ესქატოლოგია - საზვერეების შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
გამოცდა გადაბარების უფლების გარეშე
ანუ
როგორ გავიაროთ საზვერეები
საზვერეთა გავლა
ავტორი: პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი (Протоиерей Олег Стеняев. Экзамен без права на пересдачу или как пройти мытарства).

შინაარსი:

წინათქმა

მიწიერი ცხოვრების მნიშვნელობა

სიკვდილის შესახებ

მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეები

საზვერეები:

ბიბლიური მოწმობა საზვერეების შესახებ

იაკობის კიბე

წმიდა მამათა მოწმობა საზვერეების შესახებ

რატომ სძულთ ეშმაკსა და დემონებს ადამიანი

აღმოსავლელ წმიდა მამათა მოწმობანი საზვერეების შესახებ

დასავლელ წმიდა მამათა მოწმობანი საზვერეების შესახებ

იმის შესახებ, რომ ანგელოზები ადამიანებს ეხმარებიან ცხოვრებაშიც და საზვერეების გავლაშიც

მოწმობა საზვერეების შესახებ წმინდანთა ცხოვრებაში

რატომ სჯეროდა ზოგიერთი წმიდა მამას აპოკატასტასისისა და საიქიო ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა ცრუ წარმოდგენების?

***

წინათქმა

(ავტორისგან)

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო

თქვენს წინაშეა ჩემი ახალი წიგნი, რომელიც შედგენილია იმ ლექციებისგან, რომლებსაც ტროიცე-სერგიევოს ლავრაში და ასევე სხვა მონასტრებსა და ტაძრებში ვკითხულობდი. ბევრმა მთხოვა გამეფართოვებინა მოცემული მასალა, მიმეთითებინა მათთვის აუცილებელი წყაროები და გამომეცა ბროშურის სახით. რა გამოვიდა აქედან მკითხველმა განსაჯოს. ერთადერთი, რაც გავბედე ამ შრომის დაწერისას, გახლავთ ის, რომ შევეცადე შემენარჩუნებინა სალაპარაკო სტილი. ეს უფრო მაახლოვებს მკითხველთან, ხოლო მკითხველს - ჩემთან. მითუმეტეს, რომ ამ ბროშურის მთელი განყოფილებები - პირდაპირი საუბრებია, რომლებიც ჩაწერილია ჩემი ლექციების დროს, რომლებიც ექსპრომტად იყო წარმოთქმული.

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მიწიერი ცხოვრების მნიშვნელობაზე (არ გაგიკვირდეთ), სიკვდილზე, საზვერეებზე, კერძო სამსჯავროზე, ადამიანის საიქიო ხვედრზე და მკვდართა აღდგომაზე. ჩვენ ასევე ვილაპარაკებთ უკანასკნელ სამსჯავროზე. უნდა ითქვას, რომ ჩვენს დროში მიმდინარეობს განდგომა კლასიკური ქრისტიანული თეოლოგიისგან, განსაკუთრებით აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში: ზოგიერთი ღვთისმეტყველ-ნოვატორი ქადაგებს აზრს, რომელიც არასოდეს ყოფილა ცნობილი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისთვის (1), ან უარესი, იმეორებენ ძველ მწვალებლობებს, რომლებიც დაგმობილ იყვნენ წმიდა მამებისა (2) და საეკლესიო კრებების მიერ (3).

__________

1. მ. სერაფიმე როუზი, რომელიც კარგად იცნობდა აშშ-სა და დასავლეთ ევროპის მართლმადიდებლური განათლების სისტემას, წერდა: "შესაძლოა, არც ერთი ასპექტი მართლმადიდებლური ესქატოლოგიისა არ ყოფილა გაგებული ისე არასწორად, როგორც საჰაერო საზვერეების საკითხი. თანამედროვე მოდერნისტული მართლმადიდებლური სემინარიის კურსდამთავრებული მიდრეკილია საერთოდ უარყოს ეს მოვლენა, როგორც "გვიანდელი დამატება" მართლმადიდებლური სწავლებისადმი ან, როგორც "გამოგონილი" რეალობა, რომელსაც საფუძველი არა აქვს არც წმიდა წერილში, არც წმიდა მამათა ტექსტებში და არც სულიერ რეალობაში. ეს სტუდენტები არიან რაციონალისტური განათლების მსხვერპლნი, რომელსაც არ ჰყოფნის იმ რეალობის სხვადასხვა დონეთა ფაქიზი გაგება, რომელიც ხშირად არის აღწერილი მართლმადიდებლურ ტექსტებში, ასევე სხვადასხვა აზრობრივი დონეებისა, რომელიც ხშირად გვხვდება ბიბლიურ და წმიდა მამებისეულ წყაროებში. თანამედროვე რაციონალისტური აქცენტი ტექსტების "ბუკვალურ" და "რეალისტურ" მნიშვნელობაზე, ან გამიწიერებული გაგება წმიდა წერილსა და მამათა ცხოვრებაში აღწერილი მოვლენებისა, აბუნდოვანებს ან მეტიც, სრულიად აბნელებს სულიერ აზრსა და სულიერ გამოცდილებას, რომელიც ხშირად წარმოადგენს ძირითად მართლმადიდებლურ წყაროს" (Серафим (Роуз), иеромон. Приношение православного американца. – М.: Российское отделение Валаамского общества Америки, 2003. С. 97).

2. წმ. ათანასე დიდის (430-500 წწ.) სარწმუნოების სიმბოლო ასწავლიდა: "მისი (ქრისტეს - "აპოკ." რედ.) მოსვლისას ყველა ადამიანი აღდგება ხორციელად და ყოველი პასუხს მიაგებს უფალს თავისი საქმეებისთვის: ისინი, ვინც სიკეთეს იქმოდნენ, შევლენ მარადიულ სიცოცხლეში, ხოლო ვინც ბოროტებას, - მარადიულ ცეცხლში. ასეთია საყოველთაო სარწმნოება, რომელსაც თუ ვინმე მყარად და ერთგულად არ მისდევს, შეუძლებელია ცხონდეს".

3. კონსტანტინოპოლის 543 წ-ის ადგილობრივი კრების განსაზღვრება საყოველთაო ცხონების შესახებ (ანათემა ორიგენეს): "9. თუ ვინმე ამბობს ან ფიქრობს, რომ დემონთა და უკეთურთა დასჯა დროებითია და, რომ ის გარკვეული პერიოდის შემდეგ დასრულდება, ან თუ არსებობს დემონთა და უკეთურთა აპოკატასტასისი, დაე განიკვეთოს მართალთა თანაზიარობისგან (ანათემა)".

__________

აპოკატასტასისის (ბერძნ.: ποκατάστασις - აღდგენა, სწავლება საყოველთაო ცხონების შესახებ) მომხრეებს ვურჩევ ხშირად გაიხსენონ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები: "ეშმაკი იმიტომაც არწმუნებს ზოგიერთს იფიქროს თითქოსდა გეენა არ არსებობს, რათა შთააგდოს მასში. ხოლო ღმერთი, პირიქით, გეენით იმუქრება და მოამზადა იგი, რათა გვცოდნოდა მის შესახებ და ისე გვეცხოვრა რომ არ შთავვარდნილიყავით მასში" (Энциклопедия православной веры от А до Я в изречениях святых Отцов. – Клин: Христианская жизнь, 2004. С. 15). ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავუბრუნდეთ სწორედ კლასიკურ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას.

მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი წერდა: "ცთომილება, თავისი სიშიშვლით თავი რომ არ გაიმჟღავნოს, ეშმაკურად იმოსება მიმზიდველი სამოსით და აღწევს იმას, რომ თავისი გარეგნობით ჭეშმარიტებად აჩვენებს თავს გამოუცდელთ" (Ириней Лионский. Против ересей. Обличение и опровержение лжеименного знания. Книга 1, 2. Христианский портал «My Studios»: http://mystudies.narod.ru/library/i/irenaeus/1adv_haer/ah00.htm)


მიწიერი ცხოვრების მნიშვნელობა

ბიბლიაში ნათქვამია: "იხარე, ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ; გაამოს შენმა გულმა სიყმაწვილეში, მიჰყევ შენს გულს და თვალთა მზერას; ოღონდ იცოდე, ყველაფრის ამის გამოსამსჯავროზე წარგადგენს ღმერთი" (ეკლ. 11:9).

ზოგჯერ, როგორც მღვდელს, მეკითხებიან:

- როდის დგება ადამიანისთვის შეუქცევადობის მომენტი? როდის დგება ის წუთი, როდესაც ადამიანს ღმრთისკენ შემობრუნება უკვე აღარ ძალუძს?

მე ვპასუხობ:

- ეს ზღვარი - ფიზიკური სიკვდილია. სანამ ადამიანი ცოცხალია, ყოველთვის არსებობს სინანულის იმედი.
იესუ ზირაქის ძის სიბრძნის წიგნში, ნათქვამია: "გასამართლებამდე გაჩხრიკე შენი თავი და განკითხვისას იპოვი შეწყალებას" (ზირ. 18:20). ანუ, სანამ ჯერ კიდევ არ დამდგარა გასამართლება, სანამ არ დაწყებულა საზვერენი, უნდა გამოვჩხრიკოთ საკუთარი თავი, და ასე უნდა ვიცხოვროთ ჩვენი ფიზიკური სიკვდილის მომენტამდე. "გასამართლებამდე გაჩხრიკე შენი თავი და განკითხვისას იპოვი შეწყალებას. ვიდრე დაუძლურდებოდე, მოთრგუნე თავი და ცოდვის ზღვარზე უკან მოიქეცი. ნუ დაბრკოლდები აღთქმის დროზე შესასრულებლად და მის განაღდებას სიკვდილამდე ნუ გადასდებ. გახსოვდეს რისხვა აღსასრულის დღეს და ჟამი შურისგებისა, როცა უფალი პირს მიიბრუნებს" (ზირ. 18:20-22, 24).

მრავალი ქრისტიანია ორიენტირებული საიქიო ცხოვრებაზე, სიკვდილის შემდგომ არსებობაზე, და იმედოვნებს, რომ იქ იპოვის ყველა პრობლემის გადაწყვეტას. ცხონებაზე ასეთ წარმოდგენას სუიციდალურ სოტერიოლოგიას ვუწოდებ. ეს არის მცდარი ორიენტირი. ჩვენი მიწიერი ცხოვრების მნიშვნელობა დასტურდება ღმრთის სიტყვითაც და წმიდა მამათა გამონათქვამებითაც.

ჩვენი მიწიერი ცხოვრება - ყველაზე მნიშვნელოვანი დროა ჩვენი ცხონების საქმეში. წმიდა მამები ხაზს უსვამენ მიწიერი ცხოვრების განსაკუთრებულ ღირებულებას. ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, როგორ პარადოქსალურადაც უნდა ჟღერდეს, - მიწიერი ცხოვრებაა. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ აქ წყდება ჩვენი ბედი: სად აღმოვჩნდებით მარადისობაში. საკუთრივ რომ ითქვას, ის (მიწიერი ცხოვრება) ჩვენ მოგვეცა იმისთვის, რათა ჩამოვყალიბდეთ, სად უნდა ვიყოთ მარადისობაში - სიცოცხლეში თუ სიკვდილში. როგორც ნათქვამია ტრაქტატში "ფირქეი აბოტ" ("მამათა სწავლანი"): "ადამიანი იბადება სიკვდილისთვის, ხოლო კვდება სიცოცხლისთვის" - ხოლო თუ რომელი სიცოცხლისთვის, თვით ადამიანი წყვეტს სიკვდილის მომენტამდე. მეორე სჯულთა წიგნში ვკითხულობთ: "ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე ..." (მეორე სჯული 30:19).

იესუ ზირაქის ძის სიბრძნეში, ნათქვამია: "რადგან ადვილია უფლის თვალში, აღსასრულის დღეს მიაგოს კაცს მისთა საქმეთაებრ. წუთიერი ტანჯვა სიტკბოებათა დამავიწყებელია და ადამიანის აღსასრულისას გაცხადდება მისი საქმენი" (ზირ. 11:26-27). საკმარისია ღმერთმა შეაჩეროს ეს ცხოვრება და იმწამსვე ქაფივით ამოტივტივდება ჩვენი ყოველგვარი სიბინძური.

ამავე წიგნში წავიკითხეთ: "გასამართლებამდე გაჩხრიკე შენი თავი და განკითხვისას იპოვი შეწყალებას. ... ნუ დაბრკოლდები აღთქმის დროზე შესასრულებლად და მის განაღდებას სიკვდილამდე ნუ გადასდებ" (ზირ. 18:20-22). აი რაშია მრავალი ადამიანის შეცდომა - ისინი სიკვდილამდე გადადებენ სინანულის მომენტს, თუმცა, რა თქმა უნდა, არ უწყიან, როდის ჩამოჰკრავს მათი უკანასკნელი ჟამი. ისინი თავს ჯანმრთელებად და ძლიერებად მიიჩნევენ, და არც ისე უფიქრდებიან იმას, რომ ჯანმრთელობაც და ძალებიც შეიძლება ერთ საათში განქარდეს.

ერთი ადამიანი თუ დააგვიანებს მისვლას მეორე ადამიანთან, შეიძლება მას პატიება სთხოვოს; თუ დააგვიანებთ სამსახურში, მაშინ განმარტებითი ბარათის დაწერა მოგიწევთ; მაგრამ, თუ ღმერთთან შერიგებას დააგვიანებთ, ამ ტრაგედიას ექნება მარადიული შედეგები. წმიდა მოციქულები ურწმუნოებს და იმათ, ვინც ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არიან ამ ცხოვრებაში, ასე მოუწოდებენ: "ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს" (2 კორინთ. 5:20).
წმიდა მამები გვასწავლიან, რომ  ყველაფერი წყდება ამ მიწიერ ცხოვრებაში.

წმიდა მღვდელმოწამე კლიმენტი რომაელი: "მაშ, შევინანოთ, სანამ მიწაზე ვცხოვრობტ, რადგან თიხა ვართ შემოქმედის ხელში. მეთუნეს ხელში ყალიბდება ან იშლება ჭურჭელი, მაგრამ მას კვლავ შეუძლია აღადგინოს იგი, ხოლო როდესაც იჩქარებს მის შედგმას გავარვარებულ ღუმელში, ჭურჭელს უკვე ვეღარაფერი უშველის. ასე ვართ ჩვენც, სანამ ამ ქვეყანაზე ვცხოვრობთ, გულით უნდა შევინანოთ ის ბოროტებანი, რომელსაც ხორციელ ცხოვრებაში ჩავდიოდით, რათა სინანულის დრო გვაქვს უფლისგან მივიღოთ მიტევება. ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ უკვე ვეღარ შევძლებთ აღსარების თქმას და სინანულს" (Цит. по: Сильвестр (Малеванский), архимандрит. Опыт Православного догматического богословия. Том V. – СПб., Общество памяти игумении Таисии, – 2008. С. 79).

წმ. კვიპრიანე კართაგენელი: "იზრუნეთ, სანამ შეიძლება, საკუთარი ცხოვრების უსაფრთხოებაზე... გარწმუნეთ, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია, სანამ ჯერ კიდევ დარჩენილა რამოდენიმე საუკუნე, - ესათნოვეთ ღმერთს ... როდესაც დადგება ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი, უკვე შეუძლებელი იქნება სინანული და ვერც ვერაფრით ვესათნოებით ღმერთს. წუთისოფლად ცხოვრება ან იკარგება ან მოიპოვება. აქ უზრუნველიყოფა მარადიული ცხონება ღმრთის თაყვანისცემითა და სარწმუნოებრივი საქმეების კეთებით. და დაე, ნურავის შეაკავებს ცხონების გზაზე ცოდვები ან წლები. იმისთვის, ვინც ჯერ კიდევ ამქვეყნად ცხოვრობს, სინანული არასოდეს არის გვიან. ღმრთის მოწყალებისადმი გზა თავისუფალია და ვინც მას ეძებს მოიპოვებს. ილოცე შენს ცოდვათა გამო თუნდაც ამ წუთისოფლის მიწურულს... მორწმუნე ადამიანს საღმრთო სიყვარული მაცხოვნებელ მოწყალებას გაუწევს, და თვით სიკვდილში აღუსრულებს გადასვლას უკვდავებაში" (იქვე. გვ. 80-81).

წმიდა კვიპრიანეს ეს სიტყვები შეგვახსენებს, რომ აქ, წუთისოფელში ცხოვრება ან იკარგება ან მოიპოვება. მისი სიტყვები ხაზს უსვამს მიწიერი ცხოვრების უაღრეს მნიშვნელობას. და ეს ნათქვამია არა იმ აზრით, რომ ჩვენ უნდა მივეჯაჭვოთ ყოველივე მატერიალურს, "რაც იხრწნება" (კოლას. 2:22), - არამედ იმ აზრით, რომ ჩვენი მარადიული ხვედრი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიცხოვრებთ აქ, ამ წუთისოფელში.

ღირ. ეფრემ ასურელი: "ვილოცოთ სანამ დრო გვაქვს. ვილოცოთ, რადგან სანამ წუთისოფელში ვართ, ყოველთვის შევძლებთ ღმრთის გულის მოგებას. აქ ძნელი არ არის მიტევების მოპოვება, თუკი დროულად დავაკაკუნებთ ღმრთის მოწყალების კარზე. დავღვრით ცრემლებს, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო ცრემლთა შეწირვის, რათა საიქიოში გადასვლის შემდეგ, ცრემლთა ღვრა და გლოვა ამაო იქნება ჩვენთვის და უსარგებლო. რამეთუ იქ, საიქიოში, არაფრად ჩაგეთვლება შენი ცრემლები. ღმერთი ჩვენ აქ გვისმენს, წუთისოფლად, თუკი მას შევღაღადებთ. აქ მოგვიტევებს, თუკი მიტევებას ვითხოვთ. აქ აღხოცავს ჩვენს ცოდვებსა და უსჯულოებებს, თუკი გონივრულად მოვიქცევით. აქ გვაქვს ნუგეშისცემა. იქ - დაკითხვა. აქ - მოთმინება. იქ - სიმკაცრე. აქ - მოწყალება. იქ - სამართლიანობა. აქ - თავისუფლება. იქ - სამსჯავრო. ასე რომ, თავისუფალი ნება, ვითარც წმიდა ნიჭი, რომელიც ებოძა ყოველ ადამიანს, სწორედ იმისთვის არის მოცემული, რომ ამ წუთისოფელში განვსაზღვროთ სიკეთეში ვიცხოვროთ თუ ბოროტებაში" (იქვე. გვ. 81).

როდესაც განსჯიდა იმის შესახებ, რომ გარდაცვლილთათვის სინანულის შესაძლებლობა უკვე არ არსებობს, ღირ. იოანე დამასკელი წერდა: "უნდა ვიცოდეთ, რომ ანგელოზთათვის დაცემა იგივეა, რაც სიკვდილი კაცთათვის. რამეთუ დაცემის შემდეგ ისინი ვერ შეინანებენ, ისევე როგორც ვერ შეინანებენ ადამიანები სიკვდილის შემდეგ" (Цит. по: Сильвестр (Малеванский), архимандрит. Опыт Православного догматического богословия. Том V. – СПб., Общество памяти игумении Таисии, – С. 83).

აი ასე განსჯიან წმიდა მამები ამ დროებითი ცხოვრების, ამ წუთისოფლის მნიშვნელობაზე. "აქ ცხოვრება ან მოიპოვება ან იკარგება", რადგან მისი უმთავრესი დანიშნულებაა, "რათა მიწიერ ცხოვრებაში ჩამოვყალიბდეთ სიკეთეში უნდა ვიცხოვროთ თუ ბოროტებაში". მაგრამ პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ, როდესაც ამქვეყნად ვცხოვრობთ, ჩვენ საკუთარ სხეულზე უფრო ვზრუნავთ, რომელიც ზუსტად დაიღუპება, მოკვდება, ვიდრე სულზე, რომლის გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ყველა ადამიანმა იცის, როგორც გინდ დავფოფინებდეთ ჩვენს სხეულს, როგორც გინდ ვზრუნავდეთ მისთვის - ის მოკვდება, მიწაში ჩაწვება და გაირხწნება. მიუხედავად ამისა, მაინც დიდად ვზრუნავთ იმაზე, რასაც ზუსტად ვიცით, რომ დავკარგავთ, ხოლო სული იშვიათად თუ გვახსენდება.

წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ადამიანი ღმერთთან შერიგებისთვის იბადება, რომ მხოლოდ ამ დროებით ცხოვრებაში შეიძლება მოვიპოვოთ მშვიდობა ღმერთთან ისევ და ისევ ღმრთის მიერ, - და ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ ეს ჭეშმარიტება.

ცნობილია ასეთი ისტორია: "კონსტანტინოპოლისგან მოშორებით ერთი ავაზაკი ხშირად ესხმოდა თავს მშვიდობიან მოსახლეობას: ძარცვავდა, ჰკლავდა, ცემდა, ძალადობდა. შეუძლებელი იყო იმ არემარეში მშვიდობიანი ცხოვრება. როდესაც ამის შესახებ ბიზანტიის იმპერატორმა შეიტყო ამ ავაზაკს ძღვნად ძვირფასი ქვებით მოვარაყებული ოქროს ჯვარი გაუგზავნა. როდესაც ავაზაკს იმპერატორის ძღვენი მიართვეს, ის დაფირდა, საჭირო საქმით იყო თუ არა ის დაკავებული. ეს ჯვარი იყო მოწოდება სინანულისკენ - და ავაზაკმაც უპასუხა ამ მოწოდებას: ის დაბრუნდა ქალაქში და ნებაყოფლობით ჩაბარდა ხელისუფალთ. მალე აღმოჩნდა, რომ სასიკვდილოთ ყოფილა დასნებოვნებული. როდესაც ავაზაკი უკვე სიკვდილის პირას იყო, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ტიროდა თავის მომაკვდინებელ ცოდვებზე. მას ჰქონდა ცხვირსახოცი, რომლითაც ცრემლებს იწმენდდა. და როდესაც კვდებოდა გარს შემოეტყნენ დემონები. მომაკვდავს შეეშინდა; მაგრამ უეცრად, გამოჩნდა ორი ანგელოზი, რომლებიც მის გამართლებას ცდილობდნენ. ამ ორ ანგელოზს ვერაფერი ჰქონდა ავაზაკის გასამართლებელი, რადგან მის მიერ აღსრულებულ ბოლო მკვლელობასა და მის სიკვდილს შორის სულ ათი დღე იყო გასული. ამ დროისთვის ის ვერ მოასწრებდა კეთილი საქმეების აღსრულებას. მაგრამ, აი, მისი სინანულის ცრემლით დამლბარი ცხვირსახოცი გახდა მისი მიტევების საფუძველი. ამ ყოველივეს ხილვაში უმზერდა ბერი, რომელმაც იხილა ანგელოზები ამ ცხვირსახოცით ხელში და მომაკვდავის ცხედარს მიაშურა. მან დაინახა ყოფილი ავაზაკი, რომელიც მკვდარი იწვა, ხოლო სახეს უფარავდა თავისივე, ცრემლებით დამლბარი ცხვირსახოცი: ამ ადამიანმა მოასწრო ღმერთთან შერიგება" (Марк (Лозинский), игумен. Отечник проповедника, 776. Прот. В. Гурьев. Пролог. – Сергиев Посад: Свято-Троицкая Сергиева лавра, 1996. С. 117).

მსგავსი ისტორიები საკმაოდ ბევრია.

ეკლესიასტეს წიგნში ნათქვამია: "იმ დღემდე, ვიდრე დაფრთხებოდნენ სასახლის მცველნი და მეომარნი დაუძლურდებოდნენ, ვიდრე შეწყვეტდნენ სამუშაოს მეწისქვილე ქალები (რადგან მცირედნიღა დარჩებიან), ვიდრე ნათელი დააკლდებოდეთ სარკმლიდან მჭვრეტელთ, ვიდრე დაიგმანებოდეს ქუჩის კარები, მიჩუმდებოდეს დოლაბის ხმაური, მიწყდებოდეს ფრინველთა ჟრიამული, დადუმდებოდეს ყოველი გალობა, შეეშინდებოდეთ სიმაღლისაც და გზებზე შიში დაივანებდეს, აყვავდებოდეს ნუში, დამძიმდებოდეს კალია და დაცხრებოდეს ვნება, - როცა მიდის კაცი თავის საუკუნო სახლისაკენ და უკან მიჰყვებიან მოტირალნი, - ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და გატყდებოდეს ოქროს ჭურჭელი, დაიმსხვრეოდეს დოქი წყაროსთან, ჩაეშვებოდეს ოწინარის ბორბალი ჭაში, მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა" (ეკლ. 12:3-7).
საზვერეთა გავლა
სიკვდილის შესახებ

მორწმუნე კაცისთვის სიკვდილი - უკანასკნელი ეპითემიაა, რომელსაც წუთისოფელში იღებს ღმრთისგან. და მორწმუნეც მოწოდებულია მედგრად და მამაცურად მიიღოს იგი, როგორც თვით ღმრთის ხელისგან.

ნათქვამია: "რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები" (ფლპ. 1:21). ეს მამაცური სიტყვები წარმოთქვა მოციქულმა პავლემ. ვისთვისაც "სიცოცხლე - ქრისტეა", იმისთვის "სიკვდილიც - მონაგებია".

მაკაბელთა მე-2 წიგნში მშობელი დედა შეაგონებდა თავის შვიდ შვილს მამაცურად და მედგრად გადაეტანათ სატანჯველი და ღირსეულად მიეღოთ მოწამეობრივი სიკვდილი: "თითოეულ მათგანს მამაპაპური ხმით ამხნევებდა და ქალურ განსჯას კაცური სულით განამტკიცებდა, ეუბნებოდა: მე არ ვიცი, როგორ გაჩნდით ჩემს წიაღში, სუნთქვა და სიცოცხლე თქვენთვის მე არ მომიცია; მე არ შემინივთებია თითოეული თქვენგანის აღნაქვსი. ამიტომ ისევ ქვეყნის შემოქმედი, რომელმაც გამოსახა ადამიანის დასაბამი და ყოველი ქმნილების საწყისი, მოგმადლებთ კვლავ მოწყალებით სულსა და სიცოცხლეს, რადგან მისი რჯულისთვის გასწირეთ ახლა თქვენი თავი. ხოლო ანტიოქოსმა, რაკი იფიქრა, რომ იგი ეზიზღებათ და ეს ნათქვამიც თავის გაკიცხვად მიიჩნია, ცოცხლად დარჩენილ უმცროს შვილს არა მარტო სიტყვით, არამედ ფიცითაც აღუთქვა, რომ გაამდიდრებდა და გააბედნიერებდა, ოღონდ მამა-პაპის რჯული უარეყო, თან პირდებოდა, რომ დაიმეგობრებდა და სახელმწიფო საქმეებსაც მიანდობდა. როცა ყმაწვილმა არაფრად ჩააგდო მისი ნათქვამი, მეფემ დედა მოიხმო და ურჩევდა მას, დაეყოლიებინა შვილი, რომ თავი გადაერჩინა. ბევრი რჩევის შემდეგ, იგი დათანხმდა დაერწმუნებინა შვილი. დაიხარა მისკენ და სასტიკი ჯალათის მიმართ დაცინვით ეს თქვა მშობლიურ ენაზე: შვილო, შემიბრალე მე, რომელიც ცხრა თვე მუცლით გატარებდი, სამი წელი ძუძუს გაწოვებდი და აქამდე გამოგზარდე. გთხოვ, შგილო, შეხედე ცასა და დედამიწას და ყოველივეს, რაც მასზეა, მიხვდები, რომ არსებულისგან არ შეუქმნია ეს ყველაფერი ღმერთს, და რომ ასევეა შექმნილი ადამიანთა მოდგმაც. ნუ შეუშინდები ამ ჯალათს, იყავი შენი ძმების ღირსი და შეეგებე სიკვდილს, რომ ღვთის მადლით შენს ძმებთან ერთად კვლავ მოგიპოვო. კიდევაც აგრძელებდა იგი სათქმელს, როცა ყმაწვილმა თქვა: რაღას უცდით? მე არ ვემორჩილები მეფის ბრძანებას, არამედ ვემორჩილები რჯულს, რომელიც მოსეს ხელით გადმოეცა ჩვენს მამა-პაპას" (2 მაკაბ. 7:21-30). - აქ ჩვენ ვხედავთ სიცოცხლისა და სიკვდილისადმი სწორი დამოკიდებულების მაგალითს. სიცოცხლის საიდუმლო - ეს არის ღმრთის წმიდა ნიჭი, და ჩვენ ამგვარი მაგალითებით (ნიმუშებით) ვსწავლობთ სწორ დამოკიდებულებას სიცოცხლისადმი (როდის უნდა გავუფრთხილდეთ მას, და როდის მზადყოფნით უარვყოთ იგი, თუკი სიცოცხლე გვეძლევა ჩვენი სარწმუნოების პრინციპთა გამცემლობის გზით). და ბუნებრივია, რომ ის, ვინც არაფრისგან შეგვქმნა, ძალმოსილია კვლავ აღგვადგინოს, დაგვაბრუნოს უფრო სრულყოფილ ყოფიერებაში, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ.

როგორც ცნობილია, "მოკლავს ცოდვილს ბოროტება" (ფსალმ. 33:22). ძველსაეკლესიო თარგმანებში ეს ადგილი უფრო ემოციური ვერსიით არის წარმოდგენილი: "სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს". ლუკას სახარებაში მოცემულია იგავი უგუნურ მდიდარზე, რომლის "ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა; საგონებელში ჩავარდნილმა თქვა: რა ვქნა, სად წავიღო ამდენი მოსავალი? და გადაწყვიტა: აი, რას ვიზამ: დავშლი ჩემს ბეღლებს, უფრო დიდებს ავაგებ, და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩო-საბადებელს. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი?" (ლუკა 12:17-20). "ამოგართმევენ", ანუ ამოგგლიჯავენო მტკივნეულად, ცოცხლად, როგორც ცოცხლად აგლიჯავენ ხოლმე ვიეთნიმეს სხეულიდან ხელს ან ფეხს.

როგორ შეიძლება ასეთი რამ მოუვიდეს ცოდვილის სულს, როდესაც ის არც სხეულებრივია, არც ისე შეზრდია სხეულს, რომ მასთან გამოყოფის პროცესი "ამორთმევის", "ამოგლეჯის" მსგავსი იყოს? მოცემულ კითხვაზე ძალზედ საინტერესო პასუხს იძლევა იუსტინე პოპოვიჩი თავის "ესქატოლოგიაში", ის წერს: "მიწიერ ცხოვრებაში ცოდვებთან ნებაყოფლობით თანაშეზრდილ სულებს არ ძალუძთ მექანიკურად გათავისუფლდნენ სხეულისგან გამოსვლით და საიქიო ცხოვრებაში გადასვლით... ცოდვილი სული ძალადობრივად არ თავისუფლდება მისი საყვარელი ცოდვებისგან, რომელიც მიწიერი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი არსების შემადგენელ ნაწილად გაუხდია" (Иустин (Попович), преподобный. Догматика Православной Церкви: Эсхатология. М.: Издательство Московской Патриархии, 2005 г. С. 52–53). ძველბერძნულიდან ფრაზა "ამოგართმევენ სულს" იღებს კიდევ უფრო შემაძრწუნებელ ელფერს (ბერძნულად: - "შენს სულს უკან მოვითხოვ" ). აქ ღმერთი არა მარტო "ამოართმევს" სულს ადამიანს, არამედ ის თითქოსდა ართმევს მას თავის საკუთრებას იმას, ვინაც ეს სული დროებით საკუთრებაში მიიღო და მიაყენა მას გამოუსწორებელი ზიანი. ნათქვამია: "ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში? ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს, დააქცევს მას ღმერთი, რადგანაც ღვთის ტაძარი წმიდაა, და ესა ხართ თქვენ" (1 კორინთ. 3:16-17).

აი როგორ აღწერს მოახლოვებული სიკვდილის ჟამს ღირსი თეოდორა, დიდი ღმრთისმოსავის ბასილი ახლის ერთგული მოწაფე: "როგორ შემიძლია საყვარელო შვილო გრიგოლ, რომ თითოეულად მოგითხრო ყოველივე, რაც შიში და ძრწოლა გამოვიარე, უფრო იმიტომ, რომ ისეთი პირები ვნახე, ისეთი ხმები და სიტყვები გავიგონე, რომ ჩემს სიცოცხლეში არ მენახა და გამეგონა. რა უნდა გითხრა ამის მეტი. ქვეყანაზე ჩადენილ უსამართლოებისათვის საშინელი აღსასრული შემხვდებოდა, წმიდა ვასილის ლოცვას რომ არ დავეხსენი. მხოლოდ მისმა ლოცვამ გამიადვილა სიკვდილი. ძნელი ასაწერია ის ხორციელი შეწუხება, წამება და ტანჯვა, რაც მომაკვდავმა უნდა გამოიაროს. წარმოიდგინე, შიშველი კაცი ცეცხლის ალში რომ ჩავარდეს და ნელნელა იწვოდეს და იშლებოდეს... აი ამის მსგავსია მომაკვდავის ტანჯვა. საშინელებაა ხორცისგან სულის გაყრა, განსაკუთრებით ჩემისთანა ცოდვილისა! როცა სიკვდილის ჟამი მომიახლოვდა, უეცრად დავინახე მრავალი ბოროტი სული, შავი სახით ჩემს გვერდით მდგომარენი. შემაშფოთებელს ლაპარაკობდნენ და მხეცურად მიყურებდნენ. თვალები სისხლით გავსებული და კუპრივით შავი ჰქონდათ, ყოველ საშუალებას ხმარობდნენ ჩემს შესაშინებლად. იკრიბებოდნენ ჩემს მოსატაცებლად, მოჰქონდათ წიგნები, რომლებშიც ჩაწერილი იყო სიყრმიდან ჩადენილი ყველა ჩემი ცოდვა. ათვალიერებდნენ ამ წიგნებს ისე, თითქოს ყოველ წამს მოელოდნენ ვისმე მსაჯულს. ყოველივე ეს რომ ვნახე, შიშისგან შევძრწუნდი და ამ ტანჯვაში მყოფი აქეთ-იქით ვიხედებოდი, მიდნოდა ვინმე დამენახა და მეთხოვა განედევნა ჩემგან ბოროტი სული, მაგრამ ვაი რომ არავინ გამოჩნდა დამხმარე და მხსნელი. ასეთ მწუხარებაში მყოფმა, უეცრად დავინახე ჭაბუკის სახით კეთილმშვენიერი და ნათელი სამოსლით მოსილი ორი ბრწყინვალე ანგელოზი" (Житие преподобного Василия Нового. Мытарства преподобной Феодоры. Видение Григорию, ученику преподобного Василия, о Страшном Суде. – М.: Сибирская благозвонница, 2009).

48-ე ფსალმუნში აღწერილია სიკვდილის მომენტი, რომელიც მსგავსია ღირ. თეოდორას მიერ აღწერილისა: "რაჲსათჳს მეშინის მე დღესა ბოროტსა, უკუეთუ უსჯულოებამან სლვათა ჩემთამან გარემომიცვას მე?" (ფსალმ. 48:6). "დღესა ბოროტსა", ანუ სიკვდილის დღეს და მის შემდეგაც ჩვენი ცოდვებით ვართ გარემოცულნი. სული გამოვა სხეულიდან და აღმოჩნდება დემონთა გარემოცვაში. ყოველ ცოდვას თავისი "მფარველი ანგელოზი", ანუ დემონი ჰყავს. 39-ე ფსალმუნში ფსალმუნთმგალობელი ბრძანებს: "რამეთუ მომიცვეს მე ბოროტთა, რომელთა არა არს რიცხჳ; მეწინეს მე უსჯულოებანი ჩემნი და მე ვერ უძლე ხილვად; განმიმრავლდეს მე უფროს თმათა თავისა ჩემისათა და გულმან ჩემმან დამიტევა მე" (ფსალმ. 39:13). გული გაჩერდა და ადამიანმა თვალნათლივ დაინახა თავისი ცოდვები. ჭეშმარიტად საშინელია ეს სანახაობა!

ყოვლადწმიდა ქალწული, დედა ღვთისა, როდესაც უწყებულ იქნა თავისი გარდაცვალების შესახებ, უფალს შეევედრა, რათა მისი სული გათავისუფლებულ ყოფილიყო ცისქვეშეთის მზაკვარ სულთაგან. როდესაც დადგა მისი პატიოსანი მიძინების ჟამი, და ზეცითგან გარდამოხდა თვით მისი ძე და ღმერთი უთვალავ ანგელოზებთან და მართალთა სულებთან ერთად, ღვთისმშობელმა, სანამ თავის პატიოსან სულს ქრისტეს ჩააბარებდა, ლოცვა აღავლინა მისდამი შემდეგი სიტყვებით: "აწ მიიბარე ჩემი სული და დამიცევ ბნელ ადგილთაგან, რათა არ შემხვდეს სატანის რაიმე საბრხე". ღმრთის ძემ მარადის ქალწულ მარიამის ლოცვის საპასუხოდ თვით აიყვანა მისი ნეტარი სული ცათა სასუფეველში (Четьи-Минеи, 15 августа).

რომის წმიდა პაპი გრიგოლ დიალოგოსი (540–604), ამბობს: "საფუძვლიანად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რამდენად საშინელი იქნება ჩვენთვის სიკვდილის ჟამი, როგორი ძრწოლა მოიცავს სულს, როდესაც გაახსენდება ყველა ბოროტება და მიავიწყდება განვლილი განცხრომანი, როგორი შიში დაეუფლება მას სამართლიანი მსაჯულის მოლოდინში. მასინ ბოროტი სულები, სხეულიდან განმავალ სულს წარუდგენენ მის ბოროტ საქმეებს; მაშინ წარმოუჩენენ მას იმ ცოდვებს, რომლისკენაც თვითონვე მიდრიკეს, რათა თანამოაზრე წარიტაცონ სატანჯველში. მაგრამ რისთვის ვლაპარაკობთ მხოლოდ ცოდვილ სულზე, როდესაც ისინი გარდაცვალების პირად მდგომ რჩეულებთანაც კი მიდიან და მათშიც ეძებენ რაიმე თავისას? კაცთა შორის იყო მხოლოდ ერთადერთი, ვინც თავისი ვნების წინ უშიშრად ამბობდა: "ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში" (იოანე 14:30) (Григорий Великий Двоеслов, святитель. Избранные творения (Библиотека отцов и учителей Церкви). Т. VII. Сорок бесед на Евангелия. Беседа 39.8. – М.: Паломник, 1999).

ამ ცხოვრებაში ჩვენი სხეული არსებობს სულთან ერთად და, როდესაც ის ტოვებს სხეულს დგება სიკვდილი. ნათქვამია: "სხეული მკვდარია სულის გარეშე" (იაკობი 2:26). სხეულის გარეთ სულს არ გააჩნია ყოფიერების სისრულე, რასაც ჩვენ შემდგომში ვნახავთ. მაგრამ მომავალში, როდესაც სხეული აღდგება და სული მასში კვლავ ჩაბრუნდება, აღმდგარი სხეული სულს მიანიჭებს ყოფიერების სისრულეს. წმიდა წერილში ნათქვამია: "თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის" (1 თესალონიკ. 5:23). ანუ, ადამიანი მთლიანობაში - ეს არის სწორედ სული, მშვინვა და სხეული. და თუკი სულის ხსნა ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ამ მიწიერ ცხოვრებაში, სხეულის ცხონება "მთელი სისრულით" შესაძლებელი იქნება "ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის". სხეულის ხსნა - ეს არის ხორციელი აღდგომა მკვდრეთით"ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის".
საზვერეების გავლა
მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეები

საეკლესიო სწავლების მიხედვით, პირველი სამი დღის განმავლობაში სული დედამიწაზე იმყოფება, იმ ადგილების ახლოს, რომლებიც მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი იყო. ღირ. მაკარი ალექსანდრიელი წერს: "რადგან ორი დღის განმავლობაში სულს უფლება ეძლევა, მასთან მყოფ ანგელოზებთან ერთად, იაროს დედამიწაზე, სადაც მოისურვებს. ამიტომაც სული, რომელსაც ხორციელი ცხოვრება უყვარდა, ზოგჯერ იმ სახლთან ახლოსაა, რომელშიც გაეყარა სხეულს, ზოგჯერ კი კუბოსთან, რომელშიაც ჩასვენებულია მისი სხეული; და ამგვარად ატარებს ორ დღეს საკუთარი ბუდის მაძიებელი ჩიტივით. ხოლო ღვთისმოსავი სული მიდის იმ ადგილებში, რომლებშიც ის ჩვეულებისამებრ იქმოდა სიმართლეს" (Слова св. Макария Александрийского о исходе душ праведных и грешных. «Христианское чтение», август 1831 г.).

ღირ. მაკარი ალექსანდრიელი საეკლესიო დაკრძალვის წესის მნიშვნელობაზე ასწავლიდა: "როდესაც მესამე დღეს ეკლესიაში გარდაცვლილი სული საოხად ლოცვა შეიწირება, მაშინ გარდაცვლილის სული მისი მფარველი ანგელოზისგან შვებას იღებს, რომელსაც სხეულისგან განშორებისთანავე გრძნობს, რადგან, ეკლესიაში მისი სულის საოხად არის შეწირული ღმრთისადმი ლოცვა, რისგანაც სული სასიხარულო ნუგეშს იღებს... ხოლო მესამე დღეს ის, ვინც მკვდრეთით აღდგა და სიკვდილით სიკვდილი დაამარცხა, ბრძანებს, მისი აღდგომის მსგავსად, ყოველი ქრისტიანის სული აიყვანონ ზეცად ყოველთა ღმერთის თაყვანისცემისთვის" (იქვე).

მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანია მიცვალებულთა მოხსენიება ლიტურგიის დროს პროსკომიდიაზე. ამ დროს სეფისკვერთაგან ცოცხალთა და მკვდართათვის ამოღებული ნაწილები ქერუბიმთა საგალობელის დროს სამკვეთლოდან გადაიტანება საყდარზე, ხოლო მართალთა ზიარების შემდეგ ფეშხუმიდან ჩაიშვება ბარძიმში ქრისტეს ხორცთან და სისხლთან, და აი ასე განიბანება ქრისტეს სისხლით, რასაც უზარმაზარი მნიშვნელობა გააჩნია, განსაკუთრებით გარდაცვლილ ქრისტიანთა სულთათვის. წმ. გრიგოლ დიდი (დიალოგოსი), რომის წმიდა პაპი ასწავლიდა: "... უნდა ვიცოდეთ, რომ წმიდა მსხვერპლს სარგებლობა მოაქვს მხოლოდ იმ გარდაცვლილთათვის, ვინაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში დაიმსახურა, რათა შეეწეოდნენ მას მის სახელზე სხვათა მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები. ამასთან ყოველთვის ისე უნდა ვიფიქროთ, რომ უფრო უსაფრთხოა კეთილი საქმეების აღსრულება სიცოცხლეშივე, ვიდრე ვიყოთ იმის იმედით, რომ ჩვენი გარდაცვალების შემდეგ შეგვეწევა ჩვენს სახელზე სხვათა მიერ აღსრულებული სიკეთენი. უმეტესი ნეტარებაა ამქვეყნიდან გავიდეთ თავისუფალნი, ვიდრე ვეძებოთ თავისუფლება მაშინ, როცა შევიკვრებით. ამიტომაც, რაც უ ფრო მკაფიოდ ვხედავთ წუთისოფლის განლევას, მით უფრო უნდა მოვიძულოთ ის მთელი სულით, ყოველდღიურად შევწიროთ ღმერთს სინანულის ცრემლები, და ყოველდღიურად შევწიროთ ქრისტეს უპატიოსნესი ხორცი და სისხლი" (Григорий Великий Двоеслов, святитель. Избранные творения. Собеседования о жизни италийских отцов и о бессмертии души. М.: Паломник, – 1999. С. 705–706).

სიტყვები: "... უნდა ვიცოდეთ, რომ წმიდა მსხვერპლს სარგებლობა მოაქვს მხოლოდ იმ გარდაცვლილთათვის, ვინაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში დაიმსახურა, რათა შეეწეოდნენ მას მის სახელზე სხვათა მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები" - ზუსტად შეესაბამება ქრისტეს სიტყვებს: "თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს?" (მათე 7:16). და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ცხონდება თავისი საკუთარი საქმეებით, უფრორე მისი საქმეები გამოაჩენენ მასში რწმენის მაცხოვნებელ ნიჭს, როგორც ეს ნათქვამია მოციქულ იაკობთან: "მაგრამ მავანი იტყვის: "შენა გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმე“. მიჩვენე შენი რწმენა საქმის გარეშე და მე ჩემს საქმეთაგან გიჩვენებ ჩემს რწმენას"(იაკობი 2:18). საქმე კი არ შობს რწმენას, არამედ რწმენა აკეთილშობილებს ადამიანს. ამიტომაც სწავლებაში საჰაერო საზვერეების შესახებ მინიშნებაც კი არ არის ე. წ. პელაგიანელობაზე.

სიტყვები: "ბევრად უსაფრთხოა კეთილი საქმეების აღსრულება სიცოცხლეშივე, ვიდრე ვიყოთ იმის იმედით, რომ ჩვენი გარდაცვალების შემდეგ შეგვეწევა ჩვენს სახელზე სხვათა მიერ აღსრულებული სიკეთენი" - არ ნიშნავს იმას, რომ ცოცხლად დარჩენილებს შეუძლიათ კეთილი საქმეები აკეთონ გარდაცვლილის ნაცვლად. არამედ უპირველეს ყოვლისა გვამცნობენ, თუ როგორი გავლენა მოახდინა გარდაცვლილმა ცოცხლად დარჩენილებზე, ანუ იგულისხმება ისეთი ძლიერი ზნეობირივ გავლენა, რომ მისი სიკვდილის შემდეგაც კი (ცოცხლები) აგრძელებენ არსებობას მისი კეთილისმყოფელი გავლენით, რაც, უდავოდ, გარდაცვლილის დამსახურებას წარმოადგენს.

ნათქვამია: "გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას" (ებრ. 13:7). ხოლო ის, რომ ნათქვამია: "ბევრად უსაფრთხოა კეთილი საქმეების აღსრულება სიცოცხლეშივე", - ესეც ჭეშმარიტებაა, რადგან სიკვდილის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავტოვოთ როგორც კეთილი და სასარგებლო, ასევე არაკეთილი და უსარგებლო გავლენა, ამიტომ, ჯობს სულზე ვიზრუნოთ მაშინ, როდესაც ის ჯერაც სხეულში იმყოფება და გამოვიყენოთ სინანულისთვის გამოყოფილი დრო, რომელიც ამ წუთისოფელში მოგვეცა.

მესამე დღიდან მეცხრე დღემდე სული აიყვანება ღმრთის თაყვანსაცემად და სამოთხის მშვენიერებათა სახილველად. "რადგან ცხოველმყოფელი და უზრუნველი სამკვიდრებელია ჩვენთვის შემონახული, ჩვენ კი ბოროტებისკენ ვართ მიქცეულნი. რადგან უზენაესის დიდებაა შემონახული, ძნელად მიქცეულთა გადასარჩენად, ჩვენ კი უკეთური გზებით დავდივართ. რადგან გვეცხადება სამოთხე, რომლის ნაყოფი უხრწნელად ინახება, სადაც სიმრთელე და კურნება სუფევს, ჩვენ კი არ შევდივართ იქ, არამედ უამური ადგილებისკენ ვართ მიქცეულნი. რადგან ვარსკვლავებზე მეტად ბრწყინავენ მათი სახეები, ვინც თავშეკავებულ ცხოვრებას მისდევდა, ჩვენი სახეები კი წყვდიადზე უშავესია. არ ვფიქრობთ ცოცხლები, როცა უსამართლობას ჩავდივართ, რა განსაცდელი მოგველის სიკვდილის შემდეგ" (3 ეზრა. 7:51-55).

მეცხრე დღიდან მეორმოცე დღემდე სული გაივლის საზვერეებს, რომლის შემდეგ დგება კერძო სამსჯავრო. ამის შემდეგ კი სული გაიგზავნება იმ ადგილას, სადაც ის დაივანებს ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.

მღვდელმონაზონმა სერაფიმემ (როუზი), რომელიც ყოველთვის სკეპტიციზმით უ ყურებდა მოდერნისტებსა და ნეოპროტესტანტებს, ყურადღება მიაქცია სახარებისეული მქადაგებლის ბილი გრემის ერთ ბროშურას. მ. სერაფიმე წერს: "ასე, მაგალითად, პროტესტანტ-ევანგელისტი ბილი გრემი თავის წიგნში ანგელოზების შესახებ წერს: "სიკვდილის მომენტში სული ტოვებს სხეულს და მოძრაობს ატმოსფეროს გავლით. მაგრამ წმიდა წერილი გვასწავლის, რომ იქ ჩასაფრებულია ეშმაკი. ის არის "ჰაერის ძალთა მთავარი" (ეფეს. 2:2). ჩვენი შემეცნების მზერა ღია რომ იყოს, ჩვენ, შესაძლოა, გვენახა როგორ არის სავსე საჰაერო სივრცე ქრისტეს მტრებით - დემონებით. თუკი სატანამ შეძლო სამი კვირით შეეჩერებინა ანგელოზი, წარგზავნილი დანიელთან დედამიწაზე, ადვილი წარმოსადგენია, როგორი წინააღმდეგობა ელოდება ქრისტიანს სიკვდილის შემდეგ... სიკვდილის მომენტი - ეს არის უკანასკნელი შესაძლებლობა ეშმაკისთვის თავს დაესხას ჭეშმარიტ მორწმუნეს, მაგრამ ღმერთი აგზავნის თავის ანგელოზებს, რათა მათ დაგვიცვან ამ მძიმე ჟამს"(Билли Грэм. Ангелы – тайные вестники Бога. Doubleday, Нью-Йорк, 1975, стр. 150–151)" (ციტ.Серафим (Роуз), иеромонах. Приношение православного американца. М.: Российское отделение Валаамского общества Америки, – 1998. С. 109–110).

გასაოცარია, მაგრამ, ნეოპროტესტანტი ავტორი, რომელი მხოლოდ ბიბლიით სარგებლობს, მივიდა ასეთ აღმოჩენამდე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საჰაერო საზვერეების შესახებ სწავლების არა მარტო წმიდა მამებისეულ, არამედ ბიბლიურ წარმომავლობას.
საზვერეების გავლა
საზვერეები

ბიბლიური მოწმობა საზვერეებზე

როდესაც საზვერეებზე ვლაპარაკობთ, ზოგიერთი რელიგიური მოდერნისტი და განმაახლებელი ფრიად იძაბება. მათ ეჩვენებათ, რომ ეს არის აპოკრიფული გამოთქმა, რაღაც დაშორებული ღვთისმეტყველებას, მაგრამ, ეს სწავლება აქტუალურია და მას ბიბლიური და წმიდა მამებისეული წარმომავლობა გააჩნია.

უპირველეს ყოვლისა საზვერეებზე მოწმობს წმიდა წერილი, რომელიც სრულიად განსაზღვრულად გველაპარაკება საჰაერო სივრცეში არსებულ მომავალ გამოცდაზე. "და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით, რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი" (ეფეს. 2:1-2). სატანა ბატონობს ჰაერში. შემდეგ ამ ეპისტოლეში ნათქვამია: "შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ" (ეფეს. 6:11-13).

"უკეთურ დღეს" (ძვ. ქართ.: "დღესა მას ბოროტსა") - ეს სიკვდილის დღეა, და სიტყვები "ყოვლის მძლეველნი" - საზვერეებზე მიუთითებს.

სიტყვები "ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ" მიგვანიშნებს, რომ ღმრთის ზეციური სასუფევლისგან მიმავალ გზაზე - არა ატმოსფეროს ზედა სფეროებში, არამედ სწორედ ზეციური სასუფევლისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე - წინ აღგვიდგებიან ცისქვეშეთის უკეთური სულები ("მეზვერეები"), რომლებიც ხელს უშლიან ჩვენ ყოველ ზეაღსვლას, ხელს უშლიან ჩვენს მიახლოებას ცათა სასუფეველთან.

სიტყვა "ცისქვეშეთის" განმარტებისას, წმიდა იერონიმე წერს: "ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ბრძოლა არის არა სისხლისა და ხორცის, არამედ ზოგიერთ უხილავ ძალთა, ბნელეთის მთავართა წინააღმდეგ, რომელიც გარს აკრავს ამ სამყაროს, ავრცელებს ცთომილებებს ურწმუნო ადამიანთა შორის, და უკეთურ სულთა წინააღმდეგ, რომლებიც საჰაერო სივრცეებში ბინადრობენ. ეს ნიშნავს არა იმას, რომ დემონები ზეცაში ცხოვრობენ, არამედ იმას, რომ ჩვენს თავზე არსებული საჰაერო სივრცემ მიიღო ეს სახელწოდება (ზეციური)" (Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I–VIII веков (далее БКОЦ. – ред.). Новый Завет. Том VIII: Евангелие от Матфея 14–28 / Пер. с англ., греч., лат. и сир. Под ред. Манлио Симонэтти / Русск. изд. под ред. Ю.Н. Варзонина. Иероним Стридонский, Комментарий на Послание к Ефесянам.– Тверь: Герменевтика, 2007. С. 235–236).

წმ. თეოდორიტე კვირელი ვერ ეთანხმება იერონიმეს იმ საკითხში, რომ სივრცე ზეციურ გუმბათსა და დედამიწას შორის მთლიანად ეშმაკს ეკუთვნის. რადგან ტაძრების კურთხევის დროს საჰაერო სივრციდან განიდევნებიან ეშმაკნი, მითუმეტეს მონასტრებსა და სკიტეებში, ასევე მართლმადიდებელ ქრისტიანთა სახლებში (სადაც კითხულობენ ცისკარსა და მწუხრს), იმ ადგილებში, სადაც ტარდება ლიტანიობები, იკმევა საკმეველი ან გადააქვთ სიწმიდენი (განსაკუთრებულად წმიდა ნაწილები), - იქ უეჭველად განიწმიდება ჰაერი და მიწა და ირგვლივ ყოველივე.

აი, რატომ არის ესოდენ მნიშვნელობანი მომაკვდავისთვის ზეთისცხების წაკითხვა, აღსარება და ზიარება. წმიდა თეოდორიტე კვირელი წერს: "ნათლად გვასწავლა მოციქულმა, რომ ოდესღაც ეშმაკს მიენდო ძალაუფლება საჰაერო სივრცეზე. როესაც ამ პატივს მოაკლდა თავისი მზაკვარების გამო, ის ბოროტებისა და ეშმაკობის მოძღვარი გახდა. თუმცა, ბატონობს არა ყოველივეზე, არამედ იმათზე, ვინც არ შეიწყნარებს საღმრთო სიტყვას. სწორედ მათ უწოდა მოციქულმა "ურჩობის ძენი" (Там же. Феодорит Киррский, Толкования на Послания апостола Павла (Еф. 2, 2). С. 149).

113-ე ფსალმუნში ნათქვამია: "ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა" (ფსალმ. 113:24). ხოლო ბოროტების მთავარნი სწორედ ცასა და მიწას შორის ბოგინობენ, რდგან "ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა", თუმცა, ყოველთვის ასე როდი იქნება. და ამ აზრით სწავლება საჰაერო საზვერეების შესახებ ერთგვარად წარმოადგენს სწავლებას თვით ცასა და მიწას შორის სივრცის (ცისქვეშეთის) გათავისუფლების შესახებ. ეს აღსრულდება ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს, როდესაც სიძის (ქრისტეს) და პატარძლის (ეკლესიის) შეხვედრა მოხდება: "შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით" (1 თესალონიკ. 4:17).

უდავოდ, ყოველ ადამიანს მოუწევს ზეცად ასვლა, რადგან "ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს" (ფლპ. 3:20), მაგრამ მივაღწევთ თუ არა მას - დამოკიდებულია მრავალ მიზეზზე. სიტყვები: "საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს" გვიჩვენებს, რომ მხედველობაშია არა ალეგორიული (სულიერი), არამედ სრულიად კონკრეტული ზეცა. რამეთუ უფლის ზეცად ამაღლებისთვის ნათქვამია: "ეს რომ თქვა, მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა აიტაცა მათ თვალთაგან. და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით, რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, რთგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი" (საქმე 1:9-11).


იაკობის კიბე

მართლმადიდებლური სწავლება ზეციური სასუფევლისა და მისკენ ასვლის ან მისგან დაცემის შესახებ შეიძლება აგებულია ბიბლიურ თქმულებაზე "იაკობის კიბის" შესახებ, რომელსაც არგუმენტირებულად განმარტავს ნეტ. იერონიმე სტრიდონელი. იაკობის ხილვაში ვკითხულობთ: "გავიდა იაკობი ბერშებიდან და გაემართა ხარანს.მიადგა ერთ ადგილს და იქ დაიღამა, რადგან მზე ჩასული იყო. აიღო ერთი ლოდი იმ ადგილიდან, დაიდო სასთუმლად და დაწვა იმ ადგილას.ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე.აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია" (დაბ. 28:10-13).

თავის თხზულებაში "ტრაქტატი ფსალმუნებზე" ნეტ. იერონიმე სტრიდონელი წერს: "შეხედეთ ჩვენს ასკეტს (იაკობს): ის გაექცა ძალიან სასტიკ ადამიანს, ის გაურბოდა საკუთარ ძმას და შეწევნა ლოდში ჰპოვა, და ეს ლოდი არის ქრისტე. ეს ლოდი - ყველას საყრდენია, ვინც კი დევნულებას განიცდის; მაგრამ ურწმუნო იუდეველისთვის ეს არის "ლოდი საცთურისა". ნათქვამია: "ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე". დააკვირდით, რა არის ნათქვამი: მან დაინახა კიბეზე აღმავალი ანგელოზები, მან დაინახა ზეაღტაცებული პავლე. მან დაინახა ჩამომავალი ანგელოზები: იუდა - გამცემელი გადმოვარდა. მან დაინახა აღმავალი ანგელოზები: წმიდა ადამიანები, რომლებიც მიწიდან აღიტაცებოდნენ ცაში. მან დაინახა დაღმავალი ანგელოზები: ეშმაკი, დემონები და მისი მხედრობა, გარდამოცვენილნი ციდან. და ეს არის უდიდესი სიძნელე - აღმასვლა მიწიდან ცაში. ჩვენთვის ხომ დაცემა ადგომაზე ადვილია. ჩვენთვის ხომ დაცემა უფრო ადვილია, ვიდრე აღმასვლა, რომელსაც უდიდესი ღვაწლი სჭირდება და მრავალი ოფლი. და თუ მე დავდგები პირველ საფეხურზე, კიდევ რამდენი დამრჩება ზეცამდე? და თუკი ავალ მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე, მეათე საფეხუზე, რა სარგებლობას მივიღებთ, კიბის მწვერვალს თუ ვერ მივაღწევ? დავუშვათ, ჩემთვის ეს კიბე შედგება თხუთმეტი საფეხურისგან და მე მივაღწიე მეთოთხმეტეს: თუკი მეთხუთმეტეს ვერ მივაღწევ, რა შემერგება იმისგან, რომ მხოლოდ მეთოთხმეტეს მივაღწიე? ხოლო თუკი მეთხუთმეტემდე ავალ და დავემხობი, უმეტესი ასვლა უდიდესი დაცემის საწინდრად შემექმნება" (БКОЦ. Ветхий Завет. Том II: Книга Бытия1–11 / Пер. с англ., греч., лат. и сир. Под ред. Эндрю Лаута в сотрудничестве с Марко Конти / Русск. изд. под ред. К.К. Гаврилкина. Иероним Стридонский, Трактат на Псалмы. – Тверь: Герменевтика, 2004. С. 235).

რადგან ჯოჯოხეთი განკუთვნილია არა ადამიანებისთვის, რამეთუ საუკუნო ცეცხლი "ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული" (მათე 25:41), კიბით ზეცაში ასვლა, რომელიც იაკობმა იხილა და აღწერილია საზვერეების შესახებ თხრობაშიც, ყოველ ადამიანს მოუწევს. და ბუნებრივია, რომ ეშმაკები და დემონები ყოველმხრივ შეეცდებიან ხელი შეუშალონ ადამიანს მსვლელობაში იქითკენ, სადაც ოდღესღაც თვითონ ბინადრობდნენ და ეშმაკთან ერთად გადმოვარდნენ, რადგან "ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრნენ" (შეად. იოანე 8:44); და კიდევ: "როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო!" (ესაია 14:12). მხოლოდ მოწამეები და დიდი წმინდანები ადიან ზეცად ისე, რომ გვერდს უვლიან საზვერეებს. საეკლესიო გადმოცემით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი სწორედ ასე ამაღლდა ზეცად. ამას მოწმობენ საეკლესიო ლოცვები და ხოტბა-დიდებანი, რომელიც აღევლინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მისი მიძინების დღესასწაულზე.

ვიღაცამ შეიძლება გვითხრას: განა ახლა ეშმაკები და დემონები ჯოჯოხეთში არ არიან? ნათქვამია: "და, აჰა, შეჰყვირეს და თქვეს: რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო, ძეო ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად" (მათე 8:29). ახალი აღთქმა გვიჩვენებს, რომ დემონები ბინადრობენ შეპყრობილ ადამიანებში (მათე 8:28), შეუძლიათ შევიდნენ პირუტყვებშიც (მათე 8:32), მაგრამ მათი მთავარი საბინადრო და საბატონო ადგილი - ცისქვეშეთია. როგორც ზემოთ ვნახეთ, ომი ადამიანებსა და ბოროტების ძალთა შორის გრძელდება "ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი" (ეფეს. 2:2). ანუ, ბატონობს რა საჰაერო სივრცეში ის (ეშმაკი) დედამიწაზე "ურჩობის ძეთა მეშვეობით" მოქმედებს". ჩვენ კი მგლოვარე იერემიასთან ერთად ისღა გვრჩება შევღაღადოთ ღმერთს:  "რისხვით დაედევნე მათ და მუსრი გაავლე უფლის ცისქვეშეთში!" (გოდება იერემიასი 3:66). ეშმაკის ძალაუფლება დედამიწაზე აღდგება მხოლოდ ანტიქრისტეს დროს, და ისიც მხოლოდ სამწელიწად ნახევრის განმავლობაში (გამოცხ. 20:7).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოწამენი და სრულყოფილი წმინდანები დაუობრკოლებლად ადიან სიკვდილის შემდეგ ზეცად. მაგრამ ბიბლიაში აღწერილია ზეცაში სხეულებრივად აღსვლის ორი შემთხვევა: მართალი ენოქისა და წინასწარმეტყველ ილიასი. და კვლავ ამისი აღწერა ეჭვსაც კი არ ტოვებს, რომ რეალურად ცათა სასუფევლისკენ აღსვლა ხდება ჩვენს მიწასა და ცას შორის არსებული სივრცის გავლით. ნათქვამია: "დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა" (დაბ. 5:24); და კიდევ: "როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი. უყურებდა ელისე და ეძახდა: ჩემო მამავ, ჩემო მამავ! ისრაელის ეტლო და მხედრობავ! მეტი არაფერი დაუნახავს. ხელი ჩაავლო თავის სამოსელს და ორად გახია. აიღო მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, გაბრუნდა და იორდანეს ნაპირზე ჩამოჯდა. დაარტყა წყალს მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, და თქვა: სად არის უფალი, ელიას ღმერთი? დაარტყა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა" (4 მეფ. 2:11-14).
საზვერეების გავლა
წმიდა მამათა მოწმობა საზვერეების შესახებ

როდესაც წმიდა მამები ადიდებდნენ ღმრთის ძის გოლგოთისეულ ვნებას, ისინი ყურადღებას მიაპყრობდნენ იმას, რომ იესუ ქრისტე ჯვარზე კვდება მიწასთან შეუხებლად, ანუ ცასა და მიწას შორის. ამ ვითარების ლიტურგიკულ ინტერპრეტაციაში, ისინი ამბობენ, რომ ქრისტე ჰაერის თავადს თავისსავე სასახლეში ამარცხებს.

სხეულთან განშორებული სული ისე იოლად როდი აღვალს ზეცისკენ, როგორც ამას პროტესტანტები და "ჩვენი" ნეოგანმაახლებლები ირწმუნებიან. არსებობს წმიდა მამათა არცთუ მცირე მოწმობები საჰაერო საზვერეების შესახებ. მაგალითად, წმ. ათანასე დიდი, ალექსანდრიის პატრიარქი, "ღირსი ანტონი დიდის ცხოვრებაში" აღწერს შემდეგ ამბავს:

"ერთხელ ანტონი საზრდელს იღებდა, რომ ცხრა საათიანი ჟამმა მოუწია და ფეხზე წამოდგა ლოცვის სათქმელად. ის იყო დაიწყო კიდეც ლოცვა, რომ მოულოდნელად გონება გაუნათდა და საკუთარ თავს გარედან დაუწყო ყურება, შემდეგ კი მისი სული ზეცისკენ წარმემართა. ამ დროს ჰაერის ეშმაკები გადაეღობნენ და შეეცადნენ აღსვლაში ხელი შეეშალათ. ანგელოზები ანტონის ეხმარებოდნენ და ეშმაკებს წინააღმდეგობას უწევდნენ, თან მოითხოვდნენ აეხსნათ, რა იყო მათი ხელის შეშლის მიზეზი. მაშინ, ბოროტმა სულებმა დაიწყეს ცოდვების ჩამოთვლა, რაც კი ანტონის ბავშვობის ასაკიდან ჩაედინა. ამის გაგონებაზე ანგელოზებმა შეაჩერეს ბოროტი სულები და უთხრეს.

- ის, რაც დაბადებიდან შესცოდა ანტონიმ, უფალმა წარხოცა. მაგრამ, თუ თქვენთვის ცნობილია მისი რომელიმე ცოდვა, მას შემდეგ, რაც მონაზვნობის აღთქმა დადო, შეგიძლიათ დაასახელოთ.

მაშინ ეშმაკებმა, თავისი ბოროტებიდან გამომდინარე ცილისწამების ხერხს მიმართეს და ანტონი იმ ცოდვებში დაადანაშაულეს, რაც არ ჩაედინა. როდესაც დარწმუნდნენ, რომ ანტონის ვერც ამ გზით ავნეს რამე, დაესხნენ და გზა გაუთავისუფლეს.

ანტონი გონს რომ მოეგო, შენიშნა, რომ ისევ იმ ადგილას იდგა, სადაც ხილვამდე იყო. ნანახით განცვიფრებულს საზრდელის მიღება აღარც გახსენებია და მთელი დღე-ღამე ლოცვაში გაატარა და თან სულ იმის ფიქრში იყო, თუ რამდენი მტერი ჰყავს ადამიანს და რა რთულია უფლისკენ სავალი გზა" (ციტ. Игнатий (Брянчанинов), святитель. Творения. Том III. Фонд «Христианская жизнь». 2002. С. 210–211) (იხ. ასევე: წმიდა ანტონი დიდის ცხოვრება. მესამე ნაწილი. http://www.orthodoxy.ge/tveni/ianvari/antoni_didi_3.htm).

აქ წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის პატრიარქი, მოგვითხრობს, რომ როდესაც ჩვენი ლოცვა აღევლინება ღმერთს, ცისქვეშეთის ბოროტი სულები ცდილობენ მის შეჩერებას. რთული იქნება არა მარტო სულის აღსვლა ღმრთის სასუფეველისკენ - როგორც ერთგვარი ლივლივი, - რთული გახდება თვით ლოცვაც, რომელიც ზეცისკენ ძნელად აღვალს. და რომ არა დამხმარე ანგელოზები, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მფარველი ანგელოზი და ის წმინდანები, რომელთა სახელებსაც ჩვენ მოვუხმოთ, - ვერ გავუძლებდით იმ ბრძოლას ეშმაკები რომ გამართავენ ჩვენს წინააღმდეგ.

სიტყვა "საზვერე" მომდინარეობს სიტყვიდან "მეზვერე" ) ბერძნ.: τελώνης; ლათ. Publicanus). მეზვერე - ეს არის ღალის ამკრეფი. რაღაც აზრით დემონები ერთგვარ სულიერ კრედიტორებად გამოდიან. ჩვენი ცხოვრების იმ ნაწილში, სადაც ვცოდავთ, ჩვენ - ნებსით თუ უნებლიედ - თავს მათთან ვაიგივებთ. და ისინი ჩვენში ერთგვარად საკუთარ ნაწილს ჭვრეტენ, მიიჩნევენ, რომ ჩვენ მათი მოვალეები ვართ.
მიზეზი, თუ რატომ სძულთ ეშმაკთა და დემონთ ადამიანები
მეორე მხრივ, რადგან ეშმაკისა და დემონებისთვის, ამ ყოფილი ანგელოზებისთვის (რომლებიც "უნივთო ცეცხლით" (ღირ. იოანე დამასკელის გამოთქმა. შეად. ფსალმ. 103:4. შექმნილნი იყვნენ ნათლისგან), ზეციური სავანეები მთლიანად დახურულია, ისინი სწორედ შურის გამო გვეწინააღმდეგებიან ჩვენ (მიწის მტვრისაგან შექმნილთ) და ხელს გვიშლიან ზეციური სასუფევლის დამკვიდრებაში.

ღირ. იოანე დამასკელი წერდა: "ანგელოზი არის მოაზროვნე ბუნება, ... იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული" (Иоанн Дамаскин, преподобный. Точное изложение Православной веры. Книга 2, глава III. – М.: Изд. Сретенского монастыря, 2003 С. 84) (იხ. ასევე: წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი მეჩვიდმეტ. ანგელოზების შესახებ. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/17.htm).

მეორე მხრივ, ადამიანისადმი შური თავიდანვე არის განპირობებული მით, რომ ეშმაკი "ამ ანგელოზურ ძალთაგან დედამიწისეული წესის თავმდგმური, ვისაც ღვთისგან დედამიწის დაცვა ჰქონდა მინდობილი, ... თავი აიმაღლა მისი შემქმნელი ღვთის წინააღმდეგ, განიზრახა რა მისდამი დაპირისპირება, და იგი, პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა" (იქვე) (იხ. ასევე: წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი მეთვრამეტე. სატანას და ეშმაკების შესახებ. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/18.htm).

ამგვარად, ჩვენ ვამჩნევთ კაცთა მოდგმისადმი დაცემულ ანგელოზთა სიძულვილის რამოდენიმე მიზეზს:

·        ისინი შექმნილნი არიან უნივთო ნათლისგან (ცეცხლისგან), ჩვენ კი მიწის მტვრისგან.

·        მათთვის, მიუხედავად მათი ბუნების სიმაღლისა, სინანულის გზა დახშულია; ხოლო ჩვენთვის, სხეულებრივი უძლურების გამო - ხსნილია.

·        ეშმაკმა და დემონებმა დაკარგეს ცათა სასუფეეველი, ძალაუფლება დედამიწაზე; ხოლო ადამიანი, რომელიც დედამიწაზე იბადება, ძალმოსილია ავიდეს ცათა სასუფეველში (ღმერთთან).
 
აქედან გამოდის, რომ შურისძიების ერთადერთი ხერხი მათ მიერ დაკარგული ზეცისა და მიწის გამო - ისინი ცდილობენ საჰაერო სივრცეში, დედამიწასა და ზეცას შორის შეგვაჩერონ.

როდესაც ცოდვილი ცდილობს საზვერეების გავლას, ისინი (დემონები) ცდილობენ მასში იმის მოთხოვნას, რასაც საკუთრად მიიჩნევენ. რადგან ღმერთი არის სიწმიდის წყარო და მასში არ არის არავითარი ცოდვა. ხოლო ცოდვილი, რომელიც არ განწმენდილა სიწმიდისთვის, თავის ცხოვრებაში ატარებს იმ ნაწილს, რომელიც ერთგვარად ეშმაკს და ყოველი ჯურის დემონს ეკუთვნის. და ისინი თავისას ითხოვენ და ამბობენ: "ის ჩვენია, ის მეძავია, მემრუშეა, მკვლელია, ლოთია, ცილისმწამებელია, ბოროტმოქმედია". და ითხოვენ - როგორც მეზვერეები, როგორც ღალის ამკრეფნი იმას, რასაც სამართლიანად მიიჩნევენ თავიანთ საკუთრებად.

აქ იბადება ასეთი შეკითხვა: თუკი ადამიანი ცოდვილია, სიკვდილის შემდეგ რატომ არ მიელტვის იმას, რაც მისთვის ბუნებრივია? თუკი ის ცოდვილია, მაშასადამე, ის ცოდვებშია და, მაშასადამე, მისი ცხოვრების ნაწილი ბოროტებაში ძევს, როგორც ერთგვარი რამ, რაც მის ბუნებასთან არის შერწყმული. მაშ, მაინც ღმერთს რატომ მიელტვის გარდაცვლილი ცოდვილის სული? იმიტომ, რომ ღმერთი არის ყოველი სულის შემოქმედი. სული ინსტინქტურად გრძნობს ღმერთს და არა აქვს მნიშვნელობა მორწმუნეა ის თუ ურწმუნო. ურწმუნო ადამიანი, მართლმადიდებელი თუ არამართლმადიდებელი, გინდ აბსოლუტური უღმრთო, სიკვდილის შემდეგ მაინც ღმერთს მიელტვის. სულს ღმერთი სწყურია. წმიდა წერილში ნათქვამია: "მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ" (საქმე 17:28).

არსებობს შემოქმედის კავშირი მთელ ქმნილებასთან; ქმნილებათა ნებისმიერი ნაწილი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ღმერთი აგრძელებს მასთან თავის დიალოგს. ჩვენ ღმერთით ვცხოვრობთ, ვმოქმედებთ და ვარსებობთ; და თუ ღმერთი შეწყვეტს თავის დიალოგს ქმნილების ნებისმიერ ნაწილთან, ეს ქმნილება მომენტალურად წყვეტს თავის არსებობას. ამიტომაც ბრძანებდნენ წმიდა მამები, რომ ჯოჯოხეთშიც კი შენარჩუნდება ქმნილებასა და შემოქმედს შორის ურთიერთობის ფორმები - რადგან, ღმერთის გარეშე არაფერს შეუძლია არსებობა. ნათქვამია: "ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ! ... და ვიტყვი: იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქმნას სინათლედ ჩემთვის. სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს; რა სიბნელე და რა სინათლე" (ფსალმ. 138:8, 11-12).

მაგრამ, ქვესკნელში ღმერთის შეგრძნება მხოლოდ აძლიერებს ცოდვილი სულის ტანჯვას, რადგან ის ბევრ სხვა რამესთან ერთად, მის მიერ ღმრთისადმი გამოუყენებელი სიყვარულის დაკარგვით იტანჯება, "თავისი დემონური ეგოიზმის ცეცხლში, შეგნებული აქვს რა ყველა თავისი ცოდვა, ცოდვილის სულს სასოწარკვეთისა და სინდისის ცეცხლოვანი მატლი დაღრღნის, და ეს მდგომარეობა მისთვის წარმოუდგენლად მტანჯველი იქნება" (Иустин (Попович), преподобный. Догматика Православной Церкви: Эсхатология. М.: Издательство Московской Патриархии, 2005 г. – С. 54).
საზვერეების გავლა
აღმოსავლელ წმიდა მამათა მოწმობანი საზვერეების შესახებ

ღირ. ეფრემ ასურელი: "როდესაც ახლოვდებიან ძალნი, საშინელნი მხედრობანი, როდესაც საღმრთო ამომრთმევნი სულს უბრძანებენ დატოვოს სხეული და გადმოსახლდეს მისგან, მაშინ, მივყავართ რა ძალით, გარდაუვალი სამსჯავროს წინაშე წარგვადგენენ; მაშინ, როდესაც მათ დაინახავს, საცოდავი ადამიანი... სულით ისე შეირყევა, როგორც მიწისძვრისას და ერთბაშად ათრთოლდება... საღმრთო ამომრთმევნი, ამოართმევენ რა სულს ადამიანს და მიიღებენ, ჰაერში ამაღლდებიან, სადაც დგანან წინააღმდგომ ძალთა ხელმწიფებანი, ძალნი და წუთისოფლის მთავარნი. ისინი არიან ჩვენი ბოროტი ცილისმწამებელნი და ბრალმდებელნი, უცნაური მეზვერენი, აღმწერნი და მევალენი; ისინი გვხვდებიან გზაზე, აღწერენ, განიხილავენ და ჩამოთვლიან ჩვენს უნებლიეთ თუ ნებსით ჩადენილ ცოდვებს მოყოლებულთ ჩვენი სიყმაწვილიდან ვიდრე სიბერემდე, საქმით, სიტყვითა და ფიქრით აღსრულებულთ. დიდია იქ შიში და ძრწოლა, აღუწერელია ის ურვა, რომელსაც მაშინ განიცდის სული ურიცხ ბილწ მტერთა გარემოცვაში, რომლებიც ამხელენ და ამავდროულად ცილს სწამებენ მას, რათა არ მისცენ ცაში აღსვლის შესაძლებლობა, მართალთა სავანეებში დასახლების უფლება და დააბრკოლონ მარადიული სიცოცხლს დამკვიდრების გზაზე. მაგრამ წმიდა ანგელოზები, აიღებენ სულს და განაშორებენ მას" (Цит. по: Макарий (Булгаков), митрополит. Православно-догматическое богословие. Том V. – СПб., 1853. С. 80).

ღირ. მაკარი დიდი: "როდესაც ადამიანის სული გამოდის სხეულიდან, აღსრულდება ერთგვარი უდიდესი საიდუმლო. რადგან, თუკი ის ცოდვებშია გახვეული, მოდიან დემონთა ურდოები, ბოროტი ანგელოზები, ბნელი ძალები და ამ სულს მიიტაცებენ. თუკი ადამიანი, რომელიც ჯერაც ცოცხალია და ამქვეყნად სული უდგას, დაემორჩილა მათ და დაემონა, განა მით უფრო არ დაიმონებენ და დაიმორჩილებენ მას ეშმაკნი ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ? რაც შეეხება ადამიანთა უკეთეს ნაწილს, მათში ეს არანაირად არ ხდება. ანუ, ღმრთის წმიდა მონათა შემთხვევაში, ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში მყოფთ დაჰყვებათ მფარველი ანგელზნი, რომლებიც გარს ეხვევიან მას და იცავენ. ხოლო როდესაც მათი სულები სხეულებს გაეყრებიან, ანგელოზთა დასები თავიანთ გარემოცვაში მიიღებენ, ნათელ ცხოვრებაში შეიწყნარებენ და ასე აიყვანენ უფალთან" (Там же. С. 81–82).

წმ. იოანე ოქროპირი: "თუკი ჩვენ, როდესაც სხვა ქვეყანაში მივემგზავრებით, აუცილებლად გვჭირდება მეგზური, რამდენად უფრო დაგვჭირდება შემწე და ხელმძღვანელი, რათა დაუბრკოლებლად გავიაროთ უფლებანი, ძალნი, საჰაერო ხელმწიფებანი, მდევარნი და საზვერეთ უფროსნი?" (Там же. С. 82).

ღირ. მაქსიმე აღმსარებელი: "როგორ არ შეუშინდება ჩემსავით ცოდვათა უწმიდურებით შებილწული ანგელოზთა მოახლებას, რომლებიც ამქვეყნიდან გასული კაცის სულთან მოვლენ ღმრთის ბრძანებით, და ძალით, მრისხანებითა და მისი ნების საწინააღმდეგოდ ამოიყვანენ სხეულიდან? ბოროტ საქმეთა რომელი ჩამდენი არ შეუშინდება სასტიკ, დაუნდობელ და მზაკვარ დემონებთან შეხვედრას? (Там же. С. 84).

წმ. იოანე ოქროპირი: "სწორედ მაშინ გვჭირდება მრავალი ლოცვა, მრავალი შემწე, მრავალი კეთილი საქმე და ანგელოზთა დიდი შეწევნა, როდესაც დავიწყებთ აღსვლას საჰაეროს სივრცის გავლით. თუკი სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას გვჭირდება მეგზური, რამდენად უფრო დაგვჭირდება შემწე და ხელმძღვანელი, დაუბრკოლებლად რომ გავიაროთ უფლებანი, ძალნი, საჰაერო ხელმწიფებანი, მდევარნი და საზვერეთუფროსნი?"

გარდაცვლილ ქრისტიან ყრმათა სახელით იოანე ოქროპირი ასე ღვთისმეტყველებს და გვასწავლის: "ჩვენ მშვიდობიანად გაგვაშორეს საკუთარ სხეულებს წმიდა ანგელოზებმა, ჩვენ თავისუფლად გავიარეთ საჰაერო ძალთა დაბრკოლებანი. ჩვენ საიმედო მეგზურები გვყავდნენ! მზაკვარმა სულებმა ვერაფერი იპოვეს ჩვენში, რასაც ეძებდნენ, ვერაფერი ნახეს ისეთი, რის დანახვასაც ისურვებდნენ. როდესაც იხილეს შეუბილწავი სხეულები, შერცხვენილ იქნენ; როდესაც დაინახეს წმიდა, უბოროტო სულები - დაითრგუნნენ; მათ ვერ იპოვეს ჩვენში ცუდი სიტყვები და დადუმდნენ. ჩვენ ჩავუარეთ მათ და გავანადგურეთ ისინი; ჩვენ გავიარეთ მათში და დავთრგუნეთ ისინი; ბოლოს კი გავთავისუფლდით. "კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა მიმცნა ჩუენ ნადირად კბილთა მათთა. სული ჩუენი, ვითარცა სირი, განერა მახისა მისგან მონადირეთასა; საბრჴე შეიმუსრა, და ჩუენ განვერენით" (ახ. ქართ.: "კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა კბილთათვის. ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით" (ფსალმ. 123:6-7). როდესაც ეს აღსრულდა, ჩვენმა წინამძღოლმა ანგელოზებმა გაიხარეს; გადაგვეხვივნენ, გვეამბორნენ, რადგან გავმართლდით და გვახარეს: "კრავნო ღმრთისანო! ვხარობთ თქვენი აქ მოსვლის გამო; გაიღო თქვენთვის პირველმშობელთა სამოთხე; თქვენ დაიმკვიდრეთ აბრაამის წიაღი. მოგიყვანათ აქ მეუფის ხელმა; მოგიწოდათ მისმა ხმამ დგომად მისგან მარჯვენით. კეთილმოწყალე თვალით გადმოგხედათ მან და სიცოცხლის წიგნში ჩაგწერათ". ჩვენ კი მივუგეთ: "უფალო! სამართლიანო მსაჯულო! რომელმან მოგვაკელი მიწიერი სიკეთენი - ნუ მოგვაკლებ ზეციერს. შენ განგვაშორე მშობელთა ჩვენთაგან - ნუ განგვაშორებ შენს წმინდანებს. ნათლისღების ბეჭედი აღუხოცველია ჩვენში: ჩვენს სხეულებს წარვადგენთ წმიდად ჩვენი სიყრმისეული ასაკის გამო" (ციტ.: Игнатий (Брянчанинов). Слово о смерти. Воздушные мытарства. – СПб.: Азбука, 2011. См. сн.: Маргарит) (4).

_________

4, "სიტყვა მოთმინებასა და მადლობაზე და იმის შესახებ, რომ ზედმეტად არ უნდა ვიგლოვდეთ გარდაცვლილთა გამო". ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) წერდა: "ამ სიტყვის წაკითხვა განწესებულია მეშვიდე შაბათს პასექის შემდეგ, ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვაზე. დასავლელი კრიტიკოსები მას იოანე ოქროპირს არ განაკუთვნებენ, მაგრამ ის ოდითგანვე ცნობილია აღმოსავლეთის ეკლესიაში და ღვთისმსახურებაზე კითხულობენ".
_________

წმიდა იოანე მრავალმოწყალე, ალექსანდრიის პატრიარქი, სიკვდილსა და სხეულისგან სულის გაყრაზე მსჯელობს ისე, როგორც მას ეს განუცხადა ღირსმა სიმეონ მესვეტემ: "როდესაც სული სხეულიდან გამოვა და ცისკენ ასვლას დაიწყებს, მას დემონთა დასები დახვდებიან და მრავალ სიძნელეებსა თუ გამოცდებს მოუწყობენ. ისინი ამხელენ ცოდვებში: სიცრუეში, ცილისწამებაში, შურსა და მრისხანებაში, ბოღმაში, გულბოროტობაში, ამპარტავნებასა და სიამაყეში, დაუმორჩილებლობაში, მევახშეობაში, ვერცხლისმოყვარეობაში, ლოთობაში, ნაყროვანებაში, ჯადოქრობაში, ძმათმოძულეობაში, მკვლელობაში, ქურდობაში, უმოწყალობაში, სიძვა-მრუშობაში და სხვა მრავალ ცოდვებში. როდესაც სული მიწიდან ცისკენ ადის თვით წმიდა ანგელოზებსაც კი არ შეუძლიათ მისი დახმარება: ერთადერთი რაც კაცის სულს შეეწევა ამ მძიმე ჟამს მისი ამქვეყნიური სინანულია, მისი ამქვეყნად ჩადენილი კეთილი, ყველაზე მეტად კი მოწყალების საქმეებია. თუკი აქ გულმავიწყობით არ შევინანებთ ჩვენს ცოდვებს, მოწყალებით შეგვიძლია თავი დავაღწიოთ დემონურ საზვერეთა ძალადობას. ძმანო! თუკი ეს ვიცით, შევძრწუნდეთ იმ მძიმე ჟამის გამო, როდესაც სასტიკ და მძვინვარე მეზვერეებს გადავაწყდებით; შევრძრწუნდეთ იმ ჟამის გამო, როდესაც გავოგნდებით და აღარაფერი გვექნება სათქმელი ჩვენს მეზვერეთათვის. მაშ, აწვე შევინანოთ ჩვენი ცოდვები, მივცეთ ძალა ჩვენს მოწყალებას, რომელსაც ჩვენი მიწიდან ცად აყვანა ძალუძს, და შეუძლია გაგვათავისუფლოს ეშმაკთა მძლავრებისგან. დიდია მათი სიძულვილი ჩვენდამი, დიდი შიში და ძრწოლა გველოდება ძმანო საჰაერო სივრცეში, დიდი ძრწოლა და უბედურება" (იქვე. იხ.: Пролог, 19 декабря).

დასავლელ წმიდა მამათა მოწმობანი საზვერეების შესახებ

ისეთი შთაბეჭდილება რომ არ დაგვრჩეს, თითქოსდა სწავლება საჰაერო საზვერეების შესახებ მხოლოდ აღმოსავლელი მამებისთვის იყო ცნობილი, მივმართოთ მამა სერაფიმეს (როუზი) წიგნს, სადაც ის გვიჩვენებს, რომ მისთვის ცნობილი იყო მრავალი დასავლური ძველი წყარო, რომლებიც არასოდეს თარგმნილა არც ბერძნულ და არც რუსულ ენბზე და, რომლებიც სავსეა ცნობებით საზვერეთა შესახებ. "სახელწოდება "საზვერე", - წერს მამა სერაფიმე (როუზი), - როგორც ჩანს, შემოიფარგლება აღმოსავლური წყარეობით, მაგრამ ის, რაც აღწერილია დასავლურ წყაროებში მის რეალობას ადასტურებს.

მაგალითდ, წმ. კოლუმბას († 597), რომელმაც შოტლანდიაში კუნძულის მონასტერი დააფუძნა, თავის ცხოვრებაში მრავალგზის უხილავს ჰაერში დემონთა ბრძოლა გარდაცვლილ სულთათვის. წმ. ადამნანი († 704) ამის შესახებ მოგვითხრობს წმინდანის მის მიერ დაწერილ ცხოვრებაში. აი ერთი შემთხვევა.

ერთხელ წმ. კოლუმბამ შეჰკრიბა თავისი ბერები და მათ უთხრა: "შევეწიოთ ლოცვით იღუმენ კომჰელის ბერებს, რომლებიც ამ ჟამს ცხვრის ტბაში იხრჩობიან, რადგან ისინი ახლა ჰაერში ბოროტების ძალებს უმკლავდებიან, რომლებიც ცდილობენ უცხოტომელის სულის მიტაცებას, მათთან ერთად რომ იძირება ტბაში".

ლოცვის შემდეგ მან თქვა: "მადლობდეთ ქრისტეს, რადგან ახლა წმიდა ანგელოზები მიეახლნენ ამ წმიდა სულებს, გაათავისუფლებს ის უცხოტომელი და ზეიმით გამოსტაცეს ხელიდან დემონებს".

წმ. ბონიფაციუსი, გერმანელთა ანგლო-საქსონელი მოციქული (VIII ს.) ერთ-ერთ თავის წერილში გადმოსცემს ამბავს, რომელიც მას უენლოკში ერთი ბერისგან სმენია, რომელიც გარდაიცვალა, მაგრამ რამოდენიმე საათში კვლავ სიცოცხლეს დაუბრუნდა. როდესაც სხეულიდან გავიდა, ის აუტაციათ ისეთი წმიდა სილამაზის ანგელოზებს, რომ მათი შეხედვის შემძლეც ვერ ყოფილა... "მათ წამიყვანეს მაღლა ჰაერში"... შემდეგ კი ჰყვებოდა, რომ იმ დროს, როდესაც სხეულის გარეთ იყო, სულთა იმდენმა რაოდენობამ დატოვა თავისი სხეული და შექუჩდნენ იმ ადგილას, სადაც ის იმყოფებოდა, რომ ეგონა, თითქოსდა მათი რაოდენობა ჭარბობდა დედამიწის მოსახლეობას. მან ასევე თქვა, რომ იქვე იყო ბოროტ სულთა ბრბო და წმიდა ანგელოზთა დასი. ასევე თქვა, რომ ბოროტი სულები და წმიდა ანგელოზები გააფთრებულ დავას ეწეოდნენ სხეულებიდან გამოსულ სულთა გამო: დემონები მათ ადანაშაულებდნენ და ამძიმებდნენ მათ ცოდვათა უღელს, ხოლო ანგელოზები, პირიქით, ამსუბუქებდნენ ამ უღელს და მოჰყავდათ ცოდვათა ჩადენის შემარბილებელი ვითარებები.

თვით ბერს თურმე ესმა ყველა მისი ცოდვა, მოყოლებული სიყმაწვილიდან, რომლებიც მას ან არ უთქვამს აღსარბაში ან დაავიწყდა, ან კიდევ არ აღიარებდა ცოდვად. ეს ცოდვები ღაღადებდნენ მის წინააღმდეგ და ადანაშაულებდნენ მას... ყველაფერს, რაც კი მას ჩაუდენია მთელი თავისი ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში და, რომელთა ცოდვად აღიარებასაც თავს არიდებდა, ახლა დემონები პირდაპირ ჩასძახებდნენ და საშინელი სიტყვებით ამხელდნენ მას. ბოროტი სულები ასევე ჩამოთვლიდნენ ვნებებს, ადანაშაულებდნენ მას და მოჰყავდათ ამისი დამადასტურებელი მოწმობები, ასახელებდნენ დროსა და ადგილს, სადაც კი ჩაედინა ცოდვა და მისი ბოროტი საქმეების მტკიცებულებებსაც იმოწმებდნენ... და აი, მოაგროვეს რა მის წინააღმდეგ ყველა მისი ცოდვა, კაცობრიობის ამ უძველესმა და უბოროტესმა მტრებმა ის დამნაშავედ და უდავოდ მათი ძალაუფლების ქვეშ მოსაქცევ პირად გამოაცხადეს.

"მეორე მხრივ, - თქვა მან, - მცირე, უსუსური სათნოებები, რომლებსაც უღირსად და არასრულყოფილად ვფლობდი, ჩემს დასაცავად მეტყველებდნენ... და ანგელოზური სულები, თავიანთ უსაზღვრო სიყვარული მიცავდნენ და მხარს მიჭერდნენ, ცოტა გადაჭარბებულადაც კი მეჩვენებოდა მათგან დასახელებული ჩემი სათნოებები..." (Серафим (Роуз), иеромонах. Приношение православного американца. М.: Российское отделение Валаамского общества Америки, – 1998. С. 104–105).

ყურადღებით განვიხლოთ ბოლო აბზაცი: საზვერების შესახებ სწავლების უარმყოფელნი ყურადღებას არ აქცევენ ან არ უნდათ შენიშნონ, რომ საზვერეებში განიხილებიან არა მარტო ის ცოდვები, რომლებიც არ მოხსნილა ახალ აღთქმაში გათვალისწინებული წეს-განგებით. სინანულისადმი დაუდევარის სიტყვები აჩვენებენ მის პირად პასუხისმგებლობას მომხდარისთვის, მას "ესმა ყველა მისი ცოდვა ჩადენილი სიყმაწვილიდან, რომელიც მას არ უთქვამს სინანულში ან დაავიწყდა, ან კიდევ არ აღიარებდა ცოდვად. ყოველი მათგანი ღაღადებდა მის წინააღმდეგ". და აქ ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ თავისი კერძო საქმეებით ადამიანს შეეძლოს საკუთარი პირადი ცოდვების გამოსყიდვა: "მცირე, უსუსური სათნოებები, რომლებსაც უღირსად და არასრულყოფილად ვფლობდი, ჩემს დასაცავად მეტყველებდნენ...".

ხოლო სიტყვები: "ანგელოზური სულები, თავიანთ უსაზღვრო სიყვარული მიცავდნენ და მხარს მიჭერდნენ, ცოტა გადაჭარბებულადაც კი მეჩვენებოდა მათგან დასახელებული ჩემი სათნოებები..." - ადასტურებენ არა იმას, რომ ანგელოზები სულის სინანულის ნაყოფს აჭარბებენ, არამედ, პირიქით, უფრო მონანული სულის განზრახვებზე მეტყველებენ, ვიდრე ამ განზრახვათა შედეგებზე. გარდაცვლილის სულს მხოლოდ ეჩვენეობდა, რომ ანგელოზები "მის სათნოებებზე გადაჭარბებულად ლაპარაკობდნენ".
საზვერეების გავლა
იმის შესახებ, რომ ანგელოზები ადამიანებს ეხმარებიან ცხოვრებაშიც და საზვერეების გავლაშიც

ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ შეეწევიან ანგელოზები ადამიანებს ვპოულობთ წმიდა წერილში, სადაც ნათქვამია: "განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე?" (ებრ. 1:14) - ანუ მათი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ დაგვეხმარონ ბოროტ სულებთან ბრძოლაში. თუკი ჩვენ უმწეოთა, ღატაკთა და "მცირეთა" (მათე 18:6) მჩაგვრელები აღმოვჩნდებით, ქრისტე გვაფრთხილებს, რომ მათი განსაკუთრებული სტატუსი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენს წინააღმდეგ: "ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი (ანუ მათი, ვინც შეიძლება მოვიძულოთ, დავჩაგროთ ან ვდევნოთ - ო. ს.) ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს" (მათე 18:10) - შედეგად, ისინი (ანუ ანგელოზები - "აპოკ". რედ.) შეიძლება დაეხმარონ მათ, ვისაც მფარველობენ.

უდავოდ, ანგელოზები აკვირდებიან ყოველი ჩვენგანის ცხოვრებას, არ განეშორებიან ჩვენს პრობლემებს და განიცდიან დიდ სიხარულს, თუკი სინანულისა და გამოსწორების გზაზე ვდგებით. ნათქვამია: "გეუბნებით: ასევე ხარობენ ღმრთის ანგელოზნი ერთი მონანიე ცოდვილის გამო" (ლუკა 15:10); ისინი შესწირავენ ჩვენს ლოცვებს უფლის საყდრის წინაშე, როგორც ნათქვამია: "მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი. და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე" (გამოცხ. 8:3-4). სიტყვათშეხამება "ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად" ადასტურებს, რომ ცოცხალი ან გარდაცვლილი წმინდანის ლოცვა ანგელოზის შეწევნის გარეშე როდი აღწევს ღმრთის ძის საყდარს, ხოლო ის, როგორც ერთადერთი შუამავალი "რომ ლოცულობდით შენ და შენი რძალი სარა, მე აღვავლინე თქვენს ლოცვებზე შეხსენება წმიდის წინაშე. როცა მარხავდი მკვდრებს, მაშინაც შენი თანამდგომი ვიყავი. ... მე ვარ რაფაელი, ერთი იმ შვიდ წმიდა ანგელოზთაგანი, რომელნიც აღავლენენ წმიდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმიდის დიდების წინაშე" (ტობ. 12:12, 15). თუკი, როგორც წინამდებარე ტექსტიდან ვხედავთ, ანგელოზები წყვეტენ საქორწინო საკითხს, აკურთხებენ უპატრონო მკვდრების დამმარხავებს და "აღავლენენ წმიდათა ლოცვებს", მითუმეტეს შეეწევიან ისინი სულებს, რომლებიც საჰაერო საზვერეების გავლით ადიან მიწიდან ცისკენ.

ანგელოზები შუამდგომლობენ მთელ ქალაქებსაც, როგორც ეს შეიძლება ვნახოთ იერუსალიმის მაგალითზე, რომლის შესახებაც ზაქარიას წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: "მიუგო უფლის ანგელოზმა და თქვა: ცაბაოთ უფალო! როდემდის არ მოიღებ მოწყალებას იერუსალიმზე და იუდას ქალაქებზე, რომლებიც აგერ სამოცდაათი წელია შერისხული გყავს? მიუგო უფალმა ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა, კეთილი სიტყვები, ნუგეშის სიტყვები" (ზაქ. 1:12-13).

როგორც წესი, საზვერეების გავლის აღწერილობებში სულს მფარველობს ორი ანგელოზი, და შესაძლოა, რომ ერთი მათგანი იყოს ის ანგელოზი, რომელიც მოგვეცა ნათლისღების საიდუმლოში, ანუ მფარველი ანგელოზი; ხოლო მეორე - წმინდანი, რომლის სახელსაც ჩვენ ვატარებთ და ის გვევლინება წმიდა ანგელოზის სახით.

სიკვდილისა და საჰაერო საზვეების მოლოდინი მართლმადიდებელ ქრისტიანში არ უნდა იწვევდეს სასოწარკვეთილებას, რადგან სიკვდილისა და საზვერეების გამუდმებული ხსოვნა შეიძლება მათი გავლის სიხარულითა და ცათა სასუფეველში შესვლის ნეტარებით დაგვირგვინდეს. ღირ. ისაია განდეგილი ბრძანებს: "ყოველდღიურად წარმოიდგინეთ სიკვდილი და იფიქრეთ იმაზე, რომ გახვალთ ამ სხეულიდან, და როდესაც გახვალთ, როგორ აირიდებთ ბნელეთის მთავართ, რომლებიც ჰაერში შეგვხვდებიან; იფიქრეთ იმაზე, როგორ წავრსდგეთ დაუბრკოლებლად ღმრთის წინაშე; მიაპყარით მზერა ღმრთის საბოლოო სამსჯავროს საშინელ დღეს, როდესაც ყოველ ადამიანს მიეგება მისი საქმეებისამებრ, სიტყვებისამებრ და აზრებისამებრ" (Добротолюбие. В 5-ти тт. Перевод с греческого святителя Феофана Затворника. Т. I. Слова прп. аввы Исайи к своим ему ученикам. Слово 1.4. – М.: Изд. Сретенского монастыря, 2004). ნათქვამია: "არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს. და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესუ, ძე ღვთისა, მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას" (ებრ. 4:13-14).
 
მაშ, თუკი გვწამს, რომ"გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესუ, ძე ღვთისა", მაშინ "მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას", რადგან ვაღიარებთ არა მარტო იმას, რომ "ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით", არამედ იმასაც, რომ ჩვენთვის განკაცებული,"ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის ავიდა ზეცას", რითაც მისდამი მორწმუნეთ საჰაერო საზვერეთა გავლისას მიანიჭებს შვებას.

ღირ. ისაია განდეგილი ასევე წერს: "იცი როგორი სიხარული დაეუფლება იმ ადამიანის სულს, ვინც ღმერთს ემსახურება და წარმატებით დაასრულებს თავის საქმეს? წუთისოფლიდან გასვლისას მისი ღვაწლით გაიხარებენ ანგელოზნი, რადგან გათავისუფლდება ბნელეთის მთავართაგან. სხეულიდან სულის გამოსვლის შემდეგ სულს თან დაჰყვებიან ანგელოზნი, ბნელეთის ძალები კი აბრკოლებენ ზეცისკენ მის მსვლელობას და ცდილობენ მასში რაიმე ცოდვის პოვნას რომ მიიტაცონ. მაშინ ანგელოზები ებრძვიან დემონთ, ხოლო სულის მიერ აღსრულებული საქმეები მტკიცე კედელივით იცავენ მას ბოროტ ძალთაგან. როდესაც საქმეები იმარჯვებენ, სულის წინ მიმავალი ანგელოზები უგალობენ მას მანამ, სანამ სიხარულით არ წარადგენენ ღვთის წინაშე. იმ წამს დაავიწყდება მას წუთისოფლის ყოველი საქმე და ყოველი შრომა" (იქვე. სიტყვა 16.1).

მაშ, რას წარმოადგენს სწაველბა საზვერეების შესახებ - საღვთისმეტყველო ფანტაზიას თუ წმიდა მამათა თანხმიერ სწავლებას? დღეს მრავალი მორწმუნე ნეოფიტი, და არა მარტო ისინი, ეჭვ ქვეშ აყენებენ სწავლებას საზვერეთა შესახებ. ისინი ამბობენ, რომ ეს აპოკრიფული სწავლებაა, რომელსაც წმიდა წერილსა და წმიდა გადმოცემაში არავითარი საფუძველი არ გააჩნია. მაგრამ სულ ახლახან სანკტ-პეტერბურგში გამოვიდა ეპისკოპოს სილიბისტროს (სილვესტრის) თხზულებათა ხუთტომეულიб სადაც საზვერეთა არსებობა დადასტურებულია. რამოდენიმეჯერ გამოიცა მიტრ. მაკარის (ბულგაკოვი) "მართლმადიდებლურ-დოგმატური ღვთისმეტყველება", სადაც ასევე დადასტურებულია საზვერეთა არსებობა. იუსტინე პოპოვიჩის წიგნი ასევე შეიცავს დოგმატურ სწავლებას საზვერეთა შესახებ. მხოლოდ ერთი მუჭა თეოლოგ-რეფორმატორები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში საეკლესიო სწავლების მოდერნიზირებას და მის შეხამებას დასავლელ თეოლოგ-რაციონალისტთა სწავლებასთან, რომლებიც აღიარებენ ე. წ. "სუიციდალურ სოტერიოლოგიას".
საზვერეების გავლა
მოწმობა საზვერეების შესახებ წმინდანთა ცხოვრებაში

ისეთი წმიდანების ცხოვრებაში, როგორიცაა წმიდა დიდმოწამე ეკატერინე (13 დეკემბერი), წმიდა ნიფონტ კვიპროსელი (23 დეკემბერი), წმიდა სალოსი სიმეონ ემესელი (21 ივლისი), წმიდა იოანე მოწყალე (19 დეკემბერი), ღირ. მაკარი დიდი (19 დეკემბერი), მოცემულია მოწმობანი საჰაერო საზვერეების შესახებ, რომელთაგან ზოგიერთს აქ განვიხილავთ. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის დავინახოთ განსხვავებანი საზვერეთა აღწერილობებში, ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩვენს შორის განსხვავებებთანაც; და თუკი ვინმეს ეს განსხვავებანი წინააღმდეგობრივად მოეჩვენება, ჩვენ, მორწმუნეები, მათ უერთიერთშემავსებელ მრავალფეროვნებად აღვიქვამთ.

ღირსი მამის მაკარი ეგვიპტელის ცხოვრებაში ვპოულობთ ასეთ მოწმობას:

"სხვა დროს, როდესაც ღირსი მაკარი უდაბნოში მიდიოდა მიწაზე მდებარე ადამიანის თავის ქალას წააწყდა. როდესაც წმინდანი თავისი კვერთხით ქალას შეეხო, ღირს მამას ესმა, თითქოსდა ხმა გამოსცაო. მაშინ მაკარიმ თავის ქალას ჰკითხა:

- ვინა ხარ შენ?

ქალამ უპასუხა: "მე ყოფილი მთავარი ქურუმი ვარ. როცა შენ ჯოჯოხეთში მყოფთათვის ლოცულობ, ტანჯვა ოდნავ გვიმსუბუქდება".

- როგორ შემსუბუქებას იღებთ თქვენ, - იკითხა მაკარიმ, - და როგორია თქვენი ტანჯვა-წამება?
 
- ჩვენ საშინელ ცეცხლში ვიწვით, - უპასუხა ქალამ, - და ერთმანეთს ვერ ვხედავთ. როცა შენ ლოცულობ, ბუნდოვნად ვამჩნევთ ერთმანეთს და ეს ოდნავ გვამშვიდებს.

ამგვარი პასუხი რომ მოისმინა, ღირს მამას ცრემლი მოერია და თქვა:

- წყეულიმც იყოს ის დღე, როდესაც ადამიანმა დაარღვია ღმრთის მცნება. და აცრემლებულმა მაკარიმ კვლავ იკითხა:

- არსებობს უარესი სატანჯველებიც?

ქალამ მიუგო:
 
- ქვევით, ჩვენზე უფრო ღრმად, ისინი იმყოფებიან, ვინც შეიცნო ღმერთი, მაგრამ განუდგა მას და არ დაიცვა მისი მცნებები. ისინი უფრო საშინლად ეწამებიან".

- და ვინ არიან ისინი, ვინც ასე საშინლად ეწამებიან? - კვლავ იკითხა მაკარიმ.

- ჩვენ, ვინც არ ვიცოდით ღმერთი, - უპასუხა ქალამ, - მცირედით მაინც ვგრძნობთ მის მოწყალებას. ხოლო ისინი, ვინც შეიმეცნეს ღმრთის სახელი, მაგრამ უარყვეს იგი და მისი მცნებები არ დაიცვეს, ქვემოთ ჩვენზე უმწარესად იტანჯებიან.

ამის შემდეგ ღირსმა მაკარიმ აიღო ეს თავის ქალა, დამარხა მიწაში და იქაურობას გაშორდა...

როდესაც წმიდა მაკარის სული ქერუბიმმა აიტაცა და ზეცად აიყვანა, წმიდა მამათაგან მრავალნი გონებრივი ხედვით ხედავდნენ როგორ ჰყვიდოროდნენ ზეცად აღმავალი მაკარისგან შორს მდგომ დემონებ:

- ო, როგორ დიდებას ეღირსე შენ, მაკარი!

წმინდანი კი პასუხობდა:

- მე მეშინია, რადგან საკუთარ თავში ვერ ვპოვებ რაიმე სიკეთეს, ამ ცხოვრებაში რომ აღმესრულებინა.

შემდეგ, დემონთანგან ისინი, ვინც კიდევ უფრო მაღლა იმყოფებოდნენ მაკარის სულიერი ამაღლების გზაზე, ღაღადებდნენ:

- მართლა დაგვაღწიე თავი, მაკარი!

ის კი პასუხობდა:

- ჯერ არა, მაგრამ უნდა დავაღწიო.

და როდესაც ღირსი მამა უკვე სამოთხის კარებს მიუახლოვდა, დემონებმა საშინელი კივილით შესძახეს:
 
- დაგვაღწიე თავი, მაკარი, დაგვაღწიე.

მაშინ მაკარიმ ხმამაღლა შესძახა მათ და უთხრა:

- დიახ! ჩემი ქრისტეს ძალით, თქვენს ხრიკებს თავი დავაღწიე" (Жития святых, на русском языке изложенная по руководству Четьих-Миней св. Димитрия Ростовского. Том V. Января 19. – Киев: Изд-во Свято-Успенской Киево-Печерской лавры, 2002. С. 610–611, 626–627).

მოცემულ ორ ნაწყვეტში ყურადღებას იპყრობს ორი ფრაგმენტი. პირველი:

"ჩვენ, ვინც არ ვიცოდით ღმერთი, - უპასუხა ქალამ, - მცირედით მაინც ვგრძნობთ მის მოწყალებას. ხოლო ისინი, ვინც შეიმეცნეს ღმრთის სახელი, მაგრამ უარყვეს იგი და მისი მცნებები არ დაიცვეს, ქვემოთ ჩვენზე უმწარესად იტანჯებიან".

აქ ჩვენ ვხედავთ ღმრთის სამართლიანობის პრინციპს: მორწმუნე, რომელიც უნდა დამკვიდრებულიყო ღმრთის დიდებაში, თავისი დაუდევრობის გამო ჯოჯოხეთში აღმოჩნდა და უმეტესი სასჯელი მიიღო, ვიდრე წარმართებმა. ნათქვამია: "ხოლო ის მონა, რომელმაც იცოდა თავისი პატრონის ნება, მაგრამ არ აღასრულა იგი და არ დახვდა მზად, საშინლად იგვემება.  ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება" (ლუკა 12:47-48).

და მეორე ფრაგმენტი:

" - მართლა დაგვაღწიე თავი, მაკარი!

ის კი პასუხობდა:

- ჯერ არა, მაგრამ უნდა დავაღწიო.

და როდესაც ღირსი მამა უკვე სამოთხის კარებს მიუახლოვდა, დემონებმა საშინელი კივილით შესძახეს:

- დაგვაღწიე თავი, მაკარი, დაგვაღწიე.

მაშინ მაკარიმ ხმამაღლა შესძახა მათ და უთხრა:

- დიახ! ჩემი ქრისტეს ძალით, თქვენს ხრიკებს თავი დავაღწიე".

აქ კი ვხედავთ, რომ ღირ. მაკარი ჯერაც ბოლომდე არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში და ყოველ საზვერეში დემონებს, რომლებიც აღიარებენ თავიანთ დამარცხებას, თავმდაბლობით პასუხობს: "ჯერ არა, მაგრამ უნდა დავაღწიო". მისი სასოება მთლიანად ეფუძნება ქრისტესადმი რწმენას და არავითარ შემთხვევაში საკუთარ სათნოებებსა და დამსახურებებს; ხოლო როდესაც გაივლის ყველა საზვერეს, ის შესძახებს: "დიახ! ჩემი ქრისტეს ძალით, თქვენს ხრიკებს თავი დავაღწიე".  ეს არის ჭეშმარიტად ქრისტიანული პოზიცია, რადგან ნათქვამია: "მაშასადამე, ეს კაცის ნება-სურვილზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ღვთის მოწყალებაზე" (რომ. 9:16). - უდიდესი მოღვაწე აღიარებს ამას და იმსახურებს ცხონების ნიჭს ცათა სასუფეველში.

"ღირსი მამის სიმეონის, ქრისტესთვის სალოსისა და იოანეს, მისი თანამმარხველის" ცხოვრებიდან:

"როდესაც ეს წარმოთქვა წმიდანმა (ღირ. სიმეონმა - ო. ს.) ამოიოხრა და კვლავ თქვა:

- საკუთარ თავში ვერ ვპულობ რაიმე ისეთს, რაც ზეციური ჯილდოს ღირსი იქნებოდა, რამეთუ შეიძლება მიიღოს ჯილდო სალოსმა და უგუნურმა, თუ არა ჩუქებით, ღმრთის მადლით? ვინ შემიწყალებს მე თუ არა ჩემი უფალი? მაგრამ, გევედრები ძმაო, ნურავის უპოვართაგან, განსაკუთრებით ბერებს, ნუ მოიძულებ და ნუ აძაგებ; დე უწყოდეს შენმა სიყვარულმა, რომ მრავალი მათგანი განწმენდილია ტანჯვით და, მზესავით ბრწყინავენ ღმრთის წინაშე. ასე არიან კაცთა შორის მცხოვრებნი უბრალონი, რომლებიც სოფლებში მიწას ამუშავებენ, ალალმართალნი, გულწრფელნი და უბოროტონი. არავის განიკითხავენ, არავის ჩაგრავენ, არამედ საკუთარი ოფლის მონაგარს ჭამენ; ამგვართა შორის ბევრია წმინდანი, რამეთუ მინახავს, როგორ ჩამოდიოდნენ ისინი ქალაქში, რომ ზიარებოდნენ ქრისტეს ხორცსა და სისხლს და ოქროსავით ელვარებდნენ. ყველაფერს, რასაც გეუბნები, ჩემო ბატონო, ნუ იფიქრებ რაიმე ამპარტავნების გამო გამცნობდე, არამედ შენმა სიყვარულმა მაიძულა დამემალა შენთვის ჩემი წყეული სიზარმაცე. მაშ, უწყოდე, რომ უფალი მალე შენც წაგიყვანს ამ ქვეყნიდან, ამიტომ იზრუნე, რაც ძალა გაქვს, საკუთარ სულზე, რომ დაუბრკოლებლად გახვიდე საჰაერო სულთა სფერო და თავი აარიდო ბნელეთის თავადის მსახვრალ ხელებს. იცის უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რომ ბევრს ვწუხვარ და მაქვს დიდი შიში, სანამ ამ საშინელ ადგილებს არ გავივლი, სადაც ყოველგვარი კაცობრივი სიტყვა და საქმე დეტალურად განიხილება. ამიტომაც გევედრები, შვილო ჩემო და ძმაო ჩემო იოანე, ყოველმხრივ ეცადე იყო მოწყალე, რადგან იმ მრისხანე ჟამს მხოლოდ მოწყალება შეგეწევა ყველა სხვა სათნოებაზე მეტად, როგორც წერილ არს: "ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე. უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი" (ფსალმ. 40:2). ესეც დაიმახსოვრე და დაიცავი: საღმრთო მსახურებას ნუ მიეახლები, თუკი ვინმეს მიმართ მრისხანებ, რათა შენმა ცოდვებმა შენთან მოსული სულიწმიდა არ შეურაცხყოს" (იქვე. Там же. Том XI. Июля 21. С. 498-499).

ღირ. სიმეონი ღირ. მაკარი დიდის მსგავსად სულაც არ ფიქრობს თავის დამსახურებებზე, რასაც თითქოსდა შეუძლია დაეხმაროს მას საზვერეთა გავლაში, მეტიც, ის ვერც კი ხედავს საკუთარ თავში რაიმე დამსახურებას და ამბობს: "საკუთარ თავში ვერ ვპულობ რაიმე ისეთს, რაც ზეციური ჯილდოს ღირსი იქნებოდა, რამეთუ შეიძლება მიიღოს ჯილდო სალოსმა და უგუნურმა, თუ არა ჩუქებით, ღმრთის მადლით? ვინ შემიწყალებს მე თუ არა ჩემი უფალი?" სიტყვებით: "თუ არა ჩუქებით, ღმრთის მადლით" ის სწორად აღიარებს სახარებისეულ რწმენას. რადგან, სულის ცხონება სწორედაც რომ "საჩუქარია". ნათქვამია: "რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას. მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით" (რომ. 3:23-24); და კიდევ: "მაგრამ თუ მადლის მიერ, უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ მადლი აღარაა მადლი" (რომ. 11:6); და კიდევ: "მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით, რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში" (2 ტიმ. 1:8-9).

წმიდა სიმეონი ცხონების შესაძლებლობას არც უბრალო ადამიანებს ართმევს და წერს: "ასე არიან კაცთა შორის მცხოვრებნი უბრალონი, რომლებიც სოფლებში მიწას ამუშავებენ. ალალმართალნი, გულწრფელნი და უბოროტონი. არავის განიკითხავენ, არავის ჩაგრავენ, არამედ საკუთარი ოფლის მონაგარს ჭამენ; ამგვართა შორის ბევრია წმინდანი, რამეთუ მინახავს, როგორ ჩამოდიოდნენ ისინი ქალაქში, რომ ზიარებოდნენ ქრისტეს ხორცსა და სისხლს და ოქროსავით ელვარებდნენ". ანუ ღმრთის ძის სისხლის ძალა, სიმეონის გაგებით, - ცხონების წყაროა. ის, რასაც ჩვენ ასკეზას ვუწოდებთ სხვა არაფერია, თუ არა მადლიერი სულის სწრაფვა ღმრთისკენ, იმ სურვილით, რათა მადლობა შესწიროს შემოქმედს მადლით ცხონების მონიჭებისთვის, მაგრამ ამავდროულად ასკეტს ესმის, - ამ საჩუქრისთვის ღმერთს რომ მადლობა გადაუხადოს მარადისობაც კი არ ეყოფა".

საჰაერო საზვერეების გავლის საშიშროებას ის ხედავს დეტალური აღსარების არქონაში, რადგან საზვერეები არის კიდევაც ის ადგილი, სადაც "ყოველგვარი კაცობრივი სიტყვა და საქმე დეტალურად განიხილება". ანუ, აღსარება არ შეიძლება იყოს ფორმალური. ძველაღთქმისეულ პერიოდში წმიდად აღიარებდნენ იმას, ვისაც მღვდლები სრულად გასინჯავდნენ: "მეშვიდე დღეს მღვდელი მეორედ გასინჯავს მას და თუ წყლული გამკრთალებულია და არ გავრცელებულა კანზე, განწმედილად სცნობს მას მღვდელი. ეს სირსველია; ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და გაწმიდავდება" (ლევ. 13:6).

მღვდლის მოვალეობაა "სრულიად გასინჯოს" მონანული ადამიანი, "და თუ წყლული გამკრთალებულია და არ გავრცელებულა კანზე, განწმედილად სცნობს მას მღვდელი", თუ ცოდვითი მიდრეკილება ("წყლული") ლოკალიზებულია და არ ვრცელდება (ცოდვა არ მეორდება), მაშინ გამოსწორება აღსრულებულია, აღსარებამ და ეპითიმიამ სასურველი შედეგი გამოიღო. აღსრულდა თუ არა ეს სრულყოფილად - აი რა აწუხებს ღირ. სიმეონს საჰაერო საზვერეების გავლის მოლოდინში.

"წმიდათა შორის მამის ჩვენის ნიფონტის, კვიპროსის ეპისკოპოსის ცხოვრებიდან":

"თავისი შორსმჭვრეტელი მზერით ის ხედავდა კაცთა სულებსაც, როდესაც ისინი თავიანთ სხეულებს ტოვებდნენ. ერთხელ, როდესაც წმიდა ანასტასიას ეკლესიაში ლოცვაზე იდგა, მან თვალები ზეცას მიაპყრო და გაღებული ცა და ურიცხვი ანგელოზი იხილა, რომელთაგან ერთნი ძირს ჩამოდიოდნენ დედამიწაზე, სხვები კი ზეცად ადიოდნენ (ეს აღწერა ზუსტად შეესაბამება იაკობის მიერ ნანახ კიბეს: "ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე" (დაბ. 28:12)) და ადამიანთა სულები მიჰყავდათ ზეცისკენ. და აი, ხედავს როგორ მიჰყავს ორი ანგელოზს ვიღაცის სული ზეცისკენ. როდესაც მრუშობის საზვერეს მიუახლოვდნენ, გამოვიდნენ მეზვერე-დემონები და მრისხანებით შესძახეს:

- ეს სული ჩვენია, როგორ ბედავთ ჩვენი საზვერეს გვერდის ავლით ზეცაში ასვლას?

ანგელოზები პასუხობდნენ:
 
- რა ნიშანი გაქვთ მასზე, რომ თავისად მიიჩნევთ?

დემონებმა მიუგეს:
 
- ის სიკვდილამდე იბილწავდა თავს ცოდვებით, არა მარტო ბუნებრივით, არამედ არაბუნებრივითაც; გარდა ამისა, განიკითხავდა მოყვასს და მოკვდა სინანულის გარეშე. რას იტყვით ამაზე?

- ჩვენ თქვენი არა გვჯერა, - უპასუხეს ანგელოზებმა, - არც თქვენ და არც მამას თქვენსას, ეშმაკს, არ დავუჯერებთ, სანამ ამ სულის მფარველ ანგელოზს არ დავეკითხებით.

ხოლო როდესაც მფარველ ანგელოზს სულისთვის ჰკითხეს, მან თქვა:

- მართალია, ეს სული ბევრს სცოდავდა, მაგრამ როდესაც დაავადდა, დაიწყო საკუთარი თავის გლოვა და ღმერთს აღუარა თავისი ცოდვები; და თუ ღმერთმა მიუტევა, მხოლოდ მან იცის რატომ - მას აქვს ამისი ძალაუფლება! დიდება მის სამართლიან მსჯავრს!

მაშინ ანგელოზებმა, შეარცხვინეს რა ეშმაკნი, სული ზეციერ კარიბჭეში შეიყვანეს.

შემდეგ ნეტარმა იხილა, როგორ მოჰყავდათ ანგელოზებს სხვა სული, დემონებმა მათაც შესძახეს:

- რას მოგყავთ სულები, თუკი არ იცნობთ მათ, როგორც, მაგალითად, ამას, - ანგარებიანს, ვერცხლისმოყვარეს, გულბოროტს და ყაჩაღს!

ანგელოზებმა მიუგეს:

- ჩვენ კარგად ვიცით რაც ჩაუდენია ამ სულს, მაგრამ ის ტიროდა და ინანიებდა თავის ცოდვებს, ვერცხლისმოყვარებისა და ანგარების სანაცვლოდ კი მოწყალებას უხვად არიგებდა; ამისთვის მიუტევა მას ღმერთმა.

მაშინ დემონებმა თქვეს:

- ეს სული თუ ღმრთის წყალობის ღირსია, მაშინ მთელი სამყაროს ცოდვილებიც წაიყვანეთ! ჩვენ რისთვისღა ვიწვალოთ!

- ყველა ცოდვილი, რომელიც საკუთარ ცოდვებს მორჩილებითა და ცრემლებით აღიარებს, მოწყალე ღმრთისგან მიიღებს მიტევებას, ხოლო ვინც სინანულის გარეშე კვდება, მათ ღმერთი მკაცრად დასჯის.

ასე შეარცხვინეს ბოროტი სული ანგელოზებმა და სული ზეციურ სავანეში შეიყვანეს.

კიდევ ასეთი რამ იხილა წმინდანმა. ანგელოზებს ერთი ღმრთისმოშიში ადამიანის სული მიჰყავდათ, რომელსაც ყველა უყვარდა; როდესაც ბოროტმა სულებმა ის შორიდან დაინახეს, შეშფოთდნენ, ხოლო ზეციდან ანგელოზები გადმოდიოდნენ მის შესახვედრად და სულს გადარჩენას ახარებდნენ: "დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომ მტრის ხელში არ დატოვე ეს სული, არამედ გაათავისუფლე იგი ჯოჯოხეთის ცეცხლისგან".

რამოდენიმე ხნის შემდეგ ნეტარმა ნიფონტმა იხილა, როგორ მიათრევდნენ დემონები ერთ სულს ჯოჯოხეთისკენ. ეს იყო ერთი მონა, რომელსაც თავისი ბატონი აშიმშილებდა და სცემდა; მან ვერ აიტანა ასეთი ტანჯვა და ეშმაკის ჩაგონებით თავი ჩამოიხრჩო. ხოლო მისი მფარველი ანგელოზი შორს იდგა და ტიროდა, დემონები კი ხარობდნენ. მგლოვარე ანგელოზს ღმერთმა უბრძანა წასულიყო რომს და იქ ერთი ახალშობილი ყრმა დაეცვა, რომელიც იმ დროს იქ მონათლეს.

ღირსმა მოსაგრემ კიდევ ერთი სული იხილა, რომელიც საჰაერო სივრცეში ანგელოზებს მიჰყავდათ, მათ კი დემონთა მთელი ხროვა აბრკოლებდა; მათ მეოთხე საზვერემდეც კი ვერ მიაღწიეს, რადგან ბოროტმა სულებმა ანგელოზებს ეს სული წაართვეს და შეურაცხყოფით უფსკრულში ჩააგდეს. ეს იყო წმიდა ელეფთერის სახელობის ეკლესიის ერთ-ერთი კლერიკოსი, რომელიც თავისი სიძვით, ჯადოქრობითა და ყაჩაღობით მუდმივად ანრისხებდა ღმერთს; კლერიკოსი მოულოდნელად გარდაიცვალა, სინანულის გარეშე, რაც ეშმაკთ ძლიერ ახარებდა" (Жития святых св. Димитрия Ростовского. Том IV. Декабря 23. С. 627–629).

მოცემულ "ცხოვრებაში" ანგელოზები, როდესაც ისინი მეზვერე-დემონებთან დავობენ, არ ენდობიან მათ და პასუხობენ: "მართალია, ეს სული ბევრს სცოდავდა, მაგრამ როდესაც დაავადდა, დაიწყო საკუთარი თავის გლოვა და ღმერთს აღუარა თავისი ცოდვები; და თუ ღმერთმა მიუტევა, მხოლოდ მან იცის რატომ: მას აქვს ამისი ძალაუფლება. დიდება მის სამართლიან მსჯავრს!" ჭეშმარიტად, როგორც ნათქვამია: "ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს - ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ" (ფსალმ. 89:10). ეს სულიც, "მართალია, ეს სული ბევრს სცოდავდა, მაგრამ როდესაც დაავადდა, დაიწყო საკუთარი თავის გლოვა და ღმერთს აღუარა თავისი ცოდვები", ამან კი დაუმკვიდრა მას ნეტარი სასუფეველი.

სხვა შემთხვევაში, იცავდნენ რა "ანგარებიან, ვერცხლისმოყვარე და ყაჩაღ" სულს, ანგელოზები დემონებს პასუხობდნენ: "ჩვენ კარგად ვიცით რაც ჩაუდენია ამ სულს, მაგრამ ის ტიროდა და ინანიებდა თავის ცოდვებს, ვერცხლისმოყვარებისა და ანგარების სანაცვლოდ კი მოწყალებას უხვად არიგებდა; ამისთვის მიუტევა მას ღმერთმა". აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სულის უპირატესობა მდგომარეობდა იმაში, რომ ცოდვის სიმძიმისდა მიუხედავად, ის არა მარტო "ტიროდა და ინანიებდა თავის ცოდვებს", არამედ "მოწყალებასაც უხვად არიგებდა" - ანუ მან სინანულის ნაყოფის გამოღება მოასწრო. ასე რომ, ანგელლოზებმა გამოხატეს საზოგადო დამოკიდებულება მონანულთა და მოუნანიებელ სულთადმი: "ყველა ცოდვილი, რომელიც საკუთარ ცოდვებს მორჩილებითა და ცრემლებით აღიარებს, მოწყალე ღმრთისგან მიიღებს მიტევებას, ხოლო ვინც სინანულის გარეშე კვდება, მათ ღმერთი მკაცრად დასჯის".

შემდეგი შემთხვევა ყველაზე მძიმე და უიმედოა: "ნეტარმა ნიფონტმა იხილა, როგორ მიათრევდნენ დემონები სულს ჯოჯოხეთში. ეს იყო ერთი მონის სული, რომელსაც თავისი ბატონი აშიმშილებდა და ცემდა; მან ასეთი ტანჯვა ვერ დაითმინა და, დემონის შთაგონებით თავი ჩამოიხრჩო". აქ თვითმკვლელობის აქტით უბედურმა საკუთარ თავს მოუსპო თავისი ცხოვრების უკეთესობისკენ წარმართვის შესაძლებლობა. ღირ. ისიდორე პელუსიელი თვითმკვლელთა შესახებ ასწავლის: "შეიწყალებს თუ არა ღმერთი მას, ვინც ძალადობრივად განაშორებს საკუთარ სულს სხეულს? ამგვართ ძველი მამები სიკვდილის შემდეგაც წყეულად და უპატიებლად მიიჩნევდნენ. იმ დროს თვითმკვლელს ხელსაც კი აჭრიდნენ და ცალკე ასაფლავებდნენ, სხეულისგან მოშორებით, რომელიც წარწყმიდა. მაშ, თუკი ადამიანები სიკვდილის შემდეგ ხელსაც კი ასეთი სიმკაცრით სჯიდნენ, როგორ შეწყალებას მიიღებს სული, რომელმაც ნება მისცა ხელს აღმართულიყო მთელ სხეულზე?" (Энциклопедия православной веры. Спб.: Летопись, –2009., С. 488–489).

მაგრამ, უდავოდ, ბატონი, რომელმაც თავისი მონა თვითმკვლელობამდე მიიყვანა, მასვე მიჰყვება ჯოჯოხეთში. ნათქვამია: "თუ კაცი კეტით სცემს თავის ყმას ან მხევალს და შემოაკვდება, პასუხი უნდა აგოს (ანუ სიკვდილით უნდა დაისაჯოს - ო. ს.), ოღონდ თუ ერთს ან ორ დღეს გააწია, პასუხი არ მოეთხოვება (ანუ სიკვდილით არ დაისჯება, რადგან არავინ მომკვდარა - ო. ს.), რადგან მისი ვერცხლია იგი" (ბატონი ვალდებულია ხარჯი გაიღოს მისი მკურნალობისთვის, შემდეგ კი გაათავისუფლოს. იხ. გამ. 21:26-27) (იხ. გამ. 21:20-21).

ბოლო შემთხვევა ყველაზე მძიმეა: "ღირსმა იხილა კიდევ ერთი სული, რომელიც საჰაერო სივრცეში მიჰყავდათ ანგელოზებს, მათ კი დემონთა მთელი ხროვა აბრკოლებდა; ისინი მეოთხე საზვერემდეც კი ვერ მივიდნენ, რადგან ბოროტმა სულებმა ანგელოზებს ეს სული წაართვეს და შეურაცხყოფით უფსკრულში ჩააგდეს. ეს იყო წმიდა ელეფთერის სახელობის ეკლესიის ერთ-ერთი კლერიკოსი, რომელიც თავისი სიძვით, ჯადოქრობითა და ყაჩაღობით მუდმივად ანრისხებდა ღმერთს; კლერიკოსი მოულოდნელად გარდაიცვალა, სინანულის გარეშე, რაც ეშმაკთ ძლიერ უხაროდათ". სინანულის საიდუმლოს არაფრად ჩაგდების გამო ეს უკეთური სინანულის გარეშე გარდაიცვალა.

მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი თავის "მართლმადიდებლურ-დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" წერს: "ეკლესიაში საზვერეების შესახებ სწავლების ამგვარი უწყვეტი, მუდმივი და საყოველთაო გამოყენება, განსაკუთრებით მეოთხე საუკუნის მოძღვართა შორის, უდავოდ ადასტურებს, რომ ის მათ მიეცა წინა საუკუნეთა მამების მიერ და ეფუძნება მოციქულთა გადმოცემას" (Макарий (Булгаков), митрополит. Православно-догматическое богословие. Т. II. – СПб., 1853 С. 535).

როდესაც საზვერეების შესახებ არსებულ ტექსტუალურ სირთულეებზე მსჯელობდა, მიტრ. მაკარი წერდა: "უნდა შევნიშნოთ, რომ, სასულიერო ტექსტებში აღწერილი სულიერი სამყაროს რეალობათა აღქმა, ჩვენთვის, ხორცით შემოსილთათვის, მეტ-ნაკლებად გრძნობითი, ადამიანის ბუნებისთვის გასაგები სიმბოლოების გამოყენების გარეშე შეუძლებელია. ასეა საზვერეების აღწერის დროსაც. ამიტომაც მტკიცედ უნდა გვახსოვდეს დარიგება, რომელიც მისცა ანგელოზმა ღირ. მაკარი ალექსანდრიელს, როდესაც ის საზვერეებზე მსჯელობდა: "მიწიერი ნივთები აქ ზეციერ ჭეშმარიტებათა აჩრდილებად მიიღე". საზვერეები უხეში და გრძნობისმიერი აზრით კი არ უნდა გავიგოთ, არამედ, რამდენადაც ეს ჩვენთვის შესაძლებელია, სულიერი გაგებით უნდა აღვიქვათ და არ მივეტმასნოთ დეტალებს, რომლებიც სხვადასხვა მწერლებში სხვადასხვანაირად არის აღწერილი და თვით ეკლესიის გადმოცემებშიც სხვადასხვანაირად არის გადმოცემული. ყურადღება მივაქციოთ ეკლესიის ძირითად და ერთიან სწავლებას საზვერეებზე, რომლებიც სხვადასხვანაირად არის წარმოდგენილი" (იქვე).
მეორედ მოსვლა და საშინელი სამსჯავრო
ხატი: საშინელი სამსჯავრო. XI ს.

რატომ სჯეროდა ზოგიერთი წმიდა მამას აპოკატასტასისისა და საიქიო ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა ცრუ წარმოდგენების?

შეგახსენებთ, აპოკატასტასისი (ἀποκατάστασις) – ეს არის სწავლება საყოველთაო ცხონებაზე. მართლაც, ზოგიერთი წმიდა მამა იზიარებდა ამ სწავლებას, რომელიც დაგმობილ იყო კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრებაზე (V მსოფლიო კრება. 553 წ.). მაშინვე, კრებაზე გამოთქმულ იქნა ანათემა ყველა ორიგენისტის წინააღმდეგ: "ვინც ამბობს ან ფიქრობს, რომ დემონთა და უკეთურთა დასჯა დროებითია და გარკვეული პერიოდის შემდეგ დასრულდება, ან რომ, დადგება დემონთა და უკეთურთა აპოკატასტასისი, მართლმორწმუნეთა საზოგადოებისგან განიკვეთოს (ანათემა)".

შევეცადოთ გავიგოთ, თუ რატომ ქადაგებდა ეკლესიის ზოგიერთი მამა, - მაგალითად, გრიგოლ ნოსელი და ისააკ ასურელი, - და რატომ თვითონაც არ იქნენ შერაცხილნი მწვალებლებად?

უპირველეს ყოვლისა მწვალებლად მიიჩნევა არა ის, ვინც გამოთქვამს მწვალებლურ შეხედულებას, არამედ ის, ვინც, ეკლესიის მხრიდან მხილების შემდეგ გამოავლენს სიჯიუტეს მწვალებლობაში და არ შეწყვეტს მის გავრცელებას.

ჭეშმარიტებისგან განდგომა ხდება მაშინ, როდესაც გადმოცემას არ ამოწმებენ წმიდა წერილით და, როდესაც წმიდა გადმოცემად მიიჩნევენ ან თოლოგუმენს (კერძო საღვთისმეტყველო აზრს), ან კიდევ აშკარა მწვალებლობას (5).

______________

5. იხ. მ. სერგი ბულგაკოვის ნაშრომი: Православие, III. О церковном предании. მასში მ. სერგი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ თუ წმიდა წერილის კანონი მყარდება წმიდა გადმოცემის საფუძველზე, თვით წმიდა გადმოცემას ჩვენ ვამოწმებთ წმიდა წერილით, და ასეთად ვაღიარებთ მხოლოდ იმას, რაც ღმრთის სიტყვას არ ეწინააღმდეგება.

______________

ახალ აღთქმაშიო ნათქვამია: "როგორც ახალშობილმა ყრმებმა შეიყვარეთ სუფთა სულიერი რძე, რათა მისი მეოხებით იზარდოთ ხსნისთვის" (1 პეტრე 2:2). რატომ ედრება ბიბლია რძეს? იმიტომ, რომ ყრმა არ ჭამს პურს, არც ხორცს და, საერთოდ, რძის გარდა არაფრით იკვებება. წმიდა მამებსაც ბრწყინვალედ ესმოდათ განსხვავება წმიდა წერილსა და სხვა ნაწერებს შორის, მათ შორის საკუთარ ნაწერთა მნიშვნელობაც. მაგალითად, ნეტ. ავგუსტინე წერდა: "ბიბლიის მხოლოდ ეს წიგნები იწოდებიან კანონიკურად, რადგან გვწამს: მათ ავტორებს - ჭეშმარიტების წინააღმდეგ არ შეუცოდავთ. რაც შეეხება სხვა მწერლებს, რომელთა თხზულებებიც მე წამიკითხავს, ვფიქრობ, ყველაფერი როდია მათში ჭეშმარიტება, რადგან, როგორი განსწავლულებიც გინდ იყონ ისინი ან როგორი სიწმიდის მპყრობელნი, ეს მაინც მათი საკუთარი ნაწერი და ნააზრევია"  (50 Epis. ad Hieron. XIX, 1 (перевод С.И. Еремеева).)

ამიტომაც, როდესაც რძეზეა ლაპარაკი, ჩვენ უცებ წარმოვიდგენთ მის სითეთრეს, სიწმინდეს - რადგან ღმრთის სიტყვა არასოდეს წარმოთქმულა კაცის ნებით, არამედ მას წარმოთქვამდნენ სულიწმიდით აღძრულნი ღმრთის კაცნი, - როგორც ეს თვით წმიდა წერილშივეა ნათქვამი. და ჩვენც ვაღიარებთ ბიბლიის, ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა განსაკუთრებულ სიწმინდეს, - რადგან ეს ღმრთის სიტყვაა, ეს წმიდა წერილია!

მამები ზოგჯერ გამოთქვამდნენ კერძო შეხედულებებს (თეოლოგუმენს), რომელთაც შეიძლება არ დავეთანხმოთ. მაგალითად, ზოგიერთი წმიდა მამა, - მაგალითად, გრიგოლ ნოსელი, - ეშმაკისა და ბოროტ სულთა ცხონებისთვის ლოცულობდა; არსებობდა სხვა თეოლოგუმენებიც.

ეკლესიის ყველაზე მკაფიო დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი გამოთქვა ღირ. ბარსანუფი დიდმა, მოდი მივმართოთ მის წიგნს, რომელსაც ეწოდება: "ღირსი მამების ბარსანუფი დიდისა და იოანეს სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო":

შეკითხვა 610: "... იგივე წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ტანჯვა შემსუბუქდება და დასრულდება. მაშ, გვითხარი, ჩვენო მამაო, ასეთი ადამიანი რატომ არ მსჯელობს სამართლიანად, როგორც ეს წმიდა და სულიწმიდით განბრძნობილი კაცისთვის იქნებოდა შესაფერისი. ასევე სამოთხის შესახებ ზოგიერთი მამა და მოძღვარი ერთმანეთთან შეუთანხმებელნი არიან... და წერილის სხვა თავებშიც შეიძლება ვნახოთ ზოგიერთი უთანხმოება. გთხოვთ, მეუფეო, განგვიმარტე ..."

ბარსონუფის პასუხი: "... მაშ ასე, ისმინეთ, რა გამომიცხადა ღმერთმა სამი დღით ადრე, სანამ ამ შეკითხვას მომწერდით... ნუ იფიქრებთ, რომ ადამიანებს, თუნდაც წმინდანებს, შეეძლოთ სრულიად ჩასწვდომოდნენ ღმრთის მთელს სიღრმეს; რადგან მოციქული ამბობს: "ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ კი წინასწარვმეტყველებთ"  (1 კორ. 13:9)... წმიდანები, რომლებიც თავისთავად გახდნენ მოძღვრები ან ამისკენ სხვა ადამიანებმა წააქეზეს, საკმაოდ წარემატნენ, აღემატნენ თავიანთ მოძღვრებს და ზეგარდმო შთაგონებით საკუთარი სწავლებებიც გადმოსცეს, მაგრამ, ამასთანავე, ისიც შეინარჩუნეს, რაც თავდაპირველ მოძღვართაგან მიეღოთ -  ანუ არასწორი სწავლებები.

იმის შემდეგ, რაც წარემატნენ და მოძღვრები გახდნენ, ისინი არ შეევედრნენ უფალს, რათა გაეხსნა მას ადრინდელ მასწავლებელთას შესახებ, სულიწმიდისგან იყო თუ არა შთაგონებული ის, რასაც ისინი ასწავლიდნენ, არამედ, პატივს მიაგებდნენ რა, როგორც უბრძენეს და გონიერ მოძღვართ, მათ სიტყვებს არ გამოიკვლევდნენ; ასე შეერია ადრინდელ მოძღვართა სიტყვები მათ საკუთარ სწავლებას. წმიდანებიც ზოგჯერ ამბობდნენ იმას, რაც თავიანთ მოძღვართაგან სმენოდათ, ზოგჯერ კი იმას, რასაც საკუთარი გონებით მისწვდნენ; ამის შედეგად, ერთიც და მეორეც მათ მიაწერეს.

სხვათა სწავლების შემწყნარებელი წმიდა მამები, წარემატნენ რა ღვაწლში და გახდნენ უკეთესნი, სულიწმიდით ამბობდნენ იმას, რაც მათ სულიწმიდის მიერვე მიენდოთ; მაგრამ ამბობდნენ იმასაც, რაც ადრინდელი მოძღვრებისგან სმენოდათ, და არ იკვლევდნენ მათ სიტყვებს, მაშინ როდესაც უნდა გამოეკვლიათ და ღმრთისადმი ლოცვითა და სულიწმიდისეული განათლებით დარწმუნებულიყვნენ, სამართლიანნი იყვნენ თუ არა ისინი.

ასე აირია სწავლებები და ყველაფერი, რასაც ეს წმიდა მამები ამბობდნენ, მათ სახელს მიეწერა. ამიტომ, როცა გესმის, როგორ ამბობს რომელიმე მათგანი საკუთარ თავზე, რომ სულიწმიდისგან ნაუწყებს ქადაგებს, უეჭველად უნდა შეიწყნარო, და ჩვენც სწორედ ამისი უნდა გვწამდეს; ხოლო, როდესაც წმიდა კაცი ზემოთხსენებულ შეხედულებებზე მსჯელობს, მაგრამ არ ამბობს, რომ თავისი სიტყვები ზეგარდმო გამოცხადებით მიუღია, მაშინ ის ამ წმიდა კაცის ადრინდელი მასწავლებლებისგან არის ბოძებული, და მანაც, მიენდო რა მათ ცოდნას და სიბრძნეს, შეიწყნარა იგი ისე, რომ ღმრთისთვის არ უკითხავს, არის თუ არა ეს სწავლება ჭეშმარიტი..." (Преподобных отцов Варсануфия Великого и Иоанна Руководство к духовной жизни в ответах на вопрошения учеников. – М.: Благовест, 2001. С. 515-519).

კითხვა 611: "... რატომ დაუშვა ღმერთმა, ასეთ წმიდა კაცებს ჰქონოდათ არასწორი შეხედულებები, თუნდაც არ ეთხოვოთ მისთვის გულისხმისყოფა; და რატომ არ მიეცა იგი მათ თუნდაც იმ საცთურის ასაცილებლად, რომელიც შესაძლოა შემდეგ მიეღოთ მათ მკითხველებს? - რამეთუ, მართალია, თვითონ არც მართალ სარწმუნოებაში დაბრკოლებულან და არც სათნოებებში, მაგრამ ჩემნაირი უდებნი და უძლურნი, რომელთაც არ უწყიან თქვენი ნათქვამი და რომელთაც უეჭველად სწამთ ამ წმიდა მამების, ადვილად დაზიანდებიან იმ აზრისგან, რომ წმინდანებიც შეიძლებოდა შემცდარიყვნენ და ვერ ჩასწვდომოდნენ ყველა საიდუმლოს; რომ ისინი არ შეევედრნენ უფალს გაეგოთ, სამართლიანია მათი შეხედულებები თუ მცდარი..." (ციტ. იქვე, გვ. 388).

ღირ. ბარსანუფის პასუხი: "ღმერთი კი არ ტოვებს ასეთ კაცებს ცთომილებაში, არამედ ის, ვისაც ეკითხებიან ცხოვნების გზის შესახებ, სიმართლეს არ ამბობს და ცთომილებაში ტოვებს მეორეს. წმინდანები კი ამის შესახებ ღმერთს არ ეკითხებოდნენ, რათა მისგან გაეგოთ ჭეშმარიტება. ხოლო კითხვა, თუ რატომ არ ეწინააღმდეგებოდა ღმერთი ამგვარ ცთომილებებს თავისი მადლით იმათ სასარგებლოდ, რომლებიც შემდეგ წაიკითხავდნენ ამ თხზულებებს, შეგიძლია მკითხო ყოველ ცოდვილზეც: რატომ არ ეწინააღმდეგებოდა ღმერთი ცოდვილს თავისი მადლით, როდესაც იცოდა, რომ საკუთარი ცოდვებით აცთუნებდა მრავალთ და მისგან ცთუნებულნი დაზიანდებოდნენ? ასე რომ მოხდეს, ადამიანის სიცოცხლე თავისუფალი კი არ იქნება, არამედ ძალადობას დაქვემდებარებული; და ვის შეუძლია ეწინააღმდეგოს ღმერთს, თუ ის ამგვარად მოინდომებს ყოველი ადამიანის ცხონებას? განა წმიდა წერილში არ არის ის გამონათქვამები, რომელთა გამოც ბრკოლდებიან წერილის სულიერი შინაარსის ვერშემცნობი უმეცრები და უგუნურები?"

ამრიგად, გვმართებს თუ არა თქმა იმისა, რატომ არ გაუხსნა ღმერთმა ყველას წმიდა წერილის სულიერი შინაარსი, რათა ადამიანები არ დაზიანებულიყვნენ, და ეს საქმე მიანდო სხვადასხვა დროს მცხოვრებ წმიდათ, რათა ეღვაწათ და განემარტათ ყოველი საჭირო საკითხი? სწორედ ამიტომაც არიან მასწავლებლები და კომენტატორები, როგორც ამას ბრძანებს მოციქული (1 კორ. 12:28, 30)... როგორც წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით გვიჩვენა გზა უფალმა, თუმცა ყოველი მათგანი კერძოდ მეტყველებდა, მხოლოდ ერთი რომელიმე მათგანის მეშვეობით როდი გვიქადაგებდა ჭეშმარიტებას, არამედ მისივე ნებით, როგორც მათთვის დატოვებული, ექადაგებოდა სხვებს, ასევე იქმოდა ის მოციქულთა შემდეგ მცხოვრებ წმიდათა შემთხვევაშიც: იმას, რის შესახებაც ერთნი დაეჭვებით ლაპარაკობენ, მათ შემდეგ არსებულნი განმარტავენ, რათა ღმერთი ყოველთვის იქებოდეს თავის წმიდათა შორის" (ციტ. იქვე. გვ. 519–521.).

წმიდა პატრიარქი ფოტიც (დაახლ. 820-896) მართლმადიდებლურ შეფასებას აძლევს წმიდა მამათა თხზულებებში არსებულ ცთომილ შეხედულებებს: "განა მცირე იყო რთული ვითარებანი, რომლებიც აიძულებდა მრავალ მამას კერძოდ და არაზუსტად გამოეთქვა თავისი აზრი, ნაწილობრივ ემსჯელა მტერთა თავდასხმის ვითარებიდან გამომდინარე, ნაწილობრივ კი ადამიანური უმეცრებით, რომელსაც ისინიც იყვნენ დაქვემდებარებულნი? და თუ ზოგიერთი მაინც რაიმეს იტყოდა არაზუსტად ან ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო გადაიხრებოდა მართალი გზიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გამოუკვლევია საკითხი და არც ყოფილა ვინმე, მიეწოდებინა მათთვის სწორი სწავლება ჭეშმარიტების შესაცნობად - ჩვენ მათ მაინც წმიდა მამათა რიცხვში ვტოვებთ, ზუსტად ისე, თითქოსდა არც კი ეთქვათ ამგვარი რამ, ნაწილობრივ მათი ცხოვრების ღირსშესანიშნაობისა და ბრწყინვალე სათნოებების გამო, ნაწილობრივ კი სხვამხრივ მათი სარწმუნოების უზადო სიწმიდის გამო; მაგრამ არ მივსდევთ მათ სიტყვვებს იქ, სადაც მათ შესცოდეს" (Цит. по Архиеп. Филарет (Гумилевский). Историческое учение об отцах Церкви, Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1996, т. 3, стр. 334).

წმიდა მარკოზ ეფესელი (1392-1444) წმ. გრიგოლ ნოსელის სწავლებებში არსებული შეცდომების გამო შენიშნავს: "დიდი განსხვავებაა ეკლესიის გადმოცემულ და კანონიკურ მწერლობას და მამათა პირად ნააზრევს შორის. პირველის, როგორც ღვთის დადგენილის, უსიტყვოდ უნდა გვჯეროდეს, მეორე კი უნდა შევუსაბამოთ წმინდა წერილს და გამოვიკვლიოთ შეესაბამება თუ არა მას.

"შესაძლოა ვინმე ეკლესიის მოძღვარიც იყოს, - ბრძანებს წმ. მარკოზ ეფესელი, - მაინც ყველაფერს სწორად როდი ამბობდეს. … თუ არა და, ანუ, თუკი ყველა მამათაგანი არასოდეს ცდებოდა, მაშინ ეკლესიის კრებებს აზრი არ ექნებოდა. ამ მხრივ, გარკვეულწილად ფეხი დაუცდათ დიონისეს, ალექსანდრიის ეპისკოპოსსა და გრიგოლ საკვირველმოქმედს; თუმცა ერთმა მათგანმა მოწამეობრივი გვირგვინი მიიღო, მეორემ კი ისე იღვაწა, რომ სახელიც კი საკმარისია ქებისა და დიდებისთვის. ასე რომ ამგვარი მოწიწება, მორჩილება და პატივისცემა გვმართებს მხოლოდ წმიდა წერილის მიმართ. გრიგოლ ნოსელი კი, როგორც ადამიანი შეცდა რამდენიმე სწავლებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ეს საკითხი ჯერ კიდევ არ იყო გამოკვლეული" ((Архим. Амвросий (Погодин), Святой Марк Эфесский и Флорентийская Уния. «Сирин», 1994, стр. 128) // ქართ. გამოცემა: წმიდა მარკოზ ეფესელი და ფლორენციის უნია. ითარგმნა პროტოპრესვ. ამბროსი პოგოდინის წიგნიდან "წმ. მარკოზ ეფესელი და ფლორენციის უნია". მთარგმნ. ნათია მაღალაშვილი. გამომცემლის მითითების გარეშე. გვ. 64).

მაგრამ არსებობს ისეთი ცნებას, როგორიცაა "წმიდა მამათა კონსენსუსი" (თანხმიერება). მამათა კონსენსუსი - ეს არის ეკლესიის სწავლება, რომელიც ყოველთვის და ყველგან ეფუძნება წმიდა წერილს. ამგვარად, ჩვენ წმიდა წერილით ვამოწმებთ წმიდა გადმოცემას, მაგრამ თვით წმიდა წერილის კანონს - თუ რომელი წიგნია კანონიკური და რომელი არა - წმიდა გადმოცემის საფუძველზე განვსაზღვრავთ. ამიტომაც ეს ცნებები - ძლიერ ახლოს არიან ერთმანეთთან, მაგრამ, უდავო, აბსოლუტური პრიორიტეტი ენიჭება ღმრთის სიტყვას (ბიბლიას). ნათქვამია: "ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი.  უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება.  რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი" (1 პეტრე 1:19-20).

წყარო: azbyka.ru
Назад к содержимому