განმარტება - საით მიჰქრიან აპოკალიფსისის "მხედრები"? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
საით მიჰქრიან აპოკალიფსისის "მხედრები"?
აპოკალიფსისის მხედრები
სანამ "აპოკალიფსისის ოთხი მხედრის" სიმბოლოს შინაარსზე ვილაპარაკებდეთ, უბრალოდ აუცილებელია აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი გარემობა, რომ პირველი ოთხი ბეჭდის მოვლენები პირდაპირ არიან დაკავშირებულნი წინასწარმეტყველ ზაქარიას მიერ თავის დროზე ნანახ "ზეციურ ცხენებთან და ეტლებთან", - ხოლო წინასწარმეტყველ ზაქარიას ხილვები დაკავშირებულია ბაბილონის სამოცაათწლოვანი ტყვეობიდან ებრაელთა დაბრუნებასთან; ანუ განეკუთვნებოდა იმ დროებას, როდესაც ტაძარი და ქალაქი, რომლებიც ქალდეველებმა დაანგრიეს ისრაელის დატყვევების დროს, ურთულეს პირობებსა და უდიდესი შრომის შედეგად კვლავ შენდებოდა (ზაქ. 2:6-9), შეად.:
 
"აღდგება ქუჩა და უბანი, ოღონდ ძნელბედობის ჟამს" (დან. 9:25).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან გამოცხადების წიგნი ეკლესიას საღმრთო აღმშენებლობის ახალაღთქმისეული დროების დასაწყისში მიეცა, როდესაც ღმრთის ერის გამოსვლა დაიწყო "მსოფლიო ბაბილონის" ტყვეობიდან და დაიწყო თვით მაცხოვრის მიერ მშენებარე ზეციურ კარავში ერთგულთა შემოკრება, - "ზაქარიას დროება" და "ბეჭდების მოხსნის "დროება" წინასწარმეტყველური აზრით პირდაპირ ერთმანეთის შესაბამისია.
 
რა თქმა უნდა, გამოცხადების მკითხველი, და მრავალი ავტორიტეტული ღვთისმეტყველი იხრება იქითკენ, რომ შვიდი ბეჭდის ქვეშ საშინელ, მსოფლიო უბედურებათა სურათები იხსნება, რომლებიც დედამიწას ძველი სამყაროს აღსასრულის წინ მოევლინება. მაგრამ თუკი კარგად არ გავიაზრებთ წარმოსახვით მოვლენათა მიმდინარეობას, არამედ ხილვებს აღვიქვამთ ისე, როგორც ისინი აღწერილია, შეიძლება შევნიშნოთ, რომ პირველი სამი ბეჭდის ქვეშ სულაც არ არის განსაკუთრებული "აპოკალიპტური" მასშტაბის გლობალური კატასტროფები და, რომ ასეთი მოვლენები მსოფლიოში ახალაღთქმისეულ ყველა დროებას ახასიათებდა.
 
ამასთან სრულიად ცხადია, რომ "აპოკალიფსური ცხენების" ძველაღთქმისეული წინამორბედები, რომლებიც ზაქარიას წინასწარმეტყველებაშია აღწერილი, არ გამოდიოდნენ უპრეცედენტო ზეციური სასჯელების "მომწყობებად", ანუ მათ დედამიწაზე არ მოჰქონდათ არც გოლობალური უბედურებები, და არც დამანგრეველი ბუნებრივი კატაკლიზმები.
 
მეტიც, იდუმალი "ცხენები" და "მხედრები" წინასწარმეტყველ ზაქარიას წარუდგებოდნენ ზეციურ მსახურებად, ბუკვალური მნიშვნელობით, ისინი "მთელი ქვეყნის უფლის წინაშე დგანან" (ზაქ. 6:5).
 
"კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, ოთხი ეტლი, ორ მთას შორის გამომავალი; მთები კი სპილენძისა იყო. პირველ ეტლში წითელი ცხენები იყო, მეორე ეტლში შავი ცხენები; მესამე ეტლში თეთრი ცხენები, მეოთხე ეტლში ამლაყები, ნისლისფერნი. ... მომიგო ანგელოზმა და მითხრა: ცის ოთხი სულია ესენი, იმ ადგილიდან გამომავალნი, სადაც მთელი ქვეყნის უფლის წინაშე დგანან" (ზაქ. 6:1-5)
 
გარდა ამისა, "ცხენებისა და მხედრების" პირველი გამოვლინება, ზაქარიას ხილვაში ხდება საკმაოდ ნიშანდობლივ ადგილას, "მურტის ხეთა შორის" (ზაქ 1:8) (მასორეტული ვარიანტი), - ხოლო სამოცდაათთა თარგმანში წინასწარმეტყველი მათ ხედავს "საშუალ ორთა მთათა ჩრდილოანთასა" (ზაქ. 1:8).
 
ამიტომ, როდესაც ზაქარიას წიგნის მე-6 თავში იგივე "ზეციური ცხენები" გვევლინებიან "არა მურტის ხეებიდან" (მასორეტული ვარიანტით), არამედ ორი "ჩრდილოვანი მთების შუაში მდებარე ხეობიდან" (რაც ზუსტად შეესაბამება სეპტუაგინტის მოწმობას, სადაც ზაქ. 1:8-ში ორი "ჩრდილოანი მთა" არის ნახსენები), - ეს ვითარება არსებითად მოწმობს იმაზე, რომ "ზაქარიას ცხენები" ქვეყნიერებას "ქვესკნელის სიღრმეებიდან" კი არ მოევლინა, არამედ პირდაპირ ზეციური ტაძრის შესასვლიდან.
(სიტყვამ მოიტანა და თეთრი, წითელი და შავი ფერები მოსეს სჯულის მიხედვით "წმიდად" მიიჩნეოდა, რაც ასევე უთითებს "ზაქარიას ცხენების" ზეციური მხედრობისადმი კუთვნილებას და არ გვაძლევს შესაძლებლობას ისინი საშინელ მსოფლიო უბედურებათა "მომწყობ" ბნელეთის ძალთა წარმომადგენლებად აღვიქვათ.
ამ აზრით მხოლოდ ჭრელ-ჩალისფერი ცხენები გამოიყურებიან უკვე ზაქარიას დროიდანვე "საეჭვოდ", რადგან მათ თავიანთ სხეულებზე ლაქები ჰქონდათ, რაც ლევიანთა წიგნის მიხედვით უწმინდურების განსაზღვრებას ეხმიანება. იხ. ლევ. 13 და 14).
შემდეგში წინასწარმეტყველი ზაქარია პირდაპირ მოწმობს იმის შესახებ, რომ სუფთა "ბუნებრივი" ფერის ცხენები ბაბილონში (ანუ "ჩრდილოეთის ქვეყანაში) იგზავნებიან ღვთის ერის შესაწევნად, შეად.:
 
"მათგან შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყნისკენ არიან გამოსულნი, თეთრები მათ უკან გამოვიდნენ და ამლაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან" (ზაქ. 6:6)
 
ამასთან ცალკე აღინიშნება, რომ შავ და თეთრ ცხენებს ბაბილონში ნგრევა და უბედურებები კი არ მიაქვთ, არამედ სიკეთე და ნუგეში ისრაელისა (რაც ასევე უფლისებრი მოშურნეობის გამოხატულებაა ისრაელის მიმართ, შეად. - ზაქ. 1:12-14).
 
ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ "ქვეყნიერებაში ჩამომავალი" ზეციური ეტლები წარმოადგენდნენ მრისხანე ძალას, და მოსვენებას უკარგავდნენ მათ, ვინც ღმრთის ერის ტანჯვაში იყო დამნაშავე, არსებობს ყველა საფუძველი ვამტკიცოთ, რომ "ზეციური მხედრები" ბაბილონში მიემართებოდნენ არა საბოლოო სამსჯავროს მოსაწყობად "უკეთურების ქალაქზე", არამედ იმისთვის, რათა, ჯერ-ერთი შეემსუბუქებინათ ისრაელი ხალხისთვის ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნება, და მეორეც, შეემცირებინათ ის ბოროტება, რომლებიც ისრაელის გარემომცველი წარმართი ხალხებისგან მოდიოდა, შეად.:
 
"დიდი რისხვით ვმრისხანებ თავგასულ ხალხზე; რადგან ოდნავ განვრისხდი და შეეწივნენ ისინი ბოროტებას" (ზაქ. 1:15)
 
მეტიც, "შავმა" და "თეთრმა" ცხენებმა, რომლებიც წარგზავნილ იქნენ ბაბილონში, ამ "ჩრდილოეთის ქვეყანაში", შედეგად "დაამშვიდეს ღმრთის სული" ამ მიწაზე (რაც არ იქნებოდა, ისინი დემონურ ძალთა წარმომადგენლები რომ ყოფილიყვნენ, რადგან უკეთურების ნებისმიერი ქმედებით ბოროტება მხოლოდ მრავლდება):
 
"ნისლისფერნი გამოვიდნენ და ქვეყნის შემოვლა მოინდომეს. უთხრა: წადით, მოიარეთ ქვეყანა! და მოიარეს ქვეყანა. დამიყვირა და ასე და ელაპარაკა: შეხედე, ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გასულებმა დააცხრეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში" (ზაქ. 6:7-8).
 
ასე რომ სამი "ზეციური ცხენის" მისია ზაქარიას წიგნიდან კეთილი და "წმიდა" იყო (ისევე, როგორც თვითონ იყვნენ წმიდა), - და ისრაელისადმი დახმარებასა და მხარდაჭერაში მდგომარეობდა, როდესაც ღვთის ერი "მამათა მიწა-წყალს" უბრუნდებოდა.
(ამასთან "სამხრეთის მიწა", საითკენაც წავიდნენ ამლაყი (ჭრელი, ლაქოვანი) ცხენები), - ეს ბაბილონი აროდია, საიდანაც გამოვიდა ისრაელის ერი, არამედ ეგვიპტე, სადაც დაიღუპნენ ისინი, ვინც ბაბილონში ტყვედ წასვლას არ დათანხმდა (იხ. იერ. 42:7-22; 44:12-14).
შესაბამისად, როდესაც ეს სამი "ზეციური ქარი" ოთხიდან (თეთრი, წითელ-ცეცხლოვანი და შავი) იოანე ღვთისმეტყველის, გამოცხადების წიგნის იდუმალთმხილველის თვალწინ იმავე სიმბოლურ ვითარებებში (მსოფლიო ბაბილონიდან ღვთის ერის გამოსვლის შეწევნა და დახმარებაში) მიმდინარეობს, - არასწორი იქნებოდა ისინი "წარმწყმედელ" და "დამანგრეველ" ძალებად აღგვექვა, რომლებიც მოწოდებულნი იქნებოდნენ დედამიწაზე უპრეცედენტო აპოკალიპტური უბედურებების მოწყობისა.
 
ბევრად უფრო საფუძვლიანად გამოიყურება ვარაუდი, რომ ახალაღთქმისეულ დროებაში ზაქარიასთვის გამოცხადებული ზეციური მხედრობა აღასრულებს ისეთსავე მაცხოვნებელ მისიას, რომელიც მათზე ძველაღთმისეულ პერიოდში იყო დაკისრებული, რომლის წყალობითაც ღვთის ერმა შეძლო "ჩრდილოეთის ქვეყნიდან", ანუ ბაბილონიდან საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნება (ზაქ. 1:13-21; 6:1-8).
 
გარდა ამისა, წინასწარმეტყველ ამბაკუმის სიტყვა, რომელიც ახალაღთქმისეული საღმრთო აღმშენებლობის მოვლენებს ეძღვნება, პირდაპირ მოწმობს "უფლის ცხენებზე" და "ძლევის ეტლებზე":
 
"შედგა და გათელა მიწა; გაიხედა და შეაძრწუნა ხალხები; გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო ბორცვები. საუკუნოა მისი გზასავალი. ... ნუთუ მდინარეებს დაატყდა შენი რისხვა, უფალო, ნუთუ მდინარეებს შენი მძვინვარება და ზღვას შენი გულისწყრომა, შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი? ... შენი ცხენებით ზღვა გაქვს გათელილი, ადიდებული წყლების ზვირთები" (ამბ. 3:6-15).
 
ასე რომ, მათში, ვინც წმ. წერილში "ზეციურ სულებად" იწოდებიან და უფლის წინაშე წარდგებიან (ზაქ. 6:1-8), შემდეგ კი დედამიწის შემოსავლელად წარიგზავნებიან (ზაქ. 1:10), დავინახოთ მიზეზი და "ინსტრუმენტი" მსოფლიო კატასტროფებისა შესაძლოა მხოლოდ იმ პირობით, რომ გამოცხადების წიგნის მოწმობა არა ბიბლიური აზრით, არამედ ადრევე ფორმირებული "აპოკალიპტური" მოლოდინების ჭრილში განიმარტება.
(ცხადია, რომ ეს მტკიცებულება არ ეხება მეოთხე მხედარს, რომლის გამოჩენას უკავშირდება აშკარა და ნამდვილად სასიკვდილო უბედურება).
რაც შეეხება უფრო საზოგადო აზრობრივ კავშირებს "აპოკალიფსისის მხედრებსა" და ზაქარიას ძველაღთქმისეულ ხილვებს შორის, - თვით სიტყვები "მოდი და იხილე", რომელიც გამოცხადების ოთხი ცხოველისგან გაისმის (ანუ პირდაპირ ზეციური საყდრიდან), წარმოადგენს ანგელოზურ ძალთა სიმბოლოებისა და მნიშვნელობების გაგრძელებას, ასევე მათი განსაკუთრებული მისიის ჩვენებას, რომელიც ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ ზაქარიას ძველაღთქმისეულ პერიოდში ეჩვენა და, რომელსაც ახლავს "მოსვლისა და ხილვის" განკარგულება.
 
მოკლედ, წინასწარმეტყველ ზაქარიას წინასწარმეტყველური მოწმობის გათვალისწინებით არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ ახალაღთქმისეულ დროში მხედრები თეთრ, წითელ და შავ ცხენზე ქვეყნად გამოდიან იმისთვის, რათა დაეხმარონ ქრისტიანებს გათავისუფლდნენ "ბაბილონის ტყვეობისგან", ანუ თავიანთი დაძველებული ბუნებისგან და შევიდნენ წმიდა ქალაქში, რომელიც არის ზეციური იერუსალიმი.
 
ამასთან მოვლენები მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ბეჭდების მოხსნის შემდეგ (ანუ, გათავისუფლდებიან "საკურთხევლის ქვეშ მღაღადებელ" სულთა გათავისუფლება, ნიშნები ზეციურ მნათობებზე (გამოცხ. 6:9-17), და შემდეგ "ზეციური ტაძრის გაღება" (გამოცხ. 11:19)) მონიშნულია სიმბოლიზმის სხვა სისტემაში, რომელიც ეფუძნება არა იმდენად ძველაღთქმისეულ წიგნებს, რამდენადაც სახარების საზოგადო მნიშვნელობებს.
 
მიუხედავად ამისა, სამი "უკანასკნელი" ბეჭედი მიმართულია სრულიად კონკრეტულ ძველაღთმისეული სიმბოლოებისადმი, რომლებიც წინასწარმეტყველურ სისავსეს აღწევენ არა დროის რაღაც მომენტში და ცალკე აღებულ ლოკალურ მოვლენაში, არამედ მთელი ახალაღთქმისეული დროების პერიოდში (იმ მინიშნებით, რომ ეს ძველაღთქმისეული სიმბოლოები არ უნდა აღვიქვათ ბუკვალურად, არამედ დროთა უკვე მომხდარი ცვლილებებისა და ხილულ თუ უხილავ რეალობათა ახალაღთქმისეული მდგომარეობის გათვალისწინებით).


______________________

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому