ასკეტიკა - მიიღებს თუ არა ღმერთი ეშმაკის სინანულს? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ასკეტიკა
მიიღებს თუ არა ღმერთი ეშმაკის სინანულს?
 
ამბავი რომელიც შეემთხვა წმ. ანტონი დიდს მონანულთა გულისხმისაყოფად
წმიდა ანტონი დიდი
წმ. ანტონი დიდი იმდენად განიწმიდა ბიწიერ ვნებათაგან, რომ სრულიად სძლია დემონთა საცთურნი და უკვე გონებრივად კი არ ებრძოდა მათ, არამედ თვალნათლივ ხედავდა ანგელოზებსაც და დემონებსაც; ის ხედავდა როგორ ცდილობდნენ პირველნი კაცთა გადარჩენას, ხოლო უკანასკნელნი მათ წარწყმედას.
 
სულიერად იმდენად დიდი იყო ანტონი, რომ უწმინდურ სულთა ხილვისას არ მშფოთვარებდა. ხშირად ამუნათებდა ეშმაკთ და განიოტებდა; თან შეახსენებდა თუ როგორი სატანჯველი ელოდათ მათ მომავალ საუკუნეში.
 
დემონთ ეშინოდათ ანტონისა და გაურბოდნენ მასთან მიახლებას.
 
ერთხელაც, როდესაც მეუდაბნოვე მამა ესოდენ მკაცრად მოსაგრეობდა, ხოლო ეშმაკნი ილტვოდნენ მისგან, ერთმა დემონმა მეორეს უთხრა:
 
- ძმაო ზეფერერ! (ასე ერქვა ერთ ეშმაკს) რა მოხდება რომელიმე დემონი თუ შეინანებს? შეიწყნარებს თუ არა ღმერთი მის სინანულს? ვინ შეიძლება ეს იცოდეს? მიპასუხე თუ შეგიძლია.
 
ზეფერერმა უთხრა:
 
- გინდა მივიდე ანტონისთან, ჩვენი რომ არ ეშინია, და მას გამოვკითხ?
 
- მიდი, - მიუგო სხვამ - მაგრამ უწყოდე, წმიდა მამა გულთამხილავია და ადვილად შეიტყობს შენს მზაკვარებას, რადგან უწყვეტად შეჰღაღადებს თავის უფალს. თუმცა, მაინც მიდი. იქნებ გამოგივიდეს რამე, თუ არა და, შენს საქმეს მაინც გააკეთებ და უკან დაბრუნდები.
 
ადგა ზეფერერი, მონანული კაცის სახე მიიღო და მოთმა-გოდებით ბერისკენ გაეშურა. ყოვლადმოწყალე ღმერთმა, რომელსაც თავისი უსაზღვრო სახიერების ჩვენება სურდა და ისიც, რომ არავის უგულებელჰყოფს მონანულთაგან, ამჯერად მცხოვანს არ გაუცხადა მასთან მისული კაცი სინამდვილეში მისი გამომცდელი დემონი რომ იყო. ანტონი დიდმაც ვერაფერი იეჭვა, რადგან მას უბრალო კაცად მიიჩნევდა და ჰკითხა:
 
- ვინ ხარ, ადამიანო და რა შეგემთხვა ასე რომ მოთქვამ?
 
- წმიდაო მამაო! - უთხრა დემონმა, - ისეთი ცოდვები მაქვს, კაცი კი არა ეშმაკი უნდა მერქვას.
 
მხცოვანმა იფიქრა, სტუმარმა საკუთარი თავს ეშმაკი სიმდაბლისა და უღირსების შეგნებით უწოდაო და რადგან ღმერთი ჯერაც არ უმხელდა სტუმრის ვინაობას, ჰკითხა:
 
- რას ითხოვ ჩემგან?
 
ეშმაკმა უთხრა:
 
- ბევრს არაფერს, - სთხოვე შენს უფალს გაგიმხილოს, მიიღებს თუ არა ეშმაკის სინანულს, მე ხომ ჯერ ნათლობაც არ მიმიღია და საკუთარი თავი დაცემულ ანგელოზად მიმაჩნია.
 
მცხოვანმა მიუგო:
 
- ახლა შინ დაბრუნდი, ხვალ კი ისევ მოდი და პასუხსაც დაგახვედრებ.
 
იმავ ღამეს წმიდა ანტონიმ უფალს მხურვალე ლოცვა აღუვლინა და სთხოვა:
 
- უფალო და მეუფეო, სახიერო და მოწყალეო, რომელსაც გსურს ყოველ ცოდვილთა ცხოვნება და ჭეშმარიტსა მეცნიერებასა მოსვლა! შეისმინე უღირსისა მონისა შენისა ანტონისი: შეიწყნარებ თუ არა კაცს, რომელიც ცოდვებით დემონებსაც კი აღემატება?
 
ამის თქმა იყო და, თითქოს იელვაო, მხცოვნის წინაშე უფლის ანგელოზი წარსდგა:
 
- ეშმაკის გამო რად ევედრები ჩემს ძლიერებას? უწყოდე, - დემონი აპირებს შენს გამოცდას.
 
მხცოვანმა ჰკითხა:
 
- რად არ გამიმხილა ღმერთმა ეშმაკის მზაკვარება?
 
ანგელოზმა მიუგო:
 
- ნუ შეცბუნდები. ამას ითხოვდა კაცთა ცხონების განგებულება, რადგან ცოდვილთაგან ყველამ უნდა უწყოდეს რაოდენ უსაზღვროა ღმრთის სიყვარული, რომ მასთან მიახლებულთაგან არავის უარყოფს, თუნდაც ეს ეშმაკი ან თვით სატანა იყოს; ამავროულად, საჭირო იყო დემონთა უდრეკი ამპარტავნების მხილება და გამომზეურება.
 
მაშ ასე, როდესაც კვლავ მოვა შენთან მაცდური, იმწამსვე ნუ ამხელ მას, არამედ უთხარი:
 
- უწყოდე, კაცთმოყვარე ღმერთი მასთან მისულს არ უარყოფს; უფალმა მითხრა-თქო, შეწყნარებული ხარ თუ გააკეთებ იმას, რასაც გიბრძანებ.
 
ამას რომ ეტყვი, დაინტერესდება თუ რაში მდგომარეობს შენი დავალება, შენ კი უპასუხე:
 
- ასე გამცნო-თქო ღმერთმა: ვიცი ვინცა ხარ და საიდანაც მოხვედი ჩემს საცთუნებლად. შენ ხარ ძველი ბოროტება, გადაულახავი ამპარტავნება; ღმრთისადმი გულწრფელი სინანულის შეწირვა როგორ გნებავს? თუმცა, განკითხვის დღეს სალაპარაკო რომ არ გქონდეს ისმინე, როგორ გმართებს შენანება:
 
უფალი ამბობს: დაეყუდე სამი წელიწადი ერთ ადგილას და არსად წახვიდე; დღისითა და ღამით, პირით აღმოსავლეთისკენ მდგომმა, შეჰვედრე უფალს: ღმერთო, მიწყალე მე ცოდვილს და მომიტევე ჩემი უძველესი ბოროტება. შემდეგ ასჯერ ხმამაღლა თქვი: მიწყალე მე, ღმერთო, ხიბლით დაცემული და დაბნელებული. როდესაც ამას ჯეროვანი და გულწრფელი სინანულით შეასრულებ, შეგინდობს ღმერთი ყოველგვარ ცოდვას, კვლავ ღმრთის ანგელოზთა დასში აღმოჩნდები და ყველა ძველი ბოროტება შეგენდობა.
 
ამის გაკეთებას თუ დათანხმდება, შეიწყნარე მისი სინანული და მიიღე აღსარება.
 
მაგრამ უწყოდე, უძველესი ბოროტება ახალ სიკეთედ არ შეიცვლება. და კიდევ, ყოველივე რაც ამ ამბავს მოჰყვება ჩაწერე, რათა უწყოდეს ყოველმა მონანულმა, რომ არ უნდა ეძლეოდეს უსასოობასა და უდებებას.
 
ამ გამოცდილებიდან მტკიცედ უნდა შეიგნონ ადამიანებმა, რომ საკუთარი სულის ცხონების საქმეში არავის მართებს უდებება.
 
როდესაც მხცოვანმა ანგელოზის დავალება აღასრულა, დემონმა ზეფერერმა ბევრი იცინა მოხუცის სიტყვებზე და უთხრა: "მე რომ მსუროდა საკუთარი თავისთვის ხიბლით დაბნელებული, წარწყმედილი, წყეული და ძველი ბოროტება მეწოდებინა, ამის გაკეთებას დასაბამიდანვე შევეცდებოდი და მყის ვცხონდებოდი. მაგრამ განა შემიძლია საკუთარ თავს ვუწოდო ძველი ბოროტება? მე ხომ ახლა მმოსავს დიდება და ბრწყინვალება?! ყველანი მე მემსახურებიან, ჩემი ეშინიათ და აძრწუნებთ ჩემი სახელის გაგონებაც. და ამ დროს, შენ გსურს საკუთარ თავს მოხიბლული და წყეული, დაცემული და ძველი ბოროტება ვუწოდო? შენ გინდა რომ მე, ყოველ ცოდვილთა ბატონი, გარდავიქცე უხმარ მონად და მორჩილად, სინანულით რომ გართხმულა ღმრთის წინაშე? - არა, მოხუცო, არა!".
 
ამის თქმა იყო და, დემონმა ერთიც შეჰკივლა და გაუჩინარდა.
 
მხცოვანი წამოდგა, ლოცვაზე დადგა და უფალს შეჰღაღადა: "ჭეშმარიტად, სიმართლე თქვა ანგელოზმა, რომ უძველესი ბოროტება ახალ სიკეთედ არ შეიცვლება".
 
მაშ, საყვარელნო, ეს ამბავი უბრალოდ და უმიზნოდ როდი მოგიყევით, არამედ იმისთვის, რათა უწყოდეთ გამოუთქმელი სიყვარული და უსაზღვრო სახიერება ღმრთისა.
 
თუკი უფალი ეშმაკის სინანულსაც შეიწყნარებს, მითუმეტეს მიიღებს ის ადამიანისას, რომელიც მას შეუვრდება და რომელთა გამო ჯვარზე ეცვა.
 
მოხუცთან მისულ დემონსაც რომ ის ექნა, რაც აუწყა მას წმიდა ბერმა, უფალი თავის დაპირებას არ გადათქვამდა, შეიწყნარებდა მას და გამოუთქმელი სიხარულით მიიღებდა. მაგრამ, რადგან ეშმაკმა დასცინა ამ განკარგულებას, განკითხვის დღეს, იმ დღეს, რომელიც ასე აშინებთ და აძრწუნებთ ეშმაკთ, უსასტიკეს სასჯელით დაისჯება.
 
ღმერთი მკაცრად დასჯის ადამიანებსაც, რომლებიც ცოდვილად ცხოვრობენ, და თავიანთი საქმეებით არაფრით განსხვავდებიან ეშმაკთაგან

___________________________
 
წმიდა ამფილოქე იკონიელი: "რომ არ უნდა ვეძლეოდეთ სასოწარკვეთას".

წყარო: lib.pravmir.ru

თარგმანი: საიტ "აპოკალიფსისის" რედ.
Назад к содержимому