განმარტებანი - 90-ე ფსალმუნი - ვინ არის "შემთხვევა" და "შუადღის ეშმაკი"? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
90-ე ფსალმუნი - ვინ არის "შემთხვევა" და "შუადღის ეშმაკი"?
დაცემული ანგელოზი
90-ე ფსალმუნი დავითის ერთ-ერთი უძლიერესი ფსალმუნია. ის ძალიან უყვართ მორწმუნეებს. ფსალმუნი, როგორც საზოგადოდ, ისევე კონკრეტულ შემთხვევაში, აძლიერებს რწმენას, გვაძლევს ძალას, რათა დავთრგუნოთ ყოველგვარი შიში და გავფანტოთ ბნელი.
 
ამ სტატიაში გვსურს შევეხოთ თემას, რომელიც ამ ფსალმუნის კითხვისას მრავალში შეკითხვებს ბადებს. კერძოდ: რა არის "შემთხვევა" და ვინ არის ეს "შუადღის ეშმაკი"? მოდი, ვიმსჯელოთ ამის შესახებ.
 
ფსალმუნი იწყება ღმრთის აღთქმით და დაპირებით იმის შესახებ, რომ ყოველი, ვინც კი უფალზე ამყარებს იმედს, მისი მფარველობისა და დაცვის ქვეშ არის. და უფალი ასეთ ადამიანს ყოველგვარი უბედურებებისა და თავდასხმებისგან იცავს.
 
ძვ. ქართ.: "რომელი დამკჳდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისუენოს. ჰრქუას უფალსა: ჴელისამპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. რამეთუ მან გიჴსნეს შენ საფრჴისა მისგან მონადირეთასა და სიტყჳსა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთსაშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაჲ მისი".
 
რომელი საშიშროებებია ჩამოთვლილი ფსალმუნში?
 
"არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა"
 
ახლა კი თანმიმდევრობით მივყვეთ. პირველი, რასაც მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას, - არის ის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საშიშროებანი მოტანილია ამ საშიშროებათა მატების თანმიმდევრულობით. დავუშვათ, მე რომ აღვწერდე ვინმე ბრწყინვალე ექიმის ოსტატობას, და ვამბობდე:
 
"ეს ექიმი ისეთი კარგი სპეციალისტია, რომ ის იოლად განკურნავს შენში როგორც უბრალო სურდოს, ასევე გრიპს, კუჭის წყლულს, კიბოს და თავსაც კი მიგაკერებს თუ საჭირო გახდა".
 
მოკლედ, ამ ექიმის ოსტატობის აღწერისას, მე გამოვიყენე კლასიკური ხერხი - მის უნარებს მატების თანიმდევრობით აღვწერ. ზემოთაღწერილი თვისებები უწესივროდ რომ ჩამომეთვალა, არც ისე ლოგიკური იქნებოდა და არც მომხიბლავი. თავად განსაჯეთ:
 
"ეს ექიმი ისეთი კარგი სპეციალისტია, რომ თავსაც კი უკან მიგაბამს, გრიპს განკურნავს, კუჭის წყლულსაც და სურდოსაც კი". ან ასეთი ვარიანტი: "ამ ექიმთან თუ მიხვალ, ნუ გეშინია თავი თუ მოგაჭრეს, ან გრიპი შეგეყრება, ან კიბო თუ აღმოგიჩინეს და სურდოც შეგეყრება!"
 
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმის შემდეგ, რაც უკან მიკერებულ თავზე გესმათ, გრიპისა და სურდოს ხსენებას აზრი არცა აქვს, თქვენთვის ისედაც ყველაფერი ნათელია. რადგან, თუკი ექიმს თავის მიკერება შეუძლია, მაშინ ყველაფერი დანარჩენი თავისთავად იგულისხმება. ზუსტად ასეთივე ლოგიკაა 90-ე ფსალმუნშიც. ეს არის კლასიკური სქემა.
 
მაშ ასე, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაპყროთ იმას, რომ მოცემულ ფსალმუნში ასევე გამოიყენება მატებითი ლოგიკა. ანუ საფრთხეები ჩამოთვლილია მათი საშიშროების სიძლიერის მიხედვით, მატებისკენ. რაც უფრო შორს მივდივართ, მით უფრო საშიშია და შემაძრწუნებელია ეს საფრთხენი.
 
დავიწყოთ პირველით - ღამისეული შიშით.
 
არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა.
 
აქ ლაპარაკია ჩვეულებრივ შინაგან შიშზე, რომელიც ყოველთვის როდი უკავშირდება იმას, რაც ღამით ხდება. შიში, განგაშის მდგომარეობაა, საშიშროების მოლოდინია. როდესაც ადამიანს რაღაც მოეჩვენება ღამით, მას ეშინია.
 
შემდეგ - და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; საფრთხე ერთი საფეხურით მატულობს. მფრინავი ისარი - ეს უკვე საფრთხის მოლოდინი არ არის, ეს არის რეალური შანსი გახდე დაჭრილი ან მოკლულ იქნე. აქ ლაპარაკია ჩვეულებრივ მიწიერ საშიშროებებზე, რომელთაც შეუძლიათ სერიოზული დაზიანება და მოკვლაც კი.
 
შემდეგ მოდის ფრაზა - ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა. აქ ლაპარაკია საშიშროების უფრო მაღალ საფეხურზე. "ღამისეული შიშისგან" განსხვავებით, რომელიც მხოლოდ განგაშის მდგომარეობაა, "ბნელში მოარული ჭირი" - ეს უკვე რაღაც მოჩვენება კი არ არის, არამედ რეალური რამ, რაც ღამით მოდის. რატომ არის ის "ისარზე" უფრო საშიში? იმიტომ, რომ ისარს შეუძლია მოკლას მხოლოდ სხეული, სული კი დაუბრუნდება უფალს. ხოლო ჭირი, რომელიც ბნელში დადის - სულს მიეახლება და მასზე მოქმედებს. ეს კი სიკვდილზე უფრო საშიშია, რომელსაც ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ ავიცილებთ თავიდან.
 
შემთხუევისაგან. საფრთხის შემდეგი საფეხურია - თვით "შემთხუევა" (ახ. ქართ. თარგმანშია "სენი" – "აპოკ". რედ.). ეს სიტყვა ნიშნავს შეხვედრას, შემთხვევას ან შეჯახებას ვიღაცასთან თუ რაღაცასთან. ჩვენი კონტექსტიდან სიტყვის მნიშვნელობა მიდის იმ აზრამდე, რომ აქ ნაგულისხმევია ის ჭირი, "ბნელში რომ დადის". თუკი წინა საფეხურებზე ეს ჭირი მხოლოდ გარეგნულად გვეხებოდა და ირიბად აზიანებდა ჩვენს სულს, აქ მას ნება აქვს მიცემული პირდაპირ შეგვეხოს, შეგვეჯახოს და დაგვაზიანოს. ორი საფეხურით ადრე, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვეძლო გავმკლავებოდით მას, რადგან ის (ჭირი) მოდიოდა, თუმცა ვერ გვეხებოდა. დისტანციურად ცდილობდა ჩვენზე გავლენის მოპოვებას. აქ კი "ჭირს" ეძლევა ძალა უშუალოდ დააზიანოს ჩვენი სული, შეეჯახოს და შეეხოს მას ("შეემთხვიოს").
 
დასასრულ - და ეშმაკისა შუა დღისა. ეს რის საშიშროების ყველაზე უკანასკნელი, უმაღლესი საფეხური, რომელიც ყველა წინმსწრებ საფეხურს აღემატება. აქ ეშმაკები უკვე მოურიდებლად, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე მოგვეახლებიან. მოდიან ისე, როგორც არიან სინამდვილეში. თან პირდაპირ დღისით-მზისით. ისინი არ ცდილობენ სიბნელით მანიპულირებას ან სულს ქვეშქვეშად ავნონ. მაგალითად, როგორც ანტონი დიდთან მოდიოდნენ ეშმაკები და მას პირდაპირ მისსავე სენაკში სცემდნენ, როდესაც წმ. ანტონი უდაბნოში განდეგილობდა.
 
წმიდა მამათა განმარტებებში ზემოთ ჩამოთვლილ საფრთხეებთან დაკავშირებით შეგვიძლია სხვადასხვა განმარტება წავიკითხოთ. ყველა მათგანი სწორია, რადგან ისინი ფსალმუნის შინაგან არსს მისდევენ. ხოლო ფსალმუნის არსი ასეთია: უფალი გვიცავს ყველა იმ საშიშროებისგან, რომლებიც ჩვენთვის აქტუალურია.
 
ჩვენ თუ მშვიდობიან დროში ვცხოვრობთ, "მფრინავი ისრების" შიში არ გვაქვს. ამ შემთხვევაში ისრებად ჩავთვლით სატანის სხვადასხვა ხრიკებსა და საცთურებს. ხოლო თუ სულიერად შორს ვართ იმისგან, რათა ეშმაკები თავიანთი რეალური სახით გამოგვეცხადონ, მაშინ "შუადღის ეშმაკში" აქტუალური იქნება გავიგოთ მთვლემარების სული ან სხვა სულიერი მდგომარეობა, რომლითაც უშუალოდ ჩვენ გამოვიცდებით.
 
ასეთი განმარტება სულისთვის სარგოა, რადგან იცავს რა შინაგან არსს დარიგებისა (მოცემულ შემთხვევაში ფსალმუნისას), ითვალისწინებს მიმდინარე რეალობებს და ზრდის ჩვენს სულს. სწორედ ამიტომ არის წმიდა მამებში წმიდა წერილის ამა თუ იმ ადგილის, ერთი შეხედვით, ესოდენ განსხვავებული განმარტებები. ეს განსხვავებანი წმიდად გარეგნულია, დარიგების არსი კი - ერთი.
 
ჩვენ ზემოთ მოვიტანეთ დაწერილის პირდაპირი განმარტება. მაგრამ, პირდაპირ განმარტებაში შუადღის ეშმაკს უკვე ვერ ვუწოდებთ ეშმაკს, რომელიც ადამიანში ძილს იწვევს გემრიელი ვახშმის შემდეგ. ასეთი მდგომარეობისთვის სრულიად შეუფერებელია ნუგეში არა გეშინოდის. რადგან შუადღის დემონების მიერ მოგვრილი მთვლემარებისა არავის ეშინია. ამ მდგომარეობისას ადამიანი არ განიცდის შიშს, და არც მსგავს ნუგეშისცემას საჭიროებს. მართალია, ეს მდგომარობა თავისებურად საშიშია, მაგრამ ჩვენთვის, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დარიგების არსი, და არა მისი ფორმის სისწორე.
 
რაც შეეხება ჩვენთვის აქტუალურ საშიშროებებს, ღმერთმა გვაშოროს ისინი! ყოველ ადამიანში ეს საშიშროება და საფრთხე ინდივიდუალურია.
 
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი!
 
საიტი: "აპოკალიფსისი".

მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2023 წ.
Назад к содержимому