სწავლანი > განმარტებანი
3 მოქმედება, რომელიც აუცილებლად უნდა აღასრულოს ქრისტიანმა ზიარების შემდეგ
ზიარება - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქრისტიანის ცხოვრებაში. არსებობს ზოგიერთი აკრძალვა, რომელიც ზიარების შემდეგ აუცილებლად უნდა დაიცვას მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, რათა შეინარჩუნოს ის მადლი, რომელიც ქრისტეს უწმიდესი და უპატიოსნესი ხორცისა და სისხლის ზიარებით მიიღო.
1. აუცილებელია დარჩენილი დღე ქრისტიანმა გაატაროს სხეულებრივ და სულიერ სიწმიდეში. ქრისტიანს დიდი ძალისხმევა მართებს, რათა შეინარჩუნოს სიწმიდე, გონება არ მიაპყროს ამაო საზრუნავს და სხეული არ შებილწოს ცოდვილი საქციელით. საკვებთან მიმართებაში რაიმე აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ არსებობს მითითება საჭმლის რაოდენობისა და ღვინის მიღების შეზუდვაზე, რათა ჭამა-სმის სიჭარბის გამო ადამიანს გული არ აერიოს. ამიტომაც, ამ დღეს განსაკუთრებით საჭიროა თავშეკავება ზიარებამდე და ზომიერების დაცვა ზიარების შემდეგ; ზიარების შემდეგ თუ პატარა ბავშვს გული აერია, აუცილებელია ნარწყევი ხელსახოცით აიწმინდოს და დაიწვას.
2. აუცილებელია სამადლობელი ლოცვების წაკითხვა ზიარების შემდეგ. ეკლესიაში ამ ლოცვებს მღვდელი კითხულობს, ხოლო ვინც ეკლესიაში ეზიარა მას აუცილებლად უნდა დაესწროს; თუ ისე მოხდა, რომ ქრისტიანი საპატიო მიზეზის გამო სამადლობელ ლოცვებს ვერ დაესწრება, მაშინ შეუძლია სახლში თვითონ წაიკითხოს. ეს მოკლე ლოცვები ძალზედ ძლიერია, ის გვანიჭებს სიხარულსა და ძალას და, რაც მთავარია, დატვირთულია ღრმა აზრით. ამ ლოცვების წაკითხვით ქრისტიანის სულში ძლიერდება ღმრთისადმი მადლიერების გრძნობა (უფლის ხსენება), და ასევე ძლიერდება ხშირად ზიარების სურვილი.
3. აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ ცრუმორწმუნეობრივი აზრები. ხშირად გვესმის, რომ ზიარების შემდეგ თითქოსდა:
- ტანის დაბანა არ შეიძლება;
- არ შეიძლება თევზის ჭამა, რათა შემდეგ თევზის ნარჩენი ძვლები არ გადაიყაროს; ამავე მიზეზით, თითქოსდა არ შეიძლება კურკიანი ხილის ჭამა, რომ კურკა არ გადავაფურთხოთ;
- დაუშვებელია გადაფურთხება, თუნდაც ეს სისველე იყოს;
- დაუშვებელია ზიარებულის მიერ ბავშვების ან სხვა ადამიანების, ასევე ხატებისა და მღვდლის ხელის ამბორი;
მოკლედ, ეს ყოველივე ცრუმორწმუნეობაა და ჩვენი ცნობიერებიდან უნდა მოვიკვეთოთ. მართლმადიდებლურ ეკლესიას ამგვარი აკრძალვები არ გააჩნია.
გფარავდეთ ღმერთი!
წყარო: zen.yandex.ru