სწავლანი > განმარტებანი
კირილე იერუსალიმელი ბოლო ჟამის მოწამეებზე
წმ. კირილე იერუსალიმელი დაიბადა და ცხოვრობდა ქრისტიანობისთვის რთულ პერიოდში: მთელი თავისი სულიერი გზის განმავლობაში მას მოუწია ბრძოლამ სხვადასხვა მწვალებლობებთან და ქრისტიანობის მტრებთან. მრავალგზის იტანჯა წმ. კირილემ ცილისმწამებელთაგან, ერთხელ საპყრობილეშიც კი ჩაამწყვდიეს მისიონერული საქმიანობისთვის. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხალხის მეხსიერებაში ხსოვნა ადრექრისტიანული ხანის მოწამეებზე, მაგრამ წმიდა მამა ამბობდა, რომ მომავალ საუკუნეთა მოწამეებს უფრო მძიმე განსაცდელების გადატანა მოუწევთ.
წმ. კირილე ბრძანებს: "იმდროინდელი მოწამეები, ჩემი აზრით, ყველა მოწამეებზე აღმატებულნი იქნებიან. თუ ადრინდელ მოწამეებს ადამიანებთან უწევდათ წინააღმდეგობა, ანტიქრისტეს დროინდელ მოწამეებს თვით სატანასთან მოუწევთ შერკინება".
ადრინდელ ეპოქაში ბევრი იყო სულიერად ძლიერი ადამიანი. დღეს, როდესაც მათ ცხოვრებას ვკითხულობთ, მათი მოსაგრეობით აღფრთოვანებულნი ვრჩებით, მაგრამ არ ვფიქრობთ რაოდენ მძიმე იყო მათი ღვაწლი. ეს რომ გავიგოთ, საჭიროა თავს ძალა დავატანოთ და გავაკეთოთ ისე, რათა ჩვენი ცხოვრება ოდნავ მაინც მიუახლოვდეს ცნობილ წმინდანთა ცხოვრების წესს. რა თქმა უნდა, ღმერთმა იცის თანამედროვე სამყაროს თავისებურებანი და ჩვენც ამის შესაბამისად მოგვთხოვს. ამიტომაც, რომც გვეგონოს, რომ ჩვენი სულიერი მოსაგრეობა არც ისე დიდია, უფალი მაინც მაღალ შეფასებას მისცემს ჩვენს სულიერ მისწრაფებებს და ჯეროვნად შეაფასებს იმ ჭირვებათა ძლევას და საცთურთა დათმენას თანამედროვე ცხოვრებაში რომ განვიცდით.
ძველად მოსაგრეობის სული ძალიან ძლიერი იყო, ვერავითარი ბოროტება და მზაკვრობა ვერ ერეოდა მას. ადამიანები სათნოებათა სიუხვეში ცხოვრობდნენ და ბოროტება უბრალოდ უფერულდებოდა სიკეთის მრავალრიცხოვან გამოვლინებებში. ის უწესივრობანი, რაც მაშინ არსებობდა, არსებით ზიანს ვერ აყენებდა კეთილ ადამიანთა უმეტეს რაოდენობას.
ახლა კი ბოროტ დროებაში ვცხოვრობთ: ცოდვა იფურჩქნება, სიკეთე კი გაუფასურდა. ზნეობრივ ადამიანს ძალიან უჭირს წინააღმდეგობა გაუწიოს ტრადიციებს, რომელიც თანამედროვე საზოგადოების მიერ არის მიღებული და ამიტომაც, მისი სულიერი ღვაწლი კიდევ უფრო ღირებული და ფასეული ხდება.
ინტერნეტ მასალების მიხედვით.