ესქატოლოგია - აბრაამის წიაღი: ჯოჯოხეთია თუ სამოთხე? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
აბრაამის წიაღი: ჯოჯოხეთია თუ სამოთხე?

წმიდა მამათა მოწმობები
მართალთა სავანე
თანამედროვე ღვთისმეტყველებაში საზოგადოდ მიღებულია ის აზრი, რომ აბრაამის წიაღი - ეს არის ადგილი ჯოჯოხეთში, რომელშიც მართალთა სულები ჯოჯოხეთში ქრისტეს ჩასვლას ელოდნენ. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ასეთი ადგილი დღემდე არსებობს: მასში არ არის ტანჯვა და ახლა იქ იმყოფებიან ისინი, ვინც პატიოსნად ცხოვრობდა, მაგრამ არაფერი იცოდა ქრისტეზე.
 
მაგრამ ამ რამდენიმე ხნის წინ ჩვენი ყურადღება მიიპყრო მდიდრისა და ლაზერეს იგავის სხვაგვარმა განმარტებამ, რომლის მიხედვითაც ქრისტე ამ იგავში ლაპარაკობს აწმყოზე, და არა მომავალზე, როდესაც აბრაამი უკვე ამოყვანილია ჯოჯოხეთიდან. ამგვარი განმარტების პირობებში ნათელი ხდება იგავის ზოგიერთი ადგილი - ლაზარეს "ნუგეშისცემაზე" და "დიდ" და გადაულახავ "უფსკრულზე" ჯოჯოხეთსა და აბრაამის წიაღს შორის.
 
ვიმოწმებთ იმას, რაც ვიპოვეთ. ცხადია, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დამოწმებული მასალა არ არის სრული და მისი შევსება ყოველთვის შესაძლებელია. უბრალოდ, ამ მომენტისთვის აღვნიშნავთ იმას, რომ ჩვენს ხელთ არსებული მასალების მიხედვით მამათა უმრავლესობა აბრაამის წიაღს სამოთხის ან მისი ერთ-ერთი ნაწილის სინონიმად განიხილავს.
 
წმ. პეტრე კიეველი ( 1326): "კითხვა 67. რომელი ადგილია დანიშნული იმ ადამიანთა სულთათვის, ვინც ამქვეყნიდან გადის ღმრთის მადლით? პასუხი: იმ ადამიანთა სულები, რომლებიც ინანიებენ თავიანთ ცოდვებს და წუთისოფელს ღმრთის მადლით ტოვებენ, ღმრთის ხელში არიან. რადგან წმიდა წერილი ასე ბრძანებს: "მართალთა სულნი ჴელთა შინა ღმრთისათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა" (სოლ. სიბრძნე 3:1). ეს ადგილი სამოთხედაც იწოდება, როგორც ქრისტემ ჯვარცმულ კეთილგონიერ ავაზაკს უთხრა: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში" (ლუკა 23:43). ის აბრაამის წიაღადაც იწოდება, როგორც წერილ არს: "მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს" (ლუკა 16:22), და ცათა სასუფევლადაც, უფლის სიტყვისამებრ: "ამასაც გეუბნებით თქვენ: მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში" (მათე 8:11). ვინმე ჩვენ მიერ ნახსენებ სახელთაგან რომელიმეს თუ უწოდებს ამ ადგილს, არ შესცოდავს: ოღონდ იცოდეს, რომ (მართალთა) სულები იმყოფებიან ღმრთის მადლში, ანუ "ცათა შინა", როგორც საეკლესიო საგალობლები გვაუწყებენ (Св. Петр (Киевский). Православное Исповедание).
 
წმ. გრიგოლ ნოსელი: "... რადგან (ლაზარე) მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებოდა, მაგრამ არ დაცემულა ამის გამო, არამედ ამ კარვის (იგულისხმე ადამიანური სხეული - "აპოკ." რედ.) დარღვევის შემდეგ, რომელსაც მთელი ცხოვრებისეული ღვაწლის განმავლობაში ებრძოდა, დაუყოვნებლივ აღმოჩნდა ანგელოზთა შორის რადგან ნათქვამია: "მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა" (ლუკა 16:22). აჰა ზეიმობა - გზის გავლა ანგელოზებთან ერთად, და პატრიარქის წიაღი, რომელმიც სიხარულით იღებს ლაზარეს. არ შესცოდავს ვინმე, თუკი იფიქრებს, რომ სიტყვა "წიაღი" ეს არის სიკეთეთა სისრულე, რომლითაც იწოდა პატრიარქი, მსგავსად ვრცელი ზღვისა, რომელშიც იმყოფება ლაზარე; რადგან ყველას, მსგავსი ღვაწლით გამორჩეულს, არაფერი აქვს საკუთარი. სიკეთე ზოგადი ხდება ყველასთვის, ვინაიდან თანასწორ ნეტარებას ერთი და იგივე სათნოებით აღწევენ" (Св. Григорий Нисский. О надписании псалмов, книга 2., гл. 6).
 
წმ. გრიგოლ პალამა: "აბრაამის წიაღი ეს არის ცოცხალთა ქვეყანა, მარადის გახარებულთა საცხოვრისი, მარადიულ სიკეთეთა სიუხვე" (Св. Григорий Палама. Омилия на 22-е воскресное Евангелие).
 
წმ. ბასილი დიდი: "მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები" (ლუკა 16:25). ამიტომ, ნუ იქნები სულმოკლე, შეხედე აწმყოს, მაგრამ ელოდე იმ ნეტარ და უსასრულო სიცოცხლეს, რადგან მხოლოდ მაშინ იხილავ, როგორ ექცევა მართალს სიკეთედ სიღატაკე, უსახელობა, სიმწირე და სიამტკბილობათა უქონლობა" (Св. Василий Великий. Беседа на Псалом 48).
 
წმ. იოანე ოქროპირი: "... ვევედროთ უფალს, რათა ამქვეყნიდან გასვლის ჟამს ღირს გვყოს ყველანი იქ მივიდეთ ისე, რომ აღმოვჩნდეთ არა მდიდართან, არამედ ლაზარესთან, განვისვენოთ პატრიარქის წიაღში და მარადიული სიკეთეებით დავტკბეთ" (Св. Иоанн Златоуст. Слово 3 о Лазаре).
 
წმ. მარკოზ ეფესელი: "ლუკას სახარებაში, მდიდრისა და ლაზარეს იგავში, უფალი გვასწავლის რა იმ ხვედრზე, რომელიც მიიღო თითოეულმა მათგანმა, გვეუბნება, რომ ლაზარე, სიკვდილის შემდეგ, დაუყოვნებლივ იქნა ატაცებული ანგელოზების მიერ აბრაამის წიაღში, ხოლო მდიდარი, რომელიც ასევე დამარხეს სიკვდილის შემდეგ, აღმოჩნდა ჯოჯოხეთის სატანჯველში; ამგვარად, "აბრაამის წიაღი" ნიშნავს უმაღლეს განსვენებას, ღმრთივსათნო ადამიანთა ბედნიერ ხვედრს, ხოლო "ჯოჯოხეთისა" და "ტანჯვის" სახით ნაჩვენებია ცოდვილთა საბოლოო განკითხვა და მარადიული დასჯა. უფალმა არავითარი სხვა შუალედური ადგილი არ დატოვა მათ შორის, არც დროებითი რაიმე სატანჯველი, არამედ აჩვენა, რომ მართალთა და ცოდვილთა მდგომარეობებს შორის არსებობს უდიდესი და გადაულახავი უფსკრული, რომელიც ერთს მეორეთაგან განყოფს. ეს არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო და უკიდურესი მდგომარეობა და მათ შორის არავითარი შუალედური მდგომარეობა არ არსებობს.
 
...
 
შემდეგ, დედამიწაზე ანგელოზურად მცხოვრები ჩვენი ღირსი მამები, ხშირად ხილვათა, სიზმართა და სხვა სასწაულებრივ მოვლენათა სახით დამოძღვრილ იქნენ და თვითონაც მოძღვრავდნენ სხვებს მარადიული სატანჯველებისა და მათში მყოფი ცოდვილების შესახებ, ხედავდნენ მას, როგორც აწმყოს და უკვე აღსრულებადს, ხედავდნენ და ავლენდნენ სიტყვით, როგორც ეს ნათქვამია ლუკას სახარების იგავში მდიდრისა და ლაზარეს მდგომარეობათა შესახებ" (Святитель Марк Эфесский Слово первое. Опровержение латинских глав относительно очистительного огня).
 
წმ. ნიკოლოზ კაბასილასი: "მაგრამ, ამავდროულად, ყოველგვარ სიტკბოებას და ნეტარებას, - ვუწოდებთ მას სამოთხეს თუ აბრაამის წიაღს, ან ადგილს, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი მწუხარებისა და სნეულებისაგან, ან ადგილს ნათელს, მწვანილოვანსა და საგრილობელს, ან თვით სასუფეველს, ამ ყველაფერს იქ მყოფთ სხვა არაფერი ანიჭებთ, თუ არა ეს თასი და პური (ანუ წმ. ზიარება - "აპოკ." რედ.)" (Св.Николай Кавасила. Изъяснение Божественной литургии, 43)
 
მისივე: "ეკლესია თუ ევედრება წმინდანებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ისე, როგორც ჩვეულებისამებრ ყველგან. რას გამოითხოვს ის მიცვალებულთათვის? ცოდვათა მიტევებას, სასუფევლის დამკვიდრებას, აბრაამის წიაღში განსვენებას სრულყოფილებას მიღწეულ წმინდანებთან ერთად. აი ეს არის ეკლესიის ლოცვა" (Св.Николай Кавасила. Изъяснение Божественной литургии, 49).
 
იგივეს წერს წმ. გრიგოლ დიდიც. მისი სიტყვები ამ მხრივ არც ისე მკაფიოა, მაგრამ ბოლო ფრაზიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აბრაამის წიაღში ისიც მართალ სულთა ადგილსამყოფელს ვარაუდობდა საშინელ სამსჯავრომდე:
 
წმ. გრიგოლ დიალოგოსი: "მდიდარი, რომელიც ძოწეულითა და ბისონით იმოსებოდა, ჯოჯოხეთში იქნა ჩაგდებული, ხოლო ლაზარე ანგელოზებმა აბრაამის წიაღში აიტაცეს. რას ნიშნავს აბრაამის წიაღი, თუ არა მამათა საიდუმლო განსასვენებელს? მის შესახებ ჭეშმარიტება ბრძანებს: "ამასაც გეუბნებით თქვენ: მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში" (მათე 8:11). რადგან ძოწეულითა და ბისონით მოსილი სამართლიანად იწოდება სასუფევლის ძედ. მან შორიდან შეხედა ლაზარეს, რადგან ურწმუნონი, რომლებიც თავიანთი განკითხვის ქვენა ადგილებზე იმყოფებიან, უკანასკნელ სამსჯავრომდე უმზერენ ზემოთ, განსვენებაში მყოფ მართალთ, რომელთა სიხარულს (აღდგომის) შემდეგ ვეღარასოდეს იხილავენ" (Григорий Двоеслов СОРОК БЕСЕД НА ЕВАНГЕЛИЯ КНИГА 41 БЕСЕДА XL).
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: ""აბრაამის წიაღს" უწოდებენ იმ სიკეთეთა ერთობლიობას, რომლებიც ენიჭებათ წუთისოფლისეული ქარიშხლიდან ზეციურ ნავთსაყუდელში შემავალ მართალთ; რადგან ზღვის ყურეებსაც ხომ ჩვეულებრივ ნავთსაყუდელსა და სავანეს ვუწოდებთ მათი სიმშვიდის გამო" (Блж.Феофилакт Болгарский. Толкование на Евангелие от Луки).
 
ნეტ. ავგუსტინე პირდაპირ უარყოფს მტკიცებულებას, რომ აბრაამის წიაღი ეკუთვნოდეს ჯოჯოხეთს. ამავდროულად, მისი სიტყვები შეიძლება ისეც გავიგოთ, რომ მართლები ქრისტეს აღდგომამდე ჯოჯოხეთს გარეთ იყვნენ:
 
"თუმცა, ვაღიარებ, არსად წამიკითხავს მართალთა განსასვენებელი ადგილი ჯოჯოხეთად ყოფილიყოს წოდებული. მართალია, ქრისტეს სულიც ჩავიდა იმ ადგილებამდე, სადაც ცოდვილები იტანჯებიან, და გაათავისუფლა ისინი ამ სატანჯველთაგან, რომელთა გამოხსნა, როგორც ჩვენ გვწამს, ჩვენთვის მიუწვდომელი მისი სამართლიანობით მოხდა. მაგრამ არ ვიცი, სხვა როგორ უნდა გავიგოთ გამოთქმა: "ღმერთმა აღადგინა იგი და დახსნა სიკვდილის სალმობანი, ვინაიდან შეუძლებელი იყო სიკვდილს ეძლია იგი" (საქმე 2:24), თუ არა ისე, რომ ქრისტემ, თავისი ღვთაებრივი ძალმოსილებით, რომლის წინაშეც მუხლს იყრის ყოველი ქმნილება, "ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც" (ფილიპ. 2:10), დახსნა ზოგიერთის ჭირვება ჯოჯოხეთში, ხოლო თვითონ ამავე ძალაუფლებით არ ექვემდებარებოდა ამ ჭირვებათ. მათ არ ექვემდებარებოდა აბრაამიც, და მის წიაღში, ანუ მისი განსვენების საიდუმლო ადგილას, რომელსა და ჯოჯოხეთის სატანჯველს შორის დიდი უფსკრულია, ღატაკი ლაზარე დაემკვიდრა (ლუკა 16:26); და არ არის ნათქვამი, რომ ისინი იყვნენ ჯოჯოხეთში. "მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს. ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში" (ლუკა 16:22-26), და ა. შ. აქედან კი ჩანს, რომ ჯოჯოხეთი ნახსენებია არა ღატაკი ლაზარეს განსასვენებელი ადგილის, არამედ მდიდრის დასასჯელი ადგილის აღსანიშნად.
 
64. თვით სიტყვებიც, რომელიც იაკობმა უთხრა თავის შვილებს: "შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთად" (დაბ. 44:29), უფრო შიშით არის ნათქვამი, რომ არ ჩავარდეს ისეთ ზღვარგადასულ მწუხარებაში, რომ სიკვდილის შემდეგ ნეტართა განსასვენებელი კი არა, ცოდვილთა სატანჯველი დაიმკვიდროს. რადგან მწუხარება ნაკლები ბოროტების მომტანი როდია სულისთვის თუკი მოციქულიც ასეთ დიდ მზრუნველობას იჩენს ვიღაცისადმი, და მოუწოდებს "გმართებთ უმალ მიუტევოთ და ანუგეშოთ, რათა მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცეს" (2 კორინთ. 2:7).
 
მაგრამ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯერაც არ შემხვედრია, და დღემდე ვეძებ, თუმცა ვერ ვპოულობ შემთხვევას კანონიკური წერილი კეთილ მხარეში სადმე იყენებდეს სიტყვა ჯოჯოხეთს; არ ვიცი, სმენია თუ არა ვინმეს, რომ აბრაამის წიაღი და ის სავანე, საითკენაც წარტაცებულ იქნა ღატაკი ლაზარე, არ უნდა გავიგოთ კეთილ მხარედ, და ამიტომაც, არ მესმის, როგორ არის შესაძლებელი ვიფიქროთ, რომ ეს სავანე მდებარეობს ჯოჯოხეთში" (Блж.Августин. О книге Бытия буквально,33)
 
მისივე: "მაშ, განა უმეტესად არ უნდა ვუწოდოთ სამოთხე აბრაამის წიაღს, სადაც უკვე აღარ არის არავითარი განსაცდელი და სრული სიმშვიდე სუფევს წუთისოფლის ყოველგვარი შეჭირვების შემდეგ? იქვე არის მისი განსაკუთრებული ნათელიც, დიდი ნათელი, რომელსაც მდიდარი თუმც ხედავდა ჯოჯოხეთის წკვარამიდან, - რა თქმა უნდა, შორიდან, რადგან ამ ნათელს მას განაშორებდა გადაულახავი უფსკრული, - მაგრამ მაინც ხედავდა იმდენად, რომ ცნობდა განსვენებაში მყოფ ლაზარეს" (Блж. Августин. О книге Бытия буквально, 34).
 
წმ. ანასტასი სინელი, აღნიშნავს რა, რომ მოცემული იგავი პირდაპირ არ შეესაბამება რეალობას, აბრაამის წიაღში უნდა მოვიაზროთ ზეციური სასუფეველი:
 
"ქრისტემ მდიდრისა და ლაზარეს ამბავი მოგვითხრო როგორც იგავი, და არა როგორც სინამდვილე. ეს რომ იგავია, ჩვენ ვიცით შემდეგიდან: ჯერ-ერთი, იქიდან, რომ ხორციელ აღდგომამდე არავინ წასულა გეენაში, და არც ზეციურ სასუფეველში. როდესაც მდიდრის სხეული კუბოში იწვა, რომელი დამწვარი ენა შეიძლებოდა ჰქონოდა მას და წყლის რომელ წვეთს შეეძლო დაეცხრო (თუნდაც დროებითად ცეცხლით გახურვებული) მისი ენა? მეორეც, იმიტომ, რომ ისინი, ვინც წარგზავნილ იქნენ ჯოჯოხეთში, ვერ ხედავენ ზეცად აღტაცებულ მართალთ და ღმრთის სასუფეველში მყოფთ, რომელიც ზეცათა მაღლა მდებარეობს. გარდა ამისა, როგორც უკვე ითქვა, ჯერაც არ შემდგარა საბოლოო სამსჯავრო და არ მოწევნულა ცოდვილთა და მართალთა მისაგებელი" (Вопросы и ответы. Вопрос 21).
 
წმ. ისიდორე პელუსიელის და წმ. ასტერიოს ამასიელის სიტყვები არც ისე მკაფიოა. შეიძლება ისინი განვმარტოთ როგორც ერთი, ასევე მეორე შეხედულების სასრგებლოდ:
 
"აბრაამი პასუხობდა, რომ დიდი ზღვარი ძევს მასა და ჯოჯოხეთში დატანჯულ მდიდარს შორის, რითაც აჩვენებს განსხვავებას მართალთა და ცოდვილთა შორის. აბრაამი სტუმართმოყვარე და ღატაკთმოყვარე იყო, ის იღებდა შორიდან მომავალთაც, ხოლო მდიდარი მის კარებთან მწოლიარე ღატაკთა მიმართაც კი უმოწყალო იყო. ამიტომაც, როგორც მათი განწყობებია განსხვავებული, სულთა გადასახლების ადგილებიც ურთიერთსაწინააღმდეგოა, - ერთს ეკუთვნის განსვენება, მეორეთ  კი - სატანჯველი" (Св. Исидор Пелусиот 171. Архонтию. На сказанное Авраамом богатому: между нами и вами пропасть велика утвердися).

წმ. ასტერიოს ამასიელი: "რადგან აბრაამი ქრისტეს მსახური იყო და სხვა ადამიანებზე უპირატესად მიიღო გამოცხადება ქრისტეს მოვლინების შესახებ, და რადგანაც სამების საიდუმლო საკმარისად წარმოჩინდა ამ მხცოვნის კარავში, როდესაც ის მასპინძლობდა მასთან სამი მოგზაურის სახით გამოცხადებულ სამ ანგელოზს, - და საერთოდ, მრავალი საიდუმლო მინიშნებებით გახდა კაცი ღმრთისა, რომელიც შემდგომშ ხორცით შეიმოსა, და ამ ადამიანური შესამოსელით ნათლად ესაუბრა ადამიანებს: აბრაამის წიაღი გახდა წმინდანთა ერთგვარი მყუდრო სავანე და მათი აღუშფოთებელი განსვენების ადგილი" (Св. Астерий Амасийский. Беседа на притчу из евангелия от Луки, О богаче и Лазаре).
 
წმ. იპოლიტე რომაელი მიიჩნევს, რომ ყველა გარდაცვლილი სული ქრისტეს აღდგომამდე და ახლაც - ვიდრე საშინელ სამსჯავრომდე იმყოფებიან ჯოჯოხეთში და აბრაამის წიაღი არის მისი ნაწილი.
 
"ხოლო მართლები, რომლებიც დღემდე ჯოჯოხეთში იმყოფებიან, მაგრამ არა იმ ადგილას, სადაც ცოდვილნი, უხრწნელ და უნაკლო სასუფეველს მიაღწევენ. რადგან ამ სფეროსკენ მიდის მხოლოდ ერთი გზა, და ჩვენ გვწამს, რომ მის კარიბჭესთან დგას მთავარანგელოზი თავისი მხედრობითურთ. ისინი, ვინც აქ მოჰყავთ თავიანთ მფარველ ანგელოზებს, ამ კარიბჭის გავლის შემდეგ, მიემართებიან არა ერთი და იმავე გზით. მართალნი, რომლებიც მარჯვნივ მიჰყავთ, განათებულნი არიან ღვთიური ნათლით, გზის გასწვრივ მდგომი ანგელოზები კი უგალობენ და ნათელი სავანეებისკენ მიაცილებენ (χωρίον φωτεινόν). მათში დასაბამიდანვე ცხოვრობენ მართლები, რომლებიც უკვე აღარ არიან სჯულქვეშ (υπ'άνάγκης κρατούμενοι), არამედ მარად სიხარულით ჭვრეტენ მათი მზერისთვის მისაწვდომ სრულ სიკეთეთ (δρωμένων αγαθών) და ტკბებიან ახალ-ახალი მოლოდინებით, რადგან მიიჩნევენ, რომ ისინი ადრინდელზე უკეთესნი იქნებიან. ეს ადგილი არ ღლის მათ და არ ქანცავს. იქ არ არის არც სიცხე, არც სიცივე, არც სარეველა. არამედ ყოველთვის იღიმიან ამ განსვენების შემდეგ მარადიული აღდგომისა და ზეციური სიცოცხლის მომლოდინე მამათა ღმრთითგაბრწყინვებული სახეები. ხოლო ამ ადგილს ეწოდება აბრაამის წიაღი... აი სიტყვა ჯოჯოხეთზე, რომელშიც იმყოფება ყველა სული ვიდრე დრომდე და ჟამამდე, რომელიც განსაზღვრულია ღმრთის მიერ, როდესაც ის აღადგენს ყევლას, და კი არ გარდაქმნის (μετενσωματών) სულებს, არამედ აღადგენს სხეულებს" (Св. Ипполит Римский «Слово против эллинов» или«О всеобщей причине. Против Платона»)

წყარო: vk.com
Назад к содержимому