სწავლანი > განმარტებანი
ქრისტიანული შეხედულება ტატუირებებზე
ავტორი: მღვდელი იოანე კურბაცკი.
ჩვენს დღეებში ქუჩებში ხშირად შეხვდებით სხეულზე სხვადასხვა ტატუირებების მქონე ადამიანებს. ზოგიერთ მუსიკალურ სუბკულტურებში მათ დიდი პოპულარობა მოიპოვეს, ედრება მოდას როკ-ჯგუფებზე, ტანისამოსსა და ვარცხნილობაზე.
ტატუირება ვრცელდება ჩვეულებრივ ადამიანებს შორისაც. ზაფხულში არცთუ იშვიათად შეხვდებით გოგონებს რომლებსაც გავაზე ან კოჭზე ტატუირება აქვს მიხატული. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამ მოვლენასთან, ცუდია ეს თუ კარგი? შეიძლება თუ არა ქრისტიანი ტატუირებული იყოს? ამ მოვლენის შესახებ ვისაუბრებთ ქვემოთ მოტანილ პუბლიკაციაში.
"მოდური" სენი
ყოველწლიურად, განსაკუთრებით ზაფხულში, ვამჩნევთ, რამდენ ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, აქვთ საკუთარ სხეულზე მოდური "აქსესუარები" ტატუირებების სახით. ტატუ-სალონების რაოდენობა დიდ ქალაქებში უკვე უტოლდება ყავახანების რიცხვს. ადამიანები ერთმანეთს ჩუქნიან ამ სალონების სერტიფიკატებს და მათი უმთავრესი მომხმარებლები, რა თქმა უნდა, არიან ახალგაზრდები.
ადრე თუ ტატუირება ციხის ელემენტი იყო ან, უფრო იშვიათდ, სამხედრო სამსახურის სუბკულტურის ნაწილი, დღეს ის საყოველთაო მოდად და ჩვეულ მოვლენად იქცა. ისეც ხდება, რომ თვით მშობლებსაც კი მიჰყავთ თავიანთი შვილები ტატუირების გასაკეთებლად. თუმცა, მთლიანობაში ძნელი წარმოსადგენია მშობელი, რომელიც ცდილობს ამდაგვარი სახით "დაამშვენოს" საკუთარი შვილი.
ესპანეთში ნანახი მაქვს ტატუ-სალონის სარეკლამო სტენდი, რომელზეც გამოსახული იყო თავიდან ფეხებამდე ტატუირებული პამპერსიანი ძუძუთა ბავშვი. ზემოთ კი ეწერა: "დედა, მაპატიე!" უფროსი თაობა გაოგნებითა და ძრწოლით უყურებს ტატუირებების ამ მზარდ პოპულარობას. ბევრს ჯერაც ახსოვს, რომ ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმრებს ძალდატანებით უკეთებდნენ ტატუირებას. მაგრამ არსებობენ ისეთი დედები და მამები, რომლებსაც სურთ ფეხი აუწყონ დროებას. ცნობილია შემთხვევა, როდესაც 65 წლის პენსიონერმა პირველად დაიტანა ტატუ საკუთარ სხეულზე.
ბოლო დროს ამ მოვლენამ საეკლესიო გარემოშიც შეაღწია. ღმერთთან მოდიან ან უკვე ტატუირებული ადამიანები ან კიდევ უმეცრების გამო ცთუნებულები. სამწუხაროდ, დღევანდელი ქრისტიანები ემორჩილებიან დროის სულისკვეთებას და საკუთარ სხეულს იჭრელებენ ათასგვარი წარწერებითა და ნახატებით.
კურორტებზე მუშაობს მთელი ტატუ-ინდუსტრია, თანაც ის ბავშვებზეც არის გათვალისწინებული: მათ სხეულებს უხატავენ ინით, რადგან ადვილი ჩამოსაბანია. მაგრამ ქვეცნობიერად მათში უკვე ინერგება გზავნილი, რომ "ტატუ - ეს ძალიან "მაგარი" და მოდური რამეა, როდესაც გაიზრდები, შენც ყველაფერს უფროსებივით გაიკეთებ". განსაკუთრებულად გავრცელდა ტატუ ევროპაში.
რას ამბობს ბიბლია ტატუირებებზე?
წმიდა წერილს თუ მივმართავთ, დავინახავთ, რომ ტატუირება ბიბლიაში აკრძალულია. ლევიანთა წიგნში ვკითხულობთ: "ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი!" (ლევ. 19:28).
ცხადია, რომ მოცემული აკრძალვა მიმართულია იმაზე, რათა განაცალკევოს ღმრთითრჩეული ხალხი წარმართებისგან. არ შეიძლება იმის თქმა, თითქოსდა ამ ძველაღთქმისეულმა ნორმამ ახალ აღთქმაში დაკარგა თავისი აქტუალობა და მნიშვნელობა. არცთუ იშვიათად დღევანდელი "წარწერებიც" წარმართულ აზრს ატარებენ. ეს არის ან თილისმის მნიშვნელობის ან გათვალვის საწინააღმდეგო შეფუცვის განსაკუთრებული ტექსტები, რომლებსაც თითქოსდა წარმატება მოაქვთ ან კიდევ თავის ქალათა, გველთა, ობობათა დ ა. შ. გამოსახულებები.
ქრისტიანებისთვის ეს სიმბოლოები საკმაოდ ნათელია და არ ითხოვს გაშიფვრას. მაგრამ მთავარი ისაა, რომ წარმართებს წარმოდგენაც არ გააჩნიათ თუ რა კავშირი აქვს ადამიანს ღმერთთან, რა ადგილი უპყრია ადამიანს სამყაროში. შესაბამისად, საჭიროა ვიცოდეთ, რომ ტატუირების ძველაღთქმისეული აკრძალვა გამომდინარეობს სწორედ ადამიანის სხეულისადმი სწორი დამოკიდებულებიდან და ამიტომაც, არა თუ ძალას არ კარგავს, არამედ უმეტეს აზრს იძენს ქრისტეს განკაცებისა და ამაღლების შემდეგ. "ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად" (მთ. 5:17). ამიტომაც, მოდი, შევჩერდეთ ამ საკითხზე დეტალურად.
რატომ იკეთებენ ადამიანები ტატუირებებს?
უპირველეს ყოვლისა, შევეცადოთ გავიგოთ, თუ რა აიძულებს ადამიანებს იკეთონ ტატუირებები. ვიღაც, როგორც ჩანს, ამას შეგნებულად აკეთებს, ვიღაც თანატოლების ან პოპ-"ვარსკვლავებისადმი" მიბაძვით და პოზიორობს. პოსტმოდერნულ საზოგადოებაში დაკარგულია გაგება იმისა, თუ რა არის კარგი და რა ცუდი. ამიტომაც მსგავსი მოვლენების გავრცელება არ არის გასაკვირი. არ არსებობს მყარი ზნეობრივი საყრდენი, შეგნებაში არ არსებობენ ზნეობის კრიტერიუმები, არ არსებობს არავითარი მიზანი და აზრი, არ არის რეფლექსიები. სხეული აღიქმება მხოლოდ როგორც გარეგანი გარსი, რომელსაც შეიძლება აკადრო ყველაფერი რაც კი მოგეპრიანება.
სხეული ჩემი საკუთრებაა, მაშასადამე, რასაც მინდა იმას გავუკეთებ. ალბათ, მსჯელობის თანმიმდევრობა ასეთია: "ეს მოდურია, ეს სტილურია, ეს ამა თუ იმ პოპულარულმა პერსონაჟმა გააკეთა. მე რატომ არ უნდა გავაკეთო?" ახალგაზრდებს არ ჰყოფნით მოწიფულობა იმისთვის, რომ გაიგონ თუ ტატუირებებს მოდის გამო გაიკეთებენ, ეს უბრალოდ უგუნურებაა: დღეს მოდა ერთია, ხვალ სხვა, ტატუირება კი რჩება. ამიტომაც ტატუირებული სხეული უძლურდება, ჩაჩანაკდება, ჭკნება, სიბერეში კი ყველა ეს ნახატი ისეთი უსახური და დამახინჯებული იქნება, როგორც მოხატულ-მოთხუპნული გვამი.
სხვა კატეგორია - არიან ისინი, ვინც შეგნებულად იკეთებს ტატუირებას. ამისი მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ეს არის ამგვარი სახით განსაზღვრული სოციალური ჯგუფისადმი საკუთარი კუთვნილების გამყარება, კუთვნილება მუსიკალური მიმართულებისადმი და თვითდამკვიდრება, რომელიღაც წრეებში აღიარების მოპოვების წყურვილი, სადაც ამგვარი ტატუირებები ავტორიტეტულია (მაგ.: ბაიკერების წრეში), ასევე მისწრაფება გამყარდე ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე და ა. შ. ჩვენს ქვეყანაში ტატუირებები ყოველთვის ასოცირდებოდა ციხის სუბკულტურასთან და საზოგადოების უარყოფით რეაქციას იწვევდა. ამგვარი ტატუირებების არსებობა ადამიანს უსიტყვო დახასიათებას ანიჭებდა.
ციხის სუბკულტურაზე არ შევჩერდებით, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ პატირებში ტატუირებებს განსაკუთრებული აზრი და ენა გააჩნიათ, რომელიც ცალსახად გაიგება მათ სამყაროში. ტატუირებების გამოყენება სისხლის სამართლის დამნაშავეთა წრეებში უკიდურესად რეგლამენტირებულია, უზუსტობებმა აქ შეიძლება სერიოზული კონფლიქტები გამოიწვიოს.
დეკორატიული ტატუ არ ატარებს ამგვარ აზრობრივ დატვირთვას. მიუხედავად ამისა, მსგავსი "აქსესუარების" არსებობა გავლენას ახდენს მათი მატარებლების ცნობიერებაზე, ქმნის ფსიქოლოგიურ განწყობას, განსაზღვრავს ახალგაზრდების ქცევას. ტატუირებული ადამიანები, რომლებთან ურთიერთობამაც მოგვიწია, აღიარებდნენ, რომ სხეულზე წარწერებისა და ნახატების დატანების შემდეგ "შინაგანად რაღაც ხდება და რაღაც იცვლება". სხვაგვარად შეუძლებელია იყოს. გავიხსენოთ ფორმისა და შინაარსის დიალექტიკური ერთობის ფილოსოფიური პრინციპი: არ არსებობს არც ერთი მატერიალური სისტემა, რომელსაც არ ექნებოდა შინაარსი და ფორმა.
ტატუირება და შინაგანი სულიერი სამყარო
ფორმა შინაარსობრივია, ხოლო შინაარსი გაფორმებულია. არა მარტო ტატუირებები, არამედ ტანისამოსიც კი შეიძლება განსაზღვრავდეს ქცევას. ასე, მაგალითად, რუსეთში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სავალდებულოა მოსამართლის შემოსვა მანტიით. ეს ადამიანს გადასცემს მიმდინარე მოვლენის ან საზეიმო ან განსაკუთრებულობის განწყობას, მას განიცდიან როგორც თვით მოსამართლეები, ასევე სასამართლოზე დამსწრე პირებიც. იგივე შეიძლება ითქვას მღვდლებზე და მათ შესამოსელზე, ექიმებზე, პოლიციელებზე და ა. შ.
ამ კონტექსტში, ფორმასა და შინაარსზე მსჯელობისას გასაგები ხდება, რომ ტატუირების დატანება სხეულზე - ეს ყოველთვის არის საკუთარ თავზე შინაგანი მუშაობის გადასვლა გარეგან მორთულობაზე, რომელიც თავისებურად გაიგება. არცთუ იშვიათად ეს არის შინაგანი უძლურების გამოხატულება: ადამიანს არ გააჩნია სხვა საშუალება, რათა სხვის თვალში აამაღლოს საკუთარი პიროვნების ღირსება და მნიშვნელობა. ღმერთმა ადამიანს შემოქმედებითი ნიჭი უბოძა. ეს მოთხოვნილებაა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ის იძენს დამახინჯებულ ფორმას. თუ დავაკვირდებით, ყველა ტატუირებულ ადამიანს თვალებში ერთგვარი სევდა შეენიშნებათ ზეციურისა და მარადიულის მიმართ, ამგვარი ადამიანები უმეტესწილად საკუთარ თავში დაურწმუნებლები არიან, სულიერად გაღატაკებულნი და შინაგანად გამოფიტულნი არიან.
ამასთან დაკავშირებით მახსენდება საბჭოთა პერიოდში ათასგვარი ნახატებითა და წარწერებით შეურაცხყოფილი ტაძრები, რომლებიც ასევე გამოხატავენ ლოცვის ერთგვარ ფორმას. უსახური, ცოდვილიანი, მაგრამ მაინც გაუცნობიერებლად მარადიულთან დაკავშირებული ქმედება.
ერთხელ გავესაუბრე ადამიანს, რომელსაც ტატუ-სალონი ჰქონდა მოსკოვში. მან თქვა, რომ არცთუ იშვიათად გამოდის ფსიქოლოგის როლში, როდესაც მასთან მოდიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ადგილი ვერ უპოვიათ, ვერ შეუცვნიათ თუ რა უნდათ ამ ცხოვრებისგან, ვერ ჩამოყალიბებულან, თუ რა სახის ნახატი უნდათ დაიტანონ კანზე. ზოგიერთს გადავაფიქრებინეო, ამბობდა ეს პიროვნება. მაგალითად, მოზარდებს, რომლებსაც ყველას ჯინაზე სურდათ ტატუირების გამოხატვა სახეზე. "თქვენ არ მოგწონთ როგორი ვარ? - მაშ, შემომხედეთ, დღეიდან მიხილავთ ისეთს, როგორიც ახლა ვარ!"
ცხადია, რომ ამგვარ ვითარებაში არასაკმარისია ტატუ უბრალოდ ცოდვად გამოაცხადო, საჭიროა დასაბუთება. საჭიროა დახმარების ხელის გაწევა, ამისთვის კი საჭიროა სანაცვლოდ მეტად მნიშვნელოვანი რამის მიცემა.
უპირველეს ყოვლისა, მივუთითებთ, რომ ადამიანი - ღმრთის ქმნილებაა. ღმერთმა ყველაფერი "დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე" (დაბ. 1:13). შედეგად, სხეულში ცვლილებების შეტანა, მათ შორის ტატუირებებისა, - ღმრთის წინააღმდეგ მიმართული ამბოხია. წმ. პეტრე გალატიელის ცხოვრებაში არის ასეთი ეპიზოდი. მასთან განკურნების მიზნით მიდის დედაკაცი, რომელიც ნელსაცხებლებით არის მორთულ-მოხატული.
- რას იტყოდი, - უთხრა მას მხცოვანმა, - რომ გენახა ფერმწერი, რომელიც აფუჭებს დიადი მხატვრის ქმნილებას: დაიწყებს სახის გადაღებვას, რომელიც მის ავტორს შთაგონებით დაუხატავს, მიაღვრის საღებავებს, გაუშავებს წარბებს და წამწამებს?
ქალი მუხლებზე დაეცა და ტირილით შეევედრა ცოდვათა მიტევებას.
- გახსოვდეს, შვილო, - გააგრძელა მოძღვარმა, - თუ მხატვრისთვის არის შეურაცხმყოფელი ასეთი ჩასწორებები, მითუმეტეს ყოვლადბრძენი შემოქმედისთვის, რომელმაც საოცრად დაამშვენა ადამიანი და "დიდად როდი დაამცირა ანგელოზთა წინაშე" (ფსალმ. 8:6), დიადი მხატვრისთვის, რომელმაც შენ შენი სილამაზე მოგცა.
ქრისტიანისთვის ზნეობრიობის ობიექტურ კრიტერიუმს წარმოადგენს წმიდა წერილი - ღმრთის გამოცხადება ადამიანისადმი. თუ მას მივმართავთ, აღმოვაჩენთ, რომ მასში დაგმობილია არა მარტო ტატუირებები, არამედ ურცხვი ტანისამოსიცა და კოსმეტიკის გადამეტებული გამოყენებაც. ღმერთი წინასწარმეტყველ ისაიას პირით ამ ცოდვებისთვის შემდეგი სიტყვებით გვემუქრება: "სარკეებს, პერანგებს, თავსაბურველს და ხალათებს. სურნელების ნაცვლად აუვად სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი" (ისაია 3:23-24).
ასე იყო ჯერ კიდევ ძველაღთქმისეულ პერიოდში. ხოლო ქრისტიანებს ამგვარი ცოდვებისთვის ელის კიდევ უფრო დიდი განკითხვა. "თუკი მადლზე და ასეთ სახიერებაზე უწინარეს განიკითხებოდა ამგვარი საქციელი, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - რა გამართლება ექნებათ დღევანდელ ქალებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან ცისკენ და მეტი ღვაწლისკენ და, რომლებსაც ევალებათ ედრებოდნენ ანგელოზებს".
ეკლესია ადამიანის სხეულს სიწმიდედ და სულიწმიდის ტაძრად მიიჩნევს. მოციქული პავლე ბრძანებს: "ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს? რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა" (1 კორინთ. 6:19-20).
აქ ხაზს გავუსვამთ ორ პრინციპულ მომენტს. პირველი. ჩვენ საკუთარი თავისანი კი არ ვართ, ჩვენ - ღმრთისანი ვართ. ჩვენი სხეული, სრული აზრით, ჩვენ არ გვეკუთვნის, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაკადროთ მას ყველაფერი, რასაც კი მოვისურვებთ. მეორე, ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულნიც ვართ ვადიდოთ ღმერთი არა მარტო სულებში, არამედ ჩვენს სხეულებშიც. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ადიდებს თავის რჩეულ წმინდანთა სხეულებს უხრწნელებით და მათგან მომდინარე სასწაულებით. და ეს მოვლენები ერთგვარი მინიშნებაა, სიმბოლოა და სახეა ჩვენი მომავალი განღმრთობისა და იმ ზეციური დიდებისა, რომელიც გაგვეხსნება საყოველთაო აღდგომის შემდეგ. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ქრისტიანი უნდა ზრუნავდეს თავის სხეულზე და მას ღვთისმოშიშებით უნდა ეპყრობოდეს, "ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში" (ეფეს. 5:29).
შემდეგ, ადამიანის სხეული იკურთხება ეკლესიის მიერ ნათლისღების საიდუმლოში, მირონცხებაში, ზიარებაში, გაპატიოსნებაში. ქრისტიანი ნათლისღებაში "ქრისტეთი შეიმოსება" (გალატ. 3:27) და ყოველივეში "უნდა მივსდევდეთ მის კვალს" (1 პეტრე 2:21). და მსგავსად იმისა, როგორც ჩვენ ვერ წავაწერთ უჯერო და უხამს წარწერებს წმიდა ჭურჭლებს, ასევე დაუშვებელია იგივე ვაკადროთ ჩვენს სხეულებს.
ადამიანის სხეულის ეს კურთხევა ეფუძნება საღმრთო განკაცების უდიდეს საიდუმლოს, სიკვდილს, მკვდრეთით აღდგომას და ქრისტეს ამაღლებას. უფალმა მიიღო ადამიანური ხორცი, ის საკუთარ კუთვნილებად გადააქცია და განაღმრთო იგი, სახარების თქმით: "სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე" (იოანე 1:14). მის მიერ მიღებული ხორცით ამაღლდა ქრისტე ზეცად და "დაჯდა ღმრთის მარჯვნივ" (მკ. 1619). და რადგან უფალი ჩვენი იესუ ქრისტე სრული კაცი გახდა სულითაც და ხორცითაც, და სრულიად დაგვემსგავსა ჩვენ, გარდა ცოდვისა, ჩვენც, ვისაც მისი გვწამს, მოგვფენს მადლს თავისი ღმრთეებისგან და თავის ღმრთეებასთანვე გვანათესავებს. და მაშ, ჩვენ ქრისტიანებს, რომლებსაც გაგვაჩნია ესოდენი ნიჭები და აღთქმები, რომლებიც ველოდებით საყოველთაო აღდგომას მკვდრეთით, ნუთუ საკუთარი სხეულების შეურაცხყოფა გვმართებს ათასგვარი წარწერებითა და გამოსახულებებით?
რა უნდა ვუყოთ ტატუირებებს, თუ ისინი უკვე აღბეჭდილია სხეულებზე?
რა უნდა ვქნათ, თუკი უკვე გაგვაჩნია ტატუირებები? ადამიანებისთვის, ვინც ეკლესიას ნათლისღებით უერთდება, ეს დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ შეიქნება.
პრაქტიკაში არსებობდა შემთხვევები, როდესაც მღვდლებმა არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ და ეკლესიისკენ მოქცეულთ ამ ტატუირებების ჩამოფხეკას სთხოვდნენ. მაგრამ ეს ძალიან ძვირი ჯდება და ყოველთვის შესაძლებელიც ვერ არის, თუმცა სასურველია. თუკი ადამიანი ნათლისღების შემდეგ შერყვნის თავის სხეულს ტატუირებებით, მან უნდა შეინანოს ჩადენილი ცოდვა და აიღოს განსაზღვრული ეპითიმია. მიგვაჩნია, რომ სწორად მოიქცევა ის მოძღვარი, ვინც ტატუირებულ ადამიანებს დაავალდებულებს ყოველთვის ატარონ ისეთი ტანისამოსი, რომელიც დაფარავს ამ წარწერებსა და ნახატებს. ამ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებმა კი უნდა დატოვონ ეს ინდუსტრია, როგორც ადამიანთა ცოდვაში ჩამგდები.
რჩება კიდევ ერთი საკითხი, ოღონდ ჯერ კიდევ ჰიპოთეტური: შეიძლება თუ არა ტატუირების მატარებელი ადამიანი გახდეს მღვდელმსახური? აქ გამოვთქვამთ ჩვენს კერძო აზრს, რომელიც კრებით განხილვას ითხოვს. ვფიქრობთ, რომ აქ შეიძლება ლაპარაკი იყოს ფიზიკური ხასიათის ხელდასხმაზე, რომელიც ხელდასასხმელი კანდიდატის სხეულებრივ არასრულყოფილებასთან არის დაკავშირებული. მსგავსად იმისა, როგორც არ იკურთხებიან კლერიკოსთა შორის საჭურისები (I მსოფლიო კრების 1-
ასეთია ჩვენი აზრი მოცემულ თემაზე. მისი დასრულება გვსურს წმ. მოციქულ პავლესეული მოწოდებით: "რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: "დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი"" (2 კორინთ. 6:16). "ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით" (2 კორინთ. 7:1).
წყარო: ruvera.ru