აპოლოგეტიკა - მართლმადიდებლობის ღალატი კალენდრული რეფორმით 2 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
მართლმადიდებლობის ღალატი კალენდრული რეფორმით
მაცხოვრის შობა
ნაწილი II



ავტორი: ეპისკოპოსი გრიგოლი (გრაბე) († 1995 წ.). ეპისკოპოს გრიგოლის ეს სტატია ინგლისურ თარგმანში დაიბეჭდა ჟურნალში "Orthodox Life" №6, 1983.
 
პუბლიკაცია ქვეყნდება მცირედი შემოკლებით.

ამ აქტის უსამართლობა განსაკუთრებულად ცხადი გახდება, თუ მას შევუფარდებთ გადმოცემასთან ერთობის უცვალებელ მოთხოვნას იმისთვის, რათა ესა თუ სხვა აქტი არ მოწყდეს მართლმადიდებლობას. ამის შესახებ, მისთვის დამახასიათებელი სიცხადით წერს ჩვენი ცნობილი კანონისტი ეპისკოპოსი იოანე სმოლენსკელი. "ამრიგად, აი საეკლესიო რჯულმცოდნეობის სხვა საწყისი, ძირითადი, სახელმძღვანელო: განუხრელი მიყოლა მართლმადიდებელ-კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის წმიდა გადმოცემისადმი... საკუთრივი აზრით, კანონიკურად, ეკლესიურად უნდა ვაღიაროთ მხოლოდ ის, რაც წმიდა გადმოცემაში არსებობს ან მისით განიმარტება, ან კიდევ მისი თანხმიერია; ყოველივე სხვა, რასაც საფუძველი არა აქვს გადმოცემაში და მისი უთანხმოა, თუნდაც ის ამა თუ იმ ქრისტიანული თემის მიერ იყოს მიღებული... კანონიკურად ან საყოველთაო ეკლესიის კუთვნილებად, აქედან კი ჭეშმარიტად არ უნდა იქნას აღიარებული. დასასრულ ყველაფერი, რაც ცვლის გადმოცემას ძირითად უფლებებში და საეკლესიო დადგენილებებში ან ძირს უთხრის მას თავისუფალი აზრის მეშვეობით ან კაცობრივი დადგენილებებით, და აშკარად ეწინააღმდეგება გადმოცემას, უარყოფილ უნდა იქნას, როგორც ცრუ და ანტიეკლესიური" (Архимандрит Иоанн. Опыт Курса Церковнаго Законоведения. СПБ. 1851, разд. 1, стр. 23).
 
ამდენად მნიშვნელოვანია ასტრონომიული სიზუსტე (თანაც, როგორც ვხედავთ, საეჭვოც), რათა მის გამო დავკარგოთ დღესასწაულთა ლოცვითი განცდის ერთობა მთელ მსოფლიოში? ნუთუ, ქრისტეს შობისა და სხვა დღესასწაულთა ერთდროული ზეიმობა არამართლმადიდებელ აღმსარებლობებთან ამართლებს მართალთა განდგომას მართლმადიდებელ ეკლესიათა გადმოცემებისგან? უფრო უარსად გამოსდიოდა პოლონეთის ეკლესიას, ახლა კი ამერიკულ მიტროპოლიასაც, როდესაც ერთსა და იმავე ეპარქიაში ერთი სამრევლო ცხოვრობს იულიანური კალენდრით, და სხვები, იმავე ეპისკოპოსის მმართველობის ქვეშ მყოფნი, გრიგორიანულით. მათი ეპისკოპოსი, თუ მას სურს ეწვიოს თავის სამწყსოს, ერთ სამრევლოში ქრისტეს შობა უნდა იზეიმოს, მეორეში კი ჯერაც საშობა მარხვა უნდა დაიცვას. თვითონ, კი, გამოდის, არც ასე ცხოვრობს და არც ისე.
 
ამერიკული მიტროპოლიის ერთ ეპარქიასი საქმე კიდევ უფრო მეტ პარადოქსებამდე მიდის: ეპისკოპოსის ზოგიერთ სამრევლოში, მისი საკათედო ტაძრის ჩათვლით, მართლმადიდებლები ცხოვრობენ სხვადასხვა კალენდრების მიხედვით, მათი სურვილისამებრ. ეპისკოპოსი შეჰპირდა თავის სამრევლოს, რომ თუნდაც ერთი ქრისტიანი მაინც მოითხოვს მის მრევლში მსახურებას იულიანური კალენდრით - მისი თხოვნა დაკმაყოფილებული იქნება. ძნელი წარმოსადგენია ამაზე უარესი სულიერი პოზიცია. შეიძლება თუ არა ამ უთანხმოებას ვუწოდოთ მართლმადიდებლობა? აქ უბრუნდებიან იმ უწესივრობას, რომლის აღმოფხვრას სიხარულით აუწყებდა მსოფლიოს მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე. კიდევ ერთხელ მოვიტან მის სიტყვებს: "თავად განსაჯეთ თქვენი სიწმიდით, რაოდენ ცუდია და შეუფერებელია ის, რომ ცნობილ დროს ერთნი მარხულობენ, სხვები კი ღრეობენ, და თანაც, პასექის დღეების შემდეგ, ერთნი დროს ზეიმობასა და სიმშვიდეში ატარებენ, სხვები კი დაწესებულ მარხვებს იცავენ". ეს მსჯელობა შეიძლება განვაკუთვნოთ არა მარტო პასექს, არამედ საერთოდ ნებისმიერ დღესასწაულს, დაწყებულს ქრისტეს შობიდან.
 
პირველმა მსოფლიო კრებამ აღმოფხვრა ამგვარი უთანხმოება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის. მაშინ ამ ტერიტორიებზე პასექის ზეიმობა სხვადასხვა დროს აღესრულებოდა, მაგრამ თავში არავის მოსვლია აზრად, რომ ერთი და იმავე ეპარქიის, და მეტიც, ერთი და იმავე სამრევლოს ქრისტიანებს, ერთსა და იმავე ტაძარში, ეცხოვრათ სხვადასხვა კალენდრის მიხედვით. ჭეშმარიტად, ძნელია წარმოიდგინო ასეთი ველური სულიერი არეულობა ერთსა და იმავე თემში. მხოლოდ ეკუმენისტური პრინციპები, რომლებიც არ აღიარებენ უპირობო ჭეშმარიტებას, არამედ ის დაჰყავთ კერძო შეხედულების მდგომარეობამდე, შეიძლება მივიდნენ ასეთ სულიერ აბსურდამდე.
 
ამრიგად, ახალი კალენდრის შესწავლის საკითხს გარდაუვალად მივყავართ დასკვნამდე, რომ მისი შემოტანა თავიდანვე არაკანონიკური იყო და საკუთარ თავში შეიცავდა მართლმადიდებლობის ღალატს. შემდეგში მისდამი მიერთება, კერძოდ კი ახლა, - ეს არის ცოდვილ-არამართლმადიდებლური აქტისადმი მიერთება. არანაირ უმრავლესობას არ ძალუძს შეცვალოს ეს მდგომარეობა, როგორც თავის დროზე მწვალებელთა  უმრავლესობას და მათ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ამა თუ იმ ეკელსიაში, ვერ შეიქმნდა მათ მართლმადიდებლებად.
 
დაე ნუ გვაშინებენ იმით, რომ ახალმესტილეები შეიძლება აღმოჩნდნენ უმრავლესობაში. მართლმადიდებლობა განიზომება არა ამით, არამედ გადმოცემისადმი ერთგულებით, რწმენაში ერთობით და ამ ქვეყნიდან გასულ წმიდა მამათა სწავლებებთან თანამოაზრეობაში. ჩვენ გვწამს, რომ ისინი ჩვენთან არიან, და არა მათი გადმოცემების უარმყოფელებთან. ჩვენ ვხედავტ, როგორ პროგრესირებს მოდერნიზმი და სრულდება მეშვიდე მსოფლიო კრების მეშვიდე კანონის გაფრთხილება, რომლის მიხედვითაც "პირველ ცოდვას მეორე მოსდევს".
 
არ გაგვიკვირდება, თუკი კათოლიკეების საამებლად დადგება მათ მიერ შემოთავაზებული პასექის აღიარების ჯერი, რომელი პასექიც აპრილის მხოლოდ ერთი კვირის საზღვრებში ფიქსირდება. "მომდევნო ცოდვები" უკვე სახეზეა. მაშ, უნდა გაგვიკვირდეს თუ არა, რომ მათ კიდევ მოჰყვებიან სხვადასხვა ცოდვები?

წყარო: Епископ Григорий (Граббе) РПЦЗ. «Церковь и ея учение в жизни». (Собрание сочинений.) Том третий. – Джорданвилль: Тνпография Преп. Íова Почаевскаго, 1992. – С. 173-187.
წმიდა იმპერატორი კონსტანტინე დიდი
წმ. მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდი († 337 .).
 
წერილი ნიკეიდან ეპისკოპოსებს, რომლებიც არ ესწრებოდნენ კრებას

 
მბრძანებელი კონსტანტინე ეკლესიებს და ეპისკოპოსებს, რომლებიც არ ესწრებოდნენ ნიკეის წმიდა და დიდ კრებას, ყველას უსურვებს სიკეთეს.
 
საზოგადოებრივ საქმეთა კეთილი მსვლელობიდან დავინახე, თუ რაოდენ დიდია საღმრთო მადლის ძალა, და პირველ ჩემს მოვალეობად დავისახე მეზრუნა იმაზედ, რათა მსოფლიო ეკლესიის ყველა უნეტარეს თემთა შორის დაცული ყოფილიყო ერთი რწმენა, გულწრფელი სიყვარული და ყოვლისმპყრობელი ღმრთისადმი თანხმიერი მსახურება.
 
მაგრამ, რადგან ეს მანამ ვერ მოწესრიგდებოდა და ვერ მიიღებდა უცვალებელ ხასიათს, სანამ ყველანი, ანუ უკიდურეს შემთხვევაში ეპისკოპოსთა უმეტესობა, არ შეიკრიბებოდა ერთად, და განიხილავდა ყოველ საგანს, რომელიც საღმრთო რწმენასთან იქნებოდა შეხებაში, მეც, ნიკეაში შევკრიბე, რამდენიც შემეძლო, ღმრთისმოყვარე ეპისკოპოსები, და მათ შორის, როგორც თქვენნაირი (არ დაგიმალავთ, რომ დიდ ნუგეშს ვპოვებ თქვენს თანამსახურებაში) დავესწარი კრებას, სადაც ყველაფერი დაქვემდებარებული იყო ჯეროვან გამოკვლევას, ვიდრე ღვთივსათნო აზრი, რომელიც ზედამხედველობს ყველას, ნათელყოფილი არ იქნებოდა ისე, რომ ყველასთვის გაცხადებულიყო და არაფერი აღარ დარჩენილიყო ისეთი, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო უთანხმოებისა ან გაურკვევლობის მიზეზი რწმენის საკითხებში.
 
აქ ასევე გამოკვლეულ იქნა საკითხი პასექის უწმიდეს დღესგან დაკავშირებით, და საზოგადო აზრით კეთილად აღიარებულ იქნა - ყველა ქრისტიანმა, რომელ ქვეყანაშიც გინდ ცხოვრობდეს იგი, ერთსა და იმავე დღეს აღასრულოს პასექის უწმიდესი და მაცხოვნებელი დღესასწაული. რადგან, რა შეიძლება იმაზე მშვენიერი და საზეიმო იყოს, როდესაც დღესასწაული, რომელიც უკვდავების იმედს გვინერგავს, ყველას მიერ განუხრელად არის აღსრულებული, ერთი წესით, და ერთი განგებით?
 
უპირველეს ყოვლისა ურიგოდ იქნა მიჩნეული ამ უწმიდესი დღესასწაულის აღსრულება იუდეველებთან ერთად, რომლებმაც, შეიბილწეს რა საკუთარი ხელი უსჯულო საქმით, სამართლიანად დაისაჯნენ სულიერი სიბრმავით, როგორც უწმინდურნი. უარვყავით რა მათი ჩვეულებები, ბევრად უკეთესი იქნება - მომავალ საუკუნეებშიც გაგრძელდეს ის ჭეშმარიტი წესრიგი, რომელსაც ვიცავთ ჩვენ უფლის ვნებათა დროიდან დღემდე.
 
ამრიგად, დაე ნურაფერი გვექნება საერთო საძულველ იუდეველურ ბრბოსთან. ჩვენ მაცხოვარმა სხვა გზა გვიჩვენა; ჩვენი უწმიდესი ღმრთივპატივისცემისთვის საკადრისია დროის თავისი წეს-რიგი და თავისი რჯული. თუ მას თანხმიერად მივყვებით, საყვარელო ძმებო, თვითონვე განვიშორებთ იუდეველთა სამარცხვინო აზრს ჩვენზე, რომლებიც საშინლად იქებენ თავს, თითქოსდა მათი დადგენილებებისგან დამოუკიდებლად ამისი ქმნა უკვე აღარ ძალგვიძს.
 
მაგრამ როგორ არიან სწორად აზროვნების შემძლენი ისინი, ვინც აღასრულა უფლის მკვლელობა, და შეიშალნენ გონებით? გონივრულად კი არ მიემართებიან ისინი, არამედ შეუკავებლად ილტვიან იქით, საითკენაც ერეკება მათ მტრული ჭკუანაკლებობა. ამიტომაც, მოცემულ შემთხვევაშიც ვერ ხედავენ ისინი ჭეშმარიტებას; ყოველთვის შემცდარნი, ჯეროვანი გამოსწორების ნაცვლად, ერთსა და იმავე წელს პასექს ორჯერ ასრულებენ.
 
რატომ უნდა მივბაძოთ მათ, თუკი ისინი სრულიად ცხადად იმყოფებიან უდიდეს ცდომილებაში? ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ ჩვენში, რომ პასექი ერთსა და იმავე წელს ორჯერ აღესრულოს. ეს ყველაფერი რომც არ შემოგთავაზონ, თქვენი კეთილგონიერება თვითონვე ყოვლად უნდა ზრუნავდეს, რათა თქვენი სულები არაფერში თანაეზიარებოდნენ და უახლოვდებოდნენ ყველაზე უვარგის ადამიანთა ჩვეულებებს.
 
გარდა ამისა, გვმართებს გათვალისწინება, რომ უთანხმოება ასეთ საქმეში და რწმენის ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულთან დაკავშირებით უკიდურესად შეუფერებელია ღვთისმოსაობასთან. ჩვენმა მაცხოვარმა მოგვცა ერთი დღე ჩვენი გათავისუფლების საზეიმოდ, ანუ დღე მისი წმიდა ვნებების აღსანიშნად, და კეთილინება გვქონოდა ერთი საყოველთაო თავისი ეკლესია, რათა მისი წევრები, როგორც გინდ გაფანტულნი ყოფილიყვნენ სხვადასხვა ადგილებში, ერთი სულით და ერთი საღმრთო ნებით გამთბარიყვნენ.
 
თავად განსაჯეთ თქვენი სიწმიდით, რაოდენ ცუდია და შეუფერებელია ის, რომ ცნობილ დროს ერთნი მარხულობენ, სხვები კი ღრეობენ, და თანაც, პასექის დღეების შემდეგ; ერთნი დროს ზეიმობასა და სიმშვიდეში ატარებენ, სხვები კი დაწესებულ მარხვებს იცავენ. ამიტომაც ღვთაებრივმა განგებულებამ ინება, რათა ეს ყველაფერი ჯეროვნად გასწორებულიყო და ერთი წესის ქვეშ მოქცეულიყო, რასაც, როგორც ვფიქრობ, ყველა დაეთანხმება. ხოლო როდესაც ეს ყველაფერი უნდა გასწორებულიყო ისე, რათა არაფერი საერთო არ დაგვრჩენოდა მამისმკვლელებთან და უფლისმკვლელებთან, ყველას მიერ გადაწყდა მიღებულ ყოფილიყო ის წესრიგი, რომელიც საუკეთესოა და ღვთივსათნო, რომელსაც იცავს ყველა ეკლესია, როგორც იმპერიის დასავლეთში, სამხრეთსა და ჩრდილოეთ ოლქებში, და რომელსაც არ მიჰყვებიან მხოლოდ აღმოსავლეთის ზოგიერთი ეკლესიები.
 
ვფიქრობ, ეს სასიამოვნო იქნება თქვენი კეთილგონიერებისთვისაც: ჩვენი გონივრულობა, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მიიღებს იმას, რაც ერთხმად და შეხმატკბილებით არის დაცული რომსა და იტალიაში, მთელ აფრიკაში, ესპანეთში, გალიასა და ბრიტანეთში, ეგვიპტესა და ლიბიაში, მთელ საბერძნეთში, აზიის, პონტოს და კილიკიის ოლქებში; მხედველობაში გვაქვს არა მარტო ეკლესიათა უმრავლესობა დასახელებულ ადგილებში, არამედ ისიც, რომ საერთო თანხმობა უპირატესად ამ საკითხში ყველასთვის უწმიდესი საქმე უნდა იყოს. და, ვფიქრობ, ჯანსაღი აზრიც იგივეს ითხოვს, რათა არაფერი გვქონდეს საერთო ფიცის გამტეხ იუდეველებთან.
 
მოკლედ რომ ვთქვათ: საერთო მსჯავრით დაწესებულია, - პასექის უწმიდესი დღესასწაული ყველამ ერთსა და იმავე დღეს იზეიმოს. უკადრისობაა უთანხმოება ესოდენ წმიდა საგნის მიმართ, და უმჯობესია მივდიოთ ისეთ დადგენილებას, რომელშიც უცხო ცდომილებისა და ცოდვის უმცირესი შენარევიც კი არ მოიპოვება. ესოდენ მრავალი წმიდა ეპისკოპოსის ღმრთითშთაგონებული განსჯით მხიარულად შეიწყნარეთ, როგორც უზენაესი ნიჭი და ჭეშმარიტად საღმრთო მცნება: რადგან ყველაფერი, რაც კი ეპისკოპოსთა წმიდა კრებაზე დადგინდა, საღმრთო ნებას უნდა მიეწეროს.
 
ამრიგად, გამოუცხადებთ რა კრების დადგენილებას ჩვენს ყველა საყვარელ ძმას, მოქმედებაში უნდა მოიყვანოთ როგორც ის, რაზეც ადრე იყო მსჯელობა, ანუ საყოველთაო რწმენის ხსენებული ხატება, ასევე პასექის უწმიდესი დღის დაცვა. ეს მსურს მე იმისთვის, რათა, - როდესაც აღსრულდება ჩემი დიდი ხნის წინანდელი ოცნება - პირადად ვიხილო თქვენი სიყვარული, თქვენთან ერთად, ერთსა და იმავე დღეს, ვიზეიმო უწმიდესი დღესასწაული და თქვენთან ერთად ვიხარო ყოველთათვის, რათა, ვხედავთ რა ეშმაკის სისასტიკეს, რომელიც დათრგუნულია ჩვენი საქმეებით და ღმრთის მადლის წყალობით, ყველგან გაიფურჩქნოს ჩვენი რწმენა, მშვიდობა და ერთსულოვნება, რომ მეც თქვენთან ერთად აღვავლინო გალობა ყოველთა სიკეთის მომნიჭებლისა და მაცხოვარი ღმრთისადმი.
 
დაგიცვათ ღმერთმა საყვარელნო ძმანო!
ძველი საეკლესიო კალენდარი
ორიოდ სიტყვით ძველი კალენდრული სტილის შესახებ
  
საკითხი იმის შესახებ, თუ რომელი კალენდრით გვმართებს ცხოვრება, ლოცვა და თანმიმდევრულად მარადიული ცხონების აღსრულება, ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური საკითხია. საქმე იმაშია, რომ მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის საბჭოურ რუსეთში, მიღებული გრიგორიანული კალენდარი (ანუ ის, რასაც ჩვენ ახალ კალენდრულ სტილს ვუწოდებთ) ასტრონომიის თვალსაზრისით წინააღმდეგობაში მოდის თანამედროვე მეცნიერებასთან, რის გამოც იულიანური კალენდრით (ძველი სტილით, რომლითაც სარგებლობს ეკლესია) დღეთა ათვლა ყველა ქრონოლოგიური გათვლის საფუძველში ძევს.
 
მზისა და მთვარის დაბნელებები, ცვალებად ვარსკვლავთა მაქსიმუმები და მინიმუმები, და მრავალი სახვა ასტრონომიული მოვლენები მზიური დღე-ღამის განსაზღვრული დადებითი რიცხვით შეგვიძლია მხოლოდ იულუანური დღეების ათვლით გამოვხატოთ. ცნობილმა მეცნიერმა კოპერნიკმა უარი თქვა პაპ გრიგოლ XIII-ის რეფორმაში მონაწილეობის მიღებაზე, მეცნიერმა ასტრონომმა ჟოზეფ სკალიგერმა, რომლის ნაშრომებს დღემდე უზარმაზარი მნიშვნელობა აქვთ მსოფლიო ქრონოლოგიისთვის, იულიანური ქრონოლოგიური სისტემის დასაცავად გამოვიდა.
 
რუსი მეცნიერები ბოლოტოვი, მენდელეევი, პრედტეჩენსკი, - ყველანი, გამონაკლისის გარეშე, იულიანური კალენდრის მომხრეები იყვნენ. ასე, მაგალითად, ვ. ვ. ბოლოტოვი, თავისი დროის  უგანათლებულესი ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა რუსეთში კალენდრის რეფორმის საკითხთან დაკავშირებულ კომისიაში, ამბობდა: "რუსეთში იულიანური სტილის გაუქმებას უკიდურესად არასასურველად მივიჩნევ. მე ადრინდელივით პრინციპული პატივისმცემელი ვარ იულიანური კალენდრისა. მისი უკიდურესი სიმარტივე წარმოადგენს მის სამეცნიერო უპირატესობას ყოველგვარი სხვა გასწორებული კალენდრების წინაშე. ვფიქრობ, რომ რუსეთის კულტურული მისია ამ საკითხში მდგომარეობს იმაში, რომ კიდევ რამოდენიმე ასწლეულით შევინარჩუნოთ იულიანური კალენდარი და, მით, გავუადვილოთ დასავლელ ხალხებს სრულიად არასაჭირო გრიგორიანული კალენდრიდან შეურყვნელ ძველ სტილთან დაბრუნება".
 
ცნობილი თანამედროვე რუსი მეცნიერი ა. ნ. ზელინსკი ამ საკითხთან დაკავშირებით თავის წიგნში "ძველრუსული კალენდრის კონსტრუქციული პრინციპები", წერს: "გვიანდელი რომაული პასქალია, რომელიც დღეს დასავლეთის ეკლესიის მიერაა მიღებული, ალექსანდრიულთან შედარებით იმდენად მძიმეწონიანია და მოუხერხებელი, რომ გვაგონებს იაფფასიან სურათს იმავე საგანზე შექმნილ მხატვრულ ტილოსთან შედარებით".
 
ხოლო საეკლესიო სწავლებასთან მიმართებაში გრიგორიანულმა კალენდარმა კავშირი გაწყვიტა საეკლესიო გადმოცემასთან, გაქელა ნიკეის პირველი მსოფლიო კრების კანონები პასექის ზეიმობასთან დაკავშირებით, კრებისა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა რომის საპატრიარქოც.
 
"ჩვენმა რწმენამ დასაბამი მიიღო არა კაცთაგან ან კაცის მიერ, არამედ იესუ ქრისტეს გამოცხადებით, რომელსაც ქადაგებდნენ ღვთაებრივი მოციქულები და, რომელიც დაამტკიცეს მსოფლიო კრებებმა. ეს რწმენა შთამომავლობას გადასცეს მსოფლიოს დიდმა ბრძენმა მოძღვრებმა და თავისი სისხლით აღბეჭდეს წმიდა მოწამეებმა. მაშ, მივყვეთ იმ აღმსარებლობას, რომელიც ესოდენ წმიდა კაცთაგან მიგვიღია, და უარვყოთ ყოველგვარი სიახლე, როგორც ეშმაკის შთაგონება" (Из Окружного послания четырех Восточных Патриархов 1848 г.).
 
რაც შეეხება ზოგიერთ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელთაც გრიგორიანული კალენდარი შეიწყნარეს, ოღონდ იულიანური პასქალიის შენარჩუნებით, ამ ეკლესიებმა შესცოდეს ლოცვითი კრებითობის წინააღმდეგ, რაც უმძიმესი ცოდვაა ეკლესიის ერთობის წინაშე. ეს არის ცოდვა თვით ეკლესიის წინააღმდეგ, ცოდვა, რომლის შედეგები ყოველდღიურად ტრაგიკულად იზრდება.
 
დღემდე ისტორიულ გამოცანად რჩება - რომის პაპის მეცნიერმა მრჩეველებმა, რომლებმაც იცოდნენ თავიანთი რეფორმის ყველა ამ შეცდომისა და არასრულყოფილებების შესახებ, მაინც განახორციელეს იგი.
 
მსოფლიო ისტორიაში არსებობს კიდევ ერთი გამოცანა - რატომ უეცრად არ დაესხა თავს დაუცველ რომს ჰანიბალი იმის შემდეგ, რაც რომაული ლეგიონები ტრაზიმენის ტბასთან გაანადგურა და ამ დაუძინებელ მტერს ბოლო არ მოუღო. ამ შემთხვევაში მსოფლიოს სულიერი ისტორია გვკარნახობს, რომ რომი ღმრთის განგებულებით განკუთვნილი იყო იმპერიის დედაქალაქად, რომელსაც ქრისტეს შობისას ერთგვარი აკვნის როლი უნდა შეესრულებინა, და რომლის შესახებ სამახარობლო უწყება რომის, ამ ორგანიზებული სახელმწიფოს გზებით მთელ მსოფლიოსაც მოსდებოდა.
 
ღმერთმა ჰანიბალს რომის განადგურება აუკრძალა!
 
კალენდრის რეფორმის დროსაც, რომმა, მოწყდა რა ყველა მართლმადიდებლურ საპატრიარქოს, იგრძნო თავისი სულიერი სიმარტოვე, თავისი მიტოვებულობა და სიცივე, და შპყრობილივით დაიწყო თავისი პრიმატისა და თავისი მსოფლიო მნიშვნელობის გაძლიერება.
 
რომის სულის ამ ვნებიანმა მოძრაობამ აიძულა იგი წასულიყო სამეცნიერო სიცხადის, საეკლესიო გადმოცემისა და კანონების წინააღმდეგ. ჩვენი ვნებები გონებას, ლოგიკას და ცოდნას ქედის მოდრეკას აიძულებენ. სავარაუდოდ, სწორედ ეს ემართება არა მარტო თითოეულ ადამიანს, არამედ მთელ საზოგადოებასაც, ერსაც და ცალკე აღებულ ადგილობრივ ეკლესიასა და კულტურასაც. როგორც კალენდრული რეფორმის შედეგი, რომმა თავისი სულიერების მთელი ცენტრი და საღვთისმსახურებო ცხოვრება პასექიდან ქრისტეს შობაზე გადაიტანა, რის გამოც დექრისტიანიზაციის პროცესმა მთელი დასავლური სამყარო მოიცვა და სრული აპოსტასიის შემაშფოთებელ მასშტაბებს იძენს.
წმ. მთავარმოციქულები პეტრე და პავლე
ახალმესტილეები - პეტრე-პავლობის მარხვის გარეშე
 
ჩვენი წმიდა ეკლესიის ძველი დადგენილებების მიხედვით, რომელიც დასაბამს თვით მოციქულთა დროიდან იღებს, ყველა წმიდათა კვირიაკის შემდგომ ორსაბათს, რომელიც სულთმოფენობას მოსდევს, იწყება მარხვა, რომელიც მოციქულთა სახელს ატარებს, ანუ პეტრე-პავლობის მარხვას უწოდებენ, რადგან ემსახურება მორწმუნეთა მომზადებას წმმ. მთავარმოციქულთა პეტრეს და პავლეს დღესასწაულის საზეიმოდ, რომელიც 29 ივნისს აღინიშნება. რადგან მისი დასაწყისი დამოკიდებულია პასექის (აღდგომის) ზეიმობაზე, სხვადასხვა წელს არათანაბარი ხანგრძლივობისაა: ყველაზე ადრეული პასექის შემთხვევაში - ექვსი კვირა, ხოლო ყველაზე გვიანდელის შემთხვევასი - ერთი კვირა და ერთი დღე.
 
იმ დროისთვის, როდესაც დგება გვიანდელი პასექი, მართლმადიდებლური ადგილობრივი ეკლესიები, რომლებმაც, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, თავიანთ პრაქტიკაში გრიგორიანული კალენდარი დაამკვიდრეს, პეტრე-პავლობის მარხვა დაკარგეს. იგივე ხდება ყოველთვის, როდესაც პასექი უწევს 20 აპრილს და გვიან: პეტრე-პავლობის მარხვა ახალმესტილეებში სრულიად იკარგება.
 
რამდენად მოსათმენია ასეთი მოვლენა?
 
არავითარ შემთხვევაში. წმმ. მოციქულთა საპატივცემოდ დაწესებულ საეკლესიო მარხვის შესახებ, რომელი მოცეიქულებიც მარხვითა და ლოცვით ამზადებდნენ საკუთარ თავს სახარების საქადაგებლად, ლაპარაკია ჯერ კიდევ მოციქულთა დადგენილებებში: "სულთმოფენობის შემდეგ იზეიმეთ ერთი კვირა, შემდეგ კი იმარხულეთ: სამართლიანობა მოითხოვს ვხარობდეთ ღმრთისგან ნიჭების მიღებას და ვმარხულობდეთ ხორცის შესვენების შემდეგ" (წიგნი 5, თ. 19).
 
IV ს-იდან მოყოლებული, ჩვენ ვხვდებით წმიდა მამათა მთელ რიგ მოწმობებს, რომლებიც ხაზს უსვამენ უდიდეს პატივისცემას, რომლითაც სარგებლობდა ეს მარხვა იმ დროის ქრისტიანთა შორის. მას ახსენებენ წმ. ათანასე დიდი, ამბროსი მედიოლანელი, ლეონ დიდი და თეოდორიტე კვირელი. განსაკუთრებული დეტალიზაციით და გასაგებად ლაპარაკობს წმ. პეტრე-პავლობის მარხვის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე წმ. პაპი ლეონ დიდი:
 
"ორმოცდაათ დღიანი ზეიმობის შემდეგ მარხვა განსაკუთრებულად აუცილებელია, რათა მისი ღვაწლით განვიწმინდოთ აზრები და სულიწმიდის ნიჭთა მიღების ღირსნი შევიქნათ" (სიტყვა 76).
 
"ამ დღდესასწაულს, საყვარელნო, - ამბობს ის თავის სხვა სიტყვაში, - რომელიც სულიწმიდამ აკურთხა თავისი გარდამოსვლით, ჩვეულებისამებრ იწყება სახალხო მარხვა, რომელიც კეთილგონივრულად დაწესდა სულისა და ხორცის საკურნებლად, და ამიტომ ისიც ჯეროვანი ღვთისმოსაობით ჩატარებას ითხოვს. რადგან არ ვეჭვობთ, რომ იმის შემდეგ, რაც მოციქულები ზეგარდმო აღთქმით აღივსნენ, და ჭეშმარიტების სული ჩასახლდა მათ გულებში, ზეციური სწავლების სხვა საიდუმლოებებთან ერთად, ნუგეშინისმცემელის შთაგონებით, მოცემული იქნა ასევე სწავლება სულიერი თავშეკავების შესახებ, რათა მარხვით განწმენდილი გულები მადლისმიერ ნიჭთა მიღების შემძლენი იყვნენ. მართალია, ყოვლისშემძლე თავისი შემწეობით მუდამ ქრისტეს მოწაფეებთან იყო და ახალშობილი ეკლესიის წინამძღვრებს მართავდა მამა ღმერთი, ძე და სულიწმიდა: მათთვის მაინც საჭირო იყო განსაკუთრებული ძალა, რათა წინ აღდგომოდნენ მდევნელთა მომავალ ძალისხმევებს და უკეთურთა გააფთრებულ მუქარებს, რასაც ისინი გაფუფუნებული სხეულითა და გამძღარი ხორცით ვერ იზამდნენ; რადგან ის, რაც ატკბობს გარეგან ადამიანს, უმეტესად ანგრევს შინაგანს, და პირიქით, გონიერი სული მით უფრო განიწმინდება, რაც უფრო ითრგუნება ხორცი.
 
ამიტომაც, წინამძღვრები, რომლებიც თავიანთი მაგალითითა და დარიგებებით ანათლებდნენ ეკლესიის შვილებს, ქრისტესთვის აღებულ ღვაწლს წმ. მარხვით აღნიშნავდნენ, რათა სულიერი გარყვნილების წინააღმდეგ გამოსულებს, ამ ბრძოლისთვის შეაბამისი იარაღი ჰქონოდათ თავშეკავების სახით, რომლითაც ცოდვისმიერ მოსურვებებს სპობდნენ... სწორედ ამ მიზეზით დაწესდა უცვალებელი და მაცხოვნებელი ჩვეულება, წმიდა და სასიხარულო დღეების შემდეგ, რომელსაც მკვდრეთით აღმდგარი და ზეცად ამაღლებული უფლის საპატივცემოდ ვზეიმობთ, იმის შემდეგ, რაც სულიწმიდის ნიჭებს მივიღებთ, მარხვის სარბიელი დადგეს. ეს ჩვეულება ბეჯითად უნდა იქნას დაცული იმისთვის, რათა ყველაში გამყარდეს ის ნიჭები, რომლებიც ღმრთისგან ებოძა ეკლესიას" (სიტყვა 74).
 
"ეს მარხვა იმისთვის არის ნამცნები, - განმარტავს წმ. ლეონ დიდი, - რათა დაგვიცვას უდარდელობისგან, რომელშიც ძალიან იოლად შეიძლება შთავვარდეთ ხანგრძლივი ხსნილობის შემდეგ, რომლითაც ვსარგებლობდით, რადგან ჩვენი ხორცის ნიადაგი თუ მუდმივად არ დავამუშავეთ, ის იოლად მიეცემა ეკალ-ბარდებს და ისეთ ნაყოფს გამოიღებს, რომელსაც ბეღლებში არ ინახავენ, არამედ გარეთ ყრიან და წვავენ" (სიტყვა 4).
 
აი, რას ამბობს მოციქულთა მარხვის შესახებ ნეტ. სიმეონ თესალონიკელი: "მოციქულთა მარხვა - დაწესებულია მათვე საპატივცემოდ, რადგან მათ მიერ გავხდით მრავალი სიკეთის ღირსნი, და ისინი იყვნენ ჩვენთვის მარხვისა და მორჩილების მოღვაწეები და მოძღვრები, ვიდრე სიკვდილამდე. ამას უნებლიედ ლათინებიც ადასტურებენ, როდესაც მარხვით მოციქულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ; მაგრმა ჩვენ, მოციქულთა დადგენილებების თანახმად, რომელიც კლიმენტმა შეადგინა, სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ერთი კვირა ვზეიმობთ, შემდეგ კი მარხვით მივაგებთ პატივს ჩვენთვის მარხვის დამწესებელ მოციქულებს" (პასუხები ზოგიერთ შეკითხვაზე).
 
ყოველივე ზემოთთქმული, როგორც ვხედავთ, ახალმესტილეებმა უგულებელყვეს, მიუხედავად ანათემისა, რომელიც ანტიოქიის პატრიაქმა თეოდორ ბალსამონმა გამოთქვა XII საუკუნეში და, რომელიც ანტიოქიის ეკლესიისადმი მიწერილ ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში წერდა: "პეტრესა და პავლეს დღესასწაულამდე შვიდი დღითა და მეტით ყველა მართალი, ანუ ერისკაცი და მონაზონი ვალდებულია იმარხულოს, და ვინც არ იმარხულებს მართლმადიდებელ ქრისტიანთა თანაზიარობისგან განიკვეთოს".
 
ყველა ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანს, რომელთათვისაც "ქრისტიანობა" ოდენ ცარიელი და შინაარსს მოკლებული სიტყვა არ არის, არამედ ნამდვილად მიყოლაა სახარებისა, რომელიც მოღვაწეობას ითხოვს, აუცილებელია ახსოვდეს, რომ ახალი სტილის შემოტანა მართლმადიდებლურ ეკლესიაში - მხოლოდ ერთ-ერთი რეფორმაა, რომელსაც კონსტანტინოპოლის ავადსახსენებელი პატრიარქი მელეტი IV იზრახავდა. ამ რეფორმათა შორის, ახალ სტილთან ერთად, ჩვენს "ცოცხალმეეკლესიეთა" (живоцерковники) (1) და "განმაახლებელთა" სულისკვეთებით, იხსენიებოდა მოდერნისტებისთვის დღემდე საოცნებო: ცოლიანი ეპისკოპატი, სასულიერო პირთა მეორედ ქორწინება, მონაზვნობის გაუქმება, მარხვების გაუქმება, ღვთისმსახურების შემოკლება, საერო ტანისამოსის ტარების უფლება სასულიერო პირთათვის და საერო იერის მიცემა სასულიერო დასის წარმომადგენელთათვის, და სხვა.
 
__________________
 
1. საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებრივი ორგანოების აქტიური მონაწილეობით, 1922 წლის მაისში აღმოცენდა მართლმადიდებელ მღვდელმსახურთაგან შემდგარი რეფორმატორულ-განმაახლებლური ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს "ცოცხალ ეკლესიას" (Живая церковь)  უწოდებდა. აქედან მომდინარეობს მათი ზედწოდებაც: "ცოცხალმეეკლესიენი" (რუს.: живоцерковники). - "აპოკ." რედ.
 
__________________
 
მაშ, განა ნათელი არ არის ყოველი მღვიძარე და საღად მოაზროვნე ქრისტიანისთვის, რომ ყველა ეს რეფორმა, ახალ სტილთნ ერთად, რომელმაც ფაქტობრივად გააუქმა ერთ-ერთი მარხვა, საჭიროა იმისთვის, რომ ქრისტიანობაში გაუქმდს თვით ქრისტე მაცხოვრის მიერ ნამცნები "ვიწრო გზა" და, მის ნაცვლად, დაწესდეს "გზა ფართე და იოლად სავალი", რომელსაც ადამიანები წარწყმედამდე მიჰყავს? ვინ შეიძლება იყოს ასეთი რეფორმების სულისჩამდგმელი?



წყარო: Архиепископ Аверкий (Таушев) РПЦЗ. «Современность в свете слова Божия». «Новостильники – без Петрова поста». – К 25-летию служения в Америке в Свя́то-Тро́ицком монастыре. – «Слова и речи». Том I.

1951-1960 гг. – Jordanvиlle: Тνпография Преп. Íова Почаевскаго, 1975. – С. 181-183.

წყარო: oseraphim.livejournal.com

პუბლიკაცია ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.
Назад к содержимому