განმარტება - რას ნიშნავს მაცხოვრის სიტყვები: "აჰა, მოვალ, როგორც მპარავი..."? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
რას ნიშნავს მაცხოვრის სიტყვები: "აჰა, მოვალ, როგორც მპარავი..."?
 
(გამოცხ.16:15)
აღსასრულის დღე
"აჰა, მოვალ, როგორც მპარავი: ნეტა მას, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილონ მისი სირცხვილი" (გამოცხ. 16:15).
 
***

ახალაღთქმისეულ წმიდა ტექსტებში მტკიცებულება "მოვალ, როგორც მპარავი" არაერთხელ გვხვდება და ყველა შემთხვევაში პირდაპირ არის დაკავშირებული მეორედ მოსვლასთან (შეად.: "ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, ... " (2 პეტ. 3:10; 1 თესალონიკ. 5:1-10, "გახსოვდეს, რაც მიგიღია და მოგსმენია, დაიცავი და მოინანიე; ხოლო თუ არ იფხიზლებ, მოვალ შენთან, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ" (გამოცხ. 3:3) და სხვა). ხოლო, რადგან ნამდვილი "მპარავები" ცდილობენ ისე მოვიდნენ, რომ მათი მოსვლა ვერავინ გაიგოს, გაფრთხილება "მოვალ, როგორც მპარავი" ნიშნავს, რომ უფლის დღე აბსოლუტურად მოულოდნელად დადგება, და ძველ სამყაროს უფალი უეცრად ეწვევა, შეად.:
 
"ხოლო დროთა და ჟამთათვის, ძმანო, არ გჭირდებათ რამეს მოწერა. რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით. ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ" (1 თესალონიკ. 5:1-3).
 
მაგრამ უკეთურ მეომართა საყოველთაო შეკრების კონტექსტში, რომლებიც "ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს" (გამოცხ. 16:13-14), სიტყვები "მოვალ, როგორც მპარავი" უკვე აღარ არის "გაფრთხილება მომავალზე", და ის "აწმყო უწყების" აზრს იძენს, - ანუ ის მოწმობს მაცხოვრის მოსვლაზე, უფლის დღის დადგომაზე და ძველი სამყაროს უკანასკნელ სამსჯავროზე (შეად.: - "რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს" (გამოცხ. 16:14).
 
ამასთან სრულიად ცხადია, რომ უკეთურთა მსოფლიო მხედრიონის "თავმოყრა" ხდება არა ბუკვალურად, - ანუ უკეთურები და უსჯულოები ბუკვალურ არმიად კი არ გაერთიანდებიან, რომელიც დედამიწის ყველა კუთხიდან წინასწარგანსაზღვრულ დროს და წინასწარგანსაზღვრულ ადგილას შეიკრიბება, დასცემენ სამხედრო კარავს და მოაწყობენ სამხედრო ბანაკს.
(თუკი მივდევთ იმ ვერსიას, რომ უკეთურთა შეკრება მოხდება ბუკვალურად, ხოლო ამ შეკრების დროს სამი უკეთური სული განსაზღვრავს, პირველ ყოველისა კი ურჩხული-სატანა, - ასეთი სცენარის დროს გამოვა, რომ სწორედ ის განსაზღვრავს "დღესა და საათს", რომელიც ბოლო მომენტამდე საიდუმლო იქნება თვით ქრისტეს ეკლესიისთვისაც კი, შეად.: "მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ" (მკ. 13:32)).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკეთურთა მხედრიონის მსოფლიო შეკრება ხდება არა თვალხილულად, რადგან თვით უკეთურები საცდურში იმყოფებიან და ვერც შეუგნიათ, რას იქმან, - ამიტომ გაფრთხილება "მოვალ, როგორც მპარავი", და მოწოდება "მღვიძარებისკენ" ამ წუთისოფლის უკანასკნელ დღემდე და ჟამამდე აქტუალური რჩება.
 
"მაგრამ თქვენ, ძმანო, ბნელში როდი ხართ, რომ მპარავივით გეწიოთ დღე. რადგან ყველანი ნათლის ძენი ხართ და ძენი დღისა; არა ვართ ღამის, და არც ბნელისა. მაშ, სხვებივით ნუკი მივეცემით ძილს, არამედ ვიფხიზლოთ და ვიღვიძოთ.  ვინაიდან მძინარენი ღამით ხვრინავენ და მემთვრალენიც ღამით თვრებიან. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.  რადგანაც ღმერთმა რისხვისთვის კი არ შეგვქმნა, არამედ ხსნისთვის ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მიერ, რომელიც მოკვდა ჩვენთვის, რათა, მღვიძარენი თუ მძინარენი, ვცოცხლობდეთ მასთან ერთად" (1 თესალონიკ. 5:4-10).
(აქ აზრი აქვს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ უკანასკნელი დღის ბრძოლის კონტექსტში ქრისტიანები იწოდებიან "ნათლის ძეებად", და "დღის ძეებად" იმიტომაც, რომ მხეცის "მთელი სამეფო" მეოთხე საყვირის შემდეგ ბნელში, ანუ უკუნ სიბნელეში აღმოჩნდება, შეად. – 1 თესალონიკ. 5:4-5).
რაც შეეხება ერთი მხრივ "მღვიძარებისა" და "სამოსელის დაცვის", ხოლო მეორე მხრივ "სულიერი სიშიშვლის" სიმბოლოებს, - ყველაზე მარტივი გაგებით ეს სახეები ეფუძნება იმ ვითარებას, რომ ჩვეულებრივი პირობებში ადამიანები ძილის დროს განიმოსებიან. მაგრამ თვით მაცხოვარი და მოციქულები მორწმუნეებს არიგებენ არ "განიმოსონ" ღამითაც კი, ანუ გულში იმღვიძარონ და ძილშიაც კი იფხიზლონ (1 თესალონიკ. 5:10), - რადგან უცნობია არა მარტო დღე მეორედ მოსვლისა, არამედ საათიც (შეად.: "მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ" (მთ. 24:36), "მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი" (მთ. 24:42, 25:13); "მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან  არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: საღამოს, შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას. რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ" (მკ. 13:32-37).
 
გარდა ამისა, მეორედ მოსვლის მრავალი ახალაღთქმისეული მოწმობა ხაზს უსვამს იმ მომენტს, რომ მიუხედავად ბოლო დღეების გლობალური რყევისა მთელი სამყაროს მასშტაბით, ვერავინ ბნელში მყოფთაგან ვერ ნახავს უკანასკნელი დღის მოახლოვების ნიშანს, შეად.:
 
"და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც" (მთ. 24:37-39).
 
ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერი უსჯულოება და უკეთურება იძულებული იქნება წარდგეს უკანასკნელი დღის სამსჯავროზე გულისა და აზრების იმ განწყობით, როდესაც ადამიანს არა თუ არ აცვია "საქორწილო სამოსი" (რომელშიც შეხვდება თავის სიძეს პატარძალი-ეკლესია - მთ. 22:1-14), არამედ ჩვეულებრივი სამოსიც კი, რომლის მიერაც ადამიანი დაფარავდა თავის შინაგან სირცხვილს (იუდ. 1:13 და ა. შ.).
 
ამასთნ, ისინი, ვისაც "აქვს სმენა" და ესმის მაცხოვრის მოწოდება ("... ვისაც ყური აქვს, ისმინოს.  ... ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება") (გამოცხ. 13:8-10), ცდილობს "იმღვიძაროს" და თავისი სამოსი "წმიდად დაიცვას", - ანუ მზად იყოს ბუკვალურად ნებისმიერ მომენტში ალალმართლად წარდგეს ღმრთის წინაშე, შეად.:
 
"გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო" (გამოცხ. 3:18).
 
"ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ. რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ.  მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ" (ლკ. 21:34-36).
 
ასე რომ, საბოლოო ჯამში ძველი ქვეყნიერების "ღამით" ისინი, ვინც ემსგავსებიან "გონიერ ქალწულთ", არ ღამეულ მთვლემარებას არ მიეცემიან, და სიძეს შესაბამის მომენტში "საქორწილო სამოსით" შეხვდებიან (მთ. 22:11-12), და ხელთ ექნებათ ანთებული სასანთლეები (მთ. 25:1-13), შეად.:
 
"დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი - ანთებული. იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი. ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ. მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირსდ ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლისთვის. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა" (ლკ. 12:35-40).
 
(შეად. – "... მოინანიე და უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი. არადა, მალე მოვალ შენთან და ადგილიდან დავძრავ შენს სასანთლეს, თუკი არ მოინანიებ" (გამოცხ. 2:5).
 
სწორედ ასე მსჯელობს სულიერ მღვიძარებაზე ანდრია კესარიელიც:
 
"მღვიძარება და სამოსის დაცვა ნიშნავს განუწყვეტლივ იზრუნო კეთილ საქმეებზე, რომელიც წმინდანთათვის სამოსის შესაფერია; ვისაც ის არ ექნება შერცხვება, როგორც გაშიშვლებული და სირცხვილით აღვსილი... აქედან ნათელია, რაოდენ დამღუპველია სათნოებათა სამოსლისგან განძარცვა, რადგან სახარებისეული იგავიდან ვიცით, რომ ვისაც ის არ ეცვა განგდებულ იქნა საქორწილო სუფრიდან (მთ. 22:13), ასევე მოციქულის სიტყვებიდან, როდესაც ის, მსჯელობს რა უხრწნელებაზე, ამბობს: "მხოლოდ შემოსილნიც არ აღმოვჩნდეთ შიშველნი" (2 კორინთ. 5:3) კეთილ საქმეთაგან. ამიტომ ბეჯითად ვევედროთ ჩვენს უფალს, რათა აქ განბანოს ჩვენი სულის შესამოსელი, რათა, ფსალმუნის თქმით, "თოვლივით განვსპეტაკნეთ" (ფსალმ. 50:9) და არ ვისმინოთ: "მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი?" და არ აღმოვჩნდეთ ხელ-ფეხ შეკრულნი და გარესკნელის ბნელში გაგდებულნი (მთ. 22:12, 13). არამედ, ყოველჟამ გვქონდეს სპეტაკი შესამოსელი, ბრძენი სოლომონის მიხედვით, და ვატაროთ ნათელი სასანთლეები თანაგრძნობისა და სათნო ცხოვრებისა, რათა აღვიდეთ ზეციურ სანახებში ქრისტესთან, ჩვენს სულთა წმიდა და უბიწო სიძესთან ერთად. მას ეკუთვნის დიდება, პატივი და მეუფება, მამასთან და სულიწმიდასთან ერთად, აწ და, მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 
რაც შეეხება დაფარულ და სიმბოლურ მნიშვნელობებს, რომლებიც მოცემულია 16-ე თავში, ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელობას "მღვიძარების სიტყვაში" წარმოადგენს ეგვიპტის უკანასკნელი, მეათე სასჯელის ხატება, როდესაც გამოსვლის ღამეს ამოწყდა ეგვიპტის ყველა პირველშობილი, რადგან პასქალური კრავის სისხლით არ იყვნენ დაცულნი სიკვდილის ანგელოზისგან (გამ. 12).
 
ამასთან წინასწარმეტყველ მოსეს მორჩილ ღმრთის ერს ამ ღამეს არ ეძინა, - არამედ შემოსილი იყო სამოსით, და შემოსარტყლული, მეტიც, ფეხზეც კი ეცვათ, შეად.:
 
"ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გიცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს.  მოვივლი იმ ღამით ეგვიპტის ქვეყანას და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში კაციდან პირუტყვამდე, და განვსჯი ყველა ეგვიპტელ ღმერთს. მე ვარ უფალი. სისხლი გქონდეთ ნიშნად სახლებზე, სადაც ცხოვრობთ; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსრვას დავიწყებ" (გამ. 12:11-13).
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ეგვიპტიდან გამოსვლის "პასქალური" დადგენილებები ერს მიეცა, როგორც მარადიული დადგენილება, - ასე რომ სულიერი აზრით ისინი აქტუალურობას ახალაღთქმისეულ დროშიც ინარჩუნებენ, შეად. - გამ. 12:14.

რაც შეეხება სიტყვებს "დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი - ანთებული" (ლკ. 12:35) - ეს სიმბოლო მოიცავს არა მარტო მაცხოვრის მოლოდინს, არამედ გამარჯვებას არმაგედონზეც, რის შესახებაც მომავალ პუბლიკაციებში ვილაპარაკებთ).


მასალა მომზ
დებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
რაც შეეხება ძლევას ახალაღთქმისეულ სულიერ ბრძოლაში, - რადგან ასეთი ძლევა შეესაბამება "უბიწო" შინაგან შინაარსს, რომელიც ახლოსაა სრულყოფილებასთან, მხოლოდ განუწვეტელი და თავდადებული რწმენითი აღმავლობით მიიღწევა.
 
(თანაც, აქაც ლაპარაკია არა "გონებრივ" რწმენაზე, ანუ არა მარტო სწორი შეხედულებების ერთგვარ კრებულზე, - არამედ ღმრთისადმი რწმენაზე, რომელიც ადამიანს აღძრავს საკუთარი თავის მუდმივი "უარყოფისკენ", და ილტვის რა ზეცად აზიარებს მას საიდუმლოებებს, თანამონაწილეს ხდის ახალაღთქმისეული დროების დიდი სატაძრო მღვდელმსახურებისა).
 
ხოლო, წარმატებით რომ ვეწინააღმდეგოთ "მხეცის", "მხეცის ხატის", "მხეცის გამოსახულების", "მხეცის სახელის რიცხვის" და ა. შ. შემოტევებს, ერთადერთ შესაძლო მეთოდებს წარმოადგენენ:

თავმდაბლობა (რომელშიც არის მუცელღმერთობის, სიძვის და სხვა ხორციელ ვნებათა სიკვდილი) (იხ. საქმე. 24:24-25, 2 პეტ. 1:5-6, გალატ .5:22-24; 1 თეს. 4:1-5, გამოცხ. 2:14; 2:20-22; გამოცხ. 17-18; 21:8);

მოკრძალება და თავდადება (რომელშიც კვდება სიამაყე, მედიდურობა, ვერცხლისმოყვარება და სხვა სულიერი ვნებები) (იხ. მთ. 10:39, მთ. 16:24, ინ. 15:13; გამოცხ. 3:17, გამოცხ. 17-18);

მორჩილება (რომელიც კლავს სიამაყეს, ამპარტავნებას და სხვა სულიერ ვნებებს) (შეად.: მთ. 11:29, იაკ. 4:6, 1 პეტ. 5:5, 1 ტიმ. 3:6, გამოცხ. 13:5).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ ეკლესიის საღვთისმსახურებო ცხოვრებაში მუდმივი მონაწილეობითა და ქრისტიანული სათნოებების აღსრულებით (შეად.: "ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს" (ლკ. 11:23)) შეძლებს ადამიანი მიუახლოვდეს განწმენდის საიდუმლოს, რომელიც სრულდება არა "მისით", - და არამედ "მასზე". ხოლო მიიღოს და შეინარჩუნოს ასეთი "სულიერი მდგომარეობა" შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, რომ ადამიანი არ ეძებს და არ ქმნის სრულყოფილ ხატს საკუთარ თავში და საკუთარ გონებაში, არამედ მორჩილად იღებს ეკლესიის მიერ ბოძებულ საიდუმლოებებში თვით მაცხოვრისგან მომდინარე მადლსა და ძალას, - ამის შედეგად კი ქვეყნიერებას ძლევს არა საკუთარი გონებით, არამედ ღვთაებრივი ძალით, რომელსაც ძალუძს ადამიანში წარხოცოს "მხეცის ხატი" და მიანიჭოს მორწმუნეს სხეულებრივი, მშვინვიერი და სულიერი სრულყოფა (შეად.: 2 კორ. 3:3; გალატ. 4:19 და სხვა).
 
ამასთან სრულიად ცხადია, რომ მსგავსი გზის გავლა ყოვლად შეუძლებელი იყო მოსეს სჯულის ბუკვალური მცნებებისა და განწესებების ფორმალური დაცვით. რადაგნ ამ სჯულის საფუძველს წარმოადგენენ შეზღუდვები და აკრძალვები ("არ გააკეთო", "არ ისურვო", "არ შეეხო" და ა. შ.), რომლებიც ხელს უშლიდნენ ბიწიერების გამოვლინებას და აკავებდნენ უსჯულოების გავრცელებას, - მაგრამ ამასთან არ შეეძლოთ მიენიჭებინათ ადამიანისთვის ჭეშმარიტი სათნოებები და გამოესწორებინათ მასში უკვე არსებული არასრულყოფილებანი, შეად.:
 
"რადგანაც ვერარა სრულყო რჯულმა; მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივეახლებით ღმერთს" (ებრ. 7:19).
 
შესაბამისად, გამოცხადების წიგნის მოწოდებებში დაცულ იქნას სჯული და მცნებები (მაგ.: გამოცხ. 14:12; 22:14) ლაპარაკია არა მოსეს სჯულის ბუკვალურ მცნებებზე მათი ძველაღთქმისეული გაგებით, სადაც ასო პრევალირებს შინაარსზე (ებრ. 7:16).
 
გამოცხადების ახალაღთქმისეული წიგნი ლაპარაკობს ქრისტეს სრულყოფილი სჯულის მცნებებზე, შეად.:
 
"მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით" (იაკ. 1:25).
 
"აქ არის წმიდათა მოთმინება, რომელნიც იმარხავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას" (გამოცხ. 14:12).
 
ამრიგად, ის პირდაპირ მოწმობს იმაზე, რომ მხოლოდ სრულყოფილი სჯულის აღმასრულებელთ, როგორც ქრისტეს სულიერი მეომრებს, რომელიც არის ქრისტეს ეკლესია, შეუძლიათ სძლიონ მხეცის გამოსახულებას და წინ აღუდგნენ უსჯულოებას, რადგან ეკლესია არა მარტო იბრძვის "მხეცის" წინააღმდეგ, არამედ სძლევს კიდევაც მას, მის "ხატებას", და მის "გამოსახულებას", ასევე "მხეცის სახელს" და "ხეცის სახელის რიცხვს".


მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому