განმარტება - "ზღვიდან ამომავალი მხეცი", როგორც წუთისოფლის სამეფოს ხატება (გამოცხ. 13:1-3) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
"ზღვიდან ამომავალი მხეცი", როგორც წუთისოფლის სამეფოს ხატება

(გამოცხ. 13:1-3)
ზღვიდან ამომავალი მხეცი
უკეთური ქვეყნიერების ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოთა შორის, რომელიც აღწერილია ძველი აღთქმის წერილში, ხოლო შემდეგ მსოფლიო მასშტაბით იხსნება გამოცხადებაში, მნიშვნელობათა განსაკუთრებული ადგილი უპყრია ეგვიპტეს (ფარაონთა დროინდელს), ბაბილონს, მიდო-სპარსეთს, საბერძნეთს და რომს.
 
ამ "ბუკვალურ-სიმბოლურ" სამეფოთა ხუთეულში ოთხნი, მტაცებელ ცხოველთა სახით, წარმოდგენილნი იყვნენ დანიელის წინასწარმეტყველებაში, რომლებიც ამოდიოდნენ "დიდი ზღვიდან" (დან. 7:2-7). თანაც ამ ხილვის მრავალი დეტალი ირიბად უთითებს იმაზე, რომ ზღვიდან ამომავალ სამეფოთა მხეცური არსი ვლინდებოდა მხოლოდ ღმრთის ერთან, ანუ ისრაელთან მიმართებაში, - სხვა დანარჩენ ერთა თვალში კი "ზღვიდან ამომავალი მხეცები" არაფრით განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივ სახელმწიფოთა და იმპერიათაგან.
 
რაც შეეხება ხუთი ღმრთითმბრძოლი სამეფოდან პირველს, კერძოდ "ეგვიპტელი ფარაონის" სამეფოს, რომლისგან ხსნა აღწერილია ეგვიპტური მონობიდან ისრაელის გამოსვლის ისტორიაში, - ძველი ეგვიპტის ბიბლიურ სიმბოლოთა შორის ასევე არსებობენ მხეცები, ოღონდ ისინი არ არიან "ხმელეთის" და, თანაც,  არ არიან "ამომავალნი ზღვიდან", როგორც ამას ვხედავთ დანიელის ხილვაში, არამედ არიან "წყლიდან", თავიანთი თავდაპირველი მხეცური ბუნებით, ანუ "ზღვის" გველ-ლევიათანი და "მდინარის" ნიანგი, შეად.:
 
"ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინასაუკუნეთამან, შექმნა ცხორებაჲ შორის ქუეყანისა. შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაჲ, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთა (δρακόντων) წყალთა ზედა. შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისა (δράκοντος) მის..." (ფსალმ. 73:12-14) (ახალქართულ თარგმანშია: "ღმერთი მეფეა ჩემი ადრიდანვე, შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე. შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმვრიე თავები ურჩხულებს. შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს" – "აპოკ. "რედ.).
 
"... ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ ფარაონო, ეგვიპტის მეფევ. დიდო გველეშაპო, რომ ჩაწოლილხარ შენს მდინარეებში ..." (ეზეკ. 29:3).
 
ასე, რომ ფარაონის მეფობის "მხეცური" სახეები სრულიად ბუნებრივად "ხსნიან" მის მომდევნო წყებას მხეცებისას, რომელსაც დანიელის წინასწარმეტყველებაში ვხედავთ, - შემდეგ კი ასევე ბუნებრივად უერთდებიან "წუთისოფლის" კრებით ხატებას, რომელიც წარმოდგენილია გამოცხადებაში ზღვიდან ამომავალი მხეცის სახით, რომელსაც შვიდი თავი ჰქონდა და, რომლის ერთი თავი თითქოს სასიკვდილოდ დაიჭრა, მაგრამ განიკურნა (გამოცხ. 13:3).
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ დანიელის ხილვის ოთხ სამეფო-მხეცისგან განსხვავებით, ფარაონის სამეფოს "მხეცურ" სახეებს აქვთ საკმაოდ არსებითი თავისებურება, რადგან ისინი დადიან თვით ეშმაკამდე, ანუ აღწერენ მის "პირად" სამეფოს და მის "პერსონალურ" სახესაც კი, შეად.: "... ჩაწოლილხარ შენს მდინარეებში და ამბობ, ჩემია ჩემი მდინარე, ჩემთვის შევქმენიო" (ეზეკ. 29:3).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი აღთქმის პერიოდში, როდესაც ღმრთის ერი განისაზღვრება არა "ხორციელი" კუთვნილებით ისრაელის ხალხისადმი და ბუკვალური წინადაცვეთით, არამედ წარმოადგენს ქრისტესთან დედამიწის ყველა ხალხისგან მოსულ წმიდა კრებულს, - ასეთივე "კრებითი" და "საყოველთაო" სახით წარდგება მისი მოწინააღმდეგეც. შედეგად ახალაღთქმისეული პერიოდის ღმრთისმებრძოლი "მხეცი" უკვე შეზღუდული არ არის რაიმე ლოკალური ტერიტორიებით, არც ცალკეული "მიწიერი" ხალხებით, სახელმწიფოებითა და იმპერიებით, არამედ მონიშნავს ყველა შესაძლო მსოფლიო ძალისა და მისწრაფების ერთობლიობას.
 
მეტიც, თუკი ოთხი ერთმანეთის მონაცვლე "მხეცი" დანიელის წინასწარმეტყველებიდან ერთმანეთს "არ ჰგავდნენ" (დან. 7:3) - ახალაღთქმისეულ დროებაში, ერთიანი მხეცი, რომელიც "ზღვიდან ამოდის" წააგავს თითოეულს ზემოთჩამოთვლილთაგან. ანუ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ხუთივე "ძველაღთქმისეული" მხეცი გამოცხადების ხილვაში წარდგება, როგორც ერთი "უკეთური სხეული", ამიტომაც ახალაღთქმისეულ "კრებით" მხეცში ვლინდება ხუთიდან თითოეული "მხეცური სამეფოს" განსხვავებული თავისებურებანი, რომლებიც ჯერ კიდევ ძველაღთქმისეულ წერილში იყო მონიშნული.
(ამასთან, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ოთხი მხეცი აღწერილი იყო დანიელის ხილვებში, - პირველი მათგანი "ეგვიპტელი ლევიათანია", რომელიც თავში დაზიანდა და ზღვაში დაინთქა, როდესაც ისრაელი გაიქცა ეგვიპტიდან და ამიტომაც "დაჭრილია", რასაც გამოცხადების იდუმალთმხილველი ხედავს "ზღვიდან ამომავალი" მხეცის შვიდი თავიდან ერთ-ერთ თავზე, (გამოცხ. 13:3 შეად. დაბ. 3:15; ფსალმ. 73:14).
ეს კი ნიშნავს, რომ სხვადასხვა მიწიერი სამეფონი, რომლებიც ძველაღთქმისეულ პერიოდში ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელს ცალ-ცალკე და "თანმიმდევრობით", ახალი აღთქმის პერიოდში გამოვლენ ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ, როგორც ძველი სამყაროს ერთიანი სამეფო (შეად. – "მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა..." - გამოცხ. 11:15), - ხოლო ამ უკეთური სამეფოს ამოსვლა "ზღვიდან ხმელეთზე" ისახავს ერთადერთ მიზანს: აწარმოოს სულიერი და ფიზიკური ომი ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ.
 
რაც შეეხება ამ ხილვის შესაბამის მოვლენათა "ბიბლიურ მასშტაბებს", - მოც. იოანე არ შემოფარგლავს თავის მოწმობას დანიელის ხილვის "მხეცური პერსონაჟებით" და შემდეგ ამბობს, რომ მხეცს მიეზღვება მახვილით, რადგან "ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება" (გამოცხ. 13:10), ანუ წარმოგვიდგენს ქვეყნიერებისა და ეკლესიის საყოველთაო (მსოფლიო) დაპირისპირებას "ეგვიპტური მონობისა" და "ბაბილონური ტყვეობის" სიმბოლოების სახით.
 
ხოლო რადგან, როგორც ადრეც აღვნიშნავდით, ბუკვალურად ყოველი, ვინც კი თაყვანს სცემს "შვიდთავიან მხეცს" (მის მიერ კი "გველ-ურჩხულს"), ხდება იმ მსოფლიოს ნაწილი, რომელშიც ხორციელდება ეშმაკის ნება, და ასე თუ ისე ავსებს ურჯულოთა მსოფლიო არმიის რიგებს (შეად.: გამოცხ. 13:2, 7). "ზღვიდან ამომავალ მხეცსა" და ქრისტეს ეკლესიას შორის არ რჩება უმცირესი "თავისუფალი" სივრცე, რომელიც "სულის მოთქმის" შესაძლებლობას მისცემდა ვინმეს და შეინარჩუნებდა "სულიერ ნეიტრალიტეტს", შეად.:
 
"განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ, და თაყვანი სცეს ურჩხულს..." (გამოცხ. 13:3-4).
 
"... და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა..." (გამოცხ. 13:7).
 
"... აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა" (გამოცხ. 13:12).
 
ასე რომ, მათი სიმრავლისდა მიუხედავად, რომელთაც გამოცხადების წიგნში "მიწაზე მცხოვრებნი" ეწოდებათ (გამოცხ. 6:10; 8:13; 11:10 და ა. შ.), "მსოფლიო მხეცს" ეწინააღმდეგება მხოლოდ მებრძოლი ეკლესია, რომელიც დაფუძნებულია კლდეზე, და არ შეირყევა (ფსალმ. 39:3; ეფეს. 2:20; ებრ. 10:39) და ასეთად დარჩება უკანასკნელ დღემდე.
 
ამრიგად, საკმარისად ცხადია ის, რომ მოწმობა "ზღვიდან ამომავალ მხეცზე" არ დაიშვება განკერძოებამდე, დროის რაღაც მომენტებით შემოფარგვლამდე, ან ვითარებებამდე თუ ტერიტორებებამდე, - არამედ განეკუთვნება საზოგადო ახალაღთქმისეულ ჭეშმარიტებებს და გვიხატავს ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა აღსრულებას დროის სისრულესა და მსოფლიო მასშტაბში.
 
და თუმც ქრისტეს ეკლესიაში არ არსებობს ცალკეული დოგმატური განაწესი, რომლის თანახმადაც გამოცხადების სიმბოლოთა და მეტაფორათა მხოლოდ მსგავსი გულისხმისყოფაა ერთადერთი და სწორი, - სწორედ ასეთი გაგებისკენ გვიბიძებენ მრავალნი ავტორიტეტულნი ღვთისმეტყველნი.
 
კერძოდ, წიგნში "მებრძოლი ეკლესია" ეპისკოპოსი ალექსანდრე (მილეანტი) გამოცხადების წიგნის მოწმობებთან და სიმბოლოებთან დაკავშირებით ასეთ დასკვნას აკეთებს:
 
"სწორედ ასე (ანუ სიმბოლურად0 ის (აპოკალიფსისი) დაწერილია არა იმისთვის, რა თქმაუნდა, რათა გააძნელდეს მისი გაგება, არამედ იმისთვის, რომ ამ წიგნის მიზანია აჩვენოს კაცობრიობის მთელი ისტორიის სულიერი არსი, შეაჯამოს ყველა უბედურების პირველმიზეზი, რომელიც კი კაცობრიობას ატყდება თავს, თვალსაჩინოდ გამოხატოს ცოდვის მთელი სისაძაგლე და სიმართლის სილამაზე. ამიტომაც, აპოკალიფსისი განსხვავდება ორი თავისებურებით: 1) ერთნაირი მოვლენების შეთანაწყობა ერთ ხილვაში და 2) მოვლენათა განმეორებითი აღწერა სხვადასხვა პერსპექტივაში.
 
ჩვეულებისამებრ ფიქრობენ, რომ აპოკალიფსისი მხოლოდ წინასწარმეტყველებს უკანასკნელ დღეთა მოვლენებს, რომლებიც ანტიქრისტესა და სამყაროს აღსასრულს ეხება. სინამდვილეში, აპოკალიფსისი მოიცავს კაცობრიობის და ეკლესიის ისტორიას მთელ მის ისტორიულ გზაზე. სამყაროს აღსასრული და სამსჯავრო აღწერილია მხოლოდ, როგორც ბუნებრივი დასრულება წარსულის მოვლენებისა. ამიტომაც რამოდენიმე მოვლენა, რომლებიც ფაქტობრივად მრავალი საუკუნით არიან დაშორებულნი ერთმანეთისგან, მაგრამ არსებითად ერთგვაროვანნი არიან, იდუმალთმხილველის მიერ ერთ აპოკალიპტურ სურათში იხატება...
 
ერთ აღწერილობაში მოვლენათა ასეთი შეთანაწყობის ღირებულება იმაშია, რომ ის შესაძლებლობას გვაძლევს გადმოვცეთ მოვლენათა არსი, მაშინ როდესაც ყოველი მოვლენის დეტალურ აღწერაში ჩვენ მივიღებდით გარეგანი დეტალიზაციის ჩამონათვალს, არსს კი მაინც ვერ გავიგებდით. სხვათა შორის, ერთ ხილვაში სხვადასხვა ისტორიული ეპიზოდების მსგავსი შეთანაწყობა შეიძლება ვიპოვოთ წმიდა წერილის სხვა ადგილებშიც. მაგალითად, თავის საუბარში სამყაროს აღსასრულზე მაცხოვარი ამ მოვლენას და იერუსალიმის დანგრევას ერთად ახსენებს, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 70 წელს მოხდა, ტიტუსის იმპერატორობისას. ამას ის აკეთებს იმიტომ, ლოკალური მოვლენით ნაწინასწარმეტყველებ იქნას გლობალური მოვლენა.


მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому