Перейти к контенту

აპოლოგეტიკა - ნეტ. ავგუსტინე. ღვთის ქალაქის შესახებ - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
ნეტ. ავგუსტინე

ღვთის ქალაქის შესახებ

(რჩეული ადგილები ნეტ. ავგუსტინეს შრომიდან "საღვთო ქალაქის შესახებ")
ზეციური ქალაქი იერუსალემი
 
 
წიგნი I
 
 
წინასიტყვაობა
 
წინამდებარე ნაწარმოების მიზნისა და შინაარსის შესახებ
 
შენ მიერ ჩაფიქრებულ ამ თხზულებაში, უსაყვარლესო ჩემო შვილო მარცელინუს, ჩემ მიერ ნაკისრი აღთქმისა და ვალდებულების ძალით, ამოცანად დავისახე დამეცვა ღვთის ქალაქი – ყოვლად სახელოვანი, როგორც დროის ამ მდინარებაში, როცა ის მოგზაურობს უღვთოთა შორის და "ცოცხლობს რწმენით" (ამბაკ. 2:4), ასევე იმ მარადიულ ცხოვრებაში, რომელსაც იგი ამჟამად "მოთმინებით ელის" (რომ. 8:25), – იმ რწმენით, რომ "სამართალი სიმართლესთან დაუბრუნდება" (ფს. 93:15), რომელსაც ის უთუოდ მიიღებს მისი უდავო უპირატესობის ძალით; დამეცვა იმათ წინაშე, რომლებიც თავიანთ ღმერთებს ამ ქალაქის დამაარსებელზე მაღლა აყენებენ. დიდი და მძიმეა ეს შრომა, მაგრამ "ღმერთია ჩვენი შემწე" (ფს. 61:9).
 
ვიცი, რა ძალებია საჭირო ამაყთა დასარწმუნებლად, როგორი დიდია თავმდაბლობის ღირსება, რომლის წყალობითაც ყველა მიწიერ სიდიადეს, რომელიც დროის ცვალებადობით ირყევა, აღემატება არა ადამიანური ქედმაღლობით მითვისებული სიმაღლე, არამედ ის, რომელიც საღვთო მადლით არის ბოძებული. რამეთუ ამ ქალაქის, რომელზეც ჭეშმარიტების თქმა ჩავიფიქრეთ, მეფემ და დამაარსებელმა თავის წმინდა წერილში ერებს გამოუცხადა საღვთო კანონის განჩინება, რომელშიც ნათქვამია: "ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს" (იაკ. 4:6; 1პეტ. 5:5). მაგრამ ამაყი სულის ქედმაღლობა ღმრთის საკუთრების მითვისებას ცდილობს და უყვარს, რათა სადიდებლად შერაცხონ მისთვის: "მოწყალეა მორჩილთა მიმართ, ამაყთ კი ამხობს" (Virg. A_Eneid, 6, v. 853).
 
ამიტომ, რამდენადაც მოითხოვს ამას ჩემ მიერ წამოწყებული შრომა და რამდენადაც ამის საშუალება არსებობს, არ შეიძლება დუმილით ავუაროთ გვერდი მიწიერ ქალაქსაც, რომელიც ბატონობისკენ მიისწრაფვის, თავად კი – იმ ვნების ბატონობის ქვეშ იმყოფება, რომელსაც ექვემდებარებიან ხალხები.


თავი 1. ქრისტეს სახელის მტრების შესახებ, რომლებიც ბარბაროსებმა რომის აოხრებისას ქრისტეს გულისთვის შეიწყალეს.
 
სწორედ ამ ქალაქიდან გამოდიან ის მტრები, რომელთაგანაც უნდა დავიცვათ ღვთის ქალაქი. მათგან ბევრი, თავისი უღვთო ცდომილების გამოსწორებით, მთლიანად ამ ქალაქის ღირსეულ წევრად იქცა, მაგრამ ბევრნი ისეთი სიძულვილით არიან ანთებულნი მისდამი და ისეთი უმადურები არიან მისი გამომსყიდველის აშკარა საქმეებისადმი, რომ დღემდე აღმართავენ თავიანთ ენებს მის წინააღმდეგ თუნდაც იმიტომ, რომ, მტრის მახვილს გამოექცნენ, და თავიანთი სიცოცხლე, რომლითაც ამაყობენ, სწორედ მის წმიდა ადგილებში იხსნეს (1).
 
______________
   
1. აქ და შემდეგაც ლაპარაკია 410 წ-ს რომის აღებასა და მის გაძარცვაზე ვესტგოთების მიერ, რომელთაც მეთაურობდა ალარიხი. უმეტესწილად იყვნენ რა ქრისტიანები, ვესტგოთებმა ხელი არ ახლეს ქრისტიანულ სიწმიდეებს და დაინდეს იქ შეფარებული მოქალაქეები.
 
______________
 
განა სწორედ ის რომაელები არ არიან მტრულად განწყობილნი ქრისტეს სახელის მიმართ, რომლებიც ბარბაროსებმა ქრისტეს გულისთვის შეიწყალეს? ამას მოწმობს მოწამეთა ადგილები და მოციქულთა ბაზილიკები, რომლებმაც რომის აოხრებისას შეიფარეს, როგორც თავისიანები, ისე უცხოებიც. მათ ზღურბლამდე მძვინვარებდა სისხლისმსმელი მტერი; იქ ჩერდებოდა მკვლელის მრისხანება; მოწყალე მტრებს იქ მიჰყავდათ ისინი ვინც ამ ადგილების გარეთ შეიბრალეს, რათა სხვები არ დასხმოდნენ თავს – კერძოდ ისინი, ვისაც მსგავსი თანაგრძნობა არა გააჩნდათ. იმათშიც კი, ვინც სხვაგან, მტრის ჩვეულებისამებრ, კლავდა და მძვინვარებდა, მას შემდეგ, რაც მივიდოდნენ იქ, სადაც აკრძალული იყო ომის ნებადართული სისასტიკე, მთელი მრისხანება იკლებდა და ქრებოდა სამხედრო ნადავლის მოპოვების სიხარბე.
 
ასე გადარჩნენ მრავალნი, რომლებიც ახლა ლანძღავენ ქრისტიანულ დროებას, და ყველა იმ გასაჭირს, რაც მათმა ქალაქმა გადაიტანა, ქრისტეს აბრალებენ, ხოლო ყოველგვარ ცხოვრებისეულ კეთილდღეობას, რომელიც ქრისტეს საპატივცემოდ მიეცათ, არა ჩვენს ქრისტეს, არამედ – თავიანთ ფატუმს მიაწერენ.
 
მაგრამ, მათში საღი აზროვნების მარცვალიც რომ არსებობდეს, ვალდებულნი იქნებოდნენ, ყოველივე, რაც მკაცრი და სასტიკი მტრისგან განიცადეს, საღვთო განგებისთვის მიეწერათ, რომელიც, ადამიანთა გარყვნილ ზნეობას, ჩვეულებრივ, ომებით ასწორებს და ასუფთავებს, ხოლო მოკვდავთა სამართლიან და საქებარ ცხოვრებას ამ წარუმატებლობებით სცდის და გამოცდის შემდეგ ან უკეთეს სამყაროში გადაჰყავს ისინი, ან კიდევ ამ ქვეყნად სხვათა სასარგებლოდ აყოვნებს.
 
ხოლო მათ, – ომის ჩვეულების საწინააღმდეგოდ, სისხლისმსმელმა ბარბაროსებმა ქრისტეს სახელის გულისთვის მისდამი მიძღვნილ ადგილებში რომ შეიწყალეს – ქრისტიანული ჟამისთვის უნდა მიეწერათ თავიანთი გადარჩენა და ამისთვის ღმრთის მადლობელნი უნდა ყოფილიყვნენ, დრათა თავი აერიდებინათ მარადიულ ცეცხლისთვის და ჭეშმარიტად მიმხრობოდნენ მის სახელს – იმ სახელს, რომელიც ბევრმა მზაკვრულად გამოიყენა, თავიდან რომ აერიდებინა გარდაუვალი აღსასრული. რადგან იმათ შორის, რომლებიც ასე თავხედურად და უსირცხვილოდ დასცინიან ქრისტეს მონებს, ბევრია ისეთი, ვინც ვერ აიცილებდა ამ წარწყმედასა და განადგურებას, სიყალბით ქრისტეს მონებად რომ არ წარმოეჩინა თავი; და აჰა, უმადური სიამაყითა და უკეთური უგუნურებით, მარადიულ ბნელში დასასჯელად, თავიანთი გარყვნილი გულით გამოდიან მისი სახელის წინააღმდეგ – იმ სახელის წინააღმდეგ, რომელსაც ცრუ ბაგეებით მიმართეს, დროებითი ნათლით რომ ესარგებლათ!

 
თავი 2. იმის შესახებ, რომ არასოდეს ჩატარებულა ისეთი ომი,
სადაც დამპყრობლებს დამარცხებულები დაენდოთ იმათი ღმერთების გულისთვის, ვინც დაამარცხეს.
 
არაერთი ომია აღწერილი, როგორც რომის დაარსებამდე, ისე მის შემდეგ, იმპერიის ხანაშიც: მოძებნონ და თქვან, აუღიათ თუ არა უცხოტომელებს რომელიმე ქალაქი ისე, რომ მტრებმა, რომლებმაც ის აიღეს, შეიბრალეს ისინი, ვინც საკუთარი ღმერთების ტაძრებს თავი შეაფარეს; ან ბარბაროსთა რომელიმე ბელადს ებრძანოს, ქალაქში შეჭრისას, არავინ მოეკლათ, ვინც ამა თუ იმ ტაძარს შეაფარებდა თავს? განა არ იხილა ენეოსმა, როგორც პრიამუსმა საკურთხეველზე, "რამეთუ ამის შემდეგ თავისი სისხლით შეღება ცეცხლი წმიდათა შესაწირავთა" (Virg. A_Eneid 2, v. 502)? ან განა დიომიდემ და ოდისევსმა არ მოიპარეს უწმიდესი ხატება, ჯერ წმიდა ტაძრის მცველები რომ დახოცეს; ხელები კი სისხლით შეიღებეს, და გაბედეს ქალღმერთის წმიდა კვართს შეხებოდნენ" (Ibid, v. 166–168).
 
და მაინც, ის იყო სიცრუე, რაზეც მოგვითხრობენ: ამის შემდეგ, შეირყა რა, შესუსტდა აქეველთა იმედი – რადგან მას შემდეგ მათ გაიმარჯვეს; ამის შემდეგ მათ ტროა ცეცხლითა და მახვილით ააოხრეს; ამის შემდეგ პრიამუსს, რომელიც საკურთხეველს აფარებდა თავს, თავი მოჰკვეთეს. რა დაკარგა მინერვამ მანამ, რომ დაიღუპა? განა საკუთარი მცველები არ დაკარგა? მართლაც, ქანდაკების წაღება მხოლოდ მათი დახოცვის შემდეგ შეიძლებოდა. რადგან ქანდაკება კი არ იცავდა ხალხს, არამედ ხალხი იცავდა ქანდაკებას. მაშ, რისთვის ევედრებოდნენ მას, რათა დაეცვა სამშობლო და მოქალაქენი, თუკი არ ძალუძდა საკუთარი მცველების შენარჩუნებაც?
 
 
თავი 7. იმის შესახებ, რომ ყოველივე სასტიკი, რაც რომის აოხრებისას მოხდა, ომის ჩვეულებისამებრ მოხდა;
ხოლო რაც შემწყნარებლურად კეთდებოდა, ქრისტეს სახელის ძლიერებისგან იყო.
 
ამდენად, ყოველი ეს აოხრებანი, მკვლელობანი, ძარცვანი, ხანძრები, ტანჯვანი, რომლებიც რომის უკანასკნელი დამარცხების დროს აღსრულდა – წარმოშვა ომის ჩვეულებამ. ხოლო ის, რაც მოხდა ახალი ჩვეულებისამებრ: კერძოდ, ომისთვის უჩვეულო წესით მოთვინიერდა ბარბაროსული აღვირახსნილობა; რომ თავშესაფარი იმ ხალხისათვის, რომელიც უნდა დაენდოთ, გამოირჩა და ფართო ბაზილიკები მიეთითათ, სადაც არავინ მოუკლავთ, საიდანაც არავინ დაუტყვევებიათ, სადაც მოწყალე მტრებმა მრავალი მიიყვანეს გასათავისუფლებლად, საიდანაც ტყვედ არავინ გაუყვანიათ მათგან ყველაზე სასტიკებსაც კი – ეს ყოველივე უნდა მივაწეროთ ქრისტეს სახელს; ეს ყოველივე უნდა მივაწეროთ ქრისტიანულ ჟამს. ვინც ამას ვერ ხედავს, ის არის ბრმა. ვინც ხედავს, მაგრამ არ აქებს, ის არის უმადური. ხოლო ვინც ეწინააღმდეგება მაქებელს, ის გიჟია. გონიერი კაცი არავითარ შემთხვევაში არ განმარტავს ამას მტრების ველურობით. სისხლისმსმელი და სასტიკი სულები სწორედ მან (ქრისტემ) შეაშინა, მან შეაკავა, საკვირველად მან მოალბო, ვინც ამაზე დიდი ხნით ადრე წინასწარმეტყველებდა წინასწარმეტყველის მიერ: "განვიხილნე კუერთხითა უსჯულოებანი მათნი და გუემითა უსამართლობანი მათნი; ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვეცრუვო ჭეშმარიტებასა ჩემსა" (ფს. 88:33–34).


თავი 8. კეთილდღეობისა და უბედურების შესახებ, რომლებიც უმეტესწილად საერთოა კეთილთათვისაც და ბოროტთათვისაც
 
ვინმე იტყვის: მაშ რატომ მოეფინა ეს ღვთაებრივი მოწყალება უღვთოთ და უმადურთ? ვფიქრობ, იმიტომ, რომ იგი აღმოუჩინა მან, ვისაც ყოველდღიურად "თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც" (მათ. 5:45). თუმცა ზოგიერთი მათგანი, ვინც დაფიქრდა რა ამაზე, სინანულით განიკურნა თავისი უღვთოებისგან; ზოგიერთნი კიდევ, როგორც მოციქული ბრძანებს, უგულებელყოფენ ღვთის სიკეთისა და სულგრძელების სიმდიდრეს და, თავიანთი სიხისტისა და შეუნანებელი გულის გამო, საკუთარ თავზე იუნჯებენ "რისხვას ღვთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის, როცა, მათი საქმისამებრ, კუთვნილს მიაგებს ყველას" (რომ. 2:4, 5, 6); თუმცა ღვთის მოთმინება სინანულისკენ მოუწოდებს ბოროტთ, ხოლო ღვთის სასჯელი მოთმინებას ასწავლის კეთილთ.
 
ზუსტად ასევე, როგორც ღვთის სულგრძელობა თავისი მფარველობით მოიცავს კეთილებს, ასევე ღვთაებრივი სიმკაცრე ბოროტებს იცავს დასასჯელად. რადგან ისეთი სიკეთეები სამართლიანთათვის, რომლებითაც უსამართლონი არ ისარგებლებდნენ, და ისეთი უბედურებები უღმრთოთათვის, რომელთაგან კეთილები არ იტანჯებოდნენ, ღვთაებრივ განგებას სურს მომავალ ცხოვრებაში მოამზადოს. ხოლო ეს დროებითი სიკეთეები და უბედურებები მას სურდა საერთო გაეხადა, როგორც ერთთათვის, ასევე მეორეთათვისაც. ეს იმისთვის, რომ არ არსებობდეს ზედმეტად ხარბი სწრაფვა იმ სიკეთეებისკენ, რომლებიც ბოროტ ადამიანთა განკარგულებაშიც აღმოჩნდება, და ზნეობრივი ზიზღი იმ უბედურებების მიმართ, რომლებითაც ძალიან ხშირად კეთილი ადამიანებიც იტანჯებიან.
 
მაგრამ საკმაოდ დიდი განსხვავებაა იმაში, თუ როგორ სარგებლობენ ადამიანები იმით, რასაც ბედნიერებას უწოდებენ, ან იმით, რასაც — უბედურებას. რადგან კეთილი არც დროებითი სიკეთეებით ამაღლდება, არც დროებითი ბოროტებით ირღვევა; ხოლო ბოროტი სწორედ იმიტომ ისჯება ამგვარი უბედურებით, რომ ბედნიერებით ფუჭდება. თუმცა, ღმერთი ხშირად უფრო აშკარად ავლენს თავის მოქმედებას ამგვარი საგნების განაწილებაშიც. რადგან, თუ ყოველი ცოდვა აწმყოში აშკარად დაისჯებოდა, იფიქრებდნენ, უკანასკნელი სამსჯავროსთვის რაღა დარჩაო; და პირიქით, თუ ღვთაება ცხოვრებაში ღიად არ დასჯიდა არცერთ ცოდვას, იფიქრებდნენ, თითქოსდა ღვთაებრივი განგება საერთოდ არ არსებობს.
 
ზუსტად ასეა ბედნიერებასთან მიმართებაშიც: თუ ღმერთი უაშკარესი სიუხვით არ მისცემდა მას ზოგიერთ მთხოვნელს, ვიტყოდით, რომ ის ღმერთზე არ არის დამოკიდებული; ხოლო თუ ყველა მთხოვნელს მისცემდა, იფიქრებდნენ, რომ მას მხოლოდ ასეთი ჯილდოების გამო უნდა ვემსახუროთ; ასეთი მსახურება კი არა ღვთისმოსავებად, არამედ ანგარებიან და ხარბ ადამიანებად გვაქცევდა.
 
თუ ეს ასეა და, თუ ზოგიერთი კეთილი და ბოროტი ერთნაირად ექვემდებარება უბედურებებს, — იმისგან, რომ არ არის გარჩეული, რას იტანენ ერთნი და რას - მეორენი, სულაც არ გამომდინარეობს, თითქოსდა მათ შორის თავისთავად არანაირი განსხვავება არ არსებობს. განსხვავება ტანჯულთა შორის მაშინაც კი ნარჩუნდება, როდესაც მათი ტანჯვა ერთნაირია; და ერთი და იმავე წამების იარაღის ქვეშ სათნოება და მანკიერება ერთნაირი არ ხდება.
 
როგორც ერთსა და იმავე ცეცხლში ოქრო ბრწყინავს, ხოლო ჩალა — ბოლავს; და ერთსა და იმავე სალეწავში ღეროები იმტვრევა, მარცვალი კი — იწმინდება; და ზეთის ნალექი ზეთს არ ერევა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი და იმავე წნეხის სიმძიმით იწურება: ასევე ერთი და იმავე უბედურებებით თავს დატეხილი ძალა კეთილებს გამოსცდის, წმენდს და წურავს, ხოლო ბოროტებს ამხელს, აოხრებს და ამოძირკვავს. ამიტომ, ერთი და იმავე უბედურების განცდისას, ბოროტნი წყევლიან და გმობენ ღმერთს, კეთილნი კი ევედრებიან და ადიდებენ მას.
 
მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორია გამოცდა, არამედ მხოლოდ ის, ვინც გამოიცდება, რამეთუ ერთნაირი შენჯღრევით ნაკელი აუტანლად ყარს, სურნელება კი კეთილსურნელებას აფრქვევს.


თავი 9. იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც კეთილნიც და ბოროტნიც თანაბრად ექვემდებარებიან უბედურებებს
 
და რა განიცადეს ქრისტიანებმა ამ საზოგადოებრივ უბედურებაში ისეთი, რაც საქმის უფრო სწორი შეფასებით მათ სრულყოფას არ ემსახურებოდა? უპირველეს ყოვლისა, თავმდაბლად ფიქრობენ რა თვით ცოდვებზე, რომლებზეც განრისხებულმა ღმერთმა სამყარო ასეთი უბედურებებით აავსო, ისინი (თუმცა შორს დგანან ბოროტმოქმედთა, გარყვნილთა და უღვთოთაგან) თავს იმდენად უცხოდ არ მიიჩნევენ სხვადასხვა შეცოდებისგან, რომ სერიოზულად იფიქრონ, თითქოსდა არაფერი ჰქონდეთ ისეთი, რის გამოც დროებითი ჭირვებანი უნდა განიცადონ.
 
არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ თითოეული, ადამიანი, თუნდაც საქებარ ცხოვრებას ეწეოდეს, ზოგჯერ ხორციელ მიდრეკილებას ემორჩილება: თუნდაც არა უზომო ბოროტმოქმედებებს ან უკიდურეს გარყვნილებასა და უღვთოების სიბილწეს, არამედ, სულ მცირე, ზოგიერთ ცოდვას, იშვიათს ან ისეთს, რომელიც ისევე ხშირია, როგორც უმნიშვნელო; ამაზე არ ვლაპარაკობ.
 
მაგრამ ადვილია თუ არა ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც იმავე პირებს, რომელთა ამაზრზენი სიხარბის, ამპარტავნების, გარყვნილების, უსამართლობებისა და უღმრთოების გამო ღმერთი, როგორც მუქარით იწინასწარმეტყველა, აოხრებს მიწებს (ეს. 24 და სხვ.), ისე მოეპყრობოდა როგორც ეს მართებულია, და მათთან ისე იცხოვრებდა, როგორც არის შესაფერისი მათთან ცხოვრება? მათი დარიგების, შერცხვენის, ხოლო ზოგჯერ მხილებისა და გარკვეულწილად დასჯისგან, უმეტესწილად არასათანადოდ იკავებენ თავს: ხან ეს საქმე მძიმედ გვეჩვენება, ან მათ პირდაპირ შეურაცხყოფას ვერიდებით, ან მტრობას გაურბივართ, რათა მათ ხელი არ შეგვიშალონ და არ დაგვაზიანონ იმ დროებით საგნებში, რომელთა შეძენისკენ ჯერ კიდევ ისწრაფვის ჩვენი სიხარბე, ან რომელთა დაკარგვისაც ჩვენს უძლურებას ეშინია.
 
ამრიგად, თუმცა კეთილთ არ მოსწონთ ბოროტთა ცხოვრება და ისინი ამ უკანასკნელებთან ერთად არ დაექვემდებარებიან იმ განკითხვას, რომელიც მათთვის ამ ცხოვრების შემდეგ არის მომზადებული, მაგრამ, რადგან შეიწყნარებენ მათ განკითხვის ღირს ცოდვებს, თუმცა საკუთარი, თუნდაც მსუბუქი და მისატევებელი ცოდვების გამო ეშინიათ, სამართლიანად ისჯებიან მათთან ერთად დროებითი სასჯელებით, თუმცა მარადისობაში არ დაისჯებიან. ბოროტეულებთან ერთად ღვთაებრივი სასჯელების განცდით, ისინი სამართლიანად იგემებენ ამ ცხოვრების სიმწარეს, რადგან, მისი სიტკბოების სიყვარულით არ ისურვეს მისი გამწარება ზემოთ ნახსენებ ცოდვილთათვის.
 
რა თქმა უნდა, თუ ვინმე თავს იკავებს ბოროტმოქმედთა მხილებისა და შეკავებისგან, ან იმიტომ, რომ ამისთვის უფრო მოსახერხებელ დროს ეძებს, ან კიდევ იმიტომ, რომ თავად მათ გამო ეშინია, რათა ამით კიდევ უფრო არ გაუარესდნენ და ხელი არ შეუშალონ სხვა, უფრო სუსტების კეთილ და სამართლიან ცხოვრებაში განსწავლას, ცუდი გავლენა არ მოახდინონ მათზე და რწმენა არ დააკარგვინონ, მაშინ ამაში ანგარება კი არა, სიყვარულის ბრძნული წესი ვლინდება.
 
ცოდვაა, როდესაც კეთილი ცხოვრების მქონენი და ცუდი ადამიანთა საქმეებს განრიდებულნი შემწყნარებლურად ეკიდებიან სხვის ცოდვებს, რომელთაგანაც უნდა მოეშორებინათ ისინი ან ემხილებინათ, — შემწყნარებლად ეკიდებიან იმიტომ, რომ ეშინიათ ცუდი ადამიანების მხრიდან შეურაცხყოფისა, და ზიანის განცდისა იმ საგნებში, რომლებითაც თვითონ, როგორც კეთილნი და უდანაშაულონი, ნებადართული წესით სარგებლობენ, მაგრამ უფრო დიდი სიხარბით, ვიდრე ეს უნდა ჰქონოდათ იმათ, ვინც ამ ქვეყანაში მოგზაურობს და ამასთანავე ზეციურ სამშობლოზე იმედოვნებს.
 
მართლაც, არა მარტო უფრო სუსტები, რომლებიც საქორწინო ცხოვრებას ეწევიან, ჰყავთ ან სურთ ჰყავდეთ შვილები, ფლობენ სახლებსა და მეურნეობებს (ასეთებს მიმართავს მოციქული თავის სიტყვას ეკლესიებში, როცა ასწავლის და არწმუნებს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ცოლებმა ქმრებთან, ქმრებმა ცოლებთან, შვილებმა მშობლებთან, მშობლებმა შვილებთან, მსახურებმა ბატონებთან და ბატონებმა მსახურებთან), იძენენ სიამოვნებით და კარგავენ მწუხარებით მრავალ დროებითსა და მიწიერს, და ამიტომაც ვერ ბედავენ შეურაცხყოფას იმ ადამიანებისა, რომელთა გარყვნილი და ბოროტმოქმედებებით სავსე ცხოვრება მათში ზიზღს აღძრავს; არამედ ისინიც, ვინც ცხოვრების უმაღლეს წესს მისდევენ, არ არიან შეკრულნი ქორწინების კავშირებით, მცირედით კმაყოფილდებიან საკვებსა და სამოსში, — ისინიც კი, ზედმეტად ზრუნავენ რა თავიანთ კეთილ სახელსა და უსაფრთხოებაზე, ეშინიათ რა ბოროტ ადამიანთა მხრიდან ეშმაკობისა და თავდასხმებისა, თავს იკავებენ მხილებებისგან.
 
თუმცა მაინც იმდენად არ ეშინიათ ამ უკანასკნელთა, რომ მათ რაიმე მუქარასა და უწესობას დაჰყვნენ და თავადაც მსგავსადვე მოიქცნენ, მაგრამ მაინც, უმეტესწილად არ სურთ გაკიცხვა იმისა, რასაც მათთან ერთად არ აკეთებენ, თუმცა თავიანთი მხილებით, შესაძლოა, ზოგიერთი გამოესწორებინათ. მათ ეშინიათ, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში არ დაზიანდეს მათი საკუთარი კეთილდღეობა და კარგი სახელი; და ამისი ეშინიათ არა იმიტომ, რომ თავიანთ კარგ სახელსა და კეთილდღეობას აუცილებლად მიიჩნევენ იმ ადამიანების სასარგებლოდ, რომლებიც დამოძღვრას საჭიროებენ, არამედ უფრო იმ სისუსტის გამო, რომელსაც მაამებელი ენა და კაცთა დღე (1კორ. 4:3) უყვარს, ეშინიათ ბრბოს სამსჯავროსი, ტანჯვისა და ხორცის მოკვლისა, ანუ ზოგიერთი ვნების შებორკვისა და არა სიყვარულის მოვალეობის გამო.
 
ამრიგად, საკმარის მიზეზს ვხედავ იმისა, რატომ ექვემდებარებიან ბოროტებთან ერთად უბედურებებს კეთილებიც, როცა ღმერთს სურს დროებითი სასჯელებით დასაჯოს გარყვნილი ზნეობა.
 
სასჯელებს ერთად ექვემდებარებიან არა იმიტომ, რომ ერთად ეწეოდნენ ცუდ ცხოვრებას, არამედ იმიტომ, რომ ერთად (თუმცა არათანაბრად, მაგრამ მაინც ერთად) უყვარდათ დროებითი ცხოვრება, რომელიც კეთილებს უნდა ეძაგებინათ, რათა ბოროტებს, მხილებულთა და გამოსწორებულთ, მარადიული ცხოვრება დაემკვიდრებინათ (და თუ არ ისურვებდნენ მის დამკვიდრებაში მოკავშირეები ყოფილიყვნენ, მაშინ როგორც მტრები ასატანნი და საყვარელნი ყოფილიყვნენ: რადგან სანამ ცოცხლობენ, ყოველთვის რჩება იმედი, რომ თავიანთ ნებას უკეთესისკენ შეცვლიან). ამ საქმეში ისინი არა ერთნაირ, არამედ გაცილებით დიდ პასუხისმგებლობას ატარებენ, ვიდრე ისინი, ვისაც წინასწარმეტყველის მეშვეობით ეუწყათ: "თუ მფარველმა დაინახა წამოსული მახვილი და ბუკს არ დასცა და ხალხი არ გააფრთხილა, მოვიდა მახვილი და წაიყვანა ვინმე მათგანი, ეს თავისი ცოდვის გამო წაიყვანება, მაგრამ მის სისხლს მფარველს მოვკითხავ" (ეზეკ. 33:6).
 
იმისთვისვე დადგენილნი არიან ხალხთა მფარველნი, ანუ ეკლესიათა წინამძღოლნი, რომ თავიანთი მხილებებით არ დაინდონ ცოდვები. მაგრამ ამასთანავე არ არის თავისუფალი ამგვარი სახის ბრალისგან არც ის, ვინც, თუმცა წინამძღოლი არ არის, მაგრამ იმ პირებში, რომლებთანაც ამ ცხოვრების აუცილებელი პირობებით არის დაკავშირებული, ხედავს ბევრ რამეს, რაც გაფრთხილებასა და საყვედურს იმსახურებს, და ამას უგულებელყოფს ამას, რათა თავიდან აიცილოს სიძულვილი იმის გამო,რითაც ამ ცხოვრებაში სარგებლობს, როგორც სათანადოთი, მაგრამ უფრო მეტად ტკბება, ვიდრე საჭიროა.
 
შემდეგ, არსებობს სხვა მიზეზიც, რის გამოც კეთილნი განიცდიან დროებით უბედურებებს — ისეთი, როგორიც იყო იობის შემთხვევაში: რათა ადამიანის სულმა გამოსცადოს საკუთარი თავი და, საბოლოოდ, გააცნობიეროს, რამდენად უანგაროდ უყვარს ღმერთი მხოლოდ ღვთისმოსაობის გამო.



გაგრძელება იქნება.

წყარო: Блаженный Августин. Творения. Сост. и подгот. текста к печати С.И. Еремеева. Санкт-Петербург. Алетейя. Киев: УЦИММ-пресс, 1998. / Т. 3: О граде Божием (Кн. 1-13). 1998. Т. 4: О граде Божием (Кн. 14-22).
 
მასალა ითარგმნა და ინტერნეტში გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
Назад к содержимому