სწავლანი > განმარტებანი
9 ნეტარების განმარტება
მათე 5:3-12
3. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
5. ნეტარ არიან მშვიდნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.
6. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.
7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.
8. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.
10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
11. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის.
12. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
***
3. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): "რას ნიშნავს: გლახაკნი სულითა? თავმდაბლებსა და გულშემუსვრილებს. სულად იგი მოიხსენიებს სამშვინველსა და ადამიანის განწყობას. მრავალია ისეთი, ვინც თავმდაბალია არა თავისი განწყობით, არამედ გარემო აუცილებლობის გამო; ამიტომაც იგი არ მოიხსენიებს ასეთებს (რადგანაც მათი ასეთი თავმდაბლობა არაა დიდად დასაფასებელი), არამედ ნეტარებს უწოდებს უპირველესად მათ, ვინც საკუთარი ნებით იმდაბლებენ და არარად მიიჩნევენ თავს. რად არა თქვა მან: "თავმდაბალნი", არამედ თქვა: "გლახაკნი"? - იმიტომ, რომ ეს სიტყვა უფრო გამომსახველია; გლახაკებს აქ უწოდებს მათ, ვისაც ღმერთის მცნებების შიში და მოწიწება გააჩნიათ, მათ, ვისაც წინასწარმეტყველ ესაიას პირითაც თავისთვის სათნოდ ასახელებს ღმერთი: "აი ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს" (ეს. 66:2)" (15-ე ჰომილიიდან მათეს სახარებაზე).
4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
წმ. იოანე ოქროპირი: ქრისტე "გულისხმობს არა უბრალოდ მოტირალეთ, არამედ საკუთარი ცოდვების გამო მგლოვიარეთ, რადგანაც არსებობს სხვაგვარი ტირილიც - სრულიად დაუშვებელი - ტირილი საყოფაცხოვრებო საგანთა გამო, რაზედაც მიგვითითა პავლემაც, როცა თქვა: "წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია" (2 კორინთ. 7:10).
სწორედ ამგვარ მწუხარეთ უწოდებს ქრისტე ნეტარებს; და არა უბრალოდ მწუხარეებს, არამედ მათ, ვინც ძლიერ მწუხარებას მიეცემიან. ამიტომაც თქვა: არა "მწუხარენი", არამედ: "მგლოვიარენი გულითა". სწორედაც რომ, ეს მცნებაც ყოველგვარ სათნოებას გვასწავლის. მართლაცდა, თუკი მას, ვინც დასტირის შვილების, ცოლის, ან რომელიმე ნათესავთაგანის სიკვდილს, ამ მწუხარების ჟამს არ ეკარება სიმდიდრისა და ხორცის სიყვარული, არ ეუფლება პატივმოყვარეობა, არ აჰყვება წყენას, არ ღრღნის შური და არც სხვა რომელიმე ვნებას მიეცემა, არამედ ერთიანად მწუხარებითაა შეპყრობილი, მაშ, განა ბევრად უფრო გულგრილნი არ იქნებიან ყოველივე ამის მიმართ ისინი, ვინც საკუთარ ცოდვებს იგლოვენ ჯეროვნად? რა ჯილდო მოელით მათ? – "იგინი ნუგეშინისცემულ იქნებიან". მითხარ სად ჰპოვებენ ისინი ნუგეშს? აქაც (ამქვეყნად) და იქაც (ცათა სასუფეველში). ... ნუ ჩათვლი ამ სიტყვებს ქარაგმად. ჭეშმარიტად, როდესაც ღმერთი ნუგეშს იძლევა, ათასი საწუხარიც რომ შეგხვდეს, ყველას დასძლევ, რადგანაც ღმერთი მუდამ ჭარბად ანაზღაურებს ყველა შრომას" (15-ე ჰომილიიდან მათეს სახარებაზე).
5. ნეტარ არიან მშვიდნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.
წმ. იოანე ოქროპირი: "მითხარი, რომელ ქვეყანას დაიმკვიდრებენ ისინი? ... რას ნიშნავს ეს სიტყვები? ქრისტე აქ გრძნობად ჯილდოს გულისხმობს... იმ მსმენელებს, რომლებიც გრძნობადს უფრო მიეცემიან და აწმყოს მეტად დაეძებენ, ვიდრე მომავალს, ქრისტე არა მხოლოდ მომავალ სიკეთეს ჰპირდება, არამედ ამჟამინდელსაც. ... ქრისტემ სულიერ ჯილდოს მიწიერი ჯილდოც დაურთო, მშვიდმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ მთელ თავის ქონებას დაკარგავს, ქრისტე კი საწინააღმდეგოს ჰპირდება და ამბობს, რომ სწორედ მშვიდი დაცულად ფლობს თავის საბადებელს: იგი არაა უხეში და ცუდმედიდი. ვინც, პირიქით, ამგვარი იქნება, შეიძლება, მან დაკარგოს სამემკვიდრო მამულიც და თვის სულიც კი დაიღუპოს. ... ოღონდ თავის სიტყვებში ჯილდოდ მხოლო აწმყო სიკეთეს როდი ჰპირდება, არამედ მომავალ ჯილდოსაც სთავაზობს. როდესაც რამე სულიერზე საუბრობს, იგი არ უგულებელჰყოფს აწმყო ცხოვრების სარგებელს; ზუსტად ასევე, როდესაც აქაურ ცხოვრებაში გვპირდება რაიმეს, თავის დაპირებას ამით როდი ამოწურავს" (15-ე ჰომილიიდან მათეს სახარებაზე).
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XII ს.): "ზოგიერთი "ქვეყანაში" სულიერ ქვეყანას, ანუ ზეცას გულისხმობს, მაგრამ შენ ეს ქვეყანაც იგულისხმე. რაკიღა მშვიდნი ხშირად უმნიშვნელო ადამიანებად მიაჩნიათ, უფალი მათ ეუბნება, რომ სწორედ ამის გამო ფლობენ ისინი უპირატესობას. მშვიდნი - ისინი კი არ არიან, საერთოდ რომ არ მრისხანებენ (რადგან ასეთები გონიერებას მოკლებულნი არიან), არამედ ისინი, ვისაც გააჩნიათ მრისხანება, მაგრამ თავს იკავებენ, და მრისხანებენ მაშინ, როდესაც საჭიროა" (მათეს სახარების განმარტება).
6. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი (V ს): "ჩვენთვის საკმარისი არ არის სიმართლის მოსურვება, თუ არ გვამოძრავებს ძლიერი მისწრაფება სიმართლისკენ, როგორც დამშეულთ. ასე რომ, ამ მაგალითით უნდა გვესმოდეს, - არასოდეს ვართ საკმარისად მართალნი, არამედ ყოველთვის უნდა ვგრძნობდეთ სიმართლის კეთების მოთხოვნილებას".
წმ. იოანე ოქროპირი: "რომელი სიმართლისთვის? ზოგადად სათნოებაზე საუბრობს თუ გულისხმობს სიმართლის იმ სახეს, რომელიც მომხვეჭელობის საპირისპიროა? რადგანაც მას განზრახული ჰქონდა, მცნება მოეცა გულმოწყალების შესახებ, ამიტომაც ასწავლის, რაგვარად უნდა მისი გამოჩენა; ანუ, აქ ნეტარებად მოიხსენიებს მათ, ვინც იღვწიან ტაცებისა და მომხვეჭელობის ამკრძალავი სიმართლისთვის. ჩასწვდი იმასაც, თუ რაგვარი ძალით გამოთქვა მან თავისი მცნება! არა თქვა: ნეტარნი არიან ისინი, ვინც სიმართლეს ეძიებენო, არამედ "ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი", და ამით ჩაგვაგონა, რომ სიმართლისკენ უნდა ვისწრაფოდეთ არა სასხვათაშორისოდ, არამედ სრული სიყვარულით, ...
შემდგომ ამისა კვლავ წარმოგვიჩენს მიწიერ ჯილდოს, როდესაც ამბობს: "ვინაიდან ისინი გაძღებიან". რადგანაც მრავალი მიიჩნევს, რომ ვერცხლისმოყვარებას სიმდიდრე მოაქვს, ამიტომ იგი ამბობს, რომ სწორედ რომ პირიქით ხდება; ანუ სიმდიდრე სიმართლით მოიპოვება. ასე რომ, თუკი სამართლიანად ირჯები, ნუ გეშინია სიღარიბის და ნუ გაფრთხობს შიმშილი. მართლაცდა, ყოველივეს მეტად კარგავენ სწორედ ისინი, ვინც სხვისას მიიტაცებენ, ხოლო იგი, ვისაც სამართლიანობა უყვარს, დაცულად და უხიფათოდ ფლობს სიმდიდრეს. თუკი ისინი, ვინც სხვის ქონებას არ მიიტაცებენ, ამგვარი სიკეთით ტკბებიან, მით მეტად ნეტარებენ ისინი, ვინც საკუთარს გასცემენ" (15-ე ჰომილიიდან მათეს სახარებაზე).
წმ. ქრომატი აკვილეველი (IV ს): "მაშ, ავიდეთ, ძმანო, მეოთხე საფეხურზე: "ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან". და მართლაც, სინანულის შემდეგ, ცოდვათა გლოვისა და ცრემლების შემდეგ, სხვა რა უნდა მოშივდეს და მოსწყურდეს ადამიანს, თუ არა სიმართლე? რადგან როგორც ის, ვინც გადაიტანა ღამის სიბნელე, უკვე მოუთმენლად ელის გათენებას; და ის, ვინც დაძლია სასტიკი ქოლერა, საჭმელსა და სასმელს ნატრობს, - ასევე ქრისტიანი ადამიანის სულიც, დაძლია რა ცოდვები ტირილითა და ცრემლებით, მას უკვე მხოლოდ ღმრთის სიმართლე შია და სწყურია; და დამსახურებულადაც გაიხარებს, რადგან გაძღება იმით, რაც სურდა" (41-ე ჰომილია მათეს სახარებაზე. ნეტარებათა შესახებ).
7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.
წმ. იოანე ოქროპირი: "აქ, ჩემი აზრით, იგი საუბრობს არა იმდენად მათზე, ვინც ფულით გასცემენ მოწყალებას, არამედ მათზე, ვინც საქმით გასცემს მას. მოწყალების მრავალგვარი სახე არსებობს და ეს მცნებაც ფართოა. როგორია ჯილდო გულმოწყალებისთვის? – "ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან". ამგვარი საზღაური, ერთი შეხედვით, სწორედაც რომ დასახელებული სათნოების შესაფერია, მაგრამ სინამდვილეში ბევრად აღემატება გაწეულ სათნოებას. მართლაცდა, მოწყალენი მოწყალენი არიან, როგორც ადამიანები; თავად კი მოყწყალებას ყოველთა ღმერთისგან მიიღებენ. ხოლო გულმოწყალება ადამიანური და საღმრთო არ უტლოდება ერთმანეთს, არამედ განსხვავდება ერთურთისაგან ისევე, ვით ბოროტება - სიკეთისაგან".
8. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
წმ. იოანე ოქროპირი: "აი, კვლავაც სულიერი ჯილდო! წმიდებს აქ უწოდებს მათ, ვისაც სრული სათნოება შეუძენია და არანაირ ბოროტებას არ გრძნობენ საკუთარ თავში, ან მათ, ვინც უბიწოდ გალევს ცხოვრებას, რადგანაც იმისთვის, ღმერთი რომ ვიხილოთ, არაფერი ისე არ გვჭირდება, როგორც ეს სათნოება. ამიტომ თქვა პავლემაც: "თქვენი ურთიერთობა ყველასთან მშვიდი იყოს და წმიდა, რის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს" (ებრ. 12:14). ხოლო უფლის ხილვა აქ გულისხმობს იმგვარ სიკეთეს, რაც კი საერთოდ შესაძლებელია ადამიანისათვის. რაკიღა მრავალია მოწყალე, ვინც არ მიიტაცებს სხვისას, არ სჭირთ ვერცხლისმოყვარება, მაგრამ ამავე დროს მრუშობენ და ვნებას მიეცემიან, ამიტომაც ქრისტე, იმის საჩვენებლად, რომ მხოლოდ მოწყალება არაა საკმარისი, ამ მცნებასაც დაურთავს. კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში იგივე დაადასტურა პავლემ მაკედონელთა მაგალითით, ვინც მდიდარნი იყვნენ არ ამხოლოდ გულმოწყალებით, არამედ სხვა სათნოებებიც ამკობდათ: იგი მიუთითებს ქონების გაცემისას მათ გულუხვობაზე და ამბობს, რომ მათ "თავი მიუძღვნეს უფალსა და ჩვენ" (2 კორინთ. 8:5)" (15-ე ჰომილიიდან მათეს სახარებაზე).
ექვთიმე ზიგაბენი (XII ს.): "ეს სათნოება მოწყალების სათნოების შემდეგ დააყენა, რადგან მრავალი, მართალია, აღწევს სიმართლეს და იქმს მოწყალებას, ვნებებით ძლეული ხდება. ამიტომაც აჩვენებს, რომ მარტო ეს სათნოებები არ კმარა. წმიდანი გულით - უბიწოები არიან: სიწმიდე და უბიწოება ისეთი სათნოებებია, "რის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს" (ებრ. 12:4). როგორც სარკე ირეკლავს სახეს, როდესაც ის წმიდაა, ასევე მხოლოდ წმიდა სული აღიქვამს ხატს ღმრთისას".
იერონიმე სტრიდონელი: "გულით წმიდანი არიან ისინი, ვისაც სინდისი რაიმე ცოდვაში არ ამხელს. წმიდა უფალი წმიდა გულით იხილვება; რაიმე შებილწული ღმრთის ტაძარი ვერ იქნება".
ღირ. ევსუქი იერუსალიმელი (V ს.): "თვინიერება და ჭირვება (სამოღვაწეო სხეულებრივი ხელმოკლეობა) ყოველგვარი ცოდვისგან ათავისუფლებს ადამიანს, - მორჩილება თუ სულიერ ვნებებს მკურნალობს, ჭირთათმენა - ხორციელთ. ამიტომაც ამბობს უფალი: "ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ", - და ეს მით უმეტეს, რაც უფრო გააძლიერებენ მოსაგრენი თავიანთ განწმენდას" (სათნოთმოყვარეობა. წერილი თეოდულეს. სულის მარგებელი და მაცხოვნებელი სიტყვა მღვიძარებისა და ლოცვის შესახებ).
9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.
წმ. იოანე ოქროპირი: "აქ ქრისტე არა მარტო გმობს ადამიანთა შორის უთანხმოებასა და სიძულვილს, არამედ კიდევ უფრო მეტს მოითხოვს - კერძოდ კი იმას, რომ ჩვენ სხვათა უთანხმოებანიც კი დავაცხროთ; და კვლავ სულიერ ჯილდოს გვანიჭებს. როგორს? – "ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან"" (15-ე ჰომილიიდან მათეს სახარებაზე).
ნეტ. ავგუსტინე (IV ს.): "სამყაროში სრულყოფილება არის იქ, სადაც არ არის არანაირი წინააღმდეგობა. ამიტომაც ღმრთის ძენი - მშვიდობისმყოფელნი არიან, რამეთუ არავინ ეწინააღმდეგება ღმერთს და ძენი უეჭველად ფლობენ მსგავსებას მამასთან. მშვიდობისმყოფელნი არიან ისინი, ვინც საკუთარ სულებს ვნებათა მოთოკვითა და დაცხრობით უმორჩილებენ გონებას და მით აღწევენ ღმრთის სასუფეველს, სადაც ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ყოველივე მშვენიერი და აღმატებული, რაც კი არსებობს ადამიანში, წინააღმდეგობის გარეშე უფლობს ყველა დანარჩენზე, რაც კი ახასიათებს ცხოველებსა და ადამიანს; და სწორედ ის, რაც მაღლდება ადამიანში, ანუ გონება და განსჯადობა, უკეთეს ემორჩილება, ანუ იმას, რაც წარმოადგენს ღმრთის მხოლოდშობილი ძის ჭეშმარიტებას.
ამრიგად, თუკი ადამიანის სულის სიღრმეში მიმდინარეობს ერთგვარი ყოველდღიური ბრძოლა, ეს საქებარი ომი მიმართულია იმისკენ, რათა ადამიანში არსებული უმაღლესი და უმშვენიერესი არ დათრგუნოს უდაბლესმა, სურვილმა არ გაიმარჯვოს ცნობიერებაზე და ტრფიალებამ ამ დაამარცხოს კეთილგონიერება. ეს არის სწორედ ის სათანადო სამყარო, რომელიც შენში უნდა აღაშენო, რათა ყველაფერი, რაც კი საუკეთესო გაქვს, ბატონობდეს უდაბლესზე. ხოლო საუკეთესო შენში არის ხატი ღმრთისა. ეს არის გონება, ცნობიერება: იქ გიზგიზებს რწმენა, იქ მყარდება სასოება, იქ ღვივდება სიყვარული" (ნეტ. ავგუსტინე. "ქადაგებანი").
10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
წმ. იოანე ოქროპირი: "იმისათვის, რომ არ იფიქრო, თითქოსდა მშვიდობა მუდამ და ყველგან საქებარი იყოს, ქრისტემ ეს მცნებაც დაურთო: "ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი", ანუ დევნილნი სათნოების, სხვათა მფარველობის, ღირსების გამო - რადგანაც სიმარტლეს იგი ჩვეულებრივ სულის სრულ განბრძნობას უწოდებს" (15-ე ჰომილიიდან მათეს სახარებაზე).
ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (949 - 1022): "დასასრულ როცა გესმის: "ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი", საკუთარი თავით დაინტერესებულმა იკითხოს, განუცდია თუ არა მას რაიმე დევნა ღმრთის მცნებისთვის, რადგან, მოციქულის თქმით, "ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესუში, დევნილი იქნება" (2 ტიმ. 3:12)" (სიტყვა 70).
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XII ს.): "მარტო მოწამენი როდი იდევნებიან, არამედ სხვა მრავალნიც, შემწენი დაჩაგრულთა და საერთოდ დამცველნი ყოველგვარი სათნოებისა, რადგან ყოველი სათნოება არის სიმართლე. ქურდებსა და მკვლელებსაც დევნიან, მაგრამ ისინი არ არიან ნეტარნი".
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი (354 - 430): "სიმართლისთვის. ამ დამატებამ განჰყო მოწამე ავაზაკისგან. რადგან ავაზაკებიც განიცდიან დევნულებას თავიანთი ბოროტმოქმედებისთვის, ოღონდ გვირგვინს კი არ მოიპოვებენ, არამედ დამსახურებულ სასჯელს. მოწამედ ადამიანს შეიქმს არა სასჯელი, არამედ მიზეზი: ჯერ ის ირჩევს მიზეზს და შემდეგ განიცდის სასჯელს. როდესაც ქრისტე ევნებოდა, ერთ ადგილას იდგა სამი ჯვარი: თვით მაცხოვარი იყო შუაში, მისგან ორივე მხარეს კი ორი ავაზაკი. იხილე სასჯელი, არაფერია ამაზე უფრო მსგავსი, მაგრამ ერთმა ჯვარცმულმა ავაზაკმა მოიპოვა ცათა სასუფეველი. ის, ვინც ცენტრშია, მსაჯულია, სჯის მედიდურს და თავმდაბალს იხსნის. ძელი ქრისტეს სამსჯავრო გახდა. რა იქმს მაცხოვარი, ვინ განსჯის და ვის შეეძლო განესაჯა ისინი? ის აღმსარებელ ავაზაკს ეუბნება: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში" (ლუკა 23:43). ის ხომ ეწამებოდა. მაგრამ რა თქვა? "მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში" (ლუკა 23:42). ვიციო, ამბობს, ჩემი ბოროტმოქმედებანი: მე მზად ვარ მანამდე ვევნო, სანამ შენ არ მოხვალ. და ყოველი, ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება. ქრისტემ იმწამსვე გამოიტანა განაჩენი და მიუტევა მას".
ანონიმი კომენტატორი (Opus Imperfectum) (IV ს.): "მან არ თქვა: "ნეტარ არიან ვინც განიცდის დევნას წარმართთაგან", რათა არ იფიქრო, თითქოსდა ნეტარია მხოლოდ ის, ვინც დევნას განიცდის კერპთაყვანისემის უარყოფის გამო. ამიტომაც მწვალებელთაგან დევნილიც, ვინც უარს ამბობს ჭეშმარიტებისგან განდგომაზე, ასევე ნეტარია, რამეთუ ის ამას სიმართლისთვის განიცდის. წარმართები უარყოფენ ქრისტეს, ხოლო მწვალებლები - ქრისტეს ჭეშმარიტებას. თუმცა ქრისტეს ჭეშმარიტების უარმყოფელი თვით ქრისტესაც უარყოფს. რადგან ქრისტე არის ჭეშმარიტება. ამიტომ მწვალებლები, ვინც დევნიან ქრისტიანებს არა ქრისტესთვის, არამედ ქრისტეს ჭეშმარიტებისთვის, რომლებიც ერთი შეხედვით ქრიტიანებივით გამოიყურებიან, სინამდვილეში არიან წარმართები. თუმცა არა მარტო წარმართები, არამედ ვინმე ხელისუფალთაგანი, რომელიც ქრისტიანი გვგონია, იმყოფებოდა რა ტყვეობაში, შესაძლოა თავისი ცოდვების გამო, გადაგემტერა და დევნა დაგიწო - მაშინ შენც ნეტარი ხარ, როგორც იოანე. რადგან იოანე ნათლისმცემელი მოკლულ იქნა არა წარმართების ან მწვალებლების მიერ, არამედ იმიტომ, რომ ამხილა ჰეროდეს მრუშებანი. და ყველა წინასწარმეტყველს კლავდნენ არა წარმართი მეფეები, არამედ თავისიანები, და არა იმიტომ, რომ გადაიხარნენ წარმართობისკენ, არამედ იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ამხელდნენ მათ ცოდვებს. და თუკი ის, ვინც თავისიანთაგან იტანჯება ღმრთის გამო და არა აქვს ჯილდო, წინასწარმეტყველთაც არ ჰქონდათ. მაგრამ, თუ ჭეშმარიტია, რომ წინასწარმეტყველები არიან მოწამეები, მაშინ უეჭველია, ვინც ღმრთისთვის დაითმენს ტანჯვას, თუნდაც მისიანთაგან, მიიღებს ჯილდოს ცათა სასუფეველში" (PG 56:283).
11-12 ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
წმ. იოანე ოქროპირი: "ქრისტემ ამით თითქოს გვითხრა: რომც გიწოდებდნენ ცრუებს, მლიქვნელებს, ავაზაკებს და სხვა ავ სახელებს - მაინც ნეტარნი ხართ. ვითომ რა უნდა მოგვეჩვენოს ამგვარ დამოძღვრაზე უფრო უცნაურად - ადამიანისთვის სასურველად სახავდე იმას, რასაც, სხვათა აზრით, უნდა ერიდებოდე, კერძოდ კი: სიღატაკეს, ცრემლს, დევნილებას, გმობას. და მაინც, მან არათუ გამოთქვა ეს მცნებანი, არამედ მათი რწმენაც ჩააგონა და დააჯერა არა ორი, არა ათი, არა ოცი, არა ასი ან ათასი ადამიანი, არამედ მთეილ ქვეყნიერბა. და ჰკვირვობდა შეყრილი ხალხი, როდესაც ისმენდა ესოდენ მძიმე, ძნელ და საყოველთაო აზრის საპირისპირო სწავლება. ამგვარი იყო ზეციური მოძღვრის სიტყვის ძალა.
მაგრამ, რათა არ იფიქრო, რომ მხოლოდ გმობა და თრევა - როგორიც გინდ იყოს იგი - შეიქმს ადამიანებს ტეტარად, ქრისტე დევნილების ორ სახე განარჩევს, კერძოდ: როდესაც უფლისთვის გდევნიან, და როდესაც დევნა დაუმსახურებელია. ხოლო როდესაც ასე არ არის, მასინ დევნილი არათუ ნეტარი არა, არამედ უბედურიცაა. შეხე, კვლავ რაგვარია ჯილდო: "ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში". თუკი ყოველი ნეტარება პირდაპირ არ გპირდება ზეციურ სასუფეველს, გულს ნუ გაიტეხ. ქრისტე სხვადასხვაგვარა კი აღწერს ჯილდოს, მაგრამ სასუფეველში ყველა ნეტარი შეჰყავს. და როდესაც ამბობს, რომ გლოვიარენი ნუგეშს მიიღებენ, და რომ მოწყალეთ შეიწყალებენ, და რომ გულით წმიდანი ღმერთს იხილავენ, მშვიდობისმყოფელთ კი ღვთის ძეებს უწოდებენ - ყოველივე ამით სწორედ სასუფეველს აღნიშნავს. ვინც დასახელებულ სიკეთეს ეღირსეაბა, იგი, ცხადია, ეღირსება ზეციურ სასუფეველსაც".
წყარო: ekzeget.ru
პუბლიკაცია თარგმნა და მოამზადა "აპოკალიფსისის" რედაქციამ.