს მათი განგდება, რამეთუ უმჯობეს არს მათ გარეშე შევიკრიბოთ სალოცავ სახლში, ვიდრე მათთან ერთად, ვითარცა ანნასთან და კაიაფასთან ერთად შთავცვივდეთ ცეცხლის გეჰენაში" (Часть 4, стр. 479: Никон Черныя Горы сл. 48; Творения св. Афанасия Александрийского, т. 4. Москва 1994 г. Из бесед на Евангелия от Матфея, гл. 5, стр. 429).

სახარება მათესი: "ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა და ასული _ დედისაგან თვისისა და სძალი - დედამთილისგან თვისისა და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თვისნი" (მათე 10:34-36).
 
წმ. იოანე ოქროპირის განმარტება: "... მაშ როგორღა ამცნებდა მოციქულებს მიეგოთ მშვიდობა ყოველი სახლისთვის, რომელსაც ესტუმრებოდნენ? ან რატომ გალობდნენ ანგელოზნი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშვიდობა"? ... იმიტომ, რომ განსაკუთრებულად მაშინ ისადგურებს მშვიდობა, როდესაც დასნებოვნებული მოიკვეთება, როდესაც მტრული განიოტება. მხოლოდ ამგვარად შეიძლება ცისა და მიწის შეერთება. რამეთუ, თვით მკურნალიც ხომ მაშინ კურნავს სხეულის ნაწილებს, როდესაც მას უკურნებელ ასოებს მოჰკვეთავს... მაშინ, კეთილი უთანხმოებით დაირღვევა ბოროტეული მშვიდობა... ყოველთვის როდია კარგი თანამოაზრეობა, ზოგჯერ ყაჩაღებიც კი ერთიანდებიან. ასე, რომ ეს ბრძოლა ქრისტეს განსაზღვრებამ კი არ გამოიწვია, ასეთი იყო კაცთა ნება. ... როდესაც განიკვეთება უარესი, ზეცა უკეთესს შეუერთდება" (Полное собр. творений св. Иоанна Златоустаго в 12 томах, т. VII, кн. I Изд. №Св. Иоанн Златоуст", Беседа 35. Москва 2000, стр. 383-385).

კლიმენტი ალექსანდრიელის (III .) განმარტება: "თუ ვინმეს ჰყავს უკეთური მამა ან ძე, რომელიც შეიძლება დამაბრკოლებელი შეიქმნეს სარწმუნოებისა და ზეციური ცხოვრების მსურველთათვის, მათთან არ შეიძლება ვიყვნეთ თანხმიერნი და თანამოაზრენი, ვალდებულნი ვართ, ამ სულიერი მტრობის გამო გავწყვიტოთ თვით ხორციელი კავშირებიც კი" (св. Климент Александрийский. "Кто из богатых спасется", гл. 22, 23. Калуга, 2000, стр. 30, 31).

მოამზადა "აპოკალიფსისის" რედაქციამ.
Назад к содержимому