აპოლოგეტიკა - სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ ნეტ. ავგუსტინეს "საღმრთო ქალაქის" მიხედვით - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ ნეტ. ავგუსტინეს "საღმრთო ქალაქის" მიხედვით
ზეციური ქალაქი იერუსალემი
შინაარსი:
 
 
ავტორი: კამენეც-პოდოლსკისა და ბრაცლავის ეპისკოპოსი ამბროსი (პოლიანსკი).
 
 
წინათქმა
 
 
შესავალი
 
 
წინასწარი ცნობები ნეტ. ავგუსტინეს "საღმრთო ქალაქის" შესახებ - თხზულების გაჩენის ისტორიული ვითარებები, მისი მნიშვნელობა, მიზანი, ამოცანა, გეგმა, შინაარსის დაყოფა. ჩვენი ნაშრომის წყაროები და სახელმძღვანელოები.
 
 
თავი I
 
სახარებისეული სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ
 
 
თავი II
 
ღმრთის სასუფევლის სახელწოდება მის შესახებ ავგუსტინეს სწავლებაში
 
 
თავი III
 
ღმრთის სასუფევლის შინაგანი ბუნება, არსი და გარეგანი ისტორია ნეტ. ავგუსტინეს სწავლების მიხედვით
 
1. ღმრთის სასუფევლის მეფე და მისი თვისებები
 
2. ღმრთის სასუფევლის ქვეშევრდომები და მათი დახასიათება. მიწიერი სასუფევლის საწყისი ისტორია, მისი წევრები და მათი დახასიათება


თავი IV
   
ღმრთის სასუფევლის "საიდუმლონი" მის შესახებ ნეტ. ავგუსტინეს სწავლებაში. მიწიერი სასუფეველი.
 
 
თავი V
 
დამატებითი შენიშვნები ნეტ. ავგუსტინეს სწავლებასთან დააკვშირებით ღმრთის სასუფეველზე და დეკ. სვეტლოვის შეხედულება ამ სწავლებაზე
 
 
დასკვნა
 
ნეტ. ავგუსტინეს სწავლების მნიშვნელობა ღმრთის სასუფეველზე დედამიწაზე ოქროს საუკუნის დამყარების თანამედროვე მოლოდინებთან მიმართებაში
 
 
***
 
 
წინათქმა
 
საკითხი ღმრთის სასუფევლის შესახებ ჩვენს საღვთისმეტყველო ლიტერატურაში ნაკლებად დამუშავებულია, თუმცა, ახალი აღთქმის ამ სფეროში შრომები ჯერაც გაგვაჩნია. სამაგიეროდ წმიდა ეკლესიის მამათა და მოძღვართა თხზულებების გამოკვლევები საერთოდ არ გვაქვს. არის მხოლოდ ერთი თხზულება, რომელიც თავის მიზნად ისახავს ნეტ. ავგუსტინეს სრული მსოფლმხედველობის გადმოცემას. ჩვენ ვგულისხმობთ თავად ევგენი ტრუბეცკოის ნაშრომს:  "დასავლური ქრისტიანობის რელიგიურ-საზოგადოებრივი იდეალი V საუკუნეში. ნაწილი I. ნეტ. ავგუსტინეს მსოფლმხედველობა". ამ ნაწარმოების ერთი ნაწილი, სხვათა შორის, წარმოადგენს ნეტ. ავგუსტინეს სწავლების გადმოცემას ღმრთის სასუფველზე მისი თხზულების "ღმრთის ქალაქის" მიხედვით. მაგრამ ეს არის მთლიანი გამოკვლევის მხოლოდ ნაწილი, რომელიც თავის სპეციალურ მიზნად არ ისახავს ღმრთის სასუფევლის შესახებ ნეტ. ავგუსტინეს სწავლების სრულ დამუშავებას. ეს უკანასკნელი (სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ) აქ გადმოცემულია მოკლედ, მხოლოდ ზოგადად. თანამედროვე რუსულ საღვთისმეტყველო ლიტერატურაში ღმრთის სასუფევლის შესახებ ამგვარი გამოკვლევის არარსებობის გამო ყოველგვარი ძალისხმევა, რომელიც სპეციალურად მიმართული იქნებოდა ეკლესიის წმიდა მამათა და მოძღვართა თხზულებების მიხედვით ღმრთის სასუფევლის შესახებ სწავლების განსახილველად, ძლიერ სასურველია.
 
თანამედროვე საერო ლიტერატურის ამ მიმართულებას საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესებსაც თუ მივუერთებთ, ნაშრომის შექმნის სურვილი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ცნობილია, რომ ბოლო დროს ყველგან შეინიშნება ადრინდელი იდეალებისგან საზოგადოების მობრუნება და ახლის ძიება, საგანთა აწმყო მდგომარეობით უკმაყოფილება და ცხოვრების განახლების წყურვილი. ტანჯვამ და მონობამ შეურაცხყო კაცობრიობა, რაც მას ძლიერ მოყირჭდა; ის ეძებს, ელის შემსუბუქებას, სიმშვიდეს, განახლებას; ის თავის ცნობერებასა და გულში ღმრთის სასუფეველს და დედამიწაზე ოქროს საუკუნეს ნატრობს.
 
ლიტერატურა, როგორც ყოველთვის, ასახავდა რა ამ ოცნებებს, საზოგადოების მოლოდინებს, ამავდროულად მას სთავაზობდა ეს ოცნებები ცხოვრებაში, რეალურ ყოფიერებაში გადაეტანა. დღეს ბევრია კაცობრიობაზე მზრუნველი. ყველა მათგანს ერთმანეთში რაღაც საერთო გააჩნიათ, მომავალი ოქროს საუკუნე დედამიწაზე უხეშ-გრძნობით, მატერიალურ კეთილდღეობად წარმოუდგენიათ.
 
მათი აზრით, ღმრთის სასუფეველი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები ამ მიწიერი ცხოვრების სიკეთეებით დაუბრკოლებლად ისიამოვნებენ იმ ზომით, რა ზომითაც შეძლებს ამას თითოეული მათგანი. ღმრთის სასუფევლის განხორციელების საშუალებებთან დაკავშირებით კი ჩვენს რუსულ ლიტერატურაში შეიძლება აღვნიშნოთ რამოდენიმე მიმართულება. ასე, მაგალითად, ლ. ნ. ტოლსტოი თავისი მიმდევრებითურთ დედამიწაზე ღმრთის სასუფევლის დაფუძნების ერთადერთ პირობად მიიჩნევს  ბოროტებისადმი თავის წინაღუდგომლობას თავისი სახარების სხვა მცნებებთან ერთად. "პროგრესისტები" დედამიწაზე ოქროს საუკუნის დამყარების მთელ სასოებას უკავშირებენ მხოლოდ კაცობრიობის ბუნებრივ პროგრესს, მისი ცხოვრების ყველა სფეროში. მარქსისტები დედამიწაზე უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის საშუალებას ხალხის ეკონომიკური ცხოვრების პირობების გარდაქმნაში ხედავენ. და ბოლოს, ე. წ. სოციალ-დემოკრატები - საზოგადოების გარდაქმნაში, ქვეყნის სახელმწიფოებრივი წესრიგის შეცვლაში, და მნიშვნელობა არა აქვს მათთვის მშვიდობიანი გზით განხორციელდება ეს თუ ძალადობრივი გზით.
 
ყველა ამ მიმართულებებთან დაკავშირებით, ღმრთის სასუფევლის საკითხის გამოკვლევას ეკლესიის მამათა და მოძღვართა სწავლებების მიხედვით ის მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, რომ ამ მიმართულებათა წარმომადგენლებს აჩვენებს, თუ როგორ ესმით ღმრთის სასუფეველი ეკლესიის მამებსა და მოძღვრებს, აქედან გამომდინარე, როგორი საშუალებები შეიძლება არსებობდეს მისი (ღმრთის სასუფევლის) განსახორციელებლად დედამიწაზე და რა ზომით არის შესაძლებელი ის (ღმრთის სასუფეველი) დედამიწაზე; ამ ყველაფრით კი აჩვენებს, სწორად ესმით თუ არა ღმრთის სასუფეველი მის თანამედროვე მაძიებლებს, სწორ საშუალებებს გვთავაზობენ თუ არა დედამიწაზე მის დასაფუძნებლად და, აქედან გამომდინარე, შეუძლიათ თუ არა ელოდონ მას, თუ მათი ოცნებები ოცნებებადვე უნდა დარჩეს.
 
ძვირფას თანამემამულეთა ყურადღებას მივაპყრობთ ნეტ. ავგუსტინეს სწავლების შეძლებისამებრ განხილვას ღმრთის სასუფეველზე, როგორც ის არის გადმოცემული მის თხზულებაში "საღმრთო ქალაქის შესახებ". ნეტარი ავგუსტინეს სწავლებას სწორედ იმიტომ გთავაზობთ, რომ მის სწავლებას ეკლესიის სხვა მოძღვრებთან შედარებით, მიცემული აქვს დასრულებული სახე: ეკლესიის ყველა მამათა და მოძღვართაგან მხოლოდ ნეტარმა ავგუსტინემ დაწერა სპეციალური ტრაქტატი ღმრთის სასუფევლის შესახებ.
 
 
შესავალი
 
წინასწარი ცნობები ნეტ. ავგუსტინეს თხზულებაზე "საღმრთო ქალაქის შესახებ" - თხზულების გამოჩენის ისტორიული ვითარებები, მისი მნიშვნელობა, მიზანი, ამოცანა, გეგმა და შინაარსის დაყოფა. ჩვენი თხზულების წყაროები და სახელმძღვანელოები.
 
ვფიქრობთ, ზედმეტია ნეტ. ავგუსტინეს მშვენიერი და იშვიათი ბიოგრაფიის აქ გადმოცემა: ღმრთის სასუფევლის შესახებ მისი სწავლების მართებული გაგებისთვის, შედეგად კი, ჩვენი ნაშრომისაც, მისი ცხოვრების ფაქტებს უშუალო მნიშვნელობა არ გააჩნიათ. ხოლო მისი ცხოვრებით დაინტერესებულთ, შეუძლიათ მას გაეცნონ საკუთრივ მისავ "აღსარებაში", და სხვადასხვა ავტორთა მრავალ წიგნებში, რომლებიც მოკლედ თუ უფრო ვრცლად გადმოსცემენ დიდი იპონიელი ეპისკოპოსის ცხოვრების ვითარებებს. ჩვენ კი პირდაპირ შევუდგების მისი თხზულების "საღმრთო ქალაქის" განხილვას და რამოდენიმე ცნობას მხოლოდ მის შესახებ გაცნობებთ. ჩვენ აქ გავიგებთ თხზულების გამოჩენის ისტორიულ ვითარებებს, მის მნიშვნელობას, მიზანს, ამოცანას, გეგმას და ა. შ. ეს ყოველივე კი ნათელს მოჰფენს თვით ნეტ. ავგუსტინეს სწავლებას ღმრთის სასუფევლის შესახებ.
 
ნეტ. ავგუსტინეს ხსენებული თხზულების გაჩენის ისტორიული ვითარებებისა და წარმართობასთან ბრძოლის მისი მნიშვნელობის გამოსარკვევად, საჭიროა, შეძლებისდაგვარად, მთელი სისრულით განვიხილოთ ისტორიული ვითარებები და ქრისტიანობისა და წარმართობის დაპირისპირების მდგომარეობა იმ პერიოდში, რომელიც წინ უძღოდა მის გამოჩენას. მაგრამ რადგან ეს უკანასკნელი ნაშრომი (იხ.М. Красин "Творение блаженного Августина "De civitate Dei" как апология христианства в его борьбе с римским язычеством". Казань, 1873) გაკეთდა ჯერ კიდევ ჩვენამდე, არასაჭირო განმეორებების თავიდან ასაცილებლად დასაშვებად მივიჩნევთ არ გადმოვცეთ იგი მთელი სისრულით, არამედ მხოლოდ მოკლედ მივანიშნოთ ის მდგომარეობები, რომლებიც საკმარისი სიცხადით მიუთითებენ ავგუსტინეს თხზულების გამოჩენის მიზეზებსა და ვითარებებს.
 
ეს მდგომარეობები შემდეგია.
 
როდესაც ქრისტიანობა გაცნდა, წარმართობას ნებსით თუ უნებლიედ თავისი დამოკიდებულება უნდა გამოემჟღავნებინა მისდამი. თავიდან მან ქრისტიანობას ყურადღება არ მიაქცია, რადგან ქრისტიანობას იუდეველობის ერთ-ერთ სექტად მიიჩნევდა. მაგრამ ქრისტიანობის ახლოს გაცნობამ წარმართებს აჩვენა, რომ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება: მისი ტენდენციები საკმაოდ დიდია, და რაც მთავარია - რომაელ წარმართებს ენათესავება (ჩვენც სწორედ ქრისტიანობასთან მათი დამოკიდებულება გვაინტერესებს). ეს უკანასკნელნი, როგორც ცნობილია, სრულიად იყვნენ გატაცებულნი სახელმწიფოთი. ისინი ყველაფერ დანარჩენს მას სწირავდნენ.
 
რომაელი წარმართებისთვის სახელმწიფო საკუთრივი აზრით ღმერთიც კი იყო, მისი განხორციელება კი - იმპერატორი გახლდათ. მსოფლიო მონარქია - აი ძველ რომაელთა სანუკვარი ოცნება. ქრისტიანობაც სწორედ იმას აცხადებდა, რომ ის მოწოდებულია დაიპყროს ყველა ხალხი. წარმართთაგან ზოგმა მას საკუთარი მიზნის განხორციელების საშუალებად მიიჩნია, რადგან იმ დროისთვის წარმართობა უკვე გაცვდა, დაძველდა და ამიტომაც ქრისტიანობაში გადავიდნენ; სხვები კი, პირიქით, მას შეხვდნენ, როგორც საშიშ მეტოქეს ერთსა და იმავე საქმეში და, რა თქმა უნდა, ყველა ღონეს იყენებდნენ იმისთვის, რათა გზიდან ჩამოეშორებინათ.
 
იწყება ბრძოლა წარმართობისა ქრისტიანობასთან. პირველ პერიოდში, კონსტანტინე დიდამდე და ქრისტიანობის გამარჯვებამდე, ეს ბრძოლა კონცენტრირებული იყო ამ უკანასკნელის გარეგან მხარეზე - კერძო, საშინაო ცხოვრებაზე, ქრისტიანთა ქცევაზე, ღვთისმსახურებაზე და განსაკუთრებით მათ დამოკიდებულებაზე სახელმწიფოსადმი. ქრისტიანობის შინაგანი მხარე, მისი სწავლა-მოძღვრება, წარმართებს არ აინტერესებდათ.
 
კონსტანტინე დიდის დროს ქრისტიანობა გაბატონებული რელიგია გახდა. მაგრამ ბრძოლა მაინც არ წყდებოდა. იმპერატორის მიერ ქრისტიანობის მიღებით, წარმართები არ დაიბნენ. თავიანთი ადრინდელი, დაძველებული ნაგებობა მათ ახალ საფუძველზე გადაიტანეს. ასეთ საფუძვლად მათ გამოადგათ ნეოპლატონიზმი - ეკლექტიკური მსოფლმხედველობა, რომელიც წარმოადგენდა ყველა იმდროინდელი რელიგიური და რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლების ნაზავს, რომლიდანაც არც ქრისტიანობა გამოირიცხებოდა.
 
ამ ნეოპლატონიზმით განახლებული წარმართობა ახალი ძალებით აგრძელებს ბრძოლას ქრისტიანობის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის დროს პირველის რიგებში ქრისტიანობასთან მიმართებაში ჩნდება ორი ძირითადი მიმართულება.
 
წარმართთაგან ერთი პარტია, კონსერვატიულ-პოლიტიკური, ქრისტიანობისადმი თავის დამოკიდებულებებში ადრინდელ ნიადაგზე იდგა. ქრისტიანობას ის უყურებდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით და უარყოფდა მას როგორც რელიგიას, რომელიც სრულებით არ მიესადაგებოდა რომაულ სახელმწიფო წყობილებას. წარმართობამ რომს მისცა დიდება და ბრწყინვალება; მისცემს კი ამ უკანაკსნელს ქრისტიანობა, უცნობია, - აი მათი მთავარი საფუძველი ქრისტიანობის უარსაყოფად.
 
მეორე პარტია, მეცნიერთა და რაციონალისტთა, ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო შორს წავიდა. მან განიზრახა თავს დასხმოდა ამ უკანასკნელის სწავლა მოძღვრებას, მის ძირითად პუნქტებს. ამგვარად, ამ პარტიაში ბრძოლა ქრისტიანობასა და წარმართობას შორის პირველის გარეგანი მხარიდან მის შინაგან მხარეზე გადადის. ამ ფაზაში ის წინამორბედზე უფრო სერიოზული იყო, მაგრამ მაინც დიდ საშიშროებას ვერ უქმნიდა ქრისტიანობას.
 
საქმე იმაშია, რომ ნეოპლატონიზმი, რომელმაც ქრისტიანობის მტრები გააღვიძა, მათ მიერ არ ყოფილა ათვისებული, როგორც მთლიანი სისტემა, რომელიმე პირთან ან სკოლასთან მიმართებაში, არამედ ნაგლეჯებად, ნაწყვეტებად. ამის გამო წარმართების თავდასხმა ქრისტიანობაზე ატარებდა კერძო, ცალკეულ ხასიათს, ანუ წარმართები ვერ უარყოფდნენ ქრისტიანობას, როგორც მთლიან დოქტრინას, მის შინაგან საფუძვლიანობას, არამედ თავს ესხმოდნენ მის მხოლოდ ცალკეულ პუნქტებს, რომლებიც მათ განსაკუთრებულად სუსტად მიაჩნდათ. ეს ბრძოლა, პროფ. კრასინის მოსწრებული გამოთქმით, ატარებდა "პარტიზანულ ხასიათს". უფრო საშიში თავდასხმები ქრისტიანობას ელოდა მომავალში.
 
V საუკუნის დასაწყისი ერთ-ერთი ყველაზე უბადრუკი დროება რომის სახელმწიფოს ისტორიაში. მეზობელი ველური ტომების თავდასხმები, რომლებიც ამ დროიდან დაიწყო, თითქმის არ წყდებოდა. გუთებმა ალარიხის მეთურობით, ერთი წლის შემდეგ კი რადაგაისის ხელმძღვანელობით, რომელსაც შემდეგ უშუალოდ მოჰყვა სტილიქონი, შემდეგ კი ისევ ალარიხი, - სწრაფად დაამხეს რომის ძლიერება. ხოლო რომის იმპერია, ჯერ კიდევ მანამდე, ადრინდელ ხელისუფალთა სულმოკლეობითა და უდარდელობით დაუძლურებული, ვერ იყო შემძლე წარმატებით აღდგომოდა ველურ ტომთა თავდასხმებს და ხანმოკლე, ზოგჯერ წარმატებული წინააღმდეგობისდა მიუხედავად, საბოლოოდ დაეცა.
 
410 წელს რომი აიღო ალარიხმა და თავის მეომრებს გადასცა გასაძარცვავად. თვით ქალაქი დაინგრა; მცხოვრებლები ზოგი დახოცეს, ზოგს კი პატივი აჰყარეს, ნაწილი კი ტყვედ წაასხეს; ქონება, ოქრო და ძვირფასი ქვები გაიტანეს; ხელოვნების ძეგლები დაწვეს და გაანადგურეს. ქებული რომი, მთელი მსოფლიოს ეს ამაყი მმართველი, როგორც წარმართები ფიქრობდნენ, ნანგრევებად იქცა. შთაბეჭდილება, რომელიც რომის დაცემამ ქრისტიანებზე, განსაკუთრებით კი წარმართებზე მოახდინა, გამაოგნებელი იყო.
 
რა იყო ამ საშინელი მოვლენის მიზეზი? აი კითხვა, რომელიც უპირველესად იბადებოდა უკვე გაოგნებული წარმართების გონებაში, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ თავიანთი ისტორიის ყველა მოვლენაში დაენახათ ღმერთების ან წყალობა ან კიდევ სასჯელი. მათ წარმოდგენაში შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ორი მიზეზი: პირველი - ღმერთებმა თავიანთი თაყვანისმცემლები დასაჯეს ქრისტიანობის დაშვებისთვის, რომელიც ღმერთებს უარყოფდა; მეორე კი - ქრისტიანთა ღმერთი სჯიდა წარმართებს ქრისტიანობისადმი მათი მტრობისთვის. მაგრამ წარმართებს არ შეეძლოთ დაეშვათ მეორე მიზეზი, რადგან მათთან ერთად გაპარტახების უბედურება თავს დაატყდათ ქრისტიანებსაც. მაშასადამე, რჩება მხოლოდ ერთი - რომი დაეცა ქრისტიანთა მიზეზით. და აი, ნიაღვარივით წამოვიდა ბრალდებები ქრისტიანებზე. ყველანი აღდგნენ ქრისტესა და ქრისტიანთა წინააღმდეგ. ბრალდებებს, გმობებს, ცილისწამებებს, კიცხევას, დაცინვებს დასასრული არ უჩანდა. ქრისტიანობის არსებობა უკვე საფრთხის წინაშე დადგა. ადრე თუ წარმართობა ქრისტიანული სწავლა-მოძღვრების ცალკეულ პუნქტებს ესხმოდა თავს და მშვიდად განიხილავდა მის ავკარგიანობას, ამჯერად მთელი ძალით და ბოღმით დაატყდა მთელ ქრისტიანობას, მის შინაგან მნიშვნელობას, როგორც რომის დაცემის მიზეზს და თავისი აგრესია მისი ყველა პუნქტის წინააღმდეგ მიმართა. "გმობდა და კიცხავდა მათ, როგორც საღ აზრთან შეუთავსებელთ, როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი პირობების საწინააღმდეგოს", და ამავდროულად, "საკუთარ რაციონალურ და მისტიკურ დოქტრინებს უპირისპირებდა" (Красин М. С. 140).
 
რომაელ ღვთაებათა თაყვანისცემა - იმპერიის თავმომწონეობისა და დიდების მიზეზია; ხოლო ქრისტიანობა, რომელიც მკრეხელურად უარყოფდა იმ ღმერთებს, - რომის დაცემის მიზეზი. აი, ის მთავარი თემა, რომლის ირგვლივაც ტრიალებდა ქრისტიანობის საწინააღმდეგო ყველა ბრალდება. საჭირო გახდა ამ უკანასკნელის დაცვა. მაგრამ იმდროინდელი სასულიერო დასი გამოირჩეოდა არა მარტო უმეცრებით, არამედ განუყოფლად იყო დაკავშირებული ცრურწმენებთან, ფუფუნებასთან, სიმდიდრესთან, სიხარბესთან, აქედან გამომდინარე კი ახასიათებდა უწმინდური ცხოვრება და თვით რწმენის მერყეობაც. ქრისტიანობის ასეთი წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, მის დაცვას ვერ შეძლებდნენ. და ასეთ დროს მხოლოდ ერთს, მაგრამ დიდ ადამიანს შეეძლო საკუთარ მხრებზე ეზიდა ქრისტიანობის წინააღმდეგ წარმართობის მხრიდან წამოყენებულ ბრალდებათა მთელი სიმძიმე, დაეცვა პირველი და  უარეყო მეორე. ჩვენ ვგულისხმობთ ნეტარ ავგუსტინე იპონიელს.
 
თავის თხზულებაში "საღმრთო ქალაქის შესახებ" მან წარმართებს აჩვენა, რომ ქრისტიანობა არა მარტო არ ეწინააღმდეგება საღ აზროვნებას, არამედ სწორედ ის პასუხობს მის მოთხოვნებს, სწორედ ის განსაკუთრებულად სასარგებლოა ადამიანთა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრებისთვის; რომ ქრისტიანობა არა თუ არ იყო მიზეზი იმპერიის დაცემისა, არამედ ქრისტე კიდევ წყალობდა რომაელ წარმართებს; პირიქით, წარმართობაა სწორედ სიცრუე, მოტყუება, ცრურწმენა, ჯანსაღ აზრთან შეუსაბამობა; სწორედ მან გახრწნა ფიზიკურად და სულიერად რომაელი მოქალაქეები, ხოლო რომის იმპერია დანგრევამდე მიიყვანა. აქედან, რომი თავის წარმართობასთან ერთად უნდა დაცემულიყო - მხოლოდ ღმრთის ქალაქი დგას მარად ურყევად. სწორედ მასში უნდა გადავსახლდეთ, და მხოლოდ მასში არის შესაძლებელი ცხოვრება.
 
ასეთია ისტორიული წარმომავლობა, მნიშვნელობა და უახლოესი მიზეზი ნეტ. ავგუსტინეს თხზულების "საღმრთო ქალაქის"გამოჩენისა.
 
უკვე ნათქვამიდანაც ნათლად ჩანს დიდი წმინდანის შრომის მთავარი მიზანი - ეს არის ქრისტიანობის დაცვა და წარმართობის უარყოფა, ღმრთის ქალაქის სიდიადის ჩვენება მის საპირისპირო მიწიერ ქალაქთან შედარებით.
 
აქედან ნათელი იყო ნეტ. ავგუსტინეს ამოცანაც - გადმოეცა წარმართობის დოქტრინები მათი კრიტიკული განხილვით და წარმოეჩინა ქრისტიანობის დოგმატური შინაარსი და ისტორიული მნიშვნელობა; სხვაგვარად რომ ვთქვათ - აღწერა ღმრთის ქალაქი მის წარსულ, აწმყო და მომავალ მდგომარეობაში, პარალელურად კი - დაეხატა მიწიერი ქალაქი, მათი შედარების მიზნით, რათა განდიდებულიყო ღმრთის ქალაქი, რადგან ყოველი საგანი სხვასთან შედარების გზით უკეთ შეითვისება, ვიდრე თავისთავადი განხილვისას.
 
თავის მხრივ, აქედან პირდაპირ განისაზღვრება ნეტ ავგუსტინეს თხზულების გეგმა და შინაარსის დაყოფა. სრულიად ბუნებრივია, რომ ნეტ. ავგუსტინე თავისი თხზულების პირველ ნაწილს უძღვნის წარმართობის განხილვას და უაროფას, როგორც ის აისახა მისი საუკეთესო წარმომადგენლების - პლატონის, აპულეოსის, ვარონისა და სხვების დოქტრინებში. მეორეში ის გადმოსცემს თავის დადებით შეხედულებებს ქრისტიანობაზე წარმართთა შეხედულებების უარყოფით და ამის პარალელურად - გვაძლევს ქრისტიანობის გარეშე, უფრო ზუსტად, ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე მყოფ ხალხთა ისტორიული ხვედრის აღწერას და გვაძლევს მათ დახასიათებას.
 
ამგვარად ნეტ. ავგუსტინეს თხზულება "ღმრთის ქალაქის შესახებ" იყოფა ორ მთავარ ნაწილად: პირველი - უარყოფითი, რომელიც მოიცავს პირველ ცხრა წიგნს, და მეორე - დადებითი, რომელიც შედგება ბოლო თორმეტი წიგნისგან. ყველა ეს მთავარი ნაწილი კიდევ იყოფა პატარ-პატარა ნაწილებად.
 
პირველი ნაწილის პირველი წიგნი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მთელი თხზულების შესავალი. აქ ნეტ. ავგუსტინე მიმოიხილავს წარმართთა ანტიქრისტიანულ შეხედულებებს, რომლებიც უშუალოდ რომის დანგრევის ფაქტით არის გამოწვეული) ქრისტიანობა - სახელმწიფოს ნგრევის მიზეზია; ქრისტიან ქალთა შეურაცხყოფა და სხვა).
 
პირველი ნაწილის შემდეგი ცხრა თავი შეიცავენ ორ მთავარ აზრს და ამიტომაც იყოფიან ორ მცირე ნაწილად. წარმართთაგან ერთნი თავიანთ ღმერთებს პატივს მიაგებდნენ იმიტომ, რომ მათგან დროებით სიკეთეებს მოელოდნენ. პირველ ოთხ თავებში ცხრიდან, ანუ მე-2 თავიდან მე-5 თავის ჩათვლით, ნეტ. ავგუსტინე უარყოფს წარმართობის ამ ცდომილებას.
 
სხვა წარმართები ამბობდნენ, რომ ღმერთები მარადიული ცხოვრების გამო უნდა იქნან პატივდებულნი. დანარჩენ ხუთ თავში ცხრიდან, ანუ მე-6 თავიდან 10-ე თავის ჩათვლით, ნეტ. ავგუსტინე ამტკიცებს წარმართთა ამ შეხედულების უსუსურობას.
 
მეორე მთავარი ნაწილი იყოფა სამ მცირე ნაწილად: პირველი - თავები 11-დან 14-ეს ჩათვლით - ორივე ქალაქის ღმერთების წარმომავლობა; მეორე - თავები 15-დან 18-ეს ჩათვლით- მათი გაგრძელებაა და, ბოლოს, მესამე - თავები 19-დან 22-ეს ჩათვლით - ერთისა და მეორეს საბოლოო ხვედრი.
 
ახლა შეგვეძლო შევდგომოდით თვით ნეტ. ავგუსტინეს სწავლების გადმოცემას საღმრთო ქალაქის შესახებ. მაგრამ სანამ ამას ვიზამდეთ, სასარგებლოდ მივიჩნევთ გადმოვცეთ ახალაღთქმისეული სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ. ვფიქრობთ, რომ ამით ჩვენი თხზულება არანაკლებ მოიგებს თავისი სისრულითა და სიცხადით. თვით ნეტ. ავგუსტინეს სწავლებით საგნები შედარების მეშვეობით უფრო მკაფიოდ წარმოაჩენენ ჩვენს წინაშე მათ განმასხვავებელ თავისებურებებს (Блаженный Августин. О Граде Божием. Книга 1, глава 35, страница 59. Издательство Спасо-Преображенского Валаамского монастыря. М., 1994, в четырех томах. Репринт. Киев, 1905-1910) (შემდგომ ციტატებში ჩვენ მივუთითებთ მხოლოდ წიგნს (რომაული ციფრი), თავს (არაბული ციფრი) და გვერდს (არაბული ციფრი) ნეტ. ავგუსტინეს ამ გამოცემიდან).
 
ხოლო ახალაღთქმისეული სწავლების გადმოცემაში ჩვენ გვექნება სხვა "საგანი", რომლის შედარებასაც შევძლებთ ნეტ. ავგუსტინეს სწავლებასთნ. ამით თხზულების სისავსეც მოიგებს, რადგან გადმოცემული იქნება არა მარტო ნეტ. ავგუსტინეს სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ, და თავისთავად ნათელიც გახდება მისი (სწავლების) დამოკიდებულება სახარებისეულ სწავლებასთან იმავე საგანზე. გარდა ამისა, ჩვენ რომ არ გადმოგვეცა სახარებისეული სწავლება ღმრთის სასუფეველზე, ასეთ შემთხვევაში მოგვიწევდა სპეციალურ თავში ნეტ. ავგუსტინეს სწავლების სრული შეფასების მიცემა.
 
რაც შეეხება წყაროებს და სახელმძღვანელოებს, რომლებითაც ვიხელმძღვანელეთ წინამდებარე ნაშრომის დაწერისას, ღმრთის სასუფევლის შესახებ ნეტ. ავგუსტინესეული სწავლების გადმოცემისას ხელთ გვქონდა ერთადერთი წყარო - თვით ნეტ. ავგუსტინეს თხზულება "საღმრთო ქალაქის შესახებ".
 
სახელმძღვანელოთა შორის მთავარი მნიშვნელობა ჩვენთვის ჰქონდა მ. კრასინის თხზულებას: "Творение блаженного Августина "De civitate Dei» как апология христианства против язычества"". შემდეგ მას მოსდევენ თხზულებები: თავად ევგენი ტრუბეცკოის "Религиозно-общественный идеал западного христианства в V веке. Часть 1. Миросозерцание блаженного Августина". Москва, 1892; მღვდელმონაზონ გრიგოლის "Сочинение блаженного Августина "О Граде Божием" как опыт христианской философии истории". Харьков, 1891; ა. პ. ლოპუხინი "Промысел Божий в истории человечества". СПб., 1898; სკვორცოვი "Блаженный Августин как психолог"; ზოგიერთი თავი თხზულებებიდან: ლ. ი. პისარევის "Учение блаженного Августина, епископа Иппонского, о человеке в его отношении к Богу". Казань, 1894; ნ. როდნიკოვის "Учение блаженного Августина о взаимных отношениях между государством и Церковью". Казань, 1897.
 
ღმრთის სასუფევლის შესახებ ახალაღთქმისეული სწავლების უმთავრესი სახელმძღვანელოები გახლდათ:
 
"Новозаветное учение о Царстве Божием" —А. Иванов-ის თხზულება ყაზანის სასულიერო აკადემიის სტუდენტთა კრებულში. Выпуск 2-й. Казань, 1901; დეკ. პ. სვეტლოვის "Идея Царства Божия в ее значении для христианского миросозерцания (богословско-апологетическое исследование)", დაიბეჭდა 1902 წლის "საღვთისმეტყველო კრებულში" ("Богословский Вестник"). იწყება მაისის თვის წიგნიდან.
 
წაკითხულ იქნა: მ. ბოგოსლოვსკის "Идея Царства Божия в Ветхом и Новом Завете". დაიბეჭდა გამოცემაში "Православный Собеседник" 1887 წ., ნაწილი 3, გვ. 246-266; Н.Г. "Новозаветное учение о Царстве Божием в новейшей богословской литературе западной" — დაიბეჭდა ჟურნალში "Чтения в обществе любителей духовного просвещения" 1894 წ., წიგნი 12-ე, გვ. 747-814; ნ. მ. ივანცევის "Новое протестантское учение о Церкви в ее отличии от Царства Божия". დაიბეჭდა "მართლმადიდებლურ მიმოხილვაში" ("Православное Обозрение") 1878 წ, ივლისისა და ოქტომბრის წიგნებში; ვლადიმერ სოლოვიოვის "Царство Божие и Церковь в откровении Нового Завета", დაიბეჭდა "მართლმადიდებლურ მიმოხილვაში" ("Православное Обозрение") 1885 წ, ტ. 3, გვ. 23-49.


თავი I
 
სახარებისეული სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ
 
რადგან ახალაღთქმისეული სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ ჩვენი კვლევის სპეციალურ საგანს არ წარმოადგენს, ჩვენ გადმოვცემთ ამ სწავლების მხოლოდ არსებით შინაარსს და, თანაც, შესაძლებლობისდა მიხედვით, რაც შეიძლება მოკლედ, თუმცა, ისე, რომ ამ მოკლე მიმოხილვაში მოცემული იყოს ნათელი და სრული წარმოდგენა ღმრთის სასუფეველზე, როგორც ასწავლის მის შესახებ ახალი აღთქმა.
 
ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის საკითხები იმის შესახებ, ღმრთის სასუფევლის ორივე სახელწოდება ("ღმრთის სასუფეველი" და "ცათა სასუფეველი") იესუ ქრისტეს ეკუთვნის თუ არა, და რატომ შეჩერდა მათე მახარობელი უპირატესად სახელწოდება "ცათა სასუფეველზე", სხვები კი - უფრო ხაზს უსვამენ "ღმრთის სასუფეველს".
 
ჩვენი ამოცანისთვის საკმარისია ვიცოდეთ, რომ ღმრთის სასუფევლის ორივე ეს სახელწოდება სრულიად იდენტურია თავისი აზრით, აღნიშნავენ ერთსა და იმავე ღმრთის სასუფეველს, რომლის დასაფუძნებლადაც მოვიდა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე. არსებითად მნიშვნელოვანია და საინტერესოა სხვა საკითხი - როგორია ეს სასუფეველი, რომელიც ქრისტემ დააფუძნა, როგორია მისი ბუნება; ერთი სიტყვით, როგორ გავიგოთ იგი.
 
ახალაღთქმისეული ხარების მთელი შინაარსი სრულიად გამოიხატება ღმრთის სასუფევლის იდეაში. ამბობენ, ღმრთის სასუფევლის იდეა არის უმთავრესი, ცენტრალური, ძირითადი ყველა სხვა სახარებისეულ იდეათა შორის. ეს არასწორია. ის არის - სინთეზი ყველა სახარებისეული იდეისა, ზოგადი ჩარჩო, რომლებშიაც არიან მოქცეულნი ეს იდეები: წმიდა მწერლები, როდესაც მათ მთელი სახარებისეული ქადაგების აღნიშვნა სურთ, მას ღმრთის სასუფევლის შესახებ სწავლებას ან სასუფევლის სახარებას უწოდებენ (მკ. 1:14; ლკ. 4:43; 9:11; მთ. 24:14; საქმე 1:3) (Сборник сочинений студентов Казанской Духовной Академии. Вып. 2. Казань, 1902. А. Иванов. «Новозаветное учение о Царстве Божием». С. 34).
 
ღმრთის სასუფევლის სახარებისეული იდეის ამ სირთულიდან გამომდინარე ცნება ამ უკანასკნელის შესახებ შეიძლება მხოლოდ სინთეთიკური გზით შედგეს, საკუთარ სასუფეველზე თვით ქრისტეს გამონათქვამების არჩევის გზით, რომლებიც ამ სასუფევლისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს აღწერენ და მათი მიერთებით ღმრთის სასუფევლის ზოგადი ცნებისადმი, რომელსაც საზოგდოდ სასუფევლის ცნოების ანალიზიდან მოვიპოვებთ.
 
ამრიგად, უპირველეს ყოვლისა, როგორია საერთო ცნება ღმრთის სასუფეველზე, რომელსაც უშუალოდ სასუფევლის საზოგადო ცნების ანალიზიდან მოვიპოვებთ?
 
ყოველი სამეფოს არსებითი და განმასხვავებელი ნიშანი გახლავთ - მისი ყველა წევრის გაერთიანება და დაქვემდებარება მისი ერთი თავის - მეფისადმი. იესუ ქრისტე არაერთხელ უთითებს სასუფევლის ამ საზოგადო განმასხვავებელ ნიშანზე (იხ. მკ. 3:24; მთ. 12:26). თუ ამ სამეფოს (სასუფევლის) ამ არსებით და საზოგადო ნიშანს ღმრთის სასუფეველზე გადავიტანთ, მივიღებთ ამ უკანასკნელის განსაზღვრებას - ღმრთის სასუფეველი ეს არის მისი წევრების ერთობა ერთი თავის - ღმრთის გამგებლობის ქვეშ.
 
მაგრამ ღმრთის სასუფევლის ასეთი განსაზღვრება საკმაოდ ზოგადია, ფორმალურია და არაფერს ეუბნება გონებას და გულს თავის შინაარსზე. რა ქმნის ამ ერთობას? როგორია ეს ერთობა? რაშია მისი არსი? აი კითხვები, რომლებიც უნებლიედ ჩნდება ღმრთის სასუფევლის შესახებ არსებული ზოგადი, განუსაზღვრელი ცნების შემთხვევაში.
 
ღმრთის სასუფევლის ზოგადი განსაზღვრება ჩვენ მოვიპოვეთ სამეფოს ზოგადი ანალიზისა და მასთან ღმრთის სასუფევლის შეფარდების გზით. ამ უკანასკნელის არსის, ბუნების განსაზღვრებისას ამისი გაკეთება დაუშვებელია: ღმრთის სასუფევლის ბუნება არა მარტო არაიდენტურია სხვა სამეფოთა ბუნებისა, არამედ, პირიქით, პირდაპირ განსხვავებულია მათგან. ღმრთის სასუფევლის ბუნებისა და არსის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ მის სასუფეველზე მაცხოვრის გამონათქვამების გამოკვლევით, სასუფევლის თვისებათა განმასხვავებელი ნიშნების ძიებით, რომლებიც დაგვეხმარებიან გავარკვიოთ ღმრთის სასუფეველის ზოგადი განსაზღვრება და დადგენილი ფორმის შინაარსი.
 
იესუ ქრისტეს ქადაგება იწყება სიტყვებით: "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი" (მათე 4:17). დაფიქრდით, გონს მოეგეთ! შეცვალეთ თქვენი აზრები და გრძნობები, რათა შეხვიდეთ ცათა სასუფეველში! შემდგომ, ქრისტეს უფრო ადრეულ ქადაგებებში, ეს ზოგადი აზრი ღმრთის სასუფეველში შესვლის პირობებზე უფრო დეტალურად იხსნება. აქ უფალი ეფერება სულით ღატაკთ, რომელთაც თითქოსდა უკვე ეკუთვნის ზეციური სასუფეველი; მგლოვარეთ, სიმართლის მეძიებელთ, რომელთაც ჰპირდება თავიანთი მისწრებებების დაკმაყოფილებას ზეციურ სასუფეველში; თვინიერთ, დევნილთ, რომელთაც უდიდესი ჯილდო ელის ზეცაში (მათე 5:3-11; ლკ. 6:20-23).
 
ჩამოთვლილი სათნოებები ისეთია, რომლებიც თავიანთი არსით, გაუცხოებულნი არიან ეგოიზმისგან, გაყოფის პრინციპისგან, ბუნებრივად მიჰყავთ ადამიანები ღმერთთან და ურთიერთმეგობრობასთან, და ამიტომაც წარმოადგენენ ღმრთის სასუფევლის ფუძემდებლურ ძალას. ამ უკანასკნელისთვის აუცილებელია არა ის, რომ ეკუთვნოდე ღმრთის მორწმუნეთა და მის მომწოდებელთა რიცხვს, რადგან უფალი ამბობს: "ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში" (მთ. 7:21), არამედ საჭიროა სიმართლე, ოღონდ არა მწიგნობრული ან ფარისევლური (მთ. 5:20), არამედ იმგვარი, რომელიც არის ზეციური მამის ნების აღმასრულებელი (მთ. 7:21).
 
ცათა სასუფეველს აღებს არა ამა თუ იმ დიდი სათნოების შესრულება, არამედ ქრისტეს სულით გამსჭვალვა და მისი გარეგანი გამოხატულება თავის წვრილმანებში: "ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში" (მთ. 5:19).
 
აუცილებელია შინაგანი გადატრიალება. ის კი მდგომარეობს იმაში, რომ განეშორო ცხოველური არსებობის დამთრგუნველ საზრუნავს და მთელი ძალები მიმართო ღმრთის სასუფევლისა და მისი სიმართლის, ანუ ღმერთთან ერთობის ძიებისკენ (ღმრთის სასუფეველი, როგორც განვსაზღვრეთ, ეს არის ყველას ერთობა ღმერთში); ასევე შინაგანი სიწმიდის მიღწევისკენ, იმ ღმრთისშვილობითი განწყობისკენ, როდესაც სრულიად ვეძლევით ღმრთის ნებას, და ამ მინებებაში ვშორდებით წუთისოფლის ყოველგვარ ქვენა მოთხოვნილებას, მშვიდობას ვამყარებთ ყველა ადამიანთან, და ყოველ მატერიალურ საზრუნავს ვაკისრებთ მამა ღმერთს: ის ხომ უზრუნველად მცხოვრებ ფრინველებზეც ზრუნავს და ზრდის მათ, მაშასადამე, გამოგვზრდის ჩვენც. ღმერთს დაშორებული ადამიანი, "მთლიანად არის შთაფლული ნივთიერ სამყაროში და მტრობს ადამიანებს; ხოლო ვინც ღმერთში მამა იპოვა ის ტოვებს წუთისოფლის საზრუნავს, განწმენდს თავის გულს და ურიგდება მოყვასთ" (Сборник сочинений студентов Казанской Духовной Академии. Вып. 2. Казань, 1902. А. Иванов. "Новозаветное учение о Царстве Божием". С. 40-41).
 
მაცხოვრის პირველი ქადაგებების შინაარსიდან, რომლებიც ეხებიან ღმრთის სასუფეველს, ცხადი ხდება, სასუფევლის სახელით ღმერთთან ადამიანების როგორი ერთობა იგულისხმება ქრისტეს სწავლებაში. თუკი "ღმრთის სასუფევლის" ცნებით უშუალოდ მოგვეწოდება აზრი ღმერთზე, როგორც მეფეზე, რომელიც თავის ნებაში აერთიანებს ყველა ადამიანს, მაშინ ნათელია, რომ ეს მეფე ადამიანებს ეპყრობა, როგორც მოსიყვარულე მამა, მზრუნველი ყველა მათ მოთხოვნილებაზე, ხოლო ადამიანები მას ეპყრობიან, როგორც - მოსიყვარულე შვილები, რომლებიც ყველაფერში ემორჩილებიან მამას, და სრულიად ენდობიან მის კეთილ ნებას.
 
აქედან გამომდინარე, "ღმრთის სასუფეველი ეს არის მოსიყვარულე შვილების ერთობა მამის, ანუ ღმრთის მეთაურობით" (იქვე. გვ. 41). სწორედ ასეთი აზრი გვეძლევა საუფლო ლოცვაში, და ნეტარების მცნებებში, ასევე ქრისტეს სხვა გამონათქვამებში, სადაც ადამიანებს უფალი სთავაზობს დატოვონ ამქვეყნიური საზრუნავები და ეძებონ ღმრთის სასუფეველი, რადგან ღმერთი - ჩვენი მოსიყვარულე მამაა; ის მოგვაწვდის ყოველივეს, რაც კი საჭიროა სიცოცხლისთვის (იქვე. გვ. 42).
 
ამრიგად, ადრინდელი მშრალი და ფორმალური განსაზღვრების ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ღმრთის სასუფევლის ცოცხალი, გულისთვის მრავლისმთმელი განსაზღვრება: ღმერთი მოსიყვარულე მამაა, - მეფეა; ხოლო ადამიანები, მისი მოსიყვარულე შვილები და ქვეშევრდომები არიან.
 
"თავისი ქადაგებების მომდევნო მეორე ციკლში, როდესაც უფალი იგავებითა და მეტაფორული ენით მსჯელობს, ის თავის მსმენელს ანდობს მის მიერ ნაუწყები სასუფევლის საიდუმლოებებს (იხ. მთ. 13, 11; მკ. 4, 11; ლკ. 8, 10). აღმოჩნდა, რომ ღმრთის სასუფეველს ჰყოლია მტრები, რომელთაც შეუძლიათ შეაკავონ მისი საქმე, - ესენი არიან ეშმაკი და ადამიანური ფუქსავატობა, ამაოება და დაუდევრობა.
 
ამიტომაც არა მარტო "სასუფევლის სიტყვა", მსგავსი თესლისა, სხვადასხვაგვარად მიიღება ყოველი სულის მიერ და ზოგში ის უნაყოფოდ რჩება, სხვებში კი მას მეტ-ნაკლები ნაყოფი გამოაქვს (იგავი მთესველზე), არამედ აქედან გამომდინარე, თვით ცათა სასუფეველიც უნდა იზრდებოდეს დედამიწაზე; მდოგვის მარცვლის მსგავსად, ის მხოლოდ ხანგრძლივი ზრდის გზით გადაიქცევა დიდ ხედ; ის არის შინაგანი და უხილავი, თუმცა ყველაფერის შემცვლელი პროცესი - გამოიხატება ეს ცალკეულ სულსა თუ მთელი კაცობრიობის ცხოვრებაში; ის არის მსგავსი საფუარისა, რომელიც მთელ ცომს აფუებს (იგავი საფუარზე).
 
ღმრთის სასუფეველი იზრდება და მწიფდება დედამიწაზე, როგორც ხორბალი მინდორში, და მოიცავს კეთილ ამონაზარდსაც და ბოროტ ღვარძლსაც (იგავი ღვარძლზე). ის მსგავსია სათხეველისა, რომელიც როგორც სასარგებლო, ასევე უსარგებლო თევზს მოისათხევლებს. საქმის ასეთ მდგომარეობაში სასუფეველი დარჩება წუთისოფლის დასასრულამდე, როდესაც სიკეთე საბოლოოდ გამოეყოფა ბოროტებას. მანამ კი, თუმც ღმრთის სასუფეველი მოახლოვდა და მალე გამოჩნდება ძალმოსილებით (მკ. 9:1), ის არ არის რაღაც მზა და დასრულებული, არ არის ღმრთის მთლიანი ნიჭი, არამედ რაღაც შესამზადებელი, აღსრულებადი და სრულყოფადი (ლუკა. 17:20-21) (იქვე. გვ. 43).
 
ამრიგად, უპირველესად, ღმრთის სასუფევლის ისტორია იყოფა ორ პერიოდად: პირველი - ზრდის, სასუფევლის განვითარებისა და ნაყოფთა მომწიფების პერიოდი; და მეორე - სასუფევლის სრულიად გახსნის მომდევნო, მკის, ნაყოფთა მოკრეფვის პერიოდი, ანუ ღმრთის სასუფეველი ესქატოლოგიური აზრით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოსდა ღმრთის სასუფეველი ორი იყოს. ღმრთის სასუფეველი ერთია, ორია მხოლოდ პერიოდი, მისი განვითარების ორი სტადია.
 
მეორეც, ღმრთის სასუფეველი, ასე ვთქვათ, ორმხრივია: ერთი მხრივ ის არის - "ღმრთის უდიდესი ნიჭი, სერობა და საქორწილო ტრაპეზობა, რომელსაც უფალი ადამიანისთვის აწყობს" (იქვე, გვ. 46); მეორე მხრივ კი - ის არის თვით ადამიანის ძალისხმევის ნაყოფი (მთ. 11:12). "ამ უკანასკნელმა თვითონ უნდა გაამზადოს თავი სერობისთვის... არასაქორწილო სამოსში მოსული იქ ვერ შევა" (იქვე. გვ. 46). ღმრთის სასუფეველი არც მხოლოდ საღმრთო საქმეა და არც მხოლოდ კაცობრივი - ის ერთდროულად ღმერთკაცობრივი საქმეა.
 
მაგრამ თუკი ღმრთის მხრიდან ის არის მისი ყოვლისშემძლე სიყვარულისა და მოწყალების სასწაული, ადამიანისთვის ის ყოველთვის არის იდეალი, მთელი ცხოვრების ამოცანა, რომლის შესრულებაზეც უნდა ზრუნავდეს და რომლის განხორციელებისთვის უნდა ლოცულობდეს: "მოვედინ სუფევა შენი" (მთ. 6:10).
 
ეს ბოლო აზრი ღმრთის სასუფეველზე, როგორც ადამიანის ცხოვრების ამოცანაზე კარგად იხსნება ქრისტეს ბოლო საუბრებში, რომლებიც მან თავისი მიწიერი ცხოვრების დასასრულს, იერუსალიმში წარმოთქვა. იგავებში ტალანტებზე (ლკ. 19:11-27) იესუ ქრისტე ამტკიცებს აზრს, რომ სასუფევლის საზეიმო გახსნამდე, რომლის დროის შესახებაც ეკითხებოდნენ მას მისი მოწაფეები, ადამიანებს ეკისრებათ წინასწარი ამოცანა გაამრავლონ მისი, ანუ ღმრთის სასუფევლის მემკვიდრეობა. იგავში ბოროტ მევენახეებზე, ზოგადად, დედამიწაზე ღმრთის სასუფევლის მოვლის იგივე აზრია გატარებული, რის გამოც ღმრთის სასუფეველი წაერთმევა ბოროტ მევენახეებს და გადაეცემა ხალხს "რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს" (მთ. 21:43). უფლის სერობაზე მიწვეულთა შესახებ იგავში მოცემულია მოთხოვნა სრული თავდადებით მიეცე სასუფევლის საქმეს; იგავში ათი ქალწულის შესახებ კი აღნიშნულია - მოუკლებელი გულმოდგინება და მოშურნეობა.
 
ამრიგად, მაცხოვრის ქადაგებების მიხედვით ღმრთის სასუფეველი შეიძლება ასე განვსაზღვროთ: "ღმრთის სახარებისეული სასუფეველი ეს არის ღმერთთან ყველა ადამიანის შვილებრივი ერთობა, როგორც ნიჭი მადლისა და წყალობა ღმრთის, როგორც მუდმივი ამოცანა ადამიანისა" (იქვე. გვ. 47).
 
ამ აზრით გაგებული ღმრთის სასუფეველი არის უზენაესი სიკეთე კაცთათვის, რადგან ის მათ ყოველგვარი სიკეთის წყაროსთან აერთიანებს. ოღონდ ეს სიკეთენი - წმიდად სულიერია, ეს არის - ღმრთის პირის ხილვა, მისი ძეობა (იხ. ნეტარების მცნებები). რაც შეეხება უქვემოეს მატერიალურ სიკეთეთ - საკვებს, სამოსს და სხვა, მათზე ზრუნვა ღმრთის სასუფეველში სრულიად, როგორც უკვე ვთქვი, ეკისრება ღმერთს, ზეციერ მამას. ადამიანებმა არ უნდა იზრუნონ რა ჭამონ და რა სხვან, ან კიდევ რა ჩაიცვან. მათი საქმე, უპირველეს ყოვლისა, ღმრთის სასუფევლის ძიებაა, დანარჩენი კი თავისთავად მიეცემათ მათ (მთ. 6:31-34). ამის მტკიცებულებაა - ღმრთის მზრუნველობა ბუნებაში არსებულ ყოველ ქმნილებაზე (იხ. მთ. 6:28-30).
 
ის ყოველივეს განაგებს, ყველაფერს მართავს, ყველაფერზე ბატონობს. ამ მხრივ მისი სასუფეველი შეიძლება განვსაზღვროთ როგორც ღმრთის უფლობა, მისი მეუფება.
 
ღმრთის ეს მეუფება უახლოესი, უმთავრესი და უპირატესი სახით ვრცელდება ადამიანთა სულებზე, რადგან სული ღმრთის სიყვარულით სავსე განგების უმთავრესი საზრუნავია მთელ სამყაროსთან მიმართებაში. თუმცა, აქედან, როგორც უმთავრესი ცენტრიდან, ღმრთის მეუფება ვრცელდება, როგორც პერიფერიებზე, ანუ ადამიანთა კერძო და საზოგადოებრივ ურთიერთობებზე, ასევე მთელ ხალხებზეც, მთელ კაცობრიობაზე და ბოლოს მთელ გარეგან ბუნებაზე, რომელიც ასევე არ არის მოკლებული ღმრთის სასუფეველი მონაწილეობის სიკეთეს (მთ. 6:28-30; შეად. რომ. 8:19-22). ეს უკანასკნელი (ანუ ღმრთის სასუფეველი) "ყველაფერს ფლობს" (ფსალმ. 102:19; შეად.: მთ. 28:18; 1 კორ. 15:28) (Светлов П., протоиерей. Идея Царства Божия в ее значении для христианского миросозерцания (богословско-апологетическое исследование). Богословский Вестник. 1902. Октябрь. С. 122–123).
 
მაგრამ, თუკი გარეგანი ზომებით ღმრთის მეუფება ყოვლისმომცველია, ხასიათით, თავისი პრინციპით, ის სულაც არ წააგავს ამქვეყნიურ სამეფოებს. ღმრთის მეუფება "არ არის ამქვეყნიური" (ინ. 18:36). ის - არ არის დესპოტია, არც ფიზიკური ძალის გამოვლინება, არამედ ღმრთის მხრიდან - მამობრივი სიყვარულია, ადამიანის მხრიდან კი თავისუფალი და ბავშვური სიყვარულით სავსე მორჩილება. "ღმრთის სასუფეველი ვერ იტანს ვერც ძალაუფლებას, ვერც ძალადობას... მისი ძირითადი კანონია - არა ვნება ძალაუფლებისა, არამედ ყველასთვის და თითოეულისთვის საჭირო თავგანწირული მსახურება ისევე, როგორც თვით მისი დამფუძნებელი "ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს, და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსახსნელად" (მკ. 10:45; მთ. 20:25-28).
 
ამრიგად, ღმრთის სასუფეველს აქვს თავისი ორგანიზება, მაგრამ სწორედაც რომ თავისი, რომელიც არაფრით წააგავს მიწიერი სამეფოების ორგანიზებას. "მისი სფერო და სივრცე - თავისუფლება და სინდისია; ის ეფუძნება მხოლოდ სულებს, ამიტომაც გამორიცხავს ყოველგვარ სამართლებრივ, იძულებით ორგანიზებას" (1).

____________________
 
1. ტრაქტატი ღმრთის სახარებისეული სასუფევლის შესახებ ჩვენ შევადგინეთ ა. ივანოვისა და დეკ. სვეტლოვის თხზულებების მიხედვით. ამასთან უპირატესობა მივანიჭეთ ა. ივანოვის თხზულებას, რადგან მასში უფრო ღრმად არის შესწავლილი საკითხი ღმრთის სასუფეველზე მისი სახარებისეული გაგებით.
 
აქვე საჭიროდ მივიჩნევთ ვთქვათ კიდევ ერთი რამ. ჩვენ შეიძლება გვისაყვედურონ, რომ საკმაოდ ახლოს მივდევთ იმ სახელმძღვანელოთა ტექსტს, რომლებიც ხელთ გვქონდა, საკუთრივ ივანოვის თხზულებას. მაგრამ ჩვენ არც ვაპირებთ საკუთარ თავს დამსახურებად ჩავუთვალოთ ღმრთის სახარებისეული სასუფევლის შესახებ მოცემული ტრაქტატის შინაარსის გადმოცემა. ჩვენ ადრევე ვთქვით, რომ საკითხი ღმრთის სასუფევლის შესახებ არ წარმოადგენს ჩვენი კვლევის სპეციალურ საგანს. ამ უკანასკნელი აზრით მას გააჩნია მხოლოდ ის მნიშვნელობა, რომ მისი არსებობის წყალობით ვაშენებთ ჩვენი თხზულების გეგმას; მის გარეშე ის ვერ შესრულდებოდა. ამიტომ, ამ შემთხვევაში, მთელ ჩვენს ამოცანას ვხედავთ შეძლებისდაგვარად, საკუთარი სიტყვებით გადმოვცეთ ის შინაარსი, რაც სახელმძღვანელოში ვიპოვეთ, იმ ზომით, რა ზომითაც იყო ეს საჭირო ჩვენი მიზნისთვის. ზოგიერთი ადგილი ბუკვალურად დავიმოწმეთ - ეს იქ, სადაც ავტორის მსჯელობის ლაკონურობა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას.

____________________


თავი II
 
ღმრთის სასუფევლის სახელწოდება მის შესახებ ავგუსტინეს სწავლებაში
 
ნეტ. ავგუსტინეს სწავლებაში ღმრთის სასუფევლის შესახებ უპირველეს ყოვლისა ვხედავთ ღმრთის სასუფევლის სხვადასხვა სახელწოდებებს. მათგან ყველაზე ხშირად გვხვდება ის, რომელიც დგას თხზულების სათაურში - "ღმრთის ქალაქი" (წიგნი I. წინათქმა; XV, 26. С. 130, 131; XVI, 2. С. 141; XVIII, 47. С. 79-80 და სხვა მრავალი). ჩანს, საკმაოდ ნათელია, თუ რატომ უწოდა ასე ნეტ. ავგუსტინემ საკუთარ თხზულებას, რომელიც ღმრთის სასუფევლის აღწერას ეძღვნება. საკმარისია გავიხსენოთ, თუ რომელ გარემოში და როგორი გავლენის ქვეშ იზრდებოდა ნეტ. ავგუსტინე, როგორი განათლება მიიღო, ვისთვის წერდა თავის თხზულებას და რას უპირისპირებდა ამ უკანასკნელში ღმრთის სასუფეველს.
 
რომაულ მეცნერებებზე აღზრდილი, რომელთაგან საკუთრივ მეცნიერებას წარმოადგენდნენ იურიდიული მეცნიერებანი, ის წერდა რომაელთათვისვე. მათთვის კი სახელმწიფო ყველაფერი იყო. ძველმა რომაელმა სახელმწიფოზე უახლოვესი და ძვირფასი არაფერი იცოდა. მისთვის, სახელმწიფოსთვის, ის თმობდა თავის საკუთარ და ოჯახურ ცხოვრებას, თმობდა ცოლსა და შვილებს, თავის ქონებას და თვით საკუთარ თავსაც კი მონად იქცევდა სახელმწიფოს გულისთვის (V, 18. С. 275-281).
 
ცხოვრების არც ერთი სფერო, არც ერთი მეცნიერება მისთვის არ იყო ისე საინტერესო და გასაგები, როგორც სახელმწიფოს ცხოვრება და მეცნიერება, რომელიც ეხებოდა ამ ცხოვრებას. სახელმწიფოთი ამგვარი გატაცების პირობებში რომაელთა დაინტერესება უფრო იოლი და სწორი იყო სწორედ სახელმწიფოებრივ ცნებათა და ურთიერთობათა საფუძველზე.
 
ამიტომაც ნეტ. ავგუსტინესთვის ბუნებრივი გახლდათ თავისი თხზულებისთვის ეწოდებინა სწორედ "ღმრთის ქალაქი", და არა რაიმე სხვა სახელწოდება. "მარადიული ქალაქი რომი" ერთგვარი ღვთაება იყო რომაელთათვის. მაგრამ აი, მათ მიერ გაღმერთებული სახელმწიფო განადგურდა. და კვლავ სრულიად ბუნებრივია რომაელთა ყურადღება მიაპყრო საკუთრივი აზრით მარადიულ სახელმწიფოს, მართლაც მარადიულ ქალაქს მათი მოჩვენებითად მარადიული რომის სანაცვლოდ.
 
თავის თხზულებაში ნეტ. ავგუსტინე არაერთხელ მიმართავს სახელმწიფოებრივ, იურიდიულ ტერმინოლოგიას, რითაც თავის სწავლებას ღმრთის სასუფევლის შესახებ აახლოვებს თავის თანამოქალაქეთა ცნობიერებასთან. ასე, მაგალითად, ის ღმრთის სასუფეველს უწოდებს სახელმწიფოს (XVIII,4I. С. 68; III,17. С. 149), ხალხს (XVIII,4I. С. 68), რესპუბლიკას (II, 21. С. 98).
 
ღმრთის ზეციური სამეფო მასთან გამოსახულია, როგორც "ეთგვარი სენატი" (curia) (Х, 7. С. 115), რომელშიც სხედან "ზეციური ხელისუფალნი" (I, 29. С. 116), რომლებიც განსაზღვრავენ კაცობრიობის ხვედრს. ღმრთის ქალაქი აღწერილია ყველა იმ მხრიდან, რომლიდანაც ის ყველაზე უმეტეს შეიძლება იქნას გაგებული რომაელთა მიერ.
 
"ზეციური ქალაქი შეუდარებლად წარჩინებულია ქებულ რომზე; მასში (ზეცის ქალაქში) გამარჯვებულია - ჭეშმარიტება, ღირსება - სიწმინდე (I, 29. С. 116). მასში "არ იქნება საჭიროება საზოგადოებრივი ხაზინის ავსება კერძო მონაპოვრის ხარჯზე": იქ საერთო საგანძური იქნება ჭეშმარიტება (V, 16. С. 272). მასშია ცოდვათა მიტევება, რომელიც მისკენ იზიდავს მოქალაქეთ, ის წააგავს "რომულუსის თავშესაფრის სამართალს, რომელმაც დაუსჯელობის სახელით რომის ამშენებელი ხალხის ყოველგვარი დანაშაულობანი შემოიკრიბა" (V, 17. С. 275). ხოლო თვითონ, თავისი გარეგანი მდგომარეობით, დედამიწაზე მწირობის პერიოდში, - "წმინდანთა ბანაკია", რომელიც მუდმივად ებრძვის თავის მტრებს (XX, 11. С. 193).
 
ეს ყველაფერი უეჭველობით ამტკიცებს იმ აზრის სამართლიანობას, რომ ღმრთის სასუფევლის წოდება "ღმრთის ქალაქად" ნეტ. ავგუსტინეს მიერ გამოყენებულია თხზულების მკითხველთა, ანუ რომაელთა ხასიათთან და ინტერესებთან მიმართებაში, იმ მიზნით, რათა ის გასაგები ყოფილიყო მათთვის.
 
რაც შეეხება სახელწოდების "ღმრთის ქალაქის" მეორე ნახევარს, ის უთითებს, თუ კერძოდ რომელ სამეფოს ასახავს ნეტ. ავგუსტინე - მარადიული ღმერთის სამეფოს; ის არის ამ სამეფოს დამფუძნებელი და მეფე მსგავსად იმისა, როგორც რომაელები არიან დამფუძნებლები და სრულუფლებიანი განმკარგულებელნი თავიანთი სახელმწიფოსი.
 
ქალაქის სახელდება "ღმრთის" ქალაქად შეიძლება უთითებდეს მის წარმომავლობასა და ხასიათზე. ის არის არა მიწიერი, არამედ ზეციური წარმომავლობის. ის დაფუძნდა დედამიწაზე, მაგრამ არა მიწიერი მიზნებისთვის, მოწყობილია არა მიწიერად, არა ძალადობრივად, არამედ, როგორც დავინახავთ, დაფუძნებულია თავისუფალ სიყვარულზე. მისი მოქალაქეები არ არიან მიჯაჭვულნი მიწას, არამედ თავიანთ გულსა და გონებას მიაპყრობენ ღმერთს; ცხოვრებენ დედამიწაზე, მაგრამ სულით თითქოსდა ცაში იმყოფებიან. თვით სახელწოდება "ღმრთის ქალაქი" ნეტ. ავგუსტინემ თვითონ კი არ მოიფიქრა, არამედ წმიდა წერილიდან ისესხა (XIV, 1. С. 2), კერძოდ, დავითის ფსალმუნებიდან: 45, 5; 47, 2-3,9; 86, 3 (V, 19. С. 284; XI, 1. С. 173-174).
 
სახელწოდება "ღმრთის ქალაქი" საკმაოდ ზუსტად განსაზღვრავს ნეტ. ავგუსტინეს შეხედულების ზოგად ხასიათს ღმრთის სასუფეველზე. როგორც დავინახავთ, ის ღმრთის სასუფეველს წარმოადგენს, როგორ თავისებურ სახელმწიფოს. სხვა სახელწოდებები უთითებენ ღმრთის სასუფევლის შესახებ ნეტ. ავგუსტინეს სწავლების კერძო მხარეებზე - მაგალითად, რომ ღმრთის სასუფეველს (სამეფოს) აქვს თავისი განვითარების სხვადასხვა პერიოდები.
 
ასეთი სახელწოდებები: უფალ ქრისტეს გამოსყიდული თესლი და მეფე ქრისტეს მოგზაური ქალაქი (I, 35. С. 58), ზეციური სამშობლო (II, 29. С. 115), გამოსყიდული ქალაქი (X, 6. С. 114) და სხვა მრავალი. ღმრთის სამეფო, რომის იმპერიის საპირისპიროდ, ჭეშმარიტი სამეფოა, რომელიც არასოდეს დაინგრევა. ასეთი სახელწოდებაა - "ნამდვილი სამშობლო" (II, 29. С. 114. იხ. ეს გვერდი მთლიანად). სახელწოდება "ზეციური სამშობლო" უთითებს იმაზეც, რომ აქ, დედამიწაზეც ღმრთის ქალაქი მწირობს, როგორც უცხო მხარეში, ხოლო მისი მუდმივი საცხოვრებელი, მისი სამშობლო - ცაშია, მამა ღმერთის ზეციურ სავანეებში. ეს უკანასკნელი აზრი საკუთარ თავში შეიცავს "ზეციური იერუსალიმის" სახელწოდებასაც (XVIII, 47. С. 80).
 
ღმრთის სამეფო საკუთრივ "სამეფოდაც" იწოდება (IХ, 21. С. 95), ის არის ასევე "მარადიული სამეფო" (IV,28. С. 222), "ეკლესია" (I, 35. С. 58; XV, 26. С. 130; ХVI, 2. С. 141; XХ, 11. С. 193; VIII, 24. С. 51), ღმრთის ქალაქის მოგზაური ნაწილი, და კიდევ მრავალი სხვა. სხვათა შორის, უკანასკნელი სახელწოდებით, როგორც ვხედავთ, ღმრთის მოგზაური ქალაქი გაიგივებულია ეკლესიასთან. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ.
 
ამრიგად, ნეტ. ავგუსტინესთან ღმრთის სამეფო ხშირად იწოდება არა იმ სახელწოდებებით, როგორც სახარებაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ღმრთის სამეფო სახარებისგან განსხვავებულად ესმოდა. თუკი თვით ნეტ. ავგუსტინეს შეხედულებას განვიხილავთ ღმრთის სამეფოს არსთან, ბუნებასთან და თვისებებთან დაკავშირებით, ამაში იოლად დავრწმუნდებით.
 
ნეტ. ავგუსტინე სახარებისგან განსხვავებულ სახელწოდებებს იყენებდა, მისი დროების პირობებიდან და ვითარებებიდან გამომდინარე, რაც, რა თქმა უნდა, ეხება მის ქებას, და არანაირად მის ძაგებას.


თავი III
 
ღმრთის სასუფევლის შინაგანი ბუნება, არსი და გარეგანი ისტორია
 
ნეტ. ავგუსტინეს სწავლების მიხედვით
 
ჩვენ უკვე მოვინიშნეთ ღმრთის სასუფეველზე ნეტ. ავგუსტინეს შეხედულებათა ზოგადი ხასიათი. ჩვენ ვნახეთ, რომ ღმრთის სასუფეველი მას ერთგვარ სახელმწიფოდ წარმოუდგენია. ღმრთის სასუფევლის შესახებ ასეთი წარმოდგენა ნეტ. ავგუსტინეს სწავლებას ღმრთის სასუფეველზე ისე წარმოგვიჩენს, თითქოსდა ის საერთოდ არ წააგავდეს მის შესახებ სახარებისეულ სწავლებას.
 
მართლაც, ღმრთის სასუფეველი ნეტ. ავგუსტინეს აღწერაში, როგორც დავინახავთ, გარკვეულწილად სხვაგვარად განისაზღვრება, ვიდრე ეს სახარებაშია. მაგრამ განსაზღვრებათა ეს განსხვავება ხელს არ უშლის იმას, რომ ღმრთის სასუფეველის არსი ნეტ. ავგუსტინეს შეხედულებაში დარჩეს იმავედ, რაც სახარებაშია, კერძოდ - ის ადამიანისა და ღმრთის უერთიერთობასა და ურთიერთსიყვარულს ეფუძნება. ხოლო გარეგანი შეუსაბამობა მომდინარეობს იქიდან, რომ ნეტ. ავგუსტინეს სწავლებაში უპირატესად იხსნება ღმრთის სასუფევლის ერთი მხარე, სახარებაში კი - სხვა. ღმრთის სასუფეველი ხომ ორმხრივად განისაზღვრება - შინაგანად, როგორც შვილებრივი განწყობა ადამიანებისა მამა ღმერთის მიმართ, და გარეგანად, როგორც ადამიანთა საზოგადოება, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ამავე შვილებრივი განწყობით. ნეტ. ავგუსტინე ნაკლებად ხსნის რა სასუფევლის შინაგან ბუნებას, დეტალურად ჩერდება მისი ისტორიის გარეგან მხარეზე - თუ ვისგან და როგორ წარმოიშვა ღმრთის ქალაქი და როგორია მისი შემდგომი ხვედრი.
 
სახარებაში, პირიქით, ნაკლებად არის ლაპარაკი სასუფევლის გარეგან ისტორიაზე, სამაგიეროდ დეტალურად განიმარტება მისი შინაგანი ბუნება, მისი არსი. ის, რომ ნეტ. ავგუსტინე უპირატესად ღმრთის სასუფევლის გარეგან ისტორიაზე ჩერდება და ნაკლებად შინაგანზე, ეს, ვფიქრობ, არა თუ ნაკლი არ არის დიდი მოძღვრის თხზულებისა, არამედ, პირიქით, მისი დიდი ღირსებაცაა. ყოველი თხზულება ფასდება იმ დროების პირობებისა და ვითარებების გათვალისწინებით, რომელშიც ის ჩნდება. ნეტ. ავგუსტინეს თხზულების გაჩენის ვითარებები კი ჩვენთვის ცნობილია.
 
410 წ-ს რომის დანგრევის შემდეგ, წარმართები, რომლებიც მანამდე ქრისტიანობის ცალკეულ პუნქტებს ესხმოდნენ თავს, ახლა მის მთლიან სისტემას უტევენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქრისტიანობა არც საღ აზრთან არის შესაბამისობაში, და არც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების პირობებთან; რომ, კერძოდ, ღმრთის ძის განკაცების დოგმატი არა თუ საჭირო არ არის, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანების ცხონებას (2) და ამ თვალსაზრისით გაუგებარია. ქრისტიანობაზე ამ თავდასხმების საფუძველს წარმოადგენდა წარმართთა მხრიდან ისტორიისა და ქრისტიანობის არსის არცოდნა (М. Красин. С. 151). აქედან გამომდინარე, ნეტ. ავგუსტინეს, რომელმაც მიზნად დაისახა "საღმრთო ქალაქის დაცვა" (I, წინათქმა), გარდაუვალად უნდა მიექცია თავისი განსაკუთრებული ყურადღება ქრისტიანობის ისტორიისთვის, მას მართებდა წარმართებისთვის გაეცნო ეს ისტორია, რათა ქრისტიანობა გაემართლებინა.
 
____________________
 
2. ნეოპლატონიზმით გატაცებული წარმართები, სხეულს ცხონების დაბრკოლებად მიიჩნევდნენ; ამიტომაც, მათი თვალსაზრისით, სხეულები უგულებელყოფილნი უნდა იქნან. ქრისტიანობა კი ასწავლის, რომ ძე ღმრთისამ სპეციალურად მიიღო ადამიანის სხეული, რათა ადამიანები ეცხოვნებინა. ასე იქმნებოდა წარმართთა გონებაში დილემა ქრისტიანობასთან დაკავშირებით, რომლის ვერც გაგება და ვერც გადაწყვეტა არ შეეძლოთ და, რის გამოც თავს ესხმოდნენ მას.
 
____________________
 
ამრიგად, სწორად ესმოდა რა ღმრთის სასუფევლის არსი, ნეტ. ავგუსტინე დეტალურად განმარტავს უპირატესად მის გარეგან მხარეს, რადგან ამას ითხოვდა წარმართ რომაელთა გონებრივი მდგომარეობა და განწყობა. ამაში ვლინდება მწერლის საღი აზროვნება, რომელსაც, ესმის რა სრული ჭეშმარიტება, მიმართავს მას თავის მკითხველთა ამა თუ იმ მხარისკენ იმის მიხედვით, თუ როგორ შეძლებენ ისინი მის აღქმას ან რა უნდა აღიქვან.
 
 
_________________________________________
 
 
ყოველი სამეფო, რომელის შედგება მეფისა და მისი ქვეშევრდომებისგან, და რომელი მეფეც მათ საკუთარი ნებით აერთიანებს, იღებს როგორც მეფის, ასევე ქვეშევრდომების ხარისხისა და განწყობის ხასიათს. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ღმრთის სასუფეველთან დაკავშირებით: თუკი ადამიანურ სამეფოში მეფე ყოველთვის როდი ხედავს თავისი სამეფოს ყოველ კუთხე-კუნჭულს და, შედეგად, ვერ ავრცელებს მასზე თავის სრულ ძალაუფლებას; თუკი ადამიანური სამეფოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ, და მართლაც შედიან მეფის შეხედულებებისა და იდეების არა თუ არმიმღებნი, არამედ ზოგჯერ მისი აშკარა მოწინააღმდეეგებიც კი, ზეციური მეფე, მთელ მზისქვეშეთს აკვირდება და ყოველივეს თავისი კეთილი და სანუკვარი მიზნებისკენ წარმართავს, და, როგორც დავინახავთ, მისი სამეფო მხოლოდ მის მოყვარულთაგან შედგება, რომლებიც მისკენ მიისწრაფვიან და თავისი ცხოვრების მიზნად მისი ნების აღსრულებას ისახავენ.
 
აქედან, სამეფოს ხასიათის, ბუნებისა და არსის განსაზღვრა შეიძლება მეფისა და მისი ქვეშევრდომების დახასიათებით. ნეტ. ავგუსტინეს სწავლებასთან მიმართებაში ჩვენ ასეც მოვიქეცით. ეს ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია, რადგან ნეტ. ავგუსტინეს მიერ აღწერილი ღმრთის სამეფოს გრანდიოზულ სურათზე პირველ პლანზე ჩანს სწორედ მეფე, რომელსაც თავისი დიადი და უსასრულო სიყვარული მოუფენია თავის სამეფოზე; მის ირგვლივ ანგელოზებია, რომლებიც თითქოსდა ღრუბლებში ფრენენ და მისკენ მიეშურებიან, როგორც თავიანთი ცენტრისკენ. ქვემოთ - ქვეშევრდომებია, რომლებიც თავიანთი მეფის სიყვარულს სიყვარულითვე პასუხობენ და ამ სიყვარულში, როგორც ყრმები, ნდობით მიაპყრობენ მას თავიანთ ხელებსა და მზერას. მაშასადამე, თავის თხზულებაში "საღმრთო ქალაქის შესახებ" ნეტ. ავგუსტინე სწორედაც რომ მეფე-ქალაქისა და მის მოქალაქეთა დახასიათებას გვაძლევს, სადაც ნათლად განსაზღვრავს თვით სამეფოს ბუნებასა და ხასიათს.


1. ღმრთის სასუფევლის მეფე და მისი თვისებები
 
უკვე თვით "ღმრთის სასუფევლის" ცნებიდანვე ნათელია, რომ ამ სამეფოს მეფე - უფალია. მაგრამ ნეტ. ავგუსტინესთან ის პირდაპირ არ არის წოდებული (X, 1. С. 174; ХIV,13. С. 35-36; XV, 8. С. 81). იუპიტერის საპირისპიროდ, რომელსაც წარმართი-რომაელები მეფე-ღმერთად მიიჩნევდნენ, მაგრამ რომელიც სინამდვილეში არ იყო ასეთი, ის (ანუ ქრისტე - "აპოკ." რედ.) - ჭეშმარიტი მეფეა საუკუნეთა (IV, 17. С. 203), ჭეშმარიტი მეფეა მეფეთა და უფალი უფლებათა (გამოცხ. 19:16) (IV, 15. С. 202.)ს ყოველივე სამყაროში მისგან წარმოიქმნა (XI, 4. С. 177 и 21. С. 207; XII, 5. С. 241; V, 11. С. 259-260), და მისი ძალითვე ინარჩუნებს ყოფიერებას (VIII, 6. С. 13). ყოველივე მისი ხელმწიფების ქვეშაა (V, 11. С. 259-260); ყოველივეს ის მართავს (I, 36. С. 60; VII, 30. С. 386-387). ის აძლევს მეფობასა და ხელმწიფებას ვისაც უნდა, როდესაც უნდა და რამდენადაც საჭიროა (IV,33. С. 230; V, 21. С. 286-288; V, 8. С. 248). მისგანაა - სწრაფი თუ გაჭიანურებული ომები (V, 22, 23. С. 288-291), გამარჯვება და დამარცხება (იქვე. განსაკუთრებით თ. 23ე-ე); მისგანაა - დროებითი და სამარადისო სიკეთენი (V,18. С. 281); ღმერთ-მეფისგანაა - სრული ბედნიერება (V,16. С. 272-273; VI, 12. С. 335).
 
მაგრამ როგორია ეს მეფე? როგორია მისი თვისებები, რომელიც განსაზღვრავს მისი მეფობის ხასიათს? ამ მიმართებით ის არის მეფე - ყოვლადძლიერი (V, 10. С. 257; VII, 12. С. 358), ყოვლადბრძენი (XII, 18-19. С. 268-271), ყოვლისმცოდნე (V, 9. С. 249-256); სამართლიანი (V, 15. С. 272 и 19. С. 281-284), მაგრამ ყველაზე უმეტესად და განსაკუთრებულად ყოვლადსახიერი. ეს არის მისი - ყოვლისმომცველი თვისება, რომლის წინაშე უკანა პლანზე გადადის სხვა დანარჩენი. ღმერთი მთელ მის სამეფოსთან მიმართებაში არა მარტო სიყვარულის განსახიერებაა, არამედ თვითვეა სიყვარული და წყარო სიყვარულის. მისით არის აღბეჭდილი მისი ყოველი ქმედება საკუთარ ქვეშევრდომებთან და მტრებთან მიმართებაშიც კი, ვინც არ აღიარებენ მას ღმერთად, მეტიც - უარყოფენ მისი ყოფიერებასაც კი.
 
ის არის სწორედ "სახიერი ღმერთი" (XI, 21. С. 207. Ср. IX, 15. С. 85-87), როგორც უწოდებს მას ნეტ. ავგუსტინე. ის არის სრული ბედნიერების მიზეზი და წყარო (V,16. С. 272-273; VI, 12. С. 335), როგორც მარადიულ სიკეთეთა, ასევე დროებითის (V, 18. С. 281; X, 14. С. 129-130). მან ყველაფერი თავისი სიყვარულითა და სახიერებით (სიკეთით) შექმნა (XI, 21. С. 207 и 24. С. 213) და გაამშვენიერა ყოველი (XII, 5. С. 241 и 4. С. 239-240). ის განაგებს ყოველს, ზრუნავს თავის ქმნილებებზე და იცავს მათ, თვით ფრინველის ბუმბულს, ყვავილს, ბალახსა და ფოთლებს (X, 14. С. 130; VIII, 6. С. 13; V, 11. С. 259-260).
 
უფალმა შექმნა გონიერი ანგელოზნი, თავისუფალი ნების მქონენი, მადლითა და სიყვარულით აღვსილნი, რითაც მისცა მათ შესაძლებლობა შეეცნათ საგნები, საკუთარი თავი და, რაც მთავარია, თვით ღმერთი, რათა მასში და მისით ყოფილიყვნენ მარადნეტარნი (XI, 11. С. 192-194; XII, 9. С. 248-250; XII, 6. С. 241). მან ერთი კაცისგან, ერთი წყვილისგან აღმოაცენა კაცთა მთელი მოდგმა, რადგან სურდა სიყვარულით და სიყვარულში გაეერთიანებინა ისინი, რათა ამის მიერ მათი სიცოცხლე ყოფილიყო ლაღი, სიხარულევანი და ბედნიერი (XII, 21. С. 277-278 и 37. С. 285).
 
მან ადამიანსაც, ანგელოზთა მსგავსად, უბოძა გონიერი სული, კეთილი ნება და ერთი სიტყვით, შეამკო ყველა იმ თვისებით, რომელთა დახმარებით მასაც შეეძლო შეემეცნებინა ჭეშმარიტება, თავისი ღმერთი და მის მიერ ყოფილიყო ნეტარი და უკვდავი (XIII, 24. С. 328-336; XIII, 19. С. 316; XIII, 1. С. 287).
 
შექმნა რა ადამიანი თავის ხატებად, მან ის სამოთხეში დაასახლა, მისცა ძალაუფლება მთელ მშვენიერ სამყაროზე, მისი უხვი მატერიალური სიკეთეებითურთ, და შემოსა იგი სრული ბედნიერებით (XIII, 21. С. 320; XIV, 11. С. 31; XIV, 15. С. 38). კაცობრიობის მთელი შემდგომი ისტორია წარმოადგენს ერთ მთლიან ჯაჭვს მისდამი გამოვლენილი საღმრთო სიყვარულისა. კერძოდ, რჩეული ებრაელი ერის ისტორია თავიდან ბოლომდე სწორედ ასეთი მოწყალების უწყვეტი ჯაჭვია (IV, 34. С. 231).
 
მაგრამ ყველაზე მთავარი და ძლიერი გამოვლინება მეფე უფლის სიყვარულისა არა მარტო საკუთარი ქვეშევრდომებისთვის, არამედ მტრების მიმართაც კი - ეს არის ის, რომ უფალმა არ უარყო ადამიანი, როდესაც ამ უკანასკნელმა უარყო თავისი კეთილისმყოფელი, დაარღვია მისი ნება, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ადამიანის აღზრდა, გახრწნა თავისი ძლიერი, ჯანსაღი ბუნება, სამყაროს ცხოვრებაში შემოიყვანა ბოროტება და სიკვდილი, დაარღვია მთელი გარეგანი ბუნების წყობა და წესრიგი. და უფალმა არა თუ არ უარყო ასეთი ადამიანი, არამედ ებრაელი ერის ისტორიის მიწურულს (ჟამთა აღსრულების ბოლოს) მოუვლინა მას თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც დამდაბლდა მონის ხატამდე მისთვის, რათა მიეღო მისი უძლური ხორცი, საკუთარი თავი შეეწირა მსხვერპლად მისი ურჩობისთვის, განეცადა სამარცხვინო სიკვდილი ჯვარცმით, და მით გაეთავისუფლებინა იგი დემონთა მძლავრებისგან, გაეწმინდა მისი გონება, სული და სხეული, და დაებრუნებინა მადლი, რომელიც თვითვეა ღმერთთან კაცის დამბრუნებელი (X, 29. С. 157-158; 20. С. 140-141; 27. С. 153-154; IX, 15. С. 85-87).
 
ოღონდ ჯერ ღმერთმა ადამიანი სიკვდილით დასაჯა. თუმცა, ცოდვისთვის მიცემული ეს სასჯელი, თავისი საკვირველი და უდიდესი მოწყალებით, უფალმა გამართლების იარაღად მიაქცია, ასე რომ "სიკვდილი, რომელიც... სიცოცხლის საპირისპიროა, სიცოცხლის მიღწევის საშუალება გახდა" (XIII, 4. С. 293). საერთოდ, ღმერთმა, კაცის მიერ ქვეყნად შემოყვანილი ბოროტება, რომელმაც შერყვნა მისი ცხოვრება, სიკეთედ მიაქცია, ცოდვა კი - სიმართლედ (XI, 17-18. С. 201-203).
 
თითქოსდა ყოველი სიკეთისა და სიყვარულის სრული გადმოღვრის დასასრულს მეფე უფალმა თავის შვილებს მომავალ საუკუნეში ისეთი სიცოცხლე მოუმზადა, რომელშიც მათი ხორცი არ დაექვემდებარება არც სნეულებებს, არც ხრწნილებას, არამედ იგემებს მხოლოდ ნეტარებას და უკვე აღარ განიცდის ჭირსა და უბედურებებს (XIII, 19. С. 318).
 
მაგრამ უფალი სიყვარულითაა სავსე არა მარტო საკუთარი სამეფოსადმი, არამედ მტრების მიმართაც, ვინ მას არ ცნობენ. მან სათნოებებით დააჯილდოვა წარმართი რომაელები, და თავიანთი მამაცობისთვის მსოფლიო სახელმწიფო უბოძა (V, 15. С. 271-272; 19. С. 283; V, 21. С. 287). მან მისცა სამეფო აშურელებს და სპარსელებს (V, 21. С. 287); მარიუსს, გაიუს კეისარს, ავგუსტუსს, ნერონს, ვესპასიანეს, მამას და შვილს, დომიციანეს, იულიანე განდგომილს და სხვებს (იქვე).

იმისდა მიხედვით, თუ რა იყო სასარგებლო რომაელთათვის, ან სწრაფადვე წყვეტდა ომებს, ან აჭიანურებდა მის დასასრულს, დაიხსნა იგი რადაგაისისგან (V, 22-23. С. 288-293). რომის საბოლოო დაცემის დროს (410 წ.), მან დაღუპვისგან ქრისტიანებთან ერთად ქრისტიანთა ტაძრებს შეფარებული მრავალი წარმართი რომაელიც დაიხსნა და ა. შ. (I, 1. С. 3-4; 7. С. 11).
 
აი ასე ეპყრობა დიადი მეფე უფალი თავის ქვეშევრდომებს და, როგორც მზრუნველი მამა, ზრუნავს საკუთარ შვილებზე.
 
გაგრძელება იქნება

წყარო: Учение о Царстве Божием по сочинению блаженного Августина «О Граде Божием» / Священноисповедник Амвросий (Полянский) - Тверь : Изд. Булат, 2003.
 
ნაშრომის ქართული თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 წ.
Назад к содержимому