განმარტება - ზეციური ტაძრის ახალი საგალობელი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ზეციური ტაძრის ახალი საგალობელი
(გამოცხ. 5:8-12)
24 უხუცესი და ზეციური კრავი
"და როცა აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინაშე; ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და ოქროს თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა. გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან, რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე" (გამოცხ. 5:8-10).
 
როგორც კი კრავი, "როგორც დაკლული", საყდარზე მჯდომისგან აიღებს ზეციურ წიგნს, ცხოველები და უხუცესები "პირქვე დაემხობიან" კრავის წინაშე, ხოლო უხუცესებს "უეცრად" ხელში გაუჩნდებათ "ოქროს ქნარები და ოქროს თასები", საკმევლით სავსე (ადრე, გამოცხადების წიგნში არც ერთი და არც მეორე არ იყო ნახსენები; შეად. რიცხვ. 7:84-86).
 
აქვე ზეციურ ტაძარს საზეიმო საგალობლის ხმები ავსებს, - ასე რომ ამ მომენტიდან იდუმალთმხილველი უბრალოდ ზეციურ წმინდანთა კრებულს კი არ უმზერს, არამედ მოზეიმე კრებას (ებრ. 12:23), რომელიც ხმამაღლა ადიდებს კრავს, როგორც კაცობრიობის მაცხოვარს და მას საღმრთო პატივსა და დიდებას მიაგებს.
(აქ საკმაოდ ნიშანდობლივია ის, რომ მოსეს მცნებების თანახმად და ხელთქმნილი კარვის განაწესის შესაბამისად თაყვანისცემა "სამღვდლო" გალობითურთ და საკმევლის კმევით განწესებული იყო და ნებადართული იყო მხოლოდ ღმრთის თაყვანისცემის დროს. შეად.: გამ. 30:34-38; 20:2-5, ფსალმ. 70:22-24, ლევ.. 16:12-13 და სხვა.

ხოლო რადგან გამოცხადების 5:8-ში მოცემული ორმაგი საღმრთო თაყვანისცემა მიეგება კრავს - ეს პირდაპირ და უეჭველად მოწმობს მის ღვთაებრიობაზე).
ამასთან სრულიად ცხადია, რომ მსგავსი თაყვანსაცემი მოქმედბანი შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც კრავმა საყდარზე მჯდომისგან ხელში აიღო ზეციური წიგნი, რომელიც სამყაროს ყველა სხვა ბინადარისთვის ხელმიუწვდომელი იყო. და თვით "ახალი საგალობელი", რომელიც, მათ შორის, კრავის უეჭველ ღირსებას ადასტურებს, და აღიარებს: "ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა", ჟღერს არა "მანამ", არამედ იმის შემდეგ, რაც წიგნი უკვე "გადავიდა" საყდარზე მჯდომიდან კაცობრიობის მაცხოვარზე.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგიერთი "დაგვიანება" საზეიმო საგალობლისა წიგნის "აღებასთან" დაკავშირებით სულაც არ არის შემთხვევითი, - რადგან აქამდე, ამ მნიშვნელოვან მომენტამდე სამყაროში უბრალოდ არ იყვნენ ისინი, ვისაც შეგნებული ჰქონდა კრავის საღმრთო ღირსება და შეეძლო ამ შეგნებისამებრ "ახალი საგალობელი" ეგალობა.
(ბერძნ. სიტყვა καινός — უბრალოდ "ახალს" კი არ გულისხმობს, არამედ პრინციპულად ახალს, არსებითად და ხარისხობრივად ახალს; იმას, რასაც მსგავსება არ გააჩნია. ხოლო ბერძნ სიტყვა ὠ̨δὴ-ს გააჩნია იგივე აზრი, რაც სიტყვას "ოდა", - ანუ ეს უბრალოდ "საგალობელი" კი არ არის, არამედ ამაღლებული ქება და დიდების შესხმა, შეად.: გამოცხ. 14:3; 15:3).
ამრიგად, ზეციური წიგნის გადასვლა გამარჯვებული კრავის ხელში გახდა ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც ჯერაც შეუძლებელი, და წარმოუდგენელი, არა უბრალოდ შესაძლებელი, არამედ რეალური გახდა, - ხოლო ყოველივე, რაც წინასწარმეტყველთა მიერ შორეული წარსულიდან იწყო ნაუწყები და დაფარულად მინიშნებული, როგორც მომავალი, "აწმყო" გახდა და მკაფიო და ცხადი სახარებისეული აზრი შეიძინა.
 
მეტიც, ამ მოვლენის თანმდევი და განმადიდებელი "ახალი საგალობელი" თავისი შინაარსით უფრო "ადამიანურია", ვიდრე "ანგელოზური", რადგან სწორედ კაცთა მოდგმამ ჰპვა კაცის ძეში სიტყვა და გონება, რომლითაც ძალუძს მას უგალობოს უფალს ახლებურად, წმიდა და ჭეშმარიტების სიტყვით (ანუ მართლ-მადიდებლურად), შეად.:
 
"გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი, ესენი მიმიძღუეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა და საყოფელთა შენთა. და შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, ღმრთისა მიმართ, რომელმან ახარა სიჭაბუკესა ჩემსა; აღგიარო შენ ბობღნითა, ღმერთო, ღმერთო ჩემო!" (ფსალმ. 42:3-4).
 
თანაც ყველაზე გლობალური აზრით ახალი სამახარობლო გალობა ჟღერს არა მარტო ზეციური ბინადრების პირიდან: უხუცესთა სამღვდლო წინადგომა და მათ ხელებში არსებული "საკმევლით სავსე" თასები წმიდათა ლოცვაა (გამოცხ. 5:8-10). ეს გალობა კი საყდარს აღევლინება დედამიწიდან (სადაც მას გალობს ეკლესიის ყველა წევრი, რომელიც ჯერაც ხორციელად გადის წუთისოფელს), - ეს სიტყვები ირიბად ადასტურებენ იმას, რომ ყველა მგალობელში რწმენის მიერ გამოვლინდა ზეციურ წიგნის "ხედვის" უნარი და მასში მთელი კაცობრიობის წარსულის, აწმყოსა და მომავლის "წაკითხვის" ნიჭი.
 
გარდა ამისა, ზეციური საიდუმლოებების თანამოზიარეთა გალობა, და უხუცესთა ხელებში გაჩენილი ქნარები და ოქროს თასები უთითებენ იმაზე, რომ ამიერიდან მთელი ზეციური კრება აღასრულებს სრულიად განსაკუთრებულ სამღვდლო მისიას (შეად.: "რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე" (გამოცხ. 5:10)), განადიდებენ ქრისტეს ღვაწლს, კაცობრიობის გამოსყიდვას და ღმრთის მსგავსებას მიღწეული ადამიანის მოწოდებას "მეფობისკენ" განახლებულ სამყაროში.
 
"ვხედავდი და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, ხოლო სიმრავლე მათი იყო მირიადჯერ მირიადი და ათასჯერ ათასი; რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა" (გამოცხ. 5:11-12).
 
ბუკვალურად იქვე, ყოველგვარი პაუზისა და გადასვლის გარეშე, იდუმალთმხილველი ხედავს არაჩვეულებრივ მატებას, მრავლებას და მოზეიმე კრების აღვსებას, რის შედეგადაც მათი რიცხვი, ვინც შეკრებილია ცაში ქრისტეს სახელით, უკვე ერთეულებში და ათეულებში კი არ აღირიცხება, როგორც ეს ნაჩვენებია მე-4 თავში, არამედ "მირიადჯერ მირიადობით" (ანუ "ბევრნი ბევრთანი") და ათასჯერ ათასობით. თანაც მთელი ეს წარმოუდგენელი სიმრავლე ერთი პირით ადიდებს კრავ-მაცხოვარს, რომ ის "მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა", - ანუ ის, რისი ხედვისა და დიდების უნარი აქვს მხოლოდ მის ეკლესიას.
 
გარდა ამისა, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ განდიდებებთან შედარებით, რომლებიც მომდინარობენ "ცხოველთა და უხუცესთა" პირიდან გამოცხ. 4:9-11_ში, კრავისადმი მიმართული დიდება მატულობს რიცხვ "შვიდამდე", ანუ სრულყოფილ სისრულემდე, - ასე რომ, ამ მომენტიდან ქრისტეს ეკლესია შეიგნებს და აქებს არა სხვა რამეს, თუ არა თვისი უფლისა და მაცხოვრის სრულყოფილების სისავსეს, შეად.: "ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სრულყოფილება, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი" (1 პეტ. 2:9).
 

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2023 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому