სწავლანი > განმარტებანი
წმ. ამბა დოროთე
(VI-VII სს.)
გონივრული მოწყალება
"კაცმა უნდა იცოდეს მოწყალების სათნოების ძალა და მადლი, რადგან მას ცოდვების მიტევებაც შეუძლია, წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ: ”საჴსარ სულისა კაცისა თჳსი სიმდიდრე“ (იგავ. 13.8). კიდევ ამბობს: ”და ცოდვანი შენნი მოწყალებითა იჴსნენ“ (დან. 4.24). უფალი ამბობს: ”იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს“ (ლუკ. 6.36).
დაუკვირდით, ეს სათნოება ღვთის მსგავსია. სიფრთხილე კი ამაშიც გვმართებს, რადგან მოწყალებაც ფრიად სხვადასხვაგვარია. მოწყალება გონივრულად უნდა გავიღოთ.
ზოგიერთი მოწყალებას იმისთვის გასცემს, რომ მისი ყანა იკურთხოს. სხვა მოწყალებას ნავის გადასარჩენად ეწევა, სხვა - შვილების გამო, სხვა - განდიდების მიზნით. და ღმერთიც განადიდებს მას, არავის უგულებელყოფს, არამედ ყველას იმას აძლევს, რასაც ითხოვს, თუ ამრიგად მის სულს არაფერი ევნება. მაგრამ ყველა ისინი აქვე ღებულობენ მადლს და იქ არაფერი აქვთ, რადგან იქაური სიკეთისთვის არ იღვწიან.
ყანის კურთხევისთვის გააკეთე? - ღმერთმა გიკურთხა; შვილებისთვის გააკეთე? - ღმერთმა შენი შვილები დაიცვა. სახელისთვის მოიმოქმედე? - გადიდა ღმერთმა. რაღა მართებს შენი ღმერთს? - მოგცა მადლი, რისთვისაც აკეთებდი.
არის ისეთიც, ვინც მოწყალებას იმისთვის ეწევა, რომ სამარადისო ტანჯვა აირიდოს. აი, ეს აკეთებს სულისთვის და ღვთისთვის, მაგრამ არა ღვთის ნებისამებრ, რადგან ჯერ კიდევ მონის საზომშია. მონა ბატონის სურვილს თავისი ნებით კი არ ასრულებს, არამედ ცემის შიშით. სხვა მადლის მიღებისთვის აკეთებს. ეს უკანასკნელი პირველზე მაღლა დგას, მაგრამ ღვთის ნებისამებრ არც ეს იქცევა, რადგან ძის საზომს კი არ არის მიწეული, არამედ მუშაკისას. მუშაკი თავისი ბატონის ნებას საფასურის მიღების მიზნით ასრულებს. ესეც იმისთვის აკეთებს, რომ მადლი ჰქონდეს. როგორც წმინდა ბასილი ამბობს და როგორც სხვა დროსაც მითქვამს თქვენთვის, სიკეთეს სამრიგად ვაკეთებთ: ტანჯვის შიშით, და ამ დროს მონის ხარისხში ვართ; ან მადლისთვის, და მუშის ხარისხში ვიმყოფებით; ან სიკეთისთვის, და ძის ხარისხში ვართ.
ძე მამის ნებას არა მისი შიშის ან საფასურის მიღების გამო ასრულებს, არამედ იმისთვის, რომ აამოს, პატივი სცეს და დაამშვიდოს. ჩვენც გვმართებს კეთილი საქმისთვის ამგვარადვე გავიღოთ მოწყალება, ისევე შეგვტკიოდეს ერთმანეთზე გული, როგორც ჩვენი სხეულის ნაწილზე, ისე გავცეთ, თითქოს ვიღებდეთ.
სხვას ისე უნდა ვუკეთებდეთ სიკეთეს, თითქოს ჩვენ გვიკეთებდნენ. აი, ეს არის გონივრული მოწყალება და ამრიგად მივდივართ მის საზომამდე. არავინ თქვას: ღარიბი ვარ და მოწყალებას ვერ გავიღებ. თუ არ შეგიძლია გასცე მდიდართა მსგავსად, რომელთაც ხაზინას ბევრი შესწირეს, მაშინ ქვრივის დარად ორი დანგი მიეცი და ღმერთი ისევე შეიწირავს, როგორც ბევრს (შდრ. მარკ. 12.42; ლუკ. 21.2). თუ ესეც არ შეგიძლია, მაშინ სნეულებს მოემსახურე. ეს შეგიძლია.
თუ ესეც არ ძალგიძს, შეგიძლია ძმას სიტყვით სცე ნუგეში, სიტყვით შეიწყალე და გაისხენე წმინდა წერილში ნათქვამი: სიტყვა კეთილი უფროს არს მიცემისა (ის. ზირაქ. 18.17). და თუ სიტყვითაც არ ძალგიძს, ნუთუ ის მაინც არ შეგიძლია, შენი ძმა, როცა აღშფოთდება, განრისხების ჟამს შეიწყალო და იტვირთო? არ იცი, რომ მასაც ჩვენი საერთო მტერი გამოსცდის? გაჩუმდი გალანძღვის ნაცვლად, იხსენი მტრისგან, და შენს სულსაც ასე შეიწყალებენ. ასევე, შეგიძლია აპატიო ძმას, როცა გცოდავს, რათა ღმერთმა შენც მოგიტევოს.
თავად უფალი ამბობს: ”მიუტევეთ და მოგეტევნენ“ (ლუკ. 6.37); ასე გამოიჩენ მოწყალებას ძმის სულისთვის, თუ მას შეუნდობ, რასაც გცოდავს. ღმერთმა მოგვცა ძალაუფლება იმისა, თუ გვენდომება, ერთმანეთს ცოდვები შევუნდოთ. თუ ხორციელი მოწყალების გასაცემად არაფერი გაქვს, მაშინ მისი სულისთვის გაიღე მოწყალება. ეს უფრო დიდია: როგორც სული უპირატესია ხორცზე, ისე სულისთვის გაღებული მოწყალება უფრო მეტია, ვიდრე ხორცისთვის. ვერავინ იტყვის: მოწყალების გაღება არ შემიძლია.
ყველას შეგვიძლია ჩვენი ძალისა და საზომის შესაბამისად. მაგრამ ეცადეთ, გონივრულად აკეთოთ, როგორც თითოეული სათნოების შესახებ ვთქვით. რადგან ვინც სათნოებას გონივრულად აღასრულებს, იგია მარჯვე ოსტატი, რომელიც სულიერ სახლს უშეცდომოდ აშენებს. ამიტომაა წმინდა სახარებაში ნათქვამი, რომ ბრძენი კლდეზე იშენებს სახლს, ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შეძრავს მას, და ასე შემდეგ (შდრ. მათ. 7.24).
ღმერთმა მოგვმადლოს, ვისმინოთ და საქმით აღვასრულოთ ის, რაც გვესმის, რათა განკითხვის დღეს დასასჯელად არ გვექცეს ეს სიტყვები, რამეთუ უფლისაა დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ".
წმიდა აბბა დოროთე. სულის სასარგებლო სწავლანი. სწავლა მეთოთხმეტე.