განმარტებანი - ყოველდღიური საკითხავი: ეკლესიის მამათა პასუხები ერისკაცთა კითხვებზე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ყოველდღიური საკითხავი: ეკლესიის მამათა პასუხები ერისკაცთა კითხვებზე
ეკლესიის მამები
ნაწილი I

(კითხვები 1-15)

1. რატომ არის სავალდებულო ნათლობა, ნუთუ საკმარისი არ არის უბრალოდ იყო კარგი ადამიანი და აკეთო კეთილი საქმეები?

შესაძლოა ვინმე კეთილი იყოს საქმეთა მიხედვით, მაგრამ თუ ჯერაც არ მიუღია ნათლისღების ბეჭედი, ვერ შევა ცათა სასუფეველში (წმ. კირილე იერუსალიმელი).

 
2. ხომ შეიძლება ვეცადოთ ცხოვრება მცნებების შესაბამისად, ანუ პატიოსნად და კეთილსინდისიერად, თუნდაც ღმრთისადმი რწმენის გარეშე.

სულს შეუძლია შეეწინააღმდეგოს ცოდვას, მაგრამ ღმრთის გარეშე მას ვერ დაამარცხებს და ბოროტებას ვერ ამოძირკვავს (ღირ. მაკარი დიდი).

 
3. მე მწამს უზენაესი გონების, რომელიც არ არის სავალდებულო ღმერთი იყოს, ვცდილობ ვიცხოვრო ზნეობრივი მცნებების შესაბამისად და ვიმედოვნებ, რომ სულს ქრისტეს გარეშეც გადავირჩენ.

გადარჩება მხოლოდ ის, ვისი თავიც არის ქრისტე, ხოლო ქრისტე თავად ჰყავს მხოლოდ იმას, ვინც მის სხეულშია, რომელიც არის ეკლესია (ნეტ. ავგუსტინე).

 
4. ყველა ცოდვას მიუტევებს ნათლისღება?

აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მისატევებლად ცოდვათა... ("სარწმუნოების სიმბოლო" - პირველი მსოფლიო კრების მამათა ქმნილება).

 
5. ნათლისღების საიდუმლოში მე შემომთავაზეს უარმეყო სატანა, მაგრამ სატანასთან ხელშეკრულება არასოდეს გამიფორმებია, მაშ, რა უნდა უარვყო?

"განვეშორები სატანას და ყოველთა საქმეთა მისთა..." რომელ საქმეთ? - სიძვას, მრუშობას, უწმინდურებას, სიცრუეს, ქურდობას, შურს, მკითხაობას, ჯადოქრობას, გაღიზიანებას, მრისხანებას, ცილისწამებას, მტრობას, დავას, შურსა და ეჭვიანობას. განვეშორები ლოთობას, უქმადმოუბრობას, სიამაყეს და ამპარტავნებას. განვეშორები მკრეხელობას, დემონურ სიმღერებს, სულთა გამოძახებას... დროც კი არ გვეყოფა ყველა საქმის ჩამოსათვლელად. უარვყოფ და განვეშორები ყოველივე ცუდს, რაც ღმრთისთვის საძულველია (ღირ. ეფრემ ასურელი).

 
6. როგორ უნდა მოვიქცეთ უსიამოვნებათა შემთხვევაში?

როგორი ჭირიც გინდ შეხვდეს, ნურავის დაადანაშაულებ მასში საკუთარი თავის გარდა და თქვი: "ეს მე ჩემი ცოდვების გამო შემემთხვა" (ღირ. აბბა ორე).

დიდება ღმერთს ყველაფრისთვის! ეს სიტყვები სასიკვდილო დარტყმას აყენებს ეშმაკს და ყოველგვარ უბედურებაში მის წარმომთქმელს უდიდეს ძალას, გამხნევებას და ნუგეშს ანიჭებს. ნურასოდეს დაიზარებ მის წარმოთქმას (განსაკუთრებით განსაცდელის ჟამს) და სხვებსაც ასე ასწავლე (წმ. იოანე ოქროპირი).

 
7. როდესაც ადამიანი დაავადდება, რატომ ამბობენ, რომ ღმერთი ეწვია მას?

როდესაც ადამიანი ავად არის, მაშინ მისი სული ღმერთის ძიებას იწყებს. ამიტომაც შეგონება კარგია, თუკი შეგონებული ადამიანი ღმერთს მადლობს (ღირ. ეფრემ ასურელი).

 
8. რატომ ევლინება ადამიანს სნეულებები?

სნეულებები ცოდვათა აღსახოცად გვევლინება, ზოგჯერ კი იმისთვის, რათა დაითრგუნოს ჩვენი პატივმოყვარება და ამპარტავნება (ღირ. იოანე კიბისაღმწერელი).

მინახავს მძიმე ავადმყოფნი, რომლებიც სხეულებრივი უძლურებით, როგორც ერთგვარი ეპითიმიით, სულიერ ვნებათაგან იწმინდებოდნენ (ღირ. იოანე კიბისაღმწერელი).

 
9. ერთნი ამბობენ, რომ საჭიროა ექიმებთან მკურანლობა, სხვები კი - რადგან ყველაფერი ღმრთის ხელშია ექიმებთან მისვლა საჭირო არ არის.

როგორც არ არის მიზანშეწონილი საერთოდ უარი ვთქვათ სამკურნალო ხელოვნებაზე, ასევე მიუღებელია ჩვენი მთელი სასოება მას დავაფუძნოთ. არამედ, როგორც მიწის დამუშავებისას მიწათმოქმედების ხელოვნებით ვსარგებლობთ, მაგრამ ნაყოფს ღმრთისგან ვითხოვთ... ასევე, ექიმებთან მისვლისას... დაე ნუ დაგვტოვებს ჩვენ ღმრთის სასოება (წმ. ბასილი დიდი).

 
10. მუდმივად ვკითხულობ წმიდა მამათა თხზულებებს, მაგრამ ძალიან ძნელია მათი სათნოებების მიბაძვა.

ვინც სათნოებათა გაკვეთილებს იღებს, მაგრამ არ ასრულებს, წააგავს ადამიანს, რომელიც ხნავს და არ თესავს (წმ. ბასილი დიდი).

 
11. როგორც გინდ ვინდომო სათნოებებით ცხოვრება და ვიყო სათნო ადამიანი, მაინც არ გამომდის. რა უნდა ვქნა?

ადამიანები, ვისაც არ გააჩნიათ სიკეთისადმი ბუნებრივი განწყობა, უსასოობას არ უნდა მიეცნენ, ხელები არ უნდა ჩამოუშვან და ღვთითსათნო ცხოვრება, რაოდენ მიუწვდომელიც იყოს, არ მიატოვონ; არამედ უფრო მეტად უნდა მოინდომონ სათნოებებში წარმატება. რადგან, შეიძლება სათნოებათა მწვერვალებსა და სრულყოფილებას ვერ მიაღწიონ, მაგრამ საკუთარ თავზე ფიქრი და მზრუნველობა უკეთესობისკენ წაიყვანს, ან კიდევ, უკიდურეს შემთხვევაში, უარესები მაინც არ გახდებიან - ეს კი მცირედი სიკეთე როდია სულისთვის (ღირ. ანტონი დიდი).

 
12. როგორ ვებრძოლო ბოღმას?

ვინმე თუ გაწყენინებს... ან რაღაცნაირად გულს გატკენს, მამათა დარიგებების თანახმად, ილოცე მასზე, როგორც ადამიანზე, რომელმაც უდიდესი სარგებლობა მოგიტანა. ილოცე მთელი გულით და თქვი: ღმერთო, შეეწიე ჩემს ძმასაც და მეც, დამიცავი მისი ლოცვით! ეს არის ლმობიერება და სიყვარული მისი მხრიდან, რადგან თავის ძმაზე ლოცულობს და მისი ლოცვით თავმდაბლად ითხოვს ღვთისგან 'შეწევნას. სადაც ლმობიერება, სიყვარული და თავმდაბლობაა, იქ უძლურია გულისწყრომა და ღვარძლიანობა" (ღირ. ამბა დოროთე).
 
 
13. როგორ ვასწავლო საკუთარ თავს სხვათა განუკითხველობა?

საჭიროა ჯერ საკუთარი თავი განკურნო ნაკლოვანებებისგან და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრო სხვათა ნაკლოვანებებზე (წმ. ბასილი დიდი).

 
14. ამბობენ ცილისწამება არ შეიძლებაო, მაგრამ თუ ადამიანი მართლაც ცუდია, ნუთუ მასზეც არაფრის თქმა არ შეიძლება?

არის ორი შემთხვევა, როდესაც ვინმეზე ცუდის თქმა ნებადართულია, კერძოდ: როდესაც აუცილებელია რჩევის მიღება სხვებისგან, ვინც ამაში გამოცდილია და შეუძლიათ დაგვარიგონ, თუ როგორ გამოვასწოროთ შემცოდე; და კიდევ, როდესაც საჭირო ხდება სხვების გაფრთხილება, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მეგობრობენ კარგ ადამიანებთან, მაგრამ ცდებიან და შეიძლება ბოროტ ადამიანთაგან ივნონ. ასეთი შემთხვევისთვის წმიდა მოციქული გვიბრძანებს არ თანავეზიაროთ მათ (იხ. 2 თესალონიკ. 3:14). ვინც ამგვარი აუცილებლობების გარეშე რაიმეს იტყვის სხვაზე, თან იმ განზრახვით, რომ ჩირქი მოსცხოს მას, თუნდაც სიმართლეს ამბობდეს, ცილისმწამებელად ჩაითვლება (წმ. ბასილი დიდი).

ვინც ვნების გარეშე ლაპარაკობს ძმის შეცოდებაზე, ის ასე ორი მიზეზის გამო იქცევა: ან იმიტომ, რომ მისი გამოსწორება სურს, ან იმიტომ, რომ შეაგონოს სხვა. ხოლო თუკი ძმის შეცოდებაზე თვით ძმას ან სხვა ვინმეს ამგვარი კეთილშობილური მიზნის გარეშე ელაპარაკება, მაშინ ძმის შეურაცხყოფას ცდილობს და ღმრთისგან მიტოვებას ვერ აცდება, არამედ დაუყოვნებლივ თვითონ შთავარდება ცოდვაში, და სხვების სამხელი და შესარცხვენი შეიქნება (ღირ. მაქსიმე აღმსარებელი).

 
15. როგორ მოვიქცე, თუკი ვინმეზე ცუდს მიყვებიან?

არასოდეს შეიწყნარო მოყვასზე წარმოთქმული ცილისწამება, არამედ ასეთი სიტყვებით შეაჩერე ცილისმწამებელი: "შემეშვი ძმაო, მე ყოველდღიურად უფრო მეტს ვცოდავ, და სხვების ცოდვები როგორ განვიკითხო"? (წმ. იოანე ოქროპირი).
ეკლესიის მამები
ხატზე: წმმ. ბასილი დიდი, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, იოანე ნათლისმცემელი და ლეონ რომის პაპი

ნაწილი II

(კითხვები 16-30)

16. როგორ მოვიქცე, თუკი ადამიანი, ვინც გული მატკინა პატიებას მთხოვს, მე კი მზად არ ვარ მივუტევო?

მიიღე სინანული... როგორც ღმრთისგან მოვლენილისა, რათა მონანულის მომგზავნი არ დააკნინო და არ განარისხო იგი შენს წინააღმდეგ (ღირ. ეფრემ ასურელი).

რაც უფრო მეტი შესცოდეს ჩვენს წინააღმდეგ, მით უფრო მეტად უნდა ველტვოდეთ მასთან შერიგებას, რადგან ამისთვის ჩვენ ღმრთისგან კიდევ უფრო მეტი მოგვეტევება (წმ. იოანე ოქროპირი).

მტრებს, როდესაც შერიგებას გვთხოვენ, უნდა შევურიგდეთ. რადგან, ვინც არ შეურიგდება... ღმრთის სასჯელს ვერ გაექცევა (ღირ. ისიდორე პელუსიელი).


17. ვერანაირად მივეჩვიე თავშეკავებას, როცა შეურაცხმყოფენ.

არ შეგიძლია დაითმინო შეურაცხყოფა? დადუმდი და დამშვიდდები (ღირ. ეფრემ ასურელი).


18. როგორ დავიხსნა თავი მუდმივი გაღიზიანებისგან?

ცეცხლს შეშა ჰკვებავს, გაღიზიანებას კი - მედიდურობა. იქმენ მრავლისმომთმენი... მრავლისმოთმინება - უბრწყინვალესი ნიჭია, ის დევნის გაღიზიანებას, მრისხანებას და სიძულვილს, სული კი მშვიდ სავანეში შეჰყავს (ღირ. ეფრემ ასურელი).


19. როგორ მოვიქცე, თუკი გამოირკვა, რომ სიტყვები, რომლებიც ჩემი მისამართით ითქვა, ცილისწამება იყო?

თუკი ცილს გწამებენ და შემდეგში შენი სინდისის სიწმიდე გამოაშკარავდება, ნუ იამაყებ, არამედ მორჩილებით ემსახურე უფალს, რომელმაც ამ ცილისწამებისგან გიხსნა (ღირ. ეფრემ ასურელი).


20. ამბობენ, რომ შეურაცხყოფას არ უნდა უპასუხო, მაგრამ როგორ მოვიქცე, თუ ის უსამართლოა?

ბოროტებისთვის ნუ მიუზღავ ბოროტებით, ნურც შეურაცხმყოფელს შეურაცხყოფით, რადგან ამით მორჩილებას გასწავლის უფალი, რამეთუ ხედავს, თვითონ რომ არ ძალგიძს მორჩილება...

იყავი ბრძენი და იმათი ბაგენი, ვინც გაძაგებენ, მდუმარებით გააჩუმე (ღირ. ანტონი დიდი).


21. არ მესმის მტრებისთვის ლოცვის აზრი.

ჩვენ თუ ვილოცებთ მათთვის, ვინც გვამცირებს და შეურაცხგვყოფს, სწორედ მაშინ იქნება შესმენილი საკუთარ ცოდვათათვის აღვლენილი ჩვენი ვედრება (წმ. იოანე ოქროპირი).


22. შეიძლება თუ არა ნაკლოვანების გამო ადამიანის გაკრიტიკება?

არასოდეს, არავითარი მიზეზით არ გამოაჩინო ვინმეს ნაკლოვანება (ღირ. ანტონი დიდი).


23. როგორ მოვიქცე, თუკი ვინმეს მიმართ ვგრძნობ წყენას და ბოღმას?

თუ ვინმეზე ბრაზობ ილოცე მისთვის, და ლოცვით განეშორე შენთვის მოყენებულ წყენას, ამით ბოღმას შეაჩერებ; ხოლო როგორც კი გული გაგითბება და კაცთმოყვარე გახდები, სრულიად განდევნი ამ ვნებას შენი სულიდან (ღირ. მაქსიმე აღმსარებელი).


24. როგორ შევაგონო მოყვასს, რომ არ დაიჯეროს ჩემზე გამოთქმული ცილისწამება?

რამდენადაც ილოცებ ცილისმწამებლისთვის, იმდენად შეაგონებს ღმერთი შენს გამო დაბრკოლებულს (ღირ. მაქსიმე აღმსარებელი).


25. როგორ მოვიქცე, თუკი ადამიანი აშკარა უკეთურებას ჩადის, ჩვენ კი განსაცდელთა მორჩილად გადატანას და ურთიერთ მიტევებას გვასწავლის?

შეძლებისამებრ არავის მისცე მტრობისა და კინკლაობის მიზეზი. როდესაც ხედავ, რომ ვიღაც არღვევს ღვთისმოსაობას, ჭეშმარიტების საზიანოდ ნუ დაუზავდები, არამედ გულმხურვალედ, თვით სიკვდილამდეც დაიცავი ჭეშმარიტება; მაგრამ ამ შემთხვევაშიც სულით ნუ იმტრობ მოყვასს, ზურგს ნუ შეაქცევ მას და წინ მხოლოდ მის უკეთურ ქცევებს აღუდექი (წმ. იოანე ოქროპირი).


26. ამბობენ, ნეტარ ხართ თქვენ ოდეს გყვედრიდენო. მაშ, უნდა ველტვოდეთ თუ არა ჩვენს შეურაცხყოფას?

რომ არ იფიქრო, თითქოსდა ნებისმიერ ყვედრებას მოჰქონდეს ნეტარება, ქრისტემ ის ორ სახეობად დაჰყო, - უსამართლოდ და სამართლიანად. უსამართლოა, როდესაც ქრისტესთვის ვითმენთ ყვედრებას და სამართლიანია, როდესაც საკუთარ საქციელთა გამო განვიცდით მას. თუკი არც ერთი იქნება და არც მეორე, შეურაცხყოფილი არა თუ ნეტარი ვერ გახდება, არამედ გაუბედურდება კიდეც (წმ. იოანე ოქროპირი).


27. როგორ მოვიქცეთ, თუკი მეგობართან ურთიერთობას სხვადასხვა მიზეზის გამო სიხარულის ნაცვლად ტკივილი მოაქვს?

როდესაც სხვებთან ძმაზე საუბრობ, მისდამი შენში დაბუდებული წყენის გამო, ნუ შეურევ გმობას და კიცხევას, არამედ გულწრფელად შეაქე იგი, ილოცე მასზე, როგორც საკუთარ თავზე და მალე განიკურნები წარმწყმედელი სიძულვილისგან (ღირ. მაქსიმე აღმსარებელი).   


28. ამბობენ, რომ სიზმრებს არ უნდა ვენდოთ, მაგრამ, იქნებ სიზმარი ღმრთისგანაა?

დიდი სათნოებაა ის წესი, რომლის მიხედვითაც, სიზმრისეულ ხილვებს არ უნდა ვენდოთ, რადგან სიზმრები ხშირად სხვა არაფერია, თუ არა ოცნებებში წარმოქმნილი გამოსახულებანი, წარმოსახვის თამაში ან ეშმაკთა მზაკვარება. ამ წესს თუ მივყვებით, და ზოგჯერ არ შევიწყნარებთ ასეთ სიზმრებს, ღვთისგანაც რომ იყვნენ მოვლენილნი, არ გაგვირისხდება ყოვლადსახიერი უფალი, რადგან იცის, დემონისგან მოვლენილ სცთურებს რომ ვუფრთხით (ნეტ. დიადოხოსი).


29. არიან ძალზედ ღვთისმოსავი ქალები, რომლებიც მუდმივად დადიან ტაძარში, მაგრამ ერთმანეთს რომ ნახავენ ჭორაობის მეტს არაფერს აკეთებენ.

ვინც გამუდმებით ფუჭად მეტყველებს ტაძარში, ის არა თუ უსარგებლოდ დადის ღმრთის სახლში, არამედ საკუთარი თავის საზიანოდაც (წმ. ბასილი დიდი).


30. ამბობენ ღმრთისადმი რწმენა და ლოთობა შეუთავსებელიაო.

ლოთობა ადგილს არ უთმობს უფალს, ლოთობა განაგდებს სულიწმიდას. როგორც კვამლი განიფრთხობს ფუტკარს, ასევე უზომო ღვინის სმა განიშორებს სულიერ ნიჭებს და ღმრთის მადლს (წმ. ბასილი დიდი).

ლოთობა - უღმრთოების დასაბამია, რადგან ის აბნელებს გონეას, რომლითაც უმეტესწილად შეიცნობა ღმერთი (წმ. ბასილი დიდი).

წყარო: azbyka.ru.

Назад к содержимому