სწავლანი > განმარტებანი
მოციქულ პავლეს ატაცება "მესამე ცამდე"
იმის შემდეგ, რაც გვამცნობს ქრისტეს სახელისთვის გადატანილ ჭირვებათა შესახებ, მოციქული პავლე კორინთელებს იმ უჩვეულო გამოცხადებაზე ესაუბრება, რომელიც მან ღმრთისგან მიიღო, - მის ატაცებაზე "მესამე ცამდე". მოციქული აზუსტებს, რომ ეს მოხდა "თოთხმეტი წლის წინათ" (2 კორინთ. 12:2), ანუ დაახლოებით 44 წელს, მისი მისიონერული მსახურების დაწყების წინ (საქმე 11:25-26). მოციქულს თითქოსდა სურს თქვას, რომ ამით არც ახლა შეიქებდა თავს, რომ არა საჭიროება - მოციქულებრივი ღვაწლის ავტორიტეტის, მაშასადამე, თვით ქადაგების საგნის დაცვა.
"არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის" (2 კორინთ. 12:2), - ამბობს მოციქული პავლე თავის მდგომარეობაზე ატაცების მომენტში. არც ჩვენ ვიცით, სხეულში თუ მის გარეშე, ანუ მხოლოდ სულით იყო მოციქული ატაცებული სამოთხეში და რა იხილა მან, - ეს მხოლოდ თვით მოციქულმა უწყის.
ღვთისმეტყველთა აზრით გამოცხადება შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის:
1) გონებითი, როდესაც მასში ჩაიდება ცოდნა;2) გარეგნული, როდესაც ღმერთი ან ანგელოზი ადამიანს აუწყებენ იმას, რაც საჭიროა;3) სიმბოლური ხილვების მეშვეობით, როგორც ეს იყო, მაგალითად, წინასწარმეტყველ ეზეკიელის ან იოანე ღვთისმეტყველის შემთხვევაში;4) სიმბოლური ხილვების გარეშე, როდესაც ადამიანის სული აიტაცება ჭვრეტად, როგორც მოცემულ შემთხვევაში.
მოციქულ პავლეს მდგომარეობა, როგორც ჩანს, იყო წინასწარმეტყველური შთაგონება, სულის ატაცება, სულიერი ექსტაზი, რის გამოც ის ვერ პასუხობს, მხოლოდ სულით იყო ის ატაცებული სამოთხეში თუ სხეულთან ერთად.
გამოთქმას "მესამე ცამდე" ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი ასე განმარტავს: "წერილი ჰაერსაც ცას უწოდებს, როდესაც ამბობს: ცის ფრინველები, ციური ნამი: ეს არის ერთი ცა! შემდეგ, წერილი მყარსაც ცას უწოდებს... - აი მეორე ცა. იცის მან კიდევ ცა, რომელიც დასაბამშივე შექმნა ღმერთმა მიწასთან ერთად (დაბ. 1:1): ეს მესამე ცაა" - სულიერი სამყარო, რომელიც მისაწვდომი იყო წმიდა პავლესთვის თავის ხილვაში.
მიაღწია რა მესამე ცას, მოციქული აღმოჩნდა სამოთხეში, ანუ იქ, სადაც არის ღმრთის უშუალო მყოფობა, სადაც არიან წმინდანები და ანგელოზები. იქ მან "ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომლებიც შეუძლებელია ადამიანებმა წარმოთქვან" (2 კორ. 12:4), უფრო ზუსტად - "რომელთა გადმოცემა ადამიანურ მეტყველებას არ ძალუძს", რადგან ეს არის ანგელოზთა და წმინდანთა ენა, ღმრთის სადიდებელი ენა.
მოციქულ პავლეს არ სურს თავის იქოს ამ განსაკუთრებული გამოცხადებით, ამიტომაც მიაწერს მას თითქოსდა სხვა ადამიანს, რადგან გამოცხადება ღმრთისაა, ადამიანს კი მხოლოდ უძლურებანი ეკუთვნის, რითაც ის თავს იქებს კიდევაც: "ჩემსას კი, აბა, რას დავიქადი, საკუთარი უძლურების გარდა?" (მ. 5). "უძლურებებს" მოციქული უწოდებს თავის ჭირვებებს, დევნულებებს, ცემას და სხვა განსაცდელთ, რათა, როგორც თვითონ ამბობს "თავს რომ არ გასვლოდა გამოცხადების უჩვეულობით" (მ. 7) ამიტომაც, მისდა საწამებლად მიეცა მას "ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი", რათა დაეთრგუნა მისი ზვაობა (მ. 7).
სიტყვებში "ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი", უნდა ვიგულისხმოთ არა კონკრეტული დაავადება, არამედ გარეგან განსაცდელთა ერთობლიობა, რომელიც სახარების მტრებმა აღუმართეს მოციქულ პავლეს, რის შესახებაც ნათლად მეტყველებს მე-10 მუხლი: "მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით ქრისტესთვის". ამ აზრს მისდევდნენ ნეტ. თეოდორიტე და წმ. იოანე ოქროპირი.
დასავლელ (კათოლიკე) კომენტატორებს "ნესტარი ხორცში" ესმით, როგორც კონკრეტული ხორციელი დაავადება: თავის ტკივილი, ყურების ტკივილი, კუჭის წყლული, რევმატიზმი; განსაკუთრებით თვალების დაავადებები, რის გამოც გალატელები მზად იყვნენ ამოღოთ საკუთარი თვალები და მიეცათ ისინი მოციქულისთვის (გალატ. 4:15). ა. პ. ლოპუხინის აზრით ეს იყო ნევრასტენიის მძაფრი შეტევები, რომლებიც მოციქულს აუძლურებდა.
ნეტ. თეოფილაქტე სიტყვებში "სატანის ანგელოზი" ხედავს ყველა მოწინააღმდეგეს, "რომლებიც დევნიდნენ პავლეს და ბოროტებას აყენებდნენ მას, რითაც აღასრულებდნენ სატანის საქმეს". ღმერთმა დაუშვა მოციქულზე, რომ ის ჩავარდნილიყო ყოველგვარ უბედურებაში ცრუ ძმათაგან და ასევე ხორციელ ჭირვებებში, რათა არ განედიდებინათ ადამიანებს და გამოცხადებათა განსაკუთრებულობით არ გაამპარტავნებულიყო.
მოციქული ამბობს, რომ სამგზის ევედრა უფალს, რათა მოეშორებინა ეს ჭირი მისთვის, ანუ გაეადვილებინა მისი ეკლიანი გზა და შეემსუბუქებინა განსაცდელნი (2 კორინთ. 12:8). მაგრამ უფლის პასუხი ასეთი იყო: "შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში" (მ. 9). ანუ, შენთვისო საკმარისიაო ის მადლიც, რომლის შემწეობითაც კურნავ ბრმებს, განწმენდ კეთროვანთ და მკვდართაც კი აღადგენ; ამაზე უმეტესს ნუ ეშურვი.
არ არის საჭირო წუხილი იმაზე, რომ სათნოებათა გზა ესოდენი ფათერაკებითაა სავსე, რადგან ასე ნებავს ღმერთს მისი ძალის გამოსავლენად და ქრისტიანის მოწოდების გასამართლებლად. უძლურება, რომლის შესახებაც ლაპარაკობს მოციქული პავლე, - ეს ჩვენი ჩვეულებრივი უძლურება და უუნარობა კი არ არის. ეს არის ჩვენი ბუნების უძლურება, რომლებიც შესაძლებლობას არ გვაძლევს გამოვავლინოთ ჩვენი მოწოდების უმაღლესი მიზანი, მივაღწიოთ უმაღლეს სრულყოფილებას, ვიყოთ ღმრთის ჭეშმარიტი შვილები, ღმრთის ნათელნი და ხმანი. მაგრამ, როდესაც ყველაფერს ვიქმთ ღმრთის გულისთვის, ყველაფერს, რაც კი ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებშია, სწორედ მაშინ, ჩვენს ამ უძლურებებში, ანუ ამგვარ შეზღუდულობაში აღესრულება "ღმრთის ძალა".
"ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში", - ამბობს მოციქული პავლე, რადგან სწორედ მაშინ უფრო მოქმედებს ღმრთის მადლი (მ. 10). მართლაც, მოციქული პავლე იქმოდა სასწაულებს, როდესაც ის ჩაგდებული იყო საპყრობილეში, როდესაც გემით მოგზაურობისას განიცადა განსაცდელი, როდესაც მივიდა სასამართლოზე და დაამარცხა თვით მოსამართლე. ჭეშმარიტად, ტანჯვათა სიმრავლით მრავლდება ჩვენში ქრისტეს მადლიც (2 კორინთ. 1:5).
ამრიგად, მოციქულ პავლესთან ჭეშმარიტი მოციქულებრივი ღვაწლი ვლინდებოდა "მოთმინებით, სასწაულებით, ნიშებითა და ძალით" (2 კორინთ. 12:12), ანუ ყოველივე იმაში, რაც უმაღლესი მოციქულებისთვის იყო დამახასიათებელი. ხოლო ის, რომ ღვაწლს არ უმძიმებდა კორინთელებს, მომდინარეობს იქიდან, რომ მოსული იყო არა მისაღებად, არამედ მისაცემად, რადგან: "შვილები კი არ უნდა უგროვებდნენ საუნჯეს მშობლებს, არამედ მშობლები - შვილებს" (2 კორინთ. 12:14). მოციქული არა თუ ძმათაგან არაფერს იღებდა თავისი ღვაწლისთვის, არამედ საკუთარ სულსაც კი დებდა მათთვის, რითაც თავის უსაზღვრო სიყვარულს წარმოაჩენდა მათდამი, რითაც ადასტურებდა საკუთარი სამოციქულო მოღვაწეობის ჭეშმარიტებას (2 კორინთ. 12:15).
წყარო: დეკანოზ სტეფან ჟილას წიგნიდან "მოციქულ პავლეს ეპისტოლეები: დამხმარე სახელმძღვანელო შესწავლისა და განმარტებისთვის". // monastery.ru
მასალა თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.