განმარტებანი - არ შემიძლია მიტევება, - რა ვქნა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
არ შემიძლია მიტევება, - რა ვქნა?

(მოძღვრის პასუხი მორწმუნეთა კითხვაზე)
მიმტევებლობა
ყველამ კარგად ვიცით, რომ მიმტევებლობა ერთ-ერთი უძირითადესი ქრისტიანული მცნებაა. უფლის მიერ ბოძებულ ლოცვაში "მამაო ჩვენო", არის სიტყვები: "მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებდა მათ ჩვენთა". მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნენი თავიანთ ლოცვებში ყოველდღიურად იმეორებენ ამ სიტყვებს და უფალს ცოდვათა მიტევებას ევედრებიან, გულში მაინც რჩება მიუტევებლობის გრძნობა იმ ადამიანთა მიმართ, ვისგანაც გულნატკენნი ვართ. როგორ მოვიქცეთ, როდესაც გონებით ვიცით, რომ აუცილებელია მიტევება, მაგრამ გული ამას ყოველმხრივ ეწინააღმდეგება?

უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი წყენა - თავმომწონეობისა და ამპარტავნებისგანაა. ამიტომაც, თავდაპირველად დავიწყოთ ლოცვა იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე, ვინც წყენა მოგვაყენა. ამის შედეგად, როგორც გამოცდილება აჩვენებს, მოყენებული გულისტკენა შარშანდელი თოვლივით დნება.

მაგრამ, წყენაც არის და წყენაც. ზოგჯერ ადამიანი საკუთარ თავზეც არის ნაწყენი. მაგალითად, ზოგს საკუთარი თავისთვის ვერ უპატიებია ესა თუ ის შეცდომა; ან იხსენებს, როგორ ატკინა გული ახლობელ ადამიანს, რომელსაც ჯეროვანი სიყვარული და პატივი ვერ მიაგო. ეს გავრცელებული მოვლენაა, განსაკუთრებით რომელიმე ახლობელის გარდაცვალების შემდეგ.

ისეც ხდება, რომ გულნატკენნი არიან იმათზე, რომლებიც უკვე ცოცხლები აღარ არიან, და დიდი ხნის გარდაცვლილებს ვერ პატიობენ. ასეთ შემთხვევაში ხშირად გულისტკენა იბუდებს მშობელთა, განსაკუთრებით დედის მიმართ. გსმენიათ ალბათ, თუ როგორ ვერ პატიობს ესა თუ ის ადამიანი თავის დიდი ხნის გარდაცვლილ მეუღლეს, - ის მოკვდა, თვითონ კი მარტო დარჩა ცხოვრებისეულ პრობლემებთან. როგორ ან რატომ დატოვა მან ის ასე მიუსაფრად?! - ეს მარტოობისა და უსასოობის ტრაგედიაა.

რა თქმა უნდა, განაწყენებულნი ვხდებით მათ მიმართაც, ვინც ჯერაც ცოცხალია და ჯანმრთელია. განაწყენებულნი ვართ და არ გვესმის, რომ მთელი ამ ჩვენი წყენების შინაგანი ნეგატივი თავს ემსხვრევა არა იმას, ვის მიმართაც ვართ ნაწყენნი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავად ჩვენ. რა აზრი აქვს ნაწყენი იყო იმ ადამიანზე, ვინც უკვე დიდი ხანია საფლავშია? ან მე გულში წყენა ჩავიდე ახლობელზე, მან კი ამის შესახებ არაფერი იცის, ცხოვრობს სხვა ქალაქში, მე სრულიად დამივიწყა და არც მიხსენებს, მე კი ვერაფრით ვერ ვმშვიდდები. აქედან მომდინარეობს ზოგიერთი დაავადებაც: დეპრესია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ვიდრე ონკოლოგიურ დაავადებებამდე.

ჩვენი წყენა - თავმოყვარეობისგან და ამპარტავნებისგანაა. რა ვქნათ, როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს? უპირველეს ყოვლისა დახმარება უნდა ვთხოვოთ უფალს და ვილოცოთ მათზე, ვიზეც გულნატკენნი ვართ. მიცვალებულზე ბრაზობ? - ილოცე მისი განსვენებისთვის, მიეცი ტაძარს შეწირულობა მის სახელზე და სანთელი აუნთე. იგივე ითქმის ცოცხლებზეც. დაიწყეთ ლოცვა მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ამის შემდეგ ყოველგვარი წყენა შარშანდელი თოვლივით გაქრება. გეეჭვებათ? - თავად შეამოწმეთ.

საზოგადოდ კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ სხვათა დანაშაულის მიტევებას ვიწყებთ მაშინ, როდესაც სულიერად განმტკიცებულნი და ამაღლებულნი ვართ. ოღონდ, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ მიტევება ასე ადვილადაც არ გვეძლევა. ზოგჯერ წლებია საჭირო, ვინმეს რომ აპატიო. და ძნელია საჭირო სიტყვების მოძებნა მათთვის, ვისაც მიტევება არ შეუძლია.

მიტევებას ვიწყებთ მაშინ, როდესაც სულიერ მოწიფულობაში წარვემატებით, როდესაც განცდილ მოვლენებსა და განვლილ ცხოვრებას ახლებურად ვუმზერთ. დიახ, ჩვენ რომელიღაც ვითარებაში უსამართლოდ, ბოროტად, საძაგლად მოგვექცნენ, მაგრამ ჩვენს გვერდით ყოველთვის იმყოფება უფალი. მას ხელჩაჭიდებული დავყავართ ამ ეკალ-ბარდებიან გზაზე, რათა ჩვენი სული უფრო დაბრძენდეს, რათა ამ მაცთური წუთისოფლის ილუზიებით არ ვიკვებებოდეთ, არამედ ვქმნიდეთ მართლაც რაიმე ღირებულს, რომელიც არასოდეს გარდახდება.

ყოველი მძიმე ვითარება ჩვენს ცხოვრებაში, ყოველი განსაცდელი დაშვებულია უფლის მიერ. ის იმისთვის გვეძლევა, რომ მივიღოთ გაკვეთილი და საჭირო დასკვნები გავაკეთოთ. მრავალი გაკვეთილი მძიმეა, მაგრამ კვლავ გავიმეორებ, უფალი ყოველთვის გვერდითაა და ხელჩაჭიდებული გვატარებს ცხოვრების რთულ გზებზე. ის ყოველთვის გვიჩვენებს გამოსავალს ამ რთული ვითარებიდან და ჩვენს სულებს განსაცდელთა გავლით ასპეტაკებს.

ამასთან, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: წყენა - ეს არის იმგვარი გრძნობა, რომელიც შიგნიდან ღრღნის ადამიანს. მიუტევებლობა - ეს ჩვენი წამებაა, ეს იგივეა, ადამიანმა უბეში გავარვარებული ნაკვერჩხლები რომ ჩაიყაროს. ასე იტანჯება ის, ვისაც მიტევება არ შეუძლია. და არ ვპატიობთ ჩვენ სწორედ ჩვენი უძლირებისდა გამო. მიტევება სულიერ გაძლიერებასთან ერთად იწყება. სულიერი ამაღლება შესაძლებელს ხდის მიტევებას.

მიტევებას კიდევ ვიწყებთ მაშინ, როდესაც შევწყვეტთ გარესამყაროს შეფასებას საკუთარი მოწყვლადობის პოზიციიდან: "მე არავინ დამეხმარა", "შემპირდნენ, მაგრამ არ შეასრულეს", "მომატყუეს, მიღალატეს". ეს არის ეგოისტის პოზიციები, რომელიც, როგორც რომელიღაც მეფეს, სურს გაასამართლოს და დასაჯოს თავისი ქვეშევრდომები. მაგრამ, ჩვენ მეფეები როდი ვართ, ჩვენ ეგოსიტები ვართ, და იმიტომაც ვერ ვპატიობთ სხვებს, რომ ყველას მხოლოდ გამორჩენის პოზიციიდან ვუმზერთ.

კიდევ მაშინ ვიწყებთ სხვათა მიტევებას, როდესაც ვხვდებით, რომ ჩვენს ირგვლივ ისეთივე უძლური ადამიანები არიან, როგორც ჩვენ. ისინიც ისეთივე შეცდომებს უშვებენ, როგორც ჩვენ. მაგრამ რატომღაც მარტო მათგან ვითხოვთ პატიებას და საკუთარ ცოდვათა შემჩნევა არც გვაწუხებს. ეს საშინელებაა. მხოლოდ მაშინ, როდესაც თვალი აგვეხილება საკუთარ ამაზრზენ უძლურებაზე, ვხვდებით, რომ ჩვენს სულშიც ფუთფუთებს სისაძაგლე, გამყიდველობა, მოტყუება და, რომ ჩვენც საკმაოდ ცდუნებადნი ვართ და ცოდვილები, - მაშინღა ვიგებთ, თუ რატომ განგვიდგნენ სხვა ადამიანები. იმიტომ, რომ ისინიც ისეთივე უძლურები არიან, როგორც ჩვენ, და ისინიც იმავე შეცდომებს უშვებენ, რასაც ჩვენ.

არ მიუტევო მოყვასს - ეს ნიშნავს კრუნჩხვაში იტანჯებოდე და გამოსავალს ვერ პოულობდე. მიტევება - ეს არის შენს გულში სიყვარულის გამარჯვება სიძულვილზე, მოწყალებისა  უმოწყალობაზე. ეს არის - თავისუფლება, რადგან თავისუფალია ის, ვინც არანაირად არის შეკრული რაიმე ბოროტი მოსურვებით. მიტევებას მოაქვს სიხარული. მიმტევებელი თავისუფლდება ტვირთისგან, რადგან მასაც მიეტევება თავისი ცოდვები, ქრისტეს სიტყვისამებრ: "მიუტევეთ და მოგეტევებათ" (ლუკა 6:37).

უნდა გვახსოვდეს, რომ უძლურებით ჩადენილ ცოდვასა და შეგნებულად ჩადენილ ცოდვას შორის უდიდესი უფსკრულია.

საქმე იმაშია, რომ აქ მოქმედებს ის კანონი, რომლის შესახებაც ეკლესიის წმიდა მამები განსჯიან, როდესაც უძლურებით ჩადენილ და შეგნებულად, წინასწარგანზრახვით ჩადენილ ცოდვებზე ლაპარაკობენ. ერთსა და მეორეს შორის დიდი უფსკრული ძევს. თუკი შეგნებული ცოდვა, ადამიანს უდავოდ წარწყმედს, უძლურების გამო ჩადენილი ცოდვა, რომელიც ადამიანს შეგნებული აქვს და შინაგანად ეწინააღმდეგება კიდეც, სულ სხვა მნიშვნელობისაა. ამგვარ ვითარებას ადამიანი თანდათანობით მიჰყავს მორჩილებამდე და სიკეთეში განმტკიცებამდე. როდესაც ადამიანს შეგნებული აქვს საკუთარი უძლურება და ელტვის მის დაძლევას, მაშინ, მიუხედავად დაცემებისა, მაინც მის საცხონებლად წარიმართებიან, თუკი, რა თქმა უნდა, შემცოდე ადამიანი შეიგნებს თავის დაცემებს და სინანულში არ დაუძლურდება. სწორედ ამ გზაზე ადამიანს მუდმივად შეეწევა ღმრთის მადლი.

ეს განსჯა სამართლიანია მიუტევებლობის მიმართაც. არაფერია იმაზე საშინელი, როდესაც ადამიანის გულს უძლურების გამო უცებ არ შეუძლია წყენის მიტევება. ჩვენ არა მარტო ამგვარ ცოდვებთან გვიწევს ბრძოლა, და ეს ბრძოლა გრძელდება წლობით და ზოგჯერ ათწლეულობითაც კი. აქ მთავარია ადამიანს გააჩნდეს მიტევების გულწრფელი სურვილი, ებრძოდეს ღვარძლიანობის ნებისმიერ გამოვლინებას და მუდმივად ევედრებოდეს უფალს ცოდვის დასაძლევად. თუკი ადამიანში, ამ და ნებისმიერი სხვა ცოდვის მიმართ, ეს სამი ძირითადი მომენტი ჯერაც მოქმედებს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის სწორ გზას ადგას, და როდესაც ღმერთი ინებებს, უეჭველად მიაღწევს გამარჯვებას.

და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვარძლიანობა და მიუტევებლობა ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანებს ბოროტი დემონები უმოწყალოდ ებრძვიან.

ზოგჯერ, სხვას რომ მივუტევოთ, საჭიროა საკუთარ თავზე სერიოზული მუშაობა, პრაქტიკული, ქრისტიანული ღვაწლი. წყენა რომ ამოვიღოთ გულიდან, უნდა ვილოცოთ მტრებზე, თანაც არა ფარისევლურად, "მოვალეობის მოხდის" მიზნით, არამედ გულწრფელად. ისეც ხდება, რომ ფიქრი იმაზე გული რომ გატკინეს მოსვენებას არ გაძლევს, გონებაში მუდმივად ეპაექრები იმას, ვინც გული გატკინა, - უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში დემონები ბოროტად აქეზებენ ადამიანს, არ აძლევენ მას მოსვენების შესაძლებლობას, მუდმივად უბიძგებენ კაცს გაბოროტებისა და გაღიზიანებისკენ. ამ შემთხვევაში მხოლოდ იესუს ლოცვის განუწყვეტელი კითხვა თუ შეგვეწევა: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". ყველა მოსაგრე ამ ლოცვით ებრძოდა აზრების ქარბუქს. გარდა ამისა საჭიროა ღმერთს ვთხოვოთ უნარი მიმტევებლობისა. როდესაც ლოცულობ, გაიხსენე საკუთარი ცოდვები, და მაშინ ნელ-ნელა მოვა შენთან არა მარტო გონებრივი შეგნება, არამედ გულითადი მიღება იმისაც, რომ ყოველი წყენა და განსაცდელი - ეს არის სასჯელი ჩვენი საკუთარი ცოდვებისთვის. მაშინ გულიც მოლბება და სიყვარულისთვის გაიხსნება, მაშინ ბოღმიანობაც განქარდება.

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

Назад к содержимому