სწავლანი > განმარტებანი
ერთად შეკრებილი თორმეტი მამის მონათხრობი თავ-თავიანთ გმირობაზე
ძველი პატერიკიდან
ოდესღაც თორმეტი ბრძენი და სულიერი განდეგიილი ერთად შეიკირბა. ერთმანეთს სთხოვეს, თითოეულს მოეთხრო, თუ რას აკეთებდა საკუთარ სენაკში, როგორც ღვაწლს აღასრულებდა და რომელ სულიერ სათნოებაში განიწვრთნებოდა.
1. და თქვა პირველმა, რომელიც უხუცესი იყო მათ შორის: ძმანო, მას შემდეგ რაც მდუმარებას შევუდექი, გარეგნული საქმისთვის თავი სრულად ჯვარს ვაცვი, რადგან მახსოვდა დაწერილი: "განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი" (ფს. 2:3). და ისე, თითქოსდა კედელი აღმემართოს საკუთარ სულსა და სხეულს შორის, გულში ვთქვი: როგორც კედლის შიგნით მდგომი ვერ ხედავს გარეთ მყოფს, ასევე შენ ნუ ისურვებ გარეგნულ საქმეთა ხილვას, ნუ შეისმენ საკუთარი თავისას, და სასოება შენს ღმერთზე დაამყარე. ბოროტ სურვილებს გველისა იქედნეს ნაშობად ვთვლი, და როდესაც ვიგრძნობ, რომ ჩემს გულში წარმოიშვებიან, ვაკვირდები მათ, მუქარითა და მრისხანებიტ გამოვფიტავ და რისხვას არ ვაკლებ საკუთარ სხეულსა და სულს, რათა რაიმე უჯერო არ ჩაიდინონ.
2. მეორემ თქვა: მას შემდეგ, რაც მიწა უარვყავი, საკუთარ თავს ვუთხარი: ამიერიდან შენ აღორძინდი, ამიერიდან შენ ღვთის სამსახურს იწყებ, ამიერიდან შენ აქ ცხოვრება დაიწყე. ასეთივე იყავი ყოველდღე, როგორც მსხემი, რომელსაც ხვალ უხმს განშორება. და ასე შევაგონებ თავს ყოველდღე.
3. მესამე: მე დილაადრიან მივეახლები ჩემს უფალს, თაყვანს ვცემ მას, მიწაზე ვემხობი და საკუთარ ცოდვებს ვაღიარებ. თაყვანს ვცემ ანგელოზებს, და შევთხოვ, ღვთის წინაშე ილოცონ ჩემთვის და ყოველი ქმნილებისთვის. როდესაც ამას აღვასრულებ, უფსკრულში ვეშვები და როგორც ოდესღაც იუდეველნი იერუსალიმის შემოვლისას სამოსს განიძარცვავდნენ და საკუთარ მამათა უბედურებას იგლოვდნენ, მეც ამასვე ვიქმ - სატანჯველებს შემოვივლი, ვხედავ, როგორ იტანჯებიან ჩემი ასონი, და მომტირლებთან ერთად ვგოდებ.
4. მეოთხემ კი თქვა: მე ისე ვცხოვრობ, თითქოს ელეონის მთაზე ვიჯდე უფალთან და მის მოციქულებთან ერთად და საკუთარ თავს ვეუბნები: ამიერიდან არავის იცნობდე ხორციელს, არამედ მათთან ერთად იყავი მოშურნე და მათ ცხოვრებას მიბაძე, როგორც უფლის ფერხთით მჯდომმა მარიამმა, მის სიტყვებს რომ უსმენდა: "წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ" (1 პეტრე 1:16); "იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქუენი მოწყალე არს" (ლუკა 6:36); "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს" (მათე 5:48), და "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათე 11:29).
5. მეხუთემ თქვა: ყოველ საათს ვხედავ ანგელოზებს, აღმავალთ და გარდამომავალთ, რათა მოუწოდონ სულებს, და მუდამ ჟამს აღსასრულის მომლოდინე ვამბობ: განმზადებულ არს ჩემი გული, ღმერთო.
6. მეექვსემ თქვა: მე ყოველდღე წარმოვიდგენ, რომ უფლისგან ასეთი სიტყვები მესმის: იღვაწეთ ჩემთვის და მე განგისვენებთ თქვენ. კიდევ ცოტაოდენი გაისარჯეთ და მე გიჩვენებთ ჩემს ცხონებას და ჩემს დიდებას. თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი: "უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით" (იოანე 14:15); თუ შვილნი ხართ ჩემი, დაირცხვინეთ, როგორც შემაგონებელი მამის წინაშე; თუ ძმანი ხართ ჩემი, პატივისცემა გამოიჩინეთ ჩემდამი, ვინც თქვენთვის მრავალი დავითმინე; თუ ჩემი სამწყსოს ცხოვარნი ხართ, ისმინეთ ხმა მწყემსისა: "ცხოვართა ჩემთა ხმისა ჩემისაი ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევენ მე" (იიოანე 10:27); თუ მონანი ხართ ჩემი, მისდიეთ მეუფის ვნებებს.
7. მეშვიდემ თქვა: ამ სამ რამეზე მუდმივად ვფიქრობ და საკუთარ თავს განუწტვეტლივ ვახსენებ რწმენას, სასოებასა და სიყვარულს; რათა რწმენით განვიხარო, სასოებით განვმტკიცდე და სიყვარულით არასოდეს არავინ გავანაწყენო.
8. მერვემ თქვა: მე ვხედავ სატანას, რომელიც დაფრენს და ეძებს, რათა შთანთქას ვინმე, და როდესაც სადმე მივდივარ, მას ვხედავ გარეგანი თვალით; და მის წინააღმდეგ უფალ ღმერთს ვეუბნები, რათა უმოქმედო იყოს იგი, არავისზე ბატონობდეს და განსაკუთრებით, ღვთის მოშიშებზე.
9. მეცხრემ თქვა: მე ყოველდღე ვხედავ სულიერ ძალთა ეკლესიას და მათი დიდების უფალს, ყველაზე მეტად ბრწყინვალეს. როდესაც დაკავებული არა ვარ, ზეცად აღვიყვანები და ანგელოზთა მშვენიერ დასს ვჭვრეტ, ვისმენ საგალობლებს, რომელთაც ისინი დაუდუმებლად უძღვნიან ღმერთს; ვისმენ მათ გალობას, აღფრთოვანებული ვარ მათი ხმების მშვენიერებით, და ამგვარად გულისხმავყოფ დაწერილს "ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა" (ფსალმ. 18:12); და ყველაფერს, რაც დედამიწაზეა, მტვრად და ნაცრად ვრაცხ.
10. მეათემ თქვა: ყოველთვის ვხედავ ჩემს ახლოს მდგომ ანგელოზს. და ვაკვირდები საკუთარ თავს, გავიაზრებ დაწერილს: "წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა" (ფსალმ. 15:8). მეშინია მისი, როგორც ჩემი გზის მეთვალყურისა, და ვხედავ, რომ ყოველდღე აღიწევა იგი ღმერთთან და ჩემს საქმეებსა და სიტყვებს განაცხადებს.
11. მეთერთმეტემ თქვა: მე ჩემი სახე სათნოებათაგან მივაქციე: თავშეკავების, უბიწოების, მოთმინებისა და სიყვარულისკენ. ჩემში მოვიზიდე ისინი და გარს შემოვირტყი. სადაც უნდა წავიდე, ვამბობ: სად არიან შენი წინამძღოლნი? ნუ იქნები სულმოკლე და უზრუნველი; რომელი სათნოებაც უნდა ისურვო, ის შენს ახლოსაა; რამდენიც გენებოს, ისაუბრე სათნოებებზე, რათა სიკვდილის შემდეგ მათ დაამოწმონ ღვთის წინაშე, როგორც შენში მშვიდობით დამკვიდრებულებმა.
12. მეთორმეტემ თქვა: თქვენ, მამანო, ზეციური ცხოვრების მპყრობელნო, ზეციური სიბრძნეც მოგიხვეჭიათ და არაფერია ამაში გასაკვირი, რადგან ვხედავ, თქვენი საქმეებით ამაღლდებით და სიწმიდისკენ მიისწრაფით. რას ვიტყვი? თქვენ გულისსიტყვებითაც მაღლდეგბით, რადგან ძალას არ იშურებთ რათა მიწას თავი დააღწიოთ. თუ თქვენ მიწიერ ანგელოზთ და ზეციურ კაცთ გიწოდებთ, არ შევცოდავ. საკუთარ თავს კი ამისთვის უღირსად ვრაცხ. სადაც უნდა წავიდე, ჩემს ცოდვებს ვამჩვნევ; და საითკენაც უნდა გავემართო, ვხედავ, რომ ისინი მხვდებიან; ვხედავ მათ მარჯვნივაც და მარცხნივაც. საკუთარ თავს ჯოჯოხეთისთვის განვსჯი და ვამბობ: მათთან იყავი, ვისი ღირსიც ხარ, რადგან ცოტა ხნის შემდეგ მათთანავე შეირაცხები. მე იქ სულთქმასა და მუდმივ ცრემლთაღვრას ვჭვრეტ, რომლის გადმოცემაც არავის ძალუძს. ვჭვრეტ, რომ ზოგი კბილებს აღრჭენს, მთელი სხეულით კანკალებს და თავით ფეხებამდე თრთის. და მიწაზე განრთხმული და ნაცარდაყრილი ღმერთს ვევედრები, ეს უბედურებანი არ განმაცდევინოს. ვხედავ ცეცხლის ზღვასაც, უზომოდ მღელვარესა და აალებულს, ისე რომ, იფიქრებ, ზეცას მიაღწევსო ცეცხლოვანი ტალღები. საშინელ და ცივ ანგელოზთა მიერ უამრავი ადამიანი ვარდება ამ საშინელ ზღვაში, და ყველა ისინი ერთხმად შეჰღაღადებენ და მოთქვამენ; ასეტი გოდებისა და მოთქმის ხმა დედამიწაზე არავის სმენია, და თივასავით იწვიან ყველანი. თავიანთი უკანონობის გამო ღვთი გულმოწყალება განეშორა მათ. მაშინ ვიგლოვ კაცთა მოდგმას, თუ როგორ ბედავს და სიტყვას ამბობს და ყურადღებას ამახვილებს სხვა რაიმეზე, როდესაც სამყაროს ამდენი ბოროტება ელის. ამას დასტრიალებს ჩემი ფიქრი, გლოვით ვმოსაგრეობ, რაც უფალმა გვიბრძანა, ზეცისა და მიწის უღირსად ვრაცხ თავს და გავიაზრებ დაწერილს: "იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე" (ფსალმ. 41:4).
ასეთია განბრძნობილ და სულიერ მამათა და ჭეშმარიტად ღვთის მეძიებელთა გამონათქვამები. დაე, ჩვენი ცხოვრებაც ღირსი იყოს გახსენებისა და გადმოცემისა; რათა შევიქნათ უბიწონი, სრულყოფილნი, უმწიკვლონი და სათნოვეყოთ ღმერთს, რომელსაც შვენის დიდება უკუნისამდე, ამენ.
წყარო: "ძველი პატერიკი". ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის გამოცემის მიხედვით (2005 წ.).