ცრუსწავლებანი - ღმერთი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ მაინც მის წინააღმდეგ ვიბრძვით - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
უსჯულოება > ცრუსწავლებანი
ღმერთი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ მაინც მის წინააღმდეგ ვიბრძვით
შემოქმედება
ათეიზმის მთავარი თავისებურება ისაა, რომ მისი "სუფთა" სახით ეს ფაქტობრივად არის ამბოხი ღმერთის წინააღმდეგ და ღმრთის არსებობის უარყოფა, კერძოდ კი ბიბლიური ღმრთისა. მაგრამ აქ არის პარადოქსი - ათეისტი ასე როდი ამბობს "ღმერთი არ არსებობს და მორჩა". ის ცდილობს ღმერთის სიტყვიერ შეურაცხყოფას, დასცინის მას და გმობს.
 
მაგრამ - თუკი ღმერთი, როგორც ათეისტი ამტკიცებს, არ არსებობს, მაშ საერთოდ რა საჭიროა მისი არარსებობის დამტკიცება? ათეისტი ამბობს - "ღმერთი არ არსებობს". კეთილი და პატიოსანი. დავუშვათ ის მართალია, და მართლაც არავითარი ღმერთი არ არსებობს. მაშინ ყველა მისი ჭინთვა, მისი მტკიცება რომ ღმერთი არ არსებობს - უაზრობაა. ათეიზმი შეიქმნა როგორც ანტიქრისტიანული ინსტრუმენტი - და თუ ქრისტიანობა არ იქნება და თუკი არ არსებობს ღმერთი, ათეიზმი არსებობის აზრს დაკარგავს - რადგან მაშინ გამოდის, რომ ათეიზმი ებრძვის მტერს, რომელიც არ არსებობს!
 
თუკი ანტიჰიტლერული კოალიცია შეიქმნა სპეციალურად ჰიტლერიის წინააღმდეგ, მაშინ ჰიტლერის სიკვდილით ამ კოალიციას აზრი დაეკარგა. თუკი მებრძოლი ათეიზმი შეიქმნა სპეციალურად ქრისტიანობის და რელიგიის წინააღმდეგ, მაშინ, თუ ღმერთი არ არსებობს, ათეიზმსაც აზრი არა აქვს.
 
შემდეგ, ათეიზმი ამტკიცებს მატერიალიზმს და ევოლუციის თეორიას, და თუკი ათეიზმი მართალია, მაშინ არა მარტო ქრისტიანები ყოფილან მსოფლიოში ყველაზე სულელი ადამიანები, არამედ ათეისტებიც, რადგან ევოლუციის ნამდვილი თეორიის თანამად, ადამიანი არაფერს წარმოადგენს და გულგრილი სამყარო ვერც შეამჩნევს, თუკი მზე აფეთქდება. ადამიანი ცხოვრება უაზრო ხდება, ყველა მისი ქცევა, საქმე და მიღწევებიც უაზროა.
 
ღმრთის საწინააღმდეგო არგუმენტები - აბსურდია, რადგან სამყაროს თვალსაწიერიდან, რომელიც ასობით მილიარდი წელია არსებობს (როგორც ამბობენ), ადამიანის მთელი 10 000 წლოვანი ისტორია - არაფერია. ადამიანი უბრალოდ მოლეკულათა ნაკრებია, რომელიც შემთხვევითი კომბინაციით დაიბადა, შემთხვევითი კომბინაციით მოკვდება და მისგან არაფერი დარჩება. ასეთია ევლუციის ნამდვილი თეორია.
 
მაგრამ, რადგან ამგვარი რამის დაჯერებას არავინ ისურვებს, ათეისტებმა მოიფიქრეს მთელი რიგი "დამატებები". სუფთა ათეიზმმა მთელ ამ ბოდვას: "ადამიანი უბრალოდ მოლეკულათა ნაკრებია, რომელიც შემთხვევითი კომბინაციით დაიბადა, შემთხვევითი კომბინაციით მოკვდება და მისგან არაფერი დარჩება" დაამატა - აღმოჩნდა, რომ პრამატერია თითქმის გონიერი იყო, დიდმა აფეთქებამ ქაოსის ნაცვლად წარმოშვა სრულყოფილება და ჰარმონია, სიცოცხლე დედამიწაზე მართალია სპონტანურად წარმოიშვა, მაგრამ ამის შემდეგ სიცოცხლე ბიოგენეზის მკაფიო კანონებით წარიმართა, მუტაციები სულ უფრო და უფრო უკეთესი მიმართულებით მიდიოდნენ და საერთოდ, ევოლუციაც გრძელდება; აი, მალე ადამიანი გამოიგონებს ანტიგრავიტაციას, გავფრინდებით ვარსკვლავებისკენ და ყველას ვაჩვენებთ, რომ ჩვენ სუპერ-ადამიანები ვართ! ღმერთი კი, რა თქმა უნდა, არ არსებობს, უბრალოდ ჩვენ სამყაროს ღმერთის თვისებები მივანიჭეთ, შემდეგ კი საკუთარ თავსაც, და ვუალა - ათეიზმს აზრიც მიეცა!"
 
ფაქტობრივად ათეიზმი, როგორც ღმერთის უარყოფა, ადრე თუ გვიან სტანდარტული გზიდან ვარდება და იწყებს მტკიცებას - "ღმერთი არ არის, მაგრამ ჩვენ თვითონ ვართ ღმერთები". ნებისმიერი ათეიზმი უარყოფს სამების თაყვანისცემას (თუკი შემოქმედი არ არსებობს, რა აზრი აქვს იმის უარყოფას, რაც არ არსებობს?), ამიტომაც ადრე თუ გვიან ის იწყებს ... ადამიანის თაყვანისცემას.
 
საერთოდ, ყველაზე სასაცილო ათეიზმში არის ის, რომ მათ არ სწამთ ბიბლიისა, თუმცა ამასთან 100%-ით ახორციელებენ იმას, რაც დაწერილია რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (თ. 1), მათი მსოფლმხედველობა დეტალურად არის აღწერილი ეკლეზიასტესა და ფსალმუნებში. ათეიზმის გაჩენამდე ათასწლეულებით ადრე დავით წინასწარმეტყველმა ის დეტალურად აღწერა.
 
ეკლესიამ ათეიზმს "ქარს გამოკიდება" (ძვ. ქართ.: "სულის ხდომა") (ეკლ. 2:11) უწოდა. და კვლავ ხაზს გავუსვამთ - ათეიზმის თვალსაზრისით სამყაროს ასაკი 100 000 000 000 წელია. ახლა შევადაროთ ათეისტის - 80 წელი და 100 000 000 000. იცით რამდენია ეს პროცენტებში? ნული.  მიკრორიცხვი - 0. 000 000 000 008. მას არ მიიჩნევენ მნიშვნელობად. მაგრამ რამდენი იქნება 5000 წელი? 0.0005 %. მათემატიკის თვალსაზრისით ესეც 0-ის ტოლფარდია. კიდევ უფრო მარტივად თუ ვიტყვით კაცობრიობის ისტორია ევოლუციის თვალსაზრისით ნულია.
 
და აქ კვლავ შემოდის ათეისტური დამატებები - იქნებ არამიწიერი ცივილიზაციები, უცხოპლანეტელები განიცდიდნენ ევოლუციას და ა. შ.? გასული საუკუნის 80-იანი წლების ფანტასტიკა ამ იდეით არის გამსჭვალული. ვერანაირად ვერ ურიგდებიან ათეისტები იმას, რომ უაზროდ ცხოვრობენ უაზრო სამყაროში და მათი არსებობის 5 000 წელი სამყაროს არსებობის ნული პროცენტია. ამიტომაც მათ შემოიტანეს უცხოპლანეტელთა იდეა, უმაღლესი გონება და ა. შ. - მაგრამ ეს უკვე ათეიზმი არ არის. ეს უკვე სხვაგვარი ღმრთისმბრძოლობაა.
 
ამიტომ სამყაროსეულ პროცესებისთვის გონივრულობისა და ლოგიკის მინიჭება - ესეც ფაქტობრივად რელიგიაა, ფორმალიზმისა და რწმენის პლანში ქრისტიანობაზე უფრო დახვეული. სხვათა შორის თუკი წაიკითხავთ ცნობილი სტივენ ჰოკინგის წიგნს, მის წარმოდგენას სამყაროზე და ქმნილებაზე, დიდი ხანია უკვე წასულები არიან სუფთა ათეიზმიდან და გადავიდნენ "დოგმატიკაზე" - რელიგიაზე, სადაც უკვე საჭიროა უხილავისადმი რწმენა, იმედი და დაჯერება. სიმების თეორია და სამყაროს "ერთიანი ფორმულის" ძიება - ესეც რელიგიაა, რომლის დოგმები უნდა ირწმუნო.
 
ვფიქრობთ, რომ სუფთა ათეიზმი არც არასოდეს არსებულა, რადგან თვით ნიჰილიზმიც კი (ყოველივეს უარყოფა), გულისხმობს, რომ შენი უარყოფა საკუთარ თავში არ მოიცავს შენსავ უარყოფას, რადგან თუკი შენ უარყოფ შენს უარყოფას, მაშინ გამოვა მტკიცებულება.
 
ამიტომ მებრძოლი ათეიზმი - ეს არის მოწოდება, რომ ღმერთი არსებობს, ოღონდ "ჩვენ ის არ გვიყვარს". ეს არის შეგნებული ომი ღმრთის წინააღმდეგ, რომელსაც ასობით და ათასობით გამოვლინება გააჩნია და, რაც გინდ საკვირველი იყოს, ე. წ. "ნიუ ეიჯის" სახითაც, ჯადოქრობისა და ექსტრასენსორიკის სახითაც.
 
მებრძოლი ათეიზმი შექმნილია ღმრთის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად. თუკი ღმერთი არ არსებობს - ათეიზმის ეს მიმართულება უაზროა. თუკი ღმერთი არსებობს - ის მით უფრო უაზროა.
 
მეცნიერული ათეიზმი - ეს არის მეცნიერების თაყვანისცემა და ადამიანის (მეცნიერი) გაღმერთება. სხვათა შორის ასეთი ათეიზმი ძალიან კარგად არის აღწერილი ეფრემოვის "ანდრომედას ნისლეულში" და "ხარის საათში".
 
ათეიზმი, როგორც საერო ჰუმანიზმი გახლავთ მცდელობა შექმნან უღმერთო რელიგია და დოგმატიკა დოგმატიკის გარეშე. ეს არის ქრისტიანობის ალტერნატივა და ის სწორედ ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ მოიფიქრეს. რომ არ ყოფილიყო ქრისტიანობა - საერო ჰუმანიზმი არც არასოდეს გამოჩნდებოდა.
 
ათეიზმი სტილში " მე არ ვიცი, ღმერთი არსებობს თუ არა, როგორც ერთის, ასევე მეორის დამტკიცება შეუძლებელია", - ეს ათეიზმი როდია, ეს არის ეგზისტენციალიზმი და სრულიად სხვა მსოფლმხედველობა.
 
სხვათა შორის ფაშიზმიც და ნაციზმიც ათეიზმია, რადგან მისი მიზანია - ქრისტიანობის განადგურება და საერთოდ ღმერთის სახელის ხსენების ამოძირკვა, უფრო ზუსტად ქრისტიანობის ცნების ჩანაცვლება ნაციზმის ცნებით. მაგრამ რომ არ ყოფილიყო ქრისტიანობა, ჩასანაცვლებელიც არაფერი ექნებოდათ.
"თქვა უგუნურმა გულსა შინა თვისსა" ... "მე ვარ ათეისტი". განაგდო ღმერთი თავისი გულიდან და გაირყვნა, დაბრმავდა, დაყრუვდა და გასულელდა. სამაგიეროდ ღმერთი არ არსებობს, და მაინც, იმ შემთხვევისთვის, თუკი არსებობს, დავიწყებთ თავგანწირულ ომს მის წინააღმდეგ. ეს უბრალო სიბრიყვე როდია, ეს არის სიგიჟის უმაღლესი ფორმა.
მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ. 28 ივლისი. 2021 წ.
Назад к содержимому