სწავლანი > განმარტებანი
"ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს"
(კაენის მიერ აბელის მკვლელობა. დაბადების წიგნის მე-4 თავის 10-16 მუხლების განმარტება)
დაბადების წიგნი: 4:10-16.
ძვ. ქართ.:
10. და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით. 11. და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა. 12. რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა. 13. და თქუა კაინ უფლისა მიმართ ღმრთისაჲ: უფროჲს არს ცოდვაჲ ჩემი მოტევებისა ჩემისა. 14. და უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე. 15. და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ ყოველმან მომკლველმან კაინისმან შჳდნი შურის-ძიებანი დაჴსნნეს. და დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა. 16. და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა.
ახ. ქართ.:
10. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. 11. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. 12. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე (იწროებით და შიშით იცხოვრებ ქვეყნად). 13. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი: 14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. 15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს. 16. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
10. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.
წმ. იოანე ოქროპირი:
""უთხრა უფალმა ღმერთმა კაენს" (დაბ. 4:9, 10). რაოდენ გულმოწყალებას მიანიშნებს უკვე მხოლოდ ის, რომ მან საუბრის ღირსი გახადა ამგვარი დანაშაულის ჩამდენი. თუკი ჩვენ ხშირად არად ვაგდებთ ჩვენსავე მსგავ ადამიანებს, ვისაც ამგვარი დანაშაული ჩაუდენიათ, მით უფრო სამარტლიანი იქნება, გვიკვირდეს ღვთის გულმოწყალება, ვინც ესოდენ შემწყნარებელია. იგი მკურნალი და მოყვარული მამაა. როგორც მკურნალი, იგი ყველანაირ ღონეს და საშუალებას მოიხმარს, რათა სასტიკი სენით შეპყრობილს სიჯანსაღე დაუბრუნოს. ხოლო ვით მოყვარული მამა, იგი ლამობს, მამობრივი სიყვარულის ძალით უწინდებურ სიკეთეში დააბრუნოს შვილები, ვისაც უდიერობით კეთილშობილება დაუკარგავთ. რაკი მისი გულმოწყალება უკიდეგანოა, მას სურს, ასეთი უკანონობის გამბედავსაც კი კაცთმოყვრულად მოეპყრას" (19-ე ჰომილია დაბადების წიგნზე).
ეპისკოპოსი ბესარიონ ნეჩაევი:
""ეს რა ჩაიდინე?". ამ შეკითხვაში გვესმის ბოროტმოქმედისადმი საყვედური და მისდამი სიბრალულიც. ღმერთი თითქოსდა ამბობს: "შენ უგულებელჰყავ ჩემი შეგონებანი, რითაც ვცდილობდი შენს დაცვას დანაშაულისგან; მაშ, უკიდურეს შემთხვევაში, ახლა მაინც მოდი გონს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ; შეიგნე, თუ რა ჰქენი, - შენ ხომ საშინელი დანაშაული ჩაიდინე, რომლისთვის საზღაურს ვერ გაექცევი მისი უარყოფით".
"შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს". აბელს თავისი უბოროტობით შეეძლო საერთოდ არ ეჩივლა ღმერთის წინაშე კაენის გამო და იმ დროსაც, როდესაც განიცდიდა ძმის მომაკვდინებელ დარტყმებს, და სიკვდილის შემდეგაც. მაგრამ აბელის სისხლი ღმრთისადმი ყოველგვარ ცოცხალ მომჩივანზე მეტად ღაღადებდა; ბოროტმოქმედება ჩივილის გარეშეც ცნობილი იყო ყოვლისმცოდნესთვის და მართლმსაჯული ღმრთისგან შურისგებას ითხოვდა ბოროტმოქმედებისთვის.
თვითნებური, ძალადობრივი გზით ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევით შეურაცხყოფილია ხელმწიფება სიცოცხლესა და სიკვდილზე, რომელიც მხოლოდ ერთ ღმერთს ეკუთვნის. დანაშაულის დასჯით უნდა აღდგენილიყო ამ ხელმწიფების უფლებები. როდესაც ადამიანს ართმევენ შემოქმედისგან ბოძებულ ისეთ უძვირფასეს ნიჭს, როგორიც სიცოცხლეა, შეურაცხყოფილი ხდება ადამიანისადმი ღმრთის სახიერება და სიყვარულიც. უფალი განგებულებითად იცავს ყოველი ადამიანის სიცოცხლეს, განსაკუთრებით ღვთისმოსავთ, და რაიმე აუცილებლობის გარეშე არ აჩქარებს მათ სიკვდილს. ბოროტმოქმედი, როდესაც ღმრთისთვის ძვირფასი ადამიანის სისხლს ღვრის, ამით ეწინაარმდეგება ღმრთის სიყვარულს, და ამიტომაც როგორ არის შესაძლებელი ის დარჩეს დაუსჯელი?
ღმერთი - ყველა ადამიანის მამაა: მას, რომელი მამისთვის არ იქნება მწარე იხილოს შვილის ძალადობრივი და ნაადრევი სიკვდილი? განსაკუთრებით "პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა" (ფსალმ. 115:6), რომელთა რიცხვს განეკუთვნებოდა აბელიც. მოკლულთ ჩვეულებისამებრ ესარჩლებიან მისი ახლობლები. აბელის რწმენამ დააახლოვა ის ღმერთს და ამიტომაც ქმნა იგი დაღვრილი სისხლის ბუნებრივ მსაჯულად. აბელის სისხლი "ღაღადებდა მიწიდან", - ეს კი ნიშნავს, რომ ამ სისხლის ნაკადულებით მორწყული მიწა მზად იყო დაემოწმებინა დანაშაული და ყოფილიყო ბოროტმოქმედის დასჯის იარაღიც".
ღირ. ეფრემ ასურელი:
"ღმერთი აგრძელებს: "ეს რა ჩაიდინე?". თუ არ იცი სად არის აბელი, თუ შენ არ ხარ მისი დარაჯი, მაშინ უპასუხე შემკითხველს თუ რა ჩაიდინე, რათა სხვებმა არ ჰკითხონ მას შენზე. შემკითხველს რომ არ ცოდნოდა რა ჩაიდინე, არც შეგეკითხებოდა შენს მიერ ჩადენილ საქციელზე. როდესაც კაენს არც ამაზე სურდა პასუხის გაცემა, ანუ არ უნდოდა ეთქვა, თუ რა ჩაიდინა, მაშინ გამჟღავნდა ღმრთის ცოდნა, და ღმერთმა, აღნიშნა რა დანაშაული, თქვა: "შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს". რას იტყვი, კაენ? შურს იძიებს თუ არ იძიებს მართლმსაჯულება მისდამი მოღაღადე სისხლისათვის? განა იმიტომ არ აყოვნებდა შენს დასჯას, რომ შეგენანა? განა იმისთვის არ მალავდა თავის ცოდნას და უცოდინარივით გეკითხებოდა, რათა თვითონვე გეღიარებინა შენი დანაშაული?"
წმ. იოანე ოქროპირი:
"ეს სიტყვებიც მრავალმნიშვნელოვანია. რატომ ჰქენი ესო, ეკითხება. რად ჩაიდინე ეს უღვთო საქმე, ეს ამაზრზენი საქციელი, მიუტევებელი დანაშაული, აუხსნელი უგუნურება, ახალი და ჯერარნახული მკვლელობა, ის, რამაც პირველად შენი ხელით შეაბიჯა კაცობრიობის ცხოვრებაში? რად ჩაიდინე ეს უდიდესი და შემზარავი ცოდვა, რომელზე უმძიმესი სხვა აღარაა ცოდვათა შორის? "შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს". განა ადამიანი ვარ, ვისაც მხოლოდ ბაგით გამოთქმული ხმა ჩაესმის? ღმერთი ვარ, და მისიც მესმის, ვინც, მიწაზე უსულოდ მწოლი, სისხლის ხმით შემომღაღადებს. აი, რა შორს სწვდება ამ სისხლის ხმა, მიწიდან ზეცაში ადის, მეცხრე ცასა და უმაღლეს ძალებს გასცდება, თავად მეუფის ტახტს აღწევს და ჩივის შენი მკვლელობის გამო, ამხელს უღირს საქმეს. "შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს". განა უცხოს და გარეგანს ჩაეცი ლახვარი? არა, ღვიძლ ძმას, ვისაც შენთვის არაფერი უწყენინებია" (19-ე ჰომილია დაბადების წიგნზე).
წმ. კირილე ალექსანდრიელი:
"თუმცა, აბელის სისხლის, შესაძლოა ღაღადებდა მხოლოდ ერთი მკვლელის წინააღმდეგ; მაშინ, როდესაც ქრისტეს პატიოსანი სისხლი არა მარტო ღაღადებდა იუდეველთა სისასტიკისა და უმადურობის წინააღმდეგ, არამედ იხსნა სამყარო ცოდვისგან, როგორც მისთვის დათხეულმა. ამიტომაც ბრძანებს ღვთაებრივი პავლე, რომ ჩვენ, ვინც რწმენით გავმართლდებით, მივეახლოთ "საპკურებელ სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს" (ებრ. 12:24) (Глафиры, или объяснения избранных мест из Пятикнижия Моисея. На Бытие. О Каине и Авеле).
წმ. მაქსიმე ტურინელი (V ს.):
"რა თქმა უნდა, სისხლის არანაირი ხმა არ არსებობს, მაგრამ ასე ითქმის, უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლის ღაღადებსო იმიტომ, რომ ის ღაღადებს არა ხმით, არამედ იმით, რომ დაღვრილ იქნა; და ღმრთისადმი ღაღადებს იგი არა მჭევრმეტყველებით, არამედ აღშფოთებით დანაშაულის გამო; და ამხელს დამნაშავეს მის მიერ ჩადენილ დანაშაულში არა საბრალდებო გამოსვლით, არამედ მისივ სინდისის ღაღადისით. სიტყვებით მხილებული ბოროტება, შეიძლება გამართლდეს; მაგრამ თუკი დაღვრილი სისხლი სინდისს ამხელს, მას არავითარი გამართლება არა აქვს, რადგან სინდისი მდუმარებით, წინააღმდეგობის გარეშე ამხელს და განსჯის დამნაშავეს" (Максим Туринский, Проповеди 88.1. Cl. 0219a, 88.14 CCSL 23:359).
ორიგენე:
"დიახ ვიცით, რომ აბელის შესახებ თქმული, რომელიც დამარხა კაცისმკვლელმა და უკეთურმა კაენმა, ეხება ყველას, ვისი სისხლიც უდანაშაულოდ იქნა დაღვრილი. რადგან სიტყვები: "შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს" უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს ითქვა ყოველ მოწამეზეც, რომლის სისხლის ღაღადისი მიწიდან ღმერთამდე აღწევს" (Ориген, Увещание к мученичеству 50.1 TLG 2042.007, 50.1-50.6)
პრესვიტერი სალვიან მარსელელი (V ს.)
"კაენმა, როდესაც ბოროტება განიზრახა, ძმა უკაცრიელ ადგილზე გაიყვანა და იქ დაუბრკოლებლად მოჰკლა. ამით მან საკუთარი უკეთურება და უგუნურება გამოავლინა, რადგან ფიქრობდა, რომ უკეთურების ჩასადენად საკმარისია თავი აარიდო ხალხმრავლობას, მაშინ როდესაც, ძმისმკვლელობის ცოდვა ღმრთის თვალწინ აღესრულება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ კაენში უკვე გაჩნდა თავდაჯერება, რომელიც დღესაც ბევრ ადამიანში არსებობს, კერძოდ: თითქოსდა ღმერთი არ უყურებს მიწიერ საქმეებს და არ ხედავს კაცთა დანაშაულობებს. მაგრამ, როდესაც ბოროტება აღსრულდა და ღმერთმა კაენს ძმის ადგილსამყოფელი ჰკითხა, მან უპასუხა, რომ არაფერი იცის ძმის დაღვრილი სისხლის შესახებ. ის იმდენად იყო დარწმუნებული, რომ ღმერთმა არ იცის მისი დანაშაულის შესახებ, რომ იმედოვნებდა სიცრუით დაეფარა უკეთურებათაგან ყველაზე ამაზრზენი უკეთურება. მაგრამ საქმე ისე როდი წავიდა, როგორც კაენი ფიქრობდა: როდესაც ის კლავდა, ფიქრობდა, რომ ღმერთი ვერ ხედავს ბოროტმოქმედებას; მაგრამ გაიგო, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს, როდესაც დაისაჯა" (Сальвиан Пресвитер, О правлении Бога 1.6.29 . Сl. 0485, 1.6.29.31 SC 220:126).
11. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან.
ღირ. ეფრემ ასურელი:
"რადგან სიკეთის ქმნა არ ინებე ისე, როგორც ამას შთაგაგონებდა მართლმსაჯულება, და ცოდვისკენ ისწრაფე, რომლისგანაც წინდაწინვა გაგაფრთხილა მან, დაწყევლილი ხარ მიწისგან, რადგან დაამწუხრე ადამი და ევა, მთელი დედამიწის პირველწინაპარნი, დაწყევლილი ხარ მიწისგან, რადგან მთელ დედამიწას განუღე შეოლის (ჯოჯოხეთის) კარები".
წმ. იოანე ოქროპირი:
"ან იქნებ ჩემმა კეთილგანწყობამ მოწია მას ეს მკვლელობა, იქნბე შენ, რაკი ჩემ წინააღმდეგ აღძვრის ძალა არ გქონდა, მასზე გადმოანთხიე შენი დაუოკებელი მრისხანება? ამის გამო ისეთ სასჯელს დაგადებ, რომ აც შენი დანაშაული, არც მის გამო დადებული სასჯელი დავიწყებას არასდროს მიეცეს, არამედ შენს თავს გადამხდარი ამბავი გაკვეთილად ჰქონდეს ყველა მომდევნო ადამიანს. და აი, იმის გამო, რომ ეს ჩაიდინე, აღასრულე შენი ავი ჩანაფიქრი და ძლიერი შურის გამო მკვლელობა გადაწყვიტე, ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისგან.
ატყობ, საყვარელო, განსხვავებას დაწყევლასა და დაწყევლას შორის? ნუ ჩაუვლი ამას უყურადღებოდ, არამედ წყევლის სიმძიმის მიხედვით დანაშაულის სიმძიმეს მიხვდი. თუ რამდენად უფრო მძიმეა კაენის ცოდვა პირველქმნილის დანაშაულთან შედარებით, ამას გაგების მსურველი წყევლათა სხვადასხვაობაზე დაკვირვებითაც მიხვდება. ადამს ღმერთმა უთხრა: "მიწა დაიწყევლოს შენს გამო" (დაბ. 3:17), და წყევლა მიწას დაატეხა, რითაც სწორედ რომ ადამიანზე იზრუნა. აქ კი, რაკი კაენის საქმე დამღუპველია, გაუგონარია მისი სითავხედე და მიუტევებელია დანაშაული, ამიტომ წყევლა თავად მის ჩამდენს ატყდება თავს: "დაწყევლილი ხარ მიწისგან"-ო, ეუბნება. კაენი თითქმის ისევე მოიქცა, როგორც გველი, ეშმასეული ჩანაფიქრის იარაღი; როგორც მან, ტყუილის მეშვეობით, ქვეყნად სიკვდილი შემოიყვანა, ასევე კაენმა ძმა აცთუნა, ველად გაიყვანა, იარაღი იპყრა მის წინააღმდეგ და მკვლელობა ჩაიდინა. ამიტომ, როგორც გველს უთხრა უფალმა: "წყეულმც იყავ ყველა პირუტყვს შორის (წინაშე), ყველა გარეულ ცხოველს შორისო" (დაბ. 3:14), იგივე განუწესა ამასაც, რადგან კაენიც გველის მსგავსად მოიქცა.
ეშმაკი აღიძრა შურისა და სიავის გამო, ვერ გაუძლო იმ ენითუთქმელ წყალობის ცქერას, რაც ადამიანს თავიდან მიეცა; ამ შურის გამო მოატყუა პირველქმნილები და ამით სიკვდილი შემოიყვანა ქვეყნად. ასევე კაენმაც, ვინც დაინახა, რომ ღმერთი მოწყალედ მოეპყრა მის ძმას, შურისგან მკვლელობა ჩაიდინა. ამიტომაც ეუბნება უფალი: "ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისგან". ანუ თავად იმ მიწისგან დაიწყევლები, "რომელმაც გახსნა პირი, რათა მიერო შენი ძმის სისხლის შენი ხელიდან" (დაბ. 4:11). დაგწყევლის თავად ის მიწა, რომელიც წითლად შეიღება ასე ავაზაკურად, ასე უღირსი ხელის მიერ დაღვრილი სისხლით (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. I ტომი. შესაქმის განმარტება. ნაწილი პირველი. 19-ე ჰომილია დაბადების წიგნზე. თბილისი 2015. გვ. 190-191 // სხვა წყარო: Иоанн Златоуст, Гомилии на Книгу Бытия 19.11 . "Он поступил почти так же, как змей": TLG 2062.112, 53.162.15-23).
წმ. კირილე იერუსალიმელი:
"გსურს იხილო კაცთმოყვარება ღვთისა შენ, რომელიც ახლახან მოხვედი განსასწავლად? გსურს იხილო ღვთის კაცთმოყვარება და სულგრძელების სიმრავლე? ისმინე ადამის შესახებ: ეურჩა ადამი, პირველქმნილი, ღვთის [მცნებას]. განა არ შეეძლო [ღმერთს] უმალვე სიკვდილისთვის გადაეცა იგი? მაგრამ ნახე რა გააკეთა უკაცთმოყვარესმა უფალმა: გამოდევნა იგი სამოთხიდან (რადგან უღირსი იყო იქ დაყოვნებისა ცოდვების გამო), ხოლო დასახლდა სამოთხის პირდაპირ (შეს. 3.24), რომ ენახა საიდან დაეცა, საიდან სად ჩამოვარდა და შემდეგ სინანულის მიერ გამოხსნილიყო. კაენი, პირველშობილი ადამიანი, ძმისმკვლელი შეიქნა, აღმომჩენი ბოროტებათა და პირველსათავე მკვლელობათა და პირველი დაწყევლილი. მაგრამ მოკლა რა ძმა, რა მიესაჯა? "სივიწროვესა და ძრწოლაში იქნები მიწაზე" (დაბ. 4.12). დიდია შეცოდება, სასჯელი მცირე" (წმიდა კირილე იერუსალიმელი - მეორე ქადაგება ნათელღებადთადმი. § 7 // სხვა წყარო: Кирилл Иерусалимский, Огласительные слова для просвещаемых 2.7. TLG 2110.003, 2.7.1-3; 9-13).
ა. პ. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია:
"აქ ჩვენ გვაქვს საღმრთო წყევლის პირველი მაგალითი, რომელიც უშუალოდ ადამიანისადმია მიმართული. როდესაც უფალი ადამს ამხელდა, დაიწყევლა მხოლოდ ეშმაკი და მიწა, ეს უკანასკნელი ადამიანის გამო (დაბ. 3:17); ახლა კი თვით მიწა, უდანაშაულო აბელის სისხლით მორწყული, მკვლელის უშუალო დასჯის იარაღად იქცევა, რადგან თავის ბუნებრივ ნაყოფს არ აძლევდა (შეად.: ლევ. 18:28; იობი 31:38-40; მეორე სჯლ. 28:39-42).
12. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე (იწროებით და შიშით იცხოვრებ ქვეყნად).
წმ. იოანე ოქროპირი:
"მძიმე სასჯელია, დიდია ღვთის მრისხანებით დადებული ტვირთი. იშრომებო, ეუბნება, ყველა ღონეს იხმარ იმ მიწის დასამუშავებლად, რომელიც შენგან დაღვრილი სისხლით არის გაჟღენთილი, მაგრამ ვერ მიიღებ შენი დიდი შრომის ნაყოფს. რაც გინდ ეცადო, ყველაფერი ფუჭი იქნება.
აი, კიდევ უდიდესი სასჯელი - განუწყვეტელი კვნესა და ცახცახი. რაკი შენ ბოროტად გამოიყენე ხორციელი ძალ და სხეულის ასოთა სიმტკიცე, ამის გამო მუდმივ კვნესასა და კანკალს მოგისჯი, რათა არა მხოლოდ თავად გახსოვდეს და მარად გაკვეთილად გქონდეს საკუთარი უკანონო საქციელი, არამედ ყველა, ვინც კი გიხილავს, თუნდაც მხოლოდ შენი ნახვით, ვით მჭექარ რამ ხმით, შეიგონებდეს და ვერ ბედავდეს შენი საქმის მსგავსი საქმის ჩადენას, რადგან შენთვის განსაზღვრული სასჯელი სხვებს მოძღვრავდეს, არ შეღებონ მიწა ასეთი სისხლით. სწრაფ სიკვდილსაც იმიტომ არ მოგისჯი, რომ შენი საქციელი დავიწყებას არ მიეცეს. გაიძულებ გაჭირვებულ სიცოცხლეს, რაც სიკვდილზე უარესი იქნება, რათა საკუთარი ტყავით შეიგრძნო, რა მძიმე დანაშაული ჩაიდინე" (წმ. იოანე ოქროპირი. იგვე. გვ. 191).
"კაენი განწირული იყო მრავალი სასჯელისთვის - შფოთისთვის, განწმენდისთვის, ოხვრისთვის, დარდისთვის და სხეულის დაუძლურებისთვის, ამიტომ შენი მკვლელი, ეუბნება ღმერთი, და ამ სასჯელებისგან გამათავისუფლებელი, სასჯელს თვითონ დაიტეხს თავსო (იხ. ქვემოთ. მ. 15-ის განმარტება - "აპოკ." რედ.). ეს სიტყვები მძიმე და აუტანლად გვეჩვენება, მაგრამ დიდ ზრუნვაზე მიუთითებს. შთამომავლები რომ შეეგონებინა, ღმერთმა სასჯელის ისეთი საშუალება გამოიგონა, რომელსაც ცოდვისგან თვით კაენის განწმენდაც კი შეეძლო. მას რომ კაენი მაშინვე მოეკლა, მოკვდებოდა და მისი ცოდვები დაიმალებოდა, ხოლო შთამომავლობისთვის უცნობი იქნებოდა. მაგრამ რაკიღა იმ სასჯელში დიდი ხნით ცოცხალი დატოვა, იგი ყველა შემხვედრისთვის მასწავლებლად იქცა, თავისი იერითა და სხეულზე დადებული ნიშნით ყველას არწმუნებდა ასეთი საქმეები არ ეცადათ, რათა ასეთივე სასჯელი არ ეწვნიათ. მეორე მხრივ, ამით თვითონაც უკეთესი ხდებოდა, რადგან შიში და ძრწოლა, გამუდმებული შფოთვა და სხეულის უძლურება აკავებდა, როგორც ერტგვარი ლაგამი და საშუალებას არ აძლევდა ასეთივე დანაშაული კვლავ ჩაედინა; განუწყვეტლივ ადრინდელ ცოდვას ახსენებდა და ამგვარად მის სულს უფრო მორჩილს ხდიდა" (წმ. იოანე ოქროპირი. შრომები. XIII ტ. რვა სიტყვა იუდეველთა წინააღმდეგ. სიტყვა მე-8. § 2. თბილისი 2017. გვ. 136-137 // სხვა წყარო: Иоанн Златоуст, Против иудеев 8.2.10. TLG 2062.021, 48.930.40-58).
ეპისკოპოსი ბესარიონი (ნეჩაევი):
"ადამი დასჯილ იქნა მძიმე შრომით მოეპოვებინა სარჩო-საბადებელი, თუმცა მიწათმოქმედება საკვებს მას მაინც აძლევდა. კაენის მიწათმოქმედება განწირული იყო სრულ უნაყოფობაზე: მიწა უკვე აღარ გასცემს ძალას, როდესაც ის მას დაამუშავებს. როგორც ჩანს, კაენი მიწის ველური მცენარეებით იკვებებოდა. "იწროებით და შიშით (ცახცახით) იცხოვრებ ქვეყნად". ამ სიტყვებით გასაგები ხდება, თუ როგორ მდგომარეობაში იყო კაენის სული და ხორცი. ადამიანებზე გაბოროტება, რომელთა საზოგადოებაშიც ის შეუწყნარებელი იქნება, და რომელთა მიმართაც მუდმივი ეჭვი ექნება, რომ პასუხს მოსთხოვენ დაღვრილ სისხლზე, ჯავრი მოუსავლიანობაზე ისე გაამწარებს, რომ მტანჯველი სულიერი ტკივილებისგან გმინვას დაიწყებს და აცახცახდება. ნერვების მოშლა მუდვმივ სნეულებად ექცევა, ასე რომ გამუდმებულ კონვულსიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. თუმცა, ებრაულიდან ზუსტი თარგმანის მიხედვით, რომელიც თანხმობაშია მომდევნო ტექსტთან (დაბ. 4:13-14), ნაცვლად სიტყვებისა "იწროებით და შიშით (ცახცახით) იცხოვრებ ქვეყნად", უნდა წავიკითხოთ: "დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე". ეს ნიშნავს, რომ მიწა კაენისთვის არა მარტო აღარ იქნება უხვმოსავლიანი, არამედ მშვიდობიანი სამკვიდროც. წარუმატებლობებით გაბოროტებული, რომელსაც ის ყველა ველზე იგემებს, და ადამიანებისადმი შურით დაბოღმილი, რომელთა საზოგადოებისგან გარიყული აღმოჩნდება, ასევე ეჭვებით დატანჯული, რომ ვინმე მას ბოლოს მოუღებს, - კაენი გამუდმებით შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს და ვერსად ჰპოვებს მყუდრო თავშესაფარს, სანამ სავსებით არ მიატოვებს მიწათმოქმედებას და არ დაიწყებს "ქალაქის" (დაბ. 4:17) მშენებლობას, ჩვენებურად - ციხე-სიმაგრისას, რომელშიც შეეცდება ჰპოვოს სიმშვიდე და უსაფრთხოება"
ღირ. ეფრემ ასურელი:
"დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას", - რადგან მარტო შენ გსურდა მისი ნაყოფით სარგებლობა, ხოლო "დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე (იწროებით და შიშით იცხოვრებ ქვეყნად)", - რადგან ამაყად და მედიდურად იარებოდი ამქვეყნად"
წმ. კირილე ალექსანდრიელი
"რადგან, ისრაელს კაენივით შეშურდა ჩვენი მაცხოვრის დიდება და ბილწი მკვლელობა ჩაიდინა, დაიწყევლილ იქნა და შვიდგზის შურისგებას დაექვემდებარა. ჭეშმარიტად მრავალმა შურისგებამ მოიწია მათზე, ძლიერი ტანჯვა და გვემა, გაუბედურებული ცხოვრება, ყველგან მწირობა და ლტოლვილობა, ყველგან შიშით ძრწოლა, რადგან არა გააჩნდათ თავისუფალთათვის თვისობრივი გამბედაობა" (Глафиры, или объяснения избранных мест из Пятикнижия Моисея. На Бытие. О Каине и Авеле).
ღირ. მაკარი ეგვიპტელი:
"ის, რაც კაენს უთხრა ღმერთმა პირდაპირი აზრით: "იწროებით და შიშით იცხოვრებ ქვეყნად" (დაბ. 4:12), საიდუმლო მნიშვნელობით წარმოადგენს ყველა ცოდვილთა წინასახეობას. რადგან ადამინის მოდგმაც, როდესაც მცნებას გარდახდა და ცოდვებში დაინთქა, ასევე ცახცახებს მერყევი აზრებისგან, აღვსილია შიშით, ძრწოლით და მშფოთვარებით; ამავდროულად, როგორც თვით მტერი ყოველი ღმრთისგან ჯერაც აუღორძინებელი სულისა მოიცავს ათასგვარი მოსურვებებით და მრავალგვაროვანი სიამტკბილობებით და ცხავში მოქცეული ხორბალივით არყევს. თვით უფალიც ასე ამხელს იმათ, ვინც ეშმაკური სურვილებით ცხოვრობს და საკუთარ თავში კაენური მზაკვრობის სახეს წარმოაჩენს: "თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა" (იოანე 8:44) (Слово 4, гл. 20).
ა. პ. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია:
""დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე". რუსული თარგმანის ამ სიტყვების ნაცვლად სლავურ ტექსტში გვაქვს გამოთქმა: "მოთქმითა და ცახცახით იცხოვრებ ქვეყნად" (στένων καὶ τρέμων – LXX). მიტრ. ფილარეტის სამართლიანი შენიშვნით, - ეს თარგმანი, როგორც ჩანს, გაკეთებულია იმ მიზნით, რომ უფრო გასაგები ყოფილიყო თუ რა ნიშანი დაადო უფალმა კაენს (დაბ. 4:15). პირველი დასტურდება თვით კაენის მკაფიო სიტყვებით, რომელიც ღმრთის სასჯელში ხედავს "დევნილობასა და მიუსაფრობას ქვეყანაზე" (დაბ. 4:14). რადგან მიწა ერთდროულად საკვებსაც აძლევს ადამიანს და საცხოვრებელსაც, მისგან წყევლასაც, აქედან გამომდინარე, გააჩნია ორი სახეობა: ერთი შედგება ნიადაგის უნაყოფობაში, ხოლო მეორე უსახლკარობასა და ხეტიალში. და მართლაც, კაენის მაგალითზე გვაქვს თვალსაჩინო დასტური სიბრძნისა: "ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან" (იგავნი. 28:1)
13. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი:
ეპისკოპოსი ბესარიონი (ნეჩაევი): "უფალს არ ნებავს "სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი" (ეზეკ. 33:11), არამედ "ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ" (1 ტიმ. 2:4). სრულიად სავარაუდოა, რომ კაენს მკაცრი განაჩენი გამოუტანეს იმისთვის, რათა მისი შეძრწუნებული სული სინანულად მოსულიყო. სინანულს შეეძლო დაებრუნებინა მისთვის ღმრთის წყალობა. მაგრამ კაენი იყო გასასტიკებული ცოდვილი, განაჩენის სიტყვებმა მასში შვა მხოლოდ ღმრთის წყალობისადმი სასოწარკვეთა და უნდობლობა. "მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი", ანუ ჩემი ცოდვა საკმაოდ მძიმეა, რათა მომეტევოს, რომ ველოდო პატიებას. მეც არ მოვითხოვ მას: ჩემსა და ღმერთს შორის ყველაფერი დამთავრდა, მე უნდა ვიფიქრო არა პატიებაზე, არამედ მხოლოდ იმაზე, ცოცხალი როგორ დავრჩე".
მღვდელი დანიელ სისოევი:
"აქ კაენი არ ინანიებს, ის ამბობს, რომ მისი დანაშაული მიუტევებელია, ეს მეორე დემონური აზრია. კაენი ამძიმებს თავის ცოდვას, ამიტომაც იწოდება იგი ბიბლიაში ეშმაკის ძედ. ის იმედოვნებს, რომ დაემალება ღმრთის მართლმსაჯულებას, ისე როგორც თავის დროზე იმედოვნებდა ამას ადამი. ჩვენ ვხედავთ როგორ ვითარდება ცოდვა. სასოწარკვეთილების პრიზმაში ადამიანი სამყაროს შერყვნილი სახით უმზერს, მისთვის მთელი სამყარო მტრულია, და ყველა ადამიანები - პოტენციური მკვლელები არიან. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი ყველას საკუთარი თავის საზომით ზომავს. კაენისთვისაც ყველა ადამიანი - პოტენციური მკვლელია, რომლებიც მხოლოდ იმასღა ოცნებობენ, როგორმე კაენი მოკლან" (Сысоев Даниил, иер. Проповеди. // Проповедь в праздник Воздвижения Креста Господня).
ღირ. ეფრემ ასურელი:
"რადგან ეს წყევლა დაუყოვნებლივ საქმით აღსრულდა, ადრე სიამაყით მთქმელი: "ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ" (დაბ. 4:9), - წყევლით ამპარტავნების სიმაღლიდან ქვედაცემული იქვე იწყებს გმინვას და ცახცახს. ის ამბობს: "მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი". მაგრამ ეს აღსარება მიღებულ არ იქნა, რადგან კაენმა ის წარმოთქვა მაშინ, როდესაც გამოკითხულ იქნა, წარმოთქვა იგი არა ნებაყოფლობით, და აღიარა იგი, როდესაც უკვე სასჯელი განესაზღვრა: "მოთქმითა და ცახცახით იცხოვრებ ქვეყნად" (დაბ. 4:12).
წმ. იოანე ოქროპირი:
"ბევრი და სულის სახსნელად სარგო რამ შეიძლება აქედან შევიტყოთ, თუკი ვისურვებთ, ყურადღებით ჩავუკვირდეთ ამ სიტყვებს: "და უთხრა კაენმა უფალს: ჩემი ცოდვა უფრო დიდია, ვიდრე მომეტევება მე". აი, სრული აღიარება! ამბობს, იმხელაა ჩემ მიერ ჩადენილი ცოდვა, რომ პატიების მიღება არ შემიძლიაო. აიო, იტყვის მავანი, აღიარა მან ცოდვა და თანაც ძალინაც ზუსტადო. მაგრამ, საყვარელო, ეს უკვე აღარაფერს არგებს მას, რადგანაც აღსარება დროული არ ყოფილა. ეს თავის დროზე უნდა ჩაედინა, როდესაც შესაძლო იყო, მასჯულისთვის გული მოელბო. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდით ცოტა ხნის წინ: იმ საშინელ დღეს და პირუთვნელ სამსჯავროზე ყოველი ჩვენგანი აღიარებს თავის ცოდვებს, როცა თვალწინ ექნება საზარელი სასჯელები და გარდაუვალი სატანჯველი, მაგრამ ეს უკვე არას არგბს, რაკი მონანიების დრო უკვე გარდასული იქნება. მონანიება მაშინ არის მონანიება და წარმოუდგენელი ძალაც გააჩნია, როდესაც (უკანასკნელ სამსჯავროზე) სასჯელი ჯერაც არ განსაზღვრულა. ამიტომაც გევედრებით, მოიხმარეთ ეს უებარი წამალი, სანამ მას კურნების ძალა გააჩნია. მივიღოთ მონანიების კურნება, სანამ ამქვეყნად ვცხოვრობთ, ჩვენ ხომ ვიცით, რო მონანიება არას გვარგებს მაშინ, როდესაც სანახაობა დასრულდება და გმირობათა დრო ჩაივლის" ((წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. I ტომი. შესაქმის განმარტება. ნაწილი პირველი. 19-ე ჰომილია დაბადების წიგნზე. თბილისი 2015. გვ. 191-192 // სხვა წყარო: Иоанн Златоуст, Гомилии на Книгу Бытия 19.3. TLG 2062.112, 53.163.3-7).
14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.
წმ. ამბროსი მედიოლანელი:
"კაენი მონის მსგავსად ამბობს: "უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა". კაენი თუმც მონასავით დაიდაღა, ამან მაინც ვერ აარიდა მას სასჯელი. ასე ემონება ცოდვილი შიშ, ვნებას, ლტოლვას, სიხარბეს, ბოროტებას, მრისხანებას და ფიქრობს, რომ ის თავისუფალია, - მაგრამ იმაზე უფრო მეტი მონაა, ვიდრე ტირანის მონობაში ყოფილიყო" (Амвросий Медиоланский, Послания 2.7.31 . Cl. 0160, 2.7.31.82/1.58. 308).
ეპისკოპოსი ბესარიონი (ნეჩაევი):
ამ სიტყვებით გამოიხატება კაენის სულმოკლეობა. ღმრთის მოწყალებაში სასოწარკვეთილი, ის უკვე ადამიანებისგანაც კი აღარ ელოდება დანდობას და შიშობს, რომ პირველივე შემხვედრის მსხვერპლი გახდება: "ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა". მაგრამ რომელი ადამიანებისა უნდა შეშინებოდა კაენს? უეჭველად, არა დედისა და მამისა, არამედ მათი შთამომავლებისა. კაენმა ძმა მოკლა ადამისა და ევას შექმნიდან 229 წლის შემდეგ (დაბ. 4:25; 5:3); ხოლო ამგვარი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მათ შეეძლოთ ჰყოლოდათ არა მარტო მრავალი ძე და ასული, არამედ უამრავი შვილიშვილიც, განსაკუთრებით ღმრთის ქმედითი კურთხევის ძალით, რომელიც ადამსა და ევას მათი შექმნისთანავე მიეცათ: "აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა..." (დაბ. 1:28).
კაენს ძმის მკვლელობისთვის შეიძლებოდა შეშინებოდა არა მარტო ადამის იმ შთამომავლებისა, რომლებიც დანაშაულის თანამედროვეები იყვნენ, არამედ იმათიც, ვინც მომავალში დაიბადებოდა. მისი დანაშაული, რომელსაც ის თავიდან ღმერთსაც კი უმალავდა, სავარაუდოდ აღსრულების დროიდანვე გახმაურდა, და ყველა ადამიანში მკვლელისადმი ზიზღსა და ძრწოლას იწვევდა. მაგრამ კაენის შიშები უსამართლოა: ღმერთმა ის სასიკვდილოდ კი არ გაიმეტა, არამედ დედამიწაზე სახეტიალოდ. თუმცა, კაენს ეჩვენებოდა, რომ რეალურად ამ განაჩენში მისდამი სასიკვდილო ვერდიქტი იყო გამოტანილი, რომ ის ადამიანურ შურისგებას მიუგდეს იმის შედეგად, რომ უფალი "აგდებს დღეს მიწის პირისაგან და უნდა მიეფაროს მის სახეს" (იხ. დაბ. 4:14), ანუ უნდა გავიდეს ედემის ქვეყნიდან, რომელშიც იმ დრომდე მშობლებთან და ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა. მათი საზოგადოებიდან განშორებით, ის თავს ღმრთის მოწყალებისგან განშორებულად გრძნობს, რომელი მოწყალებითაც ეს საზოგადოება სარგებლობდა: "უნდა მივეფარო შენს სახეს". ღმრთითდაცულ ადამიანთაგან ასე უარყოფილი კაენი, რომელიც ღმრთის სახესაც უნდა მიეფაროს და მიუსაფარი გახდეს ამქვეყნად, ფიქრობს, რომ "ყოველ შემხვედრს შეეძლება მისი მოკვლა" (იხ. დაბ. 4:14).
ღირ. ეფრემ ასურელი:
"კაენი, მიუხედავად მისი მცდელობისა შეერბილებინა ღმრთის მართლმსაჯულება, მაინც, შიშის გამო თუ მზაკვრული ჩანაფიქრით, ამბობს: აი შენ მდევნი მე მიწის პირისგან, და დამწყევლე მიწისგან; და მე მივეფარები შენს სახესაც, ანუ ვერ შევძლებ დგომას შენს წინაშე, რადგან ვიკადნიერე როდესაც ვთქვი: "ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ" (დაბ. 4:9). "დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა". სიკვდილი გსურს შენთვის კაენ თუ გეშინია მისი? მაგრამ, თუ მოკვდები, როგორ აღსრულდება შენზე ღმრთის მართლმსაჯულება? ხოლო ასეთ შეჭირვებებში თუ ასე გიღირს ცხოვრება, განა უფრო სასურველი არ იქნებოდა იგი აბელისთვის, რომელიც შორს იყო შენი უბედურებებისგან. ზოგი ამბობს, რომ კაენი აქ ღმერთს სიკვდილისგან დახსნას ევედრებოდა, სხვები კი ამტკიცებენ, რომ პირიქით, ის სიკვდილის დაჩქარებას სთხოვდა უფალს, რის გამოც ღმერთმა უთხრა: ისე როდი იქნება შენზე, როგორც ეს იქნება შენს შემდეგ არსებულ მკვლელებზე (დაბ. 4:15)".
წმ. იოანე ოქროპირი:
"აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. ნახე რა გულისმომწყვლელი სიტყვებია, მაგრამ უადგილოდ და დაგვიანებითაა თქმული და უფლის წინაშე არანაირი ძალა არ გააჩნიათ. და უთხრა: "თუ განმდევნი მე დღეს მიწის პირიდან და შენს პირს მივეფარები, ვიქნები შევიწროებული და შეძრწუნებული ქვეყანაზე; და ყოველი ჩემი მპოვნელი მომკლავს მე". ეუბნება, თუკი შენ მიწისგან წყეული მყავი, თუკი თავად იქციე ჩემგან პირი და იმგვარი სასჯელი დამადე, რომ მუდმივად უნდა ვიკვნესო და ვიცახცახო, მაშ რაღა დაუშლის ნებისმიერს, მომკლას მე, ამგვარ ვაებაში მყოფი, შენს კურთხევაწს მოკლებუილ? ვინც გინდ ისურვოს ჩემი მოკვლა, მე დაუცველი ვიქნები მის წინაშე, რადგანაც არც თავად შემიძლია, თავი დავიცვა დასუსტებული, მოცახცახე სხეულით; თანაც, როდესაც შეიტყობენ, რომ მოვაკლდი შენს მფარველობას, ყველა თამამად აღმართავს ხელს ჩემს მოსაკლავად" (წმ. იოანე ოქროპირი. დასახ. გამოც. გვ. 192) // სხვა წყარო: Беседы (гомилии) на Бытие, 19)
წმ. კირილე ალექსანდრიელი:
"იმის შემდეგ, რაც მხილებულ იქნა მკვლელობაში და დაიწყევლა, კაენმა თავის მხრივ დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ თვითონაც მოკვდებლოდა, თუმცა ღმერთს ეს არ სურდა, და რომ ამით შეწყდებოდა ღმრთის რისხვა მასზე. ის ამბობს: "აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა" (Св. Кирилл Александрийский)Глафиры, или объяснения избранных мест из Пятикнижия Моисея. На Бытие. О Каине и Авеле).
ა. პ. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია:
"აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან". ებრაულ ტექსტში "მიწის პირში" (hadama – ადამიანებით დასახლებული და კულტივირებული), როგორც ჩანს, იგულისხმება ედემის ქვეყანა, რომელიც კაცობრიობის პირველსაბინადრო ადგილი იყო: ადამი იდევნება სამოთხიდან ანუ ედემის ბაღიდან, ხოლო კაენი იდევნება მთელი ამ მიწიდან. ამით, რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება ისიც, რომ აქ შეიძლება იგულისხმებოდეს შედარება ფერფლთან, რომელიც აღიქვება პირისაგან მიწისა (ფსალმ. 1:4; ოსია 8:3).
"და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად". ეს პარალელი შეიცავს იმავე აზრს, რასაც ედემიდან, როგორც ქვეყნიდან განდევნა, რომელიც კურთხეულია ღმრთის მადლისმიერი მფარველობით და აღბეჭდილია მის მიერ ბოძებული აღთქმებით.
"და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა". "აი ასე, ყოველი, ვისაც კი ცოდვა შემოაქვს სამყაროში, ინსტინქტურად გრძნობს, რომ ექვემდებარება შურისგების იმავე კანონს, რომელიც მანვე დაამკვიდრა საზოგადოებაში" (ვლასტოვი).
მაშ, ვისი ეშინოდა კაენს? ყველაზე გონივრული და სიმართლესთან შესაბამისი პასუხი იქნება ვარაუდი, რომ მას ეშინოდა თავისი მამის გვარის ყველა წარმომადგენლის, როგორც მისი თანამედროვეთა, ასევე მომავლისაც. შეგვიძლია დავუშვათ, რომ კაენის ძმისკმვლელობის დროისთვის, მათი ოჯახის შემადგენლობა არ ამოიწურებოდა ადამის ბიბლიაში დასახელებული მხოლოდ ამ ორი შვილით, არამედ მას ჰყავდა კიდევ სხვა ვაჟები და ქალიშვილები (დაბ. 5:4).
15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.
წმ. ამბროსი მედიოლანელი:
"ამაოდ როდი დაედო კაენს ნიშანი, რათა ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს: ეს ნიშნავდა, რომ ბოროტება გამოსყიდული არ არის და არ აღხოცილა პირისაგან მიწისა. კაენს ეშინოდა, რომ მას მოკლავენ, რადგან არსაით ჰქონდა გასაქცევი. რადგან როდესაც ბოროტებას ჩადიან, ის იზრდება და გროვდება ისე, რომ არ იცის არც ზომა და არც საზღვარი, იმოსება ეშმაკობითა და მზაკვრობით, მაგრამ მჟღავნდება თავისი საქმეებითა და დაღვრილი სისხლით, როგორც მხილებულ იქნა კაენი" (Амвросий Медиоланский, О бегстве от мира 7.39 . Сl. 0133,7.39.194.5).
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი:
რას ნიშნავს დაბადების წიგნში თქმული: "შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს"? (septem vindictas exsolvet). უპირველეს ყოვლისა, ვიდრე ამ საკითხზე დავიწყებდეთ მსჯელობას, საჭიროდ მიგვაჩნია, შევადაროთ ყველა თარგმანი თვით ებრაულ ტექსტს, რათა ადვილად გავიაზროთ დაწერილის მნიშვნელობა.
Vaiomer lo Adonai lochen chol orec cain sobathaim joccamo.
აკვილა: * "და უთხრა მას უფალმა: ამიტომაც, ვინც კაენს მოკლავს შვიდწილ მიუზღავს".
________________________
* აკვილა სინოპელი (II ს.) - ძველი აღთქმის მთარგმნელი ბერძნულ ენაზე (129 წ.).
________________________
სიმაქოსი: ** "და უთხრა მას უფალმა: არა ეგრე, არამედ ყოველი, ვინც კაენს მოკლავს, მეშვიდეში ან მეშვიდე მიიღებს საზღაურს".
________________________
** სიმაქოსი (Symmachus): სიმაქოს ებიონიტელი (გარდ. III ს-ის პირველ ნახევარში). ძველი აღთქმის მთარგმნელი ბერძნულ ენაზე.
________________________
სამოცდაათნი *** და თეოდოტიონი: **** "და უთხრა უფალმა: არა ეგრე, არამედ ყოველი, ვინც კაენს მოკლავს, შვიდ შურისგებას დაასრულებს".
________________________
*** სეპტუაგინტა (Septuaginta), - სამოცდაათთა თარგმანი (LXX), ძველი აღთქმის პირველი თარგმანი ბერძნულ ენაზე, რომელიც შესრულდა ჩვ. წ.-მდე III-II საუკუნეებში. ძველი აღთქმის ამ თარგმანმა უზარმაზარი როლი ითამაშა ეკლესიისთვის. მისით სარგებლობდნენ მოციქულები, ახალაღთქმისეული მწერლები და წმიდა მამები. მისგან იქნა შესრულებული ძველი აღთქმის პირველი თარგმანები სხვადასხვა ენაზე. სეპტუაგინტის წმიდა წიგნების კრებული შევიდა ალექსანდრიულ კანონში.
**** თეოდოტიონი - (ირინეოსთან თეოდოტიონ ეფესელი) ბერძნ. Θεοδοτίων; გარდაიცვალა 200 წელს) - переводчик и богослов, вероятно, еврейского происхождения. მთარგმნელი და ღვთისმეტყველი, სავარაუდოდ იყო ებრაული წარმოშობის.
________________________
ძმის მკვლელობის შემდეგ, უფლის კითხვაზე: "სად არის შენი ძმა აბელი?" კაენმა კადნიერად მიუგო: "არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?" (დაბ. 4:9). ამ კადნიერებისთვის დასჯილ კაენს, რომელსაც დედამიწაზე ურვასა და ცახცახში უნდა ეცხოვრა, შეწყალების თხოვნა არ სურს: არამედ უსჯულოებას უსჯულოებასვე ჰმატებს და თავის ცოდვას იმგვარად მიიჩნევს, რომელიც შეუძლებელია მიტევებულ იქნას უფლისგან. ბოლოს კი უფალს პასუხობს: "მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი: აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა" (დაბ. 4:13-14).
შენ მე მდევნი შენი სახისგან, ამბობს კაენი, - და მე, რომელსაც საკუთარი დანაშაულის შეგნების შედეგად, არ ძალმიძს ნათლის ხილვა, უნდა მივეფარო შენს სახეს, რათა დავემალო შურისგებას. და ისე იქნება, რომ: "ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა", - მაშინ როდესაც, სხეულის ცახცახისა და მშფოთვარე აზრის გამო შეძლებენ ცნობას, რომ მე ვარ ის, რომელიც იმსახურებს სიკვდილს.
მაგრამ, ღმერთი, რომელსაც არ სურდა, რათა კაენს თავისი ტანჯვა დაესრულებინა სწრაფი სიკვდილით, და არ უქვემდებარებს რა ამგვარ სასჯელს, რომელზეც თვითონვე გაიწირა საკუთარი თავი, - ამბობს: "არა ეგრე", ანუ არ იფიქრო, რომ შენ მოკვდები და შვება იქნება შენთვის სიკვდილი, არა; შენ მეშვიდე თაობამდეც იცოცხლებ, და დაიტანჯები შენი სინდისის მწველი ცეცხლით, ასე რომ ვინმე თუ მოგკლავს (და აქ ორმაგი აზრია) - ან უკვე მეშვიდე თაობაში, ან კიდევ დაგიხსნის შენ შვიდმაგი ტანჯვისგან.
იმაზე როდია ლაპარაკი, თითქოსდა კაენის მკვლელი, თვითონ უნდა დაექვემდებაროს შვიდმაგ საზღაურს; არამედ იმაზე, რომ მკვლელი შეწყვეტს შვიდმაგ შურისგებას, ესოდენ დიდხანს რომ ტანჯავდა კაენს, რადგან მოკლავს იმას, ვისი სიცოცხლეც სასჯელად და სანიმუშოდ იქნა დატოვებულ.
ნათქვამი რომ კარგად გავიაზროთ, ავიღოთ მაგალითი ყოველდღიური ცხოვრებიდან. დავუშვათ, მონა, რომელიც იცემება თავის ბატონს ეუბნება: რადგან მე დავწვი შენი სახლი და გავფლანგე მთელი შენი ქონება, უნდა მომკლა. მაგრამ ბატონი პასუხობს: შენ არ მოკვდები ისე, როგორც შენ გსურს, და არ შეწყვეტ სიცოცხლეს სასჯელით, არამედ კიდევ დიდხანს იცოცხლებ, და ისეთი უბედური იქნები წუთისოფელში, რომ ყოველი, რომელიც კი მოგკლავს, ამით შენ დიდი სამსახურს გაგიწევს, რადგან დაგასვენებს ესოდენი ტანჯვა-წამებისგან.
მე ვფიქრობ, სწორედ ასეთი აზრი გამოდის სამოცდაათთა თარგმანიდან. რაც შეეხება აკვილას მიერ თარგმნილს: "შვიდგზის", და სიმახოსის მიერ თარგმნილს: "მეშვიდეში ან მეშვიდე მიუზღავს", - ჩვენი წინამორბედების აზრი ასეთია: ფიქრობენ, რომ კაენი მეშვიდე თაობაში მოკლა ლამექმა. რადგან ადამმა შვა კაენი, კაენმა შვა ენოქი, ენოქმა შვა გაიდადი, გაიდადმა მალელეილი, მალელეილმა შვა მათუსალა, მათუსალამ შვა ლამექი, მეშვიდე ადამითგან, რომელმაც შემთხვევით (როგორც ერთ ებრაულ წიგნში წერია) მოკლა კიდევაც კაენი, რაშიც შემდეგ თვითონაც გამოტყდა: "ჰო, მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი - ჩემდა ჭირად. თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაშვიდმეტგზის მიეზღვებათ" (დაბ. 4:3-24).
მართლაც, ვფიქრობ, არაფერია საეჭვო იმაში, რომ კაენი მოკლულ იქნა ან, სხვა თარგმანით, თავისი დანაშაულისთვის დაისაჯა, უკვე მეშვიდე თაობაში ლამექიდან, და ამდენი თაობის განმავლობაში ის დედამიწაზე ცხოვრობდა და ცახცახებდა. ახლა კი ლაპარაკი მიდის იმისკენ, რასაც მეკითხებოდი, რადგან საქმე სხვა რამეზე იყო. რომელია ეს სამოცდაჩვიდმეტგზის შურისგება, რომელიც ლამექზე უნდა აღსრულებულიყო? ამბობენ, ადამიდან ქრისტემდე - სამოცდაჩვიდმეტი თაობაა.
წაიკითხე ლუკას სახარება და ჰპოვებ, რომ მართლაც ასეა, როგორც ვამბობთ. მაშასადამე, როგორც კაენის ცოდვა აღხოცილ იქნა მეშვიდე თაობაში, რადგან ღმერთი ერთ ცოდვაზე ორჯერ შურს არ იძიებს, და ვინც ერთხელ ბოროტება განიცადა, იმით არ დაიტანჯება, რაც სიცოცხლეში განიცადა: ასევე ლამექის ცოდვაც, ანუ მთელი სამყაროსი, ისევე როგორც სისხლის დაქცევის ცოდვა, მიტევებულ იქნა ქრისტეს მოსვლით, რომელმაც იტვირთა ცოდვანი სოფლისანი, თვითონ დაწურა საწნახელი, მტევნის სისხლში დაალბო თავისი სამოსელი, და მეწამულით მოსილმა იარა ედომიდან ზეცამდე (ესაია 63:1, 3), გამოუვლინა სასწაული ანგელოზებს, რომ იღაღადა: "აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა" (ფსალმ. 23:7). ერთი ებრაელი მიყვებოდა, რომ აპოკრიფულ წიგნებში არის თქმუელბა, თითქოსდა წარღვნამ ლამექის ტომში მოსპო სამოცდაშვიდმეტი სული, და რომ, სწორედ ამ რიცხვში აღსრულდა სასჯელი ლამექთან დაკავშირებით, რადგან მისი მოდგმა წარღვნამდე გრძელდებოდა.
სხვები კაენის შვიდ საზღაურზე სხვაგვარად ფიქრობენ. ამტკიცებენ, რომ მისი პირველი ცოდვა იყო უსამართლო განაწილება; მეორე, რომ შეშურდა თავისი ძმისა; მესამე, რომ მზაკვრულად მოქმედებდა და ძმას ეუბნებოდა "გავიდეთ ველად" (დაბ. 4:8); მეოთხე - მკვლელობა; მეხუთე ის, რომ თავის დანაშაულს ჯიუტად უარყოფდა, როცა ამბობდა: "არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ" (დაბ. 4:9); მეექვსე ის, რომ საკუთარ თავს განსჯიდა, როცა ამბობდა: "მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი" (დაბ. 4:13); მეშვიდე ის, რომ მხილების შემდეგაც არ შეინანა, როგორც ნინევიამ და ეზეკიამ, იუდეველთა მეფემ, რომლებმაც ცრემლებით აიცილეს თავიდან მოსალოდნელი წარწყმედა, და უკვე განკითხულნი და დასასჯელად განწირულნი, არ წარწყმდნენ, რადგან შეინანეს და მოიპოვეს წყალობა ღმრთისა.
ამბობენ, რომ ყოვლადმოწყალე ღმერთმა იმიტომაც დატოვა კაენი მეშვიდე თაობამდე, რომ ის, აღძრული უკიდურესობებით, როგორც უბედურებებით, ასევე ხანგრძლივი ტანჯვით, სინანულად მოსულიყო და მიტევება დაემსახურებინა. ზოგიერთი, წმიდა წერილის სხვადასხვა ადგილების დამოწმებით, შვიდგზის მიგებას სრულყოფილი დასჯის თვალსაზრისით განმარტავს; გამოდის ჩვენ მიერ ზემოთაღნიშნული აზრი, ანუ ის, რომ ვინც მოკლავდა კაენს ის გაათავისუფლებდა მას მწველი ტანჯვისა და სასჯელისგან, რომელიც აღემატება ყოველგვარ დასჯას. არიან ისეთებიც, რომლებიც სახარებიდან იმოწმებენ პეტრეს კითხვას: "უფალო, რამდენჯერ მივუტევო ჩემს ძმას, რომელიც ჩემს წინააღმდეგ სცოდავს? შვიდჯერ? იესუმ მიუგო: არ გეუბნები: შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ" (მათე 18:21-22) და ფიქრობენ, რომ სიკვდილმა და ცოდვამ განისვენეს მეშვიდე თაობაში, როდესაც ენოქი იქნა აღტაცებულ და "აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა" (დაბ. 5:24).
რაც შეეხება რიცხვს "სამოცდაათგზის შვიდჯერ" მისდევენ იმ აზრს, რომ ცოდვის და სიკვდილის საწერტელი დაინგრა ქრისტეს მოსვლით. მოვიტან კიდევ ერთ აზრს, რათა არ მოგვეჩვენოს, რომ მე უყურადღებოდ ვტოვებ რამეს.
ზოგიერთი სხვადასხვანაირად უთითებენ მიტევების მეშვიდე წელს, ხან იუბილეთა ორმოცდამეათე წელს, ხან ორმოცდა მეცხრეს, რომელსაც ამატებენ რიცხვს "სამოცდაათგზის შვიდჯერ", ამ მიზნით შეგვახსენებენ სახარებისეულ მევალეებს, რომელთა ვალი საიდუმლო რიცხვით იყო აღნიშნული: ორმოცდაათი და ხუთასი დინარი (ლუკა 7:41); ყურადღებას იპყრობს ასევე 50-ე ფსალმუნი, რომელიც ამთავრებს შვიდგზის შვიდ ფსალმუნს და დგას მერვეს სათავეში. მაგრამ დროა უკვე დავასრულოთ მსჯელობა ამ საგანზე; საკმარისია ის, რაც ვთქვით, რადგან იმაშიც, რაც აღვნიშნეთ, შეგიძლია იპოვო მრავალი საგანი განსჯისთვის, და კიდევ მხედველობაში მიიღო ის, რომ ორიგენემ დაბადების წიგნის 12-ე და 13-ე თავების განმარტებები მიუძღვნა მხოლოდ ამ საკითხს (34. Письмо к папе Дамасу).
ეპისკოპოსი ბესარიონი (ნეჩაევი):
ძმისმკვლელს, რომელსაც ადამიანთა შურისგების ეშინია, უფალი არწმუნებს უსაფრთხოებაში. უფალი შვიდგზის შურისგებით ემუქრება მას, ვინც გაბედავს კაენის მოკვლას. განსაზღვრული რიცხვი "შვიდი", ისევე როგორც წმ. წერილის მრავალ ადგილას (მაგალითად, "უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია", ... "წმიდა, ვეცხლ გამოჴურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შჳდ წილად" (ფსალმ. 11:7. შეად. ფსალმ. 87:12; ლევ. 26:28), აქ გამოყენებულია განუსაზღვრელი რიცხვის მნიშვნელობით, იმ აზრით, რომ კაენის მკვლელი დაექვემდებარებოდა შეუდარებელ და უმძიმეს სასჯელს, ვიდრე თვით კაენი.
რატომ ასეთი სიმკაცრე? იმიტომ, რომ ძალიან კადნიერი და უკეთური უნდა იყო, რათა გადაწყვიტო მკვლელობა იმის შემდეგ, რაც კაენის მაგალითიდან ცნობილი გახდა, რომ ეს ბოროტმოქმედება შეუძლებელია დარჩეს დაუსჯელი. მაშ, რისთვის დაინდო უფალმა კაენის სიცოცხლე, და მის მკვლელთადმი გამოთქმული საშინელი მუქარით დაიცვა მისი უსაფრთხოება? იმისთვის, რომ კაენისთვის მიეცა სინანულის დრო, და იმისთისაც, რათა ადამიანები შეეკავებინა თვითგასამართლებისგან ბოროტმოქმედის მიმართ, ესწავლებინა მათთვის თვითმმართველობისგან თავშეკავება, რომელიც შეუფერებელია ადამიანურ საზოგადოებათათვის, და შთაეგონებინა მათთვის, რომ სიკვდილით დასჯის უფლება, თუნდაც ბოროტმოქმედისა, ეკუთვნის მხოლოდ რმერთს და ადამიანებმა ის უნდა გამოიყენენ მხოლოდ ღმრთის ნებით. გარდა ამისა, უფალი იმიტომაც ინდობს კაენს, რომ თვით მასში, საშინელი ტანჯვით აღსავსეში, მდგომარეობდა სასჯელი, რომელიც ძალადობრივ სიკვდილზე უმძიმესი იყო. "ამიტომაც ... დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს". უცნობია, რა იყო ეს ნიშანი, თუკი თვით კაენის გარეგნობა არა, რომელიც გაუსახურებული იყო შურითა და მწუხარებით, შემდეგ სასოწარკვეთითა და შეძრწუნებით, რომელიც ყოველი ადამიანისთვის უცხადეს ნიშნად აღებეჭა მას სხვათა შესაძრწუნებლად"
ღირ. ეფრემ ასურელი:
"მკვლელები კაენის შემდეგაც მიეცემიან სიკვდილს, როგორც კი გამჟღანვდება მათი ბოროტმოქმედება, მაგრამ კაენის ყოველი მკვლელი, შვიდგზის იზღვევს. რადგან ის თვითონ ითხოვდა სიკვდილს, რათა ადამიანებს რომ დაეცინათ მისთვის და მისი უსახურობისთვის. მათ შვიდი მოდგმის განმავლობაში უნდა ეცქირათ მისი დამცირებისთვის, შემდეგ კი უნდა მომკვდარიყო თვით კაენიც. მაგრამ არ შეიძლება მიღება იმისა, რასაც ამბობს ზოგიერთი, თითქოსდა კაენთან ერთად დაიღუპა მისი მოდგმის შვიდი თაობა. თუკი ვივარაუდებთ, რომ კაენის მოდგმა ამოწყვიტა წარღვნამ, მან მხოლოდ ერთი, მეშვიდე თაობა ამოწყვიტა. ხოლო თუკი კაენთან ერთად ამოწყდა ერთი თაობა, მაშინ რატომ ამბობენ, რომ კაინთან ერთად დაიღუპა მისი შვიდი მოდგმა? თანაც, ამის მთქმელთ არ შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ წარღვნა იყო კაენის მეშვიდე მოდგმაში. რადგან წერილი ამბობს, რომ კაენისგან იშვა ენოქი (დაბ. 4:17), "შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა (მალელეილმა) შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი" (დაბ. 4:18), ლამექისგან კი იშვა იაბალი, "იგი იყო კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა" (დაბ. 4:20). რა თქმა უნდა, ეს კარვებში მცხოვრები მეჯოგეები, კარვებში თავიანთ ქალწულობას არ იცავდნენ, განსაკუთრებით როდესაც წერილი ამბობს, "გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე" (დაბ. 6:12). ხოლო თუ კაენიდან იმათ შვილებამდე, ვინც კარვებში ცხოვრობდნენ და მეჯოგეები იყვნენ, ცხრა მოდგმა იყო გასული, ხოლო წარღვნა ჯერაც არ მომხდარა, როგორ შეიძლება დავეთანხმოთ მათ, ვინც ამტკიცებს, თითქოსდა კაენთან ერთად წარწყმდა შვიდი მოდგმა, - როდესაც ჩვენ მიერ თქმულის მიხედვით ჩანს, რომ ცხრა მოდგმა იყო გასული, და წარღვნა ჯერაც არ დაწყებულიყო?
ამიტომ სამართლიანია ნათქვამი, რომ კაენის სირცხვილი გრძელდებოდა მეშვიდე მოდგმამდე, როდესაც კაენი ივედრებოდა, რათა ეს სირცხვილი სიკვდილს მისგან პირველსავე დღეს აღეხოცა. ხოლო კაენი რომ ცხოვრობდა მეშვიდე მოდგმამდე, ჯერ-ერთი, ჩანს იქიდან, თუ როგორი იყო ღმრთის მართლმსაჯულება; მეორეც, ამაშივე გვარწმუნებს პირველყოფილ მოდგმებში ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, მათი წლოვანება. თუკი კაენის მამა, ადამი, ცხოვრობდა მეცხრე მოდგმამდე, ანუ ლამექის შვილებამდე, და გარდაიცვალა ლამექის ცხოვრების ორმოცდამეთექვსმეტე წელს, გასაკვირი არ იქნება კაენსაც რომ ეცხოვრა მეშვიდე მოდგმამდე. თუმცა კაენი მისგან სირცხვილის წარხოცას ითხოვდა, არა თუ არ გათავისუფლდა მისგან, როგორც სურდა, არამედ მისი მოლოდინის საპირისპიროდ, მისთვის გამოტანილი განაჩენის გარდა, მას კიდევ ნიშანი დაემატა. რადგან ნათქვამია: "დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს". კაენის ყოველ შემხვდურში უნდა ვიგულისხმოთ შეთის შთამომავლები, რომლებსაც სურდათ თავიანთი ბიძის, აბელის, სისხლის აღება, და რომლებიც ამრეზით უყურებდნენ კაენს მისი სირცხვილისა და გმინვის გამო, მის მოდგმასთან კი არ შედიოდნენ საქორწილო კავშირში, - თუმცა, კაენს ისეთი ნიშანი ჰქონდა დადებული, რომ ვერავინ ბედავდა მის მოკვლას".
წმ. იოანე ოქროპირი:
"ნუ იფიქრებ, ასე მოხდესო, ეუბნება. არა, არ შეეზლება ყველას, ვისაც კი მოესურვება, შენი მოკვდინება. არამედ შენი სიცოცხლის გაგრძელებით შენსავე ვარამს განვავრცობ და მომდევნო მოდგმას გაკვეთილს დავუდებ, რათა შენი ცხოვრება დამოძღვრავდეს მათ და არავინ მისდიოს შენს მაგალითს. "უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს" (დაბ. 4:15).
იქნებ უკვე ბევრი ვისაბურეთ და დავქანცეთ თქვენი სხეული? მაგრამ, რას ვიზამთ? თქვენს ყურადღებას და მოსმენის მგზნებარე წადილს რომ ვხედავ, მსურს, დანარჩენიც განვიხილო და შეძლებისდაგვარად ავხსნა. რას ნიშნავს: "შვიდწილად მიეზღვება"? მაგრამ მე კვლავ ვშიშობ, სიტყვებით სიმრავლით არ გაგიჭირვოთ თქმულის დამახსოვრება და ჩემი მოსმენა სამძიმო არ გეჩვენოთ. თუკი არ დაღლილხართ, მაშ, კიდევ გაძელით. ბოლოს თქმული ფრაზის ახსნით სიტყვასაც დავასრულებთ. "უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს" (დაბ. 4:15). მაშ, გეშინია, რომ არ მოგკლან? ნუ გეშინია; ეს არ მოხდება, რადგანაც, ვინც ამას ჩაიდენს, შვიდგზის უფრო დიდ სასჯელს მიიღებს. ამიტომ გადებ ნიშანსაც, რომ უცოდინრობით არავინ მოგკლას და თავს ესდენ მძიმე სასჯელი არ მოიწიოს.
მაგრამ საჭიროა, უფრო ცხადად გიჩვენოთ, კაენის მკვლელი რა გზით მიიღებდა შვიდგზის მეტ სასჯელს. გთხოვთ, ყურადღებით ისმინოთ. როგორც წინა დღეებშიც არაერთხელ გეუბნებოდით: თუკი ახლა, როდესაც მარხვის დრო გვიდგას, როდესაც ასეტი სიწყნარით განვცხრებით და თავისუფლები ვართ ჩვენი გონების ამამღვრეველი ზრახვბისგან, თუკი ახლა არ განვიხილეთ გულდაგულ საღვთო წერილის სიტყვები, მაშ სხვა რა დროს შევძლებთ ამის შეტყობას? ამგვარად, გირჩევთ, გთხოვთ და გევედრებით, ლამის მუხლს გეხვევით - დაძაბული გონებით ვისმინოთ აქ თქმული, რათა შინ კეთილშობილი, პატიოსანი შენაძენით დავბრუნდეთ.
მაშ, რას ნიშნავს "შვიდწილად მიეზღვება"? ჯერ ერთი, რიცხვი შვიდი საღვთო წერილში "მრავლის" მნიშვნელობით მოიხმარება და ამის მაგალითს ბევრგან ვნახავთ, მაგალითად: "უნაყოფომ შვიდი შვილი შვა" (1 მეფ. 2:5) და მსგავსნი. აქ კი მიგვანიშნებს ცოდვის სიმძიმეზე, იმაზე, რომ კაენმა ჩაიდინა არა ერთი ცდოვა, არამედ შვიდი, და ყოველი ცოდვისთვის დიდი სასჯელი უნდა დაკისრებოდა. როგორ ჩამოვთვალოთ ისინი? დავთვალოთ:
პირველი ცოდვა ის იყო, რომ შური გაუჩნდა ძმის მიმართ ღმერთის კეთილგანწყობის გამო. მარტო ეს ცოდვაც კმაროდა მისი სიკვდილთ დასჯისათვის. მეორე - რომ საკუთარი ძმის შეშურდა; მესამე - ცბიერება რომ მოიხმარა; მეოთხე - მკვლელობა რომ ჩაიდინა; მეხუთე - ძმა რომ მოკლა; მეექვსე - რომ პირველი მკვლელობა ჩაიდინა; მეშვიდე - ღმერთს რომ ეცრუა.
მოასწარით თქმულის დამახსოვრება? ან, თუ გსურთ, თავიდან ჩამოვთვლით ამ ცოდვებს, რათა დარწმუნდეთ, რომ ამათგან ერთიც საკმარისი იყო, კაენს უდიდესი სასჯელი რომ დასდებოდა. ვინ შეუნდობს ადამიანს, ვისაც სხვა კაცზე გადმოსული ღვთის წყალობის შურს? ეს ერთი, მაგრამ უდიდესი და მიუტევებელი ცოდვაა. შემდეგ ეს ცოდვა მძიმდება იმით, რომ სურის საგანი ხდება ძმა, თანაც იმგვარი, რომელმაც მოშურნე არაფრით შეურაცხყო - ესეც არცთუ მცირედი ცოდვა გახლავთ. მესამე ცოდვა კაენიც ცბიერებაა, მან მოატყუა ძმა, ველად გაიყვანა და ბუნეის ყივილსაც არ მოეკრძალა. მეოთხე ცოდვა ის მკვლელობაა, რომელიც მან ჩაიდინა. მეხუთე ცოდვად ის ედება, რომ ღვიძლი ძმა გამოასალმა სიცოცხლეს. მისი მეექვსე ბრალი ისაა, რომ მან პირველმა შემოიტანა ქვეყნად ამგვარი, ძალადობრივი სიკვდილი. დაბოლოს, მეშვიდე ცოდვა ისაა, რომ გაბედა და ღმერთის შეკითხვას სიცრუით უპასუხა.
ამგვარადო, ეუბნება ღმერთი კაენს, ვინც შენზე ხელს აღმართავს, შვიდგზის მიეცემა სასჯელსო. ამიტომაც მოკვლის შიში ნუ გაქვს. აი, ნიშანსაც გადებ, რომლითაც ყველა გიცნობს, ვინც კი შეგხვდება. მთელი შენი ცხოვრება გაკვეთილად გამოადგება მომავალ ადამიანებს და იმას, რაც მარტომ, მოწმეების გარეშე, ჩაიდინე, ყველა შეიტყობს. გიხილავენ მგმინავს, მოცახცახეს, და სხეულის ამ კანკალით თითქოსდა შეჰღაღადებ ყველა მნახველს: "ნურვინ გაბედავთ იმიგვარ საქმეს, რაც მე ჩავიდინე, რათა თვენც ამგვერივე სასჯელი არ მოგეგოთ".
ამის გამგონენი, საყვარლებო, უბრალოდ ნუ ვისმენთ ნათქვამს, ნუ დავკმაყოფილდებით იმით, რომ ყოველდღე შევიკრიბოთ აქ და სულიერი ტრაპეზით დავტკბეთ, რადგანაც მხოლოდ ყურის გდებას, გაგონილის საქმით აღსრულების გარეშე, არანაირი სარგებელი არ მოაქვს. როდესაც იფიქრებთ, თუ რად ჩაიგდო კაენმა თავი ასეთ მიუტევებელ და მძიმე ცოდვაში, როდესაც იფიქრებთ, როგორ შეშურდა ძმისა, ვინც არაფრით შეურაცხყოფდა, და ამ შურის გამო უსასტიკესი საქციელის ჩადენა გაბედა, ანუ საკუთარი ძმა მოკლა - ვუფრთხილდეთ და არა იმდენად იმას, რომ თავად ჩვენ არ დაგვატყდეს ბოროტება, არამედ უფრი იმას, რომ ჩვენ არ გავხდეთ სხვებისთვის ბოროტების მომტანი.
სინამდვილეში ყველაზე მეტი ბოროტება მას მოსდის, ვინც მოყვასისთვის სიავეს განიზრახავს. და იმისათვის, რომ ნათქვამის სისწორეში დარწმუნდე, შეხედე, ამ პირველი მკვლელობისას ვინ გახდა ბოროტების მსხვერპლი - მკვლელი თუ მოკლული? ცხადია, მკვლელი. რატომ? იმიტომ, რომ მოკლულს დღესაც კი ქებას უმღერის ყველა ბაგე, ადიდებს და გვირგვინს ადგამს, ვით ჭეშმარიტებისთვის პირველმოწამეს. ამასვე ამბობს ნეტარი პავლეც: "სარწმუნოებით უმრავლესი მსხუერპლები შეწირა ღმრთისა აბელ კაენისა, რომლისაგან იწამა, ვითარმედ მართალ არს წამებითა ღმრთისაჲთა მსხუერპლთა მათ მისთა ზედა; და ამისთჳს მო-ღათუ-კუდა, მერმე იტყჳსვე-ღა" (ახ. ქართ.: "რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა; რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს; და სიკვდილის შემდეგაც კვლავ რწმენით მეტყველებს") (ებრ. 11:4), ანუ თუმც მოკვდა, მაინც ამბობს. მკვლელმა კი ცხოვრებაც ხომ ყველა ადამიანზე უფრო უბედურად გაატარა, მომავალშიც ყველამ დაგმო და საღვთო წერილშიც განკიცხული და ღვთის მიერ დაწყევლილი წარმოჩნდა. და ეს ყველაფერი ამ, სასრულ, ცხოვრებაში გადახდა.
ხოლო რა უნდა ეწიოთ ერთს ან მეორეს მომავალ ცხოვრებაში, და თითოეული მათგანი, მათ საქმეთა შესაბამისად, რას მიიღებს მართალი მსაჯულისგან, ნეტარებას თუ ტანჯვას - ამის გამოთქმა რომელ სიტყვას შეუძლია? ვერავინ აღწერს ვერც იმ სიხარულს და ვერც იმ მწუხარებას. ერთს ზეციური სასუფეველი და სამარადჟამო სავანე მიიღებს, პატრიარქთა, წინასწარმეტყველთა და მოციქულთა სახეებს ჭვრეტს, ყველა წმინდანთა კრებულში იქნება და დაუსრულებელ საუკუნეთა განმავლობაში იმეფებს მეუფე იესუ ქრისტესთან - ღვთის მხოლოდშობილ ძესთან და თავად ღმერთთან - ერთად. მეორეს კი ცეცხლის გეენია და სხვა მარადი სატანჯველი მოიცავს, უსასრულო საუკუნეებისა და საუკუნეების მანძილზე გაწამდება და მასთან ერთად - ყველა მისნაირი დამნაშავეც, მით უფრო ისინი, ვინც შემდგომ დროს მიეცემოდნენ სრულიად ამაზრზენ ვნებებს, რის გამოც მით მეტი სასჯელიც განუწესდებათ ყოველთა უფლის მიერ.
ისმინე, რას ამბობს ნეტარი პავლე: "ვინც ურჯულოდ შესცოდა, ურჯულოდვე წარწყმდება, ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე განიკითხება" (რომ. 2:12). ანუ ისინი, ვისაც რჯული შეაგონებს და მაინც ურჯულოებივით იქცევიან, უმძიმეს და გაუგონარ სასჯელს მიიღებენ. და სრულიად სამართლიანადაც - რადგანაც არც რჯულმა, არც სხვათა მაგალითმა არ აქცია ისინი უფრო კეთილგონიერად და მოკრძალებულად. ამიტომ გევედრებით, ამიერიდან მაინც შევიგონოთ სხვათაგან მოცემული მაგალითები და ჩვენი ცხოვრება ღვთის მორჩიელბითა და მისი კანონების დაცვით გავლიოთ.
დაე, ნურც შური, ნურც სიძულვილი, ნურც ხორციელი სიყვარული, ნურც ამა სოფლის დიდებისა და ძალაუფლების სიყვარული, ნურც ნაყროვანება, ნურც რომელიმე სხვა ბილწი ვნება ნუ შებოჭავს ჩვენს სულიერ მისწრაფებებს. არამედ განვიწმინდოთ ხანმოკლე განცხრომის ყოველგვარი ბიწისგან, მივატოვოთ ყველა სამარცხვინო და მდაბალი ვნება, ვისწრაფოთ იმ ნეტარი ცხოვრებისა და იმ გამოუთქმელი სიკეთეებისკენ, რომელიც უფალმა განუმზადა მის მოყვარეეებს და რომელსაც დე ვეღირსოთ მადლით და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისა წმიდისა თანა შვენის პატივი, ძალი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. I ტომი. შესაქმის განმარტება. ნაწილი პირველი. მეცხრამეტე ჰომილია დაბადების წიგნზე. თბილისი 2015. გვ. 192-195).
16. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
ღირ. ეფრემ ასურელი:
როდესაც კაენი დაისაჯა, სასჯელის გარდა მას კიდევ მიეცა ნიშანი (რომლის მიზეზზეც ვისაუბრეთ, მაგრამ, თუ რაში მდგომარეობდა იგი დავდუმდებით, რადგან არანაირი სარგებლობა არ მოაქვს ჩვენთვის), მაშინ წერილი კაენზე ამბობს: "გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით". კაენი გაშორდა მშობლებსა და და-ძმებს, რადგან ხედავდა, რომ ისინი არ შედიან მასთან საქორწილო ურთიერთობებში. მიწა კი იწოდება ნუდად (ან ნაიდად ან კიდევ ნოდად), რადგან ისიც ირყეოდა და ცახცახებდა. სავარაუდოდ კი იმიტომ, რომ, როგორც ღმრთის სიტყვა ბრძანებს, ექვემდებარებოდა სხვა წყევლასაც: "დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას" (დაბ. 4:12).
"გაიყვნენ ძმების ოჯახები. კაენი გაეშორა თავის მშობლებს და დასახლდა ნოდის ქვეყანაში, იმის ქვემოთ, სადაც ბინადრობდნენ შეთისა და ენოსის ოჯახები. მაგრამ ზემოთ მცხოვრებთა შთამომავლებმა, რომლებსაც ეწოდებოდათ ღვთის შვილები მიატოვეს თავიანთი სამკვიდრებელი, ჩავიდნენ ქვემოთ და დაქორწინდნენ კაცთა ასულებზე, იმათ ქალიშვილებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ქვევით" (Ефрем Сирин, Гимны о рае 1.11. Творения 5:260)
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი:
სიტყვა, რომელიც სამოცდაათმა კომენტატორმა გადათარგმნა, როგორც "ნაიდი", ებრაულად წარმოითქმის, როგორც "ნოდი" (Nod (נ֖וֹד)) და ითარგმნება როგორც σαλευόμενοϛ, ანუ "მერყევი", "არამდგრადი", "არასაიმედო საძირკვლის მქონე". ამგვარად, ეს "ნაიდი მიწა" კი არ არის, როგორც ჩვენი კომენტატორების უმეტესობა ფიქრობს, არამედ აქ აღსრულდება ღმრთის განაჩენი, რათა კაენი ყველგან დახეტიალობდეს, როგორც დევნილი და მიუსაფარი (დაბ. 4:12) (Еврейские вопросы на Книгу Бытия).
წმ. იოანე ოქროპირი:
"და აი, კვლავ, მივმართავთ რა დღევანდელ საკითხავს, მასზე დაყრდნობით სწავლებას შემოგთავაზებთ და თქვენთვის შევადგენთ ჩვეულებრივ საუბარს ნეტარი მოსეს წიგნებიდან, ან, უკეთესი იქნება, თუ ვიტყვით - სულიწმიდის სიტყვებიდან, რაც მისი ბაგით გვაუწყა ღვთის სახიერებამ.
მაგრამ იმისთვის, რომ სიტყვა თქვენთვის უკეთ იყოს გასაგები, აუცილებელია შეგახსენოთ, საყვარელნო, რაც უკვე ვთქვით, და რაზედაც შევაჩერეთ ჩვენი სწავლება, რათა დღეს, დავიწყებთ რა საუბარს გამეორებით, ამ გზით წაკითხულის დასაწყისსაც შევეხოთ.
ასე და ამგვარად, გავიხსენოთ, რომ აბელზე მსჯელობისას, როგორც თავად მომხდარი ამბებით, აგრეთვე იმაზე დყრდნობით, თუ რა მსხვერპლი შესწირა ღმერტს თითოეულმა ძმამ, ცხადი გავხადეთ, რომ ჩვენს ბუნებაში ჩადებულია შეცნობა იმისა, თუ რა უნდა ვაკეტოთ და რა არ უნდა ჩავიდინოთ. რომ შემოქმედმა ყველა თავისუფალი შეგვქმნა, რომ იგი მუდამ გვკიცხავს ან წაგვაქეზებს ჩვენი განწყობის მიხედვით (სწორედ ამ განწყობის გამო უარყოფილი იქნა ერტის მსხვერპლი, ხოლო მეორის ძღვენი შეიწირა); რომ შურით აღძრული კაენი ძმის მოკვლას დაეშურა, ამ უღირსი საქციელის მერე კი, თუმც ღმერთი იგი ცოდვის მოსანანიებლად იწვევდა, არ მიიღო ეს მაცოცხლებელი კურნება, არამედ მკვლელობის სძულველ ცოდვას ტყუილიც დაურთო, უმძიმესი სასჯელი დაიტეხა თავს და თავადვე დაუკარგა საკუთარ თავს უეზენაესი კეთილგანწყობა.
შემდგომი ადამიანებისთვის ჭკუისსასწავლი მაგალითი გახდა იგი და იმ სასჯელით, რომელიც მოიწია, თითქოსდა მთელ კაცობრიობას შეჰღაღადებს და მოუწოდებს: ნუვინ გაბედავთ ამის ჩადენას, რათა იმავე სასჯელის ღირსი არ გავხდეთ! ხედავთ განა უფლის კაცთმოყვარებას, თუ კაენისთვის განსაზღვრული სასჯელით ვით ისურვა, გონს მოეყვანა არა მხოლოდ დამნაშავე, არამედ ყველა მომდევნო ადამიანისთვისაც შეეგონებინა - მორიდებოდნენ ესოდენ საგმობ საქციელს?
ახლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე და ვნახოთ, დღეს რის შესახებ მოგვითხრობს სულის ძალით შთაგონებული ნეტარი წინასწარმეტყველი, როდესაც კაენმა განაჩენი ისმინა (დაბ. 4:16). რას ნიშნავს "გადაიხვეწა უფლის პირისგან"? იმას, რომ მისი საძულველი ქმედების გამო უფლის მფარველობას მოაკლდა. "და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით". წმიდა წერილი მიგვითითებს ადგილსაც, სადაც კაენი დასახლდა - გვიჩვენებს, რომ მანაც ედემის შორიახლოს დაიდო ბინა, რათა, მის მახლობლად მცხოვრებს, მუდამ ხსომებოდა ისიც, თუ რა დაემართა მის მამას მცნების დარღვევის გამო, და საკუთარი დანაშაულის სიმძიმეც. ამგვარი სასჯელი დაეკისრა, რადგანაც მამის სასჯელმა ვერ შეაგონა. და ის ადგილიც სადაც ცხოვრობდა, არა მხოლოდ მას, არამედ ყველა შემდგომ ადამიანსაც რყევასა და ცახცახს მოაგონებდა: სახელი "ნოდი" ებრაული სიტყვაა, იგი აღნიშნავს ერთ შემთხვევაში რყევას (ებრაული ზმნა "ნუდი"), მეორე შემთხვევაში - განდევნას (ებრ. არსებითი სახელი "ნოდი"). ამგვარად, უფალმა იქ დაასახლა, რათა ადგილის სახელშიც კი მხილება ყოფილიყო მისთვის, თვალსაჩინო, ვით სპილენძის სვეტზე გამოკვეთილი სიტყვები" (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. I ტომი. შესაქმის განმარტება. ნაწილი პირველი. მეოცე ჰომილია დაბადების წიგნზე. თბილისი 2015 წ. გვ. 196-197).
წმ. კირილე ალექსანდრიელი
ნათქვამია: "გადაიხვეწა კაენი უფლის პირისგან". და იმწამსვე დაექვემდებარა წყევლას, რამეთუ როგორ არის შესაძლებელი უწმიდესი ბუნება უმზერდეს კაცს, რომელიც ყოველგვარი ბოროტების უკიდურესობამდე დაეშვა? "გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან" - რაღაც მსგავსი განიცადეს იუდეველებმაც, რომელთაც წინასწარმეტყველის პირით ეუწყათ: "ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!" (ეს. 1:15). რადგან მათ მოკლეს უფალი ყოველთა და უკიდურესი უსჯულოებისგან გათავხედებულებმა გაბედეს ეთქვათ: "ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი" (მათე 27:25) (Глафиры, или объяснения избранных мест из Пятикнижия Моисея. На Бытие. О Каине и Авеле).
კლიმენტ ალექსანდრიელი:
"ნოდი ნიშნავს "მღელვარებას", ხოლო ედემი - "ნეტარებას". რწმენა, ცოდნა და მშვიდობა არის ნეტარება, რომლისგანაც ვარდება ურჩი და ქედმოუხრელი. ხოლო ის, ვინსაც თავი ყველაზე ბრძენი ჰგონია... ნებაყოფლობით შორდება მას და ეშვება ზღვის მღელვარებაში. ასევე ღმრთის ცოდნისგან, ვინაც არ იცის შობა, ადამიანი ვარდება დროებითისა და ხრწნადის სფეროში, სადაც მუდმივად იცვლის შეხედულებას..." (Строматы).
ა. პ. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია:
"გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით". საღმრთო განკარგულების ძალით, კაენი იძულებული გახდა დაეტოვებინა ის სამშობლო, სადაც ღმერთმა ინება უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო მისი მყოფობა, და უსახლკარო (მიუსაფარ) მწირად ქცეულიყო. კაენის ახალი მომთაბარული ცხოვრების ადგილს ნოდის მიწა ეწოდება და მისი ადგილმდებარეობა განისაზღვრება ედემის აღმოსავლეთით. ზოგიერთი კომენტატორის აზრით, ნოდის მიწა - ეს საკუთარი სახელი და რომელიმე ქვეყნის სახელწოდება კი არ არის, არამედ კაენიტთა მომთაბარე ტომების საზოგადო სახელი. ეს არის მიუსაფრობისა და სიღატაკის მხარე, რომელიც განთავსებულია ედემის, "ნეტარების ქვეყნის" აღმოსავლეთით.
თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისის" რედაქცია. 2021 წ. 10 დეკემბერი.