სწავლანი > განმარტებანი
იესუ ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში
დადგა გაზაფხული და მოგვიტანა სითბო, სიხარული და სასოება. გაზაფხულზე, სწორედ მაშინ, როდესაც იმატებს დღე და იკლებს ბნელი, ვზეიმობთ შესანიშნავ დღესასწაულს - უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში.
მართლმადიდებელი ქრისტიანები ბზებითა და პალმის რტოებით ხელში ისწრაფვიან ეკლესიისკენ. ყველა სასიხარულო წინათგრძნობას მოუცავს: ერთი კვირის შემდეგ ხომ - აღდგომაა! მაგრამ როგორია ამ დღესასწაულის ისტორიული აზრი და მნიშვნელობა?
იერუსალიმში მაცხოვრის შესვლაზე მოგვითხრობს ოთხივე მახარობელი - მათე (მთ. 21:7-11), მარკოზი (მკ. 11:7-10), ლუკა (ლკ. 19:36-38) და იოანე (ინ. 12:12-15).
ლაზარეს სასწაულებრივი გაცოცხლების შემდეგ, ებრაელთა პასექამდე ექვსი დღით ადრე, ქრისტემ იერუსალიმში წასვლა გადაწყვიტა. ქრისტეს მზარდი პოპულარობით გაბოროტებული მღვდელმთავრები ფიქრობენ როგორ დაღუპონ ქრისტეც და ლაზარეც. მაგრამ, სანამ ერთნი ჯერაც ქრისტეს მკვლელობას იზრახავენ, სხვები იერუსალემში გამოეფინენ მის შესახვედრად.
ბევრს ეგონა, რომ ქრისტე იერუსალიმში შესვლით ბოლოს მოუღებდა დამამცირებელ რომაულ ოკუპაციას, რომ ის ავიდოდა სამეფო ტახტზე და ძველ დიდებასა და ძლიერებაში აღადგენდა იუდეის სამეფოს. მაგრამ, როგორი იყო ხალხის გაკვირვება, როდესაც ქრისტე ქალაქის კარიბჭეში გამოჩნდა არა საბრძოლო ცხენზე, როგორც ეს შეეფერება მრისხანე გამათავისუფლებელს, არამედ ჩვეულებრივ ვირზე. ამით უფალმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამეფო, რომლის დამყარებასაც ის ცდილობს, "არა ამქვეყნიურია", როგორც მიუგებს ის პილატეს შეკითხვაზე: "განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და მღვდეღმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. მაინც რა ჩაიდინე? მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური".
მანამ კი იერუსალიმის ქუჩები მოიცვა საყოველთაო სიხარულმა: ადამიანთა უზარმაზარი ბრბოები ქრისტეს ხვდებოდნენ, როგორც მეფესა და მესიას. ისინი მას ფერთხით უფენდნენ პალმის რტოებსა და თავიანთ სამოსს და იძახდნენ: "კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალთა შინა!" (მთ. 21:7-11).
ვინ იფიქრებდა, რომ სულ რამოდენიმე დღეში იგივე ბრბო შესძახებდა: "ჯვარს აცვ, ჯვარს აცვ იგი".
როგორი საოცარი და გამაოგნებელი არათანმიმდევრულობა იხილვება ქრისტესადმი დამოკიდებულების ამგვარ მკვეთრ ცვლილებაში. თუმცა, თუკი დავფიქრდებით, არც ისე საკვირველია ეს ცვლილება.
ადამიანები ხშირად ერთმანეთზე სოციალური მარკერების, ანუ ვინმეზე შექმნილ აზრთა გარკვეული ჩარჩოების მიხედვით მსჯელობენ. ასე მოიქცნენ იერუსალიმის მცხოვრებნიც - როდესაც მათ ესმათ მოძღვარზე, რომელსაც შეეძლო მკვდრების აღდგენა, გადაწყვიტეს, რომ ეს არის სწორედ მათი მაშიაყი და ნანატრი მეფის შესახვედრად პალმის რტოებით გამოეფინენ. მაგრამ შემდეგ, როდესაც იგივე მოძღვარი ნაცემი, შეკრული და სასიკვდილოდ გამეტებული ნახეს - ამ მარკერის გავლენის ქვეშაც მოექცნენ და მასაც დაეთანხმნენ.
საერთოდ, ბრბოს შეხედულება ცვალებადია. აქ კიდევ ყველაფერ ამას ემატებოდა მკაცრად ნაციონალური და რელიგიური კონფლიქტი. ხუთი დღის წინ იერუსალიმის ბრბო ხვდებოდა არა უბრალო მეფეს, არამედ იმას, ვინც მოვიდა რომაელ ოკუპანტთა და მღვდელმთავარ-სადუკეველთაგან იუდეის გასათავისუფლებლად; ისინი იმედოვნებდნენ, რომ მესია დაამხობდა მათ ძალაუფლებას და გათავისუფლებულ ერზე გამეფდებოდა. მაგრამ პილატეს წინაშე წარმდგარ იესუში მათ დაინახეს მეფე, რომელმაც დაუშვა ყოფილიყო შეპყრობილი, შეკრული, ნაცემი და ნაფურთხები... რა უნდა ეფიქრათ მათ ასეთ "მეფეზე"?
იმდროინდელ იუდეველთა მიწიერი ინტერესი ვერ ჭვრეტდა ზეციერ მეფეს, ცოდვის წყევისგან გამათავისუფლებელს. ამიტომაც, მათ, ვისაც მიწიერი ბატონობის მოლოდინი ჰქონდათ, ზეციერი მეფის ღვაწლი არაფერში სჭირდებოდათ. წინ იყო ქრისტეს მტანჯველი სასამართლო, სიკვდილი და შთასვლა ჯოჯოხეთს. წინ იყო მთელი ორი დღე და ღამე მკვდრეთით აღდგომამდე, რომელიც ამ უბადრუკებსა და სულიერად ბრმებს გაუხსნის ღმრთისკენ დასაბრუნებელ გზას, - გზას ცათა სასუფეველისკენ.
საიტი "აპოკალიფსისი". 4 // 17 აპრილი. 2022 წ.