ესქატოლოგია - აპოკატასტასისი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
აპოკატასტასისი

(მცირეოდენი შემოკლებით)
სამყაროს განახლება
ავტორი: მ. ს. ივანოვი

ქრისტეანობაში აპოკატასტასისად (ბერძნ. ἀποκατάστασις - აღდგენა, დაბრუნება, დასრულება) იწოდება სწავლება ცოდვილთა (ადამიანთა და დემონთა) საყოველთაო ცხოვნების (ბუკვ. აღდგენის) შესახებ, რომელიც ეკლესიის მიერ უარყოფილია. ეს სწავლება წარმოიშვა ორი ცნების: ἀποκατάστασις ("აღდგენა") და ἀποκατάστασις τῶν πάντων ("ყოველივეს აღდგენა"), ურთიერთაღრევის შედეგად. სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება მცდარი სწავლებაც.

ძველბერძნულ ბიბლიურ ტექსტში ეს ცნება გვხვდება მხოლოდ ერთხელ, მოციქულთა საქმეებში (3:21), სადაც მოთხრობილია ქრისტეს შესახებ: "რაჲთა, რაჟამს მოიწინენ ჟამნი განსუენებისანი პირისაგან უფლისა, და მოავლინოს, რომელსა-იგი ჴელი შეჰყავთ თქუენ, ქრისტე იესუ, რომლისა-იგი ჯერ-არს ზეშთა შეწყნარებაჲ ვიდრე ჟამადმდე კუალად-გებისა ყოველთა, რომელთა იტყოდა ღმერთი საუკუნითგან პირითა ყოველთა წმიდათა წინასწარმეტყუელთა მისთაჲთა" (ახ. "ქართ. მოიწიოს ჟამი სულის მოთქმისა უფლის პირისგან და მოგივლინოთ თქვენთვის წინასწარ აღთქმული იესო ქრისტე, რომელიც უნდა მიიღოს ზეცამ, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც დასაბამითვე ამბობდა ღმერთი თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით"). მაგრამ ზმნა ἀποκαθιστάναι, რომლისგანაც არის ნაწარმოები ეს სიტყვა, ბიბლიაში მრავალგზის გვხვდება.

წმიდა მამათა თხზულებებში ტერმინი "აპოკატასტაზისი" პირველად ჩნდება წმ. იუსტინე ფილოსოფოსთან. თავის "დიალოგში ტრიფონ იუდეველთან", ის იხსენებს ნოეს შვილებთან დაკავშირებულ ისტორიას და წერს: "თუკი ნოემ თავის ორ შვილს მონად მისცა მესამე შვილის მოდგმა, ამჯერად ქრისტე თავისუფალი შვილებისა და მათი მონების აღსადგენად (εἰς ἀποκατάστασιν) მოვიდა" (Dial. 134).

მოციქულთა სწორ მამებთან და აპოლოგეტებთან ზოგჯერ გვხვდება ზმნა ἀποκαθίστημι ("აღდგენა"). მას იყენებს წმ. ეგნატე ღმერთშემოსილიც, როდესაც ლაპარაკობს ანტიოქიელ ქრისტეანებზე, რომლებთანაც "დაისადგურა მშვიდობამ, დაბრუნდა მათი დიდება და მათი მცირე სხეულიც (ანუ ეკლესია - მთარგმნ.) აღსდგა (ἀπεκατεστάθη)" (Ep. ad Smyrn. 11. 2).
ტატიანე ამ ზმნის მეშვეობით აღწერს ადამიანის სხეულის მკვდრეთით აღდგომას: "მეუფე ღმერთი, როდესაც ინებებს, თავდაპირველ მდგომარეობაში აღადგენს (ἀποκαταστήσει) არსებას (სხეულს - ავტ.), რომელიც მხოლოდ მისთვის არის ხილული" (Contr. graec. 6).

წმ. ირინეოსის აზრით, ადამიანის სხეულებრიობას სიცოცხლე, ანუ ქრისტე აღადგენს (ἀποκαταστήσει) (Adv. haer. V 12. 1). ლაპარაკობს რა მეორედ მოსვლაზე, წმ. მამა აღნიშნავს, რომ "უფალი ბოლო ჟამს თავის თავს ყოველივეში დააბრუნებს (აღადგენს)" (ὅτι ἐπ̓ ἐσχάτων τῶν καιρῶν φανερωτεὶς ὁ Κύριος τοῖς πᾶσι ἑαυτὸν ἀποκατέστησεν) (Ibid. IV 38. 1).


აპოკატასტასისი ანტიკურ ეპოქაში

აპოკატასტასისის იდეა ანტიკურ ცნობიერებაში ჩაისახა დროისა და ისტორიის გაგებასთან დაკავშირებით. ამ ცნობიერებისთვის დროის ხაზობრივი დინების ცნება არ არსებობდა, რომელიც ამ ყოფიერებიდან მარადისობისკენ იქნებოდა მიმართული. დროის პერსპექტივა მისთვის ყოველთვის შეზღუდული იყო და ჩაკეტილი იყო წრეში როგორც ყოფიერების სისრულის სიმბოლო. თანაც ეს სისრულე არსებობდა დასაბამიდანვე და არ განხორციელებულა დროში ისტორიული პროცესის შედეგად. ის გამოხატავდა იდეალურ სამყაროს, რომელიც ემპირიული სამყაროს პირველხატი იყო. ამ პირველხატისადმი მუდმივი მიმართვა ანტიკურ დროში ყოველთვის დაკავშირებული იყო "მარადიული დაბრუნების" იდეასთან, ანუ "მარადიულ განმეორებასთან"; ამ იდეის თანახმად, დრო არც იწყება და არც მთავრდება. ის ვლინდება ემპირიული სამყაროს მუდმივად განმეორებად ჩაკეტილ ციკლებში; ამ ციკლებში სამყარო ასრულებს წრიულ მოძრაობას; ხოლო თვით ციკლები ზუსტად იმეორებენ ერთურთს. "ეს განმეორებადობა ხდება სწორედ კოსმიურ მასშტაბებსა და მოცულობებში, მთელი სამყარო "უკან ბრუნდება". სტოიკოსები ლაპარაკობდნენ კიდევაც "ყოველივეს აღდგენაზე", ἀποκατάστασις τῶν πάντων... მაგრამ, ჩვენს წინაშე არავითარი მოძრაობა არ არის, -ყოველივე "იმავე სახეს უბრუნდება" (ἐν ᾧ ἔσμεν σχῆμα). აქედან ვღებულობთ ერთგვარ შემაძრწუნებელ კოსმიურ perpetuum mobile... -ს" (Флоровский Г., прот. О воскресении мертвых // Переселение душ: Сб. ст. П., 1935. С. 161). ამ "მარადიულ ძრავში" ადამიანი ხდება მხოლოდ "ჭანჭიკი", რომელიც "კოსმიური რიტმებისა" და "ვარსკვლავური დინების" ტყვეობაში აღმოჩნდა (რასაც ბერძნები "ბედს" (ἡ εἱμαρμένη )უწოდებდნენ (იქვე). აპოკატასტასისი ანტიკურ ეპოქაში გაიგებოდა, როგორც სამყაროსა და ადამიანის პირიოდული დაბრუნება თავის პირვანდელ მდგომარეობასთან.


აპოკატასტასისი ქრისტეანობის ისტორიაში

ამ სწავლების პირველი ცალკეული პოზიციები გამოხატა კლიმენტი ალექსანდრიელმა. ადამიანთა მარადიული ხვედრის განსაზღვრისას ის ერთმანეთისგან ასხვავებდა მათ, ვინც მთელი თავისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში უფლის ერთგული იყო და, მათ ვინც, მართალია, ეკლესიის წიაღში ცხოვრობდა, მაგრამ ასეთი ერთგულება არ გამოუვლენია. "განმწმენდელი ტანჯვანი... ორივესთვის დასრულდება" (Strom. VI 14). თუმცა მეორენი აღმოჩნდებიან "უქვემოესი დიდების სავანეში" და უკვე იქ დაიტანჯებიან იმის გამო, რომ "არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ თავიანთ თანამოძმეთა ბრწყინვალებაში, რომლებიც მართალი და უბიწო ცხოვრებისთვის ღმერთმა უმაღლესი დიდებით დააჯილდოვა" (Ibidem). კლიმენტი ალექსანდრიელი არაფერს ამბობს ამ სატანჯველისგან გათავისუფლებაზე, მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ მან სინანულის შესაძლებლობა თვით ეშმაკისთვისაც კი დაუშვა (Ibid. I 17), უნდა ვივარაუდოთ, რომ კლიმენტი ალექსანდრიელი დასაშვებად მიიჩნევდა, მომავალში, "დიდების უქვემოეს სავანეში" მყოფთა ტანჯვის დასრულებას.

კლიმენტი ალექსანდრიელის სწავლებამ აპოკატასტასისზე თავისი გაგრძელება ჰპოვა ორიგენესთან. ეს უკანასკნელი ასახელებს სამ ძირითად მიზეზს, რომელთა გამოც ცოდვილთა ტანჯვა ჯოჯოხეთში არ იქნება მარადიული. პირველი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ბოროტება არ არის სუბსტანციონალური და როგორც ასეთი, საკუთარ თავში ატარებს თვითხრწნილებისა და თვითგანადგურების საწყისს. ამიტომაც, დროთა განმავლობაში ის დაიღუპება. ხოლო ის, რაც შექმნილია ღმრთის მიერ, შექმნილია "ყოფიერებისა და არსებობისთვის", და "არ წარწყმდება" (De princip. III 6. 5). კორინთელთა მიმართ პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლეს სიტყვების "ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში" (1 კორინთ. 15:28) განმარტებაში, ორიგენე წერს: "მაშინ უკვე აღარ იქნება განსხვავება კეთილსა და ბოროტს შორის, რადგან ბოროტი საერთოდ აღარ იქნება: ღმერთი იქნება ყოველში, მასში კი უკვე ბოროტს აღარ ძალუძს არსებობა..." (De princip. III 6. 3).

მეორე მიზეზი დაკავშირებულია ორიგენეს წარმოდგენებთან სამყაროს ბედში მის ესქატოლოგიურ პერსპექტივაში. მას სწამდა, რომ სამყარო "საყოველთაო აღდგენისკენ" (ἀποκατάστασις τῶν πάντων) მიემართება. მაგრამ ეს აღდგენა არის სამყაროს დაბრუნება პირველყოფილ მდგომარეობასთან.

"დასასრული, რომელიც საწყისთან მიდის და საგანთა მდგომარეობა, რომელიც გათანაბრებულია მათ დასაბამთან, აღადგენს იმ ვითარებას, რაც გონიერ ბუნებას იმ დროს გააჩნდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა სურვილი ეგემა ხისგან ცნობადისა ბოროტისა და კეთილისა. მაშინ, ყოველგვარი ცოდვილი გრძნობის აღხოცვისა და ამ ბუნების სრული განწმენდის დასრულების შემდეგ, მხოლოდ ერთი და სახიერი ღმერთი იქნება მისთვის ყოველივე; და ის იქნება შემადგენელი არა მხოლოდ ზოგიერთი ან მრავალი არსებისა, არამედ - ყოვლისა" (De princip. III 6. 3).

მესამე მიზეზს, რომლის თანახმად ტანჯვა უკვე აღარ იქნება, ორიგენე ხედავს იესუ ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლში. ეს ღვაწლი და ქრისტეს ჯვრის ძალი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ, ორიგენეს აზრით, თავის ზეგავლენას ახდენს არა მარტო ადამიანებზე, არამედ გარშემომყოფ ბუნებაზე და თვით ბოროტ დემონებზეც კი. ჯვრის ძალას წინ ვერ აღუდგება ვერავითარი ბოროტი ნება, როგორი ჯიუტიც უნდა იყოს იგი" (In Ep. ad Rom. V 10).

ორიგენე, მართალია, არ აღიარებდა ტანჯვის (ჯოჯოხეთის) მარადიულობას, მაგრამ მიიჩნევდა, რომ ის შეიძლება იყოს როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი, "მრავალსაუკუნოვანი" (De princip. I 6. 3). მისი აზრით ტანჯვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ცოდვილის სულიერ მდგომარეობაზე, რომელსაც, ღმერთი, ვითარც მკურნალი კურნავს ტანჯვათა მეშვეობით. "დაავადებული სხეულის გამოჯანმრთელებისთვის, -წერს ორიგენე, - ზოგჯერ, მეტ-ნაკლებად მტკივნეული საშუალებაა აუცილებელი, თვით სხეულის ამა თუ იმ ნაწილის მოკვეთაც კი; და სნეულების ზომა თუ ამ საშუალებებსაც აღემატა, მაშინ უზომოდ განვითარებულ სნეულებას წვავს ცეცხლი, მითუმეტეს, თუ გვჯერა, რომ ღმერთი, ჩვენი მკურნალი, რომელსაც ნებავს ჩვენი სულის განკურნება ცოდვათა და დანაშაულობათა წყლულებისგან, იყენებს იმავე საშუალებას... და ცეცხლით სჯის მათ, ვისაც დაუკარგავს სულის ჯანმრთელობა" (De princip. II 10. 6).

ორიგენესთან აპოკატასტაზისი თუ მკაფიოდაა განსაზღვრული, კირილე ალექსანდრიელი თავისი მოსაზრების მტკიცებისას არ არის კატეგორიული და ხშირად იყენებს ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა: "ჩემის აზრით", "მე ვფიქრობ" და ა. შ. De princip. II 10. 4; I 6. 3; III 6. 4). როდესაც სამყაროს საბოლოო ბედზე ლაპარაკობს, ის შენიშნავს: "ჩვენ ვლაპარაკობთ ამის შესახებ დიდი შიშითა და სიფრთხილით და უფრო ვიკვლევთ და განვსჯით, ვიდრე რაიმეს ვამტკიცებთ განსაზღვრულად ან დაბეჯითებით" (De princip. I 6. 1).

აპოკატასტასისის იდეა მახლობელი იყო წმ. გრიგოლ ნოსელისთვისაც. ორიგენეს მსგავსად, ისიც საყოველთაო ცხოვნების პრობლემას განიხილავდა სიკეთისა და ბოროტების ბუნებაზე რელიგიურ-ფილოსოფიური წარმოდგენების პრიზმაში. სიკეთე ღმრთისგანაა, და ის იპოსტასურია, ანუ თავისთავად არსებულია, ხოლო ბოროტება "არაარსია". ის არის მხოლოდ სიკეთის არარსებობა და როგორც ასეთი არაიპოსტასურია. "სიკეთისა და ცოდვის განსხვავება, - წერს წმიდა მამა, - წარმოგვიდგენია არა როგორც ორი იპოსტასური მოვლენის განსხვავება, თითქოსდა არაარსებულს უპირისპირდებოდეს არსებული, ან არაარსებული იპოსტასურად განსხვავდებოდეს არსებულისგან; არამედ ვამტკიცებთ, რომ არარსებობა ყოფიერების, არსებობის საპირისპიროა. ამგვარადვეა მანკიერება სათნოების საწინააღმდეგო არა როგორც თავისთავად არსებული რამ, არამედ როგორც კეთილისა და უკეთესის არქონა. და როგორც ვამბობთ, რომ სიბრმავეა მხედველობის საპირისპირო, მაგრამ სიბრმავეში თავისთავად რაიმე არსებულს როდი ვგულისხმობთ, არამედ ხედვის უნარის მოკლებას, ასევე ვამტკიცებთ, რომ მანკიერება ეს არის სიკეთის მოკლება, ერთგვარი დაბნელება, რომელიც მოსდევს სინათლის სხივის განშორებას" (Or. catech. 6).

მთელი თავისი აგრესიულობისდა მიუხედავად, როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი შენიშნავს, სიკეთისადმი წინააღმდეგობა შეუძლებელია, ხოლო "ჩვენი ბუნების უგუნურება ღმრთის სიბრძნეზე უმაღლესი და უმტკიცესი როდია" (De hom. opif. 21). ამიტომაც, "მანკიერება მარადიულად არ გრძელდება"; მივა რა თავისი "საზღვრამდე", ის ქრება და ადგილ უთმობს სიკეთეს, "რადგან სიკეთის ბუნება მანკიერების ზომას უთვალავჯერ უმეტესად აღემატება " (Ibidem). აპოკატასტასისის პრობლემის გადაწყვეტას წმ. გრიგოლ ნოსელი არა მარტო ბოროტების უპერსპექტივობაში ხედავს, არამედ სიტყვა-ღმერთის განკაცებაშიც, რომელშიც გაიხსნა შესაძლებლობა ცოდვასა და სიკვდილზე გამარჯვებისა და ახალ ცხოვრებასთან დაბრუნებისა. თანაც, ქრისტე თავისი განკაცების მეშვეობით "კურნავს" არა მარტო ადამიანს, არამედ "თვით მანკიერების გამომგონებელსაც" (ანუ ეშმაკს) (Or. catech. 26). ამასთან, ჯოჯოხეთური ტანჯვა, წმ. გრიგოლ ნოსელის თანახმად, წარმოადგენს მხოლოდ სულიერი კურნების საშუალებას და როგორც ასეთი არ შეიძლება მარადიული იყოს; და თუკი წმიდა წერილში მის მარადიულობაზეა ლაპარაკი, ეს მხოლოდ აღმზრდელობითი მიზნით გამოიყენება.

საყოველთაო ცხოვნების შესახებ სწავლებასთან ერთად წმ. გრიგოლ ნოსელთან ვხვდებით გამონათქვამებს, რომლებიც შესაძლოა ამ სწავლების საწინააღმდეგოდ მოგვეჩვენოს. მსჯელობს რა ადამიანზე, რომელიც განკვეთილია ეკლესიისგან, წმიდა მამა აღნიშნავს, რომ მისი სული "ჩაკეტილია რა ერთგვარ ბნელ ადგილას... იქვე რჩება და უსასრულო, საუკუნო გლოვით იტანჯება" (Castig). ჰომილიაში "მევახშეთა წინააღმდეგ" ის ამხელს მევახშეს, რომელსაც "საუკუნო სასჯელი" ელის (Contr. usur.). წმ. გრიგოლი იყენებს ისეთ გამონათქვამებს, როგორიცაა "ცეცხლოვანი ტანჯვა და ისიც, მარადიული" (De Benefic.), "სამარადისო წარწყმედა" (Adv. Ar. et Sab. 6) და სხვა. ყველა ამ შემთხვევაში ის იყენებს სიტყვებს "საუკუნე" (αἰών) და "საუკუნო" (αἰώνιος), რომლებიც მიტრ. მაკარის (ოქსიუკი) აზრით, რომელიც იკვლევდა წმ. გრიგოლის ესქატოლოგიურ სწავლებას, აქ "განსაკუთრებულ ხანგრძლივობას" აღნიშნავს. როდესაც წმ. გრიგოლი "მარადიულობაზე აბსოლუტური აზრით" მსჯელობს, ის იყენებს სიტყვებს ἄπειρος ("უსაზღვრო", "უსასრულო") და ἀΐδιος ("მუდმივი", "მარადიული"). მათი მეშვეობით ის აღწერს მაგალითად, ღვთაებრივი ყოფიერების მარადიულობას, ღმერთს როგორც მარადიულ მეფეს, რომელიც "იმეფებს უკუნითი უკუნისამდე!" (გამ. 15:18) და ა. შ. (Макарий (Оксиюк), митр. Эсхатология св. Григория Нисского. К., 1914. М., 1999р. С. 386-387).

ნეტ. ავგუსტინე, რომელიც კრიტიკულად ეკიდება საყოველთაო ცხოვნების სწავლებს, აპოკატასტასისის მომხრეებს დაჰყოფს კატეგორიებად და მათ, ირონიით "ჩვენზე მზრუნველთ", ხოლო ორიგენეს - "ყველაზე უმეტეს მზრუნველსა და მოწყალეს" უწოდებს (De civ. Dei. XXI 17). ამგვარ "მზრუნველთაგან" ერთნი ფიქრობდნენ, რომ მარადიულ სატანჯველს ასცდებიან მხოლოდ ადამიანები, მაგრამ არა ანგელოზები (Ibid. XXI 18). ხოლო სხვები კი ფიქრობდნენ, რომ ყველა ადამიანი გადარჩება "წმინდანთა ლოცვითი შემწეობით" (Ibidem); მესამენი კი ამბობდნენ, რომ ცხოვნდებიან ისინი, "ვინც ეზიარება" ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს, თუნდაც ერეტიკოსებად გარდაიცვალონ, ისინი მაინც ცხოვნდებიანო, - ამბობდენენ ისინი (Ibidem).

მეოთხენი ამტკიცებდნენ, რომ სამარადისო ტანჯვისგან ეკლესიისადმი კუთვნილება ათავისუფლებსო, "თუნდაც შემდეგში ეს ადამიანები შთავარდნენ რომელიმე მწვალებლობაში და თვით წარმართულ კერპთაყვანისმცემლობაშიც კი" (Ibid. XXI 20). მეხუთე კატეგორიის აზრით, -გადარჩება ყველა, ვინც იქმოდა მოწყალების საქმეებს, თუნდაც "უღირსად და უკეთურად" ცხოვრობდნენ (Ibid. XXI 22); და ბოლოს, მეექვსე კატეგორია ასწავლიდა, რომ ცხოვნდებიან ყველანი: ადამიანებიც და დემონებიც (Ibid. XXI 23).
Назад к содержимому