განმარტება - წიგნი ტახტზე მჯდომის მარჯვენაში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
წიგნი ტახტზე მჯდომის მარჯვენაში
(გამოცხ. 5:1)
წიგნი ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში
"და ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში წიგნი, შიგნიდან და გარედან ნაწერი და შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი" (გამოცხ. 5:1).
 
მე-5 თავის პირველი მოწმობა გვიდასტურებს, რომ მოქმედების ადგილი და ის ხატებანი, რომლებშიც იმოსება იდუმალთმხილველის წინაშე გადაშლილი ზეციური მოვლენები, ჯერ-ჯერობით იგივეა და აგრძელებს მნიშვნელობათა იმ ხაზს, რომლებიც წინა თავშია აღწერილი.
 
მიუხედავად ამისა, თუკი მე-4 თავში იდუმალთმხილველისთვის გამოცხადებული წინასწარმეტყველური პანორამები უცვლელი რჩება, ანუ ყველაფერი დგას "თავის ადგილზე", ხოლო მოქმედება არა იმდენად ვითარდებოდა, რამდენადაც მეორდებოდა, - მე-5 თავში მოვლენები შეუქცევადი და დინამიური განვითარების ხასიათს იძენენ. მოციქული იოანე ხდება იმის მოწმე, თუ როგორ აღსრულდება საღმრთო ჩანაფიქრი დროის პერიოდებში.
 
ამასთან, დასაწყისში, მის მზერას ეხსნება ახალაღთქმისეული მოვლენები, სადაც იდუმალთმხილველი ტახტზე მჯდომის "მარჯვენას", რომელსაც უპყრია განსაკუთრებული ბეჭდებდასმული წიგნი, რომელიც, როგორც ნათქვამია, დაწერილი იყო "შიგნიდანაც და გარედანაც", - ანუ შიგნითაც და გარეთა მხარეზეც. ხოლო რადგან "მარჯვენა ხელი" სიმბოლურად წარმოადგენს თავისი "მფლობელის" გონებას და ნებას, - სრულიად ცხადია, რომ ზეციურ წიგნში წარმოდგენილნი არიან საღმრთო ჭეშმარიტებანი, საღმრთო ნება და საღმრთო განსაზღვრებანი.
(თანამედროვე ადამიანისთვის მოწმობა "ორმხრივად" დაწერილ წიგნზე ცოტა უცნაურად გამოიყურება. მაგრამ რადგან იმდროინდელი წიგნები წარმოადგენენ ტყავის ან პაპირუსის გრაგნილებს, - იმ შემთხვევებში, როდესაც წერილის შინაარსს ჰქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცულობა, ტექსტები გრაგნილის ორივე მხარეს იწერებოდა, ანუ "შიგნიდანაც" და "გარედანაც").
ხოლო რადგან უეჭველია, რომ ზეციური წიგნი თვით ტახტზე მჯდომის მიერ არის "დაწერილი", - ამ წიგნის ერთ-ერთ წინასახეს უნდა წარმოადგენდეს ქვის ფიქალები, რომლებიც დაიწერა "ღმრთის თითით" და, გადაეცა წინასწარმეტყველ მოსეს სინას მთაზე, როდესაც მან ეგვიპტის მონობიდან გამოიხსნა ისრაელი ხალხი (გამ. 31:18; მეორე რჯლ. 9:10).
 
თანაც საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ ეს ფიქალები არა მარტო "აღთქმის ფიქალებად" იწოდებოდნენ, არამედ "გამოცხადების ფიქალებადაც":
 
"მისცა მოსეს უფალმა, როცა შეწყვიტა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის (τὸν μαρτυρίου) (ანუ (გამოცხადების) ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები" (გამ. 31:18).
 
გარდა ამისა, სინას მთაზე ასული მოსესთვის გადაცემული "ღვთით ნაწერი" ფიქალები, ისევე, როგორც შვიდი ბეჭდით აღბეჭდილი ზეციური წიგნი, ორივე მხრიდან იყო "დაწერილი", შეად.:
 
"პირი იბრუნა მოსემ და ჩამოვიდა მთიდან, ხელში აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა, ორსავე მხარეს ნაწერი ფიქალები. აქეთაც და იქითაც წარწერები იყო. ღვთის ნაკეთები იყო ეს ფიქალები, წარწერაც ღვთისა იყო, ფიქალებზე ამოკვეთილი" (გამ. 32:15-16).
 
მაგრამ იმის შემდეგ, რაც მოსე სინას მთიდან მის ძირამდე ჩამოვიდა, ნახა, რომ მის არყოფნაში ხალხს "ეგვიპტური ოქროსგან" ხბოს ქანდაკება ჩამოუსხამს და ამ კერპს თაყვანს სცემდნენ როგორც ღმერთს (ანუ შთავარდნენ ბილწ კერპთაყვანისმცემლობაში (გამ. 32:1-8). ამიტომაც წინასწარმეტყველმა იქვე დაამტვრია მოწმობის (გამოცხადების) ფიქალები, რომელიც მთაზე მიიღო (გამ. 32:19), - ხოლო ის, რაც დაწერილი იყო მათზე, ასევე დარჩა "გაუხსნელი" და "წაუკითხველი".
 
ამასთან ორი ახალი ფიქალი, რომელიც მოგვიანებით მოსემ მის მიერ დამტვრეული ფიქალების ნაცვლად დაამზადა, წმიდა წერილში უკვე აღარ იწოდება "ღმრთის საქმედ", რადგან ისინი დაწერილი იყვნენ არა "ზეციური თითით", არამედ თვით წინასწარმეტყველის ხელით, შეად.:
 
"უთხრა უფალმა მოსეს: ჩაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენ და ისრაელს. დარჩა იქ, უფალთან ორმოც დღეს და ორმოც ღამეს; პური არ უჭამია და წყალი არ შეუსვამს. დაწერა ფიქალებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა" (გამ. 34:27-28).
 
სწორედ ეს "განმეორებული" ხელთქმნილი ფიქალები დაედო საფუძვლად მცნებათა კანონს და იმ აღთქმას, რომელიც, როგორც ითქვა, მოცემულ იყო არა სამარადისოდ, არამედ "დრომდე", და ამიტომაც არ შეიძლებოდა მიჩნეულ ყოფილიყო სრულყოფილად (ებრ. 8:7; 9:9-10).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც თავისი სინური წინასახის პარალელი შვიდბეჭდიანი წიგნი, რომელიც ტახტზე მჯდომარის მარჯვენაშია, ღვთის სრულ და ჭეშმარიტ გამოცხადებად წარმოგვიდგება, - და ერთდროულად მარადიული და გარდაუვალი აღთქმის სრულყოფილ რჯულადაც.
 
ხოლო ის ვითარება, რომ ამ ზეციური წიგნის აღება და გადაშლა მოუწევდა სიონზე ასეულ ღვთაებრივ კრავს (ისევე, როგორც მოსე ავიდა სინას მთაზე და იქ მიიღო ძველაღთქმისეული გამოცხადება), პირდაპირ მოწმობს ახალაღთქმისეული გამოცხადების სრულყოფილებაზე თავის "სინურ" წინასახესთან შედარებით (შეად. ახ. აღთქმ.):
 
"რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა" (ინ. 1:17).
 
თანაც, როგორც მოსეს ფიქალები იწოდებოდნენ "აღთქმის ფიქალებად" (მეორე რჯლ. 9:9-15; ებრ. 9:4) და "მოწმობის (გამოცხადების) ფიქალებადაც" (გამ. 31:18; 32:15; 34:29), - ასევე ზეციური წიგნი ერთდროულად წარმოადგენს "სრულყოფილი აღთქმის წიგნსაც" და "ახალაღთქმისეული გამოცხადების წიგნსაც". როგორც ქვის ორი ღვთითდაწერილი ფიქალი გამოხატავდა შემოქმედის ნებას ისრაელის ხალხთან მიმართებაში, - ასევე შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი ზეციურ წიგნში მოცემულია საღმრთო განგებულების სისრულე მთელ კაცობრიობასთან და სამყაროსთან მიმართებაში, შეად.:
 
"შეჰკარი ეს ანდერძი, დაბეჭდე რჯული ჩემს მოწაფეებში. მე ველი უფალს, რომელიც პირს იფარავს იაკობის სახლისგან, და ვესავ მას. აჰა, მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა ნიშებად და სასწაულებად ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული. ... მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი. ჩაივლის იქ გატანჯული და მშიერი. როცა დაიმშევა, გაავდება, გმობას დაუწყებს თავის მეფეს და თავის ღმერთს და მაღლა აიხედავს. მიწას დახედავს და, აჰა, დაინახავს გასაჭირს და სიბნელეს - წყვდიადს განუჭვრეტელს და უკუნეთში გაიტყორცნება. მაგრამ აღარ იქნება წყვდიადი შეჭირვებულისთვის. როგორც წინა დროებამ დაამცირა ზებულონის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ასე უკანასკნელ დროს განადიდებს ზღვისპირეთს, წიაღიორდანეს და წარმართთა გალილეას" (ეს. 8:16-22).
 
რაც შეეხება ბეჭდების რიცხვს, რომელთა ქვეშაც დრომდე იყო დაფარული ზეციური წიგნის შინაარსი (შეად. - დან. 12:1-4), - რიცხვი "შვიდი" როგორც სისრულის სიმბოლო მოწმობს იმაზე, რომ ზეციური წიგნი საკუთარ თავში შეიცავდა სამყაროს ყველა ბინადრისთვის მიუწვდომელ სიღრმესა და სიბრძნეს, რომლისადმი თანაზიარობა "გვერდიდან" აბსოლუტურად შეუძლებელია.
(ანდრია კესარიელი წერს: "შვიდი ბეჭედი ნიშნავს... ღმრთის სულის განგებულებას, რომელიც გამოიძიებს სიღრმეებს, რომელთა წვდომა ქმნილებათაგან არავის ძალუძს").
ასე რომ, ტახტზე მჯდომარისგან ესოდენ გასაოცარი და ესოდენ სრულყოფილი ზეციური წიგნის მიღება შეეძლო მხოლოდ იმას, ვისი პირადი სრულყოფილება შეესაბამება სიონის მთიდან ნაწინასწარმეტყველევ მსოფლიო მისიას, რომელსაც ძალუძს არა მარტო მოხსნას შვიდივე ბეჭედი და "ჩაწვდეს" მის მიუწვდომელ შინაარსს, არამედ ეს შინაარსი გამოუვლინოს კაცთა მთელ მოდგმას, და მასზე დააფუძნოს თავისი წმიდა ეკლესია (რომელიც იქნება "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" ვიდრე ძველი სამყაროს აღსასრულამდე (1 ტიმ. 3:15; მთ. 16:18).


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2023 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому