განმარტებანი - მცირე აპოკალიფსისი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
მცირე აპოკალიფსისი

მათეს სახარების 24-ე თავის განმარტება
მცირე აპოკალიფსისი
იესუს ბოლო ქადაგება იყოფა ორ ნაწილად: პირველი არის აპოკალიპტური (თ. 24), და მეორე, - იგავებისგან შემდგარი ნაწილი, რომელიც პირველის ილუსტრირებას წარმოადგენს.

ეს ქადაგება ძლიერ განსხვავდება მთელი დანარჩენი სახარებისგან, რადგან ის განსაკუთრებული შინაარსისაა: აქ იესუ სამყაროს აღსასრულზე ლაპარაკობს აპოკალიპტიკის ენაზე, რასაც ჩვენ სახარებებში პირველად ვხვდებით. რაც შეეხება თვით ქადაგებას ის შედგენილ ხასიათს ატარებს, რადგან მასში შეერთებულია ქადაგებანი, რომლებიც, სავარაუდოდ, ადრე დამოუკიდებელნი იყვნენ. ამგვარი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ მარკოზისა და ლუკას სახარებებიდან, რომლებთანაც ზოგიერთი გამონათქვამები სხვადასხვა ადგილას გვხვდება და განთავსებულნი არიან სხვა კონტექსტში (შეად. მთ 10:19-20; მთ. 10:22; ლკ. 17:31). ქადაგების მეორე თავისებურებას წარმოადგენს მისი ჟანრის განსაზღვრა, რადგან მასში შეერთებულია ქადაგების, ანდერძის, წინასწარმეტყველებისა და აპოკალიპტური ხედვის ელემენტები.

წმიდა წერილიდან ვიცით, რომ დიდი ადამიანი სიკვდილის წინ ამბობდა სიტყვას, რომელიც მიმართული იყო თავისი შვილების ან მიმდევრებისადმი, მაგალითად, იაკობი (დაბ. 48:21-49:28), მოსე (მეორე რჯლ. 31:28-30; 32), იეშუა ბენ ნუნი (იესუ ნავე 23-24), სამუელი (1 მეფ. 12), დავითი (1 პარ. 25-29:20) და სხვა. წმიდა წერილში ბევრი წინასწარმეტყველური წიგნია, და ადამიანებს, როგორც წესი, წარმოდგენა აქვთ წინასწარმეტყველებაზე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალ მოვლენათა წინასწარმეტყველებაში მთავარი მოსახდენი მოვლენები როდია, ის შეიძლება არც კი იყოს ნახსენები. ღმერთი წინასწარმეტყველის პირით ადამიანებს არიგებს, აფრთხილებს, ამხელს, ითხოვს სინანულს და სულიერ ცვლილებას.

აპოკალიპტიკა კი დაინტერესებულია სხვა თემით - სამყაროს აღსასრულითა და ამ აღსასრულის წინა ჟამში ეკლესიისა და კაცობრიობის ხვედრით. ის გვეუბნება ისტორიის იმ პერიოდზე, როდესაც ღმერთი ისტორიის მსვლელობაში თავისი უშუალო და პირდაპირი ჩარევით ამარცხებს ბოროტებას და ამთავრებს ისტორიის მსვლელობას.

აპოკალიპტური ლიტერატურის ჯანრი ძალიან პოპულარული იყო აღთქმათშორის პერიოდში (ენოქის წიგნი, ეზრა, იუბილეთა წიგნი და მრავალი სხვა), მაგრამ კანონიკურ წერილშიც შეტანილია საკმაოდ მრავალი აპოკალიპტური ტექსტი: ესაიას, ეზეკიელის, იოველის და, უპირველეს ყოვლისა, დანიელის წინასწარმეტყველებათა ცალკეული თავები. მათეს სახარების 24-ე თავს, რომელიც მრავალ საკითხში იმეორებს მარკოზის სახარების 13-ე თავს, ბევრმა "მცირე აპოკალიფსისიც" კი უწოდა. ზოგიერთი მკვლევარი მათეს სახარების 24-ე თავს მიიჩნევდა იუდეო-ქრისტიანთა წრეებიდან გამოსულ ნაწარმოებს, რომელიც დაიწერა უშუალოდ ამბოხების წინ ან თუნდაც რომის წინააღმდეგ 66 წ.-ს მომხდარი ამბოხების დასაწყისში.

ამგვარი კომენტატორების აზრით, მსგავსი ტექსტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ქრისტეს ქადაგება, თუნდაც იმიტომ, რომ აქ მოცემულია "ნიშნები", მათ კი, როგორც ცნობილია, ქრისტე არ იძლეოდა (მათე 12:39). მაგრამ ამ თავის ყურადღებით შესწავლა ათვალსაჩინოებს, რომ ეს "აპოკალიფსისი" მხოლოდ მოგვაგონებს ამ ჟანრის ნაწარმოებს. კლასიკურ აპოკალიფსისში თხრობა ყოველთვის სწარმოებს ძველი დროების ვინმე დიდი და ცნობილი პიროვნების სახელით, რომელსაც ყოველთვის ეძლევა გამოცხადება მომავალ მოვლენებზე. ამგვარი ადამიანი, როგორც წესი, ანგელოზს ცაში აჰყავს, თან დაჰყვება და მომავალ მოვლენებსა და მის წინამორბედ ნიშნებს უჩვენებს. აპოკალიფსისში ბევრი ასეთი საიდუმლო სიმბოლოა, რომელიც თავის განმარტებას ელის.

ამრიგად, იდუმალთმხილველისთვის ადრიდანვე ცნობილია მომავლის სცენარი, ასევე განსაკუთრებულ ნიშანთა მთელი სისტემა, რომლებიც ერთი პირიოდის დასასრულსა და ახალი პერიოდის დასაწყისზე მიანიშნებენ. ასეთია, მაგალითად, იოანეს აპოკალიფსისი, იმ განსხვავებით, რომ იდუმალთმხილველი აქ მოვლენათა თანამედროვეა და არა წარსულის დიადი ადამიანი, როგორც იყო თუნდაც ენოქი ან ადამი.

ამ "მცირე აპოკალიფსისში" არ გვხვდება აპოკალიპტური ლიტერატურის მრავალი ნიშანი  (წმიდა ომი, რომის განადგურება, სიძულვილის და შურისძიების გრძნობა, დიასპორის შეკრება, იერუსალიმის განახლება, ძალაუფლება წარმართებზე, ახალი, მომავალი საუკუნის სიუხვე, ნეტარება და სხვა). აი რატომ არის უმჯობესი ეს ტექსტი განსაზღვრულ იქნას, როგორც წინასწარმეტყველური ქადაგება ზოგიერთი აპოკალიპტური ელემენტით (მშობიარობის ტკივილები, უბედურებები, აღსასრული).

ამ ქადაგებით იესუ ამთავრებს მოწაფეთა განსწავლას და ამთავრებს თავის მიწიერ მსახურებას, ამიტომაც სრულიად ბუნებრივია, რომ მისი შინაარსი ეხება იერუსალიმისა და სამყაროს აღსასრულს.

მათეს სახარების 24-ე თავს რთული კომპოზიცია და ჩვენთვის უჩვეულო ლოგიკა გააჩნია. მისი გეგმა დაახლოებით ასეთია: 1) შესავალი (მ. 1-3); 2) "ნიშნები", რომლებიც სინამდვილეში არ წარმოადგენენ ნიშნებს (მ. 4-8); 3) მოწაფეთა დევნა (მ. 9-14); 4) "მეორე ნიშანი", ანუ წინასწარმეტყველება იერუსალიმის ხვედრზე (მ. 15-22), ცრუწინასწარმეტყველთა გამოჩენა (მ. 23-25); 6) "მესამე ნიშანი" ანუ წინასწარმეტყველება სამყაროს აღსასრულზე (მ. 26-31); 7) "მეოთხე ნიშანი", ანუ იგავი ლეღვის ხეზე (მ. 32-35); 8) მზადყოფნის საჭიროება, რადგან ნიშნები უკვე აღარ იქნება (მ. 36-44).

მკითხველი თუ ყურადღებით შეისწავლის ამ თავს, გაიგებს, თუ რატომ ჩავსვით სიტყვა "ნიშანი" ბრჭყალებში. იესუს თანამედროვე აპოკალიპტური თხზულებებისთვის (სამყაროს აღსასრულის მათი ნიშნებითურთ) - იესუმ სრულიად უგულებელჰყო ამგვარი ნიშნების გამოყენება, რომელთა წყალობითაც ადამიანს თითქოსდა შეუძლია სამყაროს აღსასრულის ჟამის გამოანგარიშება. კაცის ძე კი მოვა უეცრად, და ამიტომაც ადამიანები მუდმივად უნდა ფხიზლობდნენ, და არ იუქმონ, არ იზარმაცონ და მხოლოდ სამყაროს აღსასრულის წინ მოინდომონ სწრაფი სინანული.

24-ე თავი მთავრდება იგავით გონიერ და უგნურ მონებზე (მ. 45-51). ამავე თემას - მუდმივ მღვიძარებაზე, ჯილდოებსა და სასჯელებზე - აგრძელებენ 25-ე თავის ორი იგავი: ათ ქალწულზე (მ. 1-13) და დამარხულ ტალანტზე (მ. 14-27). ქადაგება მთავრდება უკანასკნელი სამსჯავროს დიადი სურათით (მ. 31-46).  


1. გამოვიდა იესუ ტაძრიდან და წავიდა; მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობები ეჩვენებინათ მისთვის.

2. ხოლო იესომ მიუგო მათ: ხომ ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა.
იერუსალიმის დანგრევა
იერუსალიმის დანგრევა. დევიდ რობერტსი (1850 წ.)

სინოპტიკოსები (მათე, მარკოზი და ლუკა მახარობლები) ზუსტად უთითებენ, თუ საითკენ გაეშურა მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად, კერძოდ, ელეონის მთისკენ (მთ. 24:3; მკ. 13:3), საიდანაც კარგად ჩანდა იერუსალიმიც, მთელი თავისი ბრწყინვალებით, და ტაძარიც. ეს დასტურდება შენიშვნებითაც (მთ. 26:6 და მკ. 14:3), საიდანაც ვხედავთ, რომ ელეონის მთაზე წარმოთქმული გრძელი "ესქატოლოგიური" ქადაგების შემდეგ, იესუ მივიდა ბეთანიაში. მან ტაძარი დატოვა სიტყვებით: "და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად" (მთ. 23:38). მან თითქოსდა მტვერი ჩამოიბერტყა თავის ფერხთაგან (შეად. მთ. 10:14) იმ სახლის წინაშე, რომელიც ოხრად უნდა დარჩენილიყო. გზაზე, გარკვეული დროით, ტაძრის ნაგებობები არ ჩანდა. მაგრამ მკვეთრი მოსახვევის შემდეგ ის კვლავ წარმოუდგა ყველას მთელი თავისი დიდებულებით. მოწაფეებს, რომლებიც ქრისტეს ახლდნენ და, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ესმათ მისი სიტყვები ტაძრის გაპარტახების შესახებ, კარგად ვერ წარმოედგინათ, თუ როგორ უნდა მოსულიყო გაპარტახება ამ უდიდებულეს ადგილას, რომელიც ყველასთვის აშკარა იყო. ტაძრის მშენებლობა დაიწყო ქრ. შობამდე 20 წელს და დასრულდა 63 წ. ქრისტეს შობის შემდეგ. მისი ნაგებობები ჯერაც დაუსრულებელი იყო, მაგრამ მისი სიდიადე ყველას ანცვიფრებდა. ტაძარი სამყაროს ერთ-ერთი საოცრება იყო. რა აზრი ჰქონდა ამ ნაგებობას? ყველა იუდეველი იერუსალიმს და მის ტაძარს უკავშირებდა თავის სანუკვარ ოცნებას, რომელიც მესიის მოსვლით უნდა დაგვირგვინებულიყო. ახლა კი მესია ამბობს, რომ ტაძარი გაპარტახდება. ამიტომაც მოწაფეები მიეახლნენ ქრისტეს (ელეონის მთისკენ სვლის დროს) და ტაძრისა და მისი დამხმარე ნაგებობების სიდიადეზე მიანიშნეს. მარკოზის მიზედვით ცოტა სხვანაირადაა - მოწაფეები ქრისტეს არ მიანიშნებენ ტაძრის ნაგებობაზე, არამედ მას მხოლოდ ერთი მოწაფე ესაუბრება, თუ როგორი ქვები და როგორი ნაგებობები აქვს ამ ტაძარს; ლუკას მიხედვით კი, ოდნავ სხვანაირად, - ზოგიერთები, - როგორც ჩანს, მოწაფეთაგან, - გზაზე მიმავალ იესუს ეუბნებოდნენ, როგორი ძვირფასი ქვებითაა მორთული ტაძარი. ყველა ამ მონათხრობში იოტისოდენა წინააღმდეგობაც კი არ არის, რადგან ყველაფერი სწორედ ისე შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორც ისინი ჰყვებიან, თანაც ერთი ერთ რამეზე ამახვილებს ყურადღებას, სხვა კი - სულ სხვა რამეზე.

ექვთიმე ზიგაბენი (დაახლ. 1050-1122): "როდესაც მოწაფეებს ესმათ მაცხოვრის სიტყვები: "და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად" (ლუკა 13:35), - უკვირდათ, რომ ასეთი ტაძარი გაპარტახდებოდა; ამიტომაც მიუახლოვდნენ მას, რათა ტაძრის საუცხოო ნაგებობებისთვის მიეთითებინათ".

ნეტ. იერონიმე სტრიდონელი (დაახლ. 347–419/20): პირდაპირი აზრით (juxta historiam) ადგილის მნიშვნელობა გასაგებია. მაგრამ, გადატანითი მნიშვნელობით ეს ნიშნავს, რომ, როდესაც უფალი ტაძრიდან გამოვიდა, სჯულისა და მისი მცნებების მთელი ნაგებობა ისე უწესივროდ არეულიყო, რომ იუდეველებს არაფრის აღსრულება არ შეეძლოთ; თავის წართმევით კი სხეულის ყველა ნაწილი ერთმანეთს გადაემტერა.

წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): რამდენადაც ქრისტემ თქვა: "და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად" (მათე 23:38) და კიდევ მანამდე აუწყა უამრავი უბედურებების შესახებ, მაშინ მოწაფეები, მოისმინეს რა ეს, გაკვირვებით მიუახლოვდნენ მას, ანახებდნენ ტაძრის სილამაზეს და გაოცებული არიან, ნუთუ ასეთი სილამაზე განადგურებულ იქნება, უძვირფასესი ქმნილება და ხელოვნების გამოუთქმელი მრავალფეროვნება? (75-ე ჰომილია მათეს სახარებაზე).

ეპისკოპოსი მიხაილი (ლუზინი) (1830-1887): "გამოვიდა იესუ ტაძრიდან" და ელეონის მთისკენ გაეშურა (შეად. მათე 24:3). მაშინ "მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობები ეჩვენებინათ მისთვის". როდესაც იესუმ ბრძანა: "და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად" (მათე 23:38), და კიდევ მანამდეც მრავალი უბედურებები იწინასწარმეტყველა, მოწაფეები, ეს რომ ესმათ, მიეახლნენ მას, ტაძრის ნაგებობათა მშვენიერებაზე მიუთითეს და გაოგნებულებმა ჰკითხეს, თუ როგორ უნდა განადგურებულიყო ესოდენი სილამაზე, ძვირფასი ნივთები და ხელოვნების გამოუთქმელი მშვენიერება" (ოქროპირი). "ტაძრის ნაგებობები" - ანუ არა მარტო ტაძარი, არამედ მისი მრავალი მინაშენი, სტოვები, ეზოები და სხვა, - რაც ერთობლიობაში ტაძრის სახელს ატარებდა.

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XI-XII სს.): ტაძრიდან გამოსვლით უფალმა აჩვენა, რომ იუდეველების დატოვებას აპირებს, და როგორც თქვა, რომ "დაეტეოს სახლი თქვენი უხრად", ისეც მოიქცა. მოწაფეებს ტაძრის დანგრევას უწინასწარმეტყველებს, რადგან ისინი ამქვეყნიურად აზროვნებდნენ, შენობის სილამაზით ტკბებოდნენ და ქრისტეს ერთგვარად ამას უჩვენებდნენ. შეხედე, ცარიელს და რა ლამაზ შენობას სტოვებო. ამქვეყნიურისადმი მიჯაჭვულობისგან განსარიდებლად და ზეციურ იერუსალიმში შესაყვანად უფალი ეუბნება მათ: "აქ ქვა ქვაზე არ დარჩება", ანუ არ შეგფერით, რომ ამ ხრწნადი შენობის გიკვირდეთ, თითქოს დიდი რამ იყოს, არამედ მზერა ზეციურს უნდა მიაპყროთ და მას უნდა ეშურებოდეთ. გარდა ამისა, ის ტაძრის ხილულ დანგრევაზე მითუთებს, როცა გამოთქმის ამგვარ მკაცრ სახეს იღებს: "აქ ქვა ქვაზე არ დარჩება" (მათეს სახარების განმარტება. თ. 24. თბილისი. 2009 წ. გვ. 315).
3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?


პროფ. ა. პ. ლოპუხინი (1852-1904): კედრონის ველზე რომ გადავიდნენ, ქრისტე და მოციქულები ვიწრო ბილიკით ბეთანიისკენ, ელეონის მთისკენ მიმავალ გზას აუყვნენ. მთის მწვერვალზე მათ შეისვენეს, ქრისტე ჩამოჯდა, შესაძლოა ორი შესანიშნავი კედარის ამწვანებულ ტოტებქვეშ, რომლებიც ოდესღაც ამ მთას ამშვენებდა. აქედან შთამბეჭდავი და ამაღლებული ფიქრების შთამაგონებელი სანახაობა იშლებოდა. ერთი მხრივ, ქვემოთ, წმიდა ქალაქი გადაშლილიყო, რომელიც უკვე დიდი ხანია მეძავობდა და ახლაც, ქრისტეს საზოგადოებრივი მსახურების უკანასკნელ დღეს, საბოლოოდ ამტკიცებდა, რომ თავისი მესიის მოსვლა ვერ შეიცნო. ქრისტეს ფერხთით მთის ფერდობები და გეთსიმანიის ბაღი გადაშლილიყო. მოპირისპირე ფერდობზე თავს იწონებდნენ ქალაქის კედლები და მათ შორის მდებარე ფართე მოედანი, რომელთაც მარმარილოს კოლონადა და ტაძრის მოოქროვილი გუმბათი ამშვენებდა. აღმოსავლეთით, იუდეის უდაბნოს მოშიშვლებული კლდოვანი გორაკების მიღმა, მოაბელთა მთების მეწამული რიგი მოსჩანდა, მზის ჩასვლის ფონზე ძვირფასი ქვების ჯაჭვივით რომ ელვარებდნენ. ღრმა, მზით გამოხრუკულ ტაფობზე მკვდარი ზღვის პირქუში წყლები ლივლივებდნენ. ამგვარად, მთის მწვერვალიდან, მაცხოვარი ყველგან ხედავდა კაცთა ცოდვისა და ღმრთის რისხვის ნაკვალევს. ერთი მხრივ მოქუფრულად ელვარებდა მკვდარი ზღვა, რომლის ფისოვანი და გამაბრუებელი ტალღები ხორციელი გარყვნილებისთვის მოწევნული საღმრთო სასჯელის მუდმივ მოწმობას წარმოადგენდა, ფეხქვეშ კი გადაშლილიყო სახელგანთქმული, მაგრამ დამნაშავე ქალაქი, რომელიც ყველა თავისი წინასწარმეტყველის სისხლს ღვრიდა და უკვე ელოდა შურისგებას უფრო საშინელი და ამაზრზენი დანაშაულისთვის.
 
დანაღვლიანებული ქრისტე ღრმა ფიქრებს მისცემოდა... შიშითა და კრძალულებით მას უახლოვდებიან ყველაზე საყვარელი და უახლოესი მოციქულები: პეტრე, იაკობი, იოანე და ანდრია. როდესაც იხილეს, რომ უფლის მზერა მიპყრობოდა დიდებულ ტაძარს, განმარტოებით მყოფს ჰკითხეს: "გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?" მათი კითხვა, როგორც ჩანს, მომდინარეობდა იმ ვარაუდიდან, რომ იერუსალიმის ტაძრის დანგრევა სამყაროს აღსასრულსაც უნდა დამთხვეოდა (Александр Павлович Лопухин. Руководство к Библейской истории Нового Завета. – СПб.: Тузов, 1889. С. 199-200).

წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): ისინი იმიტომ მიუახლოვდნენ განმარტოებით, რომ აპირებდნენ ძალზედ მნიშვნელოვანი რამ ეკითხათ. მათ მოუთმენლად სურდათ მისი მოსვლის დროის გაგება, რამდენადაც ძლიერ უნდოდათ ეხილათ ის დიდება, რომელიც ურიცხვ სიკეთეთა მიზეზი იქნებოდა. ორი მათგანი ეკითხება მას ამ ორი საკითხის შესახებ: "როდის მოხდება ეს?" - ესე იგი ტაძრის დანგრევა, "რა იქნება შენი მოსვლის ნიშანი"? ლუკა ამბობს, რომ კითხვა იყო ერთი - სახელდობრ, იერუსალიმის დანგრევაზე, რადგანაც მოწაფეები ფიქრობდნენ, რომ მაშინ იქნებოდა მისი მოსვლაც. ხოლო მარკოზი ამბობს, რომ ყველა არ ეკითხებოდა იერუსალიმის დაქცევაზე, არამედ მხოლოდ პეტრე და იოანე, როგორც მეტი კადნიერების მქონენი" (75-ე ჰომილია მათეს სახარებაზე).

ნეტ. იერონიმე სტრიდონელი (დაახლ. 347–419/20): ის იჯდა ზეთისხილის მთაზე, საიდანაც მომდინარეობ შემეცნების ჭეშმარიტი ნათელი; განმარტმოებით მყოფს მოწაფეები მიუახლოვდებიან, რადგან მომავალ ჟამთა საიდუმლოების ცოდნა სურდათ და ეკითხებიან მას სამ მოვლენაზე: როდის მოხდება იერუსალიმის დანგრევა? როდის მოვა იესუ ქრისტე? და როდის დადგება სამყაროს აღსასრული?

ანონიმური კომენტარი (IV ს.): მოწაფეებს აქ აინტერესებდათ, თუ როდის მოხდებოდა ისე, რომ, იესუს სიტყვების თანახმად, იერუსალიმში ქვა ქვაზე არ დარჩებოდა. ამ და სხვა შეკითხვებით, ისინი სთხოვდნენ უფალს მათთვის სამყაროს აღსასრულის ჟამი მიეთითებინა, რომელზეც ქრისტემ დაიდუმა. ტაძართან დაკავშირებული კითხვა მოციქულებს თავიანთთვის აინტერესებდათ, ხოლო სამყაროს აღსასრულთან დაკავშირებული კითხვა ჩვენი სარგებლობისთვის დასვეს: ჩვენ არასოდეს გვინახავს ტაძრის დანგრევა ისევე, როგორც მათ არ უხილავთ სამყაროს დასრულება. ამიტომაც მათთვის თუ ტაძრის დანგრევის ნიშნების ცოდნა იყო სასარგებლო, ჩვენ სამყაროს აღსასრულის ნიშანთა ცოდნა მოგვიტანს სარგებლობას.
 
ყოველ მუშას სიამოვნებს სამუშაოს დამთავრება, და მოგზაურებიც მოუთმენლად ელიან სახლში დაბრუნებას; დაქირავებული მსახური დღეებს ითვლის წელიწადის გასვლამდე, გლეხი კი მუდმივად ელოდება მოსავლის აღების მოახლოვებას. ვაჭარი დღე და ღამე ამოწმებს თავის ქისას, მშობიარე ქალი კი მუდმივად მშობიარობისგან გათავისუფლებაზე ფიქრობს. ასე არიან ღმრთის მსახურნიც - ისინი მოუთმენლად ცდილობენ განჭვრიტონ სამყაროს აღსასრულის მოახლოვება, ვინაიდან: "სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი" (მათე 6:21). თუ დაგროვილ ძვირფასეულობას სკივრში ინახავ, ქუჩიდან სახლში შემოსული აკვირდები იმ ადგილს, სადაც შენი საგანძური იმალება. ასევე მიმართავენ თავიანთ მზერას წმინდანები იმ მხარეს, სადაც მათ გვირგვინები ელოდებათ. სამყაროს აღსასრულის ჟამის გაგება კიდევ იმიტომ არის სასარგებლო, რომ, როდესაც ადამიანი გზაშია, რაც უფრო უახლოვდება საკუთარ სახლს, მით უფრო ჩქარობს შინ მისვლას (წყარო PG 56:900).
იერუსალიმის ტაძრის დანგრევა
ფრანჩესკო ჰაიესი (Francesco Hayez (1791-1882)). იერუსალიმის ტაძრის დანგრევა

4. იესუმ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ.

5. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ.


ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XI-XII სს.): "უფალი შემდეგ აგრძელებს: ბევრი ადამიანი მოვა, რომლებიც თავს ქრისტედ წარმოაჩენს, როგორც დოსითეოზ სამარიელი, რომელიც მართლაც ამბობდა თავის თავზე: მე ვარ ქრისტეო, რომლის შესახებ, როგორც წინასწარმეტყველზე, მოსემაც იწინასწარმეტყველა. სიმონ სამარიელი კი თავის თავს ღვთის დიდ ძალას უწოდებდა" (მათეს სახარების განმარტება. თბ. 2009 წ. გვ. 316)

წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): "რამდენადაც მოწაფეებმა მოისმინეს იერუსალიმზე მოწევნადი სასჯელის შესახებ, როგორც მათთვის უცხოზე, და ფიქრობდნენ, რომ თვითონ მშვიდად იქნებოდნენ, ოცნებობდნენ მხოლოდ კეთილდღეობაზე და მის მიღებას მალე იმედოვნებდნენ; მაშინ მაცხოვარი ისევ წინასწარ აუწყებს მათ უბედურებას, აღძრავს ამით ზრუნვისა და უაღრესი სიფხიზლისათვის, რათა ისინი მაცდურმა ტყუილმა არ გაიტაცოს, და არ იძლიონ უბედურების ძალით, რომელიც მათზე უნდა მოიწიოს. ბრძოლა, - ამბობს ის, - ორმაგი იქნება: მაცდურთა მხრიდან და მტრების მხრიდან; მაგრამ პირველი გაცილებით სასტიკი იქნება, იმიტომ, რომ არეულ და საშინელ ვითარებაში გაცხადდება, როცა ხალხი შიშისა და ძრწოლის ქვეშ იქნება.
 
და მართლაც, უდიდესი არეულობები იყო მაშინ, როცა რომაელები იწყებდნენ აყვავებას, ქალაქები ტყვეობაში იყო, ჯარი და იარაღი მოძრაობაში იმყოფებოდა და მაშინ მრავალნი ყველაფერს ადვილად იჯერებდნენ. იმ ომების შესახებ ეუბნება ის მათ, რომლებიც იერუსალიმში უნდა ყოფილიყო, და არა - მის გარეთ, მსოფლიოს სხვა ადგილებში. რა ესაქმებოდათ მოწაფეებს ამ უკანასკნელებთან? თანაც, ის ახალს არაფერს ეტყოდა, მთელი მსოფლიოს უბედურებების შესახებ რომც ესაუბრა, რომლებიც ყოველთვის ხდებოდა, იმიტომ, რომ უწინაც იყო ომები, აჯანყებები და ბრძოლები. მაგრამ ის ამბობს აქ იუდეველთა ომებზე, რომელიც მალე უნდა მომხდარიყო, რამდენადაც იუდეველებს უკვე აწუხებდათ რომაელების წარმატებები. ხოლო, რამდენადაც ეს უკვე საკმარისი იყო, რომ ისინი აფორიაქებულიყვნენ, ამიტომ ქრისტე წინასწარმეტყველებს კიდეც ამ ყველაფერს.
 
შემდეგ, იმის დასამტკიცებლად, რომ თვითონაც აღდგება იუდეველების წინააღმდეგ და მათ წინააღმდეგ იომებს, ის ამბობს, არა მხოლოდ ბრძოლებზე, არამედ დამარცხებებზე, შიმშილზე, წყლულებზე და მიწისძრებზე, რომლებსაც ღმერთი მოუვლენს მათ და ანახებს, რომ მან თვითონ დაუშვა ომები. და რომ ეს ყველაფერი უბრალოდ კი არ ხდება. როგორც უწინ ჩვეულებრივ ხდებოდა ადამიანთა შორის, არამედ ღმერთის რისხვით. ამიტომაც ამბობს ის, რომ ეს მოხდება არა შემთხვევით ან მოულოდნელად, არამედ - ნიშებით.
 
ხოლო, იუდეველებს რომ არ ეთქვათ, ამ უბედურებებში მაშინდელი მორწმუნენი არიან დამნაშავენიო, მან განუცხადა მათი საქციელის მიზეზი. "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, - თქვა მან ზემოთ, - რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე" (მათე 23:36) და მათი საძაგელი მკვლელობა გაიხსენა. მერე, იმისათვის, რომ მათ, ესოდენ მრავალი უბედურების შეტყობის შემდეგ არ ეთქვათ, რომ წინასწარმეტყველება მთლიანად არ სრულდება, დასძინა: "ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს" (მათე 24:6). ესე იგი, ყველაფერი, რაც მე ვიწინასწარმეტყველე. განსაცდელების მოსვლა ოდნავადაც ვერ შეუშლის ხელს ჩემი სიტყვების ასრულებას. თუმცა იქნება შფოთი და არეულობები, მაგრამ ისინი სრულებით ვერ შეარყევენ ჩემს წინასწარმეტყველებებს.
 
შემდეგ, რამდენადაც ქრისტემ უარი უთხრა იუდეველებს: "ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!" (მათე 23:39), ხოლო მოწაფეები კი ფიქრობდნენ, რომ იერუსალემის დანგრევასთან ერთად სამყაროს აღსასრულიც დადგებოდა, ამ შეხედულების გამოსასწორებლად ქრისტე ამბობს: "ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული". ხოლო ისინი რომ ზუსტად ისე ფიქრობდნენ, როგორც მე ვთქვი, დარწმუნდი მათი კითხვით.
 
მართლაც, რას ეკითხებოდნენ ისინი? "როდის მოხდება ეს?" ესე იგი, როდის დაინგრევა იერუსალემი? "ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?" მაგრამ ქრისტემ მაშინვე არ უპასუხა ამ შეკითხვას, არამედ ჯერ ყველაზე აუცილებელზე ლაპარაკობს, და იმაზე, რაც უნდა სცოდნოდათ მანამდე. მან მაშინათვე არც იერუსალემზე და არც მის მეორედ მოსვლაზე არა თქვა; არამედ იმ გაჭირვებაზე, რომელიც კარს იყო მომდგარი. ამიტომაც მოუწოდებს მოწაფეებს სიფრთხილისკენ და ამბობს: "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ" (მათე 24:4-5).
 
ამგვარად, ჯერ აღძრა ისინი ამის მოსასმენად ("ფხიზლად იყავით," ამბობს ის, "რათა არავინ გაცთუნოთ"). გახადა ისინი მზრუნველები და მღვიძარენი და ცრუქრისტეები ახსენა, შემდეგ იერუსალემის უბედურებებზე ლაპარაკობს, იმ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რაც უკვემ ოხდა და უგუნური და ჯიუტი ხალხის გარდაუვალ მომავალზე" (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. VI ტომი. 75-ე ჰომილია მათეს სახარებაზე. თბილისი. 2016. გვ. 376).
 
ეპისკოპოსი მიხაილი (ლუზინი) (1830-1887): "პასუხი" უპირველეს ყოვლისა განეკუთვნება იერუსალიმის დანგრევის პერიოდს, კერძოდ ამ მოვლენის წინმსწრობ ნიშნებს. ერთ-ერთი ნიშანი არის მაცთურთა გამოჩენა, რომელთაგან თავის დაცვას ყველაზე უმეტესად ამცნებს უფალი თავის მოწაფეებსა და მიმდევრბს, რადგან ამგვარი საცთური ყველაზე დიდი საფრთხეა მათი რწმენისთვის. "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ". ცთუნება აქ ქრისტეს სარწმუნოებისგან განდგომას და სხვა რაწმუნოებისკენ მიდრეკას გულისხმობს" (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-24/stih-4).

პროფ. ა. პ. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია: "მაცხოვრის სიტყვები წარმოადგენს მოწაფეებისგან დასმული კითხვის პასუხს (ἀποκριθείς - არის მხოლოდ მათესთან). უცნობია სიტყვა βλέπετε რატომ არის თარგმნილი, როგორც "ფხიზლად იყავით" (ძვ. ქართ. "ეკრძალენით" – "აპოკ." რედ.), თუმცა, სიტყვას ასეთი მნიშვნელობაც გააჩნია. უკეთესია - "ყურადღებით დააკვირდით", "უყურეთ".
 
თარგმანი "არავინ გაცდუნოთ" არაზუსტია, დედნის აზრს არ გამოტავს და ნათქვამის შინაარსს აბუნდოვანებს. გაცთუნოთ რითი? ბერძნულში ყველა მახარობელს გამოყენებული აქვს სიტყვა πλανάω, რაც ნიშნავს სწორი გზიდან გადაცდომას, ხეტიალს, აქეთ-იქით სიარულს, მოტყუებას.
 
ამგვარად, მოწაფეები ვალდებულნი იყვნენ ყურადღებით დაკვირვებოდნენ მოვლენებს, რათა ვინმეს შეცდომაში არ შეეყვანა ისინი და არ მოეტყუებინა. როგორც ჩანს, მოწაფეთა პირველი კითხვა: "როდის მოხდება ეს" (ანუ იერუსალემის დანგრევა)? უპასუხოდ რჩება, უკიდურეს შემთხვევაში, ქრისტე ამ კითხვას პირდაპირ არ პასუხობს.
 
მე-4 მუხლში ასევვე არ გვაქვს პირდაპირი პასუხი მეორე კითხვაზე, რომელიც მეორედ მოსვლასა და სამყაროს აღსასრულს ეხება, მაგრამ, რადგან შემდეგში სწორედ ამაზეა ლაპარაკი, მე-4 მუხლი შეიძლება მთელი მომდევნო მსჯელობის შესავლად შევაფასოთ.
 
სამართლიანად იყო შენიშნული, რომ შემდეგ ქრისტეს ქადაგებაში გადმოცემულია უპირატესად პრაქტიკული სწავლება, რომ მას მიზნად არა აქვს დროზე ადრე გაამხილოს სამყაროს აღსასრულის ჟამის დრო და საათი, და საერთოდ გაამხილოს სამყაროს აღსასრულის დროება, არამედ მიზნად ისახავს მხოლოდ მოწაფეთა განსწავლას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სამყაროს აღსასრულის მუდმივი მოლოდინის პირობებში.
 
ქრისტეს ეს "ესქატოლოგიური ქადაგება" რთულია განმარტებისთვის და სავსეა გადაულახავი სიძნელეებით, რაც სრულიად გასაგებია, რადგან აქ, საერთოდ, ლაპარაკია სამყაროს მომავალზე. ამ ადგილის განმარტებისთვის დახარჯულია ტიტანური შრომა. ის გახდა მრავალრიცხოვანი ცთომილების მიზეზი, რომელიც მისი არასწორი განმარტებიდან მომდინარეობს. ხოლო სწორი განმარტებისთვის საჭიროა უპირველეს ყოვლისა მხედველობაში მივიღოთ ის, რომ მასში, ერთი მხრივ, ლაპარაკია იერუსალიმის ბედზე, მეორე მხრივ - სამეფოთა მომავალზე, და მესამე მხრივ - სამყაროს აღსასრულზე.
 
მის ამ სამმაგ აზრს სიმოკლისა და სიმარტივისთვის პირველ, მეორე და მესამე აზრს ვუწოდებთ. მას, თუმც მსუბუქი, მაგრამ მაინც გარკვეული კავშირი გააჩნია თითოეული ადამიანის ცხოვრებასთან. ზოგიერთი (არცთუ წარუმატებლად) ცილობდა ამ ადგილის მნიშვნელობა მხოლოდ იერუსალიმისა და იუდეველი ხალხის ბედით განესაზღვრა; სხვები - მხოლოდ სამყაროს აღსასრულსა და ქრისტეს მეორედ მოსვლას ხედავდნენ მასში.
 
ორივე განმარტება შეიძლება მართებულად ჩავთვალოთ. რომ გავიგოთ, თუ როგორ ხდება ეს, საჭიროა მხედველობაში ვიქონიოთ ის, რომ ლაპარაკი ათვალსაჩინოებს იმგვარ მოვლენებს, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, შეიძლება განხილულ იქნას სამი მხრიდან ან სამი თვალსაზრისიდან. მაგალითების მიხედვით ამისი დანახვა ძალზედ მარტივია.
 
ადამიანი თუ მოსწორებულ ადგილზე დადგება, მის წინ მხოლოდ ერთი ჰორიზონტი გადაიშლება; თუ ის რამოდენიმე მეტრით აიწევს, მაშინ მის თვალწინ სივრცე უფრო გაფართოვდება და ჰორიზონტიც დაშორდება; და თუ კიდევ უფრო მაღლა აიწევს, მაშინ კიდევ ერთი ჰორიზონტი გადაიშლება.
 
ასეა ქრისტეს ქადაგებაც. ჩვენ მას თუ ყველაზე დაბალი თვალსაზრისიდან განვიხილავთ, დავინახავთ, რომ მასში თითქმის ყველაფერი შეიძლება ახსნილ იქნას უახლოესი მოვლენების, კერძოდ, - იერუსალემის აღებისა და დანგრევის თვალსაზრისით; თუ უფრო ავიწევით, მაშინ დავინახავთ წინასწარმეტყველებას ხალხებსა და სახელმწიფოებზე; და თუ კიდევ უფრო მაღლა - მაშინ სამყაროს აღსასრულს. ამ სამ თვალსაზრისს შორის, სრულიად ბუნებრივად, არსებობს მრავალი შუალედური პერიოდი, რომელიც ერთთათვის ერთ რამეს ცხადყოფს, სხვათათვის კი - სხვა რამეს.
 
ქადაგებაში შეიმჩნევა ეროვნული ფსიქოლოგიის უფაქიზესი და მრავლისმომცველი ცოდნა, რომელიც ნაწილობრივ ისტორიის მიერაც დასტურდება. ვერავინ ვერ წარმოთქვამდა ასეთ ქადაგებას ქრისტეს გარდა. ეს რომ გავიგოთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ რომელიმე ისტორიკოსი ან მეცნიერი, ან კიდევ უბრალო ნათელმხილველი შეეცადა მოკლედ და ზოგადად გადმოეცა კაცობრიობის უკვე წარსული და ცნობილი მოვლენები.
 
მაგრამ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მათი შრომა არასრულყოფილი იქნება, რადგან წარსულ მოვლენათა ასეთი მოკლე და ყოვლისმომცველი გადმოცემა - როგორი ცოდნაც გინდ ჰქონდეს ადამიანს, ძალზედ ძნელია. ეს მაგალითი ნათელ წარმოდგენას გვაძლევს იმაზე, თუ რაოდენ ძნელია, თუნდაც ზოგადად ილაპარაკო კაცობრიობის მომავალ ბედზე. ასეთ ამოცანას ასეთი სრულყოფილებით ვერავინ შეასრულებდა ქრისტეს გარდა.
 
მრავალი ცდილობდა დაემტკიცებინა, თითქოსდა მისი ქადაგება მხოლოდ იმდროინდელი იუდაური ესქატოლოგიის ანარეკლია. მაგრამ ედერშეიმმა (1825-1889), მთელი რიგი ციტატებით დაამტკიცა, რომ იუდაური ესქატოლოგია სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით ვითარდებოდა, ვიდრე ქრისტეს აზროვნება.
 
ამ ქადაგების სინამდვილეში ეჭვი თითქმის არავის ეპარება. როგორც ცანი (გერმ. Zahn – "აპოკ." რედ.) (1838 1933) ამბობს: "მათეს სახარებაში ქრისტეს მხურვალე ქადაგების მთლიანობა, გამორიცხავს ჰიპოთეზას, რომ თითქოსდა ის ჩამატებულია მასალის პირველდაწყებით კონტექსტში, რომელიც ამოკრებილია არა იესუს სხვადასხვა ქადაგებათაგან, არამედ რომელიღაც იუდაური ან ქრისტიანული აპოკალიფსისიდან".
 
კონტრასტი უკანასკნელი სამსჯავროს იუდაურ სურათსა და იმას შორის, როგორც ის არის აღწერილი სახარებებში, იმდენად გამაოგნებელია, რომ მარტო ესეც საკმარისია ახალი აღთქმის ესქატოლოგიური განყოფილების დასაცავად (თუ ეს საჭირო გახდა), ისევე როგორც იმის სამტკიცებლად, თუ რაოდენ უზარმაზარი უფსკრული ძევს ქრისტეს სწავლებასა და სინაგოგის თეოლოგიას შორის (ედერშეიმი). - განსახილველ მუხლში მაცხოვარი, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს მოწაფეთა მოუთმენლობას. სწორედ მასში ძევს საშიშროება, რომ მოწაფეები "შეიძლება მისი მოსვლის ცრუ უწყებებათა მსხვერპლნი გახდნენ" (ცანი).
 
ამიტომაც მოუწოდებს ქრისტე მოწაფეებს ყურადღებისკენ, დაკვირვებისკენ, სიფრთხილისკენ; ჭეშმარიტი მესიის მეორედ მოსვლის მოლოდინში ისინი ფხიზლად უნდა იყონ და არ დაექვემდებარონ არანაირ ცრუ-მოწმობას" (Толковая Библия, или Комментарии на все книги Св. Писания Ветхого и Нового Завета под редакцией А.П. Лопухина. В 7-ми т. Изд. 4-е. — М.: ДАРЪ, 2009).

იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ.

"ახლა მოციქულებს ეგონათ, რომ მათი საოცნებო სასუფეველი იერუსალიმის დანგრევის შემდეგ დადგებოდა, რომ იესუ მეორედ მოვიდოდა და სამყაროს აღსასრულთან ერთად მისი დიდების სასუფეველი დაიწყებოდა; ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ყველაფერი მალე, მათსავე სიცოცხლეში მოხდებოდა. სწორედ ამგვარი მოლოდინისგან აფრთხილებს მათ მაცხოვარი, და ნაცვლად იმისა, პირდაპირ ეპასუხა კითხვისთვის, უთხრა: "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ" ყალბი დაპირებებით ჩემს მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით და, რომ თითქოსდა სამყაროს აღსასრული მოახლოვებულია. მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: "მე ვარ ქრისტეო"; მრავალს აცთუნებენ და "ეს ჟამიც მოახლოვდა" (ლუკა 21:8). მაგრამ თქვენ ნუ ერწმუნებით მათ! დაიწყება ერთა მღელვარება, ძმათაშორის შუღლი და სისხლიანი ომები; აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; იქნება შიმშილი, წყლულებანი და მიწისძვრანი, ბოლოს კი გამოჩნდება ნიშნები ცაში; და როდესაც მრავალნი ამას იხილავენ, დაიწყებენ სხვათა დარწმუნებას, თითქოსდა სამყაროს აღსასრული მოახლოვდა. ნუ ენდობით მათ! ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული; ეს დასასრულის, ისრაელის დასჯისა და მის სნეულებათა დასაწყისია.
 
მოციქულებს მტკიცედ ახსოვდათ უფლის სიტყვები: "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ" (მათე 24:4), ამიტომაც მათ ვერ აცთუნებდნენ ვერც ცრუწინასწარმეტყველნი და ვერც ცრუქრისტენი, რომლებიც იმ დროისთვისაც უხვად იყვნენ. იოსებ ფლავიოსის თქმით, იმ დროის პალესტინა სავსე იყო მაცთურებითა და მისნებით, რომლებსაც ხალხი უდაბნოში გაჰყავდათ, რათა მისთვის სასწაულები ეჩვენებინათ, თითქოსდა ეს ყოველივე ღვთაებრივი ძალით აღსრულდებოდა. ამგვარ მაცთურთაგან ცნობილნი არიან: დოსითეოს სამარიელი, რომელიც თავს ქრისტეს უწოდებდა, სიმონ მოგვი, ასევე სამარიელი, რომელიც თავს ღმრთის ძეს უწოდებდა, ფევდა, მენანდრე, რომელიღაც ეგვიპტელი და სხვები. იმ დროის ებრაელები, რომლებმაც ქრისტე უარყვეს და, რომლებიც ასე გაცხარებულნი ელოდნენ მათი მსოფლიოს პყრობელი მესიის გამოჩენას, რომ სიხარულით მისდევდნენ ყოველ თვითმარქვიას.
 
ეს ყოველივე წინ უსწრებდა იერუსალიმის დანგრევას; უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა მომხდარიყო, და მოხდა კიდეც" (Гладков Б.И. Толкование Евангелия. Глава 37. - Воспроизведение с издания 1907 года. М.: Столица, 1991. (с дополнениями из издания 1913 г.) - С. 550, 554-5).

არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) (1906-1976): "უფალი ნათლად მიანიშნებს, რომ მისი მეორედ მოსვლა და სამყაროს აღსასრული იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ მალე როდის დადგება. ღმრთის სამსჯავროს მოახლოვების პირველ ნიშნად უფალი ცრუქრისტეების გამოჩენას ასახელებს. ისტორიკოსი იოსებ ფლავიოსი ადასტურებს, რომ იერუსალიმის დაცემის შემდეგ მართლაც გამოჩნდა მრავალი ცრუმესია" (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-24/stih-5)

იერონიმე სტრიდონელი (დაახლ. 347-419/20): "მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ". - ერთ-ერთი მათგანი იყო სიმონ სამარიელი, რომლის შესახებაც მოციქულთა საქმეებში ვკითხულობთ და, რომელიც თავს ღმრთის დიად ძალას უწოდებდა (საქმე 8:9-10). სიმონ მოგვი თავის გრაგნილებში, სხვათა შორის, ასეთ სწავლებებსაც ავრცელებდა: "მე ვარ ღმრთის სიტყვა, მე ვარ ბრწყინვალე, ნუგეშისმცემელი, ყოვლისშემძლე, მე ვარ ყოველივე ღვთაებრივი". მეორე მხრივ, მოციქული იოანეც ბრძანებს თავის ეპისტოლეში: "ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია" (1 იოანე 2:18). მე ვფიქრობ, რომ მწვალებელთა ყველა ბელადი - ანტიქრისტეები არიან და ქრისტეს სახელით ქრისტეს საწინააღმდეგოს ასწავლიან. არ არის გასაკვირი, რომ მათ მრავალი აცთუნეს, რადგან უფალმა ბრძანა: "მრავალს აცდუნებენ" (მათე 24:4) (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-24/stih-5).

იუსტინე (პოპოვიჩი) (1894–1978): სამყაროს აღსასრულის ნიშანი - ეს არის ადამიანური ბოროტებისა და ადამიანური სიკეთის უკანასკნელი შერკინება. ერთიც და მეორეც სამყაროს აღსასრულისთვის თავის აპოგეას მიაღწევს, თანაც ადამიანთა მეშვეობით. მთელი ბოროტება აღდგება მთელი სიკეთის წინააღმდეგ, და მთელი სიკეთე აღუდგება წინ მთელ ადამიანურ სიშლეგეს: მთელი სიკეთე განხორციელდება ღმერთკაც იესუ ქრისტეში, ხოლო მთელი ბოროტება - ანტიქრისტეში. ადამიანები მხოლოდ ამ ორ პიროვნებას შორის ორ ჯგუფად გადანაწილდებიან. ბოროტება იმდენად მძლავრი და საშინელი იქნება, რომ უამრავი თვითმარქვია მესიის, ცრუქრისტეები და კაცობრიობის მხსნელების გამოჩენას გამოიწვევს. ისინი აცთუნებენ მრავალთ. შეიძლება თუ არა შემოწმნდნენ კაცობრიობის ეს "მაცხოვრები"? დიახ, არსებობს: ჯვარი და ღმერთკაც იესუ ქრისტეს გამარჯვება სიკვდილზე აღდგომის მეშვეობით, ამასთან, ამ გამარჯვებას წინ უძღოდა ღმერთკაცის უცოდველი ცხოვრება კაცთა შორის დედამიწაზე. ასეთი რამ არც ერთ თვითმარქვია "ქრისტეს", ცრუ-მაცხოვარს არ უჩვენებია და ვერც აჩვენებს. "მე ვარ ქრისტე" - რატომ? სახარებიდან ვიცით: "იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე" (ებრ. 13:8); სახარებაც მისია და ეკლესიაც მისია. ქრისტეს სახელით მოსული თვითმარქვია კი გახლავთ ყოველი, ვინც რაიმეში განუდგება ისტორიულ ქრისტეს ან კომპრომისს დაუშვებს ბოროტებასთან ან კიდევ რაიმე ცოდვით ცთუნდება (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-24/stih-5).

წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.): "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ". და ეს ნაწილობრივ უკვე მოხდა; რადგან ამას ამბობდნენ სიმონ მოგვი, მენანდრე, ასევე ზოგიერთი უკეთური ერესიარქი, და კიდევ მრავალი იტყვის, როგორც ჩვენს დროში, ასევე ჩვენს შემდეგაც" (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-24/stih-5).
ომები და ამბავნი ბრძოლათანი
6. გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.

  
არქიეპ. ამბერკი (ტაუშევი) (1906-1976): "მეორე ნიშანი იქნება, როგორც ახლო, ასევე შორეული პერიოდის ომები ("გაიგებთ აგრეთვე ომების ამბებს"). მაგრამ, ეს ომები მხოლოდ დასაწყისი იქნება იმ საშინელებებისა, რომლებიც, თავისი სიმძიმით, უფალმა მშობიარობის ტკივილებს შეადარა".

ანონიმი კომენტატორი (IV ს.): უპირველეს ყოვლისა, ჩემი აზრით, უარი არ უნდა ვთქვათ მოციქულთა კითხვების განხილვაზე, რათა შემდეგ უკეთ გავიგოთ ქრისტეს პასუხი. მოციქულებმა ქრისტეს მისცეს ორი შეკითხვა: პირველად, მათ იკითხეს, თუ რა იქნებოდა იერუსალიმის დანგრევის ნიშანი; და მეორე, როგორი იქნებოდა სამყაროს აღსასრულის ნიშნები. იუდეველი ხალხის განთესვის დროს იერუსალიმი დაინგრა, მაგრამ ის, რაც იერუსალიმად ჩანდა, არ იყო ჭეშმარიტი იერუსალიმი. ასევე ეკლესია სამყაროს აღსასრულის წინ დაცარიელებული აღმოჩნდება, მაგრამ, რაც მოსჩანდა ეკლესიად არ იყო და არ წარმოადგენს ჭეშმარიტ ეკლესიას. უფალს განცალკევებულად არ უთქვამს, როგორი იქნება იერუსალიმის დანგრევის და სამყაროს აღსასრულის ნიშნები, რადგან ისინი, ორივეს განეკუთვნებიან და არიან ერთნაირნი. ქრისტე ისტორიკოსივით ხომ არ პასუხობდა, რომელიც ჩვეულებისამებრ გადმოსცემს მოვლენათა თანმიმდევრობას, არამედ წინასწარმეტყველისთვის დამახასიათებელი მანერით ამბობდა იმას, რაც უნდა მოხდეს მომავალში.
 
წინასწარმეტყველებანი ყოველთვის გამოითქმებოდა და აღიქმებოდა, როგორც საიდუმლო. მაშ, რა? თუკი გვსურს გავიგოთ ქრისტეს მიერ ნათქვამ მინიშნებათა (შიმშილი, ომები, მიწისძვრები) სულიერი აზრი, - შეუძლებელია ისინი გავიგოთ იერუსალიმის დანგრევასთან მიმართებაში, რადგან ქალაქის აღების დროს ერი არ აღმდგარა ერის წინააღმდეგ სულიერი აზრით, ანუ მწვალებლობა მწვალებლობის წინააღმდეგ. მოციქულთა დროს მწვალებლობათა თესლი ეს ესაა ჩაითესა, მაგრამ ისინი ჯერაც არ აღმოცენებულად ქრისტიან მეფეთა გამოჩენამდე და მხოლოდ ჩვენს დროში (იგულისხმება ავტორის ეპოქა, ანუ IV ს. – "აპოკ." რედ.) ამოიზარდნენ და განმყარდნენ. გარდა ამისა, იერუსალიმის დანგრევის დროს ჯერაც არ ყოფილა სულიერი შიმშილი, პირიქით, მაშინ სიუხვე იყო, რომლის შესახებაც ბრძანებს ფსალმუნთმგალობელი: "კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი; ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი" (ფსალმ. 64:10).
 
და კვლავ, თუკი ჩვენ ამ ნიშნების ბუკვალურად განმარტებას დავაპირებტ, ისინი ვერაფერს გვეტყვიან სამყაროს აღსასრულის შესახებ, რადგან ომები იყო ყოველთვის და არის დღესაც - ამ სიტყვის ბუკვალური გაგებით. იგივე ითქმის შიმშილსა და მიწისძვრებზეც.
 
შეუძლებელია რაიმე მომავალი მოვლენის ნიშნად დავსახოთ, თუკი ის თავისთავად ჩვეულებრივ რამეს წარმოადგენს. მხოლოდ სრულიად ახალი და უჩვეულო შეიძლება იწოდოს ნიშნად. როგორც არსებობს ბუკვალური იერუსალიმი, რომელიც უკვე ძლეულია სულიერად, ასევე არსებობს სულიერი იერუსალიმიც, ქრისტეს ეკლესია, და სწორედ ის უნდა დაექვემდებაროს განსაცდელს სამყაროს აღსასრულის წინ - და ნამდვილად ასეც არის.
 
ამრიგად, ნიშნები, რომლებზეც ლაპარაკობდა უფალი, საჭიროა გავიგოთ, როგორც სულიერად, ასევე ბუკვალურადაც. ბუკვალურად ისინი მეტყველებენ იერუსალიმის დანგრევაზე, ხოლო სულიერიად ეკლესიის განსაცდელზე ბოლო ჟამს. ასე რომ, გაიაზრე ერთიც და მეორეც: ის რაც ხდებოდა იერუსალიმის დაპყრობამდე და ის, რაც მოხდება ქრისტეს ეკლესიის ბოლო გამოცდის წინ. "იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ" (მთ. 24:7). ყოველს, ვისაც კი წაუკითხავს იოსები (ანუ იოსებ ფლავიოსის "იუდეველთა ომი" – "აპოკ". რედ.), იცის, როგორი შიმშილობა, ჭირი და მიწისძვრა უძღოდა წინ იერუსალიმის დაცემას.
 
სულიერი აზრით, სანამ ეკლესიის გაპარტახება მოხდებოდეს, უეჭველად, დააზიანებენ ქრისტიან ხალხებს და დადგება სულიერი შიმშილი (ხალხებს მოშივდებათ სიმართლე და ჭეშმარიტების ქადაგება - "აპოკ". რედ.), იქნება სულიერი მიწისძვრები, და ხორციელ ცოდვათა განსხვავებული ზომები. ქრისტიანობაში ამდენი განხეთქილება და მწვალებლობა არ აღმოცენდებოდა, მათ ღმრთის სიტყვა რომ არ შიოდეთ; ისინი ესოდენ მრავალ ჭირვებაში, ანუ ხორციელ ვნებათა სნეულებებში არ ჩავარდებოდნენ გარეგან ზემოქმედებას რომ არ დაქვემდებარებოდნენ.
 
ამას გვასწავლის უფალი იგავში მთესველის შესახებ, როდესაც მტერი ხორბალში ღვარძლს ჩათესავს:  "ხოლო როდესაც ეძინა ხალხს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ყანაში და წავიდა" (მათე 13:25) (წყარო: PG 56:900-901, PG 56:904).
  
ა. ს. ლოპუხინი: "ქრისტემ მოწაფეებს წინასწარმეტყველურად დაუხატა დედამიწაზე ღმრთის სასუფევლის განვითარების სურათი, თანაც განსაკუთრებით შეჩერდა ორ უმთავრეს მოვლენაზე - იერუსალიმის დანგრევასა და იუდეველი ხალხის გაპარტახებაზე, და სამყაროს აღსასრულზე. იერუსალიმის დანგრევა მხოლოდ ამ ყველაფრის დასაწყისი იქნება და მასში უნდა დავინახოთ ყოველივე იმის წინასახე, რაც მოხდება სამყაროს აღსასრულის წინ და საუკუნო სამსჯავროზე. როდის მოხდება ეს უკანასკნელი საშინელი მოვლენა არავინ იცის, რადგან ის ღმრთის საიდუმლოა, და მისი წვდომა არ ძალუძთ ანგელოზებსაც კ; თუმცა, უახლოეს მოვლენებამდეც ჯერ კიდევ დიდი დროა, გამოჩნდება მრავალი საცთური, რომლებსაც უნდა მოვერიდოთ. გაჩნდებიან ცრუმესიები, რომლებიც დაშინებითა და მოტყუებით მიიმხრობენ მრავალთ; ქრისტიანებმა კი ეს ყოველივე ურყევად უნდა დაითმინონ და გადაიტანონ ქრისტეს სახელისთვის, და ვინც ბოლომდე დაითმენს ის ცხონდება" (Александр Павлович Лопухин. Руководство к Библейской истории Нового Завета. – СПб.: Тузов, 1889. С. 200).
  
იერონიმე სტრიდონელი (დაახლ. 347–419/20): "ამრიგად, როდესაც გავიგებთ ამას, ნუ ვიფიქრებთ, თითქოსდა უკვე დადგაო სამსჯავროს ჟამი; არამედ ის გადაიდება იმ დრომდე, რომლის ნიშნები აშკარად მითითებულია შემდეგში".

 
7. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ.
 
"მოიწევა უარესი უბედურება, "რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ" და დიადი სასწაულნი ზეცით (ლუკა 21:11), რათა ადამიანები მიხვდნენ, რომ ყოველივე ღმრთისგან მოვლენილი სასჯელია. თუმცა, ეს საშინელებები, რომლებსაც მრავალნი მესიის მოსვლის ნიშნად ჩათვლიან, სინამდვილეში მხოლოდ "სალმობათა დასაბამი", ანუ მომავალ არნახულ ჭირვებათა დასაწყისი იქნება" (Троицкие листки игумена Пантелеимона. Толкование на группу стихов: Мф: 24: 7-7).
ეპისკოპოსი მეთოდე (კულმანი). "მოიწევა უარესი უბედურებები: "რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ" (მათე 24:7), "საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით" (ლუკა 21:11). ამ საშინელებებს მრავალი მესიის მოსვლის ნიშნად ჩათვლის, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ "სალმობათა დასაბამი", ანუ მომავალ საშინელ და გრანდიოზულ უბედურებათა "მშობიარობის" პირველი ტკივილები იქნება.

 
8. ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია.

ნეტ. იერონიმე სტრიდონელი. "ეს ყოველივე სალმობათა დასაწყისია. არ მეეჭვება, რომ ეს ყოველივე, როგორც დაწერილია, ბუკვალური აზრით აღსრულდება; მაგრამ ამავდროულად ვფიქრობ, რომ "ხალხის აღდგომა ხალხის წინააღმდეგ, და სამეფოს აღდგომა სამეფოს წინააღმდეგ", ასევე წარწყმედა მათი, ვისი სიტყვაც სიმსივნესავით ვრცელდება და ასევე ღმრთის სიტყვის მოსმენის უმძაფრესი მოშიება, დედამიწის შერყევა და ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან განდგომა, - ეს ყველაფერი ეხებათ მწვალებლებს, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და მით ეკლესიას ანიჭებენ გამარჯვებას" (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-24/stih-7/).
ამრიგად, ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული, არამედ "სალმობათა დასაბამია". როგორც ქალი განიცდის ტკივილებს, ბავშვის შობისას, ასევე სამყაროს აღსასრულისა და ახალი საუკუნის დასაწყისს წინ  უსწრებს პერიოდი, რომელსაც "სალმობათა დასაბამი" ეწოდება და რაც ნიშნავს სამყაროს აღსასრულსა და უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოვებას.
 
კატაკლიზმები ადასტურებენ იმას, რომ ღმერთი მონაწილეობს ისტორიაში და მას მის მიერ დანიშნული დასასრულისკენ მიმართავს.
ამრიგად, თუ შევაჯამებთ მათეს სახარების 24-ე თავის მე-4-8 მუხლებს, მივხვდებით, რომ იესუ ლაპარაკობს შორეულ მომავალზე. მის მიერ ჩამოთვლილი ყოველი მოვლენა შეუძლებელია სტანდარტი ან ორდინარული მოვლენა იყოს, რომელიც, ასე თუ ისე, დედამიწაზე ყოველ ეპოქაში ხდებოდა და ხდება.
 
მაცხოვრის მიერ მე-4-8 მუხლებში ჩამოთვლილი მოვლენები "უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი" (მათე 24:33) და მას "სალმობათა დასაბამი" ("მშობიარობის ტკივილების დასაწყისი") ეწოდება - მშობიარობის ტკივილები კი მშობიარობის მთელი 9 თვის განმავლობაში როდი ხდება, ის მშობიარობამდე მცირე ხნით ადრე იწყება. აქედან, მათეს სახარების მე-4-8 მუხლების მოვლენები შეუძლებელია 1000 წელზე გადაიჭიმოს. ასე, რომ შეუძლებელია ის განმარტებულ იქნას, როგორც ბანალური ეპიდემიები (რომლებიც ყოველთვის იყო), ომები (ასევე ყოველთვის იყო), ამბები ომების შესახებ (ასევე იყო), რევოლუციები (ბევრჯერ ყოფილა), მიწისძვრები (იყო ყოველთვის, რაც კი დედამიწა არსებობს) ან შიმშილი (რომელიც მთელი კაცობრიობის ისტორიას გასდევს). მაშ, რაზეა ლაპარაკი?
 
დააკვირდით, "მშობიარობის ტკივილები" (სალმობანი) იწყება არა ომებით, არა ეპიდემიებით, არა მიწისძვრებით, - არამედ იმით, რომ მრავალნი მოვლენ ღმრთის სახელით და იტყვიან, რომ ქრისტიანები არიან, და ამასთან აცთუნებენ მრავალთ, მიდრეკენ ადამიანებს იმისკენ, რომ მათი სიცრუე დაიჯერონ. მწვალებლობები ყოველთვის არსებობდა, ცრუსწავლებებიც, მზაკვარი მოღვაწეებიც და ცრუმღვდლებიც უამრავნი იყვნენ, რომლებიც უპირველეს ყოვლისა საკუთარ გამორჩენას ეძიებდნენ. მაგრამ იესუ ამაზე როდი ლაპარაკობს.
 
საცთური, პირველი სტადიაა, პირველი ფაზაა, - ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ "უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი" (მათე 24:33). ცთუნება ეს უბრალო მოტყუება როდია, ეს ისეთი განსაცდელია, როდესაც "გქირაობენ", როდესაც მტრის მხარეს გადადიხარ. სანამ ბაბილონი მოვა, აუცილებლად უნდა მოხდეს განდგომილება და ამბოხი ღმერთის წინააღმდეგ. მოძღვრები (მქადაგებლები, პასტორები, ცრუ-მღვდლები, რომლებიც ქრისტეს სახელით ვითომ სახარებას ქადაგებენ, სინამდვილეში ნიადაგს ამზადებენ ცრუქრისტეს, ანუ ანტიქრისტეს მისაღებად.
 
სიახლე როდია ის, რომ 2000 წლამდე მსოფლიოში ლამის ყოველთვიურად ჩნდებოდა ახალი სექტები. ისინი სოკოებივით მრავლდებოდნენ. თუმცა, დღეისთვის შესამჩნევია გასაოცარი მოვლენა - 2000 წლის შემდეგ მათი გამოჩენის რაოდენობა კლებულობს. სადღაც 2019 წლისთვის შეიძლება ეს მაჩვენებელი დავიდეს 1 სექტამდე წელიწადში (ცხადია, სტატისტიკის ზედმიწევნით სიზუსტეზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ ტენდენცია აშკარაა). რატომ ხდება ასე? იმტიომ, რომ იეღოვას მოწმეთა თუ მორმონთა სექტების მსგავსი ორგანიზაციები უკვე აღარავის აინტერესებს, საერთოდ, თვით ქრისტიანობაც კი უინტერესო ხდება და მრავალი კონფესიის პასტორები უკვე ტოტალიტარულ სექტებს თავიანთ სამრევლოებში აყალიბებენ. ამ შემთხვევაში ხომ ყველაფერი "ღვთის სიტყვის მიხედვითაა", ყველაფერი "მოწესრიგებულია".
 
შესამჩნევია მქადაგებელთა და ეკლესიათა კოლოსალური მრავლობა, რაც არანაირად არ არის გამოწვეული ერში სარწმუნოებისა და სულიერების ზრდით. ეკლესიების მშენებლობა "ბიზნესი" და შემოსავლის წყარო გახდა. სოციალურმა ქსელებმა განსაკუთრებით შეუწყო ხელი "სტაჟიანი" მორწმუნეების გამრავლებას, რომლებიც კონკრეტულად აბნევენ ქრისტიანებს. "მქადაგებლების" იმგვარი მოზღვავება, როგორიც დღესაა არასოდეს ყოფილა. სექტების გამოჩენის სიხშირემ იკლო, რადგან ახლა ტრადიციული კონფესიების "მღვდლებსა" და "პასტორებს", "მეცნიერებს" თუ უმეცრებს, გავლენის არეალი გაუფართოვდათ.
 
ცნობილია სამრევლოები (და ამაზე აშკარად მსჯელობენ), სადაც მრევლის უფლებები შემოიფარგლება მხოლოდ პასუხით "დიახ" და შემოწირულობის მიტანით. დამოუკიდებლად ფიქრის უფლება კი არ გააჩნიათ. უბრალოდ "მამაოს" უნდა ენდო, მან ყველაფერი შენზე უკეთ იცის, ის შენს მაგივრად ფიქრობს, შენ კი უდარდელად იყავი, უბრალოდ ამინ-ი თქვი და მორჩა...
 
ტოტალიტარიზმმა ეკლესიებში უკიდურეს ზღვარს მიაღწია - მრევლი ყურმოჭრილ რობოტებად და ფულის ჩამოსაჭრელ მონებად აქციეს. და ეს საყოველთაო მოვლენა განსაკუთრებული სიძლიერით XX საუკუნის მეორე ნახევრიდან შეიმჩნევა.
 
შემდეგ, მათეს სახარებაში ვკითხულობთ: "გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს". აქ თითქოსდა ყველაფერი მარტივადაა - გაიგებთ ომების ამბებს, ანუ ფაქტებს, რომ სადღაც ომია. საინფორმაციო ცნობები გადატვირთულია ცნობებით ომებზე, თანაც ისიც ცნობილია, რომ საინფორმაციო ომების პირობებში, შეიარაღებულ კონფლიქტებს ყველა მისთვის სასურველი კუთხით აწვდის. ხშირად არ ერიდებიან ფეიკებსაც, ჭორებსაც და არაობიექტურ შეფასებებსაც. თანაც რადგან მაცხოვრის მიერ ნახსენები ომები ნიშანია იმისა, რომ მეორედ მოსვლა "უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი" (მათე 24:33), ომების უჩვეულო უნდა იყოს.
 
ამ ბოლო 10-20 წლის განმავლობაში დედამიწაზე არსებობდა უჩვეულო, არამედ აბსურდული სამხედრო კონფლიქტები.
 
იესუ განგვიმარტავს თუ როგორ ომები იქნება მომავალში - "ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო (ანუ სისტემა, სახელმწიფოს მსოფლმხედველობა) სამეფოს წინააღმდეგ". ამ მოვლენას ჩვენ პირდაპირ ახლა ვაკვირდებით - ყველა დღევანდელი კონფლიქტი ეროვნებათა კონფლიქტებია. ჩვენ ასევე ვხედავთ ღირებულებათა და სახელმწიფო რეჟიმთა ურთიერთდაპირისპირებას. ამისი მაგალითები უხვადაა. მე-20 საუკუნეში ასე არ იყო, ამგვარი სპეციფიკური კონფლიქტები ნაკლებად ფიქსირდებოდა, ვიდრე 21-ე საუკუნეში. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომი ეს არ არის "ხალხი ხალხის წინააღმდეგ", არამედ ეს არის "ხალხები ხალხების წინააღმდეგ", ასევე ეს არ იყო "სამეფო სამეფოს წინააღმდეგ", არამედ "სამეფოები სამეფოების წინააღმდეგ". ჩვენს დროებაში კი ყველაფერი წერტილოვანია, დაკონკრეტებულია, დაწვრილმანებულია და ძირითადად კონფლიქტები ვითარდება ხელისუფლება-ოპოზიციას ან ერებს შორის. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ ეს არის სწორედ ის უცნაური კონფლიქტები, რომლებიც "მშობიარობის ტკივილთა" დასაბამზე მიგვანიშნებს.
 
შემდეგ მათეს სახარებაში ლაპარაკია შიმშილზე (მოუსავლიანობა, პროდუქტების დეფიციტი), მიწისძვრებზე "აქა-იქ". ლუკას სახარებაში კი (თ. 21) დამატებულია ეპიდემიებიც. ეს ყველაფერი უჩვეულოა, არასტანდარტულია. ჩვენ 2020 წელს შევედით "კოვიდ-19"-ის ნიშნულში, ახლა კი ლამის ყოველდღიურად პოულობენ ახალ შტამებს და ახალ-ახალ ვირუსებს.
 
შიმშილი? კორონავირუსისა და მისგან გამოწვეული ლოკდაუნების გამო მილიარდობით ადამიანი შიმშილობს. უამრავი ბიზნესმენი გაკოტრდა... და ესეც "სალმობათა დასაწყისია".
 
მიწისძვრები? - ისინი ხდება იქ, სადაც არასოდეს ყოფილა. განა ეს უჩვეულო არა რის? ეს ძალიან უჩვეულოა და უცნაურია, როდესაც მიწისძვრა ხდება იქ, სადაც სეისმური აქტიურობა არ არსებობს.
 
მაგრამ ლუკას სახარების 21-ე თავში ამ ყოველივე ემატება კიდევ ორი ნიშანი, რომელიც ჯერაც მთელი ძლიერებით არ გვინახავს. ესენია - "საშინელი მოვლენები" და "დიადი სასწაულნი ზეცით" (იხ. ლუკა 21:11). საშინელი მოვლენები, რომელთა გამო სისხლი გაეყინებათ ადამიანებს, ჯერაც წინაა, ხოლო "დიადი სასწაულნი ზეცით" შეიძლება ვარაუდობდეს კონტაქტს ე. წ. "უცხოპლანეტელებთან".
 
და საბოლოოდ, ეს გახლავთ მხეცის მე-4 სამეფოსა და მეძავი ბაბილონის გამოჩენის ნიშნები.
 
ეს ყოველივე ჩვენს თვალწინ სრულდება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული - ეს მხოლოდ დასაწყისია.
დევნულება. დიდი ჭირვების პერიოდი
9. მაშინ მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო.


ნეტ. იერონიმე სტრიდონელი (დაახლ. 347–419/20): "მოციქულთა სახელით აღინიშნება ყოველ მორწმუნეთა საზოგადოება (persona), და არა ის, რომ იმ დროისთვის მოციქულები სხეულებრივად ჯერაც ცოცხლები იქნებიან" (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-24/stih-9).
 
თეოფილაქტე ბულგარელი (XI-XII სს.): მაცხოვარი წინასწარ იუწყება მომავალ ჭირვებაზე, რათა გააძლიეროს მოწაფეები. ჩვეულებრივ მოულოდნელობა ყველაზე მეტად გვაშინებს და გვაშფოთებს. ამიტომ ქრისტე ადრიდანვე გვიმსუბუქებს შიშს მომავალი უბედურებების წინასწარ უწყებით. ეს იქნება: შური, მტრობა, საცთურები, ცრუწინასწარმეტყველები, ანტიქრისტეს წინამორბედები, რომლებიც ერს შეაცდენენ და ყოველგვარ უსჯულოებაში შთააგდებენ (მათეს სახარების განმარტება) (იქვე).
 
"მაშინ შეგიპყრობენ და გდევნიან, "მიგცემენ სატანჯველად", მიგიყვანენ ქვეყნის მეფეებთან და მმართველებთან, გაწამებენ და საპყრობილეებში ჩაგაგდებენ. გახელებული და გონებადაბინდული ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი, - მშობლები, და-ძმები, მეგობრები - თქვენი მდევნელები, მტრები, გამცემები და მკვლელები გახდებიან. და "მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო". მაგრამ ნუ შეცბუნდებით, თქვენზე იზრუნებს ღმრთის განგებულება და ზეციერი მამის სიყვარული; მისი ყოვლისშემძლეობის გარეშე ერთი ღერი თმაც კი არ გადმოვარდება თქვენი თავიდან" (Троицкие листки игумена Пантелеимона) (იქვე).


***

 
შეიძლება ითქვას, რომ მათეს სახარების 24-ე თავი ასახავს აპოკალიფსისის ეტაპობრივ სურათს: დიდ ჭირვებამდე, დიდი ჭირვების პერიოდს და დიდი ჭირვების შემდეგ.
 
მათე 24:8-ში ჩამოთვლილია ისეთი ნიშნები, როგორებიცაა: "ომები და ომების ამბები, შიმშილობა და ჟამიანობა (პანდემია - "აპოკ." რედ.) და მიწისძვრანი აქა-იქ" (მათე 24:6-8), კონფლიქტები სამეფოებს (სახელმწიფოებს, ძალებსა და კოალიციებს) შორის, რევოლუციები, ამბოხებანი და სხვა. ამბობს, რომ ეს ყველაფერი "სალმობათა დასაბამია" (მათე 24:8).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოვლენები სულ უფრო და უფრო მტკივნეული, არასასიამოვნო, დისკომფორტული, ინტენსიური და შემაძრწუნებელი იქნება. ამ მოვლენათა სიხშირე კი მუდმივად მზარდი გახდება. საინტერესოა აღინიშნოს, რომ უმთავრესი ნიშანი არა თვით ომები და მიწისძვრებია, არამედ მათი მუდმივი ინტენსიური მატება (მაგალითად, დღეს კონფლიქტური მოვლენები უფრო მეტ დაძაბულობას იწვევენ მსოფლიოში, ვიდრე ადრე) და სიხშირე (თუ ადრე ამგვარი მოვლენები ხდებოდა 10 წელიწადში ერთხელ, ახლა ეს ხდება ყოველთვიურად, შემდეგ კი მოხდება ყოველკვირეულად და ბოლოს ყოველდღიურად).
 
და ეს ყოველივე, როგორც მაცხოვარი ბრძანებს, მშობიარობის ტკივილებია, "სალმობათა დასაბამია" (მათე 24:8). მაგრამ რისი მშობიარობისა? უპირველესად ერისა, რომელიც ერთადერთი იქნება ღმრთის მფარველობის ქვეშ და იცხოვრებს "ახალ მიწასა და ახალ ცაში". ეს ერი ღმრთის ერია, მისი ხალხია. მეორეც, ეს იქნება ახალი ცისა და ახალი მიწის დაბადება. ანუ ყოველივე ის, რაც ხდება - მშობიარობის ტკივილებია, რომლის შედეგად გაჩნდება ახალი ქმნილება ბუკვალური, ხელშესახები აზრით.
 
ჩვენ გვწამს, რომ უკვე ამ პერიოდის დასაწყისში ვცხოვრობთ, მაგრამ ჯერაც არ შევსულვართ მეორე ეტაპში.
 
მეორე ეტაპი კი ძალიან საინტერესოა.
 
არსებითად ის პირველ ეტაპშია ინტეგრირებული - მშობიარობის ტკივილები ძლიერდება და თანდათანობით მეორე ეტაპი იწყება, თუმცა, პირველი როდი მთავრდება, არამედ მეორეში გადაიზრდება. ამაზე მიგვანიშნებს მათეს სახარების 24-ე თავის მე-9 მუხლი.

მაშინ (ანუ, როდესაც დაიწყება მშობიარობის ტკივილები და გაგრძელდება) თქვენ (მის მოწაფეებს და არა საერთოდ ნებისმიერ ადამიანს) მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ.
 
სატანჯველად "მიცემას" აქვს ის აზრი, რომ ქრისტიანებს გასცემენ, შეიპყრობენ, საპყრობილეებში ჩაამწყვდევენ, აიძულებენ ქრისტეს უარყოფას, დააპატიმრებენ, აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეებს მათ წინააღმდეგ. ამ სიტყვას ("მიგცემენ") ყოველთვის აქვს იძულების, ძალდატანების ელფერი. ანუ, ქრისტიანები თვითონ კი არ მოახდენენ ულტრადევნულებას, არამედ გარეგანი ძალა. აქ საინტერესოა ის, რომ რადგან ქრისტიანებს "მისცემენ, გასცემენ, შეიპყრობენ", ამ მოქმედებათა კატალიზატორი სულაც არ იქნება ქრისტიანთა ქცევა. მნიშვნელობა არ ექნება მოწყალების რამდენი სახლი გახსნეს ქრისტიანებმა, რამდენს აქვს მადლობის სიგელი, ან რაოდენ დიდი ქველმოქმედება აღუსრულებიათ. ოდენ ქრისტეს მოწაფეებად ყოფნა გახდება მიზეზი უდიდესი ჭირვებისა, ქრისტიანთა შეპყრობისა და მოკვლისა.
 
საინტერესოა, რომ ჭირვება აქ შეიძლება აღნიშნავდეს 7 წლიან ჭირსაც, თუმცა, უფრო სფეციფიკური აზრით ის შეიძლება მიანიშნებდეს სატანის, ანტიქრისტეს და ბაბილონის მხრიდან უსასტიკეს დევნულებასაც. ანუ ეს იქნება ჭირვება, მაგრამ სხვა სიბრტყეში - დროის მიხედვით 7 წლიანი, მაგრამ მისი მიზანი სხვა იქნება. ურწმუნოთათვის 7 წლიანი ჭირვება - სასჯელი აღმოჩნდება; ქრისტიანთათვის კი 7 წლიანი ჭირვება - გამარჯვებულთა და "პირველი აღდგომის" მონაწილეთა გამოვლენის საშუალება იქნება. პირველი სიბრტყე ეს არის ღმრთისა და კრავის მრისხანება უკეთური კაცობრიობის მიმართ, ხოლო მეორე სიბრტყე - ანტიქრისტესა და ბაბილონის მრისხანება ქრისტიანთა მიმართ.
 
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბერძნული სიტყვა παραδδωμι ("პარადიდომი") ნიშნავს ვიღაცის ხელში გადაცემას, ძალადობით გადაცემას, გამცემლობას; როგორც არსებითი სახელი ნისნავს - გამყიდველს. ანუ ამ სიტყვით გამოიხატება ის, რომ ქრისტიანებს სატანჯველად გადასცემენ გამყიდველობის მეშვეობით.
 
ამრიგად, მეორე ეტაპში:
 
1. ისინი (უკეთურნი) განაცხადებენ, რომ ქრისტიანთა საკითხი "საბოლოოდ უნდა გადაწყდეს" და ეს გახდება "აუტანელი დროების" (სიტყვა "ჭირი" ბერძნ. Thlipsis, ზუსტად ამას ნიშნავს) დასაწყისი უფლის წმიდათათვის. ანუ მსოფლიო სრულიად ანტიქრისტიანული გახდება. ჩვენ ამ ეტაპში ჯერაც შესულნი არ ვართ, მაგრამ რეპეტიცია უკვე მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ როგორ ხვეწავს ზოგიერთი სახელმწიფო რეპრესიულ მეთოდებს ოპოზიციის წინააღმდეგ; ეს მეთოდი ბაბილონის ამოუწურავი რესურსია და მას ქრისტიანთა წინააღმდეგაც გამოიყენებენ. დღეს სხვაგვარად მოაზროვნეები და პროტესტის გამომთქმელი ოპოზიციონერები იდევნებიან, ხვალ კი გარიყულებად, ექსტრემისტებად და ტერორისტებად ქრისტეს მოწაფეებს გამოაცხადებენ.
 
2. ქრისტეს მოწაფეებს მოკლავენ. უბრალოდ მოკლავენ, ფიქიკურად, ბუკვალური გაგებით. არა აქვს მნიშვნელობა დახვრეტენ მათ, ჩამოხრჩობენ, ცოცხლად დაწვავენ თუ სხვა - მთავარია ის, რომ წმიდა წერილის თქმით მათ "მოკლავენ".
 
3. ყველა ხალხი მოიძულებს ქრისტიანთ იმისთვის, რომ ისინი ქრისტიანები არიან.
 
ამრიგად, მათეს სახარების 24:9 მუხლის მიხედვით, მომდევნო ეტაპი ეს გახლავთ:
 
1. ქრისტიანთა უპრეცედენტო დევნა მსოფლიო მასშტაბით (მას გაააქტიურებს ბაბილონი), მისი წმინდანები შევლენ თლიფსისის, ანუ "აუტანელი დროების" პერიოდში, რომელიც გამოიხატება ურჩხულის გააფთრებაში ქრისტეს შვილთა წინააღმდეგ.
 
2. ქრისტიანებს დახოცავენ.
 
3. თანდათანობით ქრისტიანები მსოფლიო ხალხებში მძვინვარე სიძულვილის ობიექტები გახდებიან.
 
და ეს ყველაფერი მხოლოდ იესუს სახელის გამო.
 
მაგრამ, როგორც კი ეს პროცესები დაიწყება, გამყიდველებსა და მდევნელებშიც დაიწყება თავისი პროცესი: "მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს" (მათე 24:10).
 
სიტყვას "შეცდება" σκανδαλισθήσονται (skandalisthēsontai) ანალოგი არა აქვს ქართულ ენაში და ნიშნავს ვითარებას, როდესაც ადამიანს ეგონა, რომ იქნება ასე, ელოდება ასე, მაგრამ სულ სხვანაირად მოხდება, და ის გაბოროტებულია, ნაწყენია და იმედგაცრუებულია. ეს არის იმედების მსხვრევა, რომელიც გამოიწვევს მრისხანებას და გაღიზიანებას.
 
საინტერესოა აღინიშნოს, რომ ისინი თავიდან შეიძულებენ ქრისტიანებს, გასცემენ, მოკლავენ და ბოლოს მათ შეიპყრობს უკონტროლო მრისხანება და, როგორც ნათქვამია "უკეთურს თავისი ბოროტება მოკლავსო", ისინიც ერთმანეთს შეიძულებენ და ერთმანეთის გაცემასაც დაიწყებენ.
 
"მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს" (მათე 24:11). გაჩნდება უამრავი ცრუწინასწარმეტყველი, ოღონდ უკვე სხვებისა - ისინი აღარ იტყვიან ქრისტიანები ვართო, რადგან ქრისტიანობა კანონგარეშედ, პირველ ნომერ მტრად გამოცხადდება, და მრავალს აცთუნებენ.
 
"და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული" (ანომია - ნიშნავს "უსჯულოებას", "სჯულის არარსებობას", მოცემულ შემთხვევაში არა მარტო ჩვეულებრივი სჯულისა, არამედ ღმრთის სჯულისაც), მრავალში განელდება სიყვარული; ბუკვალურად: გაქვავდება, გაიყინება.
 
მსოფლიოში სულ უფრო და უფრო გაიქელება საზოგადოების ნორმალური კანონები, მცნებებს სპეციალურად და სიამოვნებით დაარღვევენ (ეს პროცესი უკვე სრული სვლით მიდის). ირგვლივ უსჯულოებისა და უკეთურების გამეფების გამო, მრავალ ადამიანში განელდება სიყვარული პრინციპით "ჩემთვის სულერთია". როდესაც ქრისტიანთა ხოცვა-ჟლეტას დაიწყებენ, მრავალს ჯვარს აცვამენ და საკონცენტრაციო ბანაკებში ამოალპობენ, არავინ გამოესარჩლება მათ - ყველასთვის ყველაფერი სულერთი იქნება, მეტიც, მოიწონებენ კიდეც ქრისტიანთა დასჯას.
 
აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ განელდება ღმრთისადმი სიყვარული, არამედ განელდება საერთოდ სიყვარული - ადამიანები საკუთარი ახლობლების სიყვარულის უნარსაც კი დაკარგავენ.
 
ასეთ ვითარებაში როგორი იქნება დირექტივა ქრისტიანთა მიმართ? - უნდა გავძლოთ. "ვინც ბოლომდე დაითმენს ის ცხონდებაო", - ნათქვამია სახარებაში. ქრისტიანები ბოლომდე ერთგულნი უნდა დარჩნენ თავიანთი უფლისა. აუტანელი იქნება დევნულება? - დიახ. ეს ძალიან მტკივნეულია და შემაძრწუნებელი. მაგრამ, უნდა გავუძლოთ და არ დავიწყოთ ღმრთის გმობა, არ განვუდგეთ მას. ღმერთი მოგვცემს გაძლების მადლს - მთავარია მასში დარჩენა.
 
ასეთი იქნება მეორე ეტაპი, რომელიც გველოდება.
 
მისთვის დამახასიათებელია ტერმინი "მრავალნი".
 
მრავალნი წარწმყდებიან.
 
მრავალნი შეპყრობილ იქნებიან.
 
მრავალი ცრუსინასწარმეტყველი მოვა ანტიქრისტეს სადიდებლად.
 
მრავალთა სისხლი დაიღვრება.
 
მრავალში განელდება სიყვარული.
 
მრავალნი გასცემენ საკუთარ ახლობლებსაც.
 
მრავალნი აუმხედრდებიან საკუთარ უფალს, ქვეყნიერების შემოქმედს და მაცხოვარს.
 
მაგრამ: ამის პარალელურად ღმრთის ბრძენნი, ვინც კარგად იცის საკუთარი უფალი, გაიმარჯვებენ. იესუს სისხლით, მისი სიტყვის მოწმობით და თავს დადებენ ჭეშმარიტებისთვის. ისინი ჯალათთა მიერ მოიკვლებიან და ამით სასუფევლის სახარება მთელ ქვეყნიერებას ექადაგება.
დიდი ჭირვების პერიოდი
10. მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს.

11. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს


არქიეპ. ამბერკი ტაუშევი (1906-1976): ""მრავალი შეცდება მაშინ", ანუ განუდგებიან ქრისტეს რწმენას და გასცემენ თავიანთ ძმებს, რათა იხსნან საკუთარი თავი".
 
ბ. ი. გლადკოვი (1847–1921). იმ დროს, როდესაც თქვენ და ჩემს მიმდევრებსაც, ვისაც მიიზიდავთ ქადაგებით, საშინელ დევნას დაუწყებენ, მრავალი განდგება ჩემგან სიკვდილის შიშით; სხვები ჩემს გამო შეიძულებენ და დააბეზღებენ ერთურთს. ერთსა და იმავე ოჯახში იქნებიან, როგორც ჩემი მიმდევრები, ასევე წარმართები, ძმა ძმას უჩივლებს, მამა შვილებს, და შვილები მშობლებს დაასმენენ ხელისუფლებასთან და თავიანთი დასმენებით მიიყვანენ მათ სასჯელამდე; გაჩნდებიან ცრუწინასწარმეტყველები, რომლებიც აცთუნებენ მრავალთ; მტრობა, სიძულვილი და უსჯულოება იმდენად გამრავლდება კაცთა შორის, რომ მათ გულებში სიყვარულისთვის ადგილი აღარ დარჩება.
 
როდესაც ქრისტიანული რელიგია მავნედ გამოცხადდა, ხოლო ქრისტიანებს მასობრივად ხოცავდნენ, რელიგიური მიმართებით ასეთ შერეულ ოჯახებში იწყებოდა საშინელი მტრობა. მთავრობა ითხოვდა, რათა ცნობილი ყოფილიყო ქრისტიანთა ვინაობა და ხელისუფლებისთვის დასასჯელად გადაეცათ ქრისტეს ყველა მიმდევარი. აი იმ დროს ძმა აბეზღებდა ძმას, მამა შვილებს, შვილები კი აბეღზებდნენ მშობლებს; ბატონობდა სიძულვლილი და გამყიდველობა, სიყვარული კი მიივიწყეს და განდევნეს. თვით სიტყვა ქრისტიანიც საძულველი გახდა წარმართთათვის. ასე აღსრულდა (და ანტიქრისტეს დროს უფრო მეტი ხარისხით აღსრულდება - "აპოკ." რედ.) იესუ ქრისტეს წინასწარმეტყველება, რომელმაც ბრძანა: " მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს" (მათე 24:10) (Гладков Б.И. Толкование Евангелия. Глава 37. - Воспроизведение с издания 1907 года. М.: Столица, 1991. (с дополнениями из издания 1913 г.) - С. 551, 554-5)
 
ექვთიმე ზიგაბენი (დაახლ. 1050-1122): ერთმანეთს შეიძულებენ რწმენაში განსხვავების გამო, ან ურწმუნოები - მორწმუნეებს. "გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს". მარკოზმა უფრო მკაფიოდ თქვა: "და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ" (მარკოზი 13:12). შესაძლოა ეს უკვე მოხდა, თუმცა საქმეთა წიგნი ამის შესახებ დეტალურად არ საუბრობს. ლუკაც ბრძანებს: "გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ" (ლუკა 21:16). ქრისტემ მოწაფეებს უწინასწარმეტყველა ის, რაც ყველაზე მეტად საშინელია, კერძოდ - მათ შეიძულებენ უახლოესი ნათესავები. თუკი ადრიდანვე ეცოდინებოდათ ეს უფრო ადვილად გადაიტანდნენ მოსალოდნელ უბედურებებს".
 
არქიმანდრიტი იუსტინე (პოპოვიჩი) (1894-1978). "მრავალი შეცდება (ძვ. ქართ.: "დაბრკოლდებიან") მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს". რის გამო დაბრკოლდებიან? - იმის გამო, რომ ეშმაკისა და ბოროტების მსახურნი მოკლავენ ქრისტიანებს, ქრისტეშემოსილებს, ხოლო ყოვლისშემძლე და საკვირველთმოქმედი ღმერთკაცი იესუ ქრისტე მათ არ იცავს. ისინი ამაში დაინახავენ ქრისტეს უძლურებას, ან გულგრილობას, ან არარსებობას. "თუკი არსებობს, რატომ არ იცავს თავისიანებს? - იტყვიან დაბრკოლებულნი. მაგრამ მათ არ იციან, რომ ეს ყველაფერი დაშვებულია, რათა გამოჩნდეს, თუ რაოდენ უსაზღვროა ადამიანის თავისუფლება, და მასში - რაოდენ უსაზღვროა და ღმრთისსაწინააღმდეგოა ადამიანური ბოროტება. რადგან როგორ შეიგნებდნენ, თუ როგორ უკიდურესობამდე დავიდა ადამიანური დაცემა, თუ არა იმით, რომ ბრმად და უგუნურად აღუდგებიან ქრისტეს და ჩაქოლავენ ღვთაებრივ სიკეთეს მსოფლიოში: ქრისტეს და ქრისტეშემოსილებს. ადამიანური თავისუფლება ნელ-ნელა იშლება ჭკუიდან ცოდვისა და ბოროტების გამო, სანამ საერთოდ არ გაგიჟდება, როდესაც საბოლოოდ და სრულიად მიეცემა ბოროტებასა და ცოდვას. აი მაშინ, "მრავალი დაბრკოლდება, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს".
 
ეპისკოპოსი მეთოდე (კულმანი) (1902-1974). "მრავალი დაბრკოლდება მაშინ" და განუდგებიან რწმენას; დევნულებაზე უსაშინელესი იქნება ის, რომ ამ დროს გაცივდება სიყვარული თვით ყველაზე ახლობელ ადამიანებს შორის, დაიწყება უთანხმოებანი და მტრობანი, გამოჩდნებიან გამცემნი და მოღალატენი თვით მორწმუნეთა შორის: "გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს". სარწმუნოებისგან განმდგარნი შეიძულებენ რწმენაში მყარად მდგომთ, რადგან ეს სიმყარე იქნება განდგომილთა სულმოკლეობისა და გამცემლობის მამხილებელი".
 
ეპისკოპოსი მიხაილი (ლუზინი) (1830-1887): "გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს". რწმენისგან განდგომილნი გასცემენ რწმენაში ერთგულთ, რათა თავიანთ მადევრებს დაუმტკიცონ განდგომილების გულწრფელობა. ამის გამო ისინი გასცემენ თავიანთ ყოფილ ძმებს, მათ საცხოვრისებს და თავშესაფრებს, რათა მადევრებმა ან ისინიც დააბრკოლონ ან აწამონ და მოკლან. – "შეიძულებენ ერთურთს". რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ქრისტიანები კი არ შეიძულებენ ერთურთს, არამედ მოჩვენებითი, ცრუ ქრისტიანები, განდგომილნი..."
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XI-XII სს.): უფალი მომავალ უბედურებებს წინდაწინ იმიტომ ამცნობს მოწაფეებს, რომ მათი გაძლიერება სურს. ჩვეულებისამებრ მოულოდნელობა ყველაზე მეტად გვაშინებს და გვაშფოთებს. ამიტომ ქრისტე ადრიდანვე ამსუბუქებს ამ შიშს მომავალი უბედურებების წინასწარუწყებით. ამიტომაც გვაფრთხილებს მაცხოვარი, იქნებაო შური, მტრობა, საცთურები, ცრუწინასწარმეტყველნი, ანტიქრისტეს წინამორბედები, რომლებიც ერს ცთომილებაში და უსჯულოების ყოველგვარ სახეობაში დაამკვიდრებენ".
 
დეკ. იოანე ბუხარევი (1836-1912): "მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და თავისი ცრუსწავლებებით აცდუნებს მრავალს. ცრუწინასწარმეტველყნი, ანუ არა ცრუმესიები, რომელთა შესახებაც ადრე იყო ნათქვამი, არამედ ისეთი ადამიანები, რომლებიც თავს ღმრთის წარგზავნილებად წარმოაჩენენ. ასეთები იყვნენ ქრისტიანთა შორისაც, როგორც ეს ჩანს მოციქულთა საქმეებიდან და მოციქულთა ეპიტოლეებიდან. მაგალითად, მოციქულთა საქმეებში ნათქვამია: "და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ" (საქმე 20:30); ხოლო იოანე მახარობელი თავის ეპისტოლეში ბრძანებს: "საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად" (1 იოანე 4:1) (Иоанн Бухарев свящ. Толкование на Евангелие от Матфея. М., 1899. Зач. 98. С. 233).
 
არქიმანდრიტი იუსტინე (პოპოვიჩი) (1894-1978). "ცრუწინასწარმეტყველნი? - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც განადიდებენ ბოროტებას და ბოროტების მამას - ეშმაკს; რადგან ჭეშმარიტი წინასწარმეტყველნი სიკეთეს და მის შემოქმედს - ჭეშმარიტ ღმერთს განადიდებენ. ცრუწინასწარმეტყველნი უწმინდურ სულთა, დემონთა შთაგონებით ილაპარაკებენ; მსგავსად იმისა, როგორც ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები ქადაგებენ ღმრთის შთაგონებით. ბოროტებასაც და სიკეთესაც თავისი სიდიდე და ძალა გააჩნიათ. ბოროტების ძალით გამოირცევიან ცრუწინასწარმეტყველნი, რადგან ისინი ამით აცთუნებენ მრავალთ. რაც შეეხება ჭეშმარიტ წინასწარმეტყველთ ისინი მთელ თავიანთ მოღვაწეობას აფუძნებენ ჭეშმარიტებას და ქადაგებენ გამომდინარე პრინციპიდან: "ასე ბრძანებს უფალი", "ასე იქმს უფალი". ცრუწინასწარმეტყველებზე შეიძლება ითქვას: მთელ თავიანთ სწავლებას და საქმიანობას ისინი აქცევენ პრინციპში: "ასე ამბობს ეშმაკი", "ასე აკეთებს ეშმაკი". უფლის წინასწარმეტყველებთან ყველაფერი დაკავშირებულია უფალთან, ქრისტესთან, ხოლო ეშმაკის წინასწარმეტყველებთან - ეშმაკთან და ანტიქრისტესთან.
 
"აცდუნებს მრავალს", რადგან მრავალნი იფიქრებენ, რომ ბოროტება სიკეთეზე ძლიერია, უსამართლობა - სამართლიანობაზე, სიცრუე - ჭეშმარიტებაზე, სიძულვილი - სიყვარულზე, ეშმაკი კი თითქოსდა ღმერთზე ძლიერია. მაგრამ სწორედ ამაშია იმ დიდი თავისუფლების უსაშინელესი სიცრუე და საცთური, რომელიც ადამიანს ღმერთთან და ეშმაკთან მიმართებაში გააჩნია. ამიტომაც, ეშმაკის მოიმედე ადამიანის დაცემა და ჯოჯოხეთში ტანჯვა სამარადისო იქნება, რადგან ადამიანის ქვესკნელიდან აღმოყვანა და ღმრთის ნათელთან ზიარება ხდება წმიდა საიდუმლოებებისა და სათნოებების მეშვეობით.

ეპისკოპოსი მეთოდე (კულმანი) (1902-1974): აღდგება მრავალი ცრუწინასწარმეტყველი, როგორც თვით მორწმუნეთა, ასევე იუდეველთა შორის და თავიანთი ცრუსწავლებებითა და მწვალებლობებით მრავალთ აცთუნებენ. შემცირდება ურთიერთნდობა, მეგობრობა და სიყვარული. უსჯულოების გამრავლებისა და ზნეობრივი გახრწნის გამო მრავალში შენელდება რწმენა. რაც მეტი იქნება ცოდვა, მით ნაკლები იქნება სიყვარული, ისე რომ, თვით სარწმუნოებაც კი დაიჩრდილება. დადგება უმძიმესი ჟამი, მაგრამ, - ბრძანებს უფალი, - ჩემო რჩეულებო, მოთმინებით უნდა აცხოვნოთ თქვენი სულები. "ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება" (მარკ. 13:13). ვინც რწმენას დაიცავს, მიუხედავად ყველა საცთურისა, ცხონდება. უფლის ყველა ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა მოციქულებზე და პირველქრისტიანებზე; მაგრამ ეს ყოველივე კვლავ უმეტესი ძალით განმეორდება სამყაროს აღსასრულის წინ, როდესაც დიდებით მოვა ჩვენი უფალი იესუ ქრისტე.
12. და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული.


ექვთიმე ზიგაბენი (დაახლ. 1050-1122): "ყველაზე უმძიმესი უბედურება იქნება ის, რომ დევნილ ქრისტიანებს არ ექნებათ ნუგეში სიყვარულში. სიყვარულს აქ ზოგი მწირთა და ყარიბთა შეწყნარებას გულისხმობს, ზოგი კი - თანაგრძნობას. იხილე, რამდენი უბედურებაა ნაწინასწარმეტყველევი, რითაც ამზადებდა მათ უფალი და განამტკიცებდა დიდსულოვნებაში, რათა უძლეველნი ყოფილიყვნენ" (მათეს სახარების განმარტება. მუხლები 24: 12-13).

ნეტ. იერონიმე სტრიდონელი (დაახლ. 347–419/20): "ის სიყვარულს ყველა ადამიანში კი არ უარყოფს, არამედ ამბობს, რომ "მრავალში" განელდებაო სიყვარული; რადგან, მრავალნი არიან ხმობილნი, მაგრამ მცირედნი რჩეულნი, რადგან მოციქულებსა და მათ მსგავს მოსაგრეებში სიყვარული დაცული იქნება, როგორც ნათქვამია: "ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარე ვერ წარხოცავს მას. კიდეც რომ გასცეს კაცმა სახლის მთელი დოვლათი სიყვარულის წილ, მაინც არ ასცდება სიძულვილი" (ქება 8:7). მოციქული ასევე ამბობს: "რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?" (რომ. 8:35) და სხვა" (მათეს სახარების განმარტება. მუხლები 24: 12-13).
 
დეკ. იოანე ბუხარევი (1836-1912): "უსჯულოების, ანუ ცრუსწავლებებით გამოწვეული ზნეობრივი გახრწნილების გამო მრავალში განელდება სიყვარული; რადგან ცნობილია, რომ უზნეო ცხოვრება ადამიანის გულში აცივებს და ანადგურებს ქრისტიანულ სიყვარულს" (Иоанн Бухарев свящ. Толкование на Евангелие от Матфея. М., 1899. Зач. 98. С. 234).
 
წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): "შემდეგ, რაც ყველაზე უარესია, მოწაფეები სიყვარულისგანაც კი ვერ მიიღებენ ნუგეშს" (75-ე ჰომილია მათეს სახარებაზე).
 
არქიმანდრიტი იუსტინე (პოპოვიჩი) (1894-1978): უსჯულოების გამრავლება - სამყაროში ეშმაკის მყოფობის ნიშანია. რადგან ეშმაკი არის პირველი უსჯულო და უსჯულოების გამომგონებელი. რა არის უსჯულოება? - უსჯულოება არის ცოდვა. "ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის, და ცოდვა არის ურჯულოება" (1 იოანე 3:4). სამყაროში ცოდვის შემოსვლამდე გაბატონებული იყო სჯული = სჯულიერება: ღმერთი და ის, რაც ღვთაებრივია, ანუ ის, რაც ნორმალურია, სჯულიერია, საღმრთოა, სათნოა. სინამდვილეში ღმერთი არის ერთადერთი სჯული, სრულიადსჯული. განკაცებულმა ღმერთმა ლოგოსმა, ღმერთკაცმა იესუ ქრისტემ თავისი უცოდველობით აჩვენა, რომ ის მართლაც სრულიადსჯულია, ანუ სჯული ეს არის სიცოცხლე ღმერთის, ღმერთით და ღმერთისთვის.
 
ცოდვას ღმრთის სამყაროში შემოაქვს უწესივრობა, სჯულში - უსჯულოება. სამყაროში ცოდვის მძლავრობა ამრავლებს უწესივრობას, ქაოსს, უსჯულოებას. რაც უფრო ახლოა სამყარო თავის აღსასრულთან, მით უფრო გამძვინვარებულია ბოროტება უფალ ქრისტეზე და ქრისტიანებზე, რის გამოც ეშმაკს მათ წინაარმდეგ სულ ახალი და ახალი ცოდვები გამოჰყავს, თანაც ადამიანთა მეშვეობით, და ასე იზრდება უწესივრობა, ქაოსი და უსჯულოება; ამის შემდეგ მცირე რამ თუ დარჩება ღმრთის სჯულისგან, საღმრთო წესრიგისგან.
 
როდესაც აკვირდები უსჯულოების ასეთ აბობოქრებას, ცოდვისა და ბოროტების ასეთ მომატებას, მრავალი ცთუნდება და იფიქრებს: თუკი სამყაროში ასე ბატონობს ბოროტება, ამდენია უწესივრობა და ქაოსი, ამდენია უსჯულოება, მაშინ - ღმერთი არ ყოფილა ამ სამყაროს მბრძანებელი; ის რომ ყოფილიყო, ან შეამცირებდა ან მოსპობდა საერთოდ ამ უმსგავსობას. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს უკიდურესად მცდარი მსჯელობაა.
 
უსჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული ღმრთისა და სიკეთისადმი (მ. 12). განელდება იმათი სიყვარული, ვისაც არ გააჩნია ღრმა რწმენა, რომელიც ჭვრეტს საღმრთო აღმშენებლობისა და განგებულების გონიერ სიღრმეებს, რომლებიც თავს დაჰფოფინებს კაცთა მოდგმას. "ღმერთო, ამრავლე ჩვენში რწმენა". რწმენით იზრდება სიყვარული; მცირედმორწმუნეობით ის მცირდება, სანამ ურწმუნოება სრულიად არ გაანადგურებს მას" (მათეს სახარების განმარტება. მუხლები 24: 12-13).
 
ეპისკოპოსი მეთოდე (კულმანი) (1902-1974): "როგორც უკვე ითქვა, აღდგება მრავალი ცრუწინასწარმეტყველი, როგორც თვით მორწმუნეთა, ასევე იუდეველთა შორის. და თავიანთი ცრუსწავლებებითა და მწვალებლობებით აცთუნებენ მრავალთ. დაკნინდება ურთიერთ ნდობა, მეგობრობა და სიყვარული შემცირდება. ზნეობის დაცემის გამო, გაძლიერდება უსჯულოება და გარყვნილება. რაც უფრო მეტი იქნება ცოდვა, მით ნაკლები იქნება სიყვარული, რადგან უსჯულოების გამო თვით რწმენაც კი დაიჩრდილება. ისეთი მძიმე ჟამი მოვა, რომ თქვენ, ჩემო რჩეულებო (ამბობს უფალი), სულები მოთმინებით უნდა დაიხსნათ, ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს ის ცხონდება. ვინც, ყველა ამ საცთურისდა მიუხედავად, შეინარჩუნებს რწმენას ცხონდება. უფლის ყველა ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა მოციქულებსა და პირველქრისტიანებზე, მაგრამ ის უმეტესი სიძლიერით კვლავ განმეორდება ბოლო ჟამს, ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ" (მათეს სახარების განმარტება. მუხლები 24: 12-13).

ეპისკოპოსი მიქაელი (ლუზინი) (1830-1887): "ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული" და ა. შ. უსჯულოების ეს მომრავლება თვით ქრისტიანთა შორისაც იქნება მიზეზი იმისა, რომ მრავალში განელდება ძმური, ქრისტიანული სიყვარული, რადგან უზნეობას ყოველთვის მოსდევს ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულის დაუძლურება" (მათეს სახარების განმარტება. მუხლები 24: 12-13).

მღვდელმოწამე (არქიეპ.) ონუფრი (გაგალიუკი) (1889 - 1938): "შემჩნეულია, რომ დიდი უგულობით გამოირჩევიან გარყვნილები, შურიანები და ვაჭრები. მათ არ გააჩნიათ მოწყალება და თანაგრძნობა კაცთა მიმართ. რა არის ამისი მიზეზი? - ცოდვები! ისინი აპარტახებენ ჩვენს სულს, ართმევენ მას საუკეთესო მოსართავს - სიყვარულს! მაგრამ ყოველგვარ დანაშაულობათა და მასთან დაკავშირებულ სისასტიკეთა, უგულოებათა და ბოროტებათა მიზეზი გახლავთ ურწმუნოება, ღმრთის ყოველგვარი სჯულის უარყოფა და გაქელვა, უსჯულოება. არასოდეს არ იქნება სიყვარული და თანაგრძნობა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც უარიყოფა ღმრთის სჯული. ქრისტემ სიყვარული ადამიანთა შორის ურთიერთობისა და ადამიანური ცხოვრების ნორმად დააწესა. "ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის" (იოანე 13:34-35). ღმერთკაცი ქრისტე ადამიანებს სრული და თავგანწირული სიყვარულისკენ მოუწოდებს - "როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი", და სიყვარულის ამ მცნების აღსრულების ძალას საეკლესიო საიდუმლოთა მეშვეობით გვაძლევს.
 
რაც უფრო ახლოს არის ადამიანი ღმერთთან და ეკლესიასთან, მით უფრო ბეჯითად ლოცულობს ის და განიწმინდება საეკლესიო საიდუმლოებებით: სინანულით, ქრისტეს უპატიოსნეს საიდუმლოებებტან ზიარებით, მით უფრო მეტად უყვარს მას თავისი მოყვასი და ამას გარეგნულადაც გამოხატავს: მატერიალური დახმარებით, სულიერი ნუგეშიცემით, ლოცვით მასზე.
 
ვინც ადამიანებში დევნის ღმრთისადმი რწმენას და მართლმადიდებლური ეკლესიისადმი ერთგულებას, სადაც მხოლოდ მადლმოსილი საიდუმლოებები სუფევს, ის საყოველთაო გაბოროტების, მტრობის, ურთიერთსიძულვილის მარცვლებს თესავს. ხოლო ვისაც სწამს ღმერთის, ემორჩილება ეკლესიას და აქეთკენ უხმობს სხვა დანარჩენთაც, ის ადამიანებს შორის ნერგავს სიყვარულს, მშვიდობას, სიყვარულს და სულიერ მყუდროებას - ადამიანური ცხოვრების წარმატების ამ უძირითადეს პირობას" (მათეს სახარების განმარტება. მუხლები 24: 12-13).
 
პროფ. ა. ი. ოსიპოვი: "ეს გახლავთ სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი კანონი. ის ლაპარაკობს არა ჩვეულებრივი სიყვარულ-შეყვარებულობის გაცივებაზე, რომელიც სპონტანურად ჩნდება და იკარგება, არამედ იმაზე, რომელიც იღვიძებს და იზრდება ადამიანში მხოლოდ სულიერად სწორი ცხოვრების პირობებში, როდესაც გული თავისუფლდება ეგოიზმისგან, თავმომწონეობისგან და სხვა ვნებათაგან. რადგან "შეუძლებელიაო, - წერდა წმ. ისააკ ასურელი, - საკუთარი სულში აღანთო ღვთაებრივი სიყვარული... თუ მას ვნებებები არ დაუმარცხებია" (Слова подвижнические. Слово 55). ამ სიყვარულს მოციქული პავლე უწოდებს "საკვირველ სრულქმნილებას" (კოლას. 3:14). რა თქმა უნდა, ის, როგორც ნებისმიერი თვისება, მრავალგვაროვანია და მრავალხარისხოვანი, გამომდინარე ადამიანის ცხოვრების სულიერი და ზნეობრივი დონიდან.
 
ხოლო უზნეობა და სხვა ვნებები, რომლებიც თავისუფლად ვითარდებიან ადამიანში, ანადგურებენ მასში სიყვარულს, მის გარეშე კი ყოველთვის მახინჯდება, ირყვნება და ქრება დანარჩენი კეთილი თვისება. ისტორია ადასტურებს, თუ როგორ გამოუწვევია ერთა გარყვნილებას უმდიდრესი და უმძლავრესი ცივილიზაციების განადგურება, თანაც ისე, რომ სრულიად აღგვილან პირისაგან მიწისა. უეჭველად, ასეთივე ხვედრი ელის თანამედროვე უსჯულო კულტურას, რომელიც კერპთაყვანისმცემლობას - მამონასა და ვნებათა თავისუფლებისადმი თაყვანისცემას ეფუძნება" (А.И. Осипов. Жизнь с Евангелием. Комментарии к Евангелию от Матфея. М.: 2019. - С. 224).

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XI-XII სს.): "ანტიქრისტეს დროს, უსჯულოების გამრავლების გამო ადამიანები ისე გამხეცდებიან, რომ სიყვარული შემცირდება თვით ყველაზე ახლობელ ადამიანთა შორისაც კი; ადამიანები გასცემენ ერთურთს და გაირყვნებიან" (მათეს სახარების განმარტება. მუხლები 24: 12-13).


13. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.


არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) (1906 - 1976). "ვინც ყველა უბედურებას დაითმენს ისე, რომ არ უღალატებს ქრისტეს და არ დაემორჩილება ცრუმოძღვართ, მარადიულ ცხონებას იმსახურებს".

ანონიმური კომენტარი (IV ს.): "ვისთვის ითქვა: "ვინც ბოლომდე დაითმენსო?" ნუთუ ქრისტიანების მდევნელთა და მაცთურ წინასწარმეტყველთათვის? არა! რადგან, როგორც წამალს უწერენ ავადმყოფს, და არა ჯანმრთელს, ასევე ნუგეში ეძლევათ არა საშიშროების მომტანთ, არამედ საშიშროებაში მყოფთ. "და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მათე 24:14). მარკოზი კი ნათლად ამატებს: "და პირველად ყველა ხალხს უნდა ექადაგოს სახარება" (მარკოზი 13:10). როდესაც ბუკვალური აზრით ომები წარმოებდა იერუსალიმის წინააღმდეგ, სახარების ქადაგება მხოლოდ იწყებოდა, და ის ჯერაც არ ყოფილა გავრცელებული მთელს ქვეყანაზე. მაგრამ მწვალებლობებამდე აღსრულდა სახარება. რამეთუ ცოდნამ ქრისტეს შესახებ ყოველ ადამიანამდე მიაღწია: ან ცალკეული მქადაგებლის მეშვეობით, ან ხალხის მეშვეობით, რომელსაც ქრისტეს ნათელი მიჰქონდა სხვა ხალხთან - და ასე იყო მუდმივად ვიდრე ქრისტიან მეფეებამდე.

შენ გინდა დარწმუნდე, რომ იმ დროისთვის ყველამ იცოდა ქრისტეს შესახებ? გაიხსენე, რომ მწვალებელთა ომები საუკეთესო სწავლების არჩევის გამო იწყებოდა. სანამ მოწოდება არსებობს, შეუძლებელია იარსებოს არჩევანმა; და სანამ არსებობს არჩევანი, ძნელია მოწოდება; მოწოდებისთვის არჩევანი - დაბრკოლებაა, ისევე როგორც არჩევანი მოწოდებისთვის" (წყარო: PG 56:906).

ნეტ. იერონიმე სტრიდონელი (დაახლ. 347–419/20): "ის არ უარყოფს სიყვარულს ყველაში, არამე მხოლოდ მრავალში; რადგან მრავალნი არიან წოდებულნი, ხოლო რჩეულნი მცირედნი, რადგან მოციქულებში და მათ მსგავს მოღვაწეებში შენარჩუნდება სიყვარული, რადგან, როგორც წერილ არს: "ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი" (ქებათა ქება 8:7). ასევე (et ipse) მოციქული ამბობს: "ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?" (რომ. 8:35).

წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): "მერე აჩვენებს, რომ ეს სრულებით ვერ ავნებს მამაცს და მომთმენს, ქრისტე ამბობს: ნუ გეშინიათ და ნუ შეცბუნდებით, თუ თქვენ ჯეროვან მოთმინებას გამოიჩენთ, მაშინ გაჭირვება ვერ დაგძლევთ. ... აქ ყველანი განსაკუთრებით უნდა განცვირფდნენ ქრისტეს ძალითა და მოციქულების სიმამაცით, იმიტომ, რომ ისინი ქადაგებდნენ ისეთ დროს, როდესაც განსაკუთრებით იყვნენ დაჩაგრულები იუდეველები იმით, რომ მათ განსაკუთრებულ მეამბოხეებად მიიჩნევდნენ, და როცა კეისარმა ყველა მათგანის განდევნა ბრძანა.

ეს იმას ჰგავს, რომ ზღვის ყოველმხრივი მღელვარებისას, როცა ყოველი წყვდიადს მოუცავს, გემების დაღუპვა ერთმანეთს მისდევს, გემზე მყოფნი მღელვარებენ, ურჩხულები ამოცურებულან წყლის ზედაპირზე და ტალღებთან ერთად ნთქავენ მოცურავეებს; როცა ელავს, ავაზაკები ესხმიან თავს და გემზე მყოფნი ერთმანეთის მიმართ ბოროტ ზრახვებს შეუპყრია, - ვინმემ ზღვაოსნობაში გამოუცდელ თანაც ზღვის უნახავ ხალხს უბრძანოს, - მიუსხდნენ საჭეს, მართონ გემი, საზღვაო ბრძოლებში ჩაებან და ერთი გემით, ასეთი, - როგორც ვთქვი, - საყოველთაო არეულობის დროს, აიყვანოს ტყვეები და გაანადგუროს ურიცხვი ფლოტი, რომლებიც მათზე უდიდესი ძალით მოდიან.

და მართლაც, მოციქულები სძულდათ წარმართებს, - როგორც სჯულის მოწინააღმდეგეებს, და თავშესაფარი არსად გააჩნდათ. ამგვარად მათთვის ყველგან იყო ფლატე, კლდე და წყალქვეშა ქვები; ქალაქებშიც, სოფლებშიც, სახლებშიც, ყველა მათ წინააღმდეგ იწევდა: ბელადიც, უფროსიც, მდაბიოც, ყველა წარმართი, ყველა ერთი, და იყო ისეთი ძრწოლა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოხატავ.

იუდეველი ხალხი რომის მთავრობისას იყო ძალიან საძულველი, იმიტომ, რომ ურიცხვ შეჭირვებას აყენებდა მას. მაგრმა ამას ხელი სრულიადაც არ შეუშლია ქადაგებისთვის: ქალაქი აღებულ იქნა, გადაიწვა და მაცხოვრებლები მოიცვა ათასმა ჭირმა; ხოლო მოციქულებს, რომლებიც გაივლიდნენ ამ ქალაქებს, ახალი სჯული შეჰქონდათ და იპყრობდნენ რომაელებს.

ჰოი, ახალი და საოცარი საქმეები! რომეალებმა ტყვედ აიყვანეს მაშინ ათასობით იუდეველი, მაგრამ თორმეტ კაცს ვერ სძლიეს, რომლებიც მათთან სრულიად უიარაღოდ იბრძოდნენ. რომელ სიტყვას ძალუძს გამოხატოს ასეთი საოცრება?

ორი პირობა უნდა ჰქონდეს მასწავლებელს: ნდობით სარგებლობდეს და უყვარდეთ მოწაფეებს; გარდა ამისა, თვით სწავლება უნდა იყოს ადვილად მისაღები და ჟამი თავისუფალი შფოთისა და აფორიაქებისგან. მაშინ კი ყველაფერი პირიქით იყო. მოიცქულები არ იმსახურებდნენ ნდობას, თუმცა მაცდურებს ისეთი ხალხისგან მიაქცევდნენ, რომლებიც ნდობის ღირსად ირიცხებოდნენ; ისინი არ უყვარდათ, სზულდათ კიდეც; ამასობაში კი საყვარელ რამეზე, ჩვეულებაზე, სამშობლოზე, სჯულზე ხელს იღებდნენ. მათი მოთხოვნილება ადვილი შესასრულებელი როდი იყო; ხოლო ის, რაზეც ისინი უარს ამბობდნენ, იყო ერთობ სასიამოვნო, როგორც თვითონ ისინი, მათი მიმდევრებიც უამრავ საშიშროებას აწყდებოდნენ, უამრავ სიკვდილიანობას; და ყველაფერ ამას დამატებული, თვითონ დროება იყო ფრიად მძიმე, აღსავსე ომებით, შფოთებით, აჯანყებებით. ასე რომ ყველაფერი ნათქვამი რომც არ ყოფილიყო, ამ ყველაფერსაც შეეძლო ძრწოლაში მოეყვანა ისინი.

აქ კარგი იქნება ვთქვათ: "ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას მისი ქება-დიდება?" (ფსალმ. 105:2). თუკი ერთი ტომის ხალხმა, მიუხედავად ამდენი ნიშებისა, არ მოუსმინა მოსეს მხოლოდ იმიტომ, რომ თიხისა და აგურის კეთებით იყვნენ დადარდიანებულნი; მაშინ მათ, ვისაც ყოველდღიურად სდევნიდნენ და კლავდნენ, და ვინც აუტანელი გასაჭირი განიცადეს, ვინ დაარწმუნა, დაეტოვებინათ წყნარი ცხოვრება და უპირატესობა მიენიჭებინათ ცხოვრებისათვის, რომელიც აღსავსე იქნებოდა საშიშროებებით, სისხლით და სიკვდილით?! მაშინ, როდესაც ისინი, ვისაც უქადაგებდნენ სხვა ტომის ხალხი იყო და ყველაფერში მათ მიმართ ერთობ მტრულად იყვნენ განწყობილნი? ტომებზე და ქალაქებზეც რომც არ ვილაპარაკოთ, ვინმემ სულ მცირე სახლშიც რომ შეიყვანოს ისეთი ადამიანი, რომელიც ყველა იქ მცხოვრებს სძულს, და მისი საშუალებით შეეცადოს, უარი ათქმევინოს საყვარელ საგნებზე, მამაზე, დედაზე, ცოლზე და შვილებზე, მაშინ განა ხმის ამოღებამდე არ გაგლეჯენ მას? ხოლო თუ სახლში კიდევ კამათი და ჩხუბია ცოლ-ქმარს შორის, მაშინ განა ქვებსაც არ დაუშენენ ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე ზღურბლს გადააბიჯებდეს? თუკი ის თან საძულველიცაა და თანაც რაღაც რთული რამის დაწესებას ითხოვს, მოითხოვს ზომიერ ცხოვრებას იმ ხალხისგან, სიამოვნებას რომაა მიცემული, და ამასთან თუ ის იმოქმედებს იმ ხალხის წინააღმდეგ, მასზე შეუდარებლად მეტი და ძლიერი რომაა, მაშინ განა აშკარა არ არის მისი სრული დაღუპვა?

მაგრამ ყველაფერთან ერთად, რაც არ შეიძლება ყოფილიყო ერთ სახლში, ის ქრისტემ შეასრულა მთელს სამყაროში, გაიყვანა ექიმები ციცაბოებზე, პაპანაქებაში, ფრიალოებზე, კლდეებზე, მიწაზე და ზღვაზე, რომელიც ომში იყო გახვეული. თუ გსურს ცხადად გაიგო ეს ყველაფერი, ესე იგი, სიმშილი, წყლულები, მიწისძვრები და სხვა სავალალო შემთხვევები, წაიკითხე ამის შესახებ იოსების ისტორია და ყველაფერს დაწვრილებით შეიტყობ.

ამიტომ თვით ქრისტემ თქვა: "ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე" (მათე 24:6, 13). რამდენადაც მოწაფეები მიის სიტყვებით შეშინებულნი, უღონობამ და სევდამ მოიცვა, მაშინ იგი აძლიერებს მათ სიტყვებით, ეუბნება, - მართლაც ურიცხვი წინააღმდეგობები გექნებათ, თუმცა სახარება მთელ მსოფლიოში უნდა იქადაგოსო და "მაშინ მოიწევა აღსასრული" (75-ე ჰომილია მათეს სახარებაზე. § 3. წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. VI ტომი. წმიდა მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი მეორე. თბილისი 2016. გვ.378-380).

ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული (1815–1894). "ყოველი კი არ ცხონდება, ვინც დაითმენს, არამედ მხოლოდ ის, ვინც უფლის გზებზე ითმენს. იმისთვის არის ეს ცხოვრება, რომ ითმინო, და ყოველმა, ვინც კი რამეს ითმენს, ბოლომდე დაითმინოს. მაგრამ მოთმინებას არანაირი სარგებლობა არ მოაქვს, თუკი ის უფლისთვის და მისი სახარებისთვის არ არის. შედექი რწმენისა და სახარებისეული მცნებების გზაზე; მოთმინების მიზეზი გამრავლდება, მაგრამ ამ წუთიდან მოთმინება ნაყოფით დახუნძლულ გვირგვინებს მოგიტანს, და ის მოთმინებაც, რომელიც აქამდე არაფრისმომცემი იყო, ნაყოფიერი გახდება. შეხედეთ როგორ ცდილობს მტერი ჩვენს დაბნელებას, ის მხოლოდ იმ მოთმინებას წარმოგვიდგენს შეუძლებლად და აუტანლად, რომელსაც სიკეთის გზაზე ვხვდებით, ხოლო იმას, რასაც თვითონვე აჰკიდებს ვნებებით შეპყრობილ ადამიანს, იოლ და უადვილეს ტვირთად წარმოუჩენს, თუმცა, ის უფრო მძიმე და უსიხარულოა იმაზე, რომელსაც ვნებებთან და სუპოსტატებთან მებრძოლნი იღებენ! ჩვენ კი, ბრმები, ამას ვერ ვხედავთ... ვშრომობთ, ვიღწვით და ქანცის გაცლამდე ვითმენთ მტრის გამო, საკუთარი თავის წარსაწყმედად".

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XI-XII სს.): ""ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება", ანუ ვინც მამაცურად გადაიტანს და არ დაუთმობს საცთურებს, ცხონდება, როგორც ბრძოლაში გამობრძმედილი და გამოცდილი მეომარი".

ეპისკოპოსი ნიკოლოზი (სერბი) (1880–1956)). "საკვირველო უფალო, შენ ყოველივე ბოლომდე დაითმინე, ამიტომაც არა მარტო ნეტარება მიიღე, არამედ ნეტარების წყარო გახდი ყველასთვის, ვისაც სამარადისო სიკეთე სწყურია!

მოციქულები ბოლომდე ითმენდნენ და - მარადიული ნეტარება დაიმკვიდრეს.

ქრისტეს მოწამეები ყოველგვარ ტანჯვა-წამებას ბოლომდე ითმენდნენ და - ქრისტეს სასუფევლის შვილები და მემკვიდრეები გახდნენ.

ეპისკოპოსები ნებაყოფლობით ითმენდნენ იწროებას და განდიდებულ იქნენ არა მარტო ზეცად, არამედ დედამიწაზეც.

ახალი საზოგადოების ნებისმიერი დამფუძნებელი შემოიკრებს თავის მიმდევრებს და კეთილ ნაყოფებსა და მრავალ სიტკბოებას ჰპირდება, მაგრამ შეგნებულად დუმს იმ სიძნელეებსა და გაჭირვებებზე, რომლებსაც ამ ნაყოფებამდე მიჰყავს ისინი. და მხოლოდ უფალმა იესუ ქრისტემ აუწყა თავის მიმდევრებს სრული სიმართლე, რადგან გაუხსნა მათ თავიანთი ღვაწლის როგორც მწარე, ასევე ტკბილი მხარეები.

არ დაპირებია უფალი არავის ტკბილ ნაყოფებს მსახურების გარეშე;

არც დიდებას ტანჯვის გარეშე;

არც საუკუნო განსვენებას ეკლიანი გზის გარეშე;

არც გამარჯვებას ბრძოლის გარეშე;

არც სიტკბოებას სიმწრის გარეშე;

არც სასუფეველს ცრემლებისა და თავდადების გარეშე;

ჩამოთვალა რა უამრავი ჭირვება, რომლებთან შერკინებაც მოუწევდათ მის მიმდევრებს, მან, საბოლოო ჯამში, სასოების გარეშე როდი დატოვა ისინი. უფალი უდიდეს აზრს აძლევს მათ ტანჯვას და უმეცრების ბნელში როდი ტოვებს. ის ამბობს: "ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება".

მაგრამ, როგორია ის სიკეთე, რომელიც ბოლომდე დამთმენს ელის - ეს თვითონაც საკმაოდ განმარტა და მრავალი წმინდანის ცხოვრებითაც დაუდასტურა, რადგან მრავალჯერ გამოცხადებიან ნათელმოსილი წმინდანები დედამიწაზე მოსაგრეთ, რომლებიც, ჯერაც ხორციელ ღვაწლში მყოფნი ზეციერის დიდებისა და ნეტარების მხილველნი გახდნენ, მჭვრეტელნი იმისა, თუ რა სიხარული და ნეტარება ელით ბოლომდე დამთმენ მორწმუნეთ - რჩეულთ და გულმხურვალეთ.

უფალო, შენ ხარ ჩვენი ძალა. შეგვეწიე ბოლომდე რწმენით დავითმინოთ ყოველივე ის, რაც წინ გვხვდება ჩვენი სარწმუნოებრივი ცხოვრების გზაზე, შეგვეწიე შენი გვერდში დგომით, რადგან შენ გეკუთვნის დიდება და პატივი, საუკუნითგან მიუკუნისამდე, ამინ" ("Охридский пролог" святителя Николая Сербского: 22 (9) марта).
14. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული.


წმ. ამბროსი მედიოლანელი (340 - 397). "იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე და მაშინ მოიწევა დასასრული"! სამყაროს უკვე ემცნო სახარება, ირწმუნეს ჰუთებმა და სომხებმა, და ჩვენთვის უკვე გამოჩნდა სამყაროს აღსასრული. კაცი სულიერი გამოდის სახარების საქადაგებლად, როდესაც სიბრძნის გზებზე დადის, სიცოცხლეში ახორციელებს ყველა სათნოებას, ლოცულობს სულითა და გონებით და განაქარვებს უკანასკნელ მტერს სიკვდილს (შეად.: 1 კორინთ. 14:15; 15:26). "მერე კი დასასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას (1 კორინთ. 15:24) და "თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში" (1 კორინთ 15:28). ყველა ქალაქში იქადაგება სახარება და ყველგან იუდეაში, რადგან "განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი" (ფსალმ. 75:2). "აღეშენნენ ქალაქნი ჰურიასტანისანი" (ფსალმ. 68:36), როდესაც საფუძვლად ჩაიყრებიან სათნოებანი" (Амвросий Медиоланский свт. Толкование на Евангелие от Луки. Книга десятая// Собрание творений. Т. 8. ч.2. М.: ПСТГУ, 2020. С. 379).

ნეტარი იერონიმე სტრიდონელი (დაახლ. 347–419/20): უფლის მოსვლის ნიშანი არის ის, რომ მთელ მსოფლიოში იქადაგება სახარება, რათა არავინ, უცოდინრობის გამო, თავი არ ჩათვალოს პატიების ღირსად. ხოლო ეს მოვლენა ან უკვე აღსრულდა ან ჯერ კიდევ უნდა აღსრულდეს არცთუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, როგორც ვხედავთ. სინამდვილეში, - ჩემი აზრით, - არ დარჩა არც ერთი ხალხი, რომელსაც არ სმენოდეს ქრისტეს სახელი. და მეტიც, რომელიმე ხალხს არც რომ ჰყავდეს მქადაგებელი, მიუხედავად ამისა, შეუძლებელია ქრისტიანულ რწმენაზე წარმოდგენა არ ჰქონდეს მეზობელი ხალხების მეშვეობით (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-24/stih-14/).
 
ექვთიმე ზიგაბენი (დაახლ. 1050-1122): "ამით აჩვენა, რომ ვერანაირი საფრთხე ვერ დააბრკოლებს ქადაგეაბს, და მქადაგებლებს მისცა უდიდესი ნუგეში, რადგან განამტკიცა იმ სასოებით, რომ ვერაფერი აღუდგებოდა მათ წინ, თუკი ისინი იქნებოდნენ მომთმენნი. მარკოზმა უფრო ნათლად თქვა: "და პირველად ყველა ხალხს უნდა ექადაგოს სახარება" (მარკ. 13:10), ურწმუნოთა სამხილებლად და განსასჯელად, რათა განკითხვის დღეს ვერ შეძლონ თქმა: ქადაგება არ გვსმენიაო. იგივეა ნათქვამი მათეს სახარების მეათე თავში (მათე 10:18)... "და მაშინ მოიწევა დასასრული" ტაძრისა და იერუსალიმისა, როგორც ეს ზემოთ ვთქვით. ამრიგად, ამბობს: იმის შემდეგ, რაც აღსრულდება ყოველივე ზემოთთქმული და იმის შემდეგ რაც მთელ სამყაროში ნაქადაგები იქნება სახარება, მაშინ იუდეველთათვის დადგება სრული წარწყმედა. მართლაც, იერუსალიმის დანგრევამდე ჯერ მთელ მსოფლიოში იქნა ნაქადაგები სახარება, როგორც თქვა პავლემ: "ოღონდ თუ დარჩებით მტკიცე და შეურყეველი რწმენაში და არ გადაუხვევთ სახარების სასოებას, რომელიც თქვენ ისმინეთ, რომელიც ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე" (კოლას 1:23). თუკი მან თვითონ იქადაგა იერუსალიმიდან ესპანეთამდე, მაშ იფიქრე, როგორ საზღვრებამდე მიაღწევდნენ დანარჩენი მოციქულები. ამიტომაც იერუსალიმი იღუპება უკვე იმის შემდეგ, რაც მთელ სამყაროში ნაქადაგებ იქნა სახარება, რათა იუდეველთ თავის მართლების აჩრდილიც კი არ ჰქონოდათ, როდესაც იხილავდნენ ქადაგების ესოდენ ძალას, რომელმაც მოკლე ვადაში მთელი მსოფლიო მოიარა და ყველგან გაცისკროვნდა, ამ დროს კი, თვით იუდეველები, ურწმუნოებასა და სიჯიუტეში იყვნენ გახევებულნი (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-24/stih-14).
 
წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): "ამის ნათელი დადასტურებაა სახარების ქადაგება მთელ მსოფლიოში, - მიუხედავად ყოველგვარი წინააღმდეგობისა; ამგვარად თქვენ უბედურებაზე მაღლა იქნებით. ხოლო მოწაფეებს რომ არ ეთქვათ: ჩვენ როგორღა ვიცხოვრებთ? კიდევ დასძენს: იცხოვრებთ კიდეც და ასწავლით ყოველგან. ამიტომაც თქვა: "და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული". - არა სამყაროსი, არამედ იერუსალიმისა. ხოლო, თუ რას ამბობდა ქრისტე ამ აღსასრულის შესახებ, და რომ სახარება იერუსალიმის აღებამდე იქადაგება, მოუსმინე, რას ამბობს პავლე: "ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმაი მათი" (რომ. 10:18); და ისევ: "თქვენ ისმინეთ, რომელიც ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში" (კოლას 1:23) და ხედავ, როგორ სწრაფად გადავიდა იერუსალიმიდან ესპანეთში, თუკი ერთმა ესოდენ დიდი ნაწილი (მსოფლიოსი) დაიპყრო, მასინ, დაფიქრდი, რამდენს იზამდნენ სხვებიც; და სხვა ეპისტოლეშიც ამბობს პავლე სახარების შესახებ, რომ ის "არს ნაყოფიერ და აღორძინებულ" (კოლას 1:6) ყველა ცისქვეშელი ქმნილებისთვის: "საწამებელად ყოველთა წარმართთა". რამდენადაც სახარება იქადაგეს ყველგან, მაგრამ ყველგან არ ირწმუნეს მისი, ქრისტე ამბობს: ""საწამებლად იქნება ურწმუნოთათვის. ანუ სამხილებლად, განსასჯელად; საწამებლად ვინც ირწმუნა ისინი დაამოწმებენ ურწმუნოების წინააღმდეგ და განსჯიან მათ. აი რატომაა, რომ უკვე მთელ მსოფლიოში სახარების ქადაგების შემდეგ ინგრევა იერუსალიმი, რათა უმადურებს თავის გამართლების აჩრდილიც არ დარჩეთ. სამართლიანადაც! როგორ გაიმართლებენ თავს ის ხალხები, რომლებმაც ნახეს მისი ძლევამოსილება, ყველგან რომ გაბრწყინდა და მეყსეულად მთელი მსოფლიო მოიცვა, და ისინი ისევ ისეტი უმადურები დარჩნენ? ხოლო სახარება რომ ყველგან იქადაგეს, ამაზე მოუსმინე რას ამბობს პავლე: "... სახარების სასოებას, ... რომელიც ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში" (კოლას 1:26). ეს არის უდიდესი ნიშანი ქრისტეს ძალმოსილებისა, რომ მისმა სიტყვამ სამყაროს საზღვრებს მიაღწია, - ოცი თუ ოცდაათი წლის განმავლობაში. მაშ ასე, ამის შემდეგ, - ამბობს ქრისტე, - მოვა იერუსალემის აღსასრული...
 
რამდენადაც მოწაფეები მისი სიტყვებით შეშინებულნი, უღონობამ და სევდამ მოიცვა, მაშინ იგი აძლიერებს მათ სიტყვებით, ეუბნება, - მართლაც ურიცხვი წინააღმდეგობა გექნებათ, თუმცა სახარება მთელ მსოფლიოში უნდა იქადაგოსო "და მაშინ მოიწიოს აღსასრული".
 
ხედავ, რა მდგომარეობაში იყო მაშინ საქმე, და როგორი მრავალმხრივი იყო ბრძოლა? და ეს დასაწყისში, როცა ყოველ საქმესი განსაკუთრებით საჭიროა უდიდესი სიმშვიდე. რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ისინი? არაფერი გვიშლის ხელს, რომ ისევ გავიმეოროთ იგივე, პრველი ბრძოლა იყო მაცდურთა მხრიდან: "მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით" ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი; მეორე - რომაელების მხრიდან "გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს"; მესამე წარმოადგენდა - "შიმშილობას". მეოთხე - "ჟამიანობას და მიწისძვრებს"; მეხუთე - "მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ"; მეექვსე - "მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო"; მეშვიდე - "გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს"; აქ იგულისხმება შინაომები. შემდეგ ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი; ბოლოს კი "ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული", რაც იქნება კიდეც მიზეზი ყოველგვარი უბედურებისა.
 
ხედავ ბრძოლების ურიცხვ სახეობას, ახლებს და არაჩვეულებრივებს? მაგრამ ამ და სხვა უფრო დიდი ბრზოლების დროსაც (შინაომებს ემატებოდა ბრძოლები ნათესავებს შორის) სახარების ქადაგებამ მთელი სამყარო მოიცვა: "იქადაგება, - ამბობს ის, - სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად". მაშ ასე: სად არიან ისინი, ვინც ბუნების მბრძანებლობასა და დროის წრებრუნვას უპირისპირებენ ეკლესიის სწავლებას? ნუთუ ახსოვს ვინმე მათგანს, რომ გამოჩენილიყოს როდესმე სხვა ქრისტე, რომ ამის მსგავსი მომხდარიყოს? და თუმც ისინი კი ჰყვებიან სხვა არაკს: თითქოს გავიდა უკვე ასი ათასი წელი, მაგრამ აქ არაფერი მსგავსის მოგონება არ შეუძლიათ" (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. VI ტომი. წმ. მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი მეორე. თბილისი 2016 წ. გვ. 377-381).

იუსტინე (პოპოვიჩი) (1894–1978): "გამრავლებული უსჯულოებისა და გაძლიერებული ქრისტესმბრძოლობის მიუხედავად - "იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად" (მ. 14). სასუფევლის სახარებას მსოფლიოში იქადაგებენ უშიშარი ქრისტიანები, როდესაც მსოფლიოში ბოროტება, ცოდვა და სიკვდილი გაბატონდება. მაგრამ ამაშია რწმენის გულადობა და ამაღლებულობა: გწამდეს ღმრთის სასუფევლის, სიკეთის სასუფევლის, ქრისტეს სასუფევლის გამარჯვებისა მაშინ, როდესაც ყველგან ბოროტება გამეფებულა; როდესაც "მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული" (1 იოანე 5:19), რადგან ღმერთკაცი - სასუფევლის სახარების მთავარი და უძლეველი მხედართმთავარია. "რადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი: ჩვენი რწმენა. არის ქვეყნის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?" (1 იოანე 5:4-5).
 
რითი ვძლევთ წუთისოფელს? ქრისტეთის, რომელიც ჩვენშია: "თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად" (1 იოანე 4:4). მთელ ქვეყანაზე გამოიფინება ქრისტეს სიკეთე და ეშმაკის ბოროტება; სახარება ექადაგება მთელ ქმნილებას, რათა არც ერთ მათგანს არ ჰქონდეს თავის მართლების შესაძლებლობა, თითქოსდა არ იცოდა ღმერთკაცისა და ცხონების შესახებ, რომელიც მან აღასრულა. ამიტომ თქვა მაცხოვარმა: "ყველა ხალხის სამოწმებლად". მაშასადამე: ყველა ხალხს ექნება საკმაოდ მრავალი მოწმობა ქრისტეზე, როგორც კაცთა მოდგმის მაცხოვარზე, ასე რომ ქრისტეს ურწმუნოებით თავს ვერავინ გაიმართლებს განკითხვის დღეს.
 
"და მაშინ მოიწევა აღსასრული" (მ. 14). რისი? - სამყაროსი. რადგან ის დაასრულებს მისიას, რომელიც ღმერთმა განუწესა. ეს გახლავთ ერთგვარი დამატება მაცხოვრის სიტყვებისა: "სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება" (მათე 5:18).
 
"ყველა ხალხის სამოწმებლად", - რაზეა აქ ლაპარაკი? - იმაზე, რომ ღმერთკაც ქრისტეს გარდა ვერავინ იხსნის ადამიანს, კაცთა მოდგმას და მსოფლიოს ცოდვის, სიკვდილის და ეშმაკისგან. ყველა დანარჩენი ე. წ. "კაცობრიობის მხსნელები" - სხვა არავინ არიან, თუ არა "ქურდი და ყაჩაღი", რადგან არ აძლევენ ადამიანს "ჭარბ სიცოცხლეს", მარადისობას, და ვერ აძლევენ მას უკვდავების გარანტიას, არამედ ჰპარავენ მის სულს იმას, რაც უკვდავია, ღვთაებრივია, ღმერთსაფერია, ღმრთითმტოლველია, მარადიულია და ღმერთკაცობრივია (შეად. იოანე 10:9-10).
 
სამყაროს აღსასრული დადგება მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო გაიგებს საღმრთო ჭეშმარიტებას სამყაროზე: ქრისტეს სახარებას. რადგან ეს გახლავთ ღმრთის სრულიად ჭეშმარიტი ფილოსოფია სამყაროზე. მასშია გაცხადებული ღმრთის მთელი გეგმა: შესაქმიდან - აღსასრულამდე, თუმცა ის ხორციელდება დროის ფარგლებში და გადავა მარადისობაში.
 
პროტოპრესვიტერი პაველ მატვეევსკი (1828 - 1900): "როდესაც ღვთაებრივი მოძღვარი ამაღლდა და მისმა მოწაფეებმა დაიწყეს სახარების ქადაგება, მათ წინ აღუდგნენ იუდეველები და წარმართები, მთავრობანი და ხელმწიფებანი, მმართველები და მეფეები. სასტიკი მდევნელები მოციქულებს იჭერდნენ (საქმე 4:3), საპყრობილეებში ამწყვდევდნენ (საქმე 5:18; 12:4), ასამართლებდნენ (საქმე 4:7; 5:27), ცემდნენ (საქმე 5:40) და კლავდნენ კიდეც (საქმე 7:58; 12:2).
 
მოციქულები იაკობ ზებედე ძე, იაკობი, ძმა უფლისა, პეტრე და პავლე მოწამეობრივად აღესრულნენ. და, მიუხედავად ამისა, უფლის სიტყვა სულ უფრო და უფრო ვრცელდებოდა (საქმე 13:49), ასე რომ ჯერ კიდევ იერუსალიმის დანგრევამდე წმიდა მოციქული პავლე სახარების მქადაგებლებზე წერდა, რომ "მთელ მსოფლიოს მოედო მათი ხმა, და ქვეყნის კიდეებს — მათი სიტყვები" (რომ. 10:18) და, რომ სახარება "ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში" (კოლას 1:23). სახარება მაშინ გავრცელდა იმ დროს ცნობილ მთელ მსოფლიოში.
 
მაშინვე აღდგნენ მრავალნი ცრუწინასწარმეტყველნი, რომელთა გამო მოციქულები ყოველთვის აფრთხილებდნენ მორწმუნეებს (1 ინ. 4:1; იუდ. 1:4). ყველა ეს ნიშანი, რომელიც თავის დროზე იერუსალიმის დანგრევის წინამაუწყებელი იყო, კვლავ გაჩნდება სამყაროს აღსასრულის წინ, რომელიც უფალმა იმავე გამოთქმებით იწინასწარმეტყველა და ახლო მოვლენებს შორეული მოვლენები შეუერთა. "მაშინ გამოცხადდება ურჯულო, რომლის მოსვლა სატანის მოქმედებით არის, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით, და უსამართლობის ყველა საცდურით დაღუპულთათვის" (2 თესალონიკ. 2:8-10); მაშინ წმიდა მოციქულთა მემკვიდრეები - ეპისკოპოსები და ქრისტეს ეკლესიის მოძღვრები, ასევე უფლის ყველა ერთგული მიმდევარი უმძიმეს დევნილებას დაექვემდებარებიან იესუსა და ღმრთის სიტყვის მოწმობის გამო" (გამოცხ. 20:4) (Матвеевский, П. А., протоиерей. Евангельская история. В трех книгах. Книга третья. Конечные события Евангельской истории./ Матвеевский Павел Алексеевич. - М.: Сибирская Благозвонница, 2010. -475, 5 с - С. 170-172).

არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) (1906-1976): ღმრთის მსჯავრის მოახლოვების მეოთხე ნიშანი იქნება სახარების ქადაგება მთელ მსოფლიოში. "იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად", ანუ ქრისტე არ მოვა მანამ, სანამ მთელ ქვეყანაზე არ იქნება ნაქადაგები სახარება, რომელიც მასინ მამხილებელი მოწმე გახდება იმათ წინაარმდეგ, რომლებმაც, ისმინეს იგი, და არ ირწმუნეს. "და მაშინ მოიწევა დასასრული". უახლოესი აზრით აქ იგულისხმება იერუსალიმის დაღუპვა, მაგრამ ყველა ეს ნიშანი მაუწყებელი იქნება აგრეთვე სამყაროს აღსასრულისა და საშინელი სამსჯავროს დადგომისა. ეს ნიშნები ერთია, როგორც პირველი, ასევე მეორე მოვლენისთვის. კერძოდ: 1) იერუსალიმზე სამსჯავრომ მოიწია, როგორც მისი უსჯულოებებისა და მასში სიყვარულის დაკნინების შედეგმა ("ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული". მთ. 24:12). 2) იერუსალიმი დაეცა იმის შემდეგ, რაც უფალმა ყველაფერი გააკეთა მისი გადარჩენისთვის: ის განათლდა სახარებისეული ქადაგებით: ზუსტად ასევე სამყაროს აღსასრული დადგება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მსოფლიოს ყველა ხალხში ნაქადაგები იქნება სახარება, რათა საშინელ სამსჯავროზე, იუდეველთა მსგავსად უპასუხონი იქმნენ. შემდეგ უფალი ჩამოთვლის სპეციალურ ნიშნებს, რომლებიც უკვე საკუთრივ იერუსალიმის დაღუპვას ეხება.

ანონიმი კომენტატორი (IV ს.). "სამყაროს აღსასრული და ანტიქრისტე წმიდა წერილის სულიერების თანხმიერად უნდა იქნას გაგებული, რადგან მწვალებლობები, შიმშილობები, ჟამიანობები და სხვა წინ გაუსწრებს ერთსაც და მეორესაც. მაგრამ ბოლოს წმიდა ადგილზე დამყარდება გატიალების სისაძაგლე - ანტიქრისტეს მხედრობა, რაც არის ყველა მწვალებლობა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც აღწევენ ეკლესიაში და იპყრობენ წმიდა ადგილს, ვითარც ჭეშმარიტების სიტყვა, თუნდაც ეს საერთოდაც არ იყოს ჭეშმარიტების სიტყვა, არამედ გატიალების სისაძაგლე და ანტიქრისტეს მხედრობა, რომლებიც მრავალთა სულებს განაშორებენ ღმერთს. ამის შესახებ ამბობდა მოციქული: "წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს" (2 თესალონიკ. 2:4). აი მაშინ ყველა მწვალებლობის ბოროტება, რომელთა შესახებაც ადრე მხოლოდ გვსმენია, აღმოჩნდება წმიდა ადგილზე და გააპარტახებს ქრისტეს ეკლესიას. მიეცემათ რა ნება, სრულიად დაეუფლებიან ეკლესიებს. ჩვენ კი აქ უნდა ვთქვათ, რომ ხმები ომებზე, შიმშილზე, მიწისძვრაზე, ჭირზე, მწვალებლობებზე, სიტყვის (ღმრთის) მიტოვებულობაზე, ქრისტიანთა მოწყვეტაზე, ზნეობის დაცემაზე და სხვა, ადრევეც იყო ცნობილი, კონსტანტინეს მმართველობიდან ვიდრე თეოდოსის მმართველობამდე (1).
______________
 
1. კონსტანტინე მმართველობდა 306-337 წლებში ჩვ. წ., ხოლო თეოდოსი - 347-395 წწ. ჩვ. წ.
 
______________
 
წყარო: PG 56:906-7.

ბ. ი. გლადკოვი (1847–1921): "სამყაროს აღსასრული დადგება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩემი სწავლება ეუწყება მთელ სამყაროს, როდესაც ეს ქადაგება გახდება მამხილებელი მოწმობა მათ წინააღმდეგ, ვინც, ისმინა იგი, მაგრამ ჩემი არ ირწმუნა" *
 
* შენიშვნა: შეუძლებელია მკაცრად დასაჯო ადამიანები ღმრთის ნების აღუსრულებლობის გამო, თუკი მათ ის არ სმენიათ. დავუშვათ, ღმრთის ნება, ანუ სიყვარული ღმრთისა და კაცთა მიმართ, ჩაწერილია ადამიანთა გულებში მათ შექმნიდანვე; ამიტომაც, მკაცრად რომ ვთქვათ, ვერავინ გაიმართლებს თავს ღმრთის ნების უცოდინრობით. მაგრამ რადგან ადამიანები გაგულქვავდნენ და აღარ ესმის საკუთარი გულისხმა, დაყრუვდნენ სინდისის ღვთაებრივი შეგონებებისადმი, საჭიროა შეახსენონ მათ ღმრთის ნება. ჩვენი უფალი, იესუ ქრისტე, სხვათა შორის, მოვიდა იმისთვის, რათა არა მარტო ებრაელებისთვის შეეხსენებინა ეს ჭეშმარიტება, არამედ საზოგადოდ დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. ამიტომაც კაცობრიობის უკანასკნელი სამსჯავორც, აუცილებლობით, გადაიდება იმ დრომდე, როდესაც სასუფევლის ეს სახარება ექადაგება მთელ სამყაროს, "ყველა ხალხის სამოწმებლად". მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი სამსჯავრო. მაგრამ მაშინაც, უდავოდ, სამართლიანი უფალი ადამიანებს განსჯის მათი დანაშაულის ხარისხის შესაბამისად: "ის მონა, რომელმაც იცოდა თავისი პატრონის ნება, მაგრამ არ აღასრულა იგი და არ დახვდა მზად, საშინლად იგვემება; ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება" (ლუკა 12:47-48) (Гладков Б.И. Толкование Евангелия. Глава 37. - Воспроизведение с издания 1907 года. М.: Столица, 1991. (с дополнениями из издания 1913 г.) - С. 550).

მღვდელმონაზონი პანტელეიმონ ოპტინელი (1886 - 1918): "როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ დამდგარა მთელ სამყაროში სახარების ქადაგების ნიშნები, თუმცა, არ შეიძლება იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ ახალი აღთქმის ბეჭდვითი წიგნებისა და საერთოდ ბიბლიის გამოცემების გზით ცხონების სიტყვა სამყაროს ყველა კუთხე-კუნჭულში აღწევს. მისიონერთა და ბიბლიურ საზოგადოებათა ღვაწლით ბიბლია ითარგმნა ყველა ან თითქმის ყველა ენაზე. მისიათა სფეროები ფართოვდება და სულ ახალი და ახალი ნიადაგი იხსნება ხვავრიელი ცხოვრებისთვის. ღმრთის სიტყვის თესვის საუკუნეობრივი ბარიერები ინგრევა, და ჩაკეტილი ქვეყნები ღიავდება, მიუწვდომლები ადვილად მისაწვდომნი ხდებიან მოხერხებული სარკინიგზო შეტყობინებების წყალობით; აზიისა და აფრიკის უდაბნოები ქრისტეს ნათლით განათლებული ევროპელებით ივსება. ერთი სიტყვით, თითქოსდა უკვე ჩამოკრა მეთერთმეტე საათმა და სამყარო მისთვის, ისტორიის აღსასრულს დაპირებულ ცხონების სიტყვას ელოდება. ბევრი იქნება მაშინ რჩეული უთვალავ მოწოდებულთა შორის? ამის პასუხს ვპოულობთ სახარებისეუ ლიგავში, რომელიც ამ საკითხს ეხება (მათე 22:2-15). "ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი" (მთ. 22:14). მცირედნი არიან იმიტომ, რომ თვით მისიონერებსაც ფართე გზებით სიარული და თანამედროვე კომფორტი უყვართ. მცირეა მათ შორის ქრისტეს მოციქულთა ვიწრო გზით მავალი. აქედან, როგორებიც არიან მოძღვრები, ისეთია მათი სამწყსოც, რადგან "თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული" (მათე 5:14). სამაგიეროდ სულ სხვა შედეგს უნდა ველოდოთ კაცობრიობის ისტორიის ბოლო შვიდწლეულში, რომლის დაწყებისას ქვეყნერებას მოევლინებიან ღმრთის დიდების უდიდესი მქადაგებლები: ენოქი და ილია თეზბიტელი. სწორედ მაშინ ისრაელის ჭეშმარიტი შვილები, რომელთა რაოდენობა 144 000 იქნება (გამოცხ. 7:4), ქრისტესკენ მოექცევიან, და ისრაელის მთები ღვთისმოსაობით დამშვენდება ("Начало и конец нашего земного мира". С. 215-216).
 
ა. პ. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია: ნეტ. ავგუსტინე ამბობს: "თუ ვინმე ფიქრობს, რომ სიტყვები: "იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელ ქვეყანაზე" ნიშნავს, რომ ეს გააკეთეს თვით მოციქულება, სანდო წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ასე არ მომხდარა. იმიტომ, რომ აფრიკაში არიან ურიცხვი ხალხები, რომელთა შორისაც სახარება ჯერაც არ ქადაგებულა. საქმის ამგვარი გაგება ცოტათი ვიწროდ გვეჩვენება. მოციქულთა ისტორიის მკითხველი ხედავს, რომ ჯერ კიდევ იერუსალიმის დანგრევამდე სახარების ქადაგებამ იმდენად ფართო მასშტაბი მიიღო, თუ აბსოლუტური არა, შედარებითი აზრით მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახარება მაშინ მთელ სამყაროს ექადაგა. დღევანდელ დღეზეც შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანობა მსოფლიო რელიგიაა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ხალხია გაუნათლებელი სახარების ნათლით". ქრისტეს სიტყვებმა აბსოლუტური მნიშვნელობა უნდა მიიღონ სამყაროს აღსასრულის წინ, როდესაც ქრისტეზე და მის მოწაფეებზე შეიტყობს დედამიწის ყველა ხალხი, რაც სრულიად შესაძლებელია იმ უჩვეულო ენერგიის წყალობით, რომელიც თითქმის ორი ათასი წლის განმავლობაში (რაც უპრეცედენტოა სხვა რელიგიების ისტორიაში) აწარმოებდა სახარების ქადაგებას. სიტყვა "დასასრული" აქ არა მარტო იერუსალიმის, არამედ ყველა სამეფოს (საერთოდ მსოფლიო გადატრიალებას) და სამყაროს დასასრულსაც ნიშნავს.
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XI-XII სს.): "გაბედეთ, თქვენ არ შეგხვდებათ წინაღობა ქადაგებაში! სახარება ყველა ხალხს ექადაგება "სამოწმებლად", ანუ სამხილებლად, მათ ბრალდებად, ვინც არ ირწმუნებს, "და მაშინ მოიწევა დასასრული", არა სამყაროსი, არამედ იერუსალიმისა. მართლაც, იერუსალიმის აღებამდე სახარება ყველგან იქნა ნაქადაგები, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს, რომ სახარების სასოება "ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში" (კოლას. 1:213). აქ ლაპარაკი რომ იერუსალიმის დანგრევას ეხება, ჩანს უფლის შემდგომი სიტყვებიდანაც.
გაპარტახების სიბილწე
15. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს).


ექვთიმე ზიგაბენი: ""სიბილწეს" აქ ტიტუსის ქანდაკებას უწოდებს, რომელიც მან, ქალაქი რომ აიღო, ტაძრის შიგნით დადგა. და მართლაც, ასეთ გამოსახულებებს სჯული სისაძაგლეს უწოდებდა. ხოლო "გაპარტახების სისაძაგლედ" უწოდა იმიტომ, რომ ის დადგმულ იქნა ქალაქისა და ტაძრის გაპარტახების შემდგომ. ან კიდევ იმიტომ, რომ წარმოადგენდა იმის გამოსახულებას, ვინც მოაწია ეს გაპარტახება.
 
სიტყვები: "როდესაც იხილავთ", თითქოსდა მოციქულებს უთხრა, მაგრამ ისინი განეკუთვნება იუდეველთ, რომლებსაც უნდა სცოდნოდათ, რომ არცთუ შორეულ მომავალს, მათსავ ცხოვრებაში ეს სისაძაგლე დაიდგმება. თანაც მოციქულთაგან მრავალი ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო სხვები, ვინც ცოცხალი დარჩა, სამყაროს სხვადასხვა კუთხეში იმყოფებოდნენ.
 
დანიელიც დაიმოწმა, რადგან ის სწორედ ამ სისაძაგლესა და წარწყმედაზე წინასწარმეტყველებდა. მაშინო, ამბობს, ვინც დანიელ წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობს (დანიელი 9:27), უნდა ესმოდეს, რომ წარწყმედამ მოიწია. ლუკა მახარობელი სხვა ნიშანსაც უთითებს: "ხოლო როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი" (ლუკა 21:20) და სხვა.
 
ღირ. ეფრემ ასურელი: "როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს". მართალია, იერუსალიმს ხშირად ანგრევდნენ, მაგრამ კვლავ შენდებოდა, ოღონდ ამ ადგილას უფალი უკვე მის სრულ განადგურებაზე და მისი საწმიდარის შებილწვაზე მსჯელობს, რადგან მის შემდეგ ის წარსაწყმედად დაშთება და გადაეცემა დავიწყებას. რომაელებმა ტაძრის შიგნით თავიანთი დროშები შეიტანეს, რომლებზეც არწივი იყო გამოსახული, როგორც ნათქვამია: "სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი..." (დანიელ. 9:27).
 
ზოგიერთი აზრით, საშინელების ნიშანი, "გაპარტახების სიბილწე, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი", წარმოადგენდა წინასახეს იმისა, რომ რომაელებმა, პილატეს დახმარებით, სცადეს ტაძრის შიგნით ღორის თავი შეეტანათ".

ნეტარი იერონიმე სტრიდონელი: "როდესაც მოგვიწოდებენ გონიერებისკენ, მაშინ გამოჩნდება, რომ ნათქვამი სავსებით იდუმალია, ხოლო წინასწარმეტყველ დანიელთან ვკითხულობთ: "იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს" (დანიელი 9:27). ამის შესახებ მოციქულიც ბრძანებს, რომ უნდა აღზევდეს უსჯულოების კაცი "წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს" (2 თესალონიკ. 2:3-8); რომ მისი მოსვლა იქნება სატანის შეწევნით, აღაშფოთებს და არევს ხალხებს, განაშორებს ღმერთს იმ ადამიანებს, რომლებიც შეიწყნარებენ მას. ეს შეიძლება გავიგოთ ან ანტიქრისტესთან მიმართებაში ან კეისართან დაკავშირებით, რომლის ქანდაკება პილატემ ტაძარში დადგა, ან კიდევ მასში ვიგულისხმოთ ცხენზე ამხედრებული ადრიანეს ქანდაკებას, რომელიც დღემდე დგას ყველაზე უწმიდეს ადგილას. "სიბილწედ" კი, წმიდა წერილის ძველი ტექსტების მიხედვით, იწოდება კერპიც, ხოლო "გაპარტახება" მიმატებულია იმიტომ, რომ დანგრეულ და გაპარტახებულ ტაძარში კერპი დაიდგა".

დეკ. იოანე ბუხარევი: "გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი" (დანიელ. 9:27), ანუ ამაზრზენი მოოხრება, წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით, ეს არის რომაელთა ჯარი, რომელმაც ალყა შემოარტყა და აიღო იერუსალიმი, ასევე მათი წარმართული დროშები, რომლებიც დანგრეული ტაძრის ადგილზე აღიმართა (იხ. ლუკა 21:20). ცნობილია, რომ როდესაც რომაელებმა იერუსალიმი აიღეს, დანგრეულ ტაძარში თავიანთი კერპები დადგეს, რომელსაც შემდეგ მსხვერპლს სწირავდნენ (იოსებ ფლავიოსი). "წმიდა ადგილში" იგულისხმება მთელი იერუსალიმიც, რომელიც წმიდა ქალაქად იწოდება (მათე 4:5), და კერძოდ მისი ტაძარიც, ასევე ტაძრის წმიდა წმიდათაც. ხოლო სიტყვები "წამკითხველმა გაიგოს" ნათქვამის საიდუმლო მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ დანიელის წინასწარმეტყველებისა და სახარების სიტყვებზე" (Иоанн Бухарев свящ. Толкование на Евангелие от Матфея. М., 1899. Зач. 99. С. 234-235

ღირ. მაქსიმე აღმსარებელი: "სულში დამკვიდრებული ვნებებიდან დემონები ჩვენში ვნებიან ფიქრებს აღძრავენ. შემდეგ, ძლევენ რა გონებას, ცოდვის ჩადენის ნებამდე დაიყვანენ; სძლევენ რა ამაშიც, აზრში წარმოუსახავენ ცოდვას; ამის აღსრულების შემდეგ კი, როგორც ტყვე, მიჰყავთ იგი თვით ცოდვამდეც. ამის შემდეგ კი, ბოლოს და ბოლოს, გააპარტახებენ რა სულს, გადიან მათთან ერთად. გონებაში რჩება ცოდვის მხოლოდ კერპი (აზრობრივი ხატი), რომლის შესახებაც ბრძანებს უფალი: "როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, რაც წმინდა ადგილას დევს". "წამკითხველმა გაიგოს", რომ წმიდა ადგილი ღმრთის ტაძარი არის ადამიანის გონება, რომელშიც დემონებმა, ვნებიანი აზრებით გააპარტახეს რა იგი, ცოდვის კერპი აღმართეს. ხოლო უფლის მიერ ნათქვამი ისტორიულადაც რომ აღსრულდა, ამას, ვისაც კი იოსებ ფლავიოსი წაუკითხავს, არავინ ეჭვობს. თუმცა, ზოგიერთები ამბობენ, რომ იგივე მოხდება ანტიქრისტეს დროსაც" (Источник. Главы о любви).

ეპისკოპოსი მიხეილ ლუზინი: "გაპარტახების სიბილწე": ებრაული გამოთქმაა, რომელიც ნიშნავს საკუთრივ გაპარტახებას, რომელიც ამაზრზენ გრძნობას იწვევს ან კიდევ ამაზრზენ გაპარტახებას. აქ ეს სიბილწე წარმოდგენილია, როგორც "მდებარე" ("მდგომი" - ἐτῶξ), შედეგად, იგულისხმება არა მარტო გაპარტახება, არამედ კიდევ რაღაც, რაც დგას გაპარტახებულ ადგილზე. თუკი პარალელურ სიტყვებს წავიკითხავთ ლუკას სახარებიდან (ლკ. 21:20), "გაპარტახების სიბილწეში" იგულისხმება რომაელთა ჯარი, რომლებმაც ქალაქი იერუსალიმი აიღეს (შეად. ოქროპირი. 76 ჰომილია. დას.). მათთვის შესაძლოა ეწოდებინათ გაპარტახება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათ ლეგიონებში ხშირად ატარებდნენ წარმართი იმპერატორის და არწივების გამოსახულებებს, რომელთა მიმართაც, იუდეველები, რა თქმა უნდა, სრულ ზიზღს გამოხატავდნენ.
 
"დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს". შეად.: დანიელ. 9:26-27 და დანიელ. 11:31, ასევე დანიელ. 12:11 (ბოლო ორ ადგილას გვაქვს "გამტიალებლის" და არა "გატიალების" სიბილწე).
 
"წმინდა ადგილას". იგულისხმება ან მთელი იერუსალიმი, რომელიც წმიდა ქალაქადაც იწოდება (შეად. მათე 4:5), ან კიდევ ტაძრის კონკრეტული ადგილი, უპირატესად წმიდა წმიდათა, რაც უფრო ეთანხმება დანიელის წინასწარმეტყველების მითითებულ ადგილს (დანიელი 9:26-27).
 
ამრიგად, აზრი გამოდის ასეთი: როდესაც დაინახავთ რომაელთა ჯარებს, რომლებიც ალყას შემოარტყამენ ქალაქს და მათ წარმართულ დროშებს, რომელთაც დანგრეული ტაძრის ადგილას აღმართავენ, მაშინ "მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ" (მთ. 24:16) და შემდგ.
 
ფლავიოსი მოგვითხრობს, რომ, როდესაც რომაელებმა იერუსალიმი აიღეს, ტაძარი დაანგრიეს და ნახევრად დანგრეულ ტაძარში თავიანთი კერპები დადგეს, კერძოდ აღმოსავლეთის კარიბჭესთან, რომელსაც შემდეგ მსხვერპლს სწირავდნენ (Bel. Jud. 6. 6, 1).
 
წმ. იოანე ოქროპირი, ნეტ. თეოფილაქტე და ექვთიმე ზიგაბენი გაპარტახების სიბილწეში საკუთრივ ქალაქ იერუსალიმის ამღები იმპერატორის ტიტუსის ქანდაკებას გულისხმობენ, "რომელმაც, ქალაქისა და ტაძრის გაპარტახების შემდეგ, თავისი ქანდაკება ტაძრის შიგნით დადგა".
 
"წამკითხველმა გაიგოს". ეს არის გამოთქმა, რომელიც მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს ნათქვამის საიდუმლო აზრს, რომელიც განცხადებული არ არის. თუ ეს თვით უფლის გამონათქვამია, მაშინ ის განეკუთვნება საკუთრივ დანიელ წინასწარმეტყველის წიგნს და ნიშნავს: "ვინც ხსენებულ ადგილს კითხულობს დანიელ წინასწარმეტყველი იგულისხმოს. ხოლო თუ ეს სახარების დამწერის ჩანართია, მაშინ ის ეხება წინასწარმეტყველის წიგნსაც და სახარებასაც: სახარების ამ ადგილის წამკითხველმა წინასწარმეტყველი იგულისხმოს.
 
 
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი: "გაპარტახების სიბილწე" სტელას უწოდა, რომელიც ქალაქის ამღებმა ტაძრის იმ ადგილას აღამართვინა, სადაც შესვლა არ შეიძლებოდა. გაპარტახების - იმიტომ, რომ ქალაქი განადგურდა, ხოლო სიბილწე იმიტომ, რომ ებრაელები, რომელთაც კერპთმსახურება სძულდათ, სტელებსა და ადამიანთა გამოსახულებებს საძაგელს უწოდებდნენ" (ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი. მათეს სახარების განმარტება).
16. მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ.

 
წმ. ამბროსი მედიოლანელი (IV ს.): "38. თუკი უღირს კაცთა გამო კეთილი ადამიანები ამ წუთისოფელში განიცდიან გულისა და სულის შემუსვრილობას, მით უფრო მეტ ჯილდოს მიიღებენ ისინი მომავალში. მათ უფალი სთავაზობს შეწევნას: "იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ". რომელ იუდეაზეა აქ ლაპარაკი? მე ვიცი სხვა იუდეა, სულის შესაბამისი, და არა ასოსი, რადგან "ცნობილია იუდაში ღმერთი" (ფსალმ. 75:2). რომელი მთა შეძლებს მომავალი სამსჯავროს შეკავებას, თუკი დაწერილია: "რადგან მთები შეიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი შენდამი წყალთბა კი არ შეიძვრის და ჩემი სამშვიდობო აღთქმა არ შეირყევა, ამბობს შენი მწყალობელი უფალი" (ეს. 54:10)? "ცა და მიწა გადავლენ" (ლუკა 21:33), - მაშ, როგორ დარჩება მრთელად მიწის ნაწილი ან როგორ დამიფარავს მე, თუკი ის საკუთარ თავს ვერ დაჰფარავს? სად დავემალო რისხვას, რომელიც არყევს ზღვის საფუძვლებს? (იხ. ფსალმ. 64:8). "ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ!" (ფსალმ. 138:8). შეუძლებელია დაემალო მას, ვინც ყველგანაა, მაგრამ შეიძლება მისი მოლბობა.
 
39. ამრიგად, სამსჯავროს დღე ახლოვდება. თუ არ გინდა ანაზდად დაგადგეს, ყოველდღიურად გქონდეს მისი შიში. მეკითხები, როგორ გავექცევი ამ რისხვას? "ადი მთამაღალზე, სიონის მახარობელო" (ძვ. ქართ.: "მთასა ზედა მაღალსა აღვედ მახარებელი სიონისა") (ეს. 40:9), რათა ამაღლდე შენი დამსახურებების სიმაღლით, "რადგან ღმერთი მთათა არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა და არა ღმერთი ველთა" (3 მეფ. 20:28). ადი იქ, სადაც ქრისტე ზის მარჯვენით მამისა (იხ. რომ. 8"34; კოლას. 3:1), "მისი საძირკველი წმიდა მთებშია" (ფსალმ. 86:1), "გარეშემო მთები არტყია" (ფსალმ. 124:2). შენი მთა - პავლეა, შენი მთა - პეტრეა. მათ რწმენაზე შედგი შენი რწმენის ფერხნი. ისინი, ვინც მყარად დგანან ღმრთის სჯულზე და რწმენის მემკვიდრეობაზე, განკითხვის დღე მათ მიასწრებს არა სასჯელად, არამედ სადიდებლად" (Амвросий Медиоланский свт. Толкование на Евангелие от Луки. Книга восьмая// Собрание творений. Т. 8. ч.2. М.: ПСТГУ, 2020. С. 297).
 
საზოგადო მოღვაზე და სასულიერო მწერალი ბ. ი. გლადკოვი (1847–1921): "ამრიგად, როდესაც ქალაქს ალყაში მოაქცევენ, ხოლო ტაძარში მოოხრების სისაძაგლე დაისადგურებს, თავი მთებს შეაფარეთ; თუ ქალაქში მიგასწრებენ, მწრაფლ გაშორდი იქაურობას, ხოლო თუ შემოგარენში - ქალაქში ნუ შეხვალ. ქრისტიანებს, ახსოვდათ და ქრისტეს ეს მცნება, იერუსალიმს ალყის შემორტყმამდე გაშორდნენ და იორდანეს მიღმა, უდაბურ ადგილებში იხსნეს თავი" (Гладков Б.И. Толкование Евангелия. Глава 37. - Воспроизведение с издания 1907 года. М.: Столица, 1991. (с дополнениями из издания 1913 г.) - С. 552, 555).
 
ექვთიმე ზიგაბენი (დაახლ. 1050-1122): "იმის შემდეგ, რაც იერუსალიმის თავზე მოახლოვებულ უბედურებებზე ისაუბრა, იმ მრავალგვარ განსაცდელებზეც ილაპარაკა, მოციქულებს რომ უნდა შეხვედროდათ, შემდეგ კი - მათი ქადაგების წარმატებებზეც, რომელიც დაუბრკოლებლად შემოივლიდა მთელ მსოფლიოს, - ბოლოს კი კვლავ იუდეველთა უბედურებებს უბრუნდება, და აჩვენებს, რომ იმ დროს, როდესაც თვით ქრისტე და მისი მოწაფეები ყველგან განდიდდებიან, იუდეველებს ყველგან დაუწყებენ ხოცვას. ორიოდ სიტყვით ამ უბედურებათა აუტანელ სისასტიკეს წარმოგვიჩენს. მიაქციე ყურადღება! მაშინო, ამბობს, იუდეაში გატიალების სისაძაგლე რომ დაისადგურებს, იუდეაში მყოფნი, სადაც იერუსალიმია, მთებში გაიქეცით და იქ დარჩენით გადარჩენის იმედი ნუ გექნებათ, რადგან არც უკან მობრუნების მოწოდება იქნება და არც უბედურებები შეიცვლება. ამიტომ, შიშველიც რომ იყო უკანმოუხედავად გაიქეცით" (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-24/stih-16).
 
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი (დაახლ. 347–419/20): "მოოხრების სისაძაგლეში უნდა გავიგოთ ყოველგვარი შერყვნილი სწავლება (dogma). როდესაც მას წმიდა ადგილას, ანუ ეკლესიაში დავინახავთ, იუდეიდან მთებში უნდა გავიქცეთ, ანუ დავტოვოთ მკვლელი ასო, იუდაური გარყვნილება, და მივუახლოვდეთ მარადიულ მთებს, რომელთაგანაც საკვირველად ბრწყინავს ღმერთი (ფსალმ. 75:5) და ვიყოთ იმ საფარველის ქვეშ იმ საცხოვრისში, რომელშიც ვერ შემოაღწევს ისრები ეშმაკისა (ფსალმ. 115:5) (სინოდ. თარგმანით: "ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე" – "აპოკ." რედ.); არ გავბრუნდეთ უკან და არაფერი ავიღოთ ჩვენი ადრინდელი საცხოვრისიდან, არ ვეძებოთ ის, რაც უკან მოგვრჩა, არამედ ვამჯობინოთ სულიერ წერილთა ველზე თესვა, რათა მისგან ნაყოფი მოვიმკათ; არ ავიღოთ სხვა სამოსი, რომელთა ქონა მოციქულებს ეკრძალებოდათ" (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-24/stih-16).
 
წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): "თქვა რა უბედურებებზე, რომელიც ქალაქზე მოიწევა, მოციქულთა განსაცდელებზე და იმაზე, რომ მათ ვერ დაამარცხებენ, მაცხოვარი ისევ საუბრობს იუდეველთა გასაჭირზე, აჩვენებს, რომ როცა მოციქულები მთელ მსოფლიოს ასწავლიან და გაითქვამენ სახელს, მაშინ იუდეველები უბედურებაში ჩაცვივდებიან. მაგრამ, უყურე, როგორ ლაპარაკობს ომზე, წარმოგვიდგენს მის სისასტიკეს ერთი შეხედვით ნაკლებადმნიშვნელოვანი სიტყვებით: "მაშინ, - ამბობს იგი, - რომელნი ჰურიასტანს იყვნენ ივლტოდედ მთად". "მაშინ" - როდის? "მაშინ მოიწიოს აღსასრული, როცა საძაგელი იგი მოოხრებისა მდგომარე ადგილსა წმიდასა". აქედან ვასკვნი, რომ ის ლაშქარზე ლაპარაკობს. მაშინ გაიქეცით, ამბობს: თქვნე არ გექნებათ უკვე გადარჩენის იმედი, ხოლო რამდენადაც ხშირად ხდებოდა, რომ იუდეველები, სასტიკი ომების დროს ისევ გამაგრდებოდნენ ხოლმე, როგორც, მაგალითად, სენაქირიმეს და ანტიოქეს დროს (თუმცა, მაშინ ლაშქარი დაეცა ქალაქს და ტაძარი აიღეს, მაგრამ მაკაბელები ეკვეთნენ მტერს და საქმეს საპირისპირო მიმართულება მისცეს), იმისთვის, რომ ახლაც მსგავსი ცვლილებების მოლოდინი არ ჰქონოდათ, მან ყოველგვარი იმედი გადაუწურა მათ" (წმ. იოანე ოქროპირი. 76-ე ჰომილია მათეს სახარებაზე. ჰომილიები. VI ტომი. წმიდა მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი მეორე. თბილისი 2016. გვ. 385).
 
ღირ. ისიდორე პელუსიელი (IV-V სს.): "შენ წერილში მთხოვე ამეხსნა შენთვის უკიდურესი შეჭირვების ნიშნები დროთა აღსასრულის ჟამს, რომელიც უფალმა ჩვენდა საყურადღებოდ გაგვიცხადა; მაშ ახლა შეიტყვე მათი ძალა. "იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ". ღვთისმოსაობაში დამკვიდრებულთ (ამას ნიშნავს იუდეა) მხედველობაში ჰქონდეთ უმაღლესი თავშესაფარი, თავი შეიზღუდონ საკუთარი აღმსარებლობით. "და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად" (მ. 17). ვინც არად ჩააგდო საკუთარი ნამდვილი სახლი, მოიძულა აქაური ყოველგვარი საცხოვრისი, ამაღლდა ცხოვრებით და საკუთარი თავისგან განაგდო მასში დამკვიდრებული ვნებები, მას დაე კვლავ ნუ გაიტაცებს მსგავსი რამ: ნურც შიში, ნურც უდებება, ნურც მედიდურობა, ნურც მიდრეკილება სიმდიდრისადმი; ეს ყოველივე ზემოდან ჩამოსვლაა. "ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად" (მ. 18). ვინც განიძარცვა ძველი კაცი და მოიშორა ხორციელი ვნებები, მან შეიმოსოს ახალი კაცი, რომელიც განაახლა ღმრთისშემეცნებით და განწმინდა იგი მწიკვლისგან. ყველა ამგვარი უსაფრთხოდ იქნება დიდი ჭირვების პერიოდში" (210. Христодору. Что значат слова: тогда сущии в Иудеи да бежат на горы?).
 
არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი (1894–1978): "ეკლესიის საპირისპიროდ, - რომელსაც ღმერთკაცი აღაშენებს თავისი მიმდევრების მეშვეობით (ეფეს. 4:11-13), და რომელიც არის მიწიერი სამოთხე, მიწიერი ცათა სასუფეველი, - ცოდვისმოყვარენი წუთისოფელში აშენებენ ბოროტების სამეფოს, ჯოჯოხეთს: მოოხრების (გატიალების) სისაძაგლეს (მ. 15). გატიალების სისაძაგლე ეცდება გააპარტახოს მსოფლიო, მოწყვიტოს მას ყოველივე ღვთაებრივი, და ამგვარად აჩვენოს, რომ სამყარო არ არის ღმრთის საქმე; რომ არ არის ღმერთი და, თუ ის არის, მიატოვა ეს სამყარო და დაუთმო იგი ეშმაკს; ან კიდევ ის, რომ ღმერთი თავისი სიკეთით უზლურია ბოროტებისა და მისი ძალის წინაშე. და კიდევ: "გატიალების სამეფო" შეიპყრობს თვით წმიდა ადგილსაც - ეკლესიასაც. და აქ იქნება აღურაცხელი საშინელებანი, რათა ეკლესია დაემხოს და სიმართლით ითქვას მასზე: აი მანაც კი გასცა ქრისტე, ის უძლურია თავი დაიცვას ბოროტების საშინელი ძალის წინაშე. და კიდევ: ადამიანი წმიდა ადგილია, ამ წმიდა ადგილზე - გატიალების სისაძაგლეა, რადგან ყოველი ადამიანი თავისი ღმრთისხატოვანი სულით წმიდა ადგილია. და ბოლოს, ყოველი ქმნილებაც წმიდა ადგილია, რადგან ყოველი მათგანი ღმერთ ლოგოსის შექმნილია, რამეთი ყოველივე ლოგოსურია თავისი არსით, თავისი ბირთვით.
 
როდესაც ეს წმიდა ადგილები შეურაცხიყოფა, შეიბილწება, დაექვემდებარება გმობას, ეს იქნება სამყაროს აღსასრულის ნიშანი. მაშინ უკვე გვიან იქნება რაიმე ძალისხმევა თავის გადასარჩენად; მაშინ ყოველგვარი გაქცევა ამაო გახდება, რადგან მსოფლიოს ადამიანური, ანტიქრისტული ბოროტებისა და უსჯულოების წარღვნაში აღმოხდება სული. ეს იქნება მსოფლიოში ყოვლისმომცველი უბედურების მწვერვალი. ეს იქნება საყოველთაო ჭირი; მხოლოდ რჩეულთა გამო შემოკლდებიან ის დღეები (მ. 22). მაშასადამე: ამ მსოფლიო გატიალებისა და ყოველივე წმიდისა და ღვთაებრივის განადგურებისას, დედამიწაზე ღმრთის მადლით გადარჩებიან მხოლოდ ღმრთითრჩეულნი. ვინ არიან ესენი? ქრისტეს რწმენის ადამიანები, ქრისტეშემოსილები და ქრისტეს მოყვარენი. მათ ვერანაირი ბოროტება ვერ მიდრიკავს ქრისტესგან; ვერც "ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი..." როგორც სწერია: "რადგან შენს გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ შერაცხილნი. ... ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც ჭირვება, ვერც მახვილი, ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ხელმწიფებანი და ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესუში" (რომ. 8:35-39).

მართ. კესარიოს ნაზიანზელი (IV ს.): "კითხვა: თუ სამყაროს აღსასრული და ქრისტეს მოსვლა გარდაუვალია, რატომ ამბობს უფალი: "მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად. ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად"? და კიდევ ამბობს: "ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად" (მთ. 24:16-21). ხოლო თუ აღსასრული მოხდება ზაფხულში, კვირას ან ორშაბათს, შევძლებთ გაქცევას და დამალვას? ადამიანთა ესოდენი სიმრავლიდან და კრებულთაგან, რატომ დაიტირა განსაკუთრებულად უფალმა ფეხმძიმენი და მეძუძურნი? იმიტომ ხომ არა, რომ ვერ შეძლებენ შვილთა შობას ან იმიტომ, რომ მაშინ ისინი უფრო მეტად დაიტანჯებიან?
 
პასუხი: უფალი, როდესაც წინდაწინ გვაუწყებს მოსალოდნელ განსაცდელს, იუდეველთ მთებში გახიზვნისკენ მოუწოდებს. რადგან ვესპასიანეს შემდეგ მოვიდა ტიტუსი, რომელმაც მთლიანად გადათხარა და გადაფქვა იერუსალიმი. ის სასტიკად ხოცავდა იუდეველთ, მახვილით ამოწყვიტა მამაკაცები, მიწას დაანარცხა პატარა ყრმები, ხოლო მშობიარე დედაკაცთ მუცლები გამოუფატრა, და ყოველგვარი წარმწყმედელი მოსვრით გაავლო მუსრი ღმრთისმბრძოლ მოდგმას. შაბათს ქალაქს ალყა შემოარტყეს, ყველანი სახლში იყვნენ შაბათის დღესასწაულობის გამო, კარზე ზამთარი იდგა, ასე რომ მათგან არავის შეეძლო გაქცეოდა აკუწვასა და დაღუპვას. ხოლო მათ, ვინც მეორე სართულზე ცდილობდა დამალვას, ვერაფერი მიჰქონდათ თან საკუთარი ქონებიდან, რადგან ფიქრობდნენ, რომ სიცოცხლე ქონებაზე უმეტესია. იყვნენ ისეთებიც, ვისაც შემოსევამ მინდორში მიუსწრო, და ისინი არა თუ სახლში არ ბრუნდებოდნენ, არამედ შორს მირბოდნენ, რადგან ხედავდნენ მათი ქალაქი როგორ იწვოდა და იღუპებოდა.
 
ხოლო თუ გსურთ უფრო ამაღლებულად, ჩვენს ცხოვრებასთან მიმართებაში განვმარტოთ სიტყვა: "იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ", მაშინ ვისმინოთ, - იუდეა განიმარტება, როგორც კეთილ სარწმუნოებაში განმტკიცება; მაღალი თავშესაფარი - ქრისტეა, - საკუთარი აღმსარებლობით დაცულნი, სწორედ მას უნდა შევეფაროთ. "ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად", ნიშნავს არაფრად ჩავაგდოთ აწინდელი კედლებში ცხოვრება, მოვიძულოთ ყოველივე აქაური სილამაზე და სამყაროზე ავმაღლდეთ; განვდევნოთ ჩვენგან ვნებები და არაფერი ავიღოთ მათგან: არც სიხარული, არც წუხილი, არც სიმდიდრე, - რაც მთიდან ჩამოსვლის ტოლფასი იქნებოდა.
 
ხოლო ის, "ვინც მინდორშია, თავისი სამოსის წამოსაღებად ნუ დაბრუნდება", ანუ მან, ვინც განიმოსა ძველი კაცი და უარყო ხორციელი ცხოვრება, დაე ატაროს ახალი კაცი, რადგან თვით განიახლა თავი იმისთვის, რათა ღმერთი ეხილა. განიწმინდა სიბილწისგან, რათა თავისუფალი გამხდარიყო ყოველგვარი ბოროტებისგან და არავითარ შეცბუნებას და გულისმიერ მიდრეკილებას არ მიედრიკა ის ქრისტე ღმერთის სიყვარულისგან.
 
ქრისტე ამბობდა, ვინც დედა და ძმებად იწოდებიან, ასეთებად ცხონების მცნებათადმი მორჩილების გამო იწოდებიან. ეს კი სულიერის ხორციელზე აღმატებულობას ნიშნავს. ასე დატოვეს მისმა მოწაფეებმაც ტრაპეზი, რათა მიჰყოლოდნენ ღვთისმოსაობის საბურველს, და მიიღეს სიტყვა, რომელსაც საქმეებით ამტკიცებდნენ. კარგია სალამურივით და ბარბითივით ხმატკბილობა, მაგრამ სიკეთის ქმნა - ანგელოზთა შესადარი საქმეა (Вопросы св. Сильвестра и ответы прп. Антония. Вопрос 218).
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XI-XII სს.): "მიუთითა რა უბედურებათა გარდაუვალობაზე, უფალი უკანმოუხედავად გაქცევას გვამცნებს ისე, რომ არც კი ვიზრუნოთ ქონებაზე, სამოსზე ან სხვა ნივთებზე, რომლებიც სახლში დაგვრჩა. თუმცა, ზოგიერთი კომენტატორი "გატიალების სისაძაგლეში" გულისხმობს ანტიქრისტეს, რომელიც ეკლესიათა ნგრევისა და სამყაროს გაპარტახების წინ გამოჩნდება, თანაც დაჯდება ტაძარში; ამის შესაბამისად მცნება გაქცევისა და ერდოზე ასვლის შესახებ ესმით, როგორც სათნოებათა სიმაღლეებზე ასვლა (რადგან სხეული - სულის სახლია), რათა არავინ ჩამოვიდეს იქიდან რაიმე ხორციელის წასაღებად. მინდვრიდან გაქცევაც მიწიერისგან განშორებას გულისხმობს, რადგან მინდორი - სიცოცხლეა; არ უნდა ავიღოთ სამოსიც, ანუ ძველი ბოღმა და ბოროტება, რომელიც უკვე განვიმოსეთ" (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-24/stih-16).


17. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად.
 
18. ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად.
 
 
არქიეპ. ამბერკი (ტაუშევი) (1906-1976): "და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს..." სახლთა ერდოები ბრტყელი იყო, რაც მოხერხებულს ქმნიდა განმარტოვებისა და დასვენებისთვის: გაჭირვების დროს ერდოზე მყოფნი სწრაფად უნდა გაქცეულიყვნენ, და დრო არ დაეკარგათ იმაზე, ჩამოსულიყვნენ სახლში რაიმეს ასაღებად".

ნეტ. იერონიმე სტრიდონელი (დაახლ. 347–419/20): "გატიალების სისაძაგლედ შეიძლება გავიგოთ ყოველგვარი უკეთური სწავლება. როდესაც მას წმიდა ადგილზე, ანუ ეკლესიაში დავინახავთ, თავმომწონედ ღვთაებრიობას რომ იჩემებს, იუდეიდან მთაში უნდა გავიქცეთ, ანუ დავტოვოთ მკვლელი ასო და იუდაური გარყვნილება, მივუახლოვდეთ მარადიულ მთებს, რომელთაგან ღმერთი საკვირველად განანათლებს (ფსალმ. 75:5), და დავრჩეთ იმ ჭერქვეშა და იმ საცხოვრისში, რომელშიც ეშმაკის ცეცხლოვანი ისრები ვერ შემოაღწევს (იხ. ფსალმ. 115:5); არ უნდა ჩამოვიდეთ და არაფერი ავიღოთ ჩვენი ადრინდელი საცხოვრისიდან, და არ ვეძებოთ ის, რაც ჩვენს უკან დარჩა, არამედ სულიერ წერილთა ველზე თესვა ვამჯობინოთ, რათა მისგან მივიღოთ ნაყოფნი..."

წმ. ჰილარიუს პიქტავიელი (დაახლ. 315 – 367): "ერდო - სახლის სახურავია, მთლიანი საცხოვრისის ღირსეული დასასრულია. ხომ არ შეიძლება ითქვას, რომ სახლი არსებობს სახურავის გარეშე; და ის, ვინც დამტკიცებულია თავისი სახლის ერდოზე - ანუ აღორძინებით განახლებული საკუთარი სხეულის სრულყოფილებაში, - ამაღლებულია სულით და საღმრთო ნიჭის მიღებით მიყვანილია სრულქმნილებამდე. ასეთი ადამიანი თავს ნებას არ უნდა აძლევდეს ხორციელი ვნებებით ცთუნდეს და წუთისოფლის წარმავალ მიდრეკილებათა ბიწიერ მოსურვებებამდე ჩამოვიდეს, ანუ ერდოდან ჩამოვარდეს. ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად - ნიშნავს, რომ მცნებათა აღსრულებით დაკავებული ადამიანი თავის ადრინდელ საზრუნავს არ უნდა უბრუნდებოდეს და ძველ ხორციელ სამოსსაც კი არ უნდა ნატრობდეს, რათა ისევ ცოდვის დაძველებული შესამოსელით არ შეიმოსოს" (Комментарий на Евангелие от Матфея 25.5, SC 258:168).

დეკ. იოანე ბუხარევი (1836–1912): "ცნობილია, რომ აღმოსავლეთში ერდოები ისე არ არის მოწყობილი, როგორც ჩვენთან, და სახლებში ერდოდან შიგნით შესასვლელი კიბეც ჰქონდათ და გარეთ გასასვლელიც. სიტყვები: "ერდოზე მყოფი" და სხვ. ნიშნავს, რომ იერუსალიმის დანგრევის დროს უფრო საჭირო იყო გაქცევა, ასე რომ, თუკი ადამიანს ერდოზე მოუწევდა განსაცდელი ან მინდორში, სახლში არ უნდა ჩასულიყო რაიმეს ასაღებად, თუნდაც ძალიან საჭირო ყოფილიყო იგი, მაგალითად, ტანისამოსი: სხვაგვარად შეიძლებოდა დაღუპულიყო. საეკლესიო ისტორიკოსი ევსები წერს, რომ იერუსალიმის და პალესტინის ქრისტიანებმა, რომლებმაც უწყოდნენ უფლის ამ სიტყვის შესახებ, ქალაქები და სოფლები მიატოვეს და თავი უსაფრთხო ადგილს, იორდანის აღმოსავლეთ მხარეს შეაფარეს; ამდენად, ცნობილი არ არის არც ერთი შემთხვევა, რათა ვინმე მათგან იერუსალიმის დანგრევის დროს დაღუპულიყო" (Иоанн Бухарев свящ. Толкование на Евангелие от Матфея. М., 1899. Зач. 99. С. 235).

წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): "გაიქეცითო, ამბობს, თქვენ არ გექნებათ უკვე გადარჩენის იმედი, ხოლო რამდენადაც ხშირად ხდებოდა, რომ იუდეველები, სასტიკი ომების დროს ისევ გამაგრდებოდნენ ხოლმე, როგორც, მაგალითად, სენაქირიმეს და ანტიოქეს დროს, იმისთვის, რომ ახლაც მსგავსი ცვლილებების მოლოდინი არ ჰქონოდა, მან ყოველგვარი იმედი გადაუწურა მათ. კარგი იქნება, ამბობს ის, თუ ვინმე შიშველი მაინც გადარჩება, ამიტომაც ერდოზე მყოფთაც არ რთავს ნებას, სახლში შევიდნენ ტანსაცმლის ასაღებად, აჩვენებს ბოროტების გარდაუვალობას და უზომოდ დიდ გასაჭირს და იმას, რომ ვინც ამ გასაჭირში ჩავარდება აუცილებლად დაიღუპება. ამავე მიზეზით უმატებს, რომ ვინც ველად იმყოფება, არ მობრუნდეს ზედა ჩასაცმელის ასაღებად. თუკი ისინი, ვინც სახლებში იმყოფებიან გარბიან იქიდან, მაშინ მითუმეტეს არ უნდა მობრუნდნენ ისინი, ვინც მის გარეთ არიან" (წმ. იოანე ოქროპირი. 76-ე ჰომილია მათეს სახარებაზე).

ღირ. ისიდორე პელუსიელი († დაახლ. 436): "შენ მთხოვე შენთვის განმემარტა სამყაროთა აღსასრულის ნიშნები, უფალმა რომ გაგვიხსნა ჩვენს საყურადღებოდ; მაშ, შეიტყვე მათი მნიშვნელობა. "იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ". ღვთისმოსაობაში დამკვიდრებულთ (ამას ნიშნავს იუდეა) მხედველობაში ჰქონდეთ აღმსარებლობის თავშესაფარი. "და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად". ვინც უგულებელჰყო თავისი ახლანდელი სახლი, მოიძულა ყოველგვარი აქაური საცხოვრისი, ამაღლდა ცხოვრებით და საკუთარი თავიდან განდევნა მასში დამკვიდრებული ყოველგვარი ვნება, მას ნუ შეიპყრობს: ნურც შიში, ნურც დაუდევრობა, ნურც მედიდურობა, ნურც სიმდიდრისადმი მიდრეკილება; ეს ყველაფერი არის სიმაღლიდან ჩამოსვლა. "ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად". ვინც განიძარცვა ძველი კაცი და უარი თქვა ხორციელზე, ის დაე ახალი კაცით შეიმოსოს, რომელიც განაახლა ღმრთიშემეცნებამ, და ყლარტისგან განწმინდა. ეს ყოველივე უსაფრთხოებაში იქნება იმ დიდი ჭირვების ჟამს" (Христодору. Что значат слова: тогда сущии в Иудеи да бежат на горы?).

ეპისკოპოსი მიხაელი (ლუზინი) (1830—1887): ""თავისი სამოსი": ზედა სამოსი, რადგან მინდორში ჩვეულებისამებრ ზედა სამოსის გარეშე მუშაობდნენ, რომელსაც შინ ტოვებდნენ"

პროფ. დ. პ. ბოგოლეპოვი (1845-1880): მათე და მარკოზ მახარობლების აღწერით, იესუ ქრისტემ რომაელთა ჯარის მიერ იერუსალიმის ალყაში მიუთითა დანიელის წინასწარმეტყველების აღსრულება (დანიელი 9:26-17. 11, 31. 12:11). ამ წინასწარმეტყველების პირველი და უახლესი აღსრულება მოხდა ანტიოქე ეპიფანეს დროს, როდესაც მან იერუსალიმის ტაძარი შებილწა (1 მაკაბ. თ. 1); ხოლო მოცემულ შემთხვევაში ის გულისხმობს უმაღლეს და უსრულეს აღსრულებას.
 
ის, რომ გატიალების სისაძაგლეში, რომელიც დგას წმიდა ადგილას ("სადა-იგი არა ჯერ-არს", ანუ სადაც ის არ უნდა იდგეს (იხ. მარკ. 13:16) - "აპოკ." რედ.), უნდა ვიგულისხმოთ იერუსალიმში და ტაძარში რომაულ-წარმართული მხედრობის შესვლა, რაც ჩანს ლუკას სახარებიდან, რომელიც იერუსალიმის დაპყრობის ფაქტს აღნიშნავს არა დანიელის წინასწარმეტყველების სიტყვებით, არამედ პირდაპირ: "როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი" (ლუკა 21:20). რომ აჩვენოს, თუ როგორი საშინელი უბედურებები ელოდება გარშემორტყმულთ, იესუ ქრისტე ყველას გაქცევას ურჩევს და შემდეგ უთითებს, რომ თავის გადარჩენა უკიდურესად ძნელი იქნება. და საერთოდ, "ესენი არიან შურისგების დღენი, რათა აღსრულდეს მთელი წერილი" (ლუკა 21:22).
 
ეს იქნება დრო, როდესაც აღსრულდება ყველა ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველება (დაწყებული მოსედან (2 რჯლ. თ. 28)) უბედურებებზე, რომლებიც ისრაელის თავზე მოიწევა მისი ღმრთითმბრძოლობის გამო; "იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება" (მათე 24:21) (Руководство к толковому чтению Четвероевангелия и книги Деяний Апостольских. Д. Боголепов. Издание 5. М.: 1910. - С. 309-310)

ლათინი ეპისკოპოსი ეპიფანე (დაახლ.: V-VI სს.): "შემდეგ წმიდა წერილში ვკითხულობთ: ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად. ამ მინდორში ჩვენ გვესმის ეკლესია, როგორც ეს მითითებული იყო პატრიარ ისააკის მიერ თავისი შვილის იაკობის კურთხევაში: აჰა ესერა, სულნელებაჲ ძისა ჩემისაჲ, ვითარცა სულნელებაჲ ველისა სავსისა, რომელი აკურთხა უფალმან (დაბ. 27:27). ეს ველი სავსეა მრავალფეროვანი ყვავილებით, რომლებიც აფრქვევენ უტკბილეს არომატს. აქ აშკარად ეკლესიაა ნაგულისხმევი, რომელშიც სრულყოფილებას აღწევენ ყვავილნი უფლისანი, ანუ - უბიწოება, ქალწულება, თავშეკავება, აღმსარებლობა, რწმენა, მოწყალება, სამართლიანობა, ჭეშმარიტება და მოწამეობა. ასეთია იმ მინდრვის ყვავილები, რომელიც არის ეკლესია; ყვავილები, რომლებიც ახარებენ უფალს და, რომლებიც უფალმა აკურთხა. ამიტომაც თქვა: მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ. უფალმა ასეც თქვა: გაიხსენეთ ლოტის ცოლი (ლუკა 17:32). გაურბოდნენ რა სოდომის ცეცხლს, მან უკან მიიხედა და მარილის სვეტად იქცა, რითაც ყველას თავისი სისულელის მაგალითი დაუტოვა. ამიტომაც მოგვიწოდებს უფალი მისდამი რწმენაში, სულიერ ცხოვრებაში და სიყვარულში ამაღლებისდა კვალად უკან არ მოვიხედოთ, არამედ ჩვენი სულები მარადიული ცხოვრებისთვის ვიხსნათ" (Толкование на Евангелия ЗЗ, PLS 3:882).
გაპარტახების სიბილწე
19. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად.


ექვთიმე ზიგაბენი: "პირველთ (ფეხმძიმეთ - "აპოკ." რედ.) ვაი, რადგან შინაგანი სიმძიმის გამო ვერ შეძლებენ გაქცევას, ხოლო მეორეთ (მეძუძურთ - "აპოკ." რედ.) - გარეგანი სიმძიმის გამო. ერთნი დამძიმებულნი იქნებიან მუცლით სატარებელი ნაყოფის, ხოლო მეორენი - ძუძუმწოვარა ჩვილების გამო. არ არის ძნელი უგულებელჰყო ფული და სამოსი თავის გადასარჩენად, მაგრამ სრულიად შეუძლებელია იოლად გაიქცეს ფეხმძიმე, ან თავისი ძუძუთა ბავშვი მიაგდოს დედამ სრულიად ბუნებრივი კავშირის გამოს. ამრიგად, ვაი ამგვართ, რადგან მათი შეპყრობა ადვილი იქნება, ვაი მათ ნაყოფსაც და ძუძუთა ჩვილებსაც, რამეთუ დედებთან ერთად დაიღუპებიან. გადატანითი მნიშვნელობით ფეხმძიმეებში ვგულისხმობთ სულებს, რომლებსაც ჯერაც არ უშვიათ სათნოებები, ხოლო მეძუძურებში იმათ, რომლებმაც შვეს, მაგრამ მათი ნაყოფი მცირეა და უმნიშვნელო".

ეპისკოპოსი ეპიფანე ლათინელი: "წმიდა ტექსტი აგრძელებს: "ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად". ეს ნიშნავს: ვაი მათ, ვინც უგულებელყოფს რწმენას, მუცლად იღებს ჭირვებას და შობს უსჯულოებას. რადგან როგორც ფეხმძიმე ქალს გაქცევისას არა აქვს მოსვენება, არამედ მხოლოდ ტკივილი და მშფოთვარება, ასევე ცოდვილებსა და ფსევდოქრისტიანებს არაფერი შერჩებათ ჭირის გარდა, როდესაც ღმრთის მსჯავრი და განკითხვის დღე ეწევათ. წმიდა სახარება შემდეგ ამბობს: "ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება" (მათე 24:20-21). ზამთარი და შაბათი აქ აღნიშნავენ ორ ხალხს: წარმართებსა და იუდეველთ. მსგავსად იმისა, როგორც ზამთარია უნაყოფო, ცარიელი და გაყინული, ასევე წარმართებიც (სულიერად) ღატაკები და უნაყოფონი არიან. ამიტომაც მოგვიწოდებს უფალი დევნულებების დროსა და განკითხვის დღეს წარმართებივით არ აღმოვჩნდეთ: სულიერად ღატაკნი, გაყინულნი და კეთილ საქმეებში უნაყოფონი. შაბათი კი - დღეა, რომელიც მთლიანად ეთმობა უსაქმობას, და იუდეველები ამ დღეს არაფერს აკეთებენ, არამედ მხოლოდ ისვენებენ. ასე რომ ჩვენ უნდა ვმღვიძარებდეთ, რათა დევნულების დრო ან სამსჯავროს დღე უსაქმობაში არ გვეწვიოს. ხოლო ვინც ამდაგვარი აღმოჩნდება, დამსახურებულად მოიმკის "დიდ ჭირს, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება" (მათე 24:21) (Толкование на Евангелия ЗЗ, PLS 3:882).

ნეტ. ჰიერონიმე სტრიდონელი: "ვაი მათ სულებს, რომლებმაც თავიანთი ნაშობნი სრულყოფილი მამაკაცის დონემდე არ აღზარდეს, არამედ მხოლოდ რწმენის ჩანსახებიღა გააჩნიათ ისე, რომ ჯერაც მოძღვართაგან განსწავლას საჭიროებენ".

წმ. ჰილარიუს პიქტავიელი: "არ უნდა ვიფიქროთ, რომ უფალმა ჩვენი ყურადღება მიაპყრო ფეხმძიმე ქალთა გასაჭირს, როდესაც თქვა: "ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად!" არა, ამით მან გვიჩვენა ცოდვებით სავსე სულთა სიმძიმე, რომელთაც ეს მდგომარეობა ხელს უშლის გაექცეს მრისხანების ქარიშხალს, რომელიც მათთვის მომზადდება, იქნებიან ისინი სახლის სახურავზე თუ ველში. ტანჯვა ბუნებრივად ახლავს ფეხმძიმობას, და ამქვეყნად არავინ ჩნდება იმის გარეშე, რომ სხეული არ შეიძრას. ასევეა სულიც, თუკი აღმოჩნდება ამგვარ მდგომარეობაში, და შემდეგაც დამძიმებული იქნება და იტანჯება. "ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად!". მეძუძურ ჩვილს დედაზე მეტად როდი ძალუძს გაქცევა. მაგრამ თუკი არ არის განსხვავება დამპურებელთა და დასაპურებელთა ასაკსა და მდგომარეობაში, მაშინ როგორ გავიგოთ: "მეძუძურთ იმ ხანად!" ეს გაფრთხილება უნდა აჩვენებდეს სულთა უბიწოებას, რომლებიც სწავლობდნენ ღმრთის შემეცნებას, თითქოსდა დედის რძით იზრდებოდნენო. სინამდვილეში ისინი მხოლოდ მცირედი ღმრთისშემეცნებით კმაყოფილდებოდნენ და მოკლებულნი არიან იმ ძალას, რომელიც მყარი საკვებისგან მომდინარეობს. ამრიგად, უფლის მიერ ნათქვამი "ვაი", ეხება სულებს, რომლებიც საკმაოდ დამძიმებულნი არიან ისე, რომ ვერ გაექცევიან ანტიქრისტეს, ან იმდენად უძლურნი, რომ ვერ წარდგებიან მის წინაშე, რადგან არ გაურბოდნენ ცოდვას და არ დაპურებულან ჭეშმარიტი პურით. ასე რომ, ჩვენ მოწოდებულნი ვართ ლოცვად, რათა ჩვენი გაქცევა არ მოხდეს ზამთარს ან შაბათს. სხვა სიტყვებით, არ უნდა გვეწიოს საკუთარი ცოდვების სიცივე და კეთილ საქმეთა არარსებობა. სმძიმე, აუტანელი ჭირი დააწვება ყველას მანამ, სანამ ღმერთი რჩეულთა გამო მათ არ შეამოკლებს" (Комментарий на Евангелие от Матфея 25.6-7, SC 258:188-90).

ღირ. ისიდორე პელუსიელი: "ეს ითქვა იმ სულთა გამო, რომლებიც თავიანთ წიაღში ღმრთის სიყვარულს ატარებენ, მაგრამ ვერ ბედავენ თავისუფლად გამოთქვან და აღიარონ ღმრთისადმი რწმენა გარეშეთა წინაშე, ვერ ბედავენ მყარად მის დაცვას. მათ შეიძინეს ბავშვური და არასრულყოფილი ცოდნა ღმრთის მოთმინებაზე და არ გააჩნიათ სასოება საღმრთო სიკეთეზე; არამედ შიშისა და თავდასხმების გამო დაუძლურდნენ და მომავალ ნეტარებას მოაკლდნენ" (211. Горе непраздным и доящим в тыя дни (Мф. 24:19)).

არქიმანდრიტი იუსტინე (პოპოვიჩი): "ეკლესიის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ღმერთკაცი აშენებს თავის მიმდევართა მიერ (ეფეს. 4:11-13), და რომელიც არის სამოთხე დედამიწაზე, ზეციური სასუფეველი დედამიწაზე, ცოდვის მოყვარულნი, პირიქით, დედამიწაზე ქმნიან ბოროტების სამეფოს, ჯოჯოხეთს. მოოხრების სისაძაგლე (მ. 15), გატიალების საშინელება, რომელიც მთელი სამყაროს გაპარტახებას ცდილობს, და ელტვის წაართვას მას ყოველივე ღვთაებრივი, ამგვარი ხერხით აჩვენებს, რომ სამყარო არ არის ღმერთის საქმე, რომ არ არის ღმერთი, და თუ ის არის, მიატოვა ეს სამყარო და მისცა ის ეშმაკს, ან კიდევ იმას, რომ ღმერთი თავისი სიკეთით უძლურია ამ ბოროტებისა და მისი ძალის წინაშე. და კიდევ: "გატიალების სამეფო" დაიპყრობს თვით ყველაზე წმიდა ადგილს - ეკლესიას. და აქ იქნება მრავალი საშინელება, რათა ეკლესიაც დაკნინდეს და მასზე სამართლიანად ითქვას: აი, მანაც კი გასცა ქრისტე, და ის უძლურია თავი დაიცვას ბოროტების საშინელი ძალის წინაშე. და კვლავ: ადამიანი წმიდა ადგილია, და ამ წმიდა ადგილზე იქნება - გატიალების სისაძაგლე, რადგან ყოველი ადამიანი თავისი ღმრთითხატებითი სულით წმიდა ადგილად იწოდება. და ბოლოს, ყოველი ქმნილებაც წმიდაა, რადგან ყოველი მათგანი - ღმერთ ლოგოსის ქმნილებაა, ყოველი მათგანი ლოგოსურია არსით, ბირთვით. როდესაც ყველა ეს წმიდა ადგილი შეირყვნება, დაიგმობა, ეს უკვე სამყაროს აღსასრულის ნიშანი იქნება. მაშინ უკვე გვიან იქნება ცხონებისთვის საჭირო ყოველგვარი ძალისხმევა; მაშინ ყოველგვარი გაქცევა ამაო გახდება, რადგან სამყარო ადამიანური, ანტიქრისტესეული და უსჯულოებისეული ბოროტების წარღვნაში დაინთქმება. ეს იქნება ყოვლისმომცველი უბედურების კულმინაცია მთელ მსოფლიოში. ეს იქნება საყოველთაო ჭირი, რომელიც მხოლოდ რჩეულთა გამო შემოკლდება იმ დღეებში (მ. 22). მაშასადამე: ყოველი სიწმიდისა და ღვთაებრივისგან ამ საყოველთაო გატიალებაში დედამიწაზე ღმრთის მადლით მცირედნი გადარჩებიან. ვინ არიან ისინი? - ქრისტეს რწმენის ადამიანები, ქრისტეშემოსილნი და ქრისტესმოყვარენი. მათ ვერანაირი ბოროტება ვერ მიაქცევს ქრისტეს სიყვარულისგან; ვერც ჭირი, ვერც მახვილი, "ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი", ან სხვა რომელიმე ქმნილება (რომ. 8:35-39).

ეპისკოპოსი მეთოდე (კულმანი): "ყველასთვის ერთი იქნება ხსნა - გაქცევა. ესარის წინასწარმეტყველებათა აღსრულების დღეები, სამსჯავროსა და ზეციური მიგების დღეები. "ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად!" პირველთ იმიტომ, რომ ფეხმძიმობის საკვრელებით შეკრულნი გაქცევას ვერ მოახერხებენ, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - ხოლო უკანასკნელნი იმიოტმ, რომ შეკრულნი არიან შვილებისადმი სიყვარულის საკვრელებით და მეძუძურ ჩვილებს ვერ მიატოვებენ. კაცი ადვილად დათმობს ფულსა და ქონებას, ასევე ტანისამოსსაც; მაგრამ, როგორ შეიძლება გაექცე იმას, რაც ბუნებისგან არის? როგორ იქნება მსუბუქი ფეხმძიმე ქალი? როგორ მიატოვებს თავის ჩვულს მეძუძური დედა?"


20. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს


წმ. ამბროსი მედიოლანელი: "33. "ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს". უფალი მოვა სამსჯავროს დღეს, და მის წინ ცეცხლი აღენთება (ფსალმ. 49:3; 96:3). ცეცხლის ძალა ყოველთვის ერთია, და, მეტიც, მისი მხურვალება ზაფხულში უფრო ძლიერდება. მაშ, რატომ გვიბრძანებს უფალი ვილოცოთ, რომ ჩვენი გაქცევა არ მოხდეს ზამთარში? სავარაუდოდ, მას სურს, რომ მთაში გაქცეულს არ ჰქონეს ცოდვათაგან გაციების, ცოდვათა ყინვის, ქარისა და სეტყვის შიში, არამედ რათა არ დაცურდეს და ზაფხულის ცის სიწმიდემ ხელი შეუწყოს საშიშ ბილიკებზე არამდგრადი ფეხებით მავალს.

34. ამის შესახებ სიხარულით იუწყება ის პატარძალიც, ვისი მსვლელობა უკვე თავისუფალია საფრთხეთაგან და მყარ საძირკველზეა დამყარებული: "რამეთუ, აჰა, ესერა, ზამთარი წარჴდა და წჳმა დასცხრა და წარვიდა გზასა თჳსსა.  და ყუავილი გამოჩნდა ქუეყანასა ჩუენსა, ჟამი სხლვისაჲ მოიწია, ჴმაჲ გურიტისაჲ ისმა ქუეყანასა ჩვენსა. ლეღუმან გამოუტევა გაგაჲ თჳსი, ვენაჴნი ყუავიან, მოსცეს სულნელებაჲ თჳსი" (ქებათა ქება 2:11-12). ზამთარში ქარი თავიანთი სამოსლისგან განძარცვავს ხეებს, და მკაცრი სუსხი, როგორც სიკვდილი, ფაქიზ ფოთლებს ანადგურებს. გაზაფხულზე ღვივდება თესლი, და ახალი ზაფხული გაცოცხლებულ ბუნებაში კვლავ იყვავილებს. გაზაფხული - ეს პასექია, როდესაც მე ვიღებ ცხონებას, ზაფხული კი - სულთმოფენობა, მომავლის წინასახე, როდესაც ვზეიმობთ აღდგომის დიდებას.

35. ასევე საჭიროა ვილოცოთ, რათა მოსულმა უფალმა არ წაგვისწროს შაბათ დღეს, ანუ უქმობისას. იღვაწე, როგორც სჯული ითხოვს, დღითი დღე, გულანთებით და მგზნებარებით! ამაოდ კი არ წერილა: "განსვენების შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი. ეს არის სამარადისო წესი" (ლევ. 16:31). სამოცდაათი წელი გაატარა ებრაელმა ხალხმა გადასახლებაში, და ამ დროს დაირღვა ღმრთის თაყვანისცემა, გაიქელა თავისუფლება, შეურაცხყოფილ იქნა სირცხვილის გრძნობა. მაშ, დროა ახლა გადასახლდე ამ ცხოვრებიდან, როდესაც მყარია სათნოებები და ტყვეობაშია ვნებები, და არა მაშინ, როდესაც დატყვევებულია სული, რომელსაც გაცლილი აქვს სიმტკიცე და ძალა, და მაში ხორციელი ცოდვები ბობოქრობენ (Амвросий Медиоланский свт. Толкование на Евангелие от Луки. Книга десятая// Собрание творений. Т. 8. ч.2. М.: ПСТГУ, 2020. С. 389-391).

ექვთიმე ზიგაბენი: აქედან ნათელი ხდება, რომ თუმც ქრისტე ამ სიტყვებით მიმართავდა მოციქულებს, ისინი ეხებოდა იუდეველებსაც, რადგან მოციქულები, როდესაც აღებულ იქნა იერუსალიმი უკვე აღარ იცავდნენ შაბათს. რატომ არც ზამთარში და არც შაბათს? არც ზამთარს - არახელსაყრელი დროის გამო, ხოლო არც შაბათს - სჯულის გამო, რომელიც შაბათს ნაბიჯთა ცნობილ რაოდენობაზე მეტის გადადგმას კრძალავს. საიდუმლო აზრით გაქცევაში ჩვენ ვგულისხმობთ სულის გასვლას სხეულიდან, ზამთარში - აზრთა მშფოთვარებას და ქარტეხილებს, ხოლო შაბათში - სათნოებებს. ეს სიტყვები ლოცვისკენ გვიბიძგებენ, რათა სხეულისგან სულის გასვლა მოხდეს არა ქარბუქის და ჩვენი აზრების მშფოთვარების ან სათნოებათაგან განძარცვის ჟამს, არამედ ჩვენი გონების სრული სიმშვიდისა და სათნოებათა სრული მოქმედების დროს.

ღირ. ეფრემ ასურელი: "ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს", ანუ რომ არ წარგტყვევნონ ისეთ დროს, როდესაც შეუძლებელია მოქმედება. როგორც ზამთარია უნაყოფო და შაბათი უქმე, ასევე გაფრთხილდით, რათა მაშინ არ მოხდეს თქვენი დატყვევება, როდესაც არც ნაყოფი გექნებათ და არც ღვაწლი. "ზამთარშიო - ამბობს, - ანდა შაბათს"; ერთ-ერთი მათგანი არის აუცილებლობის საქმე, მეორე კი - თავისუფლებისა; ზამთრი არის აუცილებლობის საქმე, შაბათი კი - თავისუფლებისა. მაგრამ დაე ნუ განგაშორებთ უფალს სხვათა იძულება, ნურც საკუთარი ნება. შემდეგ, ზამთრისა და შაბათის მეშვეობით მოასწავა, რომ მათ ელოდებათ გაჭირვება. და იმის შემდეგ, რაც თავისი მრისხანება აჩვენა და განუცხადა, რომ ეს მათზე სამართლიანად მოიწევა, იმწამს თავიდანვე, თავისი მრავალმოწყალებით, მოუწოდა მათ ელოცათ არა იმისთვის, რათა მოსალოდნელი მძიმე სასჯელი აერიდებინათ, რომელიც თავს უნდა დატყდომოდათ, არამედ იმისთვის, რათა შეცვლილიყო დრო და ჟამი დიდი უბედურების დადგომისა, რომელიც მათ ემუქრებოდათ. ასე შეაერთა მოწყალე უფალმა თავის საუბარში ერთიც და მეორეც; ჯერ-ერთი ის, რომ ჭირვება გარდაუვალად მოიწევა, და თქვენ გაიქცევით, როგორც ეს წინასწარგანზრახულია, და, მეორეც, უნდა ილოცოთ, რათა ეს მწუხარება არ შეგემთხვეთ ზამთრით, როდესაც შემძლენი ვერ იქნებით გაექცეთ თავს მოწევნულ ჭირვებათ, ან შაბათს, რათა უბედურებები თქვენი სიმშვიდის ჟამს არ დაგატყდეთ. როგორც ძემ სჯულისა აჩვენა ზრუნვა სჯულზეც და დაადგინა, რომ მოსეს სჯული არ დარღვეულიყო. "თუკი, - ამბობს, - თქვენს შორის იქნებიან ლიტონნი და უგულისხმონი, დაე ომის დროს ნუ დაიცავენ შაბათს ისე, როგორც უნდა დაიცვათ მშვიდობის შემთხვევაში, ან რათა ამ დაგხოცონ იმათ მსგავსად, ვინც უდაბნოში იდუმალ ადგილებს შეეფარა" (შეად. 1 მაკაბ. 2:29-38). და კიდევ: "ზამთარში ანდა შაბათს", რადგან ზამთარი დასვენების დროა მთელი წლის შრომის შემდეგ, ხოლო შაბათი - შვიდი დღის დასვენებაა, ანუ დასვენებაა მისი მოსვლის დღეს, როგორც ეს სხვაგანაც არის ნათქვამი: "ღმრთის შაბათი ჯერაც რჩება..." (შეად. ებრ. 4:9), რადგან შაბათი ყოველ საქმეთაგან დასვენებაა. შემდეგ ამბობს: "ანდა შაბათს", რადგან იუდეველები თავის იწონებდნენ შაბათით, და: "ზამთარში", რადგან ზამთარი ცივია.

ნეტ. იერონიმე სტრიდონელი: ამ სიტყვების გაგება იერუსალიმის აღების დროსთან მიმართებაში თუ გვსურს, ანუ იმ დროსთან, როდესაც მას ტიტუსმა და ვესპასიანემ ალყა შემოარტეს, მაშინ უნდა ელოცათ, რათა მათი გაქცევა არ მომხდარიყო ზამთარში ან შაბათს, რადგან პირველ შემთხვევაში უდაბნოში ან დაუსახლებელ მთებში გაქცევას ზამთრის სუსხი ხელს შეუშლიდა; ხოლო მეორე შემთხვევაში, თუკი გაქცევას მოინდომებდნენ, ხელს შეუშლიდათ სჯულის დარღვევა; და დარჩენას თუ გადაწყვეტდნენ, მაშინ სიკვდილი დაემუქრებოდათ. მაგრამ, თუ ამ სიტყვებში სამყაროს აღსასრულს ვიგულისხმებთ, მაშინ უფალი გვასწავლის, რათა ქრისტესადმი ჩვენი რწმენა და სიყვარული არ გაცივდეს, რომ კეთილ საქმეთა შაბათს (virtutum) როგორც ღმრთის საქმეში ხელმოცარულნი არ გავითოშოთ.

წმ. იოანე ოქროპირი: ხედავ, რას ეუბნება იუდეველებს და მსჯელობს უბედურებებზე, რომლებიც მათ თავს დაატყდებად? მოციქულები არ იცავდნენ შაბათს და არ იყვნენ იერუსალიმში იმ დროს, როდესაც ამას ვესპასიანე აკეთებდა, რადგან მათი უმეტესობა ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო ვინც ცოცხლად დარცა ქვეყნის სხვა ნაწილში იმყოფებოდა. მაგრამ, რატომ "არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს"? ზამთარში, - დროის სიძნელის გამო; ხოლო შაბათს - სჯულის მოთხოვნილების გამო. გაქცევა აუცილებელი იყო, და თანაც უსწრაფესი; იუდეველები კი შაბათს გაქცევას ვერ გაბედავდნენ სჯულისადმი პატივისცემის გამო, ზამთარში კი გაქცევა ისედაც გართულდებოდა: ამიტომაც ამბობს ქრისტე: "ილოცეთ".

წმ. კირილე ალექსანდრიელი: შესაძლოა, ეს სიტყვები შეიცავდეს დაფარულ აზრს, რათა ვილოცოთ სხეულიდან არ გავიდეთ კეთილი საქმეებისგან განსვენების ჟამს, რასაც ნიშნავს შაბათი, და არც უნაყოფობის დროს, რაზეც მიანიშნებს ზამთარი. თანაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ღმერთს ვნებათა ზამთარი არ შეუქმნია, ჩვენ კი ყოველთვის მასში ვიმყოფებით ჩვენში აღზევებულ ხორციელ ვნებათა გამო (Комментарии на Евангелие от Матфея 269, TLG 4090.029, 269.1-10).

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: მოციქულთა სახით ამას იუდეველებს ეუბნება, რადგან თვით მოციქულები დროულად გაშორდნენ იერუსალემს. ამიტომაც იუდეველებს ემცნებათ ილოცონ, რომ გაქცევამ არ მოუწიოთ ზამთრს, როდესაც დროის სირთულის გამო ვერ შეძლებენ ამის განხორციელებას, და ასევე შაბათს, რადგან ამ დღეს იუდეველები უქმობენ, და ვერავინ მათგან გაქცევას ვერ გაბედავს. შენ კი ეს ასე გაიგე: უნდა ვილოცოთ, რათა ჩვენი გაქცევა ამ წუთისოფლიდან, ანუ ჩვენი აღსასრულის ჟამს, არ მოხდეს "შაბათს", ანუ მაშინ, როდესაც არ ვიქმთ კეთილ საქმეებს, და "ზამთარს", ანუ მაშინ, როდესაც კეთილ საქმეთა ქმნაში უნაყოფონი ვარ, არამედ ისე, რომ ჩვენი აღსასრული დადგეს სიმყუდროვესა და სულიერი უშფოთველობის ჟამს.
დიდი ჭირვება
21. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება.

უფლის სწავლება უკანასკნელ ჟამზე (მისი შინაარსი ჩვენთვის უკვე ცნობილია), აგებულია პარალელური თხრობის პრინციპზე: ერთდროულად განიხილება ორი ისტორიული გეგმა - იუდეის დაღუპვა (იუდეველთა ომის დროს ჩვ. წ. I ს-ის 60-იან წლებში) და სამყაროს აღსასრული. მოდი, ვცადოთ გარკვევა იმისა, თუ რატომ არის საჭირო ასეთი თხრობა.
 
უფალი ასახელებს მთელ რიგ ნიშნებს, რომლებსაც წმიდა მამები განაკუთვნებენ იერუსალიმის დანგრევასაც და სამყაროს აღსასრულსაც. ამრიგად, იერუსალიმის დანგრევისა და სამყაროს აღსასრულის წინ გამოჩნდებიან ცრუწინასწარმეტყველნი, რომლებიც იტყვიან: "მე ვარ ქრისტე", და მრავალს შეაცდენენ. იერუსალიმისა და სამყაროს აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე დაიწყება არეულობანი, შიდაბრძოლები და სისხლისმღვრელი ომები; ხოლო შიმშილი, მსოფლიო ჭირი და მიწიძვრები ადამიანთა უბედურებებს უკიდურესობამდე გაამძაფრებენ.
 
ყველაფერი, რაც უფალმა თქვა იერუსალიმზე, ზუსტად აღსრულდა ჯერ კიდევ იმ ადამიანების სიცოცხლეშივე, რომლებიც მაცხოვრის განკაცების თვითმხილველები იყვნენ. სასჯელი, რომელიც ფარისეველთა მამხილებელ სიტყვაში უწინასწარმეტყველა მაცხოვარმა "ამ მოდგმას", ჯერ კიდევ ქრისტეს შობიდან 60-ე წელს დაატყდა იუდეველთ, იმპერატორების ვესპასიანესა და ტიტუსის დროს, როდესაც იუდეველთა ამბოხი რომაელთა წინააღმდეგ სასტიკად ჩაახშვეს (იხ. იოსებ ფლავიოსის. "იუდეველთა ომი"). 70 წელს რომაელთა მხედართმთავარმა ტიტუსმა ალყა შემოარტყა ამბოხებულ იერუსალიმს, შემდეგ კი შტურმით აიღო იგი. ქალაქი და ტაძარი საფუძვლებამდე დაინგრა. ალყისა და შტურმის დროს დაიღუპა ერთი მილიონ ასი ათასი ებრაელი, ხოლო 97 000 ადამიანი ტყვედ წაასხეს. ამბოხებულები სასტიკად დაისაჯნენ: რომაელებს არ ეყოთ ჯვრები, რომ ყველა მეამბოხე დაესაჯათ (მოგეხსენებათ, რომ დამნაშავეებს იმ ხანად რომში ჯვარზე აკრავდნენ - "აპოკ." რედ.).
 
მაგრამ იერუსალიმისა და მისი ტაძრის დანგრევით არ მთავრდება მსოფლიოს ისტორია. ჩვენ ადრე ვთქვით, რომ იერუსალიმი - ეს არის ნიშანდობლივი ქალაქი, ის მთელი სამყაროს სიმბოლოა. როდესაც უფალი აღწერს იერუსალიმის დაღუპვას, ის გვაძლევს ერთგვარ წინასახეს მისი მეორედ მოსვლის წინ. მაცხოვრის მიერ დასახელებული ზოგიერტი ნიშანი უპირატესად სამყაროს აღსასრულს უნდა განვაკუთვნოთ; ეს ნიშნები მორწმუნეებს შესაძლებლობას მისცემს იცნონ სამყაროს აღსასრულის მოახლოვება. ასე, მაგალითად, მოახლოვებულ აღსასრულზე იმეტყველებენ ნიშნები ცასა და მიწაზე; მათი მხილველ ადამიანებს შიში და ახალი უბედურებების მოლოდინი შეიპყრობთ. მეორედ მოსვლის წინ მსოფლიო ომების ალში გაეხვევა: "აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ" (მათე 24;7).
 
გამრავლდება უსჯულოება, რწმენა და ზნეობა კი დაეცემა: "და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული" (მათე 24:12). ძმა ძმას გასცემს იმ დროს, და მამა - შვილებს, შვილები კი არ დაინდობენ მშობლებს. ყველანი მოიძულებენ მორწმუნეებს და დაიწყებენ მათ დევნას, რადგან მოითხოვენ მათგან ქრისტეს უარყოფას; ადამიანები ვერ გაუძლებენ დევნულებასა და ცრუმოძღვართა ქადაგებებს, და აპოსტასია, ანუ რწმენისგან განდგომილება, მიიღებს მასობრივ ხასიათს. ის, ვინც დაითმენს - ცხონდება. "რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება. და რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ" (მათე 24:21-25. ანტიქრისტეს მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის აღწერა იხ. 2 თესალონიკ. 2:3-12).
 
მოციქული პავლე თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში იტყვის, რომ ანტიქრისტე მოიმოქმედებს მრავალ ცრუ ნიშსა და სასწაულს. რის გამო იწოდება ისინი ცრუდ? ნეტ. თეოფილაქტეს აზრით, ისინი იქნებიან მოჩვენებითნი, ანუ ამ სასწაულებით ანტიქრისტე შეძლებს ადამიანთა გრძნობების მოტყუებას. მაგრამ სასწაულთა სიცრუის სხვა უფრო მნიშვნელოვანი ნიშანია ის, რომ ისინი ადამიანებს განაშორებენ ჭეშმარიტ უფალს და მისი ნების აღსრულებას.
 
თვით ქრისტეს სასწაულები წარმოადგენდა მისივე ქადაგებების დასტურს სასუფევლის დადგომის შესახებ და ადასტურებდა, რომ ქრისტე ჭეშმარიტად არის ძე ღმრთისა, ხოლო ანტიქრისტესა და სხვა ცრუმოძღვრების სასწაულები დაადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ ღმრთის მოწინააღმდეგეები არიან და სასწაულებს აღასრულებენ ბელზებელის, ეშმაკთა თავადის შეწევნით. ამიტომაც, "ვისწავლოთ იმგვარ სასწაულთა უგულებელყოფა, როდესაც ამ სასწაულის აღმსრულებელი ღმრთისმოშიშების საწინააღმდეგოს ასწავლის" (ღირ. თეოდორიტე კვირელი. მეორე სჯულის განმარტება. 12 (Феодорит Кирский, блж. Изъяснение трудных мест Божественного Писания. М.: Издат. совет РПЦ, 2003. С. 174) (Ю. В. Серебрякова. Четвероевангелие. Учебное пособие. 2-е изд., испр. и доп.. М.: ПСТГУ, 2017. С. 263-265).


წმ. იოანე ოქროპირი:

შემდეგ, კვლავ აჩვენებს უბედურების სიდიდეს, ამბობს: "ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება"... არავინ იფიქროს, რომ ეს გადაჭარბებით არის ნათქვამი; იოსების თხზულება წაიკითხოს და გაიგებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას. არავის შეუძლია იმის თქმა, რომ იოსებმა, როგორც მორწმუნემ, ამ უბედურებების გამოხატვისას გადააჭარბა იმისთვის, რათა ნათქვამი დაემტკიცებინა; ის იუდეველი იყო, თანაც საკმაოდ მკაცრი, მოშურნე და იმათგანი, ვინც ქრისტეს მოსვლის შემდეგ ცხოვრობდა. რას ამბობს იგი? იმას, რომ ამ უბედურებებმა ყოველგვარ აღწერას გადააჭარბეს და რომ მსგავსი ბრძოლებ არასოდეს არცერთ ერს არ ჰქონია. მისი სიტყვებით, ისეთი შიმშილობები იყო, რომ თვით დედები ხარბად შეექცეოდნენ შვლებს და ამის გამო მათ შორის უსსტიკესი ბრძოლა იყო, ბევრი მიცვალებული გამოშიგნულიც კი იყო. მე ახლა დიდი მოწადინებით შევეკითხებოდი იუდეველებს: რისთვის გადმოინთხა მათზე ასეთი დიდი და აუტანელი ღმრთის რისხვა, რომელმაც ყოველგვარ გასაჭირს გადააჭარბა, რაც მანამდე ყოფილა, არა მარტო იუდეაში, არამედ მთელ სამყაროში? განა იმისთვის არა, რომ ქრისტეს ჯვარცმა გაბედეს, და არა მისი წინასწარმეტყველების შედეგად? ყველას შეუძლია ამის დამტკიცება, ყველასთან ერთად კი და ყველაზე უწინ - მოვლენათა ჭეშმარიტებას. შეამჩნიე უბედურებათა განსაკუთრებულობა, როდესაც ისინი, იმ უბედურებებატნ შედარებით, რომლებიც მანამდე ყოფილა და შემდეგში მოხდებოდა, ყევლაზე ულმობელი იყო. მართლაც არავის შეუძლია, მსგავსი უბედურებების დასახელება მთელ მსოფლიოში, არცერთ დროს, როგორც წარსულში, ისე მომავალში და ეს სამართლიანია. არც ერთ ხალხს, არც წარსულში და არც მომავალში არ გაუბედავს ასეთი უსჯულო და საშინელი ბოროტება. ამიტომაც ამბობს ქრისტე: "იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება" (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. VI ტომი. წმიდა მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი მეორე. 76-ე ჰომილია. თბილისი 2016, გვ. 386-387).

 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი.
 
მაშინ იყო აუტანელი ჭირვება. რომის ჯარებს მიეცათ განკარგულება - არავინ დაენდოთ. მაგრამ ღმერთმა იმათ გამო, ვინც უკვე ირწმუნა ან ვისაც მომავალში უნდა ერწმუნა, არ დაუშვა თავისი ხალხის სრული განადგურება, არამედ შეამოკლა ომის ჟამი და შეამსუბუქა ჭირვება. ომი კიდევ რომ გაგრძელებულიყო, მაშინ ყველა, ვინც კი ქალაქში იყო, შიმშილით ამოწყდებოდა. დღეს ამ ყოველივეს განაკუთვნებენ ანტიქრისტეს მეფობის პერიოდს, მაგრამ აქ ლაპარაკია არა ანტიქრისტეზე, არამედ იერუსალიმის აღებაზე. წინასწარმეტყველება ანტიქრისტეს შესახებ შემდეგ იწყება. აი ისიც:


22. და რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი.
 
 
არქიეპ. ამბერკი (ტაუშევი). უფალი მოუწოდებს ილოცონ, რათა ამ უბედურებებმა იუდეველთ არ მოუწიოთ იმ ჟამს, როდესაც შორს ვერ გაიქცევიან. შაბათს, მწიგნობართა განმარტებით, მორწმუნე ებრაელს შეეძლო გაევლო მხოლოდ ერთი ვერსტი (დაახლ 1 კმ.). "იქნება მაშინ დიდი ჭირი...", ანუ ისეთი დიდი უბედურებანი, რომ დაიღუპებოდა ყველა, იუდეველთა შორის, რომ არ ყოფილიყვნენ "რჩეულნი", ანუ ქრისტიანნი, რომელთა გამოც "შემოკლდებიან ის დღენი". ისტორიკოსი იოსებ ფლავიოსი მოწმობს, რომ მართლაც, "ყველა უბედურება, რომელიც კი განუცდიათ ხალხებს სამყაროს დასაბამიდან, არაფერია იმასთან შედარებით, რაც თავს დაატყდა იუდეველთ".
 
იერუსალიმის ალყის განმავლობაში მასსა და მის შემოგარენში დაიღუპა მილიონზე მეტი ადამიანი. მრავალი უბრალოდ შიმშილისგან მოკვდა, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ ერთმა დედამ მოკლა შვილი და შეჭამა. იუდეველთა უზარმაზარი ნაწილი ჯვრებზე გააკრეს, და ასე აღსრულდა მათი საშინელი წყევლა, როდესაც პილატესგან უფლის ჯვარცმას ითხოვდნენ და ჰყვიროდნენ: "ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი" (მათე 27:25). ყველა ეს უბედურება იყო მოსეს წინასწარმეტყველების აღსრულება (იხ. მეორე რჯლ. 28:49-57).
 
იერუსალიმის დამპყრობ ტიტუსს თავიდან სურდა შიმშილით ეიძულებინა იუდეველები დაეთმოთ ქალაქი, მაგრამ იმპერიის საქმეებმა აიძულეს იგი მალევე დაბრუნებულიყო რომში, რის გამოც მან ქალაქის შტურმით აღება გადაწყვიტა, რის შედეგადაც შემოკლდა ალყაში მოქცეულთა ჭირვების დღეები.
 
 
წმ. ეფრემ ასურელი. დღეების საათები კი არ შემოკლდება, არამედ თვით დრო გახდება მოკლე რჩეულთათვის, ასე რომ მათი ჭირვებაც შემოკლდება, ანუ დადგება გამოსყიდვის ჟამი.

 
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი. დღეთა შემოკლება ჩვენ უნდა გავიგოთ არა ზოგიერთთა ახირებული გაგებით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შეიცვლება მათი დროების ხანგრძლივობა, - მათ ავიწყდებათ, რომ წერილ არს: "შენი დაწესებით გრძელდება დღე" (ფსალმ. 118:21) (ახალი სინოდალური რუსული თარგმანით: "შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან". – "აპოკ." რედ.) (1), არამედ ისე, რომ შემოკლდება მათი რიცხვი და არა ყოველი დღის ხანგრძლივობა (ან ზომა); ასე რომ, როგორც კურთხევაშია ნათქვამი: "დღეგრძელებით განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი" (ფსალმ. 90:16), აქაც დღეთა შემოკლება უნდა გავიგოთ მათი მრავალრიცხოვნების შემოკლებით.

_________________

1. ძველი აღთქმის 39 კანონიკური წიგნი განხორციელდა ებრაული ენიდან (მასორეტული ტექსტიდან) სეპტუაგინტის ზოგიერთი გათვალისწინებით და საეკლესიო სლავური ტექსტიდან. ათი არაკანონიკური წიგნი გადათარგმნილია ბერძნულიდან, ხოლო ერთი (ეზრას მე-3 წიგნი) ლათინური ვულგატიდან. უკვე პუბლიკაციის შემდეგ ამ თარგმანმა "არაერთი კრიტიკული შენიშვნა დაიმსახურა, როგორც სამეცნიერო, ასევე განსაკუთრებით ლიტერატურული თვალსაზრისით. აკადემიკოსი ი. მ. დიაკონოვი უთითებს, რომ მოცემული თარგმანი "არ შეესაბამება სამეცნიერო მოთხოვნების დონეს".

_________________


იოანე ოქროპირი. ამით ის გვიჩვენებს, რომ იუდეველებმა უფრო მეტი სასჯელი დაიმსახურეს, ხოლო სიტყვაში "დღენი" იგი გულისხმობს ბრძოლებისა და ალყის დღეებს. მაშ ასე, მისი სიტყვების აზრი არის შემდეგი: რომაელების ომი ქალაქის წინააღმდეგ კიდევ რომ გაგრძელებულიყო, მასინ ყვეალ იუდეველი დაიღუპებოდა. "ყოველი ხორციელი", - ის აქ იუდეველებს გულისხმობს, როგორც ქალაქში მყოფთ, ასევემის გარეთაც). არა მხოლოდ მათ წინააღმდეგ ომობდნენ, რომლებიც იუდეაში იყვნენ, არამედ დევნიდნენ ყველგან გაფანტულებს, მათდამი სიძულვილის გამო.
 
რომელ რჩეულებზე ლაპარაკობს აქ ქრისტე? იმ მორწმუნეებზე, რომლებიც იუდეველთა შორის იმყოფებოდნენ. იუდეველებს რომ არ ეთქვათ, რომ ეს უბედურებები სახარების ქადაგებისა და ქრისტეს თაყვანისცემის გამო მოხდაო, ის აჩვენებს, რომ მორწმუნენი არ მხოლოდ არ არიან მიზეზი ამ უბედურებებისა, არამედ პირიქით, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მაშინ ყველანი სრულიად ამოწყდებოდნენ. ღმერთს რომ დეშვა ომის გაგრძელება, იუდეველების ნარცენიც კი არ დარჩებოდა; მაგრამ ურწმუნო იუდეველებთან ერთად მორწმუნენიც რომ არ დაღუპულიყვნენ, მან მალე შეწყვიტა ბრძოლები და წერტილი დაუსვა ომს. ამიტომაც ამბობს ქრისტე: "რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი".
 
ეს მან იმისთვისაც თქვა, რომ მორწმუნეები, იუდეველთა შორის მყოფნი, დაემშვიდებინა, ენუგეშებინა, რადგან აქ ესოდენ დიდი განგებულებაა ღმრთისა მორწმუნეებზე, რომ მათ გამო სხვებიც გადარჩებიან, ურმუნო იუდეველების ნაწილი ინარჩუნებენ სიცოცხლე, მაშინ როგორი პატივი ელით მათ, როცა გვირგვინები გადაეცემათ? ამ სიტყვებით ქრისტე ანუგეშებდა მორწმუნეებს, რათა ისინი არ დამწუხრებულიყვნენ საშიშროებათა გამო, რამდენადაც ურწმუნოებსაც ატყდებათ თავს ასეთივე გაჭირვებები და თანაც ყოველგვარი სარგებელის გარეშე, - თვით სიცოცხლის დაკარგვამდეც კი. და არა მხოლოდ ანუგეშებდა მათ, არამედ საიდუმლოდ და შეუმჩნევლად განარიდებდა კიდევ იუდეველების ჩვეულებებისგან.
 
მართლაც, თუ ცვლილებები უკეთესობისკენ არ იქნება და ტაძარი არ იარსებებს, მაშინ ცხადია, რომ სჯულიც გაუქმდება. თუმცა, ცხადად ეს არ უთქვამს, მაგრამ მიანიშნა ამაზე, როცა იუდეველების სრულ დაღუპვაზე საუბრობდა. ცხადად არ თქვა იმიტომ, რომ მოწაფეები დროზე ადრე არ გაეოცებინა. ამიტომ არ თქვა ამაზე არაფერი იმთავითვე; არამედ, წინასწარ გამოიტირა რა ქალაქი, ისინი აიძულა, მისთვის ქვები ეჩვენებინათ და შეკითხვა მიეცათ, რათა შეკითხვაზე პასუხით ეუწყებინა მათთვის მომავალი.
 
შენიშნე სულის ბრძნული განგებულება იმაში, რომ იოანე არაფერს წერს ამის შესახებ, ართა არ ეგონოთ, რომ ის თვით წინასწარმეტყფვლებაზე დაყრდნობით წერს მომხდარის შესახებ (ხოლო მან იერუსალიმის დანგრევის შემდეგ კიდევ დიდხანს იცოცხლა); არამედ წერენ ამის შესახებ ისინი, ვინც ამ მოოხრებამდე ცხოვრობდნენ და არ უნახავთ არც ერთი ეს შემთხვევა. ასე, რომ ყოველგან ბრწყინავს წინასწარმეტყველების ძალა (76-ე ჰომილია მათეს სახარებაზე. თბილისი 2016, გვ. 387-388).
 
 
ა. პ. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია: მარკოზი მათეს მსგავსად ლაპარაკობს; ლუკასთან სხვაგვარადაა. ავგუსტინეს განმარტებით, დღეებში თვით უბედურებები (mala ipsa) იგულისხმება, მსგავსად იმისა, როგორც წმიდა წერილის სხვა ადგილებშია ნათქვამი "უბედურ და უკეთურ დღეებზე" (დაბ. 47:9; ფსალმ. 93:13; ეფეს. 5:16). "ვერც ერთი ძეხორციელი - ჰებრაიზმია (mala ipsa) და ნიშნავს: ვერავინ ადამიანთაგან და თვით ცხოველთაგან. ეს, რა თქმა უნდა, ზოგადი აზრით არის ნათქვამი. მაგრამ ოქროპირის აზრით, აქ ყოველ ძე ხორციელში მაცხოვარი "იუდეველებს გულისხმობს". ქრისტეს წინასწარმეტყველება იუდეველებზე აღსრულდა. როდესაც ვესპასიანემ და ტიტემ იერუსალიმი ალყაში მოაქციეს, დაახლოებით მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 97 ათასი ადამიანი ტყვედ წაასხეს. იოსებ ფლავიოსს თუ დავეყრდნობით, იუდეველთა ომის პერიოდში სულ 1 356 460 ადამიანი დაიღუპა. - იდეა იმის შესახებ, რომ ღმერთი რჩეულთა გამო სწყალობს უკეთურთაც, დამახასიათებელია ძველი აღთქმისთვის (დაბ. 18:24-33). "რჩეულებში" შეგვიძლია ვიგულისხმოთ ქრისტიანები ან საერთოდ მართალი ადამიანები (შეად.: რომ. 11:12-29). უთითებენ იმ ვითარებებზეც, თუ რატომ შემოკლდა იერუსალიმის ალყის დროს "ის დღეები". ტიტუსი იუდეველთა საწინააღმდეგო კამპანიას სწრაფად აწარმოებდა, რადგან აპირებდა თან ხლებოდა საკუთარ მამას რომში, რათა მონაწილეობა მიეღო მის ტრიუმფალურ სვლაში და შემდგომ ზეიმობაში.

 
თეოფილაქტე ბულგარელი: "მაშინ იყო აუტანელი ჭირი. რომაელ ჯარისკაცებს ებრძანათ - არავინ დაენდოთ. მაგრამ ღმერთმა იმათ გამო, ვინც უკვე ირწმუნა ან ვისაც შეეძლო ერწმუნა, არ დაუშვა თავისი ხალხის სრული განადგურება, შეწყვიტა ომი და შეამსუბუქა ჭირვება. ომი კიდევ რომ გაგრძელებულიყო, მაშინ ყველა, ვინც კი ქალაქში იყო, შიმშილისგან დაიღუპებოდა. დღეს ამას განაკუთვნებენ ანტიქრისტეს დღეებს, მაგრამ აქ ლაპარაკია არა ანტიქრისტეზე, არამედ იერუსალიმის აღებაზე. ხოლო წინასწარმეტყველება ანტიქრისტეზე იწყება მომდევნო მუხლიდან.
ცრუ სასწაულები
23. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით.
   
 
დეკ. ევგენი ალექსის ძე პოპოვი. ცოდვაა შეხედულება თითქოსდა ზოგიერთი ადგილი, მაგალითად, ათონის მთა ან წოდება, როგორიცაა მონაზვნობა, სამღვდლო ხარისხი, თავისთავად იხსნიან ადამიანს. თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით. დიახ, იესუ ქრისტე ყველგანაა, სადაც მისი სწამთ, სადაც ის უყვართ. ჩვენ გვიხსნის მისი მადლი, ის კი ყველას ეძლევა და ყველასთვის მისაწვდომია (შეად. ებრ. 4:16); ჩვენი ცხონება დამოკიდებულია ჩვენსავ ღვაწლზე, ის კი შორს არ არის ჩვენგან, - ის ჩვენს სულშია.
 
ადამმა სამოთხეშიც შესცოდა, ხოლო იობი წყლულებსა და საშინელ განსაცდელებშიც ღმრთის ერთგული დარჩა; იუდა მოციქულთა დასში იყო, უფლისა და ქვეყნიერების მაცხოვრის ახლოს ტრიალებდა, მაგრამ წარწყმდა; ზაქემ, მეზვერეთ შორის ყველაზე ცოდვილმა ღმრთის გული მოიგო. არა; არც მონასტერი, არც ყველაზე შორეული მოგზაურობა წმიდა ადგილებთან, ვერც დიდი ანგარიში, გადარიცხული მომლოცველებისთვის, ვერც მაღალი სასულიერო ხარისხი, ვერც ყოველდღიური წარდგომა ეკლესიის საყდრის ან წმინდანთა უხრწნელი ნაწილების წინაშე, ეს თავისთავად ვერავის აცხოვნებს, როგორც პირიქით, ვერც ქვეყანა, ვერც რაიმე წოდების დაკნინება ვერ წარწყმედს. სხვა საქმეა იფიქრო, რომ ზოგიერთი ადგილი და მდგომარეობა ადამიანისთვის უფრო მოხერხებულია, უფრო ახლოსაა სულის ცხონებასთან (Нравственное богословие для мирян. Заповедь 2).
 
 
ექვთიმე ზიგაბენი. სიტყვა "მაშინ" აღნიშნავს არა დროის თანმიმდევრობას ზემოთხსენებულ მოვლენებში, არამედ მხოლოდ უთითებს იმათ დასაწყისზე, რომელზეც იქნება ლაპარაკი, - როგორც სიტყვები "იმ დღეებში", რომელიც ნახსენებია მესამე თავში. ამიტომ აქაც სიტყვა მაშინ უთითებს არა დროის თანმიმდევრობას, არამედ მხოლოდ იმ დროს, როდესაც მოხდება ის, რაზეც იქნება ლაპარაკი. თითქოსდა ამ სიტყვებსაც ქრისტე განაკუთვნებს მოციქულებს, მაგრამ ისინი მათ განაკუთვნებენ იმ დროს მცხოვრებ ქრისტიანთ.
 
 
ეპიფანე ლათინელი ეპისკოპოსი (V-VI ს.). უფალი გვაფრთხილებს, რათა მომზადებული ვიყოთ და არ დავუჯეროთ მას, ვინც მისი სახელით მოვა, როგორი ნიშები და სასწაულებიც გინდ ახლდეს მას, რასაც აღასრულებს რჩეულთა საცდუნებლად. მაგრამ ვინც თავის სახლს აშენებს კლდეზე, ანუ თავის რწმენას აფუძნებს ქრისტეს, მას ვერ დაანგრევს ვერც ქარი და ვერც წვიმა წაიღებს. კლდე არის ქრისტე, წვიმა - მეფეები, ქარი კი - მეფეთა მხედრობანი, რომლებიც დევნიან ღმრთის მსახურებს (იხ. მათე 7:24-25). წმიდა სახარება აგრძელებს: რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ. მაშ, ხედავთ, საყვარელნო, როგორი სიყვარული გამოავლინა უფალმა ჩვენდამი. ის ყოველ ჩვენთაგანს აფრთხილებს ყველაფრის გამო, რაც უნდა მოხდეს, რათა, დავინახავთ რა ნიშებს და სასწაულებს მათ შესახებ წინდაწინვე ვიცოდეთ, გვეყოს სიბრძნე წინ აღვუდგეთ მტერს და არაფერი მივიღოთ იმისგან, რაც ეწინააღმდეგება ქრისტეს და საყოველთაო (კათოლიკე) რწმენას. მოციქულთა საქმეებში წერია, რომ სიმონ მოგვმა საკუთარ თავს ღმრთის ძალა უწოდა (იხ. საქმე 8:9-10. ასე მოიქცევა ანტიქრისტეც და ბოლო დღეებში თავს ღმერთად გამოაცხადებს, როგორც მოციქული ბრძანებს: ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს. ... და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით (2 თესალონიკ. 2:4, 8). მასზეც მოიწევა განკითხვის დრე და მას უფალი მოკლავს თავისი ბაგეთა სულით (2 თესალონიკ. 2:8) (Толкование на Евангелия ЗЗ, PLS 3:883).
 
 
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი. იიუდეველტა ტყვეობის დროს იყო ბევრი წინამძღოლი, რომლებიც ამბობდნენ, რომ იყვნენ ქრისტე, ამიტომ რომაელთა ბატონობის ხანაში სამი პარტია არსებობდა იერუსალიმში. თუმცა უკეთესია ამ მუხლის გააზრება სამყაროს აღსასრულის გაგებასთან მიმართებით.
 
 
წმ. იოანე ოქროპირი. იერუსალიმზე წინასწარმეტყველების დასრულების შემდეგ, ქრისტე თავის მეორედ მოსვლაზე გადადის და ეუბნებამ ოწაფეებს ნიშნების შესახებ, რომლებიც არა მარტო მათთვის არის სასარგებლო, არამედ ჩვენთვისაც, რაც ჩვენს შემდეგ იქნება. მაშინ: როდისღა? აქ სიტყვა მაშინ, როგორც მე ხშირად მითქვამს, არ ნიშნავს ზემოთნახსენები ამბების თანმიმდევრობას დროში. როცა ქრისტეს დროის რიგის ჩვენება უნდოდა, თქვა: და მსწრაფლ, იმ დღეთა ჭირის შემდეგ (მათე 24:29). აქ უკვე ასე არ არის, მაგრამ იყენებს სიტყვას მაშინ, ამით მიუთითებს არა იმაზე, რომ მაშინვე იქნება ამის შემდგომ, არამედ იმაზე, რომ იქნება იმ დროს, როდესაც უნდა მოხდეს ის მოვლენები, რომლებზეც მას უნდოდა ეთქვა. ასე მაგალითად, როცა მახარობელი ამბობს: ხოლო იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი იუდეის უდაბნოში საქადაგებლად (მათე 3:1), ამბობს არა იმ დროზე, რომელიც მაშინვე დადგა, არამედ იმაზე, რომელიც მრავალი წლების შემდეგ იყო, და რომელშიც ხდებოდა ის, რის თქმაც ჰქონდა განზრახული. ამბობს იესუს დაბადებაზე, მოგვების მოსვლაზე და ჰეროდეს სიკვდილზე, ის მაშინვე ამბობს: იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, თუმცა ამ ამბებს შორის ოცდაათი წელი გავიდა. წერილში ამგვარად გადმოცემა ჩვეულებრივია. აქაც ასეა, გამოტოვა დროის მთელი შუალედი იერუსალიმის დაქცევიდან სამყაროს აღსასრულის დაწყებამდე და ქრისტე საუბრობს იმ დროზე, რომელიც იქნება სამყაროს აღსასრულის წინ. მაშინ, - ამბობს, - თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით. მისი მეორედ მოსვლის ნიშნებზე და მაცდურთა სასწაულებზე საუბრისას იგი ამავდროულად მოწაფეებსაც აფრთხილებს ადგილის შესახებ. უფალი მაშინ ისე არ გამოჩნდება, როგორც მისი პირველად მოსვლისას გამოჩნდა ბეთლემში, მსოფლიო პატარა კუნჭულში და როცა თავდაპირველად არავინ არაფერი იცოდა ამის შეასხებ; არამედ განცხადებულად და მთელი მისი დიდებით, ასე, რომ არ იქნება საჭირო ვინმემ გვამცნოს ამის შესახებ. ეს არის საკმაო ნიშანი იმისა, რომ ის არ მოვა ფარულად.
 
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი. რადგან მოწაფეებმა ქრისტეს დაუსვეს ორი შეკითხვა - იერუსალიმის აღებისა და უფლის მოსვლის შესახებ, უფალმაც, უპასუხა რა იერუსალიმის დანგრევაზე, შემდეგ თავის მეორედ მოსვლაზე და სამყაროს აღსასრულზე იწინასწარმეტყველა. სიტყვას მაშინ აქვს არა ის აზრი, რომ "იმწამსვე, როგორც კი აიღებენ იერუსალიმს, თუ ვინმე გეტყვით..." და ა. შ., არა, მაშინ ეხება იმ დროს, როდესაც ეს უნდა მოხდეს. აზრი ასეთია: მაშინ, ანუ როდესაც მოვა ანტიქრისტე, გამოჩნდებიან მრავალნი ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები, რომლებიც ადამიანებს დემონთა მიერ აღსრულებული საკვირველებებით მოხიბლავენ და მრავალს აცდუნებენ კიდეც. თუ მართლები მუდმივად არ იმღვიძარებენ, შეიძლება ისინიც კი ცდუნდნენ. მაგრამ აი, მე გიწინასწარმეტყველეებთ, და არ გეპატიებათ, თუკი თავს ვერ აარიდებთ სიცრუეს.


24. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.
   
 
წმ. ამბროსი მედიოლანელი: მაშინ აღდგებიან ცრუქრისტენი, რომლებიც არწმუნებენ ხალხს, რომ ქრისტე უდაბნოშია, და თავიანთი სიტყვებით ადამიანებს შეაცდენენ; ან იტყვიან, თითქოსდა ქრისტე იმყოფებოდეს დაფარულ ოთახებში, რათა ამ სიტყვების მსმენელთ შიში მოჰგვარონ უზენაესის სახელის წინაშე. მაგრამ, ქრისტე მთელ მსოფლიოში გამოჩნდება როგორც ელვა და გაანათებს თავისი ცეცხლოვანი გამობრწყინვებით; ის არც უდაბნოში დაეხეტება და არც სადმე იმალება. "სამალავშიც რომ დაიმალოს კაცი, ვერ დავინახავ? ამბობს უფალი. განა მე არ ვავსებ ცასა და მიწას? - ამბობს უფალი" (იერ. 23:24). ის გაანათებს თავისი ელვარებით, რათა იმ ღამეს აღდგომის დიდების ხილვა შევძლოთ (Амвросий Медиоланский свт. Толкование на Евангелие от Луки. Книга восьмая// Собрание творений. Т. 8. ч.2. М.: ПСТГУ, 2020).
 
 
ანონიმი კომენტატორი (IV ს.): "რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც". მას არ უთქვამს: მოატყუებს რჩეულებსო; არამედ, - "თუკი შესძლეს"-ო. ხშირად წმინდანები, სიკეთის სახელით აღსრულებულ ეშმაკის საიდუმლო საქმეებს რომ აწყდებიან, ვერ ცნობენ მტრის მზაკვარებას. მაშინ ისინი ბრკოლდებიან და ცბუნდებიან თავიანთ გულში, და კითხულობენ: "რა ხდება?" მაგრამ მათი მიდრეკა მაინც ძნელია ეშმაკის ხრიკების დაჯერებისკენ, რადგან თუმც მათი გრძნობები, როგორც ადამიანებისა, ზემოქმედებებს არიან დაქვემდებარებულნი, რწმენაში ისინი მტკიცედ დგანან. როდესაც ამბობს "თუკი შეძლეს", უნდა აჩვენოს ნიშთა სიდიადე. მაშ, რამდენად დიდი უნდა იყოს ნიშანი, რომ რჩეულებიც კი აცდუნო! მაგრამ ისინი არ ტყუვდებიან, რადგან შეუძლებელია წარწყმდნენ ისინი, ვინც ღმერთმა სიცოცხლისთვის აირჩია. ღმრთის ძალა გამოჩნდა იმაში, რომ მან გააფრთხილა მორწმუნენი ამგვარი ნიშებისა და სასწაულების გამო. არანაკლები ძალით შეიძლება გავიგოთ ნათქვამი მწვალებლობებთან მიმართებაშიც. ცრუქრისტეები - მწვალებლობათა ყალბი დოგმატებია, ხოლო ცრუწინასწარმეტყველნი - სიცრუის მქადაგებლები არიან. მათი ნიშნები მდგომარეობს იმაში, რომ ისინი იმეორებენ იმას, რასაც მორწმუნეები ჭეშმარიტებით იქმან. ისინი ხომ სიწმიდისკენ ილტვიან, და მარხვებსაც იცავენ, აძლევენ მოწყალებას, და ყველა საეკლესიო კანონს ასრულებენ. მაგრამ ვერ ხედავ, რაოდენ დიდია მოტყუების ნიშნები, როდესაც ეშმაკი ღმერთს ბაძავს? (PG 56:916).
 
 
წმ. გრიგოლ დიალოგოსი: უნდა ვიცოდეთ, რომ ღმრთის გამონათქვამისადმი დაეჭვება მომდინარეობს არა ურწმუნოებისგან, არამედ სხვა მიზეზისგან. რადგან, ვინ არ იცის, ყოველივეს შემოქმედმა და ყოველივეს მხედველმა რომ ყველაფერი იცის? და თვით ჭეშმარიტება ანტიქრისტეს მქადაგებლებზე სახარებაში ამბობს: "მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც". რატომ ითქმება ეს საეჭვოდ, თუკი უფალმა წინდაწინ იცის, რომ ასე იქნება? ორიდან ერთია, - თუკი ისინი რჩეულნი არიან, მაშინ ეს შეუძლებელია მოხდეს; ხოლო თუ შეიძლება მოხდეს, მაშინ ისინი არ ყოფილან რჩეულნი. მაგრამ ითქვა: "რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც". ამრიგად, ეს დაეჭვება უფლის სიტყვაში მიანიშნებდა რჩეულთა გულების გამოცდას; რადგან ისინი, ვინც მტკიცედ დგომისთვის არიან რჩეულნი, ანტიქრისტეს მქადაგებელთა ნიშებით დასაცემად იქნებიან ცდუნებულნი. შედეგად, მით, როცა ითქვა: "თუკი შესძლეს" გამოიხატება მხოლოდ ის, რომ რჩეულები გულში იქნებიან გამოცდილნი. რადგან ისინი მერყეობენ, მაგრამ არ ეცემიან. ამიტომაც ეჭვი უფლის სიტყვაში რჩეულთა შესახებ გამოხატავს მათი სულების თრთოლვას. ის მათ რჩეულებს უწოდებს რადგან, წინდაწინ ხედავს მათ მედგრობას რწმენასა და სათნოებებში (მე-9 ჰომილია ეზეკიელის წინასწარმეტყველებაზე).
 
 
ექვთიმე ზიგაბენი: "აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი". "მოვლენო" კი არ თქვა, არამედ "ადგებიანო". ცრუქრისტეები არიან ისინი, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტედ იტყვიან, ხოლო ცრუწინასწარმეტყველნი - ისინი, ვისაც თავი წინასწარმეტყველებად მოაქვთ. "და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს". იერუსალიმის დანგრევამდეც იქნებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყფევლები, რადგან მაცხოვარმა თქვა: "მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ" და კიდევ: "მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება" (მთ. 24:5-11). მაგრამ ისინი, ვინც მისი მეორედ მოსვლის უწინარეს მოვლენ, უფრო ძლიერნი იქნებიან მათზე, ვინც იერუსალიმის დანგრევამდე იყვნენ, რადგან ისინი (ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლის უწინარეს მყოფნი - "აპოკ." რედ.) დიდ ნიშებსა და სასწაულებს მოიმოქმედებენ: ცრუქრისტეები აღასრულებენ სასწაულებს, ხოლო ცრუწინასწარმეტყველნი - რაღაცას იწინასწარმეტყველებენ... "რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც". ... თუკი ეს შესაძლებელი იქნება მათთვის. ერთ-ერთი ამ ცრუქრისტეთაგან იქნება ე. წ. ანტიქრისტე, რომელიც ბოლოა მათგან, და მისი წინასწარმეტყველები იქნებიან ზემოთხსენებული ცრუწინასწარმეტყველნი. მის შესახებ წერდა პავლეც, როდესაც მას უსჯულოების კაცი და წარწყმედის ძე უწოდა, და დაამატა: "მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით" (2 თესალონიკ. 2:9). ასეთია მეორედ მოსვლის ნიშნები.
 
 
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი: როგორც უკვე ვთქვი, ეს ადგილი შეიძლება განიმარტოს სამნაირად, - ან ეს ყველაფერი მივაკუთვნოთ რომაელთა მიერ იერუსალიმის ალყას, ან სამყაროს აღსასრულს, ან კიდევ მწვალებელთა ბრძოლას ეკლესიის წინააღმდეგ, და ისეთ ანტიქრისტეებს, რომლებიც აღდგებიან ქრისტეს წინააღმდეგ, ამოეფარებიან რა ცრუ ცოდნას.
 
 
წმ. იოანე ოქროპირი: შეამჩნიე, ის აქ არაფერს ამბობს ომზე, განასხვავებს თავისი მოსვლის შესახებ წინასწარმეტყველებას უწინდელისგან. - მაგრამ ლაპარაკობს მათზე, ვინც ცდუნებას შეეცდებიან. ერთნი, ვინც მოციქულების დროს იყვნენ, ბევრს აცდუნებდნენ: მოვლენ, ამბობს, აცდუნებენ მრავალთ; ხოლო მეორენი, რომლებიც მისი მეორედ მოსვლის წინ გამოჩნდებიან, პირველებზე უარესნი იქნებიან: "მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც". აქ ის გულისხმობს ანტიქრისტეს და იმათაც, ვინც მას ემსახურებიან. ამაზე პავლემაც თქვა, უწოდა მას "ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე" და დასძინა: "ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით, ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის..." (2 თესალონიკ. 2:3, 9-10).  
 
 
ეპ. მიხაილ ლუზინი: "დიდ სასწაულებსა და ნიშებს" - იგულისხმება ცრუ სწასწაულები და ნიშები, რომლებიც, იმდენად დაემსგავსებიან ნამდვილთ, რომ ძალიან ძნელი იქნება სიცრუის გამოაშკარავება (ასეთი იყო, მაგალითად, ეგვიპტელ მოგვთა სასწაულები, რომლებიც ბაძავდნენ მოსეს სასწაულებს). "ეშმაკის მზაკვარებით (ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები) ისეთ მოვლენებს წარუდგენენ მნახველთა მზერას, რომ მრავალს აცდუნებენ, და თვით მართალნიც კი, თუკი ყოველთვის მღვიძარედ არ იქნებიან, შეიძლება მოტყუვდნენ" (თეოფილ.). "აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" - ცრუ სასწაულები და ნიშები ისეთი იქნება, რომ თვით ჭეშმარიტი ქრისტიანებიც კი შეიძლებოდა შთავარდნილიყვნენ ხიბლში და ეღიარებინათ ცრუმესიები და ცრუწინასწარმეტყველნი. ასეთი მაცდური იქნება სამყაროს აღსასრულის წინ ანტიქრისტე და ისინი, ვინც მას მოემსახურებიან (ოქრ.), როგორც ლაპარაკობს ანტიქრისტეზე თვით მოციქული პავლეც (2 თესალონიკ. 2:9-10), და მოციქული იოანეც გამოცხადებაში (გამოცხ. 13). ასეთი ცრუმესიები და ცრუწინასწარმეტყველები უხვად იყვნენ იერუსალიმის ალყის დროსაც (იხ. მთ. 24:5, 11-ის განმარტება).
 
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: მოწაფეებმა ორი კითხვა შესთავაზეს მაცოხვარს - იერუსალიმის აღებაზე და უფლის მოსვლაზე, უფალმაც, უპასუხა რა მათ იერუსალიმის გაპარტახებაზე, შემდეგ იწინასწარმეტყველა თავის მოსვლასა და სამყაროს აღსასრულზე. სიტყვა "მაშინ"-ს აქვს არა ის აზრი, რაც "იერუსალიმის აღებისთანავე, თუკი ვინმე გეტყვით" და ა. შ. არა, "მაშინ" ეხება იმ დროს, როდესაც ეს უნდა მოხდეს. აზრი ასეთია: "მაშინ", ანუ როდესაც ანტიქრისტე მოვა, გამოჩნდება მრავალ ცრუქრისტე და ცრუწინასწარმეტყველი, რომლებიც მოხიბლავენ მაყურებელთა მზერას სასწაულებრივი და დემონური ნიშებით, და მრავალს აცდუნებენ. და თუ მართლები ყოველთვის არ იმღვიძარებენ, შესაძლოა ისინიც მოექცნენ ამ საცდურთა გავლენის ქვეშ. უფალი ამით ამბობს: აი, მე თქვენ წინასწარ გაუწყეთ, და არ იქნება თქვენთვის საპატიო, თუკი ვერ შეძლებთ ამ საცდურთა თავიდან აცილებას".


25. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ.

 
წმ. ამბროსი მედიოლანელი: მაშინ აღდგებიან ცრუწინასწარმეტყველნი, რომლებიც იტყვიან, ქრისტე უდაბნოშიაო, და თავიანთი სიტყვებით ადამიანებს შეაცდენენ. ისინი ასევე იტყვიან, აგერ დაფარულ ოთახებშია ქრისტეო, და ამ სიტყვების მსმენელთ შიშით შეკრავენ უზენაესი სახელის წინაშე. მაგრამ, ქრისტე, როგორც ელვა, მთელ მსოფლიოში განაბნევს თავის ცეცხლვან ნათელს; ის არც უდაბნოში დახეტიალობს და არც სადმე იმალება. "განა მე არ ვავსებ ცასა და მიწას? ამბობს უფალი" (იერ. 23:24). ის თავის ელვის ნათლით ბრწყინავს, რათა იმ ღამეს აღდომის სიდიადე ვიხილოთ (წყარო: Амвросий Медиоланский свт. Толкование на Евангелие от Луки. Книга восьмая// Собрание творений. Т. 8. ч.2. М.: ПСТГУ, 2020. С. 301-303).
 
 
ანონიმი კომენტატორი (Opus Imperfectum) (IV ს.): მან ისინი გააფრთხილა იმისთვის, რათა გაიგებდნენ რა ქრისტეს მოსვლის შესახებ, არ მოტყუებულიყვნენ კაცთაგან, ღიად არ გამოსულიყვნენ და უდაბნოში შეპყრობილნი არ ყოფილიყვნენ, ან კიდევ ბნელ ოთახებში არ აღმოჩენილიყვნენ ჩამწყვდეულნი. რატომ უნდა მოხდეს ქრისტეს მოსვლა უდაბნოში? განა მას მარტოობა ადამიანებზე მეტად უყვარს?
 
განა ის ისე გაურბის ადამიანებს, რომ უდაბნოში დამალვას საჭიროებს? თუკი ის არც მეფეებს შეუშინდა და არც მსაჯულებს, როდესაც მისი ტანჯვის დრო მოახლოვდა, არამედ ღიად უქადაგებდა ჭეშმარიტების სიტყვას უკეთურებს, რის გამო შეშინდება ვითომ ასე უცებ, როდესაც ცოდვილთა განსასჯელად მოვა?
 
ამრიგად, თუკი გეტყვიან: "აჰა, უდაბნოშია ქრისტე", - ნუ გამოხვალთ; ან კიდევ: "აჰა, საიდუმლო ოთახებშია იგი", - ნუ დაიჯერებთ. თქვენ შეურაცხყოფთ მის ღვთაებრიობას, თუკი ფარულ ოთახებში დაიწყებთ იმის ძიებას, ვინც ყოველივეს აღავსებს; ან თუკი ჩათვლით, რომ იმალება ის, ვინც ამპარტავანთა მოსათვინიერებლად და დამცირებულთა ასამაღლებლად მოვიდა. მისი პირველი მოსვლისას მისი ღმრთეება დამალული იყო ხორცში, რათა გამოეცადა მორწმუნენი. ხოლო როდესაც კვლავ მოვა, გამოჩნდება დიდებით, რათა დააჯილდოვოს მათი რწმენა.
 
ამრიგად, თავისი პირველი მოსვლისას აუცილებელი იყო მისი ძიება, ახლა კი ეს საჭირო არ არის, რათა ირწმუნო, - ახლა ის თვითონ მოიძიებს მათ, ვინც მისი ირწმუნა. ბოლო ჟამი სულიერად უნდა გავიგოთ.
 
არსებობს მწვალებლობათა ორი სახეობა: ერთნი თავიანთ სიცრუეს მალავენ მით, რომ ცდილობენ თავიანთი ცრუ სწავლების საფუძვლები წმიდა წერილის ავტორიტეტში ეძებონ; სხვებს ეს არ ძალუძთ, რადგან სრულიად ეწინააღმდეგებიან წერილს. ამრიგად, უდაბნო - ეს მწვალებლობებია, რომელთა სწავლებაშიც წერილი სრულიად მივიწყებულია; ხოლო დაფარული ოთახები - მწვალებლობებია, რომლებიც შეიცავენ წერილის ამონაწერებს და მხოლოდ გარეგნულად ჩანან ჭეშმარიტად (PG 56:917).
 
 
ექვთიმე ზიგაბენი: ასე ამბობს, რათა კიდევ უფრო მეტად დაარწმუნოს ისინი. მარკოზთან ამბობს: "ხოლო თქვენ ფხიზლად იყავით. აჰა, ყოველივე წინასწარ გაუწყეთ თქვენ" (მკ. 13:23). მოციქულთა მეშვეობით ამას მათ მიმდევრებსაც ეუბნება, როგორც ზემოთ ითქვა. შენიშნე, რომ ის მოციქულებს იერუსალიმის დანგრევასთან და თავის მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით ეუბნება, როგორც ახალი ერის მოძღვრებს, რადგან იცის, რომ ისინი ამის შესახებ იქადაგებენ და დაწერენ, როგორც იმის დასადასტურებლად, რომ იერუსალიმის დანგრევა იწინასწარმეტყველა, ასევე მორწმუნეთა გასაძლიერებლად, რომლებიც მისი მეორედ მოსვლის წინ იცხოვრებენ.
 
 
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი: თუკი ვინმე შეგპირდებათ, რომ ქრისტე წარმართთა უდაბნოშია, ან მწვალებელთა დაფარულ სწავლებებში (dogma-tibus), რომლებიც გპირდებიან ღმრთის საიდუმლოთა ზიარებას, არ გამოხვიდეთ, მათ ნუ დაუჯერებთ; ან, თუკი ვინმე ისურვებს ქრისტეს სახელით აღზევებას, იმწამსვე ნუ ენდობით მას (რადგან, მართლაც, დევნულებისა და შევიწროებების ჟამს ცრუწინასწარმეტყველნი ყოველთვის პოულობენ თავიანთთვის ხელსაყრელ დროს მორწმუნეთა მოსატყუებლად).
 
 
მღვდელი იოანე ბუხარევი: ეს არის გაფრთხილება უფლის მხრიდან, რათა მორწმუნენი მღვიძარედ და ფხიზლად იყვნენ. მარკოზ მახარობელთან ამ სიტყვებს უფალი უმატებს: "თქვენ ფხიზლად იყავით" (მარკ. 13:23) (Иоанн Бухарев свящ. Толкование на Евангелие от Матфея. М., 1899. Зач. 99. С. 237).
 
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: რადგან მოწაფეებმა უფალს შესთავაზეს ორი შეკითხვა - იერუსალიმის აღებისა და უფლის მეორედ მოსვლის შესახებ, უფალმაც, ჯერ თქვა რა იერუსალიმის გაპარტახებაზე, შემდეგ თავის მეორედ მოსვლასა და სამყაროს აღსასრულზე იწინასწარმეტყველა. სიტყვა "მაშინ"-ს არა აქვს ის აზრი, "იერუსალიმის აღებისთანავე, ვინც კი გეტყვით" და ა. შ., არა, "მაშინ" განეკუთვნება იმ დროს, როდესაც ეს უნდა მოხდეს. აზრი ასეთია: "მაშინ", ანუ როდესაც მოვა ანტიქრისტე, მრავალი ცრუქრისტე და ცრუწინასწარმეტყველი გამოჩნდება, რომლებიც აცდუნებენ მაყურებელთა მზერას საკვირველი მოვლენებით, რომელთაც დემონთა შეწევნით აღასრულებენ და აცდუნებენ მრავალს. თუკი მართალნი არ იმღვიძარებენ, ისინიც კი შეიძლება მოექცნენ საცდურთა ქვეშ. მაგრამ მე თქვენ გაუწყეთო, ბრძანებს უფალი, და არ გექნებათ გამართლება, თუკი ვერ შეძლებთ თავი აარიდოთ სიცრუეს.


26. ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით.
   
 
წმ. ამბროსი მედიოლანელი: მაშინ აღდგებიან ცრუწინასწარმეტყველნი, რომლებიც დაიწყებენ მტკიცებას, რომ ქრისტე უდაბნოშია, და თავისი სიტყვებით მრავალს აცდუნებენ; ან კიდევ იტყვიან, რომ ქრისტე საიდუმლო ოთახებშია, და შიშს მოჰგვრიან ამ სიტყვების მსმენელთ უზენაესის სახელის წინაშე. მაგრამ, ქრისტე მოვა როგორც ელვა, მთელ ქვეყანაზე რომ აფრქვევს თავის ცეცხლოვან ბრწყინვალებას; ის არც უდაბნოში დაეხეტება და არც სადმე იმალება. "განა მე არ ვავსებ ცასა და მიწას? ამბობს უფალი" (იერ. 23:24). ის თავისი ელვარების ნათლით ბრწყინავს, რათა იმ ღამეს ყველამ ვიხილოთ დიდება აღდგომისა (Амвросий Медиоланский свт. Толкование на Евангелие от Луки. Книга восьмая// Собрание творений. Т. 8. ч.2. М.: ПСТГУ, 2020. С. 301-303).
 
 
ანონიმი კომენტატორი (Opus Imperfectum) (IV ს.): მან ისინი გააფრთხილა იმისთვის, რათა მოისმენდნენ რა ქრისტეს მოსვლის შესახებ, კაცთაგან არ მოტყუებულიყვნენ, უდაბნოებში არ გასულიყვნენ და იქ შეპყრობილები ან კიდევ დახშულ ოთახებში ჩაკეტილები არ აღმოჩენილიყვნენ. რატომ უნდა მოხდეს ქრისტეს მეორედ მოსვლა უდაბნოში? განა მას მარტოობა უფრო უყვარს, ვიდრე ადამიანებთან ურთიერთობა? განა მას ასე ეშინია ადამიანების, რომ უდაბნოში დამალვას საჭიროებს? თუკი მას, როდესაც მისი ვნების დროს მოახლოვდა, არ ეშინოდა არც მეფეების და არც მსაჯულების, არამედ ღიად უქადაგებდა უკეთურთ ჭეშმარიტების სიტყვას, უცებ რის გამო უნდა შეშინდეს მაცხოვარი, როდესაც ცოდვილთა განსაკითხად მოვა?
 
ამრიგად, "თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით". ამით თქვენ შეურაცხყოფთ მის ღვთაებრიობას, თუკი დახშულ ოთახებში დაუწყებთ ძებნას იმას, ვინც მთელ ცასა და მიწას აღავსებს; ან თუკი ჩათვლით, რომ იმალება ის, ვინც ამპარტავანთა დასამორჩილებლად და დამცირებულთა ასამაღლებლად მოვიდა.
 
პირველი მოსვლისას მისი ღვთაებრიობა კაცობრივ სხეულში იყო დაფარული, რათა შეძლებოდა გამოეცადა მორწმუნენი. ხოლო როდესაც კვლავ მოვა, გამოჩნდება დიდებით, რათა დააჯილდოვოს მათი რწმენა.
 
ამრიგად, პირველი მოსვლისას აუცილებელი იყო მისი ძიება, ახლა კი ეს საჭირო აღარ არის, რომ ირწმუნო, - ახლა ის თვითონ მოიძიებს თავის მორწმუნეთ. ბოლო ჟამი სულიერად უნდა განვმარტოთ. არსბობს ორი სახის მწვალებლობა: ერთნი თავიანთ სიცრუეს მალავენ მით, რომ ცდილობენ საფუძვლები წმიდა წერილის ღვთაებრივ ავტორიტეტში ეძებონ; ხოლო სხვები ამის შემძლენი არ არიან, რადგან სრულიად ეწინააღმდეგებიან წმიდა წერილს. ამრიგად, უდაბნო - ეს არის მწვალებლობები, რომელთა სწავლებებში წერილი სრულიად მივიწყებულია; საიდუმლო სენაკები - ეს ის მწვალებლობებია, რომლებიც შეიცავენ წერილის სიტყვებს და მხოლოდ გარეგნულად ჩანან ჭეშმარიტ სწავლებად (PG 56:917)>
 
 
ექვთიმე ზიგაბენი: ამბობს: იმ დროს იქნებიანო ანტიქრისტეს წინამორბედები და მსახურები. დაფარულს აქ სახლის ყველაზე შიდა ოთახებს უწოდებს.
 
 
ღირ. ეფრემ ასურელი. რადგან მრავალი მისდევდა მას, განმარტა, რომ მისი მოსვლა ღია და საზეიმო იქნება, არა ისე, როგორც მისი შობა იყო. "თუ გეტყვიან: აჰა, ან იქ არის ან აქო ... ნუ ერწმუნებით. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც" (მთ. 24:26-27). როგორც მისი შობის დროს გამოჩნდნენ მპარავები (ჰეროდე და უფლის სხვა მტრები - რედ.), ასევე უფლის მოსვლის დროსაც გამოჩნდებიან ავაზაკები და გაძლიერდება ჭორები. ამრიგად, ნუ გახვალთ მის მოსაძებნად, რათა კეთილი ნებით არ მიჰყვეთ მეამბოხეებს და თვითონვე არ აღმოჩნდეთ მათ მიერ წარტაცებულნი.
 
 
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი: თუ ვინმე გეტყვით, თითქოსდა ქრისტე წარმართთა უდაბნოშია ან მწვალებელთა დაფარულ სწავლებებში (dogma-tibus), რომლებიც გპირდებიან ღმრთის საიდუმლოებებთან ზიარებას, ნუ გახვალთ მათთან, ნუ ერწმუნებით მათ; ან კიდევ, თუკი ვინმე ისურვებს ქრისტეს სახელით აღზევებას, იმწამსვე ნუ ენდობით (რადგან, მართლაც, დევნულებებისა და შევიწროებების ჟამს ცრუწინასწარმეტყველნი ხელსაყრელ ნიადაგს ქმნიან მოტყუებისთვის).
 
 
წმ. იოანე ოქროპირი: დააკვირდით, ქრისტე გაფრთხილებთ: "ნუ გახვალთ" უდაბნოში, ნუ შეხვალთ შიდა ოთახებში. არ უთქვამს: განსდექით და ნუ ერწმუნებით, არამედ "ნუ გახვალთ" და "ნუ შეხვალთ". ნიშთა და სასწაულთა გამო დიდი იქნება მაშინ საცდური.
 
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: თუკი მოვლენ, - ამბობს ქრისტე, - მატყუარები და გეტყვიან, რომ ქრისტე მოვიდა, მაგრამ უდაბნოში ან რომელიმე სახლში და მის საუნჯეში ან ფარულ ადგილას იმალება, ნუ მოტყუვდებით, რადგან ქრისტეს მოსვლას მიმთითებელი არ სჭირდება. იგი, როგორც ელვა, ყველასთვის ცხადი იქნება, რადგან, მსგავსად ელვისა, რომელიც მეყვსეულად გამოჩნდება, მაგრამ ყველასთვის დასანახია, ასევე მის მოსვლასაც, ვინც კი სამყაროში ცხოვრობს, ყველა იხილავს. მეორედ მოსვლა ისეთი აღარ იქნება, როგორიც პირველი იყო, როცა უფალი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა, არამედ იგი მეყსეულად გამოჩნდება.
მეორედ მოსვლა
27. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.


ექვთიმე ზიგაბენი: მსგავსად იმისაო, ამბობს, როგორც ელვა ანათებს და ყველასთვის საჩინო ხდება ისე, რომ არც მაუწყებელს საჭიროებს და არც წინასწარმეტყველს, არამედ თავისი ბრწყინვალების ძალით თვალის დახამხამებაში ხილული ხდება მთელ ქვეყანაზე, - ზუსტად ასე იქნება ის მოვლენაც, რომელსაც თავისი ბრწყინვალების ძალით ყველა დაინახავს და თვითონ იქნება ადამიანებისთვის საკუთარი თავის მაცნე. მეორედ მოსვლა იქნება არა ისე, როგორც პირველი - სიღატაკესა და თავმდაბლობაში, არამედ, პირიქით, - ძალითა და დიდებით, მთელი ზეციური მხედრობის თანხლებით. ამიტომაც მაშინ ყველა იცნობს მას.
 
 
ღირ. ეფრემ ასურელი: რადგან მრავალნი მისდევდნენ მას, განმარტა, რომ მისი მოსვლა დადგებოდა ღიად და საზეიმოდ, არა ისე, როგორც მისი შობა იყო. "თუ გეტყვიან: აჰა, ... ნუ ერწმუნებით. ... ვინაიდან როგორც ელვა იელვებს..." როგორც იმ დროს, როდესაც იშვა, გამოჩნდნენ ქურდები (ჰეროდე და უფლის სხვა მტრები - "აპოკ". რედ.), ასევე მისი მოსვლის დროსაც გამოჩნდებიან ავაზაკები და გააძლიერებენ ჭორებს. ამრიგად, ნუ გახვალთ მის მოსაძებნად, რათა ნებაყოფლობით არ მისდიოთ ამ მეამბოხეებს და თვითონაც არ იქნეთ წარტყვევნილი.
 
 
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი: ნუ გახვალთ, ნუ ირწმუნებთ, რომ ძე კაცისა ან წარმართთა უდაბნოებში იქნება ან კიდევ ადამიანთა საიდუმლო სენაკებში, რომლებიც ეკლესიისგან არიან გამოყოფილნი (haereticorum); არამედ მისი სწავლება (fides) ბრწყინავს მთელ სამყაროში აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ასევე უნდა ითქვას ის, რომ მაცხოვრის მეორედ მოსვლა იქნება დიდებით, და არა პირველის მსგავსად, დამცირებით. ასე რომ, უგუნურებაა ვეძებდეთ მას მცირე რამ ადგილას ან დაფარულში იმას, ვინც არის მთელი ქვეყნიერების ნათელი.
 
 
წმ. იოანე ოქროპირი: იმის შემდეგ, რაც თქვა, თუ როგორ მოვა ანტიქრისტე, ანუ ცნობილ ადგილას, ქრისტე ამბობს, როგორ მოვა თვითონ. მაშ, როგორ მოვა იგი? "როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც"; რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც (მთ. 24:28). ელვა კი როგორ ბრწყინავს? ის არ ითხოვს მოციქულს, არ ითხოვს მქადაგებელს, არამედ მთელ სამყაროში, თვალის ერთ დახამხამებაზე გაიელვებს, და გამოუჩნდება მათ, ვინც სახლში სხედან, და მათაც, ვინც სახლის შიდა ოთახებში შემალულან. ასეთივე იქნება ქრისტეს მოსვლაც, - გამოეცხადება ყველას თავისი დიდების ბრწყინვალების ძალით.
 
 
ეპ. იუსტინე პოპოვიჩი: როგორი იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა? როგორც გაელვება. მას ყველა ნახავს, ის მიუწვდომელი და ძლიერია, როგორც ელვარება. ეს ნიშნავს: ის გამოჩნდება როგორც ნათელი. მაშინ ჩვენ გამოცდილებითად შევიცნობთ, რას ნიშნავს მოციქულის სიტყვები: "ღმერთი არის ნათელი". ის, ღმერთი ლოგოსი, რომელიც ყოველთვის, ყველგან და ყოველ ადგილას იმყოფება, უეცრად ხილული გახდება, როგორც ღმერთკაცი და ეს ყოველ ადგილას თვალსაჩინო იქნება.
 
ანტიქრისტეს დროს გლოვა მოიცავს თვით ზეციურ მნათობებსაც: "მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი" (მათე 24:29), უეჭველად, დედამიწის უბედურება ცასაც მოედება, მზე დაბნელდება, მთვარეს კი ნათელი წაერთმევა, ზეციური ძალები შეშფოთდებიან და შეიძვრიან, რადგან ყველაფერი ერთმანეთს ცოცხლად და ორგანულად უკავშირდება.
 
ფსალმუნები ღვთითშთაგონებით მოწმობენ: მთები, გორაკები, ბალახი და ზეცა, ყველაფერი აქებს და ადიდებს უფალს - ყოველი სული და ყოველი სუნთქვა. ხოლო როდესაც დედამიწა ადამიანის ბოროტმოქმედებებისგან დასნებოვნდება, მაშინ მზეც აღარ გამოიღებს ნათელს, მთვარე კი ჩაბნელდება, ვარსკვლავები მიწაზე დაიწყებენ ცვენას... დიახ, დიახ, დიახ: ასეთ რღვევას დაიწყებს ჩვენი პლანეტა... მაშინ "მკვდარი ბუნება" გმინვას დაიწყებს ტკივილისგან და იმ შიშისგან, რასაც მიანიჭებს მას დედამიწა მიწიერ ცოდვისმოყვარეთა და სიკვდილშემოქმედთაგან.
 
ადამიანური ბოროტება იმდენად დიდი და ძლიერია, რომ მისგან ჩაქრება მზე, მოკვდება მთვარე, ვარსკვლავნი შეიძვრიან თავიანთი ადგილებიდან, დაკარგავენ ორბიტებს და ყოველი ზეციერი ძალი ბნელეთსა და უცნობლობაში დაიფანტება. აი ასე განსაზღვრავს ცისა და ზეციურ მნათობთა ხვედრს ადამიანის ზნეობრივი თავისებურებანი. ადამიანი იმდენად მნიშვნელოვანი არსებაა ღმრთის ამ სამყაროში, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს პატარა მიწიერ ქვეყნიერებაში გარდამოხდა თვით ღმერთი სიტყვა და ადამიანი გახდა; იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ღმერთკაცი ქრისტე კვლავ ჩამოვა ჩვენს ადამიანურ ქვეყნიერებაში, როგორც მსაჯული, რომელიც სრულად აღმოაჩენს, თუ რა შეამთხვიეს ადამიანებმა საკუთარ თავს და გარესამყაროსაც.
 
 
ორიგენე: ის, რომ ქრისტე არის სიტყვა, და ჭეშმარიტება, და ღმრთის სიბრძნე, სამყაროს შექმნის დასაბამიდანვეა ნაჩვენები ვიდრე მოციქულთა წერილებამდე (ანუ დაბადების წიგნიდან ვიდრე მოციქულთა წიგნებამდე), რომლის შემდეგ არ გვმართებს ვენდოთ რამენაირ წერილს, როგორც მათ. ან ასე უნდა გავიგოთ: "რჯული და წინასწარმეტყველნი - იოანემდე" (ლკ. 16:16), რომლებშიც არის ჭეშმარიტების ელვა, აღმოსავლეთი არის რჯული, დასავლეთი კი - დასასრული რჯულისა (იხ. რომ. 10:4), იოანე. და მხოლოდ ეკლესია არ განეშორება ამ ელვის არც სიტყვასა და არც აზრს, არც ჰმატებს მას რასმე, როგორც წინასწარმეტყველებას, არც სხვა რამეს. მაგრამ თუ საჭიროა ვითარებათა გამოკვლევა, მხოლობითში როდია ნათქვამი "აღმოსავლეთი" და მხოლობითში როდია ნათქვამი "დასავლეთი", არამედ "აღმოსავლეთებიდან დასავლეთებამდე" (სინოდალურ თარგმანშია - აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე - რედ.), ჩვენ ვიტყვით, რომ ერთი აღმოსავლეთი და ერთი დასავლეთი რჯული და წინასწარმეტყველებია იოანემდე; ხოლო მეორე აღმოსავლეთი ვიდრე დასავლეთამდე - ეს არის იესუ ქრისტე პავლემდე, რომელსაც ყველაზე ბოლოს გამოეცხადა მოციქულთაგან ქრისტე, როგორც ვინმე უდღეურს (1 კორინთ. 15:8) (Комментарии на Евангелие от Матфея 47, GCS 38/2:96).
 
 
ა. პ. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია: არ შეიძლება დავეთანხმოთ ბენგელეს: credibile est, Christi adventum fore ab oriente (სავარაუდოდ, ქრისტეს მოსვლა აღმოსავლეთიდან იქნება), რადგან დედანში ამის შესახებ არ არის ლაპარაკი. მითითება აღმოსავლეთზე და დასავლეთზე განურჩეველი ხასიათისაა; შეიძლებოდა პირიქითაც თქმულიყო. ქრისტეს მოსვლა უბრალოდ მხოლოდ ედრება ჩვეულებრივ გაელვებას, განსაკუთრებით ღამის პერიოდში, როდესაც გეჩვენება, რომ მთელი ზეციური კამარა მისით განათდა. აქ მითითებულია სისწრაფეზე და მოულოდნელობაზე. საუკეთესო ხელნაწერებში არ არის καί (და) после οὕτως (ასე იქნება მოსვლა...). ქრისტეს მოსვლა ამ მუხლიდან მსჯელობის აღმატებული თემაა. ნაკლებად მნიშვნელოვანი საგნები თითქოსდა უფრო მნიშვნელოვანით შთაინთქმება. მაგრამ მსჯელობაში ადრინდელივით შეიძლება გამოიზებნოს პირველი და მეორე აზრიც.
 

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: ქრისტეს მოსვლისას საჭირო არ იქნება მიმთითებელი: ის ყველასთვის ერთდროულად გაცხადდება, როგორც ელვა და როგორც ყველასთვის ხდება ის ხილული, ქრისტეს მოსვლაც მსოფლიოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის ხილული იქნება. მეორედ მოსვლა არ იქნება ისე, როგორც პირველი იყო, როდესაც უფალი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდებოდა: მეორედ მოსვლა წამიერად იქნება.
 
 
ეპ. ნიკოლოზ სერბი: უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლა დიდებით იქნება. ამის შესახებ უფალს არაერთხელ უთქვამს. მაგრამ ახლა ის აზუსტებს, თუ რას დაემსგავსება ეს მოსვლა. ის გაელვების მსგავსი იქნება, ამბობს უფალი. ამით ის თავისი დიდებით მოსვლის ხუთ თვისებას განგვიმარტავს.
 
ჯერ-ერთი, მისი მეორედ მოსვლა მოულოდნელი იქნება, როგორც გაელვება. ამიტომ გვაფრთხილებდა იგი: იფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე, არც საათი!
 
მეორეც, მისი მოსვლა იქნება ბრწყინვალე, როგორც გაელვება. მზე და ვარკსვლავები დაბნელდება, და საერთოდ, როდესაც უფალი გამოჩნდება, მთელი კოსმოსი დაკარგავს თავისი სახის სხივოსნობას. ვინც სცოდავს, მასში ნაკლებია ნათელი და სხივოსნობა; ამდენადვე თვალშეუვალი იქნება მაშინ ბნელეთი იმ ზეციური ელვარების წინაშე! ამიტომაც გვამცნო უფალმა ჩვენი სულების სასანთლე ზეთით აღვსებული გვქონდეს და მუდმივ მზადყოფნაში ვიყოთ. ო, ძმანო, დაე ბნელში ნუ აღმოვჩნდებით იმ საშინელ ჟამს!
 
მესამეც, მისი მოსვლა იქნება ძლევამოსილი, როგორც ელვა. რადგან სხვა ადგილას ის ნათლად გვეუბნება, რომ მოვა ძალითა და დიდებით.
 
მეოთხე, მისი მოსვლა იქნება ყოვლისმომცველი და მას ყველა იხილავს აღმოსავლეთიდან ვიდრე დასავლამდე. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ის არ მოვა, როგორც პირველად, როდესაც მას მხოლოდ მოწაფეები ხედავდნენ, ან ერთი მოდგმა, ერთი ხალხი, ერთი ქვეყანა ან ერთი სახელმწიფო ხედავდა, არამედ მოვა, როგორც ელვა, რომელსაც დედამიწის ყველა ხალხი და ტომი ერთბაშად, ერთ გაელვებაში იხილავს.
 
მეხუთეც, როგორც ელვის ბრწყინვალება წინ უსწრებს წვიმასა და სეტყვას, ასევე მისი მეორედ მოსვლა იქნება წინამორბედი საშინელი სამსჯავროსი, რომელიც მართალთა და ერთგულთათვის სასურველ წვიმასავით იქნება, ხოლო უსამართლოთა და უკეთურთათვის - როგორც სეტყვა.
 
მაშ, მოვემზადოთ ძმანო, რადგან ღრუბლები კვრებიან, მათგან ნებისმიერ დროს შეიძლება გამოკრთეს საღმრთო ელვა. უფალო დიადო და საშინელო, დაგვიმიატე ჩვენი სულების სასანთლეში ზეთი, რათა არ აღმოვჩნდეთ მარადიულ უკუნში, როდესაც შენი მარადიული ნათელი გამოჩნდება. შენ გეკუთვნის ქება და დიდება სამარადისოდ. ამინ ("Охридский пролог" святителя Николая Сербского: 30 (17) марта).


28. რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან ორბებიც.
   
 
სქიარქიმანდრიტი აბრაამი (რეიდმანი): "მრავალი წმიდა მამა თანხმიერია იმ აზრში, რომ "მძორში" ქრისტემ საკუთარი თავი იგულისხმა, ორბებში კი მეორედ მოსვლა წმინდანებთან ერთად. უფლის სიტყვებში სიმბოლურად მინიშნებულია ევქარისტული ასპექტიც, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, განსაკუთრებით დღესასწაულის დღეებში, როდესაც მრავალი ხალხი ეზიარება. თუმც კატეგორიულად ვერ ვიტყვით, რომ ყველა, ვინც კი ეზიარება "ორბია" ან "არწივი", რომლებიც "შეიყარნენ" ბარძიმთან და, რომლებიც, ზოგჯერ საცდურად ექმნებიან ახალდამწყებთ, რადგან ყოველთვის როდი იცავენ წეს-რიგს და უჯიკავებენ ერთურთს. მაგრამ ასე იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დროსაც: "პეტრემ და მისმა თანამდგომებმა უთხრეს: მოძღვარო, ხალხი გაწყდება და გავიწროებს, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?" (ლკ. 8:45). "ორბების" ასეთი მისწრაფება ბარძიმისადმი, მოაზროვნე და ჭეშმარიტი რწმენის მეძიებელი ადამიანისთვის, არ უნდა იყოს დაბრკოლება, პირიქით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ, როგორც მაშინ ადამიანები თავს იყრიდნენ ქრისტეს გარშემო, ახლაც ხალხი ელტვის ქრისტეს ხორცსა და სისხლს და ხშირად ისე ვერა "როგორც წესი და რიგია" (1 კორ. 14:40), მაგრამ მაინც არაფერი იცვლება (საკვირაო ქადაგება. აუდიო ჩანაწერი).
 
 
წმ. გრიგოლ II, რომაელი: "მთელი ქვენიერებიდან, არწივების მსგავსად, ადამიანებმა დაიწყეს იერუსალიმისკენ დინება, როგორც უფალმა თქვა სახარებაში: "სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან ორბებიც". მძორი - ქრისტეა, ხოლო მაღლა მფრინავი ორბები ღვთისმოსავი და ქრისტესმოყვარე ადამიანები (პირველი ეპისტოლე იმპერატორ ლეონ ისავრიელს წმიდა ხატების შესახებ).
 
 
ექვთიმე ზიგაბენი: ეს ნათქვამია მათ შესახებ, რომლებიც მაშინ იქნებიან უფლის თანმხლებნი. ისინი შეადარა ორბებს, რადგან მაღლა ფრინავენ სათნოებათა ცაში და ამაღლდებიან, ხოლო საკუთარი თავი - მძორს, როგორც შემომკრები ამგვარი ორბებისა და, როგორც მათი სულიერი საკვები და მარადიული სიცოცხლის წყარო. ლუკას სახარებაში (ლკ. 17:37) "მძორის" (πτωμα) ნაცვლად მოცემულია "სხეული" (σωμα).
 
 
ღირ. ეფრემ ასურელი: უფალმა ორბები უწოდა მტრებს, რომლებიც მოვლენ იმ ქალაქის წინააღმდეგ, რომელსაც ეწოდება "მძორი", როგორც ნათქვამია: "არწივზე უსწრაფესია მისი ცხენები" (იერ. 4:13). ... ან... ორბებად, მათი ფრთების სისწრაფისა გამო, უფალმა უწოდა მართლებს. ... მძორზე იკრიბებიან ძერები; და სულთან, რომელიც თავის თავში სასოწარკვეთილა - დემონები; "სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან ორბებიც" (В подражание Притчам).
 
 
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი: ქრისტეს საიდუმლოს ჩვენ ვსწავლობთ მაგალითიდან, რომელსაც ყოველდღიურად ვაკვირდებით ბუნებაში. ამბობენ, რომ არწივები და სვავები ზღვის გადაღმიდანაც კი გრძნობენ მძორის სუნს და იკრიბებიან ამ სახის საკვებზე. ამგვარადვე, თუკი უგუნური ფრინველები, რომლებიც ესოდენი მანძილით არიან დაშორებულნი მიწას, ბუნებრივი გრძნობით ცნობენ მძორს და იმასაც, თუ სად დევს იგი; რაოდენ უმეტესად უნდა ვესწრაფოდეთ ჩვენ, მორწმუნენი იმისკენ, ვისი ელვისებრი ბრწყინვალება აღმოვალს აღმოსავლეთიდან და ჩანს ვიდრე დასავლადმდე! მაგრამ მძორი, ანუ სიტყვით πτῶμα (პტომა), ანუ ლეში ლათინურ ენაში გამოიხატება გვამი (cadaver), რადგან ის ეცემა (cadat) სიკვდილის შედეგად, რაშიც შეიძლება დავინახოთ ქრისტეს ვნებანი, რომელსაც ვემყნობით, რათა სადაც კი წმიდა წერილში წავიკითხავთ მათ შესახებ, მათ თანხმიერად შევიკრიბოთ და მათ მიერ შევძლოთ მისვლა ღმრთის სიტყვასთან, როგორც, მაგალითად, შემდეგ ადგილას: "განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი" (ფსალმ. 21:17) და ესაიასთანაც: "როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე" (ეს. 53:7) და სხვა ადგილებში. ორბებად კი იწოდებიან წმინდანები, რომელთა სიჭაბუკე განახლდა არწივთა მსგავსად და, რომლებიც იფარებიან ბუმბულებით და ფრენენ რათა ქრისტეს ვნებებზე შეიკრიბონ.
 
 
წმ. იოანე ოქროპირი: "შემდეგ ქრისტე ლაპარაკობს სხვა ნიშანზე: "სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან ორბებიც", და ამით მიანიშნებს ურიცხვ ანგელოზებზე, მოწამეებსა და ყველა წმინდანზე.
 
 
წმ. მღვდელმოწ. იპოლიტე რომაელი: ეს მძორი იყო სამოთხეში, რადგან იქ დაეცა ადამი (ქრისტეს და ანტიქრისტეს შესახებ, 64).
 
 
ღირ. ისიდორე პელუსიელი: შემოქმედმა და მეუფემ ნეტარი ცხოვრებისთვის გვიბოძა ედემი, მაგრამ, ნების ადვილად მიდრეკადობისა და მტყუვარის (ეშმაკის) მზაკვარების გამო განდევნილ ვიქენით მისგან მრავლად საშრომელ მიწაზე, ანუ ჭმუნვაში გადავსახლდით. ამიტომაც, ჩვენგან იმათ, ვისაც კვლავ გამოესხა ფრთები, დატოვეს მიწაზე ხოხიალით ცხოვრება და მიუახლოვდნენ ზეციური საცხოვრისის სიმაღლეს, სახიერმა ქრისტემ აღუთქვა, რომ კვლავ შეკრიბავდა მათ ადრინდელ ადგილას. რადგან სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები, რომლის შესახებაც შენ მკითხე. "სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან ორბებიც", - ანუ, სადაც თავშეუკავებელი ჭამით იძლია ადამი, იქვე აღსრულდება გამარჯვება მარხვითა და თავშეკავებით, რომელიც მოიმუშაკა ადამიანურმა ბუნებამ (Письма. 282. Серину. Что значат слова: идеже труп, тамо соберутся и орли (მთ. 24:28)? ).
 
 
წმ. კირილე ალექსანდრიელი: მაგრამ, იქნებ ვინმემ იკითხოს: მითხარი, როგორ უწოდებს მაცხოვარი საკუთარ თავს მძორს? ის ამბობს, "სადაცა ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან ორბებიც". რაზეც ვუპასუხებთ: მართალია, ქრისტემ ეს თქვა საკუთარ სხეულზე, მაგრამ იგავურად და სიმბოლურად, რადგან ამით მან მიუთითა მასთან წმინდანთა შეკრებაზე იმ დროს, როდესაც ის კვლავ მოვა ციდან "მამის თვისის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით" (მთ. 16:27). როგორც ხორცისმჭამელი ორბების გუნდი სწრაფად იკრიბება მძორთან, ასეთივე სახით შეიკრიბებით თქვენ ჩემთან, რაც პავლემ ნათლად გამოხატა სიტყვებში: "ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი ... მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით" (1 კორ. 15:52), და სხვა ადგილას: "შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით" (1 თესალონიკ. 4:17). ამრიგად, მსგავსებისა და შედარების გამოყენება ვერანაირად ავნებს გამოთქმის ჭეშმარიტ მნიშვნელობას (Толкование на Ин. 2:21).
 
 
ა. პ. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია: ამ მუხლის ნამდვილი აზრი იმაშია, რომ მაცხოვრის მეორედ მოსვლა იქნება განსაზღვრულ დროს, როდესაც ბოროტება მიაღწევს დამღუპველ განვითარებას, როგორც ეს იყო სოდომისა და გომორას დაღუპვის წინ. როდესაც სიცოცხლე ტოვებს სხეულს, ის მძორად იქცევა, და ორბები შეიკრიბებიან მის ირგვლივ: ასე იქნება მაშინაც, როდესაც მსოფლიოში მოხდება ბოროტები არნახული განვითრება. ძე კაცისა და მისი ანგელოზები გამოჩნდებიან მაშინ საღმრთო სამსჯავროს აღსასრულებლად.
 
...
 
უფლის ამ წინასწარმეტყველებას თუ განვაკუთვნებთ იერუსალიმის დანგრევას, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინასახე იყო, მაშინ სიტყვები: "მძორი" და "ორბები" შეიძლება ასეც გავიგოთ: როგორც მძორს ეცემიან მტაცებელი ორბები, ასევე სულიერად მკვდარი იერუსალიმისკენ გამოეშურებიან რომაული ჯარები, რომელთაც თავიანთ დროშებზე არწივები ჰქონდათ გამოსახული. "მაშინ შემდეგი სიტყვა "მწრაფლ იმ დღეთა პირის შემდეგ..." (მ. 29) - ამბობს ერთ-ერთი კომენტატორი (ეპ. მიქაელი), - უნდა გავიგოთ არა ბუკვალურად: ამ წინასწარმეტყველებაში ჩამალულია მთელი საუკუნეები", - დროის ის უზარმაზარი სივრცე, რომელიც გავა იერუსალიმის დანგრევიდან ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე, რომელიც ლუკა მახარობელთან წარმართთა დროებად იწოდება (Троицкие листки игумена Пантелеимона. Толкование на группу стихов: Мф. 24: 28-28)
 
 
ნეტ. თეოდორიტე კვირელი: წმიდა სახარებაშიც, ორბებად უწოდა მათ, ვინც მაღლა ფრენს და მიწიერს განეშორება, აქვს წმიდა სულიერი მზერა და სურვილი იყოს საიდუმლო სხეულის (ანუ ეკლესიის - "აპოკ". რედ.) წევრი. რადგან, როდესაც წმინდანებზე ამბობს, რომლებიც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ატაცებულნი იქნებიან ზეცად, ამატებს: "სადაცა ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან ორბებიც" (Слово 5 о Промысле).
 
 
ეპ. თეოფანე დაყუდებული: ლაპარაკია ქრისტეს მეორედ მოსვლაზე. როგორც მკვდარ მძორზე მსწრაფლ იკრიბებიან ორბები, ასევე იქ, სადაც გამოჩნდება ქრისტე შეიკრიბებიან მისი წმინდანები, რომლებიც სათნოებათა სიმაღლეებში ფრენენ და აღტაცებულ იქნებიან ღრუბლებში, ვითარც ორბები. მაცხოვარი ედრება მძორს, რადგან ის მოკვდა ჩვენთვის.
 
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: ამრიგად, როგორც მკვდარ მძორზე მსწრაფლ იკრიბებიან ორბები, ასევე იქ, სადაც გამოჩნდება ქრისტე შეიკრიბებიან მისი წმინდანები, რომლებიც სათნოებათა სიმაღლეებში ფრენენ და აღტაცებულ იქნებიან ღრუბლებში, ვითარც ორბები. მაცხოვარი ედრება მძორს, რადგან ის მოკვდა ჩვენთვის.


29. და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.
   
 
წმ. ამბროსი მედიოლანელი: 37. ამ ნიშნებზე უფრო მკაფიოდ ლაპარაკობს მათე: "დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან" (მთ. 24:29). ეს ნიშნავს, რომ მრავალი განუდგება მაშინ ღმრთის თაყვანისცემას და ნათელმოსილ რწმენას ურწმუნოების ღრუბელი დაფარავს, რადგან ჩემთვის ეს ზეციური მზე ჩემი რწმენის შესაბამისად ან მცირდება, ან კიდევ იზრდება (იხ. მალაქ. 4:2). როგორც ქვეყნიერების მზე მხედველის უნარის მიხედვით ან მკრთალია ან კაშკაშა; ასევე ადამიანში ნათელი აღწევს მისი რწმენიდან გამომდინარე. როგორც მთვარე გარკვეულ პერიოდებში მზისგან დედამიწით იფარება და იკლებს, ასევე წმიდა ეკლესიას ვერ მიაღწევს ქრისტეს ღვთაებრიობის სხივები, როდესაც ხორციელი ბიწიერებანი აღდგებიან მასსა და ზეციურ მნათობს შორის (მთვარეზე, როგორც ეკლესიის სიმბოლოზე იხ.: ехат. 4:7, 32; sacr. 6:25). დევნულებების დროს მიწიერი ცხოვრებისადმი სიყვარული ჩრდილავს საღმრთო ნათელს.
 
38. ვარსკვლავები ჩამოცვივიან (მთ. 24:29). ვარსკვლავები, რომლებიც აღდგომის დიდების კიაფობენ, არიან კაცები, რომლებიც, "როგორც მნათობნი სამყაროში, სიცოცხლის სიტყვას ფლობენ..." (იხ. ფლპ. 2:15-16); ესენი არიან კაცები, რომელთა შესახებაც აბრაამს ეწინასწარმეტყველა, რომ, როგორც ცა და ვარსკვლავები, გაბრწყინდებოდა მისი თესლი (იხ. დაბ. 15:5; დან. 12:3). სასტიკი დევნულების პირობებში ადამიანთა შორის გაქრებიან პატრიარქები, დაეცემიან წინასწარმეტყველნი. ასე უ ნდა მოხდეს და გაგრძელდება მანამ, სანამ ეკლესიის ყველა წევრში, სათითაოდ, სათნოება არ მიაღწევს სრულყოფილებას, ასე გამოიცდებიან გამოცდილნი და იმხილებიან სულმოკლენი. აუტანელი ხვატი და სიცხე დატანჯავს ყოველ სულს, ხოლო დანაშაულობათა სიმრავლის შეგნება და შიში მომავალი სამსჯავროს წინაშე ჩვენში წმიდა წყაროს მაგრილობელ ნამს გაახმობს. ურწმუნოება ცდის, რწმენა კი რწყავს (Амвросий Медиоланский свт. Толкование на Евангелие от Луки. Книга девятая// Собрание творений. Т. 8. ч.2. М.: ПСТГУ, 2020. С. 391-393).
 
 
ანონიმი კომენტატორი (Opus Imperfectum): "დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს" - ან დაუმსახურებელი დევნულებების გამო, რომელსაც განიცდიან წმინდანები, ან კიდევ უარესი დანაშაულობების გამო, რომელსაც ჩაიდენენ უკეთურები. უკანასკნელ დღეებში გამოჩნდება ღმრთის რისხვა. სანამ ურჯულონი ჯერაც დედამიწაზე ცხოვრობენ, მოცემული იქნება ჯოჯოხეთური სიბნელის წინაგანცდა. როგორიც გინდ იყოს მიზეზი, ღამე კანონზომიერად ინერგება ორ დღეთა შორის, რადგან უნდა იშვას ახალი დღე - დღე აღდგომისა. ჩვენ ვკვდებით ხორცით, მაგრამ აღვდგებით სულიერ სხეულებში (იხ. 1 კორ. 15:44). ასევე უკუნის დღე სიკვდილის ერთგვარი სახეა, რომელიც უთითებს, რომ უნდა დაიბადოს რაღაც ახალი, რომელიც ამ უკუნს მოსდევს. შეიძლება ასევე ვიფიქროთ, რომ ღამე განასახიერებს ბოროტებას, დღე კი - სიმართლეს (PG 56:918).
 
 
ექვთიმე ზიგაბენი: ამის შესახებ ლუკამაც თქვა, რომ "იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში" (ლკ. 21:25). "და მსწრაფლ"-ო, თქვა, რითაც აჩვენა, რომ თითქმის ერთდროულად მოხდება ის, რის შესახებაც უკვე თქვა და, ისიც, რასაც აწი იტყვის. ამ განსაცდელთა დღეებს ღმერთი თავის რჩეულთა გამო შეამოკლებს. აქ იგულისხმება ის ჭირი და განსაცდელი, რომელიც მოივლინება ანტიქრისტესგან და მის მაცდურ თანაშემწეთაგან, რომლებიც დაამწუხრებენ ღვთისმოსავთ. მზე დაბნელდება არა იმიტომ, რომ განადგურდება, არამედ იმიტომ, რომ გაუფერულდება ქრისტეს მოსვლის ბრწყინვალებით. "მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან", რადგან უკვე აღარ იქნებიან საჭირონი, რადგან ღამე აღარ იქნება. ლუკამ დაწერა: "და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა. შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი" (ლკ. 21:25-26).

"შეიძვრიან ციური ძალნი". ზეციური მხედრობანიც შეძრწუნდებიან, როდესაც იხილავენ ქმნილების ასეთ ცვლილებას, ღმერთის ჩამოსვლას დედამიწაზე და მკვდართა აღდგომას, რომელთაც მოუწევთ პასუხისგება მათი განვლილი ცხოვრებისთვის.


ნეტ. იერონიმე სტრიდონელი: "დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან, და შეიძვრიან ციურნი ძალნი", არა ნათლის შემცირების გამო (სხვა ადგილას ვკითხულობთ, რომ "მზის ნათელი გაშვიდკეცდება" (ეს. 30:26)), არამედ იმის გამო, რომ ჭეშმარიტ ნათელთან შედარებით ყველაფერი გაუფერულდება, დაბნელდება. თუკი ეს მზე, რომელიც ახლა მთელ ქვეყნიერებაზე ბრწყინავს, თუკი მთვარე, რომელიც ნათებით მეორეა მზის შემდეგ, და ვარსკვლავები ღამეს გვინათებენ, - ყველა ეს ძალა (ამ ძალებში კი ჩვენ ანგელოზებსაც მოვიაზრებთ) ქრისტეს მოსვლის დროს სიბნელედ იქცევიან; რა თქმა უნდა, შეირყევა იმათი თავდაჯერებულობაც, რომლებსაც თავი წმინდანებად მოჰქონდათ, და მსაჯულის სამართლის შიში არ ჰქონდათ.
 
 
წმ. იოანე ოქროპირი: მერე საშინელ სასწაულებზე საუბრობს. მაინც რა სასწაულებია ეს? "და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე" (მთ. 24:29), რომელი ჭირის დღეებზე ლაპარაკობს იგი? ანტიქრისტესა და ცრუ წინასწარმეტყველების ჭირის დღეებზე, ნამდვილად, უდიდესი გასაჭირი იქნება მაშინ, მაგრამ ის დიდხანს არ გაგრძელდება. თუკი იუდეველების ომი რჩეულების გამო შემოკლებულ იქნა, მაშინ მითუმეტეს შემოკლდება ეს ცდუნებებ მათ გამო. ამიტომ ქრისტეს არ უთქვამს: გასაჭირის შემდეგ, არამედ - "და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე", - რადგან ეს ყველაფერი თითქმის ერთდროულად მოხდება. ცრუ წინასწარმეტყველნი და ცრუ-ქრისტენი მოვლენ, გამოიწვევენ არეულობას და მაშინათვე მოდის თვით ქრისტე. საკმაო შფოთი მოიცავს მაშინ სამყაროს, როგორ მოვა ის? ისე, რომ გარდაიქმნება უკვე ეს ქმნილება. "დაბნელდება მზე", - მზე იქნება არა განადგურებული, არამედ მისი მოსვლის ნათლით ძლეული; და ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან", იმიტომ რომ რა საჭირო იქნება ისინი, როცა უკვე არ იქნება ღამე? "და შეიძვრიან ციურნი ძალნი". - და ძალზედ სამართლიანად, - იხილავენ რა ესოდენ დიდ ცვლილებებს. თუ ისინი ასე შეძრწუნდნენ და განკვირდნენ, როცა ვარსკვლავები შეიქმნა (როცა "გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები (იობი 38:7)), მაშინ ისინი როგორ არ შეძრწუნდებიან და არ შეიძვრიან გაცილებით მეტად, როცა დაინახავენ, რომ ყველაფერი იცვლება. თანამოსამსახურენი უნდა დაისაჯონ, მთელ ქვეყანას საშინელი სამსჯავრო ელის, და ყველამ, ადამიანიდან დაწყებული ვინც ქრისტეს მოსვლამდე არსებობდნენ, პასუხი უნდა აგოს თავისი საქმეების გამო? (76-ე ჰომილია მათეს სახარებაზე. წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. VI ტომი. თბილისი 2016 წ. გვ. 390).
 
 
წმ. კირილე ალექსანდრიელი: როგორ შეიძვრიან ისინი? რადგან როდესაც ღმრთის ნებით ცა და მიწა განახლდება (რამეთუ ამგვარ საგნებზე რაიმეს თქმა ზუსტად შეუძლებელია), მზე და მთვარე დაბნელდება, ხოლო ვარკსვლავები ყვავილებივით ჩამოცვივიან, რადგან მათი შემქმნელი საკუთარი ნებით კვლავ შეცვლის სტიქიონებს, და თვით სტიქიონებიც აირევიან. რადგან როდესაც კაცობრიობა განახლდება, მაშინ ხელახლა შედგება და შეიქმნება არსებულნი, რომლებიც კაცისთვის შეიქმნენ (Комментарии на Евангелие от Матфея 271, TLG 2060.152.58.697.58- 698.11).
 
 
არქიეპ. თეოფანე (ბისტროვი): საეკლესიო ცხოვრებასთან დაკავშირებულ მაცხოვრის ქადაგებებში ჩვენთვის არის ბოლო დროის ერთ-ერთი გასაოცარი მოვლენა, კერძოდ, როდესაც "ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან". თვით მაცხოვრის განმარტებით, "ვარსკვლავები" - ეკლესიათა ანგელოზები, ანუ ეპისკოპოსებია (გამოცხ. 1:20). ეპისკოპოსთა რელიგიურ-ზნეობრივი დაცემა ბოლო დროის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. განსაკუთრებით საშინელია ეპისკოპოსთა დაცემა, როდესაც ისინი განუდგებიან სარწმუნოების დოგმატებს ან, როგორც მოციქული ამბობს, როდესაც "ამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება" (გალატ. 1:7). ასეთებს მოციქული ანათემას უთვლის: "ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს" (გალატ. 1:9). და დაყოვნება აქ საჭირო არ არის, ბრძანებს იგი: "მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი" (ტიტ. 3:10-11). სხვაგვარად, ჭეშმარიტებისადმი გულგრილობისა და მისგან განდგომის გამო, ადამიანებს თავს დაატყდებათ ღვთის რისხვა: "ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან" (გამოცხ. 3:15-16). მსოფლიო ჰორიზონტზე შავი ღრუბლები თავს იყრიან. ახლოვდება ღმრთის სამსჯავრო ხალხებზე და პირმოთნე ქრისტიანებზე, მწვალებელ უსჯულოებსა და ნელთბილ იერარქებზე (Письма. 81. Необходимо всем, любящим Истину, наблюдать знамения времен!).
 
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: ანტიქრისტეს მოსვლის შემდეგ, რომელიც სწრაფად მოისპობა, რასაც ნათელყოფს სიტყვა "მსწრაფლ", მზე დაბნელდება, ანუ ნათლით, რომელიც ქრისტეს მოსვლას თან მოჰყვება, ძლეული შეუმჩნეველი გახდება. ასევე მთვარეცა და ვარსკვლავებიც, და მართლაც, რისთვისღა იქნება საჭირო გრძნობადი ნათელი, როცა ღამე აღარ იქნება და მზე სიმართლისა გამობრწყინდება? მაგრამ ძალნი ცათანი შეიძვრებიან, ანუ განცვიფრდებიან და შეძრწუნდებიან, ქმნილების გარდასახვის შემხედვარენი და იმისა, ყველა ადამიანი, ვისაც კი ადამიდან მოყოლებული იმი დრომდე უცხოვრია, თუ როგორ აგებს პასუხს (ბიბლია განმარტებებით. ტ. 17. ახალი აღთქმა. მათეს სახარება. გამომც. "პალიტრა". თბილისი 2020 წ. გვ. 356).
ქრისტეს მეორედ მოსვლა
30. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით.
   
 
არქიეპ. ამბერკი (ტაუშევი): "მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე" - წმ. იოანე ოქროპირი მიიჩნევს, რომ ეს იქნება ჯვრის ნიშანი, რომელიც თვით ქრისტე მაცხოვრის მოსვლის წინ გამოჩნდება ცაში, მსგავსად იმისა, როდესაც მეფეთა მსვლელობის წინ გამოაქვთ მისი ბაირაღი. ეს იქნება ის ნიშანი, რომელიც აიძულებს ქრისტესადმი ურწმუნო იუდეველთ და ყველა უღმრთოს, საკმაოდ დაგვიანებული და უნაყოფო სინანულის მშფოთვარებაში, უნებლიედ იყვირონ: "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!" და მაშინ "მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი", რადგან დაინახავენ, როგორ ცდებოდნენ ადრე, როდესაც ურწმუნოების ბნელში ცხოვრობდნენ. "და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით".
 
 
ანონიმი კომენტატორი (Opus Imperfectum): "მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი". იგოდებენ იუდეველნი, რადგან ცოცხალს და მაცხოვნებელს იხილავენ მას, ვინც მკვდარი ეგონათ. მისი ჭრილობებით მხილებულნი, უკვე ვეღარ უარყოფენ თავიანთ დანაშაულს.
 
იგოდებენ წარმართნი, რადგან, ფილოსოფოსთა ამაო არგუმენტებით მოტყუებულნი, მათ უგუნურებად მიიჩნიეს ჯვარცმული ღმერთის თაყვანისცემა და მოაკლეს შემოქმედს მისი დიდება.
 
იგოდებენ ცოდვილი ქრისტიანებიც, რომლებმაც წუთისოფელი ქრისტეზე მეტად შეიყვარეს, როდესაც მოისმენენ, როგორ ეტყვის მათ უფალი: "თქვენთვის განვკაცდი. თქვენთვის შეკრულ ვიქმენ და დამცირებულ, გამათრახებულ და ჯვარცმულ. მაშ, სად არის ამ დიდ უსამართლობათა ნაყოფი, რომელიც მე ვიტვირთე? აი, თქვენი სულების საცხოვნებლად დაიღვარა ჩემი სისხლი. სადღაა თქვენი მსახურება, რომელიც გმართებდათ ჩემ მიერთ თქვენთვის დაღვრილი სისხლისთვის? მე, ვიყავ რა ღმერთი, განვკაცდი და თქვენ საკუთარ დიდებაზე მაღლა დაგაყენეთ. თქვენ კი რასაც ფლობთ იმაზე მეტადაც დამაკნინეთ.  თქვენ ყველაზე ფუჭი და არაფრისმომცემი მიწიერი საგნები ჩემს სამართალსა და რწმენაზე მეტად შეიყვარეთ".
 
იგოდებენ მწვალებლებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, თითქოსდა ჯვარცმული იყო ჩვეულებრივი კაცი, როდესაც დაინახავენ, რომ მსაჯულია თვით ის, ვინც ჯვარს აცვეს იუდეველებმა (PG 56:916).
 
 
ბ. ი. გლადკოვი (19-ე ს. - სასულიერო მწერალი და საზოგადო მოღვაწე): ყველა ეს უჩვეულო მოვლენა, რომელთაც დაემატება ზღვის უჩვეულო მღელვარება, ადამიანებს გააოცებს და ერთგვარად გააშეშებს; შემდეგ, როდესაც ისინი, საბოლოოდ, გაიგებენ, რომ მათ თავზე საშინელი უბედურებები მოიწევა, უსასოობას მიეცემიან და ატირდებიან, დაეცემიან სულით და სასოწარკვეთის გამო კვდომასაც კი დაიწყებენ. მაგრამ ქრისტეს მორწმუნენი, რომლებიც ასრულებენ მისი მამის ნებას არ უნდა შეუშინდნენ ამ მოვლენებს, არც უსასოობასა და სასოწარკვეთას მიეცნენ; პირიქით, როდესაც ამ ყველაფრის აღსრულება დაიწყება, უნდა გაიხარონ, რადგან ერთი მხრივ, ამ მიწიერი ცხოვრებისა და წუთისოფლისგან გათავისუფლება, და მეორე მხრივ, მარადიული ცხოვრებისა და ნეტარების დადგომა ახლოვდება. მაშინ ყველამ თამამად მიაპყროს თავისი მზერა ზეცას და დაინახავენ მასში კაცის ძის ნიშანს, შემდეგ კი თვით კაცის ძესაც, რომელიც ზეციური ღრუბლებითა და უდიდესი ბრწყინვალების მოვალს.
 
იესუს არ უთქვამს, თუ როგორი ნიშანი გამოჩნდება ცაში, - ეს არც მოციქულებს უკითხავთ. აშკარად, ეს ისეთი ნიშანი იქნება, რომელიც ადამიანებს იოტისოდენა ეჭვსაც კი არ დაუტოვებს იმაში, რომ ეს სწორედ ქრისტეს მეორედ მოსვლის ნიშანია. იოანე ოქროპირის აზრით, ასეთი ნიშანი სწორედ ჯვარი იქნება. და როდესაც ქრისტეს ეს ბაირაღი გამოჩნდება, ყველა გაიგებს, რომ დადგა საშინელი სამსჯავრო; მაშინ იგოდებს ყოველი მიწიერი, ყველა ადამიანი, ვინც კი თავს მოუმზადებლად ჩათვლის ქრისტესთან შესახვედრად, რადგან არაფერი ექნებათ თავის გასამართლებელი მის წინაშე; "და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე" (მთ. 24:30-31) (Гладков Б.И. Толкование Евангелия. Глава 37. - Воспроизведение с издания 1907 года. М.: Столица, 1991. (с дополнениями из издания 1913 г.)).


ექვთიმე ზიგაბენი ( 1118): "ნიშანი ეწოდება ჯვარს, რომელიც მზეზე უმეტესად გაბრწყინდება; მზე დაბნელდება, ჯვარი კი გამოჩნდება. მაგრამ რატომ გამოჩნდება იგი? რათა, უპირველეს ყოვლისა, დააშინოს იუდეველები, შემდეგ კი წარმარტები, რომლებიც გმობდნენ ქრისტეს ჯვარს, და რათა უწყოდნენ, რომ სწორედ ის გადმოდის ციდან, როგორც ღმერთი. ... "მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი" ... მაშინ იგოდებენ წარმართნი, ანუ ურწმუნონი: ერთნი იმიტომ, რომ ჯვარს აცვეს უფალი, მეორენი კი იმიტომ, რომ დევნიდნენ ქრისტიანთ, სხვები კიდევ იმიტომ, რომ არ სწამდათ. მათ არ დასჭირდებათ სხვა ბრალდება ჯვრის გარდა; მაგრამ მათი იმდროინდელი გოდება უშედეგო იქნება... და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით. ამ ყველაფერს კი წინ ჯვარი წაუძღვება, როგორც ჯვარმცმელთა მხილება; უფალი კი ისევე ჩამოვა ღრუბლებით, როგორც ზეცად ავიდა.
 
 
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი (დაახლ. 419-420): ამ ნიშანში უნდა ვიგულისხმოთ ჯვარი, რათა, - როგორც ამბობენ ზაქარია (ზაქ. 12:10) და იოანე (ინ. 19:37) - იუდეველებმა იხილონ ის, ვინც ჯვარზე მიამსჭვალეს, ან კიდევ გულისხმავყოთ მძლეველის ძლევამოსილი ბაირაღი. მაშინ "მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით". - იგოდებენ ისინი, ვისი ადგილიც არ იქნება ცაში, და ჩაწერილნი არ იყვნენ დედამიწაზე (ანუ არ იყვნენ მონათლულნი - "აპოკ." რედ.).
 
 
დეკ. იოანე ბუხარევი (1836–1912): აქ გამოსახულია ქრისტეს მეორედ მოსვლა საყოველთაო სამსჯავროს მოსაწყობად და მთელი სამყაროს გარდასაქმნელად.
 
კაცის ძე, - თვით ქრისტეა, როგორც თავადვე უწოდებდა საკუთარ თავს (მთ. 8:20).
 
კაცის ძის ნიშანი - ეს ჯვარია, იარაღი, რომელზეც იესუ ქრისტემ კაცთა მოდგმა აცხოვნა. რატომ გამოჩნდება ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს ჯვარი? იმისთვის, როგორც ნეტ. თეოფილაქტე ბრძანებს, - სრულიად ამხილოს იუდეველთა უსირცხვობა. რადგან ქრისტე ამ სამსჯავროზე ისე მოვა, რომ ექნება უდიდესი გამართლება - ჯვარი, რომელიც აჩვენებს არა მარტო ჭრილობებს, არამედ დამამცირებელ სიკვდილსაც. ჯვარი უფლის ნიშნად იმიტომ იწოდება, რომ ის უფლის გამარჯვების ნიშანია და მისი სამეფო ბაირაღია.
 
"მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი", რადგან შეძრწუნდებიან ქრისტეს უბრწყინვალესი მოსვლით და იმ უდიადესი გადატრიალებით, რაც სამყაროში მოხდება; კერძოდ, - ატირდება იუდველთა მიწის ყოველი ტომი, და იგლოვებენ ჭეშმარიტი მესიისადმი, ქრისტესადმი თავიანთ დაუმორჩილებლობას, მის უარყოფას და ჯვარცმას; იგოდებს ყველა, ვინც, თუმც კი ქრისტიანი იყო, მიწიერად აზროვნებდა, ანუ არ ცხოვრობდა ისე, როგორც ამას ქრისტიანული რწმენა ითხოვდა (თეოფ.).
 
"და იხილავენ ძეს კაცისას", - უფალს, ქვეყნიერების მსაჯულს, "მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით", რადგან, როგორც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ამაღლდა ის ღრუბლით, ასევე იქნება მისი მეორედ მოსვლაც;
 
"ძალითა და დიდებით მრავლით". ქრისტეს ძალა მაშინ მის დიად ქმედებებში გამოვლინდება: ის ცეცხლით განაახლებს დედამიწას (2 პეტ. 3:7), მკვდრეთით აღადგენს ყველა მკვდარს (ინ. 5:29-30), ცოცხლად დარჩენილებს კი მკვდრეთით აღმდგართა მსგავსად გარდაქმნის (1 თესალონიკ. 4:7) და გაასამართლებს ყველას ცოცხალთაც და მკვდართაც (ანუ მკვდრეთით აღდგომილთაც - "აპოკ." რედ.) (მთ. 25:34-46); ხოლო ქრისტეს დიდება მაშინ მისი მოსვლის სიდიადეში გამოვლინდება, რომელიც ურიცხვ ანგელოზებთან ერთად მოვა (მთ. 25:31) (Иоанн Бухарев свящ. Толкование на Евангелие от Матфея. М., 1899. Зач. 100. С. 238-239).
 
 
წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): "და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე" - ე. ი. ჯვარი, რომელიც მზეზე ბრწყინვალე იქნება, რამდენადაც მზე დაბნელდება და დაიმალება, ხოლო ჯვარი გამოჩნდება: ის ვერ გამოჩნდებოდა, მზის სხივებზე ელვარე რომ არ ყოფილიყო. მაგრამ რისთვის ჩნდება ეს ნიშანი? იმისთვის, რათა სრულიად შეარცხვინოს იუდეველთა უტიფრობა. ქრისტე მოვა ამ სამსჯავროზე და ექნება უდიდესი გამართლება - ჯვარი. აჩვენებს არა მხოლოდ ჭრილობებს, არამედ სამარცხვინო სიკვდილსაც.
   
"მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი" - არ იქნება საჭირო მხილება მას შემდეგ, როცა ისინი ჯვარს დაინახავენ; და ისინი ატირდებიან, რადგან მისი სიკვდილით ვერავითარი სარგებელი ვერ მიიღეს და ჯვარს აცვეს იგი, ვისთვისაც თაყვანი უნდა ეცათ. ხედავ თუ არა, რამდენადაც საშინლად წარმოგვიდგინა ქრისტემ თავისი მოსვლა? როგორ გაუმხნევა მან მოწაფეებს გული? ამისთვის წარმოადგინა მან თავდაპირველად სამწუხარო ნიშნები, შემდეგ კი სამხიარულო, რათა ამ სახით, ანუგეშოს და დააწყნაროს ისინი.
 
წერილის სხვა ადგილას ნათქვამია: "იხილავენ მას, ვინც განგმირეს" (ზაქ. 12:10). ამიტომაც "მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი", როცა დაინახავენ სწორედ იმას, ვინც განგმირეს. ქრისტემ ჯვრის შესსახებ შეახსენა და დასძინა: "იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით" (მთ. 24:30).
 
ჯვარზე რომ მოისმენ, რაიმე სამწუხარო არ წარმოიდგინო: ქრისტე მოვა "ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით". ჯვარი ხომ იმისთვის ჩნდება, რომ იუდეველთა ცოდვა თავისით განისაჯოს, მსგავსად იმისა, როგორც ვინმემ - ქვით მოწყლულმა, თვით ქვისა და დასისხლიანებული ტანსაცმლის ჩვენება რომ დაიწყოს. იგი მოვა ღრუბლით, ისევე, როგორც ამაღლდა: და რომ დაინახავენ ამას "მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი", თუმცა, მათი უბედურება მხოლოდ ტირილით არ შემოიფარგლება, არამედ ეს ტირლი იქნება იმისთვის, რომ მათ თავიანთ თავს გამოუტანონ განაჩენი და თვითონ გაასამართლონ თავისი თავი" (წმ. იოანე ოქროპირი. სამოცდამეთექვსმეტე ჰომილია მათეს სახარებაზე. მთ. 24:16-18. ჰომილიები. VI ტ. წმ. მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი მეორე. თბ. 2016 წ. გვ. 390-391).
 
 
წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.): "ქრისტეს მძლეველი, მაცხოვნებელი ჯვრის ნიშანი ... კვლავ იესუსთან ერთად გამოჩნდება ცაში. რადგან ძლევის ბაირაღი წინ მიუძღვის ჩვენს მეფეს, რათა, როდესაც დაინახავენ იუდეველები და წარმართები ვინ აცვეს ჯვარს, შეინანონ და იგლოვონ. ატირდებიან არა მარტო ისინი, არამედ მიწის ყოველი ტომი; რადგან შეინანებენ მაშინ, როდესაც სინანულის დრო უკვე აღარ იქნება. ჩვენ კი აღფრთოვანებულებმა ვადიდოთ ჯვარი; თაყვანი ვცეთ ჩვენთვის განკაცებულ და ჯვარცმულ უფალს, თაყვანივცეთ მის მომავლინებელ მამა ღმერთს სულიწმიდასთან ერთად. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ" (Огласительное поучение 13).
 
 
ა. პ. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია: რა არის "კაცის ძის ნიშანი", რომელიც ცაში გამოჩნდება? ოქროპირი ამ გამოთქმაში ჯვარს გულისხმობდა. ""მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაში", - ე. ი. ჯვარი, რომელიც მზეზე ბრწყინვალე იქნება, რამდენადაც მზე დაბნელდება და დაიმალება, ხოლო ჯვარი გამოჩნდება: ის ვერ გამოჩნდებოდა, მზის სხივებზე ელვარე რომ არ ყოფილიყო". სხვების განმარტებით "ნიშანი" უნდა გავიგოთ იმ აზრით, რომ გამოჩნდება ან უჩვეულო ვარსკვლავი (როგორც ეს ქრისტეს შობის დროს იყო) ან თვით ქრისტე, ან კიდევ იქნება მკვდართა აღდგომა. კაცის ძის მეორედ მოსვლა არ იქნება პირველი მოსვლის მსგავსი. ის მოვა ზეციური ღრუბლებით და უბრწყინვალესი დიდებით. ძნელია იმისი თქმა ეს ძალი და დიდება იქნება მხოლოდ გარეგნული ან სულიერი თუ ერთიც და მეორეც, და ყოველგვარი მცდელობა ამ კითხვების გადაჭრისა მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდების სფეროს განეკუთვნება.


31. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე.


ექვთიმე ზიგაბენი († 1118): "მოავლინებს მათ მანამ, სანამ გამოჩნდება ჯვარი. აქ არ იცავს თანმიმდევრობას თხრობაში, არამედ უბრალოდ ლაპარაკობს იმაზე, თუ რა იქნება. "ოთხი ქარით" მიანიშნა სამყაროს ოთხ მხარეზე: აღმოსავლეთზე, დასავლეთზე, ჩრდილოეთსა და სამხრეთზე. ყოველი მხრიდან თავისებური ქარი ქრის, და ეს ოთხი მხარე საკუთრივ ქარებია. სიტყვებით "ცათა კიდიდან მათ კიდემდე" მიმატებულია სიტყვებს - "ოთხთავ ქართაგან". მარკოზი ამბობს: "მიწის კიდიდან ცის კიდემდე" (მკ. 13:27), რითაც აჩვენებს, რომ ცისა და მიწის საზღვრები ერთი და იგივეა. შენიშნე, რომ მკვდრებს გააღვიძებს საყვირი, გაღვიძებულთ შეკრებენ ანგელოზები, ხოლო შეკრებილთ აიტაცებენ ღრუბლები. როგორც პავლემ თქვა: "... რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს..." (1 თესალონიკ. 4:17). ხოლო ანგელოზები ცოდვილებსაც რომ შეკრებენ, ეს თქვა ქრისტემ, როდესაც განმარტავდა ერთ იგავს მეცამეტე თავში (მ. 41), სადაც ნათქვამია: "მოავლინებს ძე კაცისა თავის ანგელოზებს, და შეკრებენ მის სასუფეველში ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედთ" (მთ. 13:41). იქვე იხილე განმარტებაც (ანუ იხილე მარკოზის სახარების მოცემული მუხლის განმარტება - "აპოკ." რედ.)

 
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი (დაახლ. † 419-420): ამ საყვირის შესახებ მოციქული ამბობს 1 კორ. 15:52-სა და 1 თეს. 4:16-ში; ხოლო იოანეს აპოკალიფსისში ვკითხულობთ გამოცხ. 8:7-13 და შემდგომი. ძველ აღთქმაში მოცემულია განკარგულება მოამზადონ ოქროსგან, ვერცხლისგან და სპილენძისგან ჩამოსხმული საყვირები, რათა მათ იუწყონ სწავლებათა უდიდესი საიდუმლონი.

 
წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): "მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე". როდესაც ამას მოისმენ, წარმოიდგინე იმათი ტანჯვა, ვინც დარჩებიან. მათ არა მხოლოდ ამ სასჯელის გადატანა მოუწევთ, არამედ ამისიც. და როგორც ზემოთ თქვა ქრისტემ,იტყვიან: "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა" (მთ. 23:39). ასევე ამბობს აქაც, რომ დაიწყებენ მოთქმას. ადრე ქრისტემ უთხრა მათ სასტიკ ბრძოლებზე; მაგრამ, რათა მათ იცოდნენ, რომ ამჟამინდელ ცხოვრებაში განცდილი უბედურების გარდა, მათ ტანჯვა მომავალ ცხოვრებაშიც ელოდებათ, ამიტომ წარმოგვიდგენს მათ ატირებულებსაც და დაცილებულებსაც რჩეულებისგან და გეენიას მიცემულებს; და ამით ისევ ამხნევებს თავის მოწაფეებს და აჩვენებს, როგორი არიან გათავისუფლებულნი და როგორი სიკეთით ინეტარებენ.
 
მაგრამ რატომ მოუწოდებს ქრისტე რჩეულებს ანგელოზების მეშვეობით, თუკი ის მოვა ასე ცხადად? იმისათვის, რათა ამით პატივი სცეს მათ. პავლე ამბობს, რომ ისინი აღფრთოვანებულნი იქნებიან ღრუბლებზე. აღდგომაზე მსჯელობისას მან ესეც თქვა: "ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი" (1 თესალონიკ. 4:16).
 
ამრიგად, ანგელოზები შეკრებენ აღდგომილთ, ხოლო ღრუბლები აიტაცებენ რჩეულთ, და ეს ყველაფერი უმოკლეს დროში მოხდება, მეყვსეულად, უფალი მოუწოდებს მათ არა მაღლა მყოფი, არამედ თვითონ მოდის დიდხმიანი საყვირით. რისთვის იქმნება საყვირი და ხმა დიდი? გამხნევებისთვის, სიხარულისთვის, საშინელების წარმოდგენისთვის, ტანჯვისთვის მათი, ვინც იქ    ნება დატევებული.
 
ვაი ჩვენ ამ საშინელი დღისგან! ჩვენ უნდა გაგვხარებოდა, როცა ეს გვესმის, მაგრამ ვწუხვართ, ვწრიალებთ და ვსევდიანდებით. თუ მხოლოდ მე მიპყრობს ასეთი განცდა, ხოლო თქვენ გიხარიათ, ამის გაგონება?! მე რაღაც საშინელება მიპყრობს, როცა ამაზე საუბრობენ და ხმამაღლა ვტირი და გულის სიღრმიდან ვოხრავ. თუმცე ეს კი არ მაშფოთებს, არამედ ის, რაც ამის შემდეგ ითქვა ქალწულებზე, ბოროტ მონაზე, მოცემული ტალანტი მიწაში რომ დაფლა.
 
ამიტომაც ვტირი, რომ წარმოვიდგენ, როგორ დიდებას მოვაკლდებით, როგორი სიკეთის იმედებს, თანაც ტყუილად და სამუდამოდ, - თუ ცოტათი მაინც არ ვიზრუნეთ. დიდი რომც ყოფილიყო ეს შრომა და მძიმე სჯული, მაშინაც კი ყველაფერი უნდა შეგვესრულებინა. თუმცა ბევრი დაუდევარიც ფიქრობდა, რომ გარკვეულწილად შენდობას მიიღებდა და მიუთითებდა მცნებების უზომო სიმძიმეზე, უდიდეს შრომაზე უსასრულო დროით, აუტანელ ტვირთზე; მაგრამ ახლა ვერაფერს ამის მსგავსს თავის გასამართლებლად ვერ წარმოვიდგენთ; და ეს არანაკლებ დაგვტანჯავს, ვიდრე გეენა, როცა უმცირეს დროში - უმნიშვნელო გაჭირვების გამო, ვკარგავთ ზეცას და გამოუთქმელ სიკეთეს.
 
ჭეშმარიტად, დროც მოკლეა და შრომაც მცირე; მიუხედავად ამისა კი ჩვენ მოდუნებული და უდებნი ვართ. მიწაზე - ღვაწლი, ზეცაში კი - გვირგვინი. ადამიანებისგან იღებ ტანჯვას, ღმერთისგან კი მიიღებს პატივს; ხოლო მარადიულობაში საუკუნო ჯილდოს. ხრწნად სხეულში - ბრძოლა, ხოლო უხრწნელში - პატივი. ამასთან უნდა წარმოვიდგინოთ ისიც, რომ თუნდაც ჩვენ ნებით არ ვიტვირთოთ ქრისტესთვის ტანჯვა, მისი დათმენა მაინც გარდაუვალი იქნება, მხოლოდ - სხვაგვარად. თუ შენ არ მოკვდები ქრისტესთვის, მაინც ვერ იქნები უკვდავი; თუ შენ უარს არ იტყვი სიმდიდრეზე ქრისტეს გულისთვის, მაშინ მას თნ მაინც ვერ წაიღებ სიკვდილის შემდეგ. ის ითხოვს შენგან იმას, რასაც მოთხოვნის გარეშე, ისედაც აძლევ, იმიტომ, რომ მოკვდავი ხარ. მას ნებავს, რომ შენ ნებაყოფლობით გააკეთო ის, რისი გაკეთებაც მოგიწევს აუცილებლობით.
 
ხედავ, როგორი მსუბუქია ღვაწლი? ის, რისი გადატანაც სრულიად გარდაუვალია შენთვის, - ამბობს ის, - აიტანე ჩემთვის; დაურთე მხოლოდ ეს, და მე კმაყოფილი ვარ შენი მორჩილებით! ოქრო, რომლის გასესხებასაც აპირებ, მომეცი მე - დიდი სარგებელიტც და უსაფრთხოებითაც; სხეული, რომლითაც გინდა იბრძოლო სხვისთვის, იბრძოლე ჩემთვის: შენს გარჯას მე დიდი სიუხვით დავასაჩუქრებ.
 
სხვა შემთხვევაში შენ უპირატესობას ანიჭებ მას, ვინც მეტს იხდის, - სესხის მოცემაშიც, ვაჭრობაშიც, სამხედრო სამსახურშიც; ქრსიტეს კი, რომელიც მარტო მიაგებს უფრო მეტს და დაუსრულებლად მეტს, არ იღებ. რა ბრძოლაა ეს, ასე დიდი? რა მტრობაა ეს, ასეთი ძლიერი? საიდან ბოლოსდაბოლოს, საიდან მიიღებ შენდობას და მფარველობას, როცა არ გინდა ღმერთი ამჯობინო ადამიანებს. იმისთვის, რისთვისაც ერთ ადამიანს სხვებს ამჯობინებ? რატომ აბარებ მიწას განძს? ჩამაბარე მე, - ამბობს ის. ნუთუ არ ფიქრობ, რომ მიწის უფალი მიწაზე სანდოა? მიწა აბრუნებს მხოლოდ იმას, რაც მას მიაბარეს, ხშირად კი იმასაც არ აბრუნებს; უფალი კი ჯილდოსაც გაძლევს მიბარებულის გარდა, იმიტომ, რომ ძალიან ვუყვარვართ. ამიტომაც, თუ შენ გინდა მისცე სესხად, ის მზად არის მისაღებად; თუ შენ გინდა თესვა, ის თავის თავზე იღებს ამას; თუ შენება გინდა, ის გიზიდავს თვისკენ და გებუნება: აშენე ჩემზე დაყრდნობით. რისთვის მიმართავ ღარიბ, მოწყალების მთხოვნელ ადამიანებს? მიმართე ღმერთს, რომელიც მცირეს ნაცვლად მოგაგებს უდიდესს. მაგრამ ჩვენ ამის შესახებ მოსმენაც არ გვინდა, ვისწრაფით იქით, სადაც ბრძოლები, ომები, ყველანაირი ჩხუბი, შუღლი და ცილისწამებაა.
 
მაშ ასე, განა უფალი სამართლიანად არ იბრუნებს პირს და გვსჯის, როცა ის ყველაფერში მასზე მინდობას გვთავაზობს, ჩვენ კი ვეწინააღმდეგებით მას? ეს ყველასთვის სავსებით ცხადია. გსურს - ამბობს ის, - შემკობა? - შეიმკე ჩემი სილამაზით; ან შეიარაღება? - შეიარაღდი ჩემით; ან შემოსვა? - შეიმოსე ჩემი სამოსლით; ან საჭმელი? - აგერ ჩემი სატრაპეზო; ან წასვლა? - იარე ჩემი გზით; ან მემკვიდრეობის მიღება? - მიირე ჩემი მემკვიდრეობა; ან შესვლა მამულში? - შედი ქალაქში, რომლის მხატვარი და მშენებელი მე ვარ; ან სახლის აშენება? - ააშენე ის ჩემს სამკვიდრებელში. მე არ ვითხოვ შენგან ჯილდოებს იმის გამო, რასაც გაძლევ, არამედ უნდა დაგაჯილდოვო კიდეც იმის გამო, რომ შენ ინებებ ისარგებლო ყოველი ჩემი სიკეთით.
 
რა შეიძლება შეედაროს ამ ხელგაშლილობას? მე ვარ მამა, მე ვარ ძმა, მე ვარ სასიძო, მე ვარ სახლი, მე ვარ საკვები, მე ვარ სამოსელი, მე ვარ ფესვი, მე ვარ ფუძე, მე ვარ ყველაფერი, რაც უნდა გინდოდეს, არაფერში გექნება გასაჭირი. მე მოგემსახურები კიდეც, - რადგანმე მოვედი იმისთვის, რათა ვემსახურო, და არა იმისთვის, რო მე მემსახურონ (მთ. 20:28). მე ვარ მეგობარიც, წევრიც, თავიც, ძმაც, დაც, დედაც; მე ვარ ყველა; ოღონდ შენ იყავი ჩემი მეგობარი. შენთვის მე ვარ ღარიბი, შენთვის მე ვარ გლახაკი, შენთვის მე ჯვარზე ვარ, შენთვის მე ვარ საფლავში, შენთვის ვშუამდგომლობ მამასთან, ზეცაში; შენთვის მოვივლინე მიწაზე - მამის დესპანი. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ: ძმაც, თანამემკვიდრეც, მეგობარიც, წევრიც. კიდევ რა გინდა? რისთვის არიდებ პირს მას, ვისაც უყვარხარ? რისთვის იღვწი სოფლისთვის, რისთვის ასხამ დამსხვერულ ჭურჭელში? ამის მსგავსია შრომა ამ ქვეყნიური ცხოვრებისთვის. რისთვის კვეთ ცეცხლს? რისთვის ურტყამ ჰაერს? რისთვის დარბიხარ ტყუილუბრალოდ? განა ყველა ხოლოვნებას არა აქვს მიზანი? ეს ყველასთვის ცნობილია. მანახე შენც მიზანი ცხოვრებისეული ზრუნვისა. მაგრამ არ შეგიძლია მანახო: ყოველივე ამაოა (ეკლ. 1:2). წავიდეთ საფლავებთან: მანახე მამა, მანახე ცოლი. სად არის ის, ვინც ოქროს ტანსაცმლით იმოსებოდა, ვინც ეტლში იჯდა, ვისაც ჰყავდა ლაშქარი, წინასწარმეტყველნი, ჰქონდა სამეფო სარტყელი; რომლის მიერ ზოგნი სიკვდილს მიეცემოდნენ, სხვებს საპყრობილეში აგდებდნენ; ვინც თავისი ნება-სურვილისებრ აკვდინებდა და ათავისუფლებდა? მე ვერაფერს ვხედავ, გარდა ძვლების, მძორებისა და ობობას ქსელისა.
 
ყველაფერი ეს არის მიწა, ყველაფერი ეს არის გამონაგონი, ყველაფერი ეს არის სიზმარი და აჩრდილი, ცარიელი ნაამბობი და გამოსახულება, ან უკეთესია ვთქვათ, - ნაკლები, ვიდრე გამოსახულებაა; გამოსახულებას სურათზე მაინც ვხედავთ, აქ კი სურათსაც ვერ ვხედავთ. ჰოი, ნეტავ ამით მთავრდებოდეს უბედურება! მაგრამ ახლა პატივი, სიამოვნება, სახელი. - მხოლოდ აჩრდილია, მხოლოდ სიტყვებია. ხოლო ის, რაც მათგან წარმოიშობა, - უკვე აჩრდილი და სიტყვა არ არის, არამედ არსებობს და გადავა ჩვენთნ ერთად იქ, და ყველასთვის გაცხადდება. მტაცებლობა, მომხვეჭელობა, მრუშობა, სიძვა და ურიცხვი ამის მსგავსი ცოდვები, იქნება ეს სიტვით თუ საქმით, დაწერილია არა სურათზე და არა გვამზე, არამედ - ზეცაში.
 
მაშ, როგორი თვალებით უნდა შევხედოთ ქრისტეს? თუ ადამიანს არ შეუძლია, უყუროს თვალებში მამას, როცა მის წინაშე დამნაშავედ გრძნობს თავს, მაშინ როგორ შევძლებტ, შევხედოთ მას, რომელიც უსასრულოდ მშიდია, ვიდრე მამა? როგორ ავიტანთ მის ყოფნას? წარვსდგბით ქრსიტეს სამსჯავროს წინაშე და ყველას ექნება მკაცრი გამოცდა. თუ ვინმეს არ სწამს მომავალი სამსჯავრო, მან შეხედოს იმას, რაც აქ ხდებეა; იმათ, ვინც იმყოფებიან დილეგებში, მაღაროებში, არაწმინდა ადგტილებში: შეპყრობილებს, გიჟებს, მოურჩენელი სნეულებით გვემულებს,ვინც ყოველდღიურ სიღატაკეს ებრძვის, ვინც შიმშილს ითმეს, დიდი მწუხარებით გულდამძიმებულებს, ყვეებს. ისინი არ მოითმენდნენ ამას ახლა, რომ არა სხვებსაც, მათ მსგავსად შემცოდეთ არ ლოდეთ სასჯელი და სატანჯველი.
 
თუკი სხვები სრულიად არ დაზარალდნენ აქ, მაშინ სწორედ ეს უნდა იყოს შენთვის ნიშანი, რომ მათ უსათუოდ ელით რაღაც ამა სოფლისგან განსვლის- შემდეგ. ერთი და იგივე ღმერთი განა ზოგს დასჯიდა, ხოლო სხვებს, რომლებმაც ჩაიდინეს ასეთივე, ან უფრო მძიმე დანასაული დაუსჯელს დატოვებდა, რომ არ ჰქონოდა განზრახული მათი შესაბამისად დასჯა მომავალ ცხოვრებაში.
 
მაშ ასე, ამ მსჯელობებისა და დამამტკიცებელი საბუთების მხედველობაში მიღებით თვით დავიმდაბლოთ თავი და მათ, ვინც სამსჯავროს უარყოფენ, დაე ირწმუნონ და გამოსწორდნენ, რათა ჩვენ, აწინდელი ცხოვრება გვატაროთ ცათა სასუფევლის ღირსა და მივიღოთ საუკუნო სიცოცხლე, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრსიტესითა, რომლისა არს დიდება და ხელმწიფება, თანა მიამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. VI ტომი. წმიდა მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი მეორე. სამოცდამეთექვსმეტე ჰომილია მათეს სახარებაზე. 24:16-18. თბილისი 2016. გვ. 391-395).

 
წმ. მღვდელმოწ. იპოლიტე რომაელი (დაახლ.170 - 235): "და კიდევ (მეორედ მოსვლისა და საშინელი სამსჯავროს შესახებ) ნათქვამია: "მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე" (Слово о Христе и антихристе, 64).

 
დეკ. პავლე მატვეევსკი (დაახლ. 1828 - 1900): უკანასკნელი, საყოველთაო სამსჯავროს დადგომას ადამიანებს ამცნობს ღმრთის უკანასკნელი საყვირი (1 კორ. 15:52; 1 თესალონიკ. 4:16), რომელიც ღმრთის ყოვლისშემძლეობის განსაკუთრებული გამოხატულებაა, და აღებულია ებრაელთა ჩვეულებიდან ერი შეეკრიბათ საყვირთა ჟღერადობით (ლევ. 25:9; რიცხვ. 10:2; მსაჯ. 3:27). "მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე". ისინი შეკრებენ არა მარტო რჩეულთ, არამედ, უფლის სიტყვისამებრ, "ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედთაც" (მთ. 13:41), რადგან, მკვდართა აღდგომისას, "ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა" (ინ. 5:28, 29) (Матвеевский, П. А., протоиерей. Евангельская история. В трех книгах. Книга третья. Конечные события Евангельской истории./ Матвеевский Павел Алексеевич. - М.: Сибирская Благозвонница, 2010. -475, 5 с - С. 179)>

 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XI ს.): მოავლინებს ანგელოზებს, რათა შეკრიბონ ჯერაც ცოცხალი წმინდანები და მკვდრეთით აღდგომილნი, რათა შეხვდნენ მას ღრუბლებში. ანგელოზთა მიერ შეკრებით მათ პატივს მიაგებს. ამას არ ეწინააღმდეგება მოციქულ პავლეს ნათქვამი: "... აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ..." (1 თესალონიკ. 4:17): მათ, ვისაც შეკრებენ ანგელოზები, შემდეგ აიტაცებენ ღრუბლები. ამასთან საყვირი გაისმის - უმეტესი გაკვირვებისთვის.


წყარო: ekzeget.ru

პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2024 წ.
Назад к содержимому