სწავლანი > განმარტებანი
ადამის დასახლება ედემის ბაღში
წმ. იოანე ოქროპირის მეთოთხმეტე ჰომილია დაბადების წიგნზე.
1. დღევანდელ საკითხავშიც (დაბადების წიგნიდან) დიადი ძალა იფარება. ამიტომაც უნდა ჩავუღრმავდეთ მას, გულდასხმით განვიხილოთ ყოველივე და მისგან სარგებელი მივიღოთ. თუკი ზღვის ფსკერზე პატიოსანი თვლების მოპოვების მსურველებს დიდი შრომა და გაჭირვება შეხვდებათ, როდესაც წყალთა ნაკადებს მიანდობენ თავს, ოღონდაც კი ჰპოვონ, რასაც ეძებენ, მით უფრო გვმართებს ჩვენ, ყურადღება დავძაბოთ და გავჩხრიკოთ, თუ რა იფარება (წმიდა წერილის) სიტყვათა უფსკრულებში და, ამგვარად, პატიოსანი თვლებიც მოვიძიოთ.
მაგრამ, საყვარელო, ნუ შეკრთები, უფსკრულს რომ ვახსენებ; აქ წყლების უთავბოლო დინების ნაცვლად სულის მადლი დაგხვდება. იგი ანათლებს ჩვენს გონებას, საძებარის პოვნაში გვშველის და მთელ ამ შრომას გვიიოლებს. იმ პატიოსან თვალთა მოძიება მპოვნელს არცთუ ბევრ სარგებელს შესძენს, მათ ხშირად ზიანიც მოაქვთ და ურიცხვ ჭირთა მიზეზიც კი ხდებიან ხოლმე. მპოვნელი იმდენ სიხარულს ვერ მოიხვეჭს, რამდენადაც უსიამოვნებას შეხვდება ხოლმე, რადგანაც მოშურნეთა მზერას მიიპყრობს და ხარბ ანგარებისმოყვარეებს აიმხედრებს.
ამგვარად, ამ თვლების მოპოვებას არათუ არანაირი სარგებელი არ მოაქვს ჩვენთვის ცხოვრებაში, არამედ დიდი მტრობის აღმძვრელ მიზეზადაც ხდება. იგი ხარბი მომხვეჭელობის საგანია, ვერცხლისმოყვარეობის საკირეს აგზნებს და ტანჯავს (ამ ვნების) ერთგულთა სულებს. სულიერი სპეკალების გამო კი არ შეიძლება ამგვარი ზიანის შიში გვქონდეს. არამედ აურაცხელია მათგან მოძღვნილი სიმდიდრე, მით მოგვრილი სიხარულიც დაუჭკნობელია და შეუდარებლად აღემატება იმ სიამეს, რაც (ნივთიერ) ძვირფასეულობას მოაქვს. რას ამბობს დავითი:"გულისსათქმელ არიან უფროის ოქროსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად" (ფსალმ. 18:11) (ოქროსა და თვით ბაჯაღლოზე მეტად სასურველნი არიან). ხედავ განა, მან მიგვითითა ნივთიერებანი, უძვირფასესად რომ მიიჩნევა, და არ დაკმაყოფილდა ამგვარი შედარებით, არამედ დაურთო:ფრიად, და ამით ღვთის სიტყვის უპირატესობა გვიჩვენა. "გულისსათქმელ არიან უფროის ოქროსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად". თუმც ეს არ ნიშნავს, რომ ეს შედარება სრულიად აღწერს სურვილს ღვთის სიტყვის მიმართ; არამედ დავითი ხედავდა, რომ ადამიანები სწორედ ამ ნივთიერებებს ადებენ უმაღლეს ფასს, და გვიხსენა ისინი, რათა სულის სიტყვის უპირატესობა და უმაღლესი ფასეულობა ეჩვენებინა.
იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ საღვთო წერილს მუდამ წესად აქვს, მისგან მოძღვნილი სარგებელი გრძნობად ნივთებს შეადაროს და ამგვარად გვიჩვენოს საკუთარი აღმატებულება, ისმინე, რა მოსდევს უკვე ნათქვამს: "და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა". და აქაც ის როდი ითქმის, თითქოსდა (ღვთის სიტყვები) მხოლოდ ამდენად ტკბილი იყოს, ან მხოლოდ ისეთივე სიამე მოჰქონდეთ. მაგრამ რადაგანაც დავითი გრძნობად საგნებში სხვას ვერაფერს ხედავდა ისეთს, ღვთის სიტყვის სიტკბოებას რომ ედარებოდა, ამიტომაც ახსენა თაფლი და გოლეული; ამგვარად გააცხადა სულიერ სწავლებათა აღმატებულება და მათგან მოგვრილი უსასრულო სიტკბოება.
სახარება მოგვითხრობს, რომ იესუც ამ წესს მისდევდა, როდესაც იგი მოწაფეებს ესაუბრებოდა და მათ მოწადინეს შეეტყოთ, თუ რა აზრი იდო იგავში კეთილი თესლის მთესველსა და მტერზე, ვინც ღვარძლი დათესა ხორბალთან ერთად. იესუმ გამოწვილვით ახსნა იგავი და თქვა, თუ ვინ იყო კეთილი თესლის მთესველი, რა იყო ყანა და რა - ღვარძლი; განმარტა, თუ ვინ დათესა ის, თუ ვინ არიან მომკელნი და რას ნიშნავს მკა - ცხადად აუხსნა მათ ყოველივე (მთ. 13:24-30). მან თქვა: "მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა" (მთ. 13:43). მართალთ მხოლოდ მზის შესადარი ბრწყინვალება როდი შეხვდებათ - არა, ისინი ბევრად მეტს მოიპოვებენ; მაგრამ ქრისტემ ამგვარად იმიტომ თქვა, რომ ხილულ საგნებში შესადარებლად მზეზე უკეთესს ვერაფერს იპოვი.
ამგვარად, როდესაც ჩვენ ჩაგვესმება ამგვარი შედარებები, სიტყვებზე აღარ დავყოვნდებით, არამედ გრძნობადი და ხილული საგნების მეშვეობით სულიერ საგანთა განსაკუთრებულ აღმატებულებას დავასკვნით, და თუკი ამ გზით აქაც შესაძლოა, მოვიპოვოთ უდიდესი სიამე და უმაღლესი ტკბობა - რაკიღა ეს სიტყვები ღვთიური და სულიერია და სულისთვის უსაზღვრო სიხარულის მინიჭება ძალუძთ, - მაშინ დიდი გულისყურითა და მგზნებარე სურვილით მივუგდოთ ყური შემოთავაზებულ საუბარს, რათა აქ ჭეშმარიტი სიმდიდრე მოვიხვეჭოთ, მრავლად შევკრიბოთ ღვთისთვის სათნო განსჯისათვის საჭირო თესლი და შინ გავიყოლოთ.
2. მაშ, ყური ვუგდოთ, რა იქნა დღეს წაკითხული. ოღონდ დაძაბეთ გონება, მოიშორეთ დაფანტულობა, ყოველგვარი საზრუნავები და ისე ისმინეთ (წმიდა წერილის) სიტყვები. ეს ღვთიური კანონებია, ისინი ზეგარდმო ჩვენს დასახსნელად მოგვეცა. ხელმწიფის სიგელის კითხვისას სრული სიჩუმე ხომ ჩამოვარდება და ყველანაირი ხმაური და უწესრიგობა წყდება, რადგანაც ყველა გამახვილებული ყურადღებით დგას და სწადია შეიტყოს, რას აუწყებს სიგელი. ხოლო თუ ვინმე მცირედ მაინც ახმაურდება და კითხვის მდინარებას შეწყვეტს, მას დიდი ხიფათი დაემუქრება. მაშინ, მით უმეტეს, აქ უნდა იდგეთ შიშითა და თრთოლვით, სრული სიჩუმე დაიცვათ და აზრთა მღელვარებას ერიდოთ, რათა კიდევაც გაიგოთ ის, რასაც გთავაზობენ, და თანაც, მორჩილების წილ, ზეციური ხელმწიფისგან კიდევ მეტი ძღვენის ღირსი გახდეთ, ვნახოთ, თუ რას გვასწავლის დღესაც ნეტარი მოსე, ვინც საკუთარ აზრს კი არ გვამცნობს, არამედ სულის მადლის ჩაგონებით საუბრობს: "აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა", -
ამბობს იგი.
რა დიდებულად ახსენა ეს ორი სახელი სულ თავიდანვე! თქვა რა: უფალმა, არ დადუმებულა, არამედ დაურთო: ღმერთმა, და ამით რაღაც საიდუმლო და დაფარული გვასწავლა, რათა გვცოდნოდა, რომ ამ სახელებს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს. ეს ფუჭად არ აღმინიშნავს. იმისთვის ვთქვი, რომ, როდესაც ჩაგესმება პავლეს სიტყვები: ერთ არს ღმერთი მამაი, რომლისაგან არს ყოველი... და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი (1 კორ. 8:6), არ იფიქრო, თითქოსდა განსხვავება იყოს ამ წოდებებს შორის და თითქოსდა ერთი მეორეს აღემატებოდეს.
წმიდა წერილი ამ სახელებს ერთმანეთისგან განურჩევლად იმიტომაც იყენებს, რომ შედავების მოსურნეებმა მართალ დოგმებთან საკუთარ გამონაგონთა შეზავება ვერ შეძლონ. ხოლო იმის დასტურად, რომ საღვთო წერილი ამ სახელთაგან არცერთს არ იყენებს საგანგებო და გამორჩეული მნიშვნელობით, ყურადღება მიაქციე ზუსტად იმას, რას გვეუბნება ამჯერად.
აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა - ამბობს იგი. ვისზეა ეს ნათქვამიო? - ფიქრობს ერეტიკოსი. მხოლოდ მამაზე? კეთილი, მასინ ისმინე, რას ამბობს პავლე: ერთ არს ღმერთი მამაი, რომლისგან არს ყოველი... და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი. ხედავ, როგორ მიაკუთვნა სახელი "უფალი" ძეს? ან კი რად შეიძლება ვთქვათ, თითქოსდა წოდება "უფალი" აღემატებოდეს სახელს "ღმერთი"? ხედავთ, რა სისულელეა, რა საშინელი მკრეხელობაა! ვისაც არ სურს, საღვთო წერილის წესს მისდიოს, არამედ საკუთარ დასკვნებს ასხამს ფრთებს, იგი საკუთარ გონებასაც აშფოთებს და მართლმადიდებლური დოგმატების შესახებაც სწავლებაშიც უსასრულო დავა და სიტყვათჭიდილი შეაქვს.
აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. აი როგორ ზრუნავს იგი მის მიერ შექმნილ ადამიანზე! გუშინ ნეტარმა მოსემ მოგვითხრო, რომ უფალმა ღმერთმა ბაღი (სამოთხე) გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი (დაბ. 2:8), ანუ კეთილინება, რომ ადამიანს იქ ეცხოვრა და სამოთხით დამტკბარიყო. დღეს იგი კვლავ გვიჩვენებს ღმერთის ენითუთქმელ სიყვარულს ადამიანის მიმართ და იმეორებს უკვე ნათქვამს: აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა იგი სამოთხეში უზრუნველი ცხოვრებისათვის(მ. 15). თქვა არა მხოლოდ: "სამოთხე", არამედ დაურთო: "საშვებელი", ანუ უზრუნველი, განსაცხრომელი, რათა ეჩვენებინა ჩვენთვის ის სიტკბოება, რომელიც იქ მცხოვრებ ადამიანს ერგებოდა.
მაგრამ, რომ ამბობს: აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა სამოთხეში უზრუნველი ცხოვრებისთვის, მოსე დაურთავს: მის დასამუშავებლად და დასაცავად. ესეც უფლის დიდ მზრუნველობაზე მეტყველებს. რადგანაც სამოთხეში ცხოვრება ადამიანს სრულ ნეტარებას ანჭებდა, ჭვრეტით მოგვრილ კმაყოფილებას საზრდოს მიღების სიამე ერთვოდა. ამიტომ, ადამიანი გადამეტებული მოსვენებისგან რომ არ გარყვნილიყო (ნათქვამია, მრავალი ბოროტება უსწავლებია მცონარობასო (ზირ. 33:28)), ღმერთმა მას სამოთხის "დამუშავება" და "დაცვა" დაავალა. იტყვიან, განა სამოთხეს ადამიანისგან დამუშავება ესაჭიროებოდა? ამას როდი ვამბობ, მაგრამ ღმერთს სურდა, რომ ადამიანს ბაღის დაცვასა და დამუშავებაზე ეზრუნა, თუმც მცირედ და ზომიერად. შრომისგან სრულიად თავისუფალი რომ ყოფილიყო, სრული განცხრომის მქონეს, უზრუნველობა დარევდა ხელს. მაგრამ თუკი უმტკივნეულო, გაუჭირვებელ შრომას შეუდგებოდა, უფრო უმანკო შეიძლებოდა ყოფილიყო. ამასთან, სიტყვა "დასაცავად" ტყუილად როდია გამოყენებული, არამედ მორგებულია სათქმელს, რათა ადამიანს ცხადად ჰქონოდა შეგნებული, რომ ემორჩილება მეუფეს, ვინც ამგვარი განცხრომა უბოძა, მაგრამ, ამასთან ერთად, სამოთხის დაცვაც დააკისრა.
ღმერთი ყველაფერს ჩვენს სასიკეთოდ სჩადის, მაგრამ, ამასთანავე, განცხრომას და სიმშვიდესაც გვაძლევს. თუკი მან, თავისი უკიდეგანო კაცთმოყვარებით, გამოუთქმელი სიკეთე გაგვიმზადა ჯერ კიდევ ჩვენს შექმნამდე, როგორც თავად ამბობს: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით (მთ. 25:34), მაშინ, რასაკვირველია, უხვად მოგვიძღვნის ყველა ამქვეყნიურ სიკეთეს.
3. მას მერე, რაც შექმნილ ადამიანს ამდენი სიკეთე მიანიჭა, უპირველესად, არყოფნიდან ყოფნაში ამოიყვანა და ინება მისი სხეულის შექმნა პეშვი მიწისგან, შემდეგ კი, ჩაბერვით, უმნიშვნელოვანესი რამ, უსხეული სული შესძინა, რის შემდეგადაც სამოთხის გაჩენა ინება და კაცი იქ დაასახლა - ყოველივე ამის მერე უფალმა ღმერთმა, იმ მოყვარული მამის დარად, ვინც კმაყოფილებაში და უზრუნველობაში აღზრდილი ყმაწვილი ძისათვის იოლ და ზომიერ სამუშაოს იგონებს, რათა ძე არ წაუხდეს, უბრძანა ადამს: დაემუშავებინა და დაეცვა სამოთხე, რათა ამ ორი საქმიანობით მას გარკვეული ზღუდე შექმნოდა უდიდეს უზრუნველობაში, უსაფრთხოებასა და სიმშვიდეში, რაც მის გადაჭარბებულ სურვილებს შეაკავებდა.
ამრიგად, მრავალი სიკეთე მიეცა პირველქმნილს, ხოლო ის, რაც შემდგომ დამატებით მიენიჭა, კვლავ გვიცხადებენ უდიდეს და არაჩვეულებრივ სიყვარულსა და ზრუნვას, რაც ღმერთმა გამოუჩინა მისი სახიერებით.
რა არის წერილში ნათქვამი? ამცნო უფალმა ადამს და უთხრა. აქ გაოცება უნდა მოგგვაროს ღმერთის გაუგონარმა კაცთმოყვარებამ, რომელიც ამ მოკლე გამონათქვამში გაგვეცხადება: "ამცნოო", ნათქვამია. ნახე, რა პატივი მიაგო ღმერთმა ადამიანს სულ თავიდანვე! არ წერია: უბრძანა, არამედ: "ამცნო". როგორც მეგობარი ესაუბრება მეგობარს და ამცნობს რაღაც აუცილებელ სათქმელს. ასევე ეპყრობა ღმერთიც ადამს, თითქოსდა სურს, ამგვარი პატივის მიგებით ის მიცემული მცნების აღსრულებისთვის აღძრას.
ამცნო უფალმა ღმერთმა ადამს, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამოთ, რადგა, როგორც კი შეჭამთ, მოკვდებით (დაბ. 2:16-17). იოლად აღსასრულებელი მცნებაა, მაგრამ, უდიერობა - აი, რა წარმოადგენს უდიდეს ბოროტებას, საყვარელო! ის იოლს ძნელად გვიქცევს, ისევე, როგორც მონდომება და ყურადღება ძნელსაც იოლად გვიხდის. მითხარ, რა უნდა იყოს ამ მცნებაზე იოლი აღსასრულებელი? რა არის ამ პატივზე უფრო მაღალი? ღმერთმა ადამს ნება დართო, სამოთხეში ეცხოვრა, სანახავთა მშვენეიერებით დამტკბარიყო, მით მზერა დაეტკბო, ხოლო ნაყოფის მირთმევით უდიდესი სიამე ენახა. დაფიქრდი, რა ტკბობა იქნებოდა ნაყოფით დახუნძლული ხეების, ნაირგვარი ყვავილების, ბალახების, ფოთლების და ყოველივე იმის ჭვრეტა, რაც კი შეიძლება იყოს სამოთხეში, თანაც, ღმერთის მიერ გაშენებულში!
საღვთო წერილში ადრე ნათქვამია: და კვლავ აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი (დაბ. 2:9), რათა გვცოდნოდა, რა სიუხვით სარგებლობდა ადამიანი, როცა, თავისი დიდი თავშეუკავებლობის და დაუდევრობის გამო, ქედმაღლურად მოეკიდა მისთვის მიცემულ მცნებას. წარმოიდგინე, საყვარელო, რა მაღალი პატივის ღირსი გახადა იგი ღმერთმა: უძღვნა გამორჩეული, მისთვის განკუთვნილი ტრაპეზი სამოთხეში, რათა არ ეფიქრა, თითქოსდა პირუტყვებსა და მას ერთნაირი საზრდო ჰქონოდეთ, არამედ მეფესავით ეცხოვრა სამოთხეში, დამტკბარიყო იქაური სიამეებით და, როგორც მეუფე, გამორჩეული ყოფილიყო მასზე დაქვემდებარებულთაგან. გამორჩეული ცხოვრება ჰქონოდა.
ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამოთ, რადგან, როგორც კი შეჭამთ, მოკვდებით. ღმერთი ამით თითქოს ეუბნებოდა ადამს: "მე შენგან არაფერს ძნელსა და მძიმეს არ მოვითხოვ. ყველა ხის მოხმარების ნება მომიცია, ოღონდ გამცნობ, რომ არ შეეხო მხოლოდ ამ ერთს; მაგრამ სასჯელსაც დიდს ვაწესებ, რათა შიშმა მაინც შეგაგონოს და ჩემგან მოცემული მცნება დაიცვა". ასევეა ხოლმე, როდესაც გულუხვი მეპატრონე ვინმეს თავის ვრცელ სახლს ანდობს და, იმის ნიშნად, რომ ამ სახლის მფლობელი თავადვე რჩება, იმ ადამიანს მცირე რამ საფასურის გადახდას უწესებს; ჩვენმა კაცთმოყვარე ღმერთმაც ადამს ნება დართო, სამოთხეში ყველაფრით ესარგებლა და მხოლოდ ერთი ნაყოფის ჭამისგან შეეკავებინა თავი, რათა კაცს სცოდნოდა, უფლის ქვემორე რომ იდგა, რომ მას უნდა დამორჩილებოდა და მისი ბრძანებები აღესრულებინა.
4. ვის შეუძლია, სათანადოდ გაიოცოს ყოველთა მეუფის სიხუვე? ადამიანს ჯერაც არაფერი გაუკეთებია, და რა სიკეთეების ღირსს ხდის მას! სამოთხის ხეების ნახევარი როდი დაუთმო დასატკბობად, არც მათი დიდი უმრავლესობის ნაყოფი აუკრძალავს და მხოლოდ დანარჩენი მიუცია სახმარად; სამოთხის ყველა ხის ნაყოფის მიღების ნება დართო, მხოლოდ ერთისგან უბრძანა თავშეკავება. რითაც ცხადი ხდება: ასე მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ადამიანს სცოდნოდა, თუ ვინ იყო ამ უდიდეს სიკეთეთა მიზეზი. ყველაფერთან ერთად ღვთის სახიერება განჭვრიტე იმაშიც, თუ რა პატივი დასდო მან დედაკაცს, ვინც ადამისგან შეიქმნა. როდესაც ქალი ჯერაც არ შექმნილიყო, ღმერთმა თითქოსდა ორ ადამიანს ამცნო: მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამოთ, რადგან, როგორც კი შეჭამთ, მოკვდებით.
ამგვარად, წინასწარ და თავიდანვე გვიჩვენებს, რომ ქმარი და ცოლი ერთ არსებას შეადგენენ, როგორც პავლეც გვეუბნება: ქმარი არს თავ ცოლისა(ეფეს. 5:23). ამიტომაც თითქოსდა ორს ესაუბრება, რათა მერე, როდესაც მისგან დედაკაცს შექმნის, ადამს გაუჩნდეს მისწრაფება, ქალსაც შეატყობინოს ღმერთის მიერ მიცემული მცნება.
ამგვარად, წინასწარ და თავიდანვე გვიჩვენებს, რომ ქმარი და ცოლი ერთ არსებას შეადგენენ, როგორც პავლეც გვეუბნება: ქმარი არს თავ ცოლისა(ეფეს. 5:23). ამიტომაც თითქოსდა ორს ესაუბრება, რათა მერე, როდესაც მისგან დედაკაცს შექმნის, ადამს გაუჩნდეს მისწრაფება, ქალსაც შეატყობინოს ღმერთის მიერ მიცემული მცნება.
ვიცი, რომ არკძალული ხის საკითხი ძალიან ბევრს აფიქრებს: ბევრი უგუნური მოლაყბე ბედავს, ადამიანის ბრალი ღმერთს დააკისროს. ასე ამბობენ: რად მისცა ღმერთმა კაცს ამგვარი მცნება, როდესაც იცოდა, რომ ადამი დაარღვევდა მას? ან: რად ბრძანა, ეს ხე ყოფილიყო სამოთხეში? - და ბევრ სხვასაც იტყვიან. მაგრამ, ამის ახსნას ახლა არ შევუდგებით - მცნების დარღვევის ამბის წაკითხვამდე - არამედ მივყვებით ნეტარი მოსეს ნაამბობს, და როდესაც ამ ადგილს მივადგებით, სათანადო დროს ამის შესახებაც მოგახსენებთ, რასაც ღვთის მადლი ჩაგვაგონებს. და განგიმარტავთ წმიდა წერილის ჭეშმარიტ აზრს, რათა თქვენ სწორად გაიაზროთ დაწერილი, სათანადო დიდება აღუვლინოთ უფალს და დაცემული ადამიანის ცოდვა უდანაშაულო ღმერთს არ გადააბრალოთ.
ახლა კი ჯერჯერობით დღევანდელი საკითხავის მომდევნო სიტყვები განვიხილოთ. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა(დაბ. 2:18). ნახე, ვით არ ცხრება სახიერი უფალი, არამედ სიკეთეს სიკეთეს ურთავს, მადლზე მადლს უმატებს, სურს, ყველანაირი პატივით შემოსოს ეს გონიერი არსება, პატივის მიგებასთან ერთად კი ცხოვრებაც უფრო მოსახერხებელი გაუხადოს. ნათქვამია: თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა; შევუქმნათ მას შემწე, მისი შესაფერი. აი, აქაც გვხვდება სიტყვა "შევუქმნათ". ვის ეუბნება? არა რომელიმე შექმნილ ძალას, არამედ მისგან დაბადებულს, საოცარ მრჩეველს, მბრძანებელს, სამყაროს ბატონს, მხოლოდშობილ ძეს მისას. რათა ადამს სცოდნოდა, არსება, რომელიც შეიქმნებოდა, მისი თანაბარი იქნებოდა ღირსებით, ამის გამო ღმერთი, როგორც ადამის შექმნისას წარმოთქვა "შევქმნათ", ახლაც ამბობს: შევუქმნათ მას შემწე, მისი შესაფერი.
მრავალმნიშვნელოვანია ეს ორი გამოთქმა: "შემწე" და "მისი შესაფერი". არ მსურსო, ამბობს, რომ მარტო იყოსო იგი, არამედ ჰქონდეს მას რაღაც ნუგეში სხვებთან ურთიერთობისაგან, ამიტომ საჭიროა, შევუქმნათ მისი მსგავსი შემწე, ანუ დედაკაცი. აი, რად იყო, რომ ღმერთმა, როდესაც თქვა,გავუჩინოთ მას შემწე, დაურთო: მისი შესაფერი, რათა შენ, როდესაც ნახავ, თუ ვით მოჰყავთ ადამთან ყველა ნადირი და ზეცის ფრინველები, არ იფიქრო, თითქოსდა ეს სიტყვები მათზე იყოს ნათქვამი. თუმც მრავალი პირუტყვი ეხმარება შრომაში ადამიანს, მათგან არცერთი არ უტოლდება გონიერ დედაკაცს. ამიტომ სიტყვებს: შემწე, მისი შესაფერი მოსდევს: და გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა; რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა(დაბ. 2:19). ეს კეთდება არა ტყუილუბრალოდ, არამედ მათ მოდევნებულ მოვლენათა გათვალისწინებით. ღმერთი მათ წინასწარ ჭვრეტს და გვიჩვენებს, თუ რაოდენ დიდი სიბრძნე მიჰკერძა მისგან შექმნილ კაცს, რათ, როდესაც ღვთის მიერ დადებული მცნება დაირღვა, არ იფიქრო, თითქოსდა ადამიანმა უემცრებით დაარღვია იგი, არამედ იცოდე, რომ მისი დაცემა დაუდევრობის შედეგია.
5. ადამს რომ უდიდესი სიბრძნე ჰქონდა მიცემული, ამაში შეგიძლია დარწმუნდე იმით, რაც წმიდა წერილშია აღწერილი. და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. ღმერთი ამას სჩადის, რათა ადამის დიდი სიბრძნე გვიჩვენოს. და კვლავ: რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. თუმცა ეს მხოლოდ იმისთვის კი არ ხდება, რომ ჩვენ ადამის სიბრძნე დავინახოთ, არამედ იმიტომაც, რომ სახელთა დარქმევაში მეუფების ნიშანიც ჩანს. ადამიანებსაც სჩვევიათ, მონების ყიდვისას საკუთარი ძალაუფლება მათთვის სახელების შეცვლით გამოხატონ. ასევე, ღმერთიც აიძულებს ადამს, რომ მან, ვით მეუფემ, სახელი დასდოს პირუტყვებს.
საყვარელო, ნუ დავტოვებ ამ სიტყვებს უყურადღებოდ, არამედ დაფიქრდი, თუ რა სიბრძნე იყო საჭირო იმისთვის, რომ სახელი დაერქმია ამდენი ჯიშის ფრინველისთვის, ქვეწარმავლისთვის, ნადირისთვის, საქონელისთვის და სხვა პირუტყვებისთვის, თვინიერისა თუ ველურისთვის, წყალში მცხოვრებთათვის, მიწიდან ამომავალთათვის; თანაც, საკუთარი, თითოეული ჯიშის შესაფერისი სახელი!
რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. ხედავ, რა სრული ძალაუფლება გააჩნია? ხედავ მბრძანებლობის ძალას? დაფიქრდი იმაზეც, რომ ლომები, ავაზები, იქედნები, მორიელები თუ გველები, აგრეთვე სხვა, უფრო დაუნდობელი მცხეცები, ეახლნენ ადამს, ვით ბატონს, თვინიერად და მორჩილებით, რათა სახელი მიეღოთ მისგან, და ადამი არცერთ ამ მხეცს არ შეუშინდა. ასე რომ, აუგს ნუ იტყვი ღმერთის მიერ შექმნილზე, ნუ დაშვრება შენი ენა შემოქმედის, ან, უკეთ, შენი საკუთარი თავის განსაქიქებლად, და ნურასოდეს წარმოთქვამ ამ უგუნურ სიტყვებს: "რად შეიქმნა ნადირი?" სახელების დარქმევა ცხადად გიჩვენებთ, რომ მხეცები, შინაურ ცხოველთა მსგავსად, აღიარებდნენ საკუთარ მონობას და ადამიანის ბატონობას. მათთვის დარქმეული სახელები დღემდე უცვლელი რჩება: უფალმა ასე დაადგინა, რათა მუდამ გვახსოვდეს პატივი, რომელიც ადამიანს მიენიჭა ყოველთა უფლისგან და რამაც მას ცხოველები დაუმორჩილა; ხოლო ამ პატივის ჩამორთმევის მიზეზს მივაწერდეთ თავად ადამიანს, ვინც ცოდვის გამო დაკარგა თავისი ძალაუფლება.
რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. ხედავ, რა სრული ძალაუფლება გააჩნია? ხედავ მბრძანებლობის ძალას? დაფიქრდი იმაზეც, რომ ლომები, ავაზები, იქედნები, მორიელები თუ გველები, აგრეთვე სხვა, უფრო დაუნდობელი მცხეცები, ეახლნენ ადამს, ვით ბატონს, თვინიერად და მორჩილებით, რათა სახელი მიეღოთ მისგან, და ადამი არცერთ ამ მხეცს არ შეუშინდა. ასე რომ, აუგს ნუ იტყვი ღმერთის მიერ შექმნილზე, ნუ დაშვრება შენი ენა შემოქმედის, ან, უკეთ, შენი საკუთარი თავის განსაქიქებლად, და ნურასოდეს წარმოთქვამ ამ უგუნურ სიტყვებს: "რად შეიქმნა ნადირი?" სახელების დარქმევა ცხადად გიჩვენებთ, რომ მხეცები, შინაურ ცხოველთა მსგავსად, აღიარებდნენ საკუთარ მონობას და ადამიანის ბატონობას. მათთვის დარქმეული სახელები დღემდე უცვლელი რჩება: უფალმა ასე დაადგინა, რათა მუდამ გვახსოვდეს პატივი, რომელიც ადამიანს მიენიჭა ყოველთა უფლისგან და რამაც მას ცხოველები დაუმორჩილა; ხოლო ამ პატივის ჩამორთმევის მიზეზს მივაწერდეთ თავად ადამიანს, ვინც ცოდვის გამო დაკარგა თავისი ძალაუფლება.
დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ყველა ფრინველს და ველის ყველა ცხოველს (დაბ. 2:20). აქედან კი დაინახე, საყვარელო, კაცის თავისუფალი ნება და მისი გონების აღმატებულება, და ნუ იტყვი, თითქოსდა მას არ სცოდნოდეს, რა იყო კარგი და რა ცუდი. ვინც შეძლო, სათანადო სახელები მიეცა საქონელისთვის, ფრინველებისა და ნადირისთვის, და ამ დროს არ დაურღვევია წესი და რიგი, გარეულ მხეცებს არ დაარქვა თვინიერ ცხოველთა შესაფერისი სახელები, ხოლო თვინიერებს ველურთა საფერები არ განუწესა, არამედ ყველას შესაბამისი წოდება მიანიჭა, განა სიბრძნით და გონიერებით არ იყო აღსავსე?! აქედან ისიც დაასკვენი, თუ რა დიდი იყო ღვთიური ზეშთაგონების ძალა და რაოდენ დიდია სიბრძნე, რომლითაც უფალმა უსხეულო სული დააჯილდოვა. მან ორი არსიდან შეადგინა საოცარი და გონიერი ცხოველი და სულის უსხეულო არსი, ვით მშვენიერი მხატვარი, შეუერთა სხეულს, ვით იარაღს. ამიტომ, როდესაც ამ გონიერი ცხოველის უდიდეს სიბრძნეზე დაფიქრდები, შემოქმედის ძლიერება გაიოცე.
თუკი ცის მშვენეიერების ხილვა კეთილგონიერ მჭვრეტელს ღვთის სადიდებლად განაწყობს, მაშ მით უმეტეს ამ გონიერმა ცხოველმა, ადამიანმა, როდესაც საკუთარ აგებულებზე დაფიქრდება, მისთვის ბოძებულ პატივზე, დიდებულ ძღვენებსა და გამოუთქმელ კეთილისმყოფელობაზე, მუდამ ქება უნდა უთხრას ყოველივე ამის მიზეზს და როგორც შეუძლია, ყველანაირად ადიდოს უფალი.
მომდევნო საკითხთა განხილვაც გვსურდა, მაგრამ იმისთვის, რომ ნათქვამის სიმრავლით ზედმეტად არ დავტვირთოთ თქვენი მეხსიერება, ჯერ არს, აქ შევწყვიტო სიტყვა. ჩვენი მიზანი ის არაა, რომ რაც შეიძლება, მეტი ვთქვათ. იმისთვის ვსაუბრობთ, რომ თქვენ მუდმივად ინარჩუნებდეთ ნათქვამს ხსოვნაში და არა მხოლოდ თავად იცნობდეთ საღვთო წერილის შინაარსს, არამედ სხვებსაც ასწავლოთ და შეგეძლოთ მათი შეგონება.
ამიტომ, ყოველმა თქვენგანმა, აქედან რომ გახვალთ, მოყვასთან ერთად ხსოვნაში განიახლოს ის, რაც აქ ითქვა; თავად სხვას მოუთხროს, რაც ახსოვს, მისგან მის მიერ დამახსოვრებული მიიღოს. ამგვარად შეკრიბეთ ყველაფერი და შეინარჩუნეთ ხსოვნაში, შინ მისულებმა კი ყველამ თავისთვის გადაიაზრეთ ეს საღვთო გაკვეთილები, რათა ყველა საზრუნავი ამფიქრით განწმინდოთ, ამ ფიქრებით დააკავოთ გონება და ამგვარად დაამარცხოთ თქვენი შფოთისმომგვრელი ვნებებიც და ეშმაკის ხრიკებსაც დაუსხლტეთ.
ასეა, როდესაც ავი დემონი ხედავს, რომ სული სავღთო საგნებზე ზრუნავს და გამუდმებით მხოლოდ მათზე ფიქრობს, იგი მოახლოებასაც ვერ ბედავს, დაუყოვნებლივ გვცილდება, განიდევნება სულის ძალით, ვითარცა ცეცხლით. მაშასადამე, იმისთვის, რომ საკუთარ თავსაც რაც შეიძლება მეტად ვარგოთ, ეს მტერიც დავამარცხოთ და ღვთისგანაც მეტი წყალობა მივიღოთ - ამ საგნებით დავტვირთოთ ჩვენი გონება. მაშინ თქვენი ყველა საქმე წარმატებული იქნება: ძნელი იოლი გახდება, იმას, რაც სამწუხაროდ გეჩვენებათ, ბედნიერი დასასრული მოჰყვება და ვერაფერი ამქვეყნიური ვეღარ დაგაღონებთ. თუკი ღვთიურზე ვიზრუნებთ, მაშინ ჩვენს საქმეებზე თავად ღმერთი იზრუნებს, ამა ცხოვრების ზღვას სრულიად უხიფათოდ გადავცურავთ და, დიადი მესაჭის, ყოველთა უფალის წინამძღვრობით შევალთ მისი კაცთმოყვარების ნავსადგურში,რომლისა არს დიდება, უფლება და პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. I ტ. შესაქმის განმარტება. ნაწილი პირველი. თბილისი 2015 წ. გვ. 124-133.