სწავლანი > ასკეტიკა
ევერგეტინოსი
უბრალოების შესახებ
თემა 49-ე, ანუ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი შესამოსელი, აგრეთვე იმის შესახებ, რომ მამებს უყვარდათ უბრალოება ჩაცმულობაში და ყველა მორწმუნეც ასე უნდა იქცეოდეს.
1. წმ. იოანე მრავალმოწყალის ცხოვრებიდან
საოცარი იყო პატრიარქი იოანე! ვის შეუძლია სრულად წარმოაჩინოს და აღწეროს მისი ღირსებანი და დამსახურებანი? ის იყო უაღრესად თავშეკავებული ჭამაში, იცვამდა და ეძინა ზომიერად, რადგან არ ივიწყებდა სათნოებებს, მათ შორის იმას, რომ არ უნდა გამორჩეულიყო უბრალო ხალხისგან. ერთმა მისმა ქალაქელმა ნაცნობმა გადაწყვიტა, მზრუნველობა გამოეჩინა მის მიმართ, იყიდა 36 ნომისმად (ოქროს მსხვილი მონეტა, ფულის ძირითადი ერთეული ბიზანტიაში - რედ. შენ.) თბილი ქურქი და გაუგზავნა ნეტარ პატრიარქს, თან თხოვნა შეუთვალა, უარი არ ეთქვა და საჩუქარი აუცილებლად მიეღო.
თხოვნა იმდენად დაჟინებული და მხურვალე იყო, რომ პატრიარქმა საჩუქარი მიიღო, მაგრამ მერე მთელი ღამე საკუთარ თავს კიცხავდა. მსახურებმა გაიგონეს, როგორ ელაპარაკებოდა იგი თავის თავს: "ჰოი, როგორ არ უნდა დავისაჯო მე, იოანე, როდესაც 36 ოქროს მონეტის ღირებულების ტანსაცმელს ვფლობ, ჩემს ქრისტესმიერ ძმებს კი თავზე ჭერი არა აქვთ? ისინი სიცივით იყინებიან, ბევრ მათგანს უბრალო შესამოსელიც არ გააჩნია, სიშიშვლე რომ დაიფაროს. ბევრი მშიერი ცარიელი კუჭით იძინებს და როგორც გლახაკი ლაზარე, ნატრობს: "მდიდრის ნასუფრალით მოჰკლას შიმშილი" (იხ. ლუკა 16:21).
"ვაი ჩემდა, - განაგრძობდა პატრიარქი გოდებას, - რამდენი მწირია ახლა ქალაქში, თავის მისადებიც არსად აქვთ, შიათ, სწყურიათ, ქუჩებსა და მოედნებზე ათევენ ღამეს. მე კი ყოველგვარი სიკეთით ვსარგებლობ, გაძღომამდე ვჭამ და ყველა სხვა სიამოვნებასთან ერთად ახლა კიდევ დამატებით ამ ძვირფასი ქურქით უნდა შევიმოსო! ამის შემდეგ რა სიტყვები უნდა გავიგონო საშინელ სამსჯავროზე? მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი: "გაიხსენე, რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ღატაკებმა კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ისინი ინუგეშებიან, შენ კი დამსახურებისამებრ დაიტანჯები" (შდრ. ლუკა 16:25), მაგრამ კურთხეულ არს უფალი! უბადრუკი იოანე არასდროს ჩაიცვამს ამას! ქურქის გაყიდვის შედეგად აღებულ ფულს კი გლახაკებს მოახმარს".
როგორც კი გათენდა სამოსი ბაზარში გაატანინა გასაყიდად, მაგრამ ვინც აჩუქა, იმან დაინახა ქურქი, იყიდა და კვლავ გამოუგზავნა წმინდა პატრიარქს. მან მიიღო საჩუქარი, თუმცა მეორე დღეს ისევ გასაყიდად გაიტანა ბაზარში. ასე განმეორდა არა ერთხელ და ორჯერ, არამედ მრავალგზის. ამასთან, პატრიარქმა მჩუქებელს შეუთვალა: "ვნახოთ, ვინც დაიღლება პირველი: მე გაყიდვით, თუ შენ ყიდვითა და ჩუქებით".
ეს ქალაქელი საკმაოდ მდიდარი იყო და წმიდა იოანე განგებ ახარჯვინებდა ფულს, რათა მისი გარკვეული ნაწილი გლახაკებსაც მოხმარებოდა.
2. წმიდა არსენის ცხოვრებიდან
არსენი დიდს იმდენად სძაგდა და ისეთ არარაობად მიაჩნდა ყოველგვარი ამსოფლიური, რომ ყოფითი ცხოვრების საგნებიც კი აუტანელი გახდა მისთვის. უფრო მეტიც, მან უარყო ძველი ცხოვრება სასახლეში, თავისი ბრწყინვალებითა და ფუფუნებით, და დაიწყო უბრალო გლეხივით ჩაცმა. ასეთი სამოსელი და სიღატაკე მას უფრო ახარებდა და ძველ სამოსელზე უფრო მშვენივრად ეჩვენებოდა, რადგან მას უფრო სულიერი ბრწყინვალება და სიწმინდე აინტერესებდა, ვიდრე სხეულის გამშვენიერება.
3. პატერიკიდან
ძმამ ბერს ჰკითხა:
- შეიძლება, ორი პერანგი ვიქონიო?
- ბერმა მიუგო: ორი პერანგის ქონა შეიძლება, მთავარია ბოროტება არ იქონიო, რომელიც ბილწავს მთელ სხეულსა და სულს. სულს არ სჭირდება ბოროტება, მაგრამ სხეულს სჭირდება საფარველი. ამიტომ, როგორც წმინდა წერილში წერია: "თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ" (1 ტიმ. 6:8).
4. ამბა ისაიასგან
არ დაუშვა, რომ შენი სხეული დამახინჯდეს სიბინძურისგან, შენ კი ამან ამპარტავნებაში ჩაგაგდოს; ხოლო, თუ შენ ახალდამწყები (მონაზონი) ხარ, მაშინ სხეულის სიმახინჯე შენთვის სასარგებლოა. ნურაფერს მოისურვებ, რასაც მოყვასთნ დაინახავ, იქნება ეს სამოსელი, სარტყელი თუ ბარყტულა. ნუ აჰყვები შენს ვნებას და ნუ მოინდომებ, ისეთივე საგანი მოიპოვო, როგორიც მას აქვს. თუ წიგნს შეიძენ, ნუ მოხატავ მას, თორემ შენს ვნებად იქცევა. სხეულის გამშვენიერება - სულის დაშლაა, მაგრამ ღვთის შიშით სხეულზე მზრუნველობა, ეს უკვე კეთილი საქმეა.
5. ამბა ისააკისგან
შეიყვარე გლახაკის სამოსელი, რათა მოიძულო შენში დაბუდებული ზრახვები, ანუ ქედმაღლობა. ვისაც ბრწყინვალება უყვარს, ის ვერ შეძლებს მდაბალი აზრების მოპოვებას, რადგან მისი გული ისეთივე გახდა, როგორიც მისი გარეგნობაა.
6. პატერიკიდან
ა) ამბა ისააკმა ძმებს უთხრა:
- ადრე ჩვენი მამები და ამბა პამვო უხეშ სამოსელს ატარებდნენ, ათასჯერ დაკერილ-გადაკერილს, ახლა კი თქვენ ყველაფერი ძვირფასი გჭირდებათ. წადით აქედან, თქვენ გამო ყველაფერი ოხრდება; ხოლო, როდესაც სამკალში მიდიოდა, ეუბნებოდა:
- არანაირ მცნებას არ გაძლევთ, მაინც არ შეასრულებთ.
ბ) მასვე მოჰყავდა ამბა პამვოს სიტყვები: "მონოზონს ისეთი ხალენი უნდა გეცვას, რომ თუ სენაკიდან გადააგდებს და სამი დღე არ მოიკითხავს, არავინ აიღებს - მისი უვარგისობის გამო".
7. წმიდა ეფრემისგან
ვისაც ლამაზი სამოსელი უყვარს, იგი თავის სულს აზიანებს. ბრწყინვალე სამოსელი მონოზვნის სულისთვის სამარცხვინოა, მას სულში ამპარტავნება შემოაქვს, უბრალოება კი მისთვის სასარგებლო და საქებარია. იფიქრე, მონოზონო, შინაგან ღვაწლზე და არა კედლების უსარგებლო სილამაზეზე, რადგან სენაკის სილამაზე არ მოგიტანს მოთმინებას. ვეძებოთ ის, რაც აუცილებელია, ხოლო ყველაფერი, რაც ზედმეტია და საზრუნავს იწვევს, საზიანო და დამღუპველია.
წყარო: სიკეთისმოყვარება (ევერგეტინოსი). I ტ. წიგნი მეორე. თბილისი 2013 წ. გვ. 283-287.
საიტი "აპოკალიფსისი". 2025 წ.
