აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
ცეცხლოვანი გეენა
"ხოლო თუ შენი თვალი გაცთუნებს, ამოითხარე იგი: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე ღმრთის სასუფეველში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში, სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი"
მკ. 9:47-48
მნიშვნელობა გამოთქმისა "ცეცხლის გეენა"
იერუსალიმის სამხრეთით - ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ებრაელები აქ მოსულები არ იყვნენ - არსებობდა ენომის ველი, რომელიც ასე ენომის ძეთა სახელით იწოდა და, რომლებიც, სავარაუდოდ, მისი მფლობელები იყვნენ. ეს იყო ულამაზესი ადგილი ნაკადულით, რომლის ნაპირებზე ხეები ხარობდნენ. VII ს-ში ქრისტეს შობამდე ველზე აღმართეს წარმართული ღვთაების, მოლოქის საკერპე, რომელსაც ცოცხალ ბავშვებს სწირავდნენ. მოლოქის კერპი წარმოადგენდა მეტალისგან ჩამოსხმული ადამიანის ქანდაკებას, რომელსაც ხარის თავი ჰქონდა. შიგნით ცეცხლი ინთებოდა, ქანდაკება ხურდებოდა და საცოდავ ყრმებს ხელებგაწვდილ კერპზე აგდებდნენ. ამ ჩვეულებას ბოლო მოუღო მართალმა მეფემ იოსიამ. მან დაანგრია საკერპეები და ისინი ადამიანის ძვლებით ამოავსო (4 მეფ. 23:10). გარკვეული დროის შემდეგ ამ ადგილზე მოეწყო ქალაქის სანაგვე, სადაც აგდებდნენ მკვდარ ცხოველებს და დასჯილ დამნაშავეთა გვამებს, რომლებიც აქ იხრწნებოდნენ. გვამური მიაზმები რომ არ გავრცელებულიყო, სანაგვეზე მუდმივად ენთო ცეცხლი.
ენომის მოგიზგიზე და აყროლებული ველი, ებრაულად "გე-ჰინომ" - ძალიან მკაფიო ხატებაა, რომელიც მალევე იქცა გახევებულ ცოდვილთა საიქიო სასჯელის ალეგორიად. "გე-ჰინომ" გადაიქცა "გეენად", და ეს სიტყვა გახდა სატანჯველ ადგილთა მიმანიშნებელი - სახმილი, სადაც ყოველთვის ანთია ცეცხლი და, სადაც მატლი შეუწყვეტლად ტანჯავს სულს ცოდვილისას. ამ მნიშვნელობით "ცეცხლის გეენა" ებრაულ ლიტერატურაში ჩნდება ქრისტეს შობამდე I ს-ში, ასევე თვით ქრისტეს ქადაგებებში (იხ. მაგ.: მთ. 5:22), ასევე მის მოწაფეთა სწავლებებში (იაკ. 3:6).
ქრისტიანობაში "ცეცხლის გეენად" იწოდება ადგილი, სადაც მოხვდებიან ცოდვილნი საშინელი სამსჯავროს შემდეგ. არ უნდა აღვიქვათ იგი უხეში გრძნობითი სახით, რადგან რეალიები საშინელი სამსჯავროს შემდეგ სულ სხვანაირი იქნება. თუმცა, ამისგან გეენა ნაკლებად საშინელი როდი ხდება.
ცეცხლის გეენაში ჩაგდება
სიტყვა "გეენა" ახალ აღთქმაში 11-ჯერ გვხვდება. გორაკზე წარმოთქმულ ქადაგებაში ქრისტე სიტყვა "გეენას" ამატებს განსაზღვრებას "ცეცხლოვანი".
"მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს" (მთ. 5:22). ამით მაცხოვარი ქრისტიანებს ასწავლის თავი შეიკავონ არა მარტო ბოროტი საქმეებისგან, არამედ თვით მრისხანებისგანაც, და განმარტავს, რომ მრისხანება იმდენად დიდ ზიანს აყენებს ადამიანის სულს, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, და ართმევს მას მაცხოვნებელ მადლს.
მათეს სახარებაში ქრისტემ სამგზის გაიმეორა გამოთქმა აღებული ესაიას წინასწარმეტყველებიდან: "სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი" (მკ. 9:44, 46, 48, შეად. ეს. 66:24). ცხადია, რომ ეს ხატება აღებულია ენომის ველის სახელწოდებიდან.
მართლმადიდებლურ ხატებზე, მაგალითად, XVI ს-ის ბერძენი ხატმწერის გეორგიოს კლონცასის ხატზე, გეენა ერთდროულად გამოხატულია, როგორც ცეცხლოვანი ტბა, რომელშიც ცეცხლოვანი მდინარე ჩაედინება, და სიმბოლურად, გაუმაძღარი ურჩხულის სახით. იქ დაიტანჯებიან არა მარტო ცოდვილები, არამედ სატანა და დემონებიც: რადგან თავიდანვე სწორედ მათთვის, და არა ადამიანებისთვის იყო გამზადებული გეენა, მაგრამ ადამიანები თვითონ უარყოფენ ღმრთითბოძებულ მარადიულ სიკეთეთ, რის გამოც ემსგავსებიან ეშმაკს და მის უწმიდურ მხედრობას (მთ. 25:41). როგორც აპოკალიფსისშია ნათქვამი: "მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი" (გამოცხ. 21:8).
ცხადია, ეს არ არის ჩვეულებრივი ცეცხლი და გოგირდი. აქ უფრო ლაპარაკია სულიერ სატანჯველებზე, სინდისის ქენჯნაზე, ორმლებიც, როგორც ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი ბრძანებს, განუწყვეტლივ სტანჯავენ სულს, როგორც მატლნი, და ნებისმიერ ნივთიერ ცეცხლზე უმწველესად წვავენ (ნეტ. თეოფილაქტეს განმარტება მარკ. სახარების მე-9 თავზე).
ღმერთი თუ კეთილია, რატომ აგზავნის ადამიანებს გეენაში?
მრავალ ადამიანს უჩნდება კითხვა: თუკი ღმერთი კეთილია, რატომ განუკუთვნებს ის ადამიანებს ამგვარ სატანჯველთ? ეს კითხვა ეფუძნება დაშვებას, თითქოსდა ღმერთი გეენაში ტანჯვათა მიზეზი იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის. უფალი ციდან გარდამოხდა, განკაცდა, ჯვარზე ვნებანი დაითმინა, რათა მით დანაშაულობა მოეხსნა მთელი კაცობრიობისთვის და საკუთარ თავთან შეერიგებინა ყველანი გამონაკლისის გარეშე. განა ღმერთი, რომელსაც ასე უყვარს კაცობრიობა, უმოწყალო იქნება და თვითონ გამოიგონებს სატანჯველებს? ის იმიტომაც ლაპარაკობბს გეენაზე, რომ კეთილია. წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით, ყველას რომ სჯეროდეს გეენის არსებობა, როგორც ხედავენ ბრწყინვალე მზეს და მობიბინე ბალახს, - არავინ შესცოდავდა, გეენაშიც არავინ შთავარდებოდა და ყველა საკუთარ ცხონებაზე იზრუნებდა (მესამე ჰომილია ფილიმონის მიმართ ეპისტოლეზე). "მხოლოდ თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას" (ეს. 59:2). მხოლოდ მოუნანიებელი ცოდვა ქმნის გადაულახავ უფსკრულს ღმერთსა და ადამიანს შორის.
იესუ ქრისტე მოხარული იქნებოდა მისი სჯულის ყველა დამრღვევისთვის მიეტევებინა დანაშაული, თვით ყველაზე ბოროტებისთვისაც კი, მაგრამ წმიდად გარეგანი გამამართლებელი განაჩენი ვერაფერს ცვლის. "როდესაც ვინმე სცოდავს, ცოდვა რყვნის მთელ მის ბუნებას, ბილწავს და აბნელებს მას. ცოდვილს გარეგანი განაჩენით რომ მივუტევოთ, შინაგანად კი ყველაფერი ისევ ისე დავტოვოთ, განუწმენდლად, განუბანელად, მაშინ ის მიტევების შემდეგაც ისევ ბინძური და ბნელი დარჩება" - განმარტავენ ეგზეგეტები.
შეუძლებელია სამოთხეში აიყვანო ის, ვინც საკუთარ თავს აბინძურებს: ის იქაც შექმნის პირად ჯოჯოხეთს, მას დატანჯავს სინდისი, რომ სხვებს შეუძლიათ სამოთხისეული ნეტარების აღქმა, მას კი - არა. ღმერთს რჩება მხოლოდ ერთი რამ - წაართვას ცოდვილს შემდეგში შეცოდების ყოველგვარი შესაძლებლობა, რათა ის მთლად დემონებს არ მიემსგავსოს - და ეს არის სწორედ გეენა.
სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს მოსმენა, თუ როგორ სწყევლის ხოლმე მრისხანებით აღძრული ერთი ადამიანი მეორეს: "ცეცხლის გეენაში მენახე!" ასეთი მოსურვება არაქრისტიანულია, "რადგანაც გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღვთის სიმართლეს" (იაკ. 1:20). მითუმეტეს არაქრისტიანულია წარწყმედა უსურვო ჯერაც ცოცხალ და ამქვეყნად მცხოვრებ ადამიანებს, რომელთა ცხონებისთვის განკაცებულმა ძემ ღმრთისამ საკუთარი სისხლი დაღვარა.
წყარო: .foma.ru.
მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2024 წ.