სწავლანი > განმარტებანი
"მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო!.."
"მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო" (მათე 7:22-23)
ნეტ. იერონიმე სტრიდონელის (342-420) თქმით "წინასწარმეტყველება, სასწაულთმოქმედების ძალის გამოვლენა და დემონთა განსხმა არ არისსაკვირველთმოქმედის დამსახურება, რადგან ის ამას ან ქრისტეს სახელის მოწოდებით აკეთებს, ან კიდევ ეძლევა იმათ გასაკიცხად, ვინც მოუწოდებს, და იმათი სარგებლისთვის, ვინც ხედავს და ისმენს; ასე რომ, თუმც ეზიზღებათ ადამიანებს სასწაულთმოქმედნი, ღმერთს მაინც პატივი უნდა მიაგონ, რომლის სახელის მოწოდებითაც სრულდება ესოდენი საკვირველებანი; რადგან საულიც წინასწარმეტყველებდა (1 მეფ. 10:11-12), ბალაამიც (რიცხვ. 23:16), და კაიაფაც (იოანე 11:49,51), მაგრამ არ იცოდნენ რას ამბობდნენ; ფარაონმაც (დაბ. 41:17) და ნაბუქოდონოსორმაც (დანიელი 2:1-45) შეიტყვეს მომავალი სიზმრებით, და მოციქულ იუდაზეც (ისკარიოტელზე) ითქვა, რომ მიუხედავად მისი გამყიდველობისა, ჯერ კიდევ მოციქულთა დასში მყოფი იქმოდა მრავალი ნიშსა და სასწაულს" (მათეს სახარების განმარტება).
ღირ. ანასტასი სინელი (VII-VIII სს.) კი ბრძანებს, რომ "ნიშები, სასწაულები და წინასწარმეტყველებანი აუცილებლობით ან ღმრთის განგებულებით უღირს ადამიანთა მიერაც აღსრულდება, როგორც ეს მოხდა ბალაამისა (რიცხვ. 22:28) და მუცლითმეზღაპრის შემთხვევაში, რომელმაც მიწიდან მოუხმო სამოელს (1 მეფ. 28:7-25); და კვლავაც, როდესაც მოციქულები შეხვდნენ ვინმე ურწმუნოს, ქრისტეს სახელით რომ დევნიდა ეშმაკთ, აუკრძალეს მას ამისი ქმნა და როცა ამის შესახებ ქრისტეს ამცნეს, მან თქვა: "ნუ უკრძალავთ, რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა" (ლუკა 9:49-50; მარკ. 9:38-40); თუმცა, უფალი ასევე ბრძანებს: "ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში" (ლუკა 10:20). უნდა იცოდეთ ეს, რათა სასწაულს როცა დაინახავთ, ღმრთის უხილავი მსჯავრით ერეტიკოსი ან ურწმუნო რომ აღასრულებს, მათ მიერ აღსრულებულ სასწაულთა გამო მართლმადიდებლურ რწმენაში არ შეირყეთ. რამეთუ (სრულიად შესაძლოა), ღმერთი ნიშებსა და სასწაულთ შენს გამოსაცდელად ქმნიდეს. დედისგან შობილთა შორის იოანეზე უდიდესი არავინ შობილა, მაგრამ მას არავითარი სასწაული არ აღუსრულებია, ხოლო იუდა, რომელიც ჯერ კიდევ მოციქულთა შორის იყო, იქმდა მრავალ სასწაულს (მათე 10:1-4). ამიტომაც, როდესაც იხილავ სასწაულთა ჩამდენ უღირსს, ამას დიდ საქმედ ნუ მიიჩნევ" ("კითხვა-პასუხნი").
შეიძლება ვინმემ იკითხოს: "მაგრამ, თუ ისინი უღირსნი იყვნენ, როგორ მოქმედებდა მათში სულიწმიდა? - ამაზე ღირ. ექვთიმე ზიგაბენი (XI ს.) გვიპასუხებს: "უეჭველად, ეს ხდება ორი მიზეზით: პირველი, რათა გამოჩნდეს ღვთის მადლის სიუხვე, რომელიც უღირსებსაც ეფინება, და მეორეც, რათა მათი მეშვეობით წყალობა მიეცეს სხვებს, სწორედ იმათ, ვინც ამათ მიერ განიკურნა ან ხედავენ რა საკვირველ საქმეთ, ქრისტე ირწმუნონ. ამიტომაც იმათი კი არ უნდა გვიკვირდეს, ვინც სასწაულებს ჩადის, რადგან თავად არაფერი შეუწირავთ, არამედ ღმრთისა, რომელიც ამდაგვართაც კი სწყალობს და სასწაულთა ქმნის მადლს აძლევს. ასეთი იყო ეშმაკთ განმსხმელი, რომელიც არ მიჰყვა ქრისტეს; ასეთი იყო იუდა გამყიდველიც. მართალია, ისინი უღირსნი იყვნენ, მაგრამ მადლი მიიღეს. და ძველ აღთქმაშიც მოქმედებდა მადლი მრავალ უღირსთა მიერ, რათა მათი მეშვეობით წყალობა მიჰფენოდა სხვებს. ამათ რწმენა მაინც ჰქონდათ, თუმცა ცხოვრება მათი იყო საკიცხარი. ხოლო ბალაამი წინასწარმეტყველებდა, თუმცა გაუცხოვებული იყო რწმენისგანაც და სათნო ცხოვრებისგანაც. უკეთურ ფარაონსაც, ნაბუქოდონოსორცსაც და მის შვილ ბალთაზარსაც ებოძათ მადლი, თუმცა ისინი ყველაზე უკეთურნი და უსჯულონი იყვნენ, მაგრამ ღმერთმა სხვათა საგულისხმოდ მათ მიერაც გააცხადა მომავალი. თუმცა ადამიანებზე რას ვამბობ? მადლის ძალამ ხომ თვით ბალაამის ვირიც კი ადამიანურად აამეტყველა, რათა სმენოდა ღვთისა მასზე მჯდომს. შედეგად, უკეთურებს სასწაული ვერ იხსნის, ჩვენ კი უნდა გულისხმავყოთ როგორ ვიღვაწოთ სათნო ცხოვრებისთვის. თუკი გვეძლევა ნიშები და სასწაულები, უნდა მივიღოთ; ხოლო თუ არ გვეძლევა, ნუ დავმწუხრდებით. არავითარი ზიანი არ მიადგება სათნო კაცს, სასწაულებს თუ არ იქმს, რადგან მართალ კაცს კარგი ცხოვრება ყოველთვის აცხოვნებს, სასწაულნი კი - არა ყოველთვის. გარდა ამისა, სათნო ცხოვრებისთვის ღმერთი თავს ივალდებულებს, რომ დაგვაჯილდოვოს, სასწაულთათვის კი ჩვენ თავად ვართ მისი მოვალენი. ხოლო მიზეზი, თუ რატომ არ აძლევს ღმერთი ყველა მის წმინდანს სასწაულთა ქმედების ნიჭს, და პირიქით, ზოგიერთ უკეთურს აძლევს, იცის მხოლოდ მან, რადგან ის ყოველივეს გონიერად განაგებს" (მათეს სახარების განმარტება).
ნეტ. იერონიმე სტრიდონელის (342-
ღირ. ანასტასი სინელი (VII-
შეიძლება ვინმემ იკითხოს: "მაგრამ, თუ ისინი უღირსნი იყვნენ, როგორ მოქმედებდა მათში სულიწმიდა? -
მომზადებულია "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ.