ესქატოლოგია - არსებობს თუ არა "სალხინებელი"? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
არსებობს თუ არა "სალხინებელი"?
საუკუნო სატანჯველი
კითხვა: ადამიანურად რომ განვსაჯოთ, ყველა ადამიანი კარგი როდია და ყველა არ არის ცუდი. წმინდანები და ბოროტები მცირედნი არიან, ადამიანთა ძირითადი მასა კი შედგება, როგორც კეთილი, ასევე ცუდი ადამიანებისგან. შეიძლება ისინი არც ცუდები იყვნენ და არც კარგები. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ჩვენ ვერ ვწვდებით სამოთხეს, მაგრამ ჯოჯოხეთური ტანჯვაც - ჩვენს შემთხვევაში, საკმაოდ სასტიკია ამგვარი ადამიანებისთვის. მაშ, რატომ არ ლაპარაკობს ეკლესია არანაირ შუალედურ მდგომარეობაზე?
 
პასუხი: ეს კითხვა მხოლოდ ამ შეკითხვის დამსმელს როდი გასჩენია, ამგვარი ფიქრები მოსვლია უამრავ სხვა ადამიანსაც.
 
დასავლეთში ეს საკითხი "გადაიჭრა" სალხინებელის შესახებ სწავლების შემოტანით, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება გაეცნოს დანტე ალგიერის ცნობილ ნაწარმოებში "ღვთაებრივი კომედია".
 
მაგრამ მართლმადიდებლური შეგრძნებისთვის, მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველებისთვის ისტორია შუალედური მდგომარეობის შესახებ არ არის დოგმატიზირებული. პირიქით, ის უარყოფილიც კია აღმოსავლეთის ეკლესიის მიერ. და აღმოსავლეთის ეკლესია ყოველთვის ასწავლიდა ცალ-ცალკე არსებულ სამოთხესა და ჯოჯოხეთზე.
 
აქ მე თქვენს ყურადღებას მივაპყრობ შემდეგ იდეებს:
 
სამოთხე - ეს კარგი კლიმანტი როდია, და ჯოჯოხეთიც - არც გახურებული ქვაბებია, არც ცხელი ჰაერი და არც შავი დემონები ადამიანებს რომ დასცინიან ქვესკნელში. სამოთხე და ჯოჯოხეთი - ეს არის სულის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი მოდის.
 
უფალი ამბობს: "ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია".
 
ეს სიტყვები: "თვითონ თქვენშია" ზოგს ესმის ასე - "ეკლესიაშია", ეკლესია კი ღმრთის სასუფეველია; ზოგი კი ფიქრობს, რომ "თვითონ თქვენშია" ნიშნავს, "თვით ყოველ ინდივიდშია, ყოველ ადამიანშია", ანუ ადამიანი შეიძლება შეუერთდეს ღმრთის სასუფეველს, შევიდეს მასში.
 
ჩვენს მიწიერ განზომილებაში ჩვენ შეგვიძლია შევიგრძნოთ ჯოჯოხეთური და სამოთხისეული მდგომარეობები.
 
XX ს-ის ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ლუისი ამბობდა, რომ ჯოჯოხეთის კარები შიგნიდან არის დაკეტილი. ანუ ჯოჯოხეთი - ეს არის ადამიანის მდგომარეობა, როდესაც ღმერთი თავისი ნებითა და ადამიანისადმი სიყვარულით შორდება ადამიანს, ხდება დისტანცირება ღმერთსა და ადამიანს შორის. ეს იმიტომ ხდება, რომ თავისი ყველგანმყოფობის ძალით უფრო არ დააზიანოს და უმეტეს სატანჯველს არ დაუქვემდებაროს ადამიანი.
 
ამავდროულად დავით ფსალმუნთმგალობელი ამბობს: "ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ! ... იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი" (ფსალმ. 138:8, 10).
 
რა თქმა უნდა, უფალი მთელ სამყაროშია. მაგრამ როდესაც იესუ ქრისტე ჩადის ჯოჯოხეთში, ჯოჯოხეთი სამოთხედ იქცევა. და ქრისტესთან ერთად ამოდიან ისინი, ვისაც სურს ამოსვლა ჯოჯოხეთური მდგომარეობიდან.
 
მართლმადიდებლური საღვთისმსახურებო ტექსტები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ "ჯოჯოხეთი დაცარიელდა, ჯოჯოხეთი წარმოიტყვევნა, ჯოჯოხეთმა ამოანთხია ყველა თავისი წიაღიდან". მაგრამ, აქ ლაპარაკია იმათზე, ვისაც სურდა მიჰყოლოდა ქრისტეს; აქ ლაპარაკია მათზე, ვინც ისმინა იოანე ნათლისმცემელის ქადაგებანი ჯოჯოხეთში და ადამიანისთვის ამ მძიმე მდგომარეობაში შეძლო ესმინა უფლის მიერ მონიჭებულ გათავისუფლებაზე.
 
სამოთხისეული და ჯოჯოხეთისეული მდგომარეობები, როგორც უკვე ვთქვით, შეიძლება აქაც განვიცადოთ.
 
თუკი ადამიანი თავისი მიწიერი ცხოვრების ჩარჩოებს სცილდება ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში, მაშინ ის სწორედაც რომ ჯოჯოხეთში შედის. ხოლო თუკი სცილდება თავისი ცხოვრების ჩარჩოებს და შედის ღმრთის სასუფეველში, მაშინ ის შედის ღმრთისადმი სიყვარულის, ღმრთისადმი მორჩილების მდგომარეობაში და ამით ის მკვიდრდება ღმრთის სასუფეველში.
 
ჩვენ შეგვიძლია ყურადღება მივაპყროთ მთელ რიგ მაგალითებს პატერიკებიდან (ეს არის ქრისტიანული ასკეტური ლიტერატურის ჟანრი, ასე უწოდებენ ნოველების კრებულებს, სადაც მოთხრობილია ქრისტიან ბერ-მონაზონთა და განდეგილ მამათა თუ დედათა ღვაწლი - "აპოკ". რედ.), რომლებშიც ზოგჯერ დიდი ცოდვილები შედიოდნენ სამოთხის სავანეებში, ხოლო გარეგნულად ღვთისმოსავი ადამიანები ვერ აღწევდნენ ღმრთის სასუფეველს. ეს დაკავშირებული იყო არა რაიმე წარმართულ წარმოდგენასთან იმის შესახებ, თუ რა უფრო მეტი გააკეთა ადამიანმა - კეთილი თუ ცუდი საქმეები. ეს არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ადამიანმა დათრგუნა ყველა ვნება, ან კიდევ რაღაც ვნებები დარჩა მასში. აქ ლაპარაკია პოტენციაზე, ვექტორზე, რომელიც მიცემული იქნა მის ამქვეყნიურ ცხოვრებაში.
 
მაგალითად, ავაზაკმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრო გაშორებოდა თავის შეცოდებებს, მან ეს-ესაა შეინანა, გამოავლინა სურვილი ყოფილიყო ქრისტესთან ცათა სასუფეველში და იმწამსვე იქვე აღმოჩნდა. ამავდროულად უამრავი ფარისეველი, რომლებიც გარეგნულად ზედმიწევნით ასრულებდნენ სჯულის ყოველ იოტას, ვერ შევიდნენ ღმრთის სასუფეველში.
 
აი, სწორედ ასეთი იქნება ჩვენი პასუხიც.
 
სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის კი შუალედური მდგომარეობა არ არსებობს, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვეცვლება პარადიგმა.
 
როდესაც ვეძებთ სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის არსებული შუალედური მდგომარეობის რაღაც ისტორიას, ჩვენ ვშორდებით იმ პარადიგმას, რომ ღმერთს ადამიანი უყვარს სამოთხეშიც და ჯოჯოხეთშიც. ჩვენ ვშორდებით იმის პარადიგმას, რომ ღმერთი იღებს ყოველი ადამიანის პირად და თავისუფალ არჩევანს. და თუკი ადამიანმა აირჩია ჯოჯოხეთი, ღმერთი იღებს მის ამ გადაწყვეტილებას.
 
შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ჯოჯოხეთი თითქოსდა არის სასჯელი ცოდვებისთვის, ხოლო სამოთხე - ჯილდო სათნოებებისთვის. ხოლო თუკი ადამიანმა ვერ მოასწრო, ვერც ერთი და ვერც მეორე, მაშინ აუცილებელია მცირე სასჯელი, რომელიც განწმენდს მას შეცოდებათაგან და შეიყვანს მას სასუფეველში. მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ ეს ყველაფერი არ უნდა აღსრულდებოდეს სატანჯველთა მეშვეობით.
 
ღმერთი სადისტი ხომ არ არის, დააკვირდეს ადამიანის ტანჯვას და მისი მეშვეობით განკურნოს ის ცოდვებისგან!
 
ტანჯვა - ცოდვის შედეგია, მაგრამ ეს არ არის ადამიანის განკურნების მეთოდი.
 
შეხედეთ ქრისტეს, რომელიც აღდგა მკვდრეთით და, რომელმაც არანაირ ტანჯვას არ დაუქვემდებარა პეტრე. მას არ უთქვამს პეტრესთვის, რომ ის, ღმრთის უარყოფის ცოდვისგან რომ განკურნებულიყო,  უნდა ეტანჯა. არა. ღმერთს შეუძლია, შეძლებისდაგვარად, მოგვიტევოს ჩვენი შეცოდებები ტანჯვის გარეშეც.

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

საიტი "აპოკალიფსისი". 2023 წ.
Назад к содержимому