განმარტებანი - მართლმადიდებლობა მომავალზე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
მართლმადიდებლობა მომავალზე
იესუ ქრისტე ყოვლისმპყრობელი
ავტორი: პროტოპრესვიტერი გრიგოლ დიაჩენკო.

1. ერთი და იგივეა თუ არა ღმერთში: წინამცნობელობა, წინაგანსაზღვრულობა და განგება?

"მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" ამ კითხვას ეძლევა შემდეგი პასუხი: წინამცნობელობა, წინასწარგანსაზღვრულობა და განგება ღმერთში თავისი მოქმედებებით განსხვავდებიან.

განგება ქმნილ საგნებს განეკუთვნება.

მაგრამ, წინამცნობელობა და წინაგანსაზღვრულობა ღმერთში შესაქმემდეც არსებობდა, თუმცა ისინიც განსხვავდებიან ერთურთისგან.

წინამცნობელობა მომავლის ცოდნაა, მისი კერძო განსაზღვრულობის გარეშე, ანუ ის არ განსაზღვრავს ამა თუ იმ საგნის არსებობას; მაგრამ წინაგანსაზღვრულობა, რომელიც დამოკიდებულია წინამცნობელობაზე, კერძო განსაზღვრულობაა, ანუ ის სწორედაც რომ განსაზღვრავს რა უნდა იყოს, თუმცა განსაზღვრავს მხოლოდ კეთილს, და არა ბოროტს, რამეთუ ბოროტებაც რომ განსაზღვრულიყო, მაშინ ის ღმრთის ბუნებითი თვისების - სიკეთის საწინააღმდეგო იქნებოდა.

ამრიგად, ჩვენი წარმოდგენით, სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ წინამცნობელობა უპირველესია ღმერთში, მას მოსდევს წინაგანსაზღვრულობა, შემდეგ კი განგებულება ქმნილებაზე. ამას მკაფიოდ გვასწავლის მოციქული, როდესაც ამბობს: "რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა" (რომ. 8:29, 30). თუმცა, ეს სიტყვები უნდა განვაკუთვნოთ მხოლოდ ადამიანს, რადგან სხვა ქმნილებები (ანგელოზთა გარდა, რომლებიც მყარ და უცვალებელ მდგომარეობაში იმყოფებიან) არ ექვემდებარებიან განგებას, რამეთუ არ გააჩნიათ თავისუფლება და, ამიტომაც, მათში შეუძლებელია იყოს რაიმე ცოდვა. და ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ, მათი ბუნებისამებრ იქმან, და ამიტომაც არც ისჯებიან და არც ჯილდოვდებიან" („Прав. испов.» отв. на вопрос 30, ч. 1).
 
 
2. წინაგანსაზღვრულობა

როგორც საუკუნეთა უწინარეს წინაგანსაზღვრა ღმერთმა სამყაროს შექმნა და კაცობრიობის ცხონება, ასევე საუკუნეთა უწინარეს განსაზღვრა მან თავისი მადლით ზოგიერთი ადამიანის მარადიულ ცხონებად მოყვანება ისე, რომ არ დაერღვია მათი თავისუფალი ნება.

ცხონებად და განწმენდად განსაზღვრული ადამიანები წინაგანსაზღვრულ ანუ რჩეულ ადამიანებად იწოდებიან.

იესუ ქრისტე და მოციქულები ნათლად ბრძანებენ წინაგანსაზღვრულთა შესახებ: დიდებისთვის (მათე 25:34; საქმე 13:48; ებრ. 9:15), მადლისთვის (2 ტიმ. 1:9; ეფეს. 2:10), სიწმიდისთვის (ეფეს. 1:4, 5). წინაგანსაზღვრულებს უწოდებენ: მამის მიერ კურთხეულებს (მათე 25:34), შობილთ მამის, ძის და სულიწმიდისგან (1 იოანე 11:29; 4:7; იოანე 3:8; 17:2), სიცოცხლის წიგნში ჩაწერილებს (ფლპ. 4:3 შეად. გამოცხ. (აპოკ.) 17:8; 20:15).

წინაგანსაზღვრულობის მაგალითებს წარმოადგენენ ძველაღთქმისეული პატრიარქები, მაგალითად, აბრაამი (რომ. 4), ისააკი და იაკობი (9:8-13), ისრაელი ერი. წინაგანსაზღვრულობის მაგალითები არიან ასევე - წინასწარმეტყველები, მაგალითად, იერემია (1:5), იოანე ნათლისმცემელი (ლუკა 1:15), ყოვლადწმიდა მარადის ქალწული და ღვთისმშობელი მარიამი.

წინაგანსაზღვრულობას, როგორც პირველმიზეზს, მამა ღმერთი განამზადებს (მათე 20:23; 25:34), იესუ ქრისტეს, როგორც შუამავლის მიერ, სრული თავისუფლებით, მისი მოწყალე კეთილნებელობით (ეფეს. 1:5; 2:10; 6:11; რომ. 4:28; 2 ტიმ. 1:9).

მართალია, წინაგანსაზღვრულობა ღმრთის საქმეა, მაგრამ ის ეფუძნება ყოველი ადამიანის სიცოცხლისა და მოქმედების წინასწარმცნობელობას. იესუ ქრისტე ჯვარს ეცვა მთელი სამყაროსთვის, მას სურს ყველა ადამიანის ცხონება, და არ სურს, რომ წარწყმდეს თუნდაც ერთი მათგანი. ის ყველას ეუბნება: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ" (მათე 11:28), ანიჭებს ყველას ცხონებისთვის საჭირო მადლს და საშუალებებს, და მათ, ვინც მათ კეთილად იყენებს, წინაგანსაზღვრავს მარადიული დიდებისთვის, ხოლო გმობს მათ, ვინც საკუთარ სიცოცხლეს ბოლომდე წინააღმდეგობასა და მოუნანიებლობაში გაატარებს.

შედეგად, მხოლოდ ის მოაკლდება მადლისმიერ წყალობას, ვინც თვითონ განუდგება მადლს, როგორც ღვთის წყალობას. ასე განმარტავენ წმიდა მამები წმიდა წერილის იმ ადგილებს (ეფეს. 1:4 და რომ. 9:11-13, 15, 17), რომელშიც ზოგიერთები ღმრთის უპირობო წინასწარგანსაზღვრულობას ხედავენ.

ამ ბოლო ადგილის განმარტებაში, იოანე ოქროპირი ამბობს: "რატომ იყო ერთი საყვარელი, მეორე კი მოძულებული? ნუთუ იმიტომ, რომ ერთი ბიწიერი იყო, მეორე კი კეთილი? მაგრამ ისინი ჯერ დაბადებულიც არ იყვნენ, როცა ერთი პატივის ღირსი გახდა, მეორე კი - მსჯავრდებული (გაკიცხული), ჯერ კიდევ მათ შობამდე თქვა ღმერთმა: "უფროსი დაემონება უმცროსს" (რომ. 9:11-13). რად თქვა ეს ღმერთმა? იმიტომ, რომ ის არ ელოდება როგორ აღასრულებს ადამიანი საქმეს, რომ დაინახოს, თუ ვინ არის კეთილი და ვინ - არა, არამედ წინასწარ იცის, ვინ ბოროტია, ვინ - არა" (იხ. წმ. იოანე ოქროპირი. 16-ე ჰომილია. რომაელთა მიმართ ეპისტოლეზე).

აღმოსავლელი პატრიარქები ასე მსჯელობენ ამ თემაზე: "გვწამს, რომ ყოვლადსახიერმა ღმერთმა დიდებისთვის წინაგანსაზღვრა ისინი, ვინც საუკუნეთა უწინარეს აირჩია, ხოლო ვინც უარჰყო, ისინი დაუქვემდებარა გაკიცხვას, თუმცა არა იმიტომ, რომ მას ენება ერთნი უმიზეზოდ გაემართლებინა და სხვები კი უმიზეზოდ გაეკიცხა, რადგან ეს არ არის ღმრთისთვის თვისობრივი, რომელიც ყველას მამა და არასახისმოყვარე უფალია, " რომელსაც ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას" (1 ტიმ. 2:4), - მაგრამ, რადგან მან წინდაწინ იცოდა, რომ ერთნი კეთილად გამოიყენებენ მათთვის ბოძებულ თავისუფალ ნებას, სხვები კი ბოროტად - ერთნი დიდებისთვის წინაგანსაზღვრა, სხვები კი - გაკიცხა. ხოლო ღვთისმგმობელ ერეტიკოსთა თვალსაზრისი, თითქოს ღმერთი ყოველივეს წინასწარ განსაზღვრავს და განსჯის ისე, რომ არც კი ითვალისწინებს წინასწარგანსჯილთა მომავალ საქმიანობას, - გონების სიშლეგედ და უკეთურებად მიგვაჩნია" (Посл. восточн. патриарх чл. 3. Сн. кн.: "Сокращенное излож. догмат. веры по учению прав. церк.", Платона, архиеп. Костромского, 2-е изд. Москва, 1870 г. стр. 146–149).


3. წმიდა მამები წინაგანსაზღვრულობის შესახებ

I. ღმრთის წინაგანსაზღვრულობის შესახებ ძველ მამათა სწავლებათაგან ამ დოგმატის ნათელი, მარტივი და ზუსტი განმარტებით ყურდღებას იმსახურებს წმ. იოანე ოქროპირი. მისი არსი შეიძლება მოკლედ გადმოვცეთ შემდეგ პოსტულატებში.

ქრისტეში ადამიანთა ცხონების განგებულება ეს არის არა რაიმე ახალი ან შემთხვევითი რამ, არამედ ოდითგანვე წინასწარდადგენილი და წინაგანსაზღვრული ღვთაებრივი საქმე (in Epist. аd Ерhes. homil, 1 п. 2), თუმცა, არათუ ადამიანის მონაწილეობის გარეშე, რადგან, თუმც კი ღმერთს მხოლოდ ჩვენი ცხონება ნებავს და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, ჩვენგანაც ითხოვს მასში მონაწილეობას. ცხონების საქმის უდიდეს ნაწილს კი თვითონ აღასრულებს.

რადგან ღმერთი, კაცთაგან განსხვავებით, არ საჭიროებს დაელოდოს ადამიანთა საქმეების აღსრულებას და შემდეგ განსაჯოს მათზე, რადგან მისთვის ყველაფერი წინდაწინ ცნობილია, მან საუკუნეთა უწინარეს ერთნი აირჩია ნეტარი ცხოვრებისთვის, სხვები კი ტანჯვისთვის, და ეს გააკეთა არა რაიმე აუცილებლობის გამო, არამედ თავისი სამართლიანი ნებით, რომელმაც წინდაწინ იცის კაცთა საქმეები, და ისიც, თუ რას დაიმსახურებენ ისინი - ჯილდოს თუ სასჯელს.

"მოციქული ასე ამბობს: "სიყუარულით... წინაისწარ გვიჩინნა ჩვენ შვილებად" (ეფეს. 1:5), - იმიტომ, რომ ეს არჩევა მხოლოდ კეთილი საქმეებისთვის კი არ ხდება, არამედ ჩვენდამი სიყვარულითაც და არა მარტო ჩვენდამი სიყვარულით, არამედ ჩვენი სათნოების გამოც. მხოლოდ სიყვარული რომ საკმარისი ყოფილიყო, მაშინ ყველანი უნდა გადარჩენილიყვნენ; მეორე მხრივ, თუკი ჩვენი სათნოება საკმარისია, მაშინ ზედმეტი იქნებოდა ძე ღვთისას ამსოფლად მოვლინება და ღვთის მთელი განგებულება. ამგვარად, ეს ხდება არა მარტო სიყვარულით და არა მხოლოდ ჩვენი სათნოების გამო, არამედ ორივეს თანხვედრის პირობებში".

ამიტომ არავისა აქვს უფლება უსაყვედუროს ღმერთს, რომ მან ზოგი ცხონებისა და ნეტარებისთვის აირჩია, რადგან ის საუკეთესოებს ირჩევს, და მისი არჩევა არა მარტო მისი სიყვარულის გამოვლინებაა არჩეულთადმი, არამედ მათი სათნოების გამოვლინებაც.

რაც შეეხება ღმრთისგან უარყოფილთ, კვლავ ვიტყვით, რომ ამ შემთხვევაშიც ღმერთი როდია დამნაშავე, რადგან მან წინაგანჭვრიტა, რომ ისინი, მიუხედავად იმისა მოწოდებულნი იქნებოდნენ, არ შეისმენდნენ მისას, და მიუხედავად იმისა, რომ მათაც მიენიჭებოდათ მადლი, შეეწინააღმდეგებოდნენ და უარყოფდნენ მას, რაც აღსრულდა და აღსრულდება სინამდვილეში.

სწორედ ამ მიზეზით, ოქროპირის მიხედვით, უნდა განვასხვავოთ ღმერთში წინმსწრობი ნება, რომლის მიხედვითაც მას, თავისი სიყვარულის მიხედვით, არ სურს არც ერთი ცოდვილის წარწყმედა და იძლევა მათი ცხონების ყველა შესაძლებლობას, და შემდგომი ნება, რომლის მიხედვითაც თავისი სიმართლის ძალით სატანჯველად განაწესებს მათ, ვინც ჯიუტად უარყოფს ყველა მაცხოვნებელ საშუალებას და ამავე სიჯიუტით მკვიდრდება ბოროტებაში.

II. წმიდა მამათა გვიანდელ გადმოცემაში წინაგანსაზღვრულობის შესახებ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ძველი მამების სარწმუნოების ყველაზე სანდო და ზუსტი განმმარტებელი, წმ. იოანე დამასკელი, რომელიც მის არსს გადმოსცემს შემდეგი მოკლე და არსებითი დახასიათებით: "საჭიროა ვიცოდეთ, რომ ყველაფრის წინასწარმცოდნეა ღმერთი, მაგრამ - არა ყოველივეს წინაგანმსაზღვრელი, რადგან წინასწარ იცის მან ისიც კი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა წინასწარ არ განსაზღვრავს ამას, არ ნებავს რა, რომ მოხდეს ბოროტება და არც ის, რომ გვაიძულოს სათნოება. … ღმერთი თავისი წინასწარმცოდნეობის შესაბამისად წინაგანსაზღვრავს იმას, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან მას უკვე წინდაწინ განსჯილი აქვს ყოველივე თავისი სიკეთისა და სამართლიანობის შესაბამისად" (წმ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. თ. 30 (44). წინასწარმცოდნეობისა და წინაგანსაზღვრულობის შესახებ.

ხოლო, რადგან წმ. იოანე დამასკელი ჩვენგან დამოუკიდებელ წინაგანსაზღვრულობასა და ღმრთის მიერ ჩვენთვის წინასწარმცოდნეობის შესაბამისად წინაგანსაზღვრულში გულისხმობს მისაგებელს ჩვენი სათნო ან ცოდვილი ცხოვრებისთვის, მაშინ, მისი აზრით, ღმერთი წინდაწინ განსჯის ადამიანთა მხოლოდ ამა თუ იმ მომავალ ხვედრს, და თანაც განსაზღვრავს არა თავისი განუკითხავი გადაწყვეტილების მიხედვით, არამედ თავისი "თავისი სიკეთისა და სამართლიანობის შესაბამისად", ადამიანთა დამსახურებების წინასწარმცოდნეობის საფუძველზე.

რაც შეეხება თვით ადამიანთა ცხოვრებას, რომლებიც თავიანთი სიწმიდით ან ბიწიერებით განაპირობებენ ამგვარ ხვედრს, ღმერთი, მართალია, წინდაწინ ხედავს მას, მაგრამ ადამიანთა თავისუფლებას არ ეხება და წინასწარ არ განსაზღვრავს, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ მას სურდა ყველაში მხოლოდ სიკეთე ეხილა და ყველა ეხსნა, უშვებს მათში ბოროტის გაჩენასა და აღმატებასაც, თუმცა ის არ სურს მის ნებას და ამგვარი ბოროტების აღმოცენებას მოჰყვება მისი სამართლიანი მსჯავრი.

ამიტომაც კაცთათვის არა მარტო ნეტარი, არამედ მტანჯველი ცხოვრების ხვედრის მიზეზი არის არა ღმერთი, არამედ თვით ადამიანები, მათი თავისუფალი ნება, რადგან ისინი საკუთარი ცხოვრებით დაიმსახურებენ ღმრთისგან ან ჯილდოს ან სასჯელს (Сост. по „Опыт, правосл. догм. богослов. еп. Сильвестра», 1884 г. Киев, т. III, стр. 510 – 512, 514 – 515).


4. ცრუ აზრის უარყოფა იმის შესახებ, თითქოსდა ღმერთი, რადგან წინასწარ ხედავს, უკვე წინასწარვე განსაზღვრავს ადამიანებს ამა თუ იმ ცხოვრებისთვის

ამ შეხედულების სიცრუეს შენიშნავს ნეტ. თეოდორიტე, რომელიც ამბობს: "ნურავინ იტყვის, თითქოსდა აქ მიზეზი წინასწარმცოდნეობა იყოს, რადგან წინასწარმცოდნეობამ კი არ ქმნა ადამიანები ასეთებად, არამედ მათმა საკუთარმა ნებამ. ხოლო ღმერთმა წინასწარ იცის მომავალი, როგორც ღმერთმა. თუკი მე დავინახავ გაცოფებულ, პირში ლაგამამოჩრილ ცხენს, რომელმაც მხედარი გადმოაგდო და ახლა თავპირისმტვრევით მიექანება ქარაფისკენ და ვიტყვი, რომ ეს ცხენი უფსკრულში გადაეშვება, განა მე ვიქნები ამის მიზეზი. ამიტომაც, ყოველივეს ღმერთი, - რომელმაც ყოველივე წინასწარ იცის, - როგორც ღმერთი არ არის მიზეზი იმისა, რომ ერთი სათნოებებში წარემატება, მეორე კი ბოროტებაში. ის რომ ან ერთს აიძულებდეს ადამიანს ან მეორეს, მაშინ უსამართლობა იქნებოდა ერთისთვის გამარჯვებული გვეწოდებინა, მეორესთვის კი სასჯელი განგვესაზღვრა... მაგრამ ღმერთი სამართლიანია, ამიტომ ის ყველას სიკეთისკენ აქეზებს და მის საწინააღმდეგოს კრძალავს, ასევე აქებს სიკეთის მოქმედთ და თავისი კეთილი ნებით სჯის ბოროტების ამრჩევთ" (Соmmеnt. in Epist. аd Rоman. vеrs. 29 еt 30. შეად. Соmmеnt, in Рsalm. 57. vеrs. 4. Сн. Опыт. Прав. дог. богосл. еп. Сильвестра, Киев. 1884 г., т. III, ст. 513 – 514).


5. ადამიანებზე საღმრთო მზრუნველობის (განგებულების) სახეები

1. "ღმრთის დაშვებით შეიძლება მართალიც ჩავარდეს უბედურებებში, რათა სხვებმა დაინახონ მასში დაფარული სათნოებები, როგორც ეს იობის შემთხვევაში მოხდა. 2. ზოგჯერ უფალი დაუშვებს ისეთ რამეს, რაც თითქოსდა შეუსაბამოა, რათა ამ შეუსაბამო მოქმედებით წარმოქმნას რაიმე დიადი და გასაოცარი რამ - აი ასე, ჯვრის ძალით მოხდა ადამიანთა ცხონება. 3. ზოგიერთ შემთხვევაში ღმერთი დაუშვებს, რათა წმიდა ადამიანმა განიცადოს ბოროტება, რათა არ განეშოროს იგი წმიდა სინდისს ან არ შთავარდეს მედიდურობაში მისთვის ბოძებულ მადლისმიერ ნიჭთა გამო - ასე იყო ეს მოციქულ პავლეს შემთხვევაში (2 კორინთ. 12:7). 4. ღმერთი ზოგჯერ მიატოვებს ადამიანს სხვათა გამოსასწორებლად, რათა როდესაც ამ ადამიანის მოთმინებას უყურებენ, შეგონებულ იქმნენ: ამის ნიმუშად მოგვეცა იგავი მდიდარსა და ლაზარეზე (ლუკა 16:19). რადგან, როდესაც გაჭირვებულთ ვხედავთ, გონს უნდა მოვეგოთ და დავუფიქრდეთ საკუთარ ცხოვრებას. 5. ზოგს ღმერთი ტოვებს არა საკუთარ ან მშობელთა ცოდვების გამო, არამედ უფლის სადიდებლად - ასე იყო დაბადებიდან ბრმის შემთხვევაში, რათა "გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში" (იოანე 9:2). 6. ღმერთი კიდევ იმიტომ დაუშვებს ხოლმე ადამიანის ტანჯვას, რათა მისი მოთმინების სიდიადის მნახველები თვითონაც აღენთონ კეთილ საქმეთა საკეთებლად. 7. ზოგის შემთხვევაში ისეც ხდება, რომ ღმერთი რაიმე საზიზღარ საქმეში მის ჩაგდებას დაუშვებს, რათა უარესი ცოდვისგან იხსნას. ასე, მაგალითად, თუ ვინმე თავს იწონებს თავისი სათნოებებითა და დამსახურებებით, ღმერთი დაუშვებს ასეთი კაცი მიეცეს სიძვის ვნებას, რათა ამ დაცემით გონს მოეგოს, მიხვდეს საკუთარ უძლურებას, მოთოკოს თავისი ამპარტავნება, შეინანოს და მორჩილებით შეუდგეს უფალს. ამასთან უნდა შევნიშნოთ, რომ მრავალგვაროვანია ღმრთის განგებულება და შეუძლებელია მისი ან სიტყვით გამოხატვა ან გონებით წვდომა" (ღირ. იოანე დამასკელის თხზულებებიდან).





6. საღმრთო განგებულების სამმაგი გამოვლენა

I. ღმრთის განგებულება ვლინდება ქმნილებებზე მზრუნველობაში (ფსლმ. 103). ამ აზრს განმარტავენ:

ა) წმ. ბასილი დიდი: "ყოველი ქმნილი ბუნება, ხილული და მართვადი, თავისი არსებობის შესანარჩუნებლად საჭიროებს ღმრთის მზრუნველობას" (О Св. Духе, гл. 8, в Тв. св. отц. VII, 259);

ბ) წმ. ათანასე დიდი: "ყოვლადძლიერი და უწმიდესი სიტყვა მამისა, მოიცავს რა ყოველივეს, და ყველგან ავლენს თავის ძალებს, განწმენდს ყოველივე ხილულსა და უხილავს, ყოველივეს იცავს და მოიცავს საკუთარ თავში, ასე რომ არაფერი არ რჩება მის ძალასთან თანაზიარობის გარეშე, არამედ მთელ ბუნებას და თითოეულ ქმნილ არსებას ცალ-ცალკე, ყველას ერთად იცავს და აცოცხლებს" (Оrat. соntrа gеnt. n. 42);

გ) ნეტ. ავგუსტინე: "ყოვლისმომცველი შემოქმედის ყოვლადძლიერება წარმოადგენს ყოველი ქმნილების არსებობის მიზეზს; და ამ ძალამ ოდესმე რომ შეწყვიტოს ქმნილებათა მართვა, უეცრად შეწყვეტდნენ არსებობას მათი სახეობები და დაიღუპებოდა მთელი ბუნება. რადგან, ისე როდია სამყარო, როგორც დედამიწაზე აღმართული ნაგებობა, რომელიც იმის შემდეგაც დგას, რაც მისი მშენებელი მუშაობას დაასრულებს, მიატოვებს მას და წავა; სამყაროს ასე როდი ძალუძს, რადგან მყისიერად, თუკი ღმერთი მას მოაკლებს თავის განგებულებას და მზრუნველობას, არსებობას შეწყვეტს" (De Senes. аd litt. IV, с. 12, n. 22);

დ) წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ არსებობს განგებულება, რომელიც ყოველივეს იცავს და სამყაროში ყოველივეს ურთიერთაკავშირებს, რადგან იმ არსებათათვის, რომლებისთვისაც აუცილებელია შემოქმედი, ამავდროულად აუცილებელია განმგებელიც, სხვაგვარად შემთხვევითობას მიცემული სამყარო, ქარბუქის მიერ მიმოტაცებული ხომალდივით, ნივთიერებათა უწესივრო მოძრაობების გამო მყისიერად დაიშლებოდა და პირველდაწყებით ქაოსსა და მოუწესრიგებლობას მიეცემოდა" (Слово о любви к бедн., в Тв. св. отц. II, 39);

ე) და ბოლოს, ნეტ. თეოდორიტე ასე მსჯელობს: "ვისაც ყოფიერებაში საღმრთო განგებულებისა არ სჯერა და უგუნურად ამტკიცებს თითქოსდა სამყარო, ცა და მიწა ამგვარ სიმწყობრესა და თანხმიერებაში მესაჭის გარეშე არსებობენ, ვფიქრობ წააგავს იმ ადამიანს, ვინც უარყოფს ხომალდის მეთაურის არსებობას, რომელიც აბობოქრებულ ზღვაში ხომალდს მართავს და მეზღვაურებს განკარგულებებს აძლევს, რომ არ დაიმსხვრნენ, და ირწმუნება, თითქოსდა ხომალდი თვითონ, თავისთავად მიდიოდეს და უმკლავდებოდეს ქართა და ტალღათა შემოტევას; თითქოსდა მას არც მეთაურს სჭირდებოდეს და არც მეზღვაურები. ვინც ასე ფიქრობს, ხედავს რა სამყაროს შემოქმედს, თავის ქმნილებათა მმართველს, რომელიც ყოველივეს განაგებს, შეამწყობრებს და შეაკავშირებს... უარყოფს მას, რითაც უნებლიედ თავს იბრმავებს და უსინდისობას იჩენს. ასეთი ადამიანები განგებულებით იღებენ ნიჭებს და ამავდროულად შეურაცხყოფენ მას, და რითაც ტკბებიან იმითვე უმხედრდებიან შემოქმედს" (De рrоvid. Оrat. II in Т. О, р. 332 – 333).


II. ღმრთის განგებულება სამყაროზე ასევე გამოიხატება ქმნილებათა ხელშეწყობაში ან მიშვებაში. ამის შესახებ მოწმობენ წმიდა მამები:

ა) ნეტ. თეოდორიტე: "არაფერი ხდება ღმრთის ნების გარეშე; მაგრამ ღმერთი სიკეთეში ხელშემწყობია, ხოლო უბედურებებს დაუშვებს ადრე ჩადენილი ცოდვების გამო" (in сар. 38 Еzесhiеlis);

ბ) ღირ. იოანე დამასკელი: "წინაგანგების ნაწილი სათნოჩენითი არის, ნაწილი - დაშვებითი. სათნოჩენითია ის, რაც უცილობლად კეთილია, ხოლო დაშვებითს მრავალი სახე აქვს. ... საჭიროა ვიცოდეთ, რომ გასაკეთებელ საქმეთა არჩევა ჩვენზეა დამოკიდებული, ხოლო ამ საქმეთაგან კეთილთა დაბოლოება ღვთის თანამოქმედებით ხდება, რადგან იგი, შესაბამისად თავისი წინასწარმცოდნეობისა, ჯეროვნად თანამოქმედებს მათთან, რომლებიც მართალი სინდისით ირჩევენ სიკეთეს. მეორე მხრივ, უკეთური საქმეების დასრულება მიტოვებულია ღვთისგან, რომელიც, კვლავ თავისი წინასწარმცოდნეობის შესაბამისად, სამართლიანად ტოვებს მათ" (Точн. изл. пр. веры, кн. II, гл. XXIX стр. 125 – 127) (ქართულად: წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი ორმოცდამესამე. წინაგანგების შესახებ. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/43.htm)

გ) წმ. კირილე იერუსალიმელი ასწავლის: "საღმრთო წერილი და ჭეშმარიტი სწავლება აღიარებენ ერთ ღმერთს, რომელიც თუმც ყოველივეზე მეუფებს თავისი ძლიერებით, მრავალსაც ითმენს თავისი ნება-სურვილით. ის მეუფებს კერპთაყვანისმცემლებზეც, მაგრამ ითმენს მათ საკუთარი უბოროტობით; მეუფებს მის უარმყოფელ მწვალებლებზეც, მაგრამ ითმენს მათ თავისი მრავალმოწყალებით; მეუფებს ეშმაკზეც, მაგრამ მასაც ითმენს, - თუმცა არა უძლურების გამო, თითქოსდა ძლეული იყოს მისგან ... მიუწვდომელია ღმრთის განგება! ბოროტ ნებას იგი მორწმუნეთა ცხონების საშუალებად აქცევს. რამეთუ, როგორც იოსების ძმების ბოროტი ზრახვა მან საკუთარი განგებულების საშუალებად მიაქცია, და მიუშვა ისინი თავიანთი სიძულვილის გამო ძმა გაეყიდათ, მეფობისკენ გაუხსნა გზა იმას, ვინც თვითონ ენება, - ასევე მიუშვებს ხოლმე ეშმაკს ებრძოლოს ადამიანებს, რათა, მისი მძლეველნი ღირს იქმნენ გვირგვინებისა, ხოლო ეშმაკი, როგორც უძლურთაგან დამარცხებული, უმეტეს შერცხვენას დაუქვემდებაროს, ადამიანები კი უფრო განდიდდნენ, როგორც მძლეველნი იმისა, ვინც ოდესღაც მთავარანგელოზი იყო" (Оглас. поуч. VIII, п. 4).


III. დასასრულ ღმრთის განგებულება გამოიხატება სამყაროსა და ქმნილებების მართვაში:

ა) წმ. ეფრემ ასურელი: "ვხედავ შენობებს, და ვაღიარებ მშენებელს; ვხედავ სამყაროს და შევიცნობ განგებას; ვხედავ, როგორ იძირება ხომალდი მესაჭის გარეშე; ვხედავ, როგორ ფუჭად მთავრდება კაცთა საქმენი, თუკი ღმერთი არ წარმართავს მათ; ვხედავ ქალაქს, და სამოქალაქო საზოგადოებათა განსხვავებულ მოწყობას, და ვხვდები, რომ ყოველივე ღმრთის განკარგულებით ნარჩუნდება. მოძღვარს ეფუძნება სამწყსო, ღმერთს კი ყოველივე, რაც დედამიწაზე ხარობს. მიწათმოქმედის ნებაზეა დამოკიდებული ხორბლისა და ღვარძლის გარჩევა; ხოლო ღმრთის კეთილნებელობაზე - მიწის მკვიდრთა კეთილგონიერება, რომელიც მათ ერთობასა და ერთსულოვნებაში გამოიხატება. მეფის ნებაა მართოს მეომართა მწყობრის; ხოლო ღმრთის ნებაა დააფუძნოს წეს-რიგი ყოველივეს არსებობისა. დედამიწაზე არაფერია უმეთაურო, რადგან ყოველივეს მეთაური და საწყისი ღმერთია. მდინარეებს თავწყაროები აქვთ, კანონთა სათავე კი ღმრთის სიბრძნეა. დედამიწას ნაყოფი გამოაქვს, მაგრამ თუ არ იწვიმებს, თავისთავად ვერაფერი გაიხარებსს. დღე მოიცავს ნათელს, მაგრამ ამისთვის მზე სჭირდება; ასევე ადამიანებსაც შეუძლიათ ქმნან სიკეთე, მაგრამ მათ კეთილად მხოლოდ ღმერთი აბოლოვებს" (Облич. себе самому и испов., в Тв. св. отц. ХII, 216).

ბ) წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: "ღმერთმა, როგორც კი სამყარო განამშვენა, პირველივე წამიდან დიადი და უცვალებელი კანონებით დაიწყო მისი მართვა, ის ამოძრავებს მას ბზრიალასავით, დარტყმის შედეგად რომ ბზრიალებს. ამდენად, შემთხვევით როდი აღმოცენდა ესოდენ ვრცელი და მშვენიერი სამყარო, რომლის უკეთესის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, და ესოდენი საუკუნეები შემთხვევით კანონებს როდია მიანება... მგალობელთა გუნდიც დაირრევა, თუკი მათ არავინ ხელმძღვანელობს. სამყაროს სიმწყობრეს კი შეუძლებელია სხვა გამგებელი ჰყავდეს, გარდა მისი შემოქმედისა" (Таинст. песн. слов. 5, в Тв. св. отц. IV, 231).
წმ. ეფრემ ასურელი
7. როგორ დარწმუნდა წმ. ეფრემ ასურელი ღმრთის განგებულების არსებობაში?
 
წმ. ეფრემ ასურელს სიყმაწვილეში უზადო ხასიათი როდი ჰქონდა: ხშირად ბრაზობდა, იყო მოუთმენელი და სხვა. მისი აზროვნებაც არც ისე მყარი იყო. მაგალითად, მას საღმრთო განგებულების არსებობისა არ სჯეროდა. მაგრამ ღმერთმა ის დაარიგა და გამოასწორა.

აი რას ბრძანებს თვით წმ. ეფრემი: "სიყმაწვილეში, როდესაც ეჭვები მებრძოდა, ერთხელ ქალაქგარეთ გავეშურე, სადაც დამიღამდა და გასათენებლად ტყეში ერთ მეცხვარესთან დავრჩი. ღამით ფარას მგლები დაეცნენ და ცხვრები დაიტაცეს. როდესაც მწყემსმა ფარის მეპატრონეს მომხდარი აუწყა, მან არ დაიჯერა, ცხვრების მოპარვა მე დამაბრალა, შემიპყრო და მსაჯულთან წარმადგინა.

იმ დროს მსაჯულთან მიყვანილი ჰყავდათ სხვა ყმაწვილიც, რომელიც ერთ დანაშაულში იყო ბრალდებული. მსაჯულმა საქმის გარჩევა გადადო და ორივე საპყრობილეში გაგვაგზავნა, სადაც მე კიდევ ერთი ყმაწვილი ვპოვე.

საპყრობილეში გავიგე, რომ ჩემთან ერთად შეპყრობილი ყმაწვილებიც უსამართლოდ იყვნენ ბრალდებულნი, რამაც კიდევ უფრო დამაეჭვა. შვიდი დღე გავატარე იქ და გამუდმებით ღმრთის განგებულებაზე ვფიქრობდი. ერთხელაც ღამით სიზმრისეულ ხილვაში კაცი გამომეცხადა, რომელმაც მითხრა: "გაიაზრე ყველაფერი, რაც კი ადრე გიფიქრია და გიკეთებია, და საკუთარი თავის მიხედვით მიხვდები, რომ შენთან ერთად დაპატიმრებული ყმაწვილებიც სამართლიანად ისჯებიან".

როგორც კი გავიღვიძე, ყურადღებით დავიწყე ჩემი წარსული ცხოვრების გამოკვლევა და გავიხსენე, რომ ოდესღაც იმავ სოფელში ერთი ღარიბი სოფლელის ბოსლიდან ბოროტი განზრახვით გამოვდევნე ძროხა, რომელიც შემდეგ მხეცებმა დაგლიჯეს. როდესაც ეს ჩემთან ერთად მყოფ ორ ყმაწვილსაც მოვუყევი, იმათაც გადახედეს თავიანთ წარსულ ცხოვრებას და მრავალი ბოროტი საქმე გაიხსენეს. ერთმა თქვა, რომ ერთხელ ნახა როგორ იხრჩობოდა კაცი მდინარეში, მაგრამ არ მიეშველა, თუმც კი შეეძლო; მეორემ თქვა, რომ შეუამხანაგდა ერთი ქვრივის ბრალმდებლებს, რომელთაც მისთვის მამის ქონების წართმევა სურდათ.

მხოლოდ ამის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის, ყველაფერზე ზრუნავს და ადამიანებს სასჯელს დამსახურებისამებრ უგზავნის. ამ დროიდან ღმერთს პირობა მივეცი, რომ გამოვასწორებდი ჩემს ცხოვრებას". და მართლაც, დიდი ღვაწლითა და მკაცრი თავშეკავებით მცხოვრებმა ეფრემმა სრულიად გაანადგურა თავისი ხასიათის ცუდი მიდრეკილებები და სიწმიდის უდიდეს ხარისხს ეზიარა" (თვენი).


წყარო: Протоиерей Григорий Дьяченко. Православие о будущем. С.-Петербург. 1902 г.

გაგრძელება იქნება.
Назад к содержимому