სწავლანი > განმარტებანი
დასავლელ ქრისტიანთა პასქალია და მართლმადიდებლური ეკლესიის კანონები
ავტორი: ალექსანდრე ჩხარტიშვილი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემათა წამყვანი სამეცნიერო თანამშრომელი, ფიზიკო-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
ქრისტეს შობიდან 2001 წელს მართლმადიდებელი ქრისტიანები და რომაელი კათოლიკეები პასექს ზეიმობდნენ ერთ დღეს 2/15 აპრილს. ეს დამთხვევა კარგი მიზეზია იმისთვის, რათა გავიხსენოთ, რა დროიდან არსებობს სხვადასხვა პასქალია (ანუ პასექის თარიღის გამოთვლის სისტემები), რა თვალსაზრისით არის ისინი შედგენილი და რამდენად რეალურია ერთიან პასქალიასთან დაბრუნება.
ქრისტიანული პასექის, ანუ ჩვენი უფლის და მაცხოვრის იესუ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღესასწაულის წინასახე გახლდათ ძველაღთქმისეული პასექი (იხ. გამოსვლა 12:1-11, ლევიანნი 23:5, რიცხვნი 28:16, მეორე სჯული 16:1). ის იდღესასწაულებოდა იუდაური მთვარისა და მზის კალენდრის პირველი, ანუ აბიბის (ნისანის) თვის 14-დან 15 რიცხვზე. წელიწადში სულ იყო ხან 12, ხან კიდევ 13 მთვარის თვე, მეცამეტე თვეს დრო და დრო ისე ათავსებდნენ, რომ აბიბი გაზაფხულის თვედ რჩებოდა. მკაფიო კალენდრული მითითებები (მაგალითად, რომელ წლებში უნდა ჩაესვათ დამატებითი თვე) ძველ აღთქმაში მოცემული არ არის, ამიტომ პასექის თარიღს მთვარისა და მზის კალენდრებით ანგარიშობდნენ.
როდესაც ქრისტიანებმა დაიწყეს ახალაღთქმისეული პასექის ზეიმობა, მთვარის კალენდარზე დამოკიდებულება შენარჩუნდა. ეს განპირობებული იყო როგორც ძველაღთქმისეული პასექისადმი მემკვიდრეობითობით, ასევე იმითიც, რომ ახალ აღთქმაში არ არის მითითებული იესუ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის თარიღი მზის (იულიანური) კალენდრის მიხედვით. საეკლესიო გადმოცემაც არ შეიცავს ცალსახა ცნობებს ამ თარიღთან დაკავშირებით. ამიტომაც პასქალიის შესადგენად იყენებდნენ მთვარისა და მზის სპეციალურ კალენდრებს, რომლებიც არც ერთი სხვა მიზნისთვის არ გამოიყენებოდა.
IV ს-ის დასაწყისისთვის ქრისტიანულ სამყაროში გამოიყენებოდა სამი პასქალია. პირველი მათგანი, ალექსანდრიული, ეფუძნებოდა 19 - წლიან ალექსანდრიულ მთვარის ციკლს და ყველაზე გავრცელებული იყო. მეორე, რომელიც ეფუძნებოდა მთვარის 84 - წლიან ციკლს, გამოიყენებოდა რომის ეკლესიაში. და ბოლოს, მესამე, სირიული, რომელიც ეფუძნებოდა 19 - წლიან მთვარის ციკლს, გამოიყენებოდა სირიაში, კილიკიასა და მესოპოტამიაში. ეს პასქალია ძლიერ განსხვავდებოდა ორი დანარჩენი პასქალიისგან შემდეგი აზრით: რომსა და ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ მზის კალენდრის მიხედვით, ხოლო მზისა და მთვარის კალენდრები გამოიყენებოდა პასექის გაანგარიშებისთვის. სხვა საქმეა სირია - იქ მთვარისა და მზის კალენდრები ოდითგანვე ზოგადხალხური კალენდარი იყო, რომელმაც თავისი მნიშვნელობა ოფიციალური მზის (იულიანური) კალენდრის შემოღების შემდეგაც შეინარჩუნა. ამ სირიულ კალენდარში (ბაბილონურის მემკვიდრეში) იყო ნისანის თვე და ამიტომაც სირიელ ქრისტიანთათვის სრულიად ბუნებრივი გახლდათ პასექის დღესასწაულობა პირველ კვირადღეს თავიანთი კალენდრის ნისანის 14 რიცხვის შემდეგ.
სირიული კალენდრის მიხედვით პასექი 19 წლის განმავლობაში ალექსანდრიულზე ორჯერ უფრო ადრე იდღესასწაულებოდა. ასევე აღმოჩნდა, რომ სირიული მთვარის ციკლი ემთხვეოდა იმას, რომელსაც იმ დროისთვის თავიანთი პასექის გამოსაანგარიშებლად იყენებდნენ იუდეველები. ამ დამთხვევის მიზეზს ცნობილი რუსი საეკლესიო ისტორიკოსი ვ. ვ. ბოლოტოვი (1853-1900) ხედავდა შემდეგში: "როდესაც იუდეველთა ტაძარი დაინგრა, იუდეველთათვის პრაქტიკულად უმნიშვნელო აღმოჩნდა მათი ძველი კალენდრული პრაქტიკის ზოგიერთი დეტალი, და მათ შეითვისეს თვეთა ინტერკალაციის (ანუ დამატებითი თვეების ჩამატების - ავტ.) ის სისტემა, რომელსაც მისდევდნენ სირიის დასახლებები, სადაც ისინი ცხოვრობდნენ".
ანალოგიურ შეხედულებას გამოთქვამს თანამედროვე ამერიკელი სპეციალისტი ქრონოლოგიის დარგში ე. ბიკერმანი: "თანამედროვე იუდაური რელიგიური კალენდარი თვეთა ბაბილონური სახელწოდებებით და დამატებითი თვეების ბაბილონური მოწესრიგებებით წარმოადგენს იმავე ბაბილონურ 19 წლიან ციკლურ სისტემას, თუმცა ზოგიერთი უმნიშვნელო ცვლილებებით".
სირიული და იუდაური კალენდრების საკმაოდ შემთხვევით, გარეგნული ვითარებებით განპირობებულმა თანხვედრამ გამოიწვია არასასიამოვნო ვითარება: სირიელი პროტოპასქიტები (ანუ ისინი, ვინც "პასექს ადრე ზეიმობენ") თითქოსდა პასექს უნებურად აღნიშნავდნენ იუდველებთან, და არა დანარჩენ ქრისტიანებთან ერთად.
325 წელს, ნიკეის პირველმა მსოფლიო კრებამ პასექის ზეიმობის დღესთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც დაგმო სირიული პასქალია. ნიკეის კრების დადგენილების ტექსტმა ჩვენამდე ვერ მოაღწია (ვ. ვ. ბოლოტოვის აზრით, არ არის გამორიცხული, კრების მამები მისულიყვნენ სიტყვიერ შეთანხმებამდე). მაგრამ მასზე წარმოდგენა შეგვიძლია შევიქმნათ მოგვიანებით შემდგარი ანტიოქიის ადგილობრივი კრების 1-ლი კანონიდან გამომდინარე. აი ამ განწესების ტექსტი: "ყველა, ვინც გაბედავს (და დაარღვევს) ნიკეაში შეკრებილი წმიდა და დიდი კრების განსაზღვრებას (რომელიც შედგა კეთილმსახური და ღვთისმოყვარე მეფის კონსტანტინეს იქ ყოფნის დროს, საცხოვნებელი აღგომის წმინდა დღესასაულის გამო), უზიარებელი და განდევნილი უნდა იყოს ეკლესიიდან, თუ განგრძობს კეთილად განსაზღვრულ საქმეთა წინააღმდეგობის გაწევას. ეს ნათქვამია ერისკაცების შესახებ.
თუ ეკლესიის ზედამდგომელი ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ამ გასაზღვრების შემდეგ ერის გზის გასამრუდებლად და ეკლესიის შესაშფოთებლად გაბედავს განცალკევებით და ურიებთან (იუდეველებთან) ერთად აღდგომის აღსრულებას, მას წმიდა კრება ამიერიდან ეკლესიისთვის უცხოდ ჩათვლის, როგორც არა მარტო თავისი ცოდვის, არამედ მრავალთა გახრწნის და გზის გამრუდების საბაბს და არა მხოლოდ მათნაირებს განკვეთს მღვდელმსახურებისგან, არამედ იმათაც, ვინც გაბედავს მათთან ურთიერთობას მათი განკვეთის შემდგომ. განკვეთილები კარგავენ გარეგან პატივსაც, რომელიც წმიდა კანონმა და ღვთის საკურთხეველმა მიანიჭა მათ" (ანტიქოიის ადგილობრივი კრების 1-ლი კანონი. დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 195-196).
აქ გავაკეთებთ ორ მნიშვნელოვან შენიშვნას. პირველი, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის იუდეველებთან პასექის აკრძალვის გარდა, მოცემულია კიდევ ერთი კანონი: არ იდღესასწაულონ პასექი გაზაფხულის ბუნიობაზე (დღეღამსწორობაზე) ადრე (იხ. წმ. მოციქულთა მე-7 კანონი: "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ბრწყინვალე აღდგომას გაზაფხულის ბუნიაობის წინ, ურიებთან იუდეველებთან ერთად იდღესასწაულებს, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს" (ციტ. იქვე. ასევე: http://library.church.ge).
არსებითად, ამ ორი პირობით ამოიწურება კანონიკური მოთხოვნები პასქალიისადმი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ანტიოქიის კრების 1-ელ (ავტორს შეცდომით მითითებული აქვს მე-7 კანონი - "აპოკ." რედ.) კანონში მოცემულია კიდევ ერთი პირობა: არ შეიძლება აღდგომის აღნიშვნა საზოგადოდ მიღებული ზეიმობისგან "განცალკევებით". თუკი ამგვარი რამ არ არის (შეგახსენებთ, რომ ნიკეის კრების დროს უარყოფილი სირიული პასქალიის გარდა იყო კიდევ ორი პასქალია - ალექსანდრიისა და რომის), მაშინ სასურველია არსებობდეს მისწრაფება ერთობისკენ. წმ. იმპერატორმა კონსტანტინემ აშკარად გამოხატა ეს შეხედულება ნიკეის იმ ეპისკოპოსთადმი მიწერილ წერილში, რომლებიც არ ესწრებოდნენ კრებას: "აქ ასევე განიხილებოდა საკითხი პასექის უწმიდესი დღის შესახებ, და აღიარებულ იქნა ის, რაც საერთო აზრით უკეთესი იყო, - პასექი ედღესასწაულათ ყველგან და ერთსა და იმავე დღეს... რამეთუ რა შეიძლება ჩვენთვის იმაზე ღვთისმოსავი და კეთილსასურველი იყოს, თუ არა ერთი წეს-განგებით და ცნობილი წესით, უცთომელად ზეიმობა დღისა, როდესაც მოგვენიჭა აღდგომის იმედი".
მეორე, ხაზს გავუსვამთ შემდეგს: პროტოპასქიტების პასქალიის დაგმობა სულაც არ ნიშნავდა სირიული მთვარის ციკლის, როგორც ასეთის უარყოფას. ამაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია გადავშალოთ ტიბიკონი - მთვარის წრეები იქ მითითებულია სწორედ სირიული მთვარის ციკლის შესაბამისად. შეგვიძლია ასევე გავიხსენოთ, რომ იმავე სირიული მთვარის ციკლის საფუძველზე არის განსაზღვრული ჟამთაღრიცხვა "სამყაროს შექმნიდან", რომელიც დღემდე აღიარებულია რუსეთის ეკლესიაში (ხოლო ქრ. შ. -დან 1700 წლამდე - რუსეთის სახელმწიფოშიც).
მაშ, რა ჰქონდათ მხედველობაში ნიკეისა და ანტიოქიის კრებათა მამებს, როდესაც ისინი კრძალავდნენ პასექის ზეიმობას "იუდეველებთან ერთად"? ამ საგანზე არსებობს განსხვავებული შეხედულებები.
პირველი, ტრადიციული თვალსაზრისი. კანონთა ავტორიტეტული ბიზანტიელი კომენტატორები იოანე ზონარა (XII ს.), თეოდორ ბალსამონი (XII ს.) და მათე ბლასტარისი (XIV ს.) მიიჩნევდნენ, რომ კანონები კრძალავდნენ პასექის აღნიშვნას იუდეველებთან ერთად ერთსა და იმავე დღეს ან მათზე უადრეს. თანამედროვე ავტორიტეტული კანონისტის დეკ. ვ. ციპინის აზრით, სწორედ ამგვარი აზრით შემოვიდა ეკლესიის ცხოვრებაში პასქალიის შესახებ მიღებული კანონიკური დადგენილება.
თუკი ამ ტრადიციული თვალსაზრისიდან გამოვალთ, მაშინ დასავლელ ქრისტიანთა პასქალია კანონთა აშკარა დარღვევაა, რადგან კათოლიკური პასექი დრო და დრო ემთხვევა იუდაურს, ზოგჯერ კი მათზე უფრო ადრეც უწევს.
მეორე, "კრიტიკული" თვალსაზრისი. ჩვენს დროში ზოგიერთი მართლმადიდებელი ავტორი (მაგ.: არქიეპ. პეტრე ლ' უილიე (Archbishop Peter L'Huillier), პროფ. დეკ. ლ. ვორონოვი, პროფ. დ. ოგიცკი) ეჭვ ქვეშ აყენებენ ტრადიციულ განმარტებას. მათ ძირითად არგუმენტს წარმოადგენს შემდეგი ვითარება: ცნობილია, რომ ნიკეის კრებამდეც და მის შემდეგაც ეკლესიას არაერთხელ უზეიმია პასექი იუდეველებთან ერთად ერთ დღეს. დამთხვევები შეწყდა მხოლოდ VIII ს-ის მიწურულს (იმ მიზეზით, რომ იუდაური კალენდარი საშუალოდ მოკლეა იულიანურზე, ამიტომაც მართლმადიდებლური პასექი ნელ-ნელა შორდება და წინ მიდის იუდაურ პასექთან მიმართებაში). ამიტომაც, ზემოთხსენებულ ავტორთა აზრით, ზონარამ და სხვა კანონისტებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც არასწორად განმარტეს კანონები და გააკეთეს "არაუფლებამოსილი დასკვნები პასქალიაზე მათი თანამედროვე ფაქტობრივი მონაცემებიდან გამომდინარე" (პროფ. დ. ოგიცკი), ანუ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ IX ს-დან მოყოლებული მართლმადიდებლური პასექი ყოველთვის აღესრულებოდა იუდაურზე გვიან.
მართლაც, ეს სერიოზული არგუმენტია - თუკი ნიკეის კრების დადგენილებები კრძალავდა პასექის ზეიმობას იუდეველებთან ერთად ერთსა და იმავე დღეს, როგორ მოხდა, რომ ეკლესიას ის არაერთხელ დაურღვევია?
შეიძლება წამოვაყენოთ ასეთი შეხედულება: ნიკეის კრების მამებმა განჭვრიტეს VIII ს-ის მიწურულის შესაძლო პასქალური განსხვავებები, რომლის დადგომამდე დროებით დასაშვებად მიიჩნიეს იშვიათი შემთხვევითი თანხვედრები (აქდან გამომდინარეობს, მაგალითად, ა. ნ. ზელინსკი). მაგრამ ამგვარი განმარტება ნაკლებად დამაჯერებელი იქნება. ნიკეის კრების მამათა შორის ყველა როდი იყო ღვთისმეტყველი, ყველა როდი ერკვეოდა პასქალური გაანგარიშებების დეტალებში, მაგრამ ისინი ეპისკოპოსები, ანუ საეკლესიო ერის მოძღვრები იყვნენ. და თუკი მათ მიიღეს დადგენილება პასექზე, ეს დადგენილება უპირველეს ყოვლისა განკუთვნილი იყო მათი სამრევლოსთვის, და არა მარტო მე-9 და შემდგომი საუკუნეების ქრისტიანთათვის.
რაც შეეხება კანონების ზუსტ აზრს, "კრიტიკული" თვალსაზრისის მომხრეები მას შემდეგნაირად აყალიბებენ: იუდეველებთან პასექის დღესასწაულობა ნიშნავს "ქრისტიანული პასექის დღის განსაზღვრისთვის ებრაული პასქალიის განუხრელ მიყოლას, სადაც დაშვებული არ არის სხვა პასქალური გაანგარიშებები" (პროფ. დ. ოგიცკი). მოდი, განვიხილოთ რამდენად მართლზომიერია ამგვარი განმარტება.
ცნობილია, რომ ნიკეისა და ანტიოქიის კრებათა გადაწყვეტილებები უპირველეს ყოვლისა მიმართულია სირიელ ქრისტიან-პროტოპასქიტთა პრაქტიკის წინააღმდეგ. ამიტომაც "კრიტიკული" განმარტება მართლზომიერად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პროტოპასქიტები მართლაც "მიჰყვებოდნენ იუდაურ პასქალიას". მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სირიელი ქრისტიანები პასექს მხოლოდ თავიანთი ხალხური მთვარისა და მზის კალენდრის შესაბამისად აღასრულებდნენ, რომლითაც ისინი ყოფა-ცხოვრებაშიც ხელმძღვანელობდნენ, ხოლო მანამ, ქრისტეს შობამდე რამოდენიმე საუკუნით ადრე, მით სარგებლობდნენ მათი წინაპრები (შესაძლოა იქიდანაც, როდესაც აბრაამმა დატოვა ქალდეის ქალაქი ური).
ამგვარად, ნაკლებად მართლზომიერია სირიელი ქრისტიანების დადანაშაულება იუდაური პრაქტიკისადმი მიყოლაში, რომელიც მომდინარეობს "კრიტიკული" თვალსაზრისიდან. სინამდვილეში ადგილი ჰქონდა კალენდრულ სისტემათა "შემთხვევით" თანხვედრას (მსგავსად იმის, როგორც დღეს დასავლელ ქრისტიანთა პასექი დრო და დრო ემთხვევა ხოლმე იუდაურს). მიუხედავად ამისა, ეკლესიის კანონთა თვალსაზრისით ამგვარი თანხვედრაც კი დაუშვებელია.
მესამე თვალსაზრისი (რომელსაც იზიარებს მოცემული სტატიის ავტორიც). მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ვითარება, რომელიც წარმოიშვა სირიაში ქრ. შ.-დან IV ს-ის დასაწყისისთვის. ადგილობრივი ქრისტიანები პასექს ზეიმობდნენ თავიანთი ტრადიციული მთვარის ციკლით, რომელიც ემთხვეოდა ებრაულს. ამიტომაც სირიელ ქრისტიანთა პასექი ყოველ წელიწადს ემთხვეოდა იუდაურს (ზოგჯერ იმავე დღეს, ზოგჯერ - რამოდენიმე დღის განსხვავებით). ეს ბადებდა საცთურს, და ნიკეის კრების მამებმა მიიღეს გადაწყვეტილება დაეგმოთ სირიული მთვარის ციკლისადმი მიმდევრობა. ჩვენი აზრით, გამოთქმა "იუდეველებთან ერთად" ბუკვალური აზრით ნიშნავდა სწორედ - პასექის გამოთვლას იმავე მთვარის ციკლით, რომლითაც მას ანგარიშობდნენ იუდეველები. რაც შეეხება კრებითი დადგენილების დოგმატურ და სამოძღვრო აზრს, მისი საკმაოდ წარმატებული ფორმულირება მოცემულია მოციქულთა მე-7 კანონის ნიკოდიმოს მილაშისეულ განმარტებაში: "იმ განსხვავების მისათითებლად, რომელიც არსებობდა ძველაღთქმისეულ და ახალაღთქმისეულ პასექებს შორის, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან, და ყოველგვარი ზიარობის გასაუქმებლად ქრისტიანთა და იუდეველთა საეკლესიო წეს-ჩვეულებებს შორის".
ჩვენი განხილვის ამ ფრიად მნიშვნელოვან განსხვავებაზე კანონის ბუკვალურ და დოგმატურ აზრს შორის ვეყრდნობით პროდ. ვ. ციპინის ავტორიტეტს: "ყოველი კანონის იდეაში მოცემულია უცვალებელი, დოგმატურად განპირობებული მომენტი, მაგრამ თავისი კონკრეტული და ბუკვალური აზრით კანონი ასახავს საეკლესიო ცხოვრების გარდამავალ ვითრებებსაც".
დროთა განმავლობაში პასექის ზეიმობასთნ დაკავშირებითაც ვითარება ორი ასპექტით შეიცვალა.
ჯერ-ერთი, მთვარისა და მზის კალენდარი გამოვიდა სირიელ ქრისტიანთა ყოფითი გამოყენებიდან (როგორც ჩანს, ეს მოხდა მუსლიმთა მიერ სირიის დაპყრობის შემდეგ). ამან გამოიწვია ის, რომ გაქრა ადექვატურობა ნიკეის კრების დადგენილების ბუკვალურ აზრსა და მის დოგმატურ აზრს შორის. მართლაც, თუკი სირიული მთვარის ციკლი სრულიად გამოვიდა ქრისტიანთა ყოფითი გამოყენებიდან, მაშინ აკრძალვაც არავინ ისარგებლოს მისით მართლმადიდებლური პასექის გასაანგარიშებლად ყოველგვარ აზრს კარგავს - არა თუ არავინ იყო ამ აკრძალვის დამრღვევი, არამედ, შეიძლება ითქვას, არც შეიძლებოდა ყოფილიყო.
მეორეც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მართლმადიდებლური პასექი კალენდრულ-ასტრონომიული მიზეზით ყოველთვის იუდაური პასექის შემდეგ აღინიშნება. თუკი IV ს-ის დასაწყისისთვის ქრისტიანული და იუდაური პასექების "დასაშორებლად" საჭირო იყო რათა მთვარის ციკლები არ დამთხვეოდნენ ერთმანეთს, VIII ს-ის მიწურულიდან შესაძლებელი გახდა ზონარას მოეცა უფრო მარტივი, მაგრამ ამავე დროს დოგმატური აზრისადმი სრულიად ადექვატური განმარტება: "საჭიროა, რათა ჯერ მათ (ანუ იუდეველებმა - ავტ.) აღასრულონ თავიანთი არასაზეიმო ზეიმი, შემდეგ კი ვიდღესასწაულოთ ჩვენი პასექი".
პროტოპასქიტების კრებითი დაგმობის შემდეგ არცთუ მალე იქნა შესაძლებელი რომაული ეკლესიის პასქალია თანხმიერებაში მოსულიყო ალექსანდრიულ პასქალიასთან, რომელსაც მისდევდნენ დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიები. მაგრამ VI საუკუნეში ეს ბოლოს და ბოლოს მოხდა - რომის ეკლესიამ მიიღო ალექსანდრიული პასქალია. ზოგადქრისტიანული ერთობა პასექის დღესასწაულობის სფეროში შენარჩუნებული იყო 1582 წლამდე, როდესაც ის დაარღვია რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ, რომელმაც კათოლიკურ ეკლესიაში შემოიღო გრიგორიანული კალენდარი და ახალი პასქალია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გრიგორიანული პასქალიის შესაბამისად კათოლიკეები არცთუ იშვიათად პასექს ერთსა და იმავე დღეს აღნიშნავენ იუდეველებთან ერთად, თანაც დროთა განმავლობაში ეს თანხვედრები გახშირდება - გრიგორიანული წელიწადი საშუალოდ რამოდენიმეჯერ მოკლეა იუდაურზე. პაპმა გრიგოლმა შესაძლებლად ჩათვალა უგულებელეყო კანონიკური განწესება, რომელიც კრძალავდა პასექის ზეიმობას იუდეველებთან ერთად, სანაცვლოდ კი მიაღწია მთვარის ფაზების უფრო ზუსტ მიმდევრობას.
ჩვენი აზრით, ალექსანდრიულ პასქალიასთან დაბრუნება დასავლელი ქრისტიანებისთვის სულაც არ არის შეუძლებელი - ისინი ხომ მას ათასწლეულების განმავლობაში იყენებდნენ. პრეცედენტიც გვაქვს: შეგახსენებთ, რომ VI ს-ში რომმა უარი თქვა თავის ტრადიციულ პასქალიაზე და მიიღო ალექსანდრიული.
რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, მას არ შეუძლია მიიღოს პასქალია, რომელიც ნიკეის კრების დადგენილებისა და საეკლესიო კანონების საწინააღმდეგოა. პროტ. ლიბერი ვორონოვის სამართლიანი შენიშვნით, "მცდელობა დაწესდეს... ერთიანი ახალი პრაქტიკა "ნიკეის გადაწყვეტილების" უგულებელყოფის ხარჯზე, სავარაუდოდ არა იმდენად შეუწყობდა ხელს ქრისტიანული განყოფის "გარეგანი" საცთურის აღმოფხვრას, რამდენადაც ხელს შეუწყობდა უფრო უარესი "შიდა" საცთურის აღმოცენებას, რომელიც დაკავშირებული იქნება ახალ საეკლესიო განხეთქილებებთან" (და ასეც არის. კალენდრულმა რეფორმებმა უკვე გამოიწვია უმრავი განხეთქილება - "აპოკ". რედ.).
წყარო: https://pravoslavie.ru/28888.html