აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
მარადიული საიქიო საიდუმლონი
გარდაცვლილთა ცხოვრება და მათი კავშირი ცოცხლებთან, მათი ნეტარება და სატანჯველნი
წმიდა წერილისა და ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებითII
სულის მდგომარეობა ხორციელი სიკვდილის შემდეგ
1. სულის უკვდავების შესახებ
ღმერთი ცოცხალთა ღმერთია და არა მკვდართა: "რადგანაც ყველა ცოცხალია მისთვის" (ლკ. 20:38). ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი სხეული, რომელიც სულს გაეყრება, მიწაში ბრუნდება, - სული კი მთელი და უკვდავი რჩება: "მიიქცევა მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდება ღმერთს, რომელმაც შთაბერა" (ეკლ. 12:7).
გამოცხადებაც და საღი აზროვნებაც გვარწმუნებს, რომ ადამიანის სული ხორცის (სხეულის) სიკვდილის შემდეგ არ კვდება, არამედ ცოცხალი რჩება; ის განსხვავებულია სტიქიური ბუნებისგან, ის არ ნადგურდება სხეულთან ერთად, "მტვრად არ იქცევა და მსუბუქ ქროლვასავით არ გაიფანტება" (სოლ. სიბრძნე 2:3), არამედ "ზევით მიილტვის" (ეკლ. 3:21).
ბუნებრივად, ძალებს, რომლებიც კლავენ ხორცს და ანგრევენ მის გრძნობისმიერ ორგანოებს, არ შეუძლიათ მოაკვდინონ სული და გაანადგურონ მისი აზრები და მოსურვებანი. სულის უკვდავების ჭეშმარიტება ნათლად იხსნება, როგორც ძველ, ასევა ახალ აღთქმაში. ძველ აღთქმაში სიკვდილს "თავის ერთან შეერთება" (დაბ. 49:33) ასევე "ჯოჯოხეთში შთასვლა" (დაბ. 37:35) და "მიძინება" (3 მეფ. 2:10) ეწოდება.
ახალ აღთქმაში ადამიანი საერთოდ მომავლის მოქალაქედ უფრო განიხილება, ვიდრე აწმყოსი, და მთელი იმედი და სასოება, მთელი სიკეთე და ნეტარება მისთვის განსაზღვრულია მომავალში. იესუ ქრისტე ამ ჭეშმარიტებას ამტკიცებს ცნებით ღმერთის შესახებ: "ღმერთი ცოცხალთა ღმერთია, და არა მკვდართა, რადგანაც ყველა ცოცხალია მისთვის" (ლკ. 20:38).
მოციქული პავლე ამტკიცებს, რომ მთელი ჩვენი რწმენა ამაო იქნებოდა, და ყველაზე უბადრუკი და უბედური არსებები ვიქნებოდით სამყაროში, რომ არა უკვდავება: "თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც. მაშინ ჩვენ ცრუმოწმენი ვყოფილვართ ღვთის მიმართ, რადგანაც ვმოწმობთ, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლა არ აღდგებიან მკვდრები. ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ. და ისინიც წარწყმედილან, ვინც განისვენა ქრისტეში. თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ" (1 კორინთ. 15:13-19).
სულის ყოფიერება სცილდება საფლავის საზღვებს, და თან მიაქვს ყველაფერი ის, რასაც ამ წუთისოფელში მიეჩვია. გადააქვს აზროვნება, ის წესები და მიდრეკილებები, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრებისას გააჩნდა. როდესაც სული ხორცთან არის შეერთებული და მასთან ერთ მთლიანობას წარმოადგენს, - ანუ ადამიანია, მაშინ ის იმყოფება იქ, სადაც სხეულია. მაგრამ როგორც კი დაირღვევა ეს კავშირი და სული ხორცს გაეყრება, მაშინ სულის ყოველგვარი მდგომარეობა ცნობილ სივრცეში ნადგურდება, ყოველგვარი ახლო კავშირი ამ ადგილთან ქრება; რადგან ადგილი აუცილებლობით დაკავშირებულია სხეულთან და არა სულის არსთან.
წმიდა წერილი და საღი აზროვნება შთაგვაგონებენ, რომ ადამიანის სული თავისი ყოფიერებისთვის ან მისი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის სხეულს არ საჭიროებს; ამიტომაც შეუძლია მას სხეულის განადგურების შემდეგაც არსებობა. საღმრთო გამოცხადება გვარწმუნებს, რომ გარდაცვლილთა სულები თავიანთ სხეულებს მხოლოდ ქრისტეს დიდებით და ბრწყინვალებით მეორედ მოსვლისას შეუერთდებიან (1 კორ. 15:23), როდესაც მოხდება მკვდართა აღდგომა (1 კორ. 15:42). შედეგად, იმ დრომდე ის უსხეულოდ, უხორცოდ იმყოფება. საღმრთო გამოცხადება იმის შესახებაც გვამცნობს, რომ თავისი სხეულის სიკვდილის შემდეგ, სული ნათლად აზროვნებს და სრულად იცნობიერებს როგორც თავის მდგომარეობას, ასევე სხვა სულთა მდგომარეობასაც.
წმ. იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისში ნათქვამია, რომ წმინდანთ სულები, რომლებიც ცაში არიან, ჭვრეტენ თავიანთი გამოსყიდვის ფასს და ანგელოზებთან ერთად ადიდებენ თავიანთი ნეტარების შემოქმედს: "ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე და თაყვანს სცემენ ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს და ამბობენ: ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ" (აპოკ. 4:10, 11); და კიდევ სხვა ადგილას: "და როცა აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინაშე; ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და ოქროს თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა. გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან, რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე. ვხედავდი და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, ხოლო სიმრავლე მათი იყო მირიადჯერ მირიადი და ათასჯერ ათასი; რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა. და მესმოდა, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში თუ მიწაზე, მიწის ქვეშ თუ ზღვაში, და ყველაფერი, რაც არის მათში, ამას ამბობდა: ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი, დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ხოლო ოთხი ცხოველი ამბობდა: ამინ! ოცდაოთხი უხუცესი კი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე" (აპოკ. 5:8-14).
წინასწარმეტყველი ესაია ბაბილონის მეფის ხვედრის აღწერისას ამბობს, რომ ჯოჯოხეთში მყოფმა სულებმა თავიანთ შორის იხილეს ეს მეფე, გაუკვირდათ, რომ მათი თანამედროვე, რომელიც ღმერთს უტოლდებოდა, ასეთ მდგომარეობამდე დაეცა: "ქვესკნელამდე შეიძრა შავეთი შენს შესახვედრად, გააღვიძა აჩრდილნი, მიწის მთავარნი; წამოაყენა მათი ტახტებიდან ხალხთა მეფენი. ყველანი ალაპარაკდებიან და გეტყვიან: შენც ჩვენსავით დაუძლურდი, ჩვენ დაგვემსგავსე. შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა; ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს. როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო!" (ეს. 14:9-12).
იესუ ქრისტეს სიტყვებიდან გარდაცვლილ მდიდარზე ვხედავთ, რომ ეს ადამიანი სიკვდილის შემდეგ იტანჯება, მას ესმის თავისი ტანჯვის მიზეზი და ძმების მომავალზე ზრუნვას შეუდგა, რომლებიც ჯერაც მიწიერით ტკბებოდნენ. "ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში. შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები. ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან - ჩვენსკენ. ხოლო მან თქვა: გევედრები, მამათ, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე იგი. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში" (ლკ. 16:23-28).
2. გარდაცვლილებთან კავშირისა და ურთიერთობის შესახებ
ზემოთნათქვამიდან და განსაკუთრებით იესუ ქრისტეს იგავიდან მდიდრისა და ლაზარეს შესახებ ჩანს, რომ საყოველთაო აღდგომამდე ამქვეყნიდან გასული სულები არ გადადიან არაცნობიერ, სიზმრისეულ მდგომარეობაში, და რომ სიკვდილი არ წყვეტს ეკლესიის წევრთა შორის არსებულ ცოცხალ კავშირს. ეს ჩანს: 1) ღმრთის ცნებისგან, რომელიც არის მხოლოდ ღმერთი ცოცხალთა და მკვდართა (ანუ გარდაცვლილთა), და მისთვის ყველა ადამიანი, როგორც ამას თვით მაცხოვარი ბრძანებს, ცოცხალია; და 2) ეკლესიის ცნებისგან გამომდინარე, რომელიც არის ცოცხალი, ერთიანი და განუყოფელი სხეული ქრისტესი, შედეგად, მის წევრთა შორის აქ, ამქვეყნად იმყოფებიან ისინი თუ სხვა ცხოვრებაში (ანუ საიქიოში), მუდმივი კავშირია.
მაშ, თუკი ამქვეყნიდან გასულ და ამქვეყნად დარჩენილ ეკლესიის წევრებს შორის ცოცხალი კავშირი არ წყდება და გრძელდება, სრულიად უეჭველია, რომ მათ შორის გარკვეული ურთიერთობაც არსებობს. ეს დასტურდება უამრავი მაგალითითაც, რომლებიდანაც ვხედავთ, რომ გარდაცვლილთა სულები, არა მარტო წმინდანებისა, არამედ ცოდვილებისაც, არაერთხელ, სხვადასხვა სახით გამოცხადებიან ცოცხალ ადამიანებს. ქვემო თავში მივუთითებთ ამგვარი გამოცხადების რამოდენიმე მაგალითს.
გაგრძელება იქნება.
წყარო: Вечный загробные тайны (1908). Составил игумен Антоний. Репринт. Москва 1999.
წიგნი ითარგმნა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი 2024 წ.