სწავლანი > ასკეტიკა
რა არის მარხვა?
მარხვას ძველებრაულად "ცომ"-ი ეწოდება. მარხვები, არსებითად, მსოფლიოს ყველა რელიგიაში არსებობს და განსაზღვრული საკვებისა და სასმელის გამოყენებაზე რელიგიურ აკრძალვას ან შეზღუდვას წარმოადგენს. რელიგიურ-ზნეობრივი დანიშნულება მარხვისა მდგომარეობს იმაში, რათა მიღწეულ იქნას სულიერ-ზნეობრივი საწყისის გამარჯვება გრძნობითზე, სულისა ცოდვილ და ვნებებით მოწყლულ ხორცზე. ანუ, მარხვა წარმოადგენს ისეთ მოქმედებას, რომელიც ადამიანს სულის განწმენდაში ეხმარება, საკუთარი სულიერი საწყისის ხორციელზე ამაღლებაში ეხმარება, აძლევინებს დათრგუნოს თავისი ხორციელი მოსურვებები და ცოდვილი ხორციელი ბუნება დაუქვემდებაროს გონებასა და ნათელ სულიერ საწყისს. მარხვის დახმარებით ადამიანი სულიერად იწმინდება და უახლოვდება ღმერთს, რადგან მარხვის სწორ დაცვას ყოველთვის თან ახლავს ლოცვა და ცოდვების შენანება.
თანამედროვე მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება მარხვას განიხილავს, როგორც ადამიანის სულიერ ბუნებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთ-ერთ ქმედით საშუალებას, რომელსაც ძალუძს განწმინდოს და განაახლოს ადამიანის სული. ძველ ებრაელებში მარხვა ძალიან ხშირად გამოიყენებოდა საზოგადოებრივი უბედურებების ან რაიმე საშიშროების შემთხვევაში. პალესტინაში მარხვას განიხილავდნენ, როგორც მორწმუნეთა რელიგიურ ვალდებულებას, რომელიც მდგომარეობდა ნაწილობრივ ან სრულ თავშეკავებაში ნებისმიერი ან განსაზღვრული საჭმელისა და სასმელისგან, და რომელსაც თან ახლდა ლოცვები და ღმრთისადმი მსხვერპლშეწირვითი მსახურება.
"გაემართა მაშინ მთელი ისრაელიანობა, მთელი ერი, მივიდა ბეთლემში და შესტიროდა უფალს, იჯდა და საღამომდე მარხულობდა, აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავდა უფალს" (მსაჯ. 20:26).
უძველესი დროიდან მარხვას იცავდნენ კერძო პირებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქმეების წინ, როდესაც ადამიანი მარხვითა და ლოცვით შემწეობისთვის ღმერთს მიმართავდა. მაგალითად, მოსე ორმოცი მარხულობდა სინას მთაზე, სანამ ღმრთისგან რჯულის ფიქალებს მიიღებდა. "დარჩა იქ, უფალთან ორმოც დღეს და ორმოც ღამეს; პური არ უჭამია და წყალი არ შეუსვამს. დაწერა ფიქალებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა" (გამ. 34:28). მარხულობდა თვით უფალი, იესუ ქრისტე, სანამ თავისი საზოგადოებრივი მსახურების გზაზე შედგებოდა. "მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, რომ გამოცდილიყო ეშმაკისგან. და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა" (მთ. 4:2). ძველი ებრაელები მაშინაც მარხულობდნენ, როდესაც მათში რაიმე უბედურება ან მათთვის რაიმე ცუდი ამბავი მოხდებოდა. მაგალითად, მარხულობდა მეფე დავითი, როდესაც მეფე საულის სიკვდილის შესახებ შეიტყო: "მოთქვამდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ" (2 მეფ. 1:12).
ძველ დროში მარხვას მიმართავდნენ ცხოვრების ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენის დროს. მაგალითად, ნინევიელები მარხულობდნენ წინასწარმეტყველ იონას ქადაგების შემდეგ, რომელმაც თავისი შინაარსით შეაძრწუნა ისინი: "იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ" (იონ. 3:5). მარხვა ცნობილი იყო და ფართოდ გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ძველაღთქმისეული დროიდან.
ქრისტიანობაში მარხვა პირველი ეკლესიის დაფუძნებისთანავე აღმოცენდა, იმ მაგალითის საფუძველზე, რომელიც ადამიანებს თვით უფალმა იესუ ქრისტემ მისცა. "და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა" (მთ. 4:2). მარხვის მაგალითს გვაძლევენ მოციქულებიც: "მაშინ, მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, ხელი დაადეს მათ და გაუშვეს" (საქმე 13:3). "ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს" (საქმე 14:23).
ძველი საეკლესიო მწერლების ცნობით, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, იპოლიტე, ტერტულიანე, ეპიფანე, ავგუსტინე, იერონიმე და სხვები, პირველი ქრისტიანული ეკლესიის დაფუძნების დროს ღვთისმსახურების ქრისტიანულ პრაქტიკაში მოციქულებმა პირველი მარხვა დანერგეს, რომელიც ორმოცი დღე გრძელდებოდა. პირველი ქრისტიანული მარხვის დაწესების მაგალითს მოციქულები იღებენ მოსეს მარხვიდან (ეს. 34:28), ილიასგან "ადგა, ჭამა, დალია და ამ საჭმელით მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე" (3 მეფ. 19:8), და თვით უფალ იესუ ქრისტესგან (მთ. 4:2). უძველესი დროიდან ვიდრე დღემდე, ქრისტიანობაში არსებობს სხვადასხვა სახის მარხვა, რომელსაც თავისი კლასიფიკაცია, რიტუალურობა და დაცვის სპეციფიკა გააჩნია.
წყარო: azbyka.ru
მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსის" რედ. მიერ. 2025 წ.
