განმარტება - ზეციური ტაძრის ხატებანი გამოცხადების წიგნის მნიშვნელობათა პანორამაში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ზეციური ტაძრის ხატებანი გამოცხადების წიგნის სიმბოლოთა პანორამაში
ათონის მთა
იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მოწმობათა უმეტესობა შემოსილია იმდენად მკაფიო და იდუმალი სიმბოლოებით, რომ იმწამსვე იპყრობენ ყოველგვარ გონებრივ და გრძნობით ყურადღებას, რომელთა გამოვლენაც კი შეუძლია ადამიანს. მაგრამ თუ წიგნში გახსნილ წინასწარმეტყველურ პანორამას ზედმეტი ემოციების გარეშე შევხედავთ, შეიძლება შევნიშნოთ, რომ ცენტრალური ადგილი, როგორც მნიშვნელობით, ასევე იმ მცნებებისადმი მიმართვით, რომელთაგანაც იწყება და ვითარდება ყველა უმნიშვნელოვანესი ზეციერი და მიწიერი მოვლენა, გამოდიან არა ის სიმბოლოები და პერსონაჟები, რომლებიც მაქსიმალურად იპყრობენ ყურადღებას, - არამედ ზეციური ტაძარი და ზეციური საყდარი.
 
და თუმც თვით ეს ცნებები უმეტესწილად თითქოსდა "მეორე პლანზეა" გადაწეული, - ყველაფერი რაც კი ხდება, რაოდენ მკაფიო, გასაოცარ და იდუმალ ფორმებს იღებდეს ხილულ რეალობაში (ანუ სიმბოლოებში, მოქმედებებში, დიალოგებსა და სხვა), პირდაპირ ზეციურ ტაძართან და ზეციურ საყდართან არის დაკავშირებული.
(იმ ეპიზოდების გათვალისწინებით, რომლებშიც ზეციური ტაძარი ნახსენებია არა ბუკვალურად, არამედ ამა თუ იმ ცნობადი "სატაძრო" ატრიბუტებით, მასზე გამოცხადების წიგნში უთითებს სამოცდაათზე მეტი პირდაპირ და ირიბი მოწმობა).
მეტიც, ყველაფერი, რაც კი ტაძრის შიგნით ან "მის წინაშე", ან კიდევ "მის ირგვლივ" ხდება, განუყრელი ნაწილი და შედეგია განსაკუთრებული ახალაღთქმისეული მღვდელმოქმედებისა, რომელიც ზეციურ ტაძარში აღესრულება განუწყვეტელი საზეიმო ღვთისმსახურების მსვლელობისას და ქმნის სულიერ საფუძველს ყველა აშკარა და დაფარული ახალაღთქმისეული პროცესებისთვის, რომლებიც გამოცხადების წიგნშია მინიშნებული, შეად.:
 
"... არც დღისით და არც ღამით არა აქვთ მოსვენება, არამედ ღაღადებენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა" (გამოცხ. 4:8).
 
"ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე დაიფარავს მათ თავისი კარვით" (გამოცხ. 7:15).
 
"და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე..." (გამოცხ. 14:3).
 
და მაინც, მთელ ტაძარზე და მის ცალკეულ "სატაძრო" დეტალებსა და ატრიბუტებზე (ანუ საყდრებზე, სასანთლეებზე, საკურთხევლებზე, საყვირებზე, თასებზე და ა. შ.) უპრეცედენტო რაოდენობის პირდაპირი და ირიბი მითითების მიუხედავად, იდუმალთმხილველის მოწმობა შესაძლებლობას ტოვებს ზეციური ტაძრის ხსენებას მოვეკიდოთ აბსოლუტური მრავალფეროვნებით.
 
მაგალითად, თეორიულად შესაძლებელია განმსაზღვრელად და პირველადად მივიჩნიოთ გამოცხადებაში აღწერილი მოვლენების მხოლოდ ყველაზე შესამჩნევი, "გარეგანი" ნაწილი, და შემდეგ ვიმსჯელოთ იმ შედეგთა მნიშვნელობებზე, რომლებიც აღწევენ დედამიწას და "მიწაზე მცხოვრებთ" (გამოცხ. 3:10 და სხვა), - ხოლო სახეები (ხატებანი), რომლებიც ზეციურ ტაძართან არიან დაკავშირებულნი, განვიხილოთ მხოლოდ ფორმალურ ორიენტირებად ადამიანის არასრულყოფილი გონებისთვის (ანუ, როგორც განსაკუთრებული "ზეციური დეკორაციები", რომლებიც მხოლოდ იმისთვის არიან ნახსენებნი, რომ სხვადასხვა ხილვათა სიუჟეტურმა ნახაზებმა მიიღონ ერთგვარი ფონი, რომელიც მათი თანმიმდევრობის განმსაზღვრელია ერთმანეთთან მიმართებაში და სხვა).
 
აშკარაა, რომ ასეთ პირობებში მიმდინარე მოვლენების არსი კონცენტრირებულია იმ მკაფიო წინასწარმეტყველურ ფორმებში, რომლებიც მოვლენებს წარმოადგენენ მათი "მიწიერი" ან "ზეციერი" განხორციელების ეტაპზე, - ხოლო "სატაძრო" ხატებათა მნიშვნელობა, რომელთაგანაც დაიწყო ეს მოვლენები, იმდენად უმნიშვნელოდ გვეჩვენება, რომ მათი საკუთარი აზრი არ ითხოვენ ცალკეულ და ყოველმხრივ გააზრებას.
 
მეორე მხრივ, თუკი თვით ზეციურ ტაძარში და მის ყოველ ატრიბუტში დავინახავთ ფუძემდებლურ ცნებებს (ანუ აღვიქვამთ მათ საკუთარი შინაარსის მქონედ, რომლებიც პირველხარისხოვანია და თვით მიმდინარე მოვლენის არსს განსაზღვრავენ), გამოცხადების სიუჟეტებისა და ხატებების საზოგადო გულისხმისყოფა აგებულ უნდა იქნას არა მათი უკანასკნელი ეტაპიდან (ანუ მათი პროექციიდან ფიზიკურ ან სულიერ სამყაროში), არამედ იმ საღვისმსახურებო მოქმედებიდან, რომელშიც ეს მოვლენა იღებს სათავეს, და რომელსაც ეკუთვნის ის თავისი "სატაძრო" მნიშვნელობით.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი მიდგომის შემთხვევაში იდუმალთმხილველისთვის გამოცხადებული "ზეციური" პერსონაჟების მოტივების, მიზნების და მოქმედებების შეფასება დაიწყება ზეციურ ტაძარში ამ პერსონაჟთა ადგილისა და მდგომარეობის გულისხმისყოფით და მათში ნახსენები სატაძრო ატრიბუტების ბიბლიური დანიშნულებით (რადგან სწორედ ამ საგანთა საღვთისმსახურებო დანიშნულება განსაზღვრავს მათი დახმარებით აღსრულებული მღვდელმსახურების მნიშვნელობას).
 
ძნელი არ არის შევნიშნოთ, რომ გამოცხადების წიგნის "სატაძრო" სიმბოლოთა აღქმის ზემოთ მონიშნული ვარიანტები თუ ურთიერთგამომრიცხავნი არა, როგორც მინიმუმ სრულიად განსხვავებულნი მაინც არიან. თანაც ადამიანები, რომლებიც არც კი დაფიქრებულან ყველა ზეციური სიმბოლოსთვის დამახასიათებელ "სატაძრო" სიმბოლიზმზე, მიდრეკილნი არიან იაზროვნონ ზემოთ მონიშნული პირველი მიდგომის ჩარჩოებში.
 
მიუხედავად ამისა, ზეციური ტაძრის საღვთისმსახურებო სიმბოლოებთან დამოკიდებულება, როგორც "მეორეხარისხოვან" ან "ფონურ" მოვლენებთან არ შეიძლება სწორად ჩავთვალოთ როგორც მინიმუმ იმ მიზეზით, რომ მსგავს მიდგომას არავინ მიუყვანია მისაღებ შედეგამდე.
 
გარდა ამისა, მსგავსი გონებით საჭვრეტი პოზიცია ტოლფასოვანია მტკიცებისა, რომ გასაოცარ და ნიშანდობლივ ზეციურ ხილვებში არსებობს ერთგვარი ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც არ ამბობენ თავიანთ "გადამწყვეტ სიტყვას" მნიშვნელობათა იმ უპრეცედენტო პანორამაში, რომელიც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნშია აღწერილი.
 
მაგრამ ზემოთ მონიშნული ორი მიდგომის ურთიერთდაპირისპირებაც ისე, რომ დეტალურად აღვწეროთ მათი განსხვავება და მოვნიშნოთ ზღვარი, სადაც მთავრდება ერთი და იწყება მეორე, ძალიან რთულია. ამისთვის საჭირო იქნება მართებულ მიდგომასთან ერთად ჯერ აღვწეროთ, შემდეგ კი დავაცალკევოთ და გავაკრიტიკოთ არასწორი მიდგომა, რაც ისედაც ხანგრძლივი მსჯელობის ჩარჩოებში უაზრო და არაფრის მომცემია.
 
ასე რომ პირველ მიდგომასთან დაკავშირებით უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ შენიშვნით, რომ არ არსებობს არავითარი ობიექტური არგუმენტი, რომელიც რამენაირად დაადასტურებს მის საფუძვლიანობას, - და თუკი თვით ზეციურ ტაძარსა და მის ყოველ ატრიბუტს მეორეხარისხოვან კატეგორიას მივანიჭებთ, რომლებიც დატვირთულნი არ არიან საკუთრივი საღვისმეტყველო მნიშვნელობით, მაშინ ასეთი მიდგომა საფუძველშივე მცდარი აღმოჩნდება.
 
ამასთან ყოველი მომდევნო მსჯელობა აგებულ იქნება იმ რწმენიდან, რომ გამოცხადებაში ნახსენები ყოველი "სატაძრო" ატრიბუტი აღვსილია საკუთრივი აზრით, რომელიც ხელთქმნილი კარვის წინასახეობრივ სიმბოლოებს აკავშირებს იდუმალთმხილველისთვის გამოცხადებულ რეალობასთან და ჰკრავს მათ ერთიან, მთლიან ბიბლიურ მოწმობად იესუ ქრისტესა და მისი სრულყოფილი აღთქმის მნიშვნელობით.


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2023 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому