ასკეტიკა - "სამნი თქვენ და სამნი ჩვენ"? ანუ ერთი იგავის ისტორია - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ასკეტიკა
"სამნი თქვენ და სამნი ჩვენ"?
ანუ
ერთი იგავის ისტორია
იგავი - "სამი თქვენ და სამი ჩვენ"
ალბათ ბევრს სმენია იგავი "სამი თქვენ და სამი ჩვენ", რომელიც ლ. ნ. ტოლსტოიმ 1886 წ-ს შეადგინა. ამ იგავში მოთხრობილია, თუ როგორ მიცურავდა გემით ერთი მღვდელმთავარი არხანგელსკიდან სოლოვეცისკენ და გზად უსახელო კუნძულს მიადგა, სადაც სამ მოხუცს შეხვდა, რომლებიც წმიდა სამების მიმართ ასე ლოცულობდნენ: "სამნი თქვენ და სამნი ჩვენ, უფალო შეგვიწყალენ!"
 
მღვდელმთავარმა, მცირედი მედიდურობით, ასწავლა უფლის ლოცვა (მამაო ჩვენო) ამ მოხუცებს და გზა გააგრძელა. მაგრამ დილით თურმე აღმოჩნდა, რომ მათ მღვდელმთავრისგან ნასწავლი ლოცვა დავიწყნიათ; მაშინ ფეხით გამოიქცნენ წყალზე, მიირბინეს მცურავ ხომალდთან და ეპისკოპოსს მათთვის ნასწავლი ლოცვის გამეორება სთხოვეს, რაზეც, ამ მოხუცთა სიწმიდით შერცხვენილმა მღვდელმთავარმა, უპასუხა: "ღმერთს სწვდება თქვენი ლოცვა, ღმრთის მხცოვანნო. მე როდი უნდა გასწავლიდეთ თქვენ" (Толстой Л. Н. Три старца // Собрание сочинений в 22 т. М., 1982. Т. 10. С. 342-347).



კადრი იგავის ("სამი თქვენ და სამი ჩვენ") მიხედვით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან

 
ასეთი სახით ამ იგავს ჰქონდა "ტოლსტოური" ხასიათი: აქ არის მინიშნება დოგმატების უმნიშვნელობასა და არასაჭიროებაზე, მღვდელმთავარი დახატულია, როგორც მედიდური ადამიანი, რომელიც "შერცხვენილ იქნა მხცოვანთა სიწმიდით", და, რაც მთავარია, - გატარებულია აზრი: სულერთია, როგორ ილოცებ, ოღონდ გულწრფელი იყავი.
 
მიუხედავად ამისა, ეს იგავი გარკვეული სახეცვლილებით გვხვდება მართლმადიდებელ ღვთისმოსავთა თხზულებებშიც. ამბროსი ოპტინელის (1812-1891) ერთ-ერთი სულიერი ქალიშვილი უთითებს, რომ ის ამ იგავს შემოკლებული სახით ჰყვებოდა ხოლმე; მაგრამ მეუდაბნოვეები ამ ვერსიაში სიტყვებით: "სამნი თქვენ და სამნი ჩვენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ!" მიმართავდნენ არა წმიდა სამებას, არამედ სამ უდიდეს წმინდანს (წმ. იოანე ოქროპირს, ბასილი დიდს და გრიგოლ ღვთისმეტყველს (Агапит (Беловидов). Жизнеописание в Бозе почившего оптинского старца иеросхимонаха Амвросия. М., 1900. Ч. 2. С. 59). მაგრამ, დასკვნა მაინც იგივე რჩებოდა: "ილოცეთ, როგორც შეგიძლიათ". მხცოვანი ამბროსი გარდაიცვალა 1891 წელს, ასე რომ მას თავისუფლად შეეძლო წაეკითხა ტოლსტოის იგავი და უფრო მართლმადიდებლურად გადაეკეთებინა იგი (ასეთი ვარიანტი უფრო სავარაუდო ჩაანს, ვიდრე უკუ გავლენა, რომლის მიზეზებზეც, ქვემოთ ვილაპარაკებთ).
 
ამ იგავს (უკვე ტოლსტოურ ვერსიასთან მიახლოვებულს, მაგრამ სამებისადმი მიმართვით: "სამნი თქვენ და სამნი ჩვენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ!") იყენებდა არქიმ. პავლე (გრუზდევი) (1910-1996) (Притчи православных старцев. М., 2012. С. 124-126). სავარაუდოდ, ხედავდნენ რა ტოლსტოის მიერ შედგენილი იგავის გულის ამაჩუყებელ სიუჟეტს, მხცოვნები ცდილობდნენ მის გადამუშვებას და გათავისუფლებას აშკარა მწვალებლობისგან, რათა მართლმადიდებელთ სარგებლობა მიეღოთ მისგან. თუმცა, მათთვის აშკარად უცნობი იყო მოცემული მოთხრობის ნამდვილი წარმომავლობა და მისი ჭეშმარიტი დასასრული, რომლის შესახებაც ჩვენ ახლა ვილაპარაკებთ.


იგავის წარმომავლობა

სინამდვილეში მოცემული მოთხრობა ღირ. მაქსიმე ბერძენის (1470-1556) სიტყვებისგან ჩაიწერა მღვდელმოწ. ვასიანე მურომცევმა († 1570) და დაცულ იქნა თავად ანდრია კურბსკის გადმოცემით (Калугин В. В. «Книга святого Августина» в русской письменности XVI-XIX веков // Лингвистическое источниковедение и история русского языка. М., 2002. С. 118). ღირ. მაქსიმეს ვერსიაში მღვდელმთვარი იყო არა სხვა ვინმე, თუ არა თვით წმიდა და ნეტარი ავგუსტინე. ის ერთ კუნძულზე, რომელსაც იძულებული იყო მოგზაურობის დროს მიდგომოდა, შეხვდა ვინმე მეუდაბნოვე ბერს, რომელმაც იცოდა საეკლესიო ლოცვები, მაგრამ მრავალგვარ შეცდომას უშვებდა (აქ არავითარ "სამნი თქვენ და სამნი ჩვენ"-ზე ლაპარაკი, ცხადია, არ ყოფილა).
 
წმინდანმა მეუდაბნოვეს გამართული ლოცვა ასწავლა და უკან გასცურა. შემდეგ სიუჟეტი ვითარდება ისე, როგორც ეს ტოლსტოის იგავიდან ვიცით: მეუდაბნოვეს დაავიწყდა ლოცვის სიტყვები, წყალზე მორბენალი დაეწია მცურავ ხომალდს და ეპისკოპოსს ლოცვის განმეორება სთხოვა. წმ. ავგუსტინე ცრემლმორეული მუხლებში ჩაუვარდა მხცოვანს და უარი თქვა მის განსწავლაზე, რადგან რცხვენოდა ესოდენი დიადი სიწმიდის. მაგრამ სწორედ აქ სცილდება ძველი წმიდა მამებისეული იგავი ტოლსტოისეულ ვერსიას: მხცოვანი უარს ამბობს დაბრუნდეს თავის კუნძულზე, სანამ მღვდელმთავარი მას საეკლესიო ლოცვებს არ ასწავლის: "არ შევწყვეტ შენს ვედრებას, არც უკან დავბრუნდები, სანამ ღვთისმოსავ ლოცვებს არ მასწავლი"!
 
ღირ. მაქსიმე, პატივს მიაგებს რა მარტივი-მხცოვნის სიწმიდეს, მაინც ხაზს უსვამს სწორად აღვლენილი ლოცვის ძალასф და მნიშნელობას, და აჩვენებს, რომ "უბრალო რწმენა", თუკი ის გულწრფელია და ჭეშმარიტი, არასოდეს გაურბის საეკლესიო შესწავლას.
 
ტოლსტოის ანტიკლერიკალური და ადოგმატური ისტორია თავისი შინაარსით სრულიად ეწინააღმდეგება მოთხრობის თავდაპირველ ვარიანტს. ლოგიკური იქნებოდა გვევარაუდა, რომ თვით ღირ. მაქსიმემ ეს იგავი დასავლური წყაროებისგან ისესხა თავისი სიყმაწვილის პერიოდში, როდესაც ის იტალიაში ცხოვრობდა, მაგრამ მკვლევართა მიერ რაიმე ლათინური ორიგინალი დღემდე არ გამოვლენილა.  
 
რა თქმა უნდა, ძნელია ვივარაუდოთ, თითქოსდა ამბროსი ოპტინელმა ისე შეცვალა იგავი, რომ გამოიგონა სამი მოხუცი, ზღაპრული დანამატით "სამი თქვენ და სამი ჩვენ", და ამ მოთხრობას მისცა დაბოლოვება: "ილოცეთ, როგორც გინდათ", რადგან მხცოვანი ამბროსი მკაცრი საეკლესიო სულისკვეთების ადამიანი გახლდათ (გავიხსენოთ მისი ერთგულება მართლმადიდებლური დოგმატიკის და სიმბოლური წიგნების მიმართ) (Сборник писем Оптинского старца иеросхимонаха Амвросия. М., 1995. С. 101–102).
 
როგორც ჩანს, სიუჟეტის მისეული ვერსია, ისევე, როგორც მ. პავლე გრუზდევის ვერსია, გახლდათ ტოლსტოის მოთხრობის "გაეკლესიურების" მცდელობა. ხოლო თვით ლევ ნიკოლოზის ძე სიუჟეტს გაეცნო ოლონეცკელი მთქმელის ვ. პ. შეგოლენოკისგან (Толстой Л. Н. Полное собрание сочинений в 90 т. М., 1957. Т. 25: Произведения 1880-х годов. С. 707-708). მისი თქმულება თავდაპირველი სახით (ერთი მეუდაბნოვე "სამი თქვენ და სამი ჩვენ"-ის გარეშე) ფართოდ იყო გავრცელებული ხალხში (Калугин В. В. «Книга святого Августина» в русской письменности XVI-XIX веков // Лингвистическое источниковедение и история русского языка. М., 2002. С. 121).
 
გვრჩება მხოლოდ გულისტკივილი, რომ ტოლსტოური იგავი მასობრივ ცნობიერებაში ღირ. მაქსიმეს გადმოცემაზე მეტად დამკვიდრდა.
 
 
წყარო: https://pravblog.ru/pravoslavie/troe-vas-i-troe-nas-istoriya-odnoj-pritchi/
 
პუბლიკაცია მომზადებულია საიტ. "აპოკალიფსისი" რედ. მიერ. 2024 წ.
Назад к содержимому