განმარტებანი - ლეღვის ხის შერისხვა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ლეღვის ხის შერისხვა

დიდი ორშაბათის საკითხავი
ლეღვის ხის შერისხვა
დიდი ხნით ადრე, სანამ ლეღვის ხეს შერისხავდა, ქრისტემ ბრძანა: "მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს! ნათლისღებით მმართებს ნათლისღება, და როგორ ვეწამები, ვიდრე აღსრულდება" (ლუკა 12:49, 50). მაგრამ ვნების შვიდეულის ორშაბათი - სწორედ ასეთი სულიერი ქარბუქის დროა, რომელიც თითქოსდა ყველა დროში ისმის და ქრისტეს ყოველ სიტყვასა და მოქმედებაში აისახება.

სწორედ ამ დღეს მოხდა ლეღვის ხის გახმობის სასწაული, და მათეს სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს წარმოთქვამს იესუ გულგრილი მსმენელისთვის ყველაზე მხურვალე და აუტანელ სიტყვებს მხილებისა. სწორედ დღეს იგლოვებს ის წინასწარმეტყველთა მკვლელ იერუსალიმზე, იუდეველთა მთავრები კი იღებენ მისი მოკვლის გადაწყვეტილებას.



ისტორია გამხმარ ლეღვის ხეზე - ერთ-ერთი იმათგანია, რომლებითაც მრავალი წლების განმავლობაში დასცინოდნენ და გესლავდნენ ქრისტიანთ. მრავალი წლის განმავლობაში ისმოდა "გრინპისელების" გულის გამაწვრილებელი ტირილი "უდანაშაულოდ დაღუპულ ხეზე" და ქრისტიანობის სისასტიკეზე. გააჩნიათ თუ არა ამგვარ ბრალდებებს რაიმე საფუძველი?

ამრიგად, იერუსალიმში ტრიუმფალური შესვლისა და ტაძრიდან მოვაჭრეების განდევნის დღე მოულოდნელად ჩუმად და მოკრძალებულად დასრულდა. იესუს ტახტი არ დაუდგამს სასახლეში, არ მოუწყვია გადატრიალება და არც სტიქიურ მიტინგზე გამოსულა, არამედ მწუხრი რომ მოახლოვდა მშვიდად განეშორა ქალაქს, რათა ღამე მართას, მარიამისა და ლაზარეს სახლში გაეთენებინა. ხოლო დილით კვლავ იერუსალიმს მიაშურა, მაგრამ უკვე ზეიმის გაერშე, და მხოლოდ მოწაფეთა თანხლებით. სწორედ ამ დროს, მაცხოვარმა მოციქულებს კიდევ ერთი ჭკუის სასწავლი გაკვეთილი მიაწოდა, თუმცა აჩქარებით, რადგან დრო ძალიან მცირე დარჩენოდა.

"ხოლო დილით ქალაქისკენ მომავალს მოშივდა; დაინახა გზის პირას ერთი ლეღვის ხე, და რაკი ზედ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, უთხრა მას: აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მაშინვე გახმა ლეღვის ხე. ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს და თქვეს: რა უცებ გახმა ლეღვის ხე? ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანებთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე. და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ" (მათე 21:19-22).

მარკოზ მახარობელი აზუსტებს: "ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას" (მარკ. 11:13), რაც ქრისტეს მოქმედებას თითქოსდა კიდევ უფრო სასტიკს ხდის. რა დააშავა ხემ, თუკი მისი მოსავლიანობის ჟამი ჯერაც არ დამდგარა? განა ღვთის ძემ არ უწყოდა, როდის უნდა მოეკრიფა ლეღვი ხისგან - რას იმედოვნებდა, როცა გაფოთლილი ლეღვის ხე იხილა? მაგრამ ქრისტიანებისთვის ძნელი წარმოსადგენია, თითქოსდა დამშეულ ქრისტეს, ნაყოფი რომ ვერ იხილა, მრისხანება ვერ დაეოკებინა და ხე მრისხანებითა და შურისგებით დაეწყევლა.

ღირ. ეფრემ ასურელი ამასთან დაკავშირებით წერს: "მაშ, რატომ უბრძანა ლეღვის ხეს გახმობა ტკბილმა კეთილისმყოფელმა, რომელიც ყველგან მცირეში დიდს და დანაკლისში სისრულეს ავლენდა? ყველა კაცობრივი სნეულება განკურნა, წყალი ღვინოდ აქცია, მცირედი პური გაამრავლა, ბრმებს თვალი აუხილა, კეთროვანნი განწმინდა და მკვდარნი აღადგინა; მხოლოდ ერთ ლეღვის ხეს უბრძანა გახმობა..."?

ამ კითხვას ისევ ღირ. ეფრემი პასუხობს: "ქრისტე მრავალ სასწაულს იქმოდა, მაგრამ მაინც ჯვარზე გააკრეს. ამის გამო ზოგიერთს შეეძლო ეფიქრა, რომ მასში სასწაულებრივი ძალა დაიშრიდა. ამგვარი აზრის გასაქარვებლად უსულო მცენარის გახმობით, მან აჩვენა, რომ სიტყვის მიერ შეეძლო თავისი ჯვარმცმელების დაღუპვა. როგორც შემდეგ უთხრა სიმონ პეტრეს: "მაშინ იესომ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება. ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც" (მათე 26:52-53). მაშასადამე, ქრისტეს, როგორც ადამიანს მოშივდა, მაგრამ როგორც ღმერთმა ლეღვის ხეზე თავისი ღვთაებრივი ძლიერება წარმოაჩინა.

როდესაც საოცარი სასწაული იხილეს, გაკვირვებულმა მოწაფეებმა უთხრეს მას: "რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა" (მარკ. 11:21). ამაზე "მიუგო იესომ და უთხრა მათ: გქონდეთ ღმრთის რწმენა. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, - ექნება ის, რასაც იტყვის" (მარკ. 11:23). ამ "მთის გადაადგილებაშია" მაგალითი, რომ რწმენისთვის, რომელიც ყოველგვარი დაეჭვებისგან თავისუფალია, შეუძლებელია არაფერია. ამიტომაც ლოცვაში ყველაფერი რწმენით უნდა ითხოვო, რომ მიიღო. მაგრამ, როგორც მარკოზ მახარობელი შენიშნავს, ლოცვის ქმედითობის პირობას მოყვასთადმი მიმტევებლობა წარმოადგენს: "როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, ვინც რამე გცოდათ, რათა მამამ თქვენმა ზეციერმაც მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი. ხოლო თუ არ მიუტევებთ, არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს" (მარკ. 11:26).

უფლის სიტყვა და საქმე ერთია, ამიტომაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან ლეღვის ხე "გაბოროტებულმა" კი არ დასწყევლა. მან მის ჯვარმცმელ იუდეველთ მიუტევა. და, მაშასადამე, ლეღვის ხის გახმობა იყო განსაკუთრებულად სიმბოლური საქმე - ეს იყო ნიშანი ქრისტეს, როგორც ღმრთის ძის, ღვთაებრივი ძალმოსილებისა.

შეიძლება დავსვათ კიდევ ერთი შეკითხვა: რატომ დაიწყევლა მაინც და მაინც ლეღვის ხე?

ძველი აღთქმის მიხედვით, ლეღვს სამკურნალო ძალას მიაწერდნენ, კერძოდ მიაჩნდათ, რომ "ლეღვის ტყლაპი" წყლულებს არჩენდა (იხ. ეს. 38:21). ლეღვი განეკუთვნებოდა იმ შვიდ მცენარესა და პროდუქტს, რომლებიც აღთქმული მიწის სიუხვის სიმბოლოს წარმოადგენდნენ (იხ. მეორე სჯლ. 8:8). ლეღვს რგავდნენ ვენახში (იხ. ლკ. 13:6), რათა ვაზის რტო ლეღვის ხეს შემოხვეოდა. გამოთქმა "ცხოვრება ვაზისა და ლეღვის ქვეშ" გადატანითი მნიშვნელობით მშვოდობასა და კეთილდღეობაზე მიანიშნებდა (იხ. 3 მეფ. 4:25; 4 მეფ. 18:31; მიქა. 4:4; ზაქ. 3:10).

მაგრამ ბუნებრივი თვისებების გარდა, ლეღვს კიდევ სიმობლური მნიშვნელობაც გააჩნდა. ისრაელის მოძღვართათვის, რაბინთათვის, ის სიბრძნის სიმბოლო გახდა. თალმუდის ერთ-ერთ ტრაქტატში დაფისქირებულია რაბი იოჰანანის ასეთი გამოთქმა; "როგორც ლეღვი - ყოველთვის, როდესაც კი მას კაცი მიეკარება ნაყოფია მასზე; ასევეა თორას სიტყვაც - ყოველთვის, როდესაც მას ადამიანი წარმოთქვამს, აზრია მასში" (ერუბინი 54 ა, ბ). იუდეველი ბრძენკაცი მოსეს სჯულისგან ნაყოფს - "ნებისმიერ ჟამს" გვპირდება. ამაში ჩანს მაქსიმალიზმი, რადგან ზამთარში ლეღვს ნაყოფი არა აქვს. როდესაც ქრისტე აპრილში მივიდა გაფოთლილ ლეღვის ხესთან ნაყოფის მოსაწყვეტად, მან ვერაფერი ჰპოვა. სიმბოლურად - მან ვერ იპოვა ის კეთილი ნაყოფი, რომელსაც რაბინები "ნებისმიერ ჟამს" გვპირდებიან. და მაქსიმალურ სიბრძნეზე მათი პრეტენზიების საწინააღმდეგოდ უფალმა განაცხადა: "აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მაშინვე გახმა ლეღვის ხე" (მათე 21:19, 20; მარკოზი 11:20). აღსრულდა გარშემომყოფთათვის კონკრეტული და აშკარა სასწაული, მაგრამ იმავდროულად აღსრულდა სიმბოლური სასწაულიც.

თავის მაცხოვნებელ ვნებებამდე ნახევარი წლით ადრე უფალმა თქვა იგავი უნაყოფო ლეღვის ხეზე (იხ. ლკ. 13:6-9). იმის შესახებ, რომ "ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა. და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი; იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად მოჭერი" (ლუკა 13:6-9).

ამ იგავის წარმოთქმიდან ზუსტად ექვსი თვის შემდეგ, იუდაურ პასექამდე რამოდენიმე დღით ადრე, ღმრთის მოლოდინის დრო ამოიწურა. გავიდა უფლის მსახურების სამი წელიწად ნახევარი, რომლის დროსაც ის "ცოცხალი წყლით", ანუ თავისი ქადაგებით, უხვად რწყავდა ადამიანთა გულების ნიადაგს. მაგრამ იუდეველთა "ლეღვის ხე" უნაყოფო რჩებოდა. ხოლო რადგან ლეღვის ხე არანაირი სამშენებლო საჭიროებისთვის არ ვარგა, თუკი მას ნაყოფი არ მოაქვს, "მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა" (იხ. მათე 3:10; 7:19; ლკ. 3:9).

არ შეიძლება არ გვაკვირვებდეს ის, რომ უფალი მოვიდა მხოლოდ სიკეთისა და აღმშენებლობისთვის, მაგრამ მინიმუმ სამჯერ ის აღასრულებს დამანგრეველ ქმედებებს. და ეს შემთხვევით როდი ხდება. მან ზღვაში ჩაახრჩო ღორების კოლტი, რათა ურწმუნო ღადარინელები თუნდაც მატერიალური დანაკლისის მიერ მოსულიყვნენ მასთან და შეხვედროდნენ მას. ჯვარზე სიკვდილის შემდეგ "განიხვნენ საფლავნი და წმიდა განსვენებულთა მრავალი გვამი აღდგა. საფლავებიდან გამოვიდნენ მისი აღდგომის შემდეგ, წმიდა ქალაქში შევიდნენ და გამოეცხადნენ მრავალს" (მათე 27:52-53). მან ასევე გაახმო ლეღვის ხე, რათა ეჩვენებინა, თუ რა მოელის იუდეველ ხალხს ღმრთის ძისადმი თავისი ურწმუნოების გამო.

ასე რომ, ლეღვის ხის განხმობა გახდა იმ ადამიანთა უარყოფის სიმბოლო, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად მოსჩანან ღვთის სჯულის შემსრულებლებად, სინამდვილეში კი კეთილი ნაყოფი ვერ გამოაქვთ.

გასწირა რა იუდეველები გაპარტახებად, უფალმა იწინასწარმეტყველა, რომ მათ წაერთმეოდათ ღმრთის სასუფეველი და მიეცემოდა ის იმ ხალხს, რომელიც გამოიღებდა ნაყოფს (მთ. 21:43). ეს "ახალი ხალხი" დღეს ჩვენ ვართ, ქრისტიანები. ჩვენ მოგვეცა ღმრთის სასუფევლის აღთქმანი, და დღეს უფალი სწორედ ჩვენგან ელოდება ნაყოფს. მაგრამ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: ღმერთმა თუ ბიბლიურ ტრადიციაში დამკვიდრებული რჩეული ერი უარყო მისი უნაყოფობის გამო, რა მოგველის ჩვენ, ველურ ზეთისხილს, რომელიც როგორც მოციქული პავლე ბრძანებს, მომტყდარი ტოტების ადგილას დაემყნო (შეად. რომ. 11:17), თუკი კეთილ ნაყოფს არ გამოვიღებთ?



სახარებისეული ისტორია - ეს მარტო ისტორიული წარსულის მოვლენა არ არის, ამავე დროს ეს არის სიმბოლო, წინასახე იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ყოველი, თითოეული, ნებისმიერი ხე, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. ღმერთს სათნოებათა ოდენ ფოთლები კი არ სჭირდება - ანუ გარეგნული ცარიელი ღვთისმოსაობა. ღმერთი სინანულის რეალურ ნაყოფებს ითხოვს (იხ. მათე 3:8), ღმრთის სიტყვის შესმენას და მის შესრულებას ითხოვს (იხ. მათე 13:13).

ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით რა ვნების შვიდეულის ლოცვებს, კარგი იქნება თუ საკუთარ თავს ვკითხავთ: სულო ჩემო, როდესაც მკის ჟამი მოაწევს და "თავის დროზე" მოსავლის ასაღებად მოვა მევენახე, ხომ არ ჰპოვებს იგი შენში მხოლოდ უნაყოფო ფოთლებს, რომელიც უვარგისია მისი სასუფეველისთვის?

შედგენილია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

Назад к содержимому