ესქატოლოგია - ვინ და როგორ დაისჯება საყოველთაო სამსჯავროზე? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
ვინ და როგორ დაისჯება საყოველთაო სამსჯავროზე?
საუკუნო სამსჯავრო
"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: ჩვენი საიტის მკითხველი ალბათ შეამჩნევდა, რომ ამ ბოლო დროს საიტზე მეტი ადგილი ეთმობა სასულიერო საუბრებს, ქადაგებებს, სახარებათა და დღესასწაულთა განმარტებებს და სხვა. განპირობებულია ეს იმით, რომ საიტი "აპოკალიფსისი" არ არის მოწოდებული არც ვინმეს დასაშინებლად, არც ქვენა გრძნობებზე სათამაშოდ და არც ყალბი აპოკალიპტურობის დასანერგად. საიტის მრავალმხრივი თემატიკა ერთი მხრივ გამიზნულია იმისკენ, რათა მართლმადიდებლური სწავლების პრიზმაში გავიაზროთ კაცობრიობის ცხოვრების მრავალფეროვნება, მეორე მხრივ კი, მკითხველს ჩვენი ჩარევის გარეშე მიეცეს შესაძლებლობა გააკეთოს მიმდინარე მოვლენებისა თუ სხვადასხვა შემთხვევების ანალიზი და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა. ცხადია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მოვლენებიდან ყველაზე სწორი დასკვნის გაკეთება მხოლოდ ჭეშმარიტად ქრისტიანული, ანუ მართლმადიდებლური სწავლა-მოძღვრებიდან არის შესაძლებელი. ამიტომაც, მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ თუ რელიგიურ მოვლენებს ყოველთვის უნდა განვიხილავდეთ მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის, სწავლა-მოძღვრებისა და ზნეობრიობის ფონზე, რათა არ ჩავვარდეთ ყალბ აპოკალიპტიზმში და არასწორი ორიენტირებით არ აღვიჭურვოთ მოვლენათა შესაფასებლად. ამისთვის კი აუცილებელია სხვადასხვა თემაზე მართლმადიდებლური სწავლებების გამოქვეყნება, რამეთუ სწორედ მათზე დაფუძნებით შეგვიძლია არ ავცდეთ სამეუფო გზას და არ გადავიხაროთ ყალბ აპოკალიპტიზმში, რომლისგანაც თავს ვერ დავიცავთ, თუ არ გვექნება წმიდა ეკლესიური საზომი: წმიდა წერილი და წმიდა გადმოცემა, მართლმადიდებელ მამათა სწავლება, ეკლესიის ისტორიის მართებული გააზრება, ასკეტური და ზნეობრივი ღვთისმეტყველება. ამიტომაც, მთელი რიგი ზნეობრივი თუ დოგმატურ-კანონიკური სწავლებები ხელს შეუწყობს ჩვენს მკითხველს უკეთ გაიაზროს მიმდინარე მოვლენების არსი და, რაც მთავარია, გაახსენოს მას, რომ უმთავრესი მაინც ჩვენს გულებში, ჩვენს სულში მიმდინარე პროცესებია, რომლებიც ან გვაახლოებენ ღმერთს ან, პირიქით, - გვაშორებენ მას. ჩვენი პირადი აპოკალიფსისი ჩვენს გულებში იწყება და იქვე მთავრდება.
მრავალს სმენია გამოთქმა "საშინელ სამსჯავრომდე მიღწევა", მაგრამ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს. საერთო ჯამში, ყველაფერი მიდის მარტივ სქემამდე: მოხდება აპოკალიფსისი, მოვა ღმერთი და განსჯის ყველა ადამიანს - ვიღაცას ჯოჯოხეთში გაუშვებენ, ხოლო ვინც წესიერად იქცეოდა - სამოთხეში. მაგრამ საკითხის ამგვარი აღმა საკმაოდ ზედაპირულია.


ისტორია

"საშინელი სამსჯავროს" ცნება უკავშირდება ისეთ ცნებას, როგორიცაა "მეორედ მოსვლა", "საყოველთაო აღდგომა". ქრისტიანული ესქატოლოგიის, ანუ სამყაროს აღსასრულის შესახებ სწავლების თანახმად (სიტყვა "ესქატოლოგია" მომდინარეობს ბერძნულიდან - εσχατόθ - საბოლოო, უკანასკნელი), ყველა ეს მოვლენა ურთიერთდაკავშირებულია. საშინელ სამსჯავროზე, რომელიც მოხდება კაცობრიობის ისტორიის დასასრულს, ქრისტიანული წარმოდგენების ძირითად წყაროს წმიდა წერილის წარმოადგენს, კერძოდ: სახარებისეული ტექსტები, მოციქულთა ეპისტოლეები და იოანეს გამოცხადება.

მეორედ მოსვლისა და საშინელი სამსჯავროს მოვლენები ახალ აღთქმაში აღწერილია იმ დროისთვის დამახასიათებელი ხატოვნებითა და სიმბოლიზმით. მათ თანახმად, საშინელ სამსჯავროზე უწინ მოხდება ქრისტეს მეორედ მოსვლა და კაცობრიობის (ყველა ადამიანის) მკვდრეთით აღდგომა. ქრისტეს მოსვლას კი წინ უძღვის სხვადასხვა სახის ასტრონომიული მოვლენები, და ის არავისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება, რადგან, როგორც სახარება ამბობს, "როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც" (მათე 24:27).

ქრისტეს მეორედ მოსვლას კი გვახარებენ ანგელოზები და "საყვირები", რომლებიც წარმოადგენენ ბნელეთის ძალებზე გამარჯვების სიმბოლოს. არსებობს აზრი, რომ საყვირის ხმის სიმბოლო აღებულია ძველი აღთქმიდან, სადაც ის ხშირად მიანიშნებდა გამარჯვებაზე, ზეიმობაზე და გამოიყენებოდა ერის შესაკრებად.

წმიდა მოციქული პავლე, რომელმაც ბრწყინვალედ იცოდა ძველაღთქმისეული იუდაური სწავლებანი და გადმოცემები, წერს, რომ ეს ხმა გადასწვდება მთელ დედამიწას: "ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი, მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით" (1 კორინთ. 15:44). გამოცხადება ქრისტეს მეორედ მოსვლის, საყოველთაო აღდგომისა და საშინელი სამსჯავროს შესახებ ეკლესიამ ჩართო სარწმუნოების სიმბოლოში ("მრწამსში"), რითაც ის დოგმატურადაც განამტკიცა.


სიყვარულის, და არა შიშის სამსჯავრო

საშინელი სამსჯავროს თემის საღვთისმეტყველო გააზრება საკმაოდ მრავალგვაროვანია, ის გამოხატულია წმიდა მამათა მრავალ ტექსტში - ამის შესახებ წერდნენ ეფრემ ასურელი, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და ძველი საუკუნეებისა და ახალი დროების მრავალი ქრისტიანი მოღვაწენი.

ქრისტეს მეორედ მოსვლას და საუკუნო სამსჯავროს "საშინელი" ეწოდება მხოლოდ რუსულენოვან ტექსტებში. სხვა ენებში უფრო ხაზგასმულია მისი საყოველთაოობა, მშვიდობიანი ხასიათი. მაგრამ შემაშინებელი ატმოსფერო, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ გვეწვევა სახარებისეული სიმბოლოების სიმკვეთრით, ძველთაგანვე იყო დამახასიათებელი აღმოსავლური ქრისტიანობის ღვთისმეტყველტათვის, რომლებიც საშინელ სამსჯავროზე წერდნენ.



წმიდა გრიგოლ ნოსელი წერდა, რომ ასეთი აღქმა დასაშვებია, ოღონდ მხოლოდ "აღმზრდელობითი მიზნით". შესაძლოა, ეს ასევე გამოწვეული იყო იმდროინდელი ეპოქითა და აუდიტორიით, რომლისკენაც იყო მიმართული ქადაგება: სასტიკი ზნეობა და ზნეობრივი უბრალოება ითხოვდნენ მარტივ და გასაგებ განმარტებას, რის გამოც მათი დარღვევა რეკომენდირებული არ არის.

ამისთვის ყველაზე კარგად გამოდგება სახელმწიფო სამსჯავროს პრაქტიკის ანალოგია, მაგალითად, - რომაულისა, რომელიც უკიდურესი ფორმალიზმით გამოირჩეოდა და, რომელსაც სასჯელთა საკმაოდ მკაცრი სისტემა გააჩნდა.

მაგრამ წმიდა მამებისეულ ლიტერატურაში არსებობს საშინელი სამსჯავროს სხვა განმარტებაც. მის თანახმად, ღმერთი მოგვევლინება არა როგორც მრისხანე მსაჯული, რომელიც განაჩენებს გამოიტანს, არამედ, როგორც ჩვენსა და ჩვენს სინდისს შორის მდგომი მოსიყვარულე მშვიდობისმყოფელი. სახარება ამაოდ როდი ამბობს, რომ ღმერთი სიყვარულია, მაშასადამე მისი სამსჯავროც ადამიანებზე სასტიკი განაჩენების გამოტანის დღე კი არ იქნება, არამედ სიყვარულის სამსჯავრო.

სხვა თეოლოგები წერდნენ, რომ ღმრთის წყალობა მაშინაც შეეცდება ცოდვილის როგორმე გამართლებას, და ღმრთის სამართლიანობას ის მხოლოდ მაშინ გადაეცემა, როდესაც ამა თუ იმ ადამიანის გამართლება შეუძლებელი გახდება. თეოლოგები ასევე ვარაუდობენ, რომ ღმრთის გამოუთქმელი სიყვარულით, თვით ადამიანის საკუთარი საქმეებისა და სინდისის მიხედვით შეიძლება გამართლდეს ისიც, ვინც ქრისტიანული სარწმუნოება არ უწყოდა. საუკუნო სამსჯავროზე საჭირო არ იქნებიან მოწმეები, რადგან ყოველი ადამიანი თავის ფიქრებში თვითონ წარმოთქვამს გამართლებას ან გამტყუნებას. ყოველი თვითონ დაინახავს საკუთარ სჯულსა და საკუთარ საქმეებს, შეადერებს ერთი-მეორეს და გადაწყვეტს, აქვს თუ არა მის ცხოვრებას რაიმე გამართლება.

ამგვარად, მრავალი წმიდა მამა ფიქრობდა, რომ ადამიანს ღმერთი კი არ განსჯის, არამედ საკუთარი სინდისი, რომელიც ჭეშმარიტების ნათლის შუქზე გამოაშკარავდება.

ქრისტიანობა, ამტკიცებს რა ღმრთის სიყვარულის უცვალებლობას, ადასტურებს იმასაც, რომ ყოველთა ღმერთს, ჩვენ მიერ ჩადენილი ბოროტებებისდა მიუხედავად, აბსოლუტურად ყველა უყვარს. ხშირად ადამიანთა ნაწილს ეს სიყვარული არ სჭირდება. ირჩევს რა ცოდვას, ის თავისთვის ირჩევს "ღმრთისგან განდგომილ გზას", ის თავისუფლად შეიძლება გახდეს ვნებების მონა, და ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი გახდება მისთვის მიიღოს ღმრთის ეს გამოუთქმელი სიყვარული, მეტიც, - ის ამგვარი ადამიანისთვის აუტანლად მტანჯველი შეიქნება.

ცოდვის დაბნელებულ ჩვენს სამყაროში ღმრთის მყოფობა არ შეიგრძნობა. მაგრამ ამ წუთისოფლის განქარვების შემდეგ ეს შეგრძნება აბსოლუტური გახდება, და როგორც მოციქული წერს "ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველში" (1 კორ. 15:28).

ეს იმდენად ნათელი და შესაგრძნობი რეალობა გახდეება, რომ ისინიც კი, ვინც ღმერთს ზურგი შეაქცია, მისი მონაწილეები შეიქნებიან, და სწორედ ამაში იქნება საშინელი სამსჯავროს მთელი ტრაგიზმი: საღმრთო სიყვარულის ნათელმოფენილი ადამიანი დაინახავს და შეიგრძნობს ღმრთის წინაშე საკუთარ დანაშაულს, საკუთარ უდღეურობას.

არსებობს ჰიპოთეზა, რომ სწორედ ეს არის ის "მარადიული ცეცხლი" და "სამარადისო ტანჯვა", რომლის შესახებაც არის ლაპარაკი წმიდა წერილში. ღმრთის სიყვარული და ნათელი აუტანელი გახდება მათთვის, რომლებმაც ოდესღაც მტკიცედ თქვეს უარი მასზე და ზურგი აქციეს მას.

ღმრთის სიყვარული კი არ დასჯის, არამედ შეეცდება ყველა ადამიანი გაამართლოს საკუთარი სინდისის წინაშე, რომელიც სწორედაც რომ ყველაზე მძაფრი მამხილებელი მსაჯული გახდება იმ დღეს. როგორც ერთი თანამედროვე თეოლოგი წერდა: "ამ სამსჯავროზე ღმერთი არანაირ მსჯავრს არ გამოიტანს ჩვენზე, არამედ ჩვენ თვითონ გამოვუტანთ განაჩენს საკუთარ თავს, როდეასაც დავინახავთ თუ როგორნი ვართ და ბოლოს და ბოლოს შევიგნებთ, თუ რანი შეიძლებოდა ვყოფილიყავით".

წყარო: cyrillitsa.ru
Назад к содержимому