სწავლანი > ასკეტიკა
იმის შესახებ, თუ რამდენად სასარგებლოა საკუთარი თავის გაკიცხვა
ნეტარი მამა ზოსიმე გვიყვებოდა:
- რამდენიმე ხანი ვცხოვრობდი ამბა გერასიმეს ლავრაში და იქ ერთი მეგობარი მყავდა. ერთხელ ვისხედით და სულის სასარგებლო თემებზე ვსაუბრობდით. გავიხსენეთ ამბა პიმენის სიტყვები: "ვინც ყველაფერში საკუთარ თავს კიცხავს, ის შვებას პოულობს". გაგვახსენდა ნიტრიის მთის წინამძღვრის სიტყვებიც, როდესაც მას ჰკითხეს:
- მამაო, რა მოიპოვე ყველაზე ძვირფასი შენს სამოღვაწეო გზაზე? მან მიუგო:
- ყოველთვის ვადანაშაულებ და ვკიცხავ საკუთარ თავს.
თვით შემკითხველიც დაეთანხმა მას:
- ნამდვილად არ არის სხვა გზა, გარდა ამისა.
როდესაც ყოველივე ეს გავიხსენეთ, განცვიფრებით ვუთხარით ერთმანეთს:
- რაოდენი ძალაა წმინდანების სიტყვებში! ჭეშმარიტად, თუ ისინი რაიმეს ამბობდნენ, ამბობდნენ, როგორც ანტონი დიდმა თქვა: "საკუთარი გამოცდილებით დამოწმებულ ჭეშმარიტებას". მათ სიტყვებში იმიტომ არის ესოდენი დიდი ძალა, რომ თავად გამოსცადეს. ტყუილად არ უთქვამს ერთ ბრძენს: "შენი სიტყვები დაე, შენმა ცხოვრებამ დაამტკიცოს".
როცა ამ საკითხებზე ვმსჯელობდით, მეგობარმა გაიხსენა ის შვება, რაც მას მოჰყვება ხოლმე. ამ ლავრაში მყავდა ერთი ნამდვილი მეგობარი, დიაკონი. ერთხელ მან, არ ვიცი რატომ, რაღაც საქმეში ჩემზე ეჭვი მიიტანა, განაწყენდა და გამიუცხოვდა. როდესაც შევამჩნიე, მიზეზი ვკითხე. მან მითხრა, თითქოს ესა და ეს გავაკეთე და ამით გავანაწყენე; მაგრამ რაშიც ის მადანაშაულებდა, იმაში მე არანაირი წვლილი არ მიმიძღოდა. ვარწმუნებდი, რომ ამის შესახებ პირველად მესმოდა, თუმცა - უშედეგოდ. "მაპატიე, - მითხრა, - შენი არ მჯერა". განვმარტოვდი სენაკში და დავიწყე გამოკვლევა: იქნებ, მართლაც ჩავიდინე რაიმე მსგავსი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. კვლავ მივედი მასთან, როცა ხელში წმიდა ბარძიმი ეჭირა, საიდანაც ძმები ეზიარებოდნენ და სიწმიდის წინაშე შევეცადე ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას, მაგრამ მას მოსმენაც არ სურდა.
მაშინ კვლავ ჩავუღრმავდი საკუთარ თავს და გამახსენდა წმიდა მამების სიტყვები და ვირწმუნე მათი ღრმა აზრი. ამის შემდეგ ჩემმა აზრებმა სხვა კალაპოტით იწყეო დინება: "დიაკონს ჭეშმარიტად ვუყვარვარ, და რაც მას გულში ჰქონდა სიყვარულით გაკადნიერდა, ჩემთვის ეთქვა, რათა მომავალში მსგავსი რამ არ ჩავიდინო. მაშ, როგორღა ამბობ, ჩემო უბადრუკო სულო, - ვუთხარი ჩემს თავს, - რომ ეს არ გაგიკეთებია. განა ყველა შენი ცუდი საქციელი გახსოვს? დარწმუნებული იყავი, ეს საქციელიც შენი ჩადენილია და ისევე არ გახსოვს, როგორც არ გაგონდება, რა გააკეთე წუხელ ან ამ დილით".
ვფიქრობდი რა ასე, ჩემი გული დავარწმუნე, რომ ნამდვილად ჩავიდინე ეს საქციელი და ისევე არ მახსოვს, როგორც ჩემი ძველი ცოდვები. მაშინ მთელი გულით ვიგრძენი მადლიერება ღვთის მიმართ, ასევე, დიაკონის მიმართ, რომლის წყალობითაც გავაცნობიერე ცოდვა და მოვინანიე.
ასეთი აზრებით ავდექი და დიაკონთან წავედი, რათა მუხლებში ჩავვარდნოდი და შენდობა მეთხოვა, აგრეთვე, მადლობა გადამეხადა. მივედი კართან და დავაკაკუნე. კარი გაიღო და დამინახა თუ არა, დიაკონი პირველი დაეცა ჩემ წინაშე მუხლებზე და გაბზარული ხმით მითხრა: "მომიტევე, რომ შენზე მივიტანე ეჭვი, ეშმაკმა შემაცდინა. ღმერთმა ჭეშმარიტება გამომიცხადა და ვიცი, რომ არაფერ შუაში ხარ დ არც კი იცოდი ამ საქმის შესახებ". დავაპირე საწინააღმდეგოში დამერწმუნებინა, მაგრამ შემაწყვეტინა: "არ არის ამის საჭიროება".
ნეტარმა ზოსიმემ დასძინა:
- აი, სწორედ ამაშია ჭეშმარიტი სიმდაბლე. ძმა ისწრაფვოდა სიმდაბლისკენ და სიმდაბლემ იხსნა იგი დიაკონზე განაწყენებისგან, თუმცა დიაკონი, ჯერ ერთი, ადანაშაულებდა იმაში, რაშიც თავადაც არ იყო დარწმუნებული; მეორეც, არ მიიღო მისგან დარწმუნება, თუმცა ის ისეთი იყო, რომ მტერსაც კი დააჯერებდა, არამცთუ გულწრფელ მეგობარს; მაგრამ ის არათუ განაწყენდა, პირიქით, იტვირთა ცოდვა, რომელიც არ ჩაედინა, რადგან დიაკონის სიტყვები უფრო სარწმუნოდ მიიჩნია, ვიდრე თავისი გულის ხმა. უფრო მეტიც, გადაწყვიტა, მოენანიებინა და მადლობა გადაეხადა ამისთვის, რომ მისი წყალობით გათავისუფლდა ცოდვისგან, რომელიც მას აზრადაც არ გაუვლია.
ხედავ, რამდენი შეუძლია სიმდაბლესა და საკუთარი თავის გაკიცხვას, როგორ წარმატებამდე შეუძლია ადამიანი აიყვანოს, თუ იგი მათ მოიპოვებს. აი, ჩვენც რომ მოგვეხვეჭა მდაბალი აზრები და ჩვენი გული მათი საშუალებით განგვესწავლა, მაშინ მტერი ვეღარ დათესავდა ჩვენში ბოროტ თესლს (ხაზგასმები ყველგან ჩვენია - "აპოკ". რედ.); მაგრამ უწმინდური ხედავს, რომ ჩვენი კეთილი აზრების ადგილზე ყამირი გვაქვს, უფრო მეტიც, თავად ვუბიძგებთ საკუთარ თავს ბოროტებისკენ, ამიტომ ის იღებს ჩვენს სურვილებს, უერთებს მათ რაღაცას თავისგან და ადამიანებს ეშმაკებად გვაქცევს.
მუდამ შფოთავდეს და სხვებსაც აშფოთებდეს - ეს არის ეშმაკისეული საქმიანობა. სხვაგვარადაა საქმე სათნოებებთან მიმართებით. თუ უფალი დაინახავს, რომ სულს ცხონება სურს და აღმოაცენებს ან ცდილობს, აღმოაცენოს კეთილი აზრები და ავლენს კიდეც კეთილ განზრახვებს, მაშინ იგი გარდმოუვლენს მას თავის მადლს. სული მადლის შეწევნით კი თანდათან დიდ წარმატებებს აღწევს, როგორც ნათვამია: "სიკეთის მოყვარეთ ღმერთი სასიკეთოდ შეეწევა" (შდრ. რომ. 8:28).
წყარო: სიკეთისმოყვარება (ევერგეტინოსი). I ტ. წიგნი მეორე. თბილისი 2013 წ. გვ. 274-277.
საიტი "აპოკალიფსისი". 2025 წ.
