განმარტებანი - "არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის" - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
"არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის"
(იოანე 15:13)
ჯვრის ზიდვა
ფრაზა "არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული" გამოიყენება მაშინ, როდესაც საჭიროა ხაზი გაესვას იმას, რომ თავგანწირვა - ეს არის ყველაზე უდიადესი სათნოება. ეს გამონათქვამი ღრმა შეიჭრა ქრისტიანული ქვეყნების კულტურაში - როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში. სადაც გინდ წარმოითქმებოდეს საქებარი სიტყვები ადამიანების მიმართ, რომლებიც მოყვასთა დასაცავად თავიანთი მოვალეობის აღსრულების დროს დაიღუპნენ - იქნებიან ესენი მაშველები, პოლიციელები, სამხედროები და სხვა, - მათ საპატივცემოდ ყოველითვის ითქმის ეს ფრაზა, რომელიც აღებულია სახარებიდან და ეკუთვნის იესუ ქრისტეს.
 
ჩვენმა მაცხოვარმა ეს სიტყვები წარმოთქვა საიდუმლო სერობაზე, ჯვარცმის წინ, უკანასკნელ ვახშამზე მოციქულებთან. ფრაზა "არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული...." წმიდა წერილში გვხვდება მხოლოდ ერთხელ, კერძოდ იოანეს სახარების 15-ე თავში. აი როგორ ჟღერს ის ახალქართულ და ძველქართულ ენაზე:
იოანე 15:12-15
 
ახ. ქართ.: "ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ? უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან".
 
ძვ. ქართ.: "რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ. უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს. თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ. არღარა გეტყჳ თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ".
ეს ფრაზა პირველი საუკუნიდანვე გახდა საეკლესიო ქადაგებებისა და სხვა ქრისტიანული ტექსტების კუთვნილება. მოგვიანებით ფრაზა: "არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული..." და მისი გაგრძელების ნაწილი - "თავისი მეგობრისთვის" - უფრო ვრცელი კონტექსტით გამოიყენებოდა. მათ იყენებდნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ ქრისტიანობასთან. სადღეისოდ "არავისა აქვს იმაზე მეტი სიყვარული..." - მრავალი წიგნის, ფილმის და მუსიკალური ნაწარმოების სახელწოდებაა: მაგალითად, 2010 წელს აშშ-ს კინოგაქირავებაში გამოვიდა ფილმი "No Greater Love" — მელოდრამა ქრისტიანული მოტივებით. აშშ-ში არსებობს ამავე სახელწოდების საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც უანგაროდ ეხმარება ახლობელი ადამიანების ხსოვის პატივისცემას, რომლებიც სამოქალაქო მოვალეობის აღსრულებისას დაიღუპნენ.
 
მაშ, რატომ არა აქვს არავის "იმაზე დიდი სიყვარული"? წმიდა წერილი გვიხსნის ფრაზის ახალ აზრს. არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე ღმრთის სიყვარულია, და იესუ ქრისტე ამ სიყვარულის უბადლო ნიმუშია: "როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ" (იოანე 15:12). თვით ქრისტე, იყო რა ერთ იპოსტასში ღმერთიც და კაციც, საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჯვარზე კაცთა მოდგმის საცხოვნებლად, და რაც განსაკუთრებით აღსანიშნია - არა მარტო მართალთა, არამედ ცოდვილთა საცხოვნებლად. როგორც წერილი ამბობს: "ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით (რომ. 5:8).
 
ქრისტეს მიერ დამოძღვრილნი და ქრისტიანული სულისკვეთებით აღზრდილი ადამიანები ყოველ საუკუნეში წირავდნენ თავს სხვათა კეთილდღეობისთვის. ამ მხრივ, ძველაღთქმისეული პერიოდიც არ ყოფილა გამონაკლისი. II ს-ში ქრისტეს შობამდე ცხოვრობდა მღვდელი ელეაზარი. როდესაც წარმართებმა დაიპყრეს იუდეა, აიძულეს იგი ეჭამა ღორის ხორცი ნიშნად იმისა, რომ უარყოფდა ღვთის სჯულს. მაგრამ ელეაზარმა უარყო ისინი. "მან ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი ამჯობინა და ნებაყოფლობით გასწირა საწამებლად თავი" (2 მაკაბ. 6:18-19).
 
მაშინ მას შეთავაზეს "ეჭამა საკუთარი ხელით დამზადებული ხორცი, ის, რისი ჭამაც ნებადართული იყო, თან თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს მეფის ბრძანებით შემოთავაზებულ სამსხვერპლო ხორცს ჭამდა" (2 მაკაბ 6:21). რათა ეს ენახათ ადამიანებს და ცდუნებულიყვნენ, მაგრამ ელეაზარმა აქაც მტკიცე უარით გაისტუმრა ისინი. ის მიიჩნევდა, რომ არ ჰქონდა უფლება ცუდი მაგალითი მიეცა სხვებისთვის თუნდაც გარდაუვალი სიკვდილის პირისპირ (2 მაკაბ. 6). ამიტომ "ელეაზარმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება - მის ასაკს, ღირსეულ ხანდაზმულობასა და სახელოვან ჭაღარას რომ ეკადრებოდა ... ჩვენს ასაკს თვალთმაქცობა არ ეკადრებაო, თქვა მან, რადგან ბევრი ახალგაზრდა გაიგებს, რომ ოთხმოცდაათი წლის ელეაზარი უცხო ტომთა მიმდევარი გახდაო, თავადაც, ჩემი თვალთმაქცობის წამხედვარე, ცთუნებას აჰყვება ხანმოკლე და ფუჭწარმავალი სიცოცხლისთვის, მე კი მოვაყივნებ და ჩირქს მოვსცხებ ჩემს ხანდაზმულობასო. ... ამიტომ, თუ ახლა ვაჟკაცურად გამოვეთხოვები სიცოცხლეს, მოხუცებულობის ღირსიც აღმოვჩნდებიო. ახალგაზრდებს კი კეთილშობილურ მაგალითს დავუტოვებ, ღირსეულად და მამაცურად შეეგებონ სიკვდილს დიდებული და წმინდა რჯულისთვისო. ესა თქვა და მაშინვე გაემართა საწამებლად" (2 მაკაბ. 6:23-28).
 
ქრისტიანობასთან ერთად მოყვასისთვის თავგანწირვა სიყვარულის მცნების შემადგენელი ნაწილი გახდა. მოციქულმა იოანე ღვთისმეტყველმა, რომელმაც თავის სახარებაში ჩაწერა ქრისტეს გამონათქვამი ყველაზე უდიადეს სიყვარულზე, თვითონ აჩვენა ამგვარი სიყვარულის მაგალითი. ერთხელ მან გაიგო, რომ მის მიერ ღმრთისკენ მოქცეული ეფესელი ყმაწვილი ლოთობას და გარყვნილებას მიძალებულიყო და ბოლოს ავაზაკთა ბანდის მეთაურიც გამხდარიყო. იოანემ, საფრთხისდა მიუხედავად, მთებს მიაშურა დაკარგული სულიერი შვილის საძიებლად და იპოვა. სირცხვილის გამო ავაზაკი გაქცევას შეეცადა, მაგრამ, როდესაც იოანემ შესძახა, რომ თავის სულს დადებდა მისი გულისთვის, ცოდვილი გონს მოეგო და ცრემლებით შეინანა თავისი განდგომა ღმრთისგან.
 
ღმერთი ყველა ეპოქაში და ყველა დროებაში აძლევს ადამიანებს ჩაიდინონ გმირული და თავგანწირული საქციელი. კაცობრიობის ისტორია სავსეა ქრისტიანთა თავგანწირვით, როდესაც ისინი საკუთარ სიცოცხლეს თმობენ მოყვასის გადასარჩენად.
 
ამრიგად, ფრაზა "არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის" ... ამტკიცებს, რომ თავგანწირვა - უმაღლესი სათნოებაა. სახარებაში, ქრისტეს მცნება იმის შესახებ, თუ რომელი სიყვარულია ქვეყნად ყველაზე უმეტესი, მეტყველებს ღმრთისადმი მსგავსებაზე თავგანწირვის გზით.

საიტი "აპოკალიფსისი".

მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2023 წ.

Назад к содержимому