სწავლანი > განმარტებანი
წმ. იოანე ოქროპირი
დამრიგებლური სიტყვა დიდი მარხვის დაწყებამდე
წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილია პირველი.
1. სიხარულითა და ბედნიერებით ვივსები ახლა, როდესაც ვხედავ, თუ როგორ იმკობა ღვთის ეკლესია თავის შვილთა სიმრავლით, ყოველი თქვენგანი აქ უდიდესი სიხარულით მოისწრაფოდა. როდესაც თქვენს ნათელ სახეებს ვუმზერ, თვქვენივ სულიერი მხიარულების აშკარა მოწოდებას ვხედავ. როგორ აღმოთქვა ბრძენმა: "მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება" (იგავ. 15:13).
სწორედ ამიტომ ავდექი მე აღვსილი უდიდესი მოშურნეობით, რადგანაც ვაპირებ, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს უდიდესი სიხარული, და ამასთნ, მსურს გავხდე თქვენთვის წინამაუწყებელი დიდი მარხვისა, როგორც სულიერი კურნებისა. ჩვენთა ყოველთა უფალმა, როგორც შვილთმოყვარე მამამ, სხვადასხვა დროს აღსრულებულ ცოდვათაგან ჩვენი განწმენდის მოსურნემ, წმიდა მარხვის სახით კურნება გვიბოძა.
ამიტომ, ნუვინ ინაღვლებს, ნუვინ იქნება მწუხარე, არამედ იზეიმეთ, იხარეთ და განადიდეთ მზრუნველი სულთა ჩვენთათვის, რომელმაც ეს მშვენიერი გზა გვიჩვენა, და უდიდესი სიხარულით შეხვდით მის დაწყებას.
დაე, რცხვენოდეთ ელინებს და თავს ლაფი ესხმოდეთ იუდეველებს, მხილველთ იმისა, თუ რაგვარი მხიარული მზაობით ვეგებებით ჩვენ მარხვის დაწყებას. დაე, იცნან თავად საქმით, თუ რაოდენი სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის. დაე, უწოდონ მათ დღესასწაული და ზეიმი ლოთობას, ათასნაირ აულაგმავობასა და ურცხვობას, რომელთაც ჩვეულებრივ ასეთ დროს მიეცემიან. ღვთის ეკლესია ხომ, მათგან განსხავებით, მარხვას, სტომაქის დათრგუნვასა და აქედან გამომდინარე დანარჩენ სათნოებებს უწოდებს ზეიმს... და ჭეშმარიტი დღესასწაული სწორედ იქ არის, სადაც სულის ცხონებაა, სადაც მშვიდობა და ერთსულოვნებაა, საიდანაც განდევნილია ყოველგვარი საერო ფუფუნება. სადაც არც ყვირილია, არც ხმაური, არც მზარეულების სირბილი და არც პირუტყვთა სასაკლაო. არამედ, ყოველივე ამის სანაცვლოდ გაბტონებულია სრული სიმშვიდე, სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მყუდროება და აურაცხელი მადლი.
აი, სწორედ ამ დღესასწაულზე ვისაუბროთ-მეთქი. ცოტაოდენი - თქვენი სიყვარულით, - და წინასწარ გთხოვთ, რომ ჩვენი სიტყვები სრულიად დამშვიდებულად ისმინოთ, რათა აქედან შინ დაბრუნებულებმა შეძლოთ, კეთილი ნაყოფი წაიმძღვანოთ. აქ ჩვენ ტყუილად და უბრალოდ კი არ ვიმყოფებით, არა მარტოდენ იმისთვის, რომ ერტი უბიწობდეს, მეორე - იმ პირველის სიტყვებს ტაშს უკრავდეს, შემდეგ კი ყველანი თავ-თავის გზაზე მიდიოდნენ, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ რაღაც - თქვენი ცხოვნებისთვის სასიკეთო და საჭირო, თქვენ ჩვენი სიტყვების ნაყოფი და უდიდესი სიკეთე მიიღოთ და ისე წახვიდეთ აქედან. ეკლესია სულიერი საავადმყოფოა და აქ მოსულებმა შესაბამისი წამალი უნდა მიიღონ, საკუთარ ჭრილობებს შეუსაბამონ იგი და ისე წავიდნენ აქედან. მხოლოდ მოსმენა, საქმის აღსრულების გარეშე, რომ არას გვარგბს, ამის შესახებ ნეტარი ვპავლე გვეუბნება; დაუგდე ყური, იგი იტყვის: "არა მსმენელნი სჯულისანი განმართლნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდნენ" (რომ. 2:13). ქრისტემაც თქვა თავის ქადაგებაში: "არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნება მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათე 7:21).
ამრიგად, საყვარელნო, რადგანაც ვიცით, რომ, თუ მხოლოდ მსმენელნი ვიქნებით და მოსმენილს საქმით აღსრულებას არმივადევნებთ, ჩვენთვის სასარგებლოს ვერაფერს მივიღებთ. ოდენ მსმენელებად ნუღარ დავრჩებით, არამედ აღმსრულებლებიც გავხდეთ, რათა სიტყვის შესაბამისი საქმეებით განცხოველებულნი ვემსახურებოდეთ სიტყვას. გააღეთ წიაღი თქვენი სულისა და შეიწყნარეთ სიტყვა მარხვის შესახებ. ასევე მორთავენ ხოლმე ტურფა და უ მანკო პატარძლის შესახვედრად საქორწინო პალატს რიდეებით ყოველი მხრიდან, განწმენდენ მთელ სახლს, შიგნით არ უშვებენ არც ერთ ურგებ მოსამსახურეს - და მხოლოდ ამის შემდეგ შემოჰყავთ პატარძალი საქორწინო სავანეში. სწორედ მსგავსად ამისა, ვისურვებდი, რომ თქვენც - საკუთრი სულის განწმენდის და ყოველგვარ გასართობთან და ყოველგვარ თავშეუკავებლობასთან გამოთხოვების შემდეგ - გაშლილი მკლავებით შეიწყნაროთ დედა ყოველგვარი კეთილისა და მასწავლებელი უმანკოებისა - მარხვა, რათა თქვენც უდიდესი სიამით დატკბეთ და მანაც შესაბამისი კურნება მოგანიჭოთ. ექიმები, როდესაც განიზრახავენ, ლპობისა და უკეთური სითხისგან განწმენდის მსურველთ უწამლონ, პირველ რიგში ხომ ჩვეულებრივი საკვების მიღებას კრძალავენ, რათა მან წამლის მოქმედებას და მისი მაკურნებელი ძალია გამოვლინებას არ შეუშალოს ხელი.
მით უმეტეს ჩვენ: როდესაც ამ სულიერი წამლობის, ანუ მარხვისგან მომდინარე სიკეთის მისაღებად ვემზადებით, გონება თავშკავებით უნდა განვიწმინდოთ და შევიმსუბუქოთ სული, რათა მან - თავშეუკავებლობით დაბინძურებულმა - მარხვა უსარგებლო და უნაყოფო არა ჰყოს ჩვენთვის.
2. ვხედავდ, რომ ბევრს უცნაურად ეჩვენება ჩვენი სიტყვები. მაგრამ გთხოვთ, განუსჯელად ნუ დაემონებით ჩვეულებას, არამედ თქვენი ცხოვრება გონებასთან თანხმობით ააწყვეტ. განა რას გვარგებს მთელი დღის ძღომასა და სიმთვრალეში განლევა? ან რას ვამბობ, გვარგებსო? პირიქით, აქედან უდიდესი ზიანი გვექნება! როგორც კი უზომო ღვინის სმა დაბინდავს გონებას, მაშინათვე, დასაწყისშივე, პირველი ნაბიჯის გადადგმისთანავე დასრულდება მარხვის სარგებელი. რა არის უფრო უამური, უფრო საბრალო, ვიდრე ის ადამიანები, ვინც შუაღამემდე ღვინის სმაში ატარებენ დროს და დილით ადრე, გამთენიისას, ისეთ სუნს აფრქვევენ, თითქოს მათი სხეულები ღვინით აუვსიათო? ისინი უამურნი არიან გზად შემხვედრთათვის, სათაკილონი მონების თვალში და დასაცინები ყველასგან, ვისაც კი წესიერების რამე გაეგება. ხოლო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ამგვარი თავშეუკავებლობით, უდროო და დამღუპველი უზომობით საკუთარ თავზე ღვთის რისხვას მოიწევენ. "მემთვრალეთა, - ნათქვამია, - სასუფეველი ღმრთისა არა დაიმკვიდრონ" (1 კორინთ. 6:10).
ვინ იქნება ამ ადამიანებზე უსაბრალოესი, ვინც ხანმოკლე და წარმწყმედელი სიამოვნების გამო სასუფევლის კარიბჭიდან განიგდება?! ღმერთმა ნუ ქნას, რომ აქ შეკრებილთაგან ვინმე გაიტაცოს ამ ვნებამ.
არამედ, დაე, ჩვენ ყველამ სიბრძნითა და უმანკოებით განვლიოთ დღევანდელი დღე და იმ ქარიშხლისა და ღელვისგან თავისუფლებმა, რომელსაც სიმთვრალე იწვევს, შევაბიჯოთ სულთ ჩვენთა ნავთსაყუდელში - ანუ მარხვაში - და შევძლოთ, უხვებით მივიღოთ მის მიერ ნაძღვნევი სიკეთე.
ისევე, როგორც საჭმლისგან თავშეუკავებლობა კაცთა მოდგმისთვის აურაცხელი ბოროტების მიზეზი და წყაროა, ასევე მარხვა და სტომაქის დათრგუნვა ყოველთვის გამოუთქმელ კეთილთა წყარო იყო ჩვენთვის. შექმნა რა კაცი, - რადგან იცოდა, რომ ეს წამალი უკიდურესად სჭირდებოდა მას სულის ხსნისათვის, - ღმერთმა მაშინათვე, ყოველივეზე უადრეს, პირველშექმნილს ეს მცნება დაუდო: "გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო" (შესაქმე 2:16-17). სიტყვებში: "გეჭმევა" ... "არ შეჭამო" ... მარხვის განსაზღვრული სახე იგულისხმება. მაგრამ ადამიანმა, იმის მაგიერ, რომ აღთქმა დაეცვა, დაარღვია ის. გემოთმოყვარებას აყოლილმა ურჩობა გამოავლინა და სიკვდილით დაისაჯა. ცბიერმა დემონმა და ჩვენი მოდგმის მტერმა, როდესაც ნახა, რომ პირველშექმნილი კაცი უზრუნველად ხარობდა სამოთხეში და ხორცით მოსილი ანგელოზივით ცხოვრობდა დედამიწაზე, გადაწყვიტა, რომ ეცთუნებინა იგი, და უმეტეს სიკეთეთა აღთქმით დაცემისაკენ უბიძა. ამგვარად, იმასაც მოაკლო კაცი, რასაც იგი მანამდე ფლობდა. აი, რას ნიშნავს, როდესაც არ რჩები საკუთარ საზღვრებში და უფრო მეტს ელტვი. ამაზე მიანიშნებდა სიბრძნე, როდესაც თქვა: "ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა" (იგავ. 2:24). ხედავ შენ, საყვარელო, რომ თავდაპირველადაც თავშეუკავებლობით შემოვიდა სიკვდილი?! ნახე, როგორ განსჯის გამუდმებით წმიდა წერილი გართობას და შემდგომშიც ერთგან ამბობს: "დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. მერე ადგნენ და ცეკვა-თამაში გამართეს"(გამოსვლ. 32:6); ხოლო სხვაგან: "სვამდა და ჭამდა ისრაელი, გაძღა გასუქდა, დატოვა თვისი შემოქმედი ღმერთი და განუდგა თავის მაცხოვარ ღმერთს" (რჯულ. 32:15). სოდომის მცხოვრებთაც ხომ სწორედ ამ და სხვა დანაშაულებით მოიწიეს თავს ღვთის დაუცხრომელი რისხვა. ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: "აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი" (ეზეკ. 16:49). ეს ცოდვა არის წყარო და ფესვი ყოველივე ცუდისა.
3. ხედავ, რა ვნება მოსდევს თავშეუკავებლობას?! ახლა კი მარხვის კეთილისმყოფელ ზემოქმედებასაც შეხედე: ორმოცდღიანი მარხხვის შემდეგ იქმნა დიდი მოსე რჯული ფიქლების მიღების ღირსი. როდესაც მთიდან ჩამოსულმა მან ხალხის ურჯულოება ნახა, დაყარა ამდენი ძალისხმევის შედეგად მიღებული ფიქლები და დაამსხვრია, რადგანაც შეუსაბამოდ მიიჩნია, უფლის აღთქმა ლოთობასა და ურჯულოებას მიცემული ხალხისთვის გაეცხადებინა. ამიტომ, ეს საოცარი წინასწარმეტყველი, იძულებული გახდა, კიდევ ორმოცი დღე ემარხულა, რათა კვლავ გამხდარიყო ღირსი, მაღლით მიეღო და ხალხისთვის მოეტანა ფიქლები - ამავე ხალხის ურჯულოებით შემოსვრილთა სანაცვლოდ (გამოსვლ. 24:32-34).
დიდებული ელიაც ამდენსავე დღეს მარხულობდა, ცეცხლოვანი ეტლით ამაღლებული განერიდა იგი სიკვდილის მეუფებას და არც დღემდე განუცდია მას სიკვდილი (4 მეფ. 2:1-11). და კაცი გულისსათქმელიც - მრავალი დღის მარხვით განმლევი - ღირს იქმნა ამავე საოცარი ხილვისა (დანიელ. 10:3). მანვე დააცხრო ლომთა მრისხანება და ცხვრის სიმშვიდედ გადააქცია იგი ისე, რომ მხეცთა ბუნება კი არ შეუცვლია, არამედ - განწყობა ისე, რომ მათი მხეცობა იმგვარივე დარჩა. ნინევიელებმაც მარხვით შეძლეს უფლის განაჩენის შეცვლა, როდესაც ადამიანებთან ერთად, პირუტყვებსაც კი მარხვა აიძულეს და ამგვარად, - ყოველგვარ ბოროტ საქმეთაგან განდგომით, - მოიხვეჭეს კაცთმოყვარება ყოველთა მეუფისა (იონ. 3:7). თუმცა, რაღად ვილაპარაკო მონებზე (ხომ შეიძლება ბევრის ჩამოთვლა, ვინც ძველსა თუ ახალ აღთქმაში მარხვით განიდიდა!), როდესაც ჩვენ შეგვიძლია, ყოველთა მეუფეზე მივუთითოთ? თავად უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ შეებრძოლა ეშმაკს და ყოველ ჩვენგანს მოგვცა მაგალითი, რომ ჩვენც იმავე მარხვით აღვიჭურვოთ და მისი საშუალებით მოვიპოვოთ ეშმაკთან საბრძოლველი ძალა (მათე 4:2). მაგრამ შესაძლოა, აქ ვინმემ - ცოცხალი და მკვირცხლი გონების პატრონმა - იკითხოს: რად მარხულობდა მეფე იმდენსავე დღეს, რამდენსაც მონები და არა - მათზე მეტს? ასე უბრალოდ და ტყუილად კი არ ქმნილა, არამედ სიბრძნით და მისი გამოუთქმელი კაცთმოყვარებით. ვინმემ რომ არ იფიქროს, რომ ის ხილვად გამოჩნდა და ხორცი არ შეუსხამს, ანდა კაცობრივი ბუნება არ ჰქონიაო, ამისთვის მარხულობდა იმდენსავე დღეს და არა - მეტს და ამით დაადუმებს კამათის მსურველთ. და თუკი ახლაც, როცა უკვე ასე მოხდა, მაინც ბედავენ ამის თქმას, რა მოხდებოდა მაშინ, უფალს რომ თავისი ყოვლისმცოდნეობით მათთვის კამათის საშუალება არ მოესპო? ამიტომ კეთილად ინება, ემარხულა არა მეტი, არამედ იმდენივე დღე, რამდენიც მონებმა იმარხულეს. რათა თვით საქმით ესწავლებინა ჩვენთვის, რომ იგი ჩვენნაირი ხორცით იყო მოსილი და ჩვენი ბუნებისათვის უცხო არ ყოფილა.
4. ამგვარად, მონათა მაგალითის და თავად უფლის მაგალითის მიხედვით, ჩვენთვის გაცხადდა, რომ დიდია ძალა მარხვისა და მისგან მრავალ სარგებელს მიიღებს სული. ამიტომ ვთხოვ თვენს სიყვარულს, რომ, როდესაც მარხვის მთელ სარგებელს შეიცნობთ, არ მოაკლდეს მას დაუდევრობის გამო და მარხვის დადგომამ მწუხარება კი არა, სიხარული და მხიარულება მოგგვაროთ. ნეტარი პავლეს სიტყვების თანახმად: "ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი" (2 კორინთ. 4:16). მართლაც, მარხვა სულის საკვებია და, როგორც ხორციელი საკვები კვებავს სხეულს, ასევე მარხვა აძლიერებს სულს, მსუბუქი ფრენის უანრს სძენს, მაღლად აღსვლას და მაღლად ზრახვას შეაძლებინებს მას და ამჟამინდელი ცხოვრების სიამესა და სიტკბოებაზე მაღლა აყენებს. როგორც მსუბუქი ნავი მსწრაფლ გადალახავს ზღვას, ხოლო დიდი ტვირთით დამძიმებული ჩაიძირება, ასევე მარხვა, რომელიც ამსუბუქებს ჩვენს გონებას, ხელს უწყობს, რომ მსწრაფლ გადავცუროთ ამჟამინდელი ცხოვრების ზღვა, ზეცისკენ და ზეციურ საგანთ მიმართ ვისწრაფოთ, არ ვზრუნავდეთ ამჟამინდელზე, არამედ არარად, ჩრდილად და სიზმარეულ ზმანებად შევრაცხოთ იგი.
და პირიქით, მემთვრალეობა და გაძღომა - დამამძიმებელი გონებისა და ნაყროვანებით აღმავსებელი სხეულისა - ატყვევებს სულს, ყოველი მხრიდან ბინდავს მას და ნებას არ აძლევს, განსჯის მტკიცე დასაყრდენი იქონიოს. აიძულებს მას უფსკრულის პირზე იხეტიალოს და ყოველივე საკუთარი ცხონების საზიანოდ მოიმოქმედოს. საყვარელნო, დაუდევრად ნუ განვეწყობით ჩვენივ ცხონებისადმი. არამედ, რადგანაც ვიცით, რამდენი ბოროტება შეიძლება მომდინარეობდეს თავშეუკავებლობიდან, შევეცადოთ, თავი დავაღწიოთ მის მავნე შედეგებს.
ფუფუნებას კრძალავს არა მხოლოდ ახალი აღთქმა, რომელიც მეტ სიბრძნეს ითხოვს და გვთავაზობს მეტ ღვაწლს, უდიდეს შრომას, აურაცხელ ჯილდოს და ენით უთქმელ გვირგვინებს, არამედ ის არა რის დაშვებული არც ძველ აღთქმაში, რომლის მიღებისას ადამიანები ჯერ კიდევ ჩრდილქვეშ იმყოფებოდნენ, ჩირაღდნებს იყენებდნენ და მხოლოდ მცირეოდენს გულისხმაჰყოფდნენ, ვით ძუძუთა ბავშვები. და თქვენ რომ არ იფიქროთ, თითოს ჩვენ სრულიად უსაფუძვლოდ უარვყოფთ მხიარულებას, უსმინეთ წინასწარმეტყველს, რომელიც იტყვის: "ხომ არ გგონია, დააცდევინო უბედურების დღეს, ან დააჩქარო მძლავრობის მეუფება? განისვენებენ სპილოს ძვლის საწოლზე და ნებივრობენ თავიანთ სარეცლებზე: ფარის ცხვარსა და ბაგაზე დაბმულ ხბორებს ჭამენ, "სამსხვერპლო თასებიდან სვამენ ღვინოს და საუცხოო ზეთით იპოხებიან" (ამოს 6:3-6), რადგან ფიქრობენ, რომ ეს მარადიულია და არა წარმავალი.
ხედავ, როგორ ამხელს წინასწარმეტყველი ფუფუნებას, და თანაც, ელაპარაკება იგი უგრძნობელ, უგუნურ, ყოველდღიურ გაუმაძღრობას მიცემულ იუდეველებს?! და შენიშნეთ გამოხატვის სიზუსტე: "ფიქრობენ, რომ ეს მარადიულია და არა წარმავალი". ამით აჩვენებს, რომ საჭმლითა და ღვინით სიამოვნება მხოლოდ პირისა და სასისთვისაა, უფრო შორს ის აღარ ვრცელდება.
სიამოვნება მცირეხნიანი და მოკლეა, ხოლო მისგან გამოწვეული მწუხარება - მუდმივი და დაუსრულებელი. და ამის მცოდნენი, - ამბობს - ისინი მაინც "ფიქრობენ, რომ ეს მარადიულია", ანუ თვლიან მას მუდმივად "და არა წარმავალი", ანუ ისეთი - მსწრაფლ რომ გადაიფრენს და წამითაც კი არ შეჩერდება. ხომ სწორედ ამგვარია კაცობრივი და ხორციელი ყოველივე: მოსვლას ვერ ასწრებს, რომ უკვე მიდის. ასეთივეა მხიარულება, ასეთია დიდება და ხელმწიფება ადამიანისა, ასეთია სიმდიდრე, ასეთია საერთოდ მთელი ამქვეყნიური ცხოვრების კეთილდღეობა. არაფერს მყარს, არაფერს მუდმივს და არაფერს მტკიცეს არ მოიცავს ის საკუთარ თავში. ის მდინარის ნაკადზე უსწრაფესად მიედინება და ხელცარიელს და არაფრისმქონეს ტოვებს მათ, ვინც ყოველივე ამაზეა მიჯაჭვული.
და პირიქით: სულიერი ქონება ამგვარი არ არის: ის მტკიცე და შეურყეველია. ცვალებადობას არ ექვემდებარება და მარადიულად არსებობს. რაგვარი განუსჯელობა იქნებოდა, ურყევი მერტყევით შეგვეცვალა; მარადიული - დროებითით, მუდამ მყოფი - მსწრაფლწარმავლით; მომავალ ცხოვრებაში უდიდესი სიხაულის მომნიჭებელი - იმით, რაც იქ უდიდეს ტანჯვას გვიმზადებს?! ყოველიე ამაზე ფიქრით, საყვარელნო, და საკუთარი ცხონების მოფრთხილებით, შევიძულოთ უნაყოფო და დამღუპველი მხიარულება. შევიყვაროთ მარხვა და სხვა ყოველგვარი სიბრძნე, ჩვენს ცხოვრებაში უდიდესი გარდატეხა წარმოვაჩინოთ და ყოველდღიურად კეთილ საქმეთა აღსრულებას ვესწრაფოთ, რათა მთელი დიდი მარხვის განმავლობაში სულიერი შესყიდვა აღვასრულოთ და სათნოებათა უდიდესი სიმდიდრე შევიძინოთ.
ასე ჩვენ ვეღირსებით მივაღწიოთ აღდგომის დღესასწაულამდე; კადნიერებით მივეახლოთ საშინელ და სულიერ ტრაპეზს, სუფთა სინდისით გავხდეთ გამოუთქმელ და უკვდავ სიკეთეთა მოზიარენი და ზეციური მადლით აღვივსოთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მამისა და სულისა წმიდისა თანა არს დიდება, უფლება და პატივი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. I ტომი. შესაქმის განმარტება. ნაწილი პირველი. ჰომილია პირველი. დამრიგებლური სიტყვა დიდი მარხვის დაწყებამდე. თბილისი 2015. გვ. 7-13.