განმარტებანი - იგავი 10 ქალწულზე - რაზე მიანიშნებს ზეთის მარაგი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
იგავი 10 ქალწულზე - რაზე მიანიშნებს ზეთის მარაგი?
 
(მათე.25:1-13)
იგავი ათ ქალწულზე
მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად. ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი - უგუნური. უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით. და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო. მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები. და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება. გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა (მათე.25:1-13)

***

იგავის დარიგებისგან სარგებელი რომ მივიღოთ, მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რაში მდგომარეობდა იმ ქალწულთა სათნოება, რომლებმაც თან წაიღეს ზეთის მარაგი. რატომ უწოდებს მათ ქრისტე გონიერ ქალწულთ? რაშია მათი გონიერება? და რაშია უგუნურება იმ ქალწულებისა, რომლებმაც ზეთის მარაგი არ მოამზადეს? და ყველაზე მთავარი - რომელ ქალწულებს შევადაროთ საკუთარი თავი?
 
ამ საკითხებში რომ გავერკვეთ, საჭიროა თავიდან დავიწყოთ.
 
ამრიგად, ათი ქალწული, იმ დროინდელი საქორწილო ტრადიციების შესაბამისად, სიძის შესახვედრად გაემართნენ, რათა ლამპრებით თან ხლებოდნენ საქორწილო პროცესიას და შემდეგშიც მონაწილეობა მიეღოთ საქორწილო ტრაპეზობაზე.
 
ხუთმა მათგანმა თან წაიღო, რაც აუცილებელ იყო. მაგრამ ზეთის მარაგზე არ იზრუნა. რის გამოც ქრისტემ ამ იგავში ისინი უგუნურ ქალწულებად შერაცხა. მაგრამ რაშია მათი უგუნურება?
 
მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ამ ხუთმა ქალწულმა აიღო ზუსტად იმდენი, რამდენიც მათი გაანგარიშებით საკმარისი იქნებოდა ღონისძიებისთვის. პრობლემა იმიტომ კი არ გაჩნდა, რომ მათ რაღაც არასწორად გათვალეს. კაზუსი სიძის დაგვიანებამ გამოიწვია.
 
"რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა" (მათე.25:5)
 
მოკლედ, ამ უგუნურმა ქალწულებს არსად გამოუმჟღავნებიათ უპასუხისმგებლობა. ისინი საქორწილო ტანისამოსში გამოეწყვნენ. აიღეს საუკეთესო ლამპრები, და როგორც საჭირო იყო გაწმინდეს. აავსეს ლამპრების ზეთის საჭირო რაოდენობით და სიძეს რომ არ დაეგვიანა, ყველაფერს წარმატებით დაასრულებდნენ. ზეთი მთელი დღესასწაული ეყოფოდათ.
 
აქ ძალზედ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ამ ქალწულებმა თავიანთი მხრიდან ყოველივე აუცილებელი შეასრულეს. ისინი დღესასწაულისთვის მოემზადნენ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო და, რამდენსაც თვით დღესასწაული ითხოვდა. და ეს ყოველივე ხარისხიანად შეასრულეს. არ გაითვალისწინეს მხოლოდ ის, რომ შეიძლებოდა სიძეს დაგვიანებოდა. ანუ ის, რაც მათზე დამოკიდებული არ იყო. მაშ, რაშია მათი უგუნურება?
 
თავიდან მოდი დავფიქრდეთ ვის შეიძლება შევადაროთ ეს უგუნური ქალწულები. იგავიდან გასაგები ხდება, რომ სიძეში იგულისხმება თვით ჩვენი უფალი იესუ ქრისტე. ხოლო ათი ქალწული - ეს ქრისტეს მოლოდინში მცხოვრები ქრისტიანებია, რომლებიც ზედმიწევნით ემზადებიან მის შესახვედრად. მოკლედ, ურწმუნო და დაუდევარი ადამიანები იგავში საერთოდ ნახსენებიც კი არ გახლავთ, ისინი იქ არ იმყოფებიან. იგავში არიან მხოლოდ ისინი, ვინც სადღესასწაულო სამოსითა და დაწმენდილი ლამპრებით ელიან სიძეს. ამ ადამიანთა ერთი (გონიერი) ნაწილი შედის სიძის ქორწილში, მეორე ნაწილი (უგუნური) კი - ვერა.
 
მაშ, რომელი ქრისტიანები ემსგავსებიან უგუნურ ქალწულთ?
 
ზემოთმოტანილი განსჯიდან ვხედავთ, რომ ხუთი უგუნური ქალწული ასრულებს ყველა საჭირო მოთხოვნას დღესასწაულის შესახვედრად. ანუ ლაპარაკია სრულიად კეთილსინდისიერ ქრისტიანებზე. ისინი იცავენ მცნებებს, დადიან ტაძრებში, ესწრებიან ღვთისმსახურებებს, მონაწილეობან ეკლესიის ყველა აუცილებელ საიდუმლოში, იცავენ საჭირო მარხვებს, კითხულობენ აუცილებელ ლოცვებს, ეკლესიას შემოწირულობებსაც სწირავენ. მოკლედ, ლაპარაკია იმათზე, ვინც იცავს აბსოლუტურად ყველაფერს. მაგრამ უგუნურებად იწოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ იზრუნეს ერთგვარ მარაგზე...
 
რა მარაგია ეს? დამატებით ჩატარებული ღვთისმსახურება? იქნებ დამატებითი მარხვები? ან გაზრდილი ლოცვითი განაწესი? დამატებითი შეწირულობები ხომ არა? იქნებ ოდნავ მეტი კეთილი საქმეები? კიდევ რა უნდა შევთავაზოთ ღმერთს იმაზე მეტი, რასაც უკვე ვაკეთებთ?
 
როგორც ვხედავთ, მრავალ ჩვენგანს ბევრი რამ აკლია თვით უგუნურ ქალწულებამდეც კი. ბევრი როდი დაიკვეხნის იმით, რომ სიძესთან შესახვედრად კეთილსინდისიერად ყოველივე საეკლესიო განაწესს აღასრულებს. არაფერი რომ არ ვთქვათ ზეთის რაღაც მარაგზე გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის...
 
რა შეიძლება ითქვას გონიერ ქალწულებზე? ისინი იმით გამოირჩეოდნენ, რომ მათი ტანისამოსი უფრო ლამაზი იყო? არა, ასე არ არის ნათქვამი. იქნებ ისინი ქორწილისთვის უკეთ მოემზადნენ? ასევე არა. იქნებ მათი ლამპრები უფრო მეტად იყო დაწმენდილი და მათში უფრო ძვირადღირებული არომატული ზეთი ესხა? არა, არც ამაზეა მითითება! შესაძლოა მათი ტანისამოსი, ლამპრები და ზეთი მათში უარესი ხარისხისაც ყოფილიყო. ქება მათ გარეგანი ბრწყინვალებისთვის როდი დაიმსახურეს? მაშ, რისთვის?
 
ერთადერთი, რაც გონიერ ქალწულთ განასხვავებდათ უგუნურთაგან - მათი გულები იყო. მათი ხასიათი. მათი შინაგანი დამოკიდებულება დღესასწაულისადმი. ამ მოვლენის ჭეშმარიტი განცდა. რის წყალობითაც მათ საკუთარ თავში თქვეს: "თითქოსდა ყველაფერი მოვამზადეთ, რაც საჭირო იყო... მაგრამ, რა მოხდება თუ სიძე დაიგვიანებს? რა იქნება, თუ მის ეტლს ბორბალი მოძვრება? ან ცხენებს შეეყრება რამე? მოდი, ყოველ შემთხვევისთვის ავიღოთ ზეთის დამატებითი მარაგი! იქნებ არ გვეყოს ის, რაც გვაქვს. შესაძლოა ზედმეტი ზეთი არც დაგვჭირდეს, მაგრამ ვინ იცის... ჩვენ ხომ ასე გვინდა ქორწილში მოხვედრა! და ასე არ გვინდა იმედი გავუცრუოთ ჩვენს სიძეს!"
 
ხასიათის აი ეს თვისება, ეს დამოკიდებულება განასხვავებდა გონიერ ქალწულთ უგუნურთაგან. მხოლოდ ამ შინაგანი განცდის წყალობით, ყოველი შემთხვევისთვის მოამზადეს მათ ზეთის დამატებითი მარაგი. და არცთუ ამაოდ!
 
წმიდა მამებში შეიძლება ვნახოთ სხვადასხვა განმარტება იმისა, თუ რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ეს ზეთი. ეს არის სიყვარული ღმრთისადმი, რწმენაც, ღმრთის მადლიც, ცხოვრება სულიწმიდით და მრავალი სხვა სათნოება. და ყველა ეს განმარტება სწორია, რადგან ნებისმიერი ქრისტიანული სათნოება მნიშვნელოვანია სულიერი ცხოვრებისთვის. მაგრამ ვერც ერთ მათგანს ვერ მიაღწევს ადამიანი სრულყოფილად, თუკი მას თავდაჯერებულობა დააბრმავებს. აკი არავინ ეძებს სათადარიგო ზეთს სიძის შესახვედრად, რადგან ფიქრობს, რომ რაც აქვს ისიც საკმარისია.
 
ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ როგორმა გულმა უკარნახა გონიერ ქალწულთ მოემზადებინათ ზეთის მარაგი. ისინი ბოლომდე არ იყვნენ კმაყოფილნი თავიანთი მომზადებით. არ იყვნენ საკუთარ თავში ზედმეტად თავდაჯერებულნი. სამაგიეროდ სავსენი იყვნენ სურვილით ღირსეულად შეხვედროდნენ სიძეს ანთებული ლამპრებით. ამიტომაც დამატებითი ზეთიც მოიმარაგეს.
 
რა შეიძლება ითქვას უგუნურ ქალწულებზე? როგორც ჩანს, მათი სურვილი ღირსეულად შეხვედროდნენ სიძეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეზრუნათ გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყოველი სამზადისი, რომელიც შეასრულეს, საკმარისზე მეტია, და ზეთიც საკმარისია.
 
როგორი დასკვნა უნდა გამოიტანოს ქრისტიანმა ამ იგავიდან?
 
ზოგჯერ გვეჩვენება, რომ სრულიად ბეჯითნი ვართ საკუთრი სულის ცხონების საქმეში. ვცდილობთ ვიაროთ ეკლესიაში, მონაწილეობა მივიღოთ ეკლესიის საიდუმლოებებში, ვიცავთ მცნებებს, მარხვებს და ღვთისმოსავ საეკლესიო ტრადიციებს. არსებობს ერთგვარი მინიმუმი, რომელსაც ჩვენ შევესაბამებით. და იბადება შეგრძნება, თითქოსდა ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება საკმარისია ცხონებისთვის. მაგრამ რა მოხდება თუკი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში აღმოჩნდება, რომ ზეთის მარაგი არ გვეყო, და საქორწილო სუფრის კარები, რომელში შესვლაც ასე გვსუროდა, ჩვენს ცხვირწინ დაიკეტება?
 
მაშ, მოდი, მივბაძოთ გონიერ ქალწულთ, რომელთაც თავიანთ გულებში ამისი მუდმივი განცდა ჰქონდათ. ვევედროთ ღმერთს, რათა გვიჩვენოს, რომელი ზეთი არ გვყოფნის კონკრეტულად ჩვენს ცხოვრებაში. თითოულ ჩვენთაგანში ხომ ეს შეიძლება რაღაც პირადული იყოს. და ვიღვაწოთ რომ შევავსოთ ეს დანაკლისი და მეტიც მოვიმარაგოთ.
 
"ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს" (1 კორინთ. 10:12).
 
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

საიტი "აპოკალიფსისი". 2023 წ. მარტი.
Назад к содержимому