განმარტებანი - ღმრთის მსჯავრის ნიშნები და მართებული დამოკიდებულება წუთისოფლისამი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
მღვდელმოწამე პიონიუს სმირნელი

ღმრთის მსჯავრის ნიშნები და მართებული დამოკიდებულება წუთისოფლისამი
წმ. მღვდელმოწამე პიონიუს სმირნელი
მღვდელმოწამე პიონიუს სმირნელი († 250): "იფიქრეთ ამ ცხოვრებაზე: ის წააგავს კალოს, სადაც მიწაზე დგას დიდი ზვინი, - რისი? ხორბლისა და ღვარძლის! როდესაც მუშა მოვა ნიჩბით გასანიავებლად, მაშინ მსუბუქ ღვარძლს ქარი იოლად გაფანტავს, ხორბალი კი მიწაზე დარჩება. შეხედეთ ზღვაში ჩაგდებულ ბადეს: რაც მისით ამოაქვთ ყველაფერი კარგია? არა! ასეა წუთისოფლის ცხოვრებაც. როგორ გსურთ, რომ ვიტანჯოთ: როგორც დამნაშავეებმა, თუ როგორც უდანაშაულოებმა? თუკი - როგორც დამნაშავეებმა, მაშინ თქვენც უნდა იტანჯოთ, რადგან საკუთარი საქმეები გამხელენ უსამართლობაში; ხოლო, თუ როგორც - უდანაშაულოებმა, მაშინ, თქვენ, უსამართლოებს, რა სასოება უნდა გაგაჩნდეთ ცხონებაზე, თუკი მართლები დატანჯეთ: "თუკი მართალი ძლივსღა ცხონდება, უკეთური და ცოდვილი სადღა იყოს?" (1 პეტ. 4:18)?

ახლოვდება ქვეყნიერების სამსჯავრო, და მისი ნიშნები უკვე გამოჩნდა. მე მოვიარე ებრაელთა მთელი ქვეყანა, გადავედი მდინარე იორდანეზე და ვნახე მიწა, რომელიც დღემდე ატარებს ღმრთის რისხვის ბეჭედს ადამიანთა ცოდვებისთვის, იქ მცხოვრებთათვის, რომლებიც მკვლელები არიან და მოგზაურებს მრავალ ბოროტებას შეამთხვევენ. მე ვნახე მისგან ამომავალი კვამლი, ცეცხლით შეტრუსული მინდვრები და ნიადაგი, უნაყოფონი, ყოველგვარ სინოტივეს მოკლებულნი.

ვნახე მკვდარი ზღვა (ე. ი. ასფალტის ტბა, რომლიდანაც ფისი ამოდის), და წყალი, რომელმაც ღმრთის რისხვისგან დაკარგა თავისი თვისებები; მას არ შეუძლია პირუტყვთა დარწყულება, არც ადამიანის სხეულის მიღება და ყველაფერი, რაც გინდ ჩააგდო მასში, უკან აბრუნებს. მაგრამ რას ვამბობ მე შორეულ ადგილებზე! თქვენ ხედავთ დეკაპოლისს ლიდიაში, ცეცხლით დამწვარს, რომელიც დღემდე შეტრუსულია უკეთურთა შესაგონებლად...

გაიხსენეთ ეტნას ამოფრქვევა და სიცილიის კუნუძლთა შეტრუსვა. თუკი ეს თქვენგან შორს გეგულებათ, იფიქრეთ თბილ წყლებზე, მიწიდან რომ ამოდის: რატომ ცხელდებიან ისინი? იმ ცეცხლისგან ხომ არა, ცოდვილებისთვის რომ არის გამზადებული მიწის გულში? აქედან ვიგებთ, რომ ქვეყნიერება დაისჯება ცეცხლით და ცოდვილები გასამართლდებიან ღმრთის სიტყვით, ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მიერ...

ეს დროებითი ცხოვრება სასიამოვნოა, მაგრამ შეუდარებლად სასიამოვნოა ის სიცოცხლე, რომელსაც, ჩვენ, ქრისტიანები, გისურვებთ; აქაური სინათლე მხიარულია და სასიამოვნო, მე ვაღიარებ ამას, მაგრამ მასზე უფრო სასიხარულოა და სასიამოვნოა ჭეშმარიტების ნათელი, რომლის ხილვასაც ვესწრაფვით; ეს ყველაფერი, რასაც კი ხორციელი თვალები ხედავს, მშვენიერია; ჩვენ კი არ ვგმობთ ღმრთის ქმნილებას და კი არ გვძულს იგი; მაგრამ, არსებობს სხვა, უხილავი, რომელიც ჭეშმარიტად უმშვენიერესია და მას ვამჯობინებთ ყოველივე ხილულს".


საიტი "აპოკალიფსისი". 2024 წ.

მასალა მომზადდა მართლმადიდებლური ინტერნეტ წყაროების მიხედვით.

Назад к содержимому