განმარტება - მზიური ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა ღმერთის ბეჭედი (გამოცხ. 7:2-3) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
მზიური ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა ღმერთის ბეჭედი
(გამოცხ. 7:2)
მზის აღმოსავლეთიდან აღმომავალი ანგელოზი
"და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა: ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს" (გამოცხ. 7:2-3).

 
ღმრთის ოთხი ანგელოზის ხილვის შემდე, რომლებიც "მიწის ქართაგან" მსოფლიო ყოვლადდასაწველი სამსხვერპლოს დასაცავად დადგნენ, იდუმალთმხილველის მზერას ეხსნება ის მიზნები, რომელთა გამოც ეს ოთხი ანგელოზი გარკვეული დროით აკავებენ "მიწიერ ძალებს" მათთვის დამახასიათებელი უკეთური მისწრაფებებისგან.
 
ეკლესიისთვის კეთილსასურველ ამ პერიოდში, დედამიწაზე მოდის "მზის აღმოსავლით აღმომავალი" ანგელოზი (რაც სატაძრო სიმბოლიზმის ლოგიკით ზეციური ტაძრის სტოადან გარეთა ეზოში გამოსვლას შეესაბამება), რომელსაც ხელში უპყრია ღმერთის ბეჭედი და, რომელიც განკუთვნილია "ღმერთის მონათა შუბლების" აღსაბეჭდად. ეს უნდა მოხდეს იმის წინ, სანამ მთელი მსოფლიო "მიწიერ ქართა" დამანგრეველი ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდება.
 
თანაც ეს ხატება (როგორც, მაგალითად, ზეციური წიგნის შვიდი ბეჭედი) უნდა აღვიქვათ ისტორიული ტრადიციის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც სამეფო ბეჭედი წარმოადგენდა განსაკუთრებულ ბეჭედს, რომელზეც ამოტვიფრული იყო მფლობელის სახელი, - ამგვარი ბეჭდის დადება კი მოწმობდა იმის შესახებ, რომ ადგილი ან საგანი, რომელიც სამეფო ბეჭდით იყო აღბეჭდილი, მისი მფლობელობისა და ძალაუფლების ქვეშ იმყოფება.
(მაგალითად, როდესაც წინასწარმეტყველი დანიელი ჩააგდეს ლომებით სავსე ორმოში, - მეფე დარიუსმა ამ ორმოს შესასვლელი თავისი პირადი ბეჭდით დაბეჭდა (დან. 6:17, ასევე დან. 14:11).
თანაც თუკი სახელის მქონე ბეჭედი სჯულმდებლის ხელიდან იხსნებოდა და გადაეცემოდა სხვა ადამიანს, - ეს ნიშნავდა, რომ ბეჭდის მიმღებს არა მარტო უფლება ჰქონდა მფლობელის სახელით ემოქმედა, არამედ მისი "მარჯვენა ხელად" გამოდიოდა (შეად. – 3 მეფ. 21:8; გამოცხ. 5:1).
(ასევე, ფარაონმა, როდესაც იოსები დანიშნა ეგვიპტის მთელი მიწის მმართველად, უბოძა მას ბეჭედი, რომელიც საკუთარი ხელიდან მოიხსნა (დაბ. 41:42). და ამავე ტრადიციას მისდევდა არტაქსერქსე, რომელმაც თავისი ბეჭედი გადასცა მარდოხაის (ესთ. 3:10; 8:2).
გარდა ამისა, ხელთქმნილი კარვის საღვთისმსახურებო საგნების შორის, რომლის მოწყობა და წეს-განგებები მომავალ ახალაღთქმისეულ რეალობას გვიხატავენ, იმყოფებოდა ოქროს ფირფიტა, რომელსაც "სიწმიდის დიადემა" ერქვა (გამ. 28:36-38; 39:30-31) და აარონის ძეთაგან დანიშნულ მღვდელმთავართა შუბლზე უნდა ყოფილიყო, როგორც ამ დიადემის მატარებელთა უმაღლეს სატაძრო სამღვდელოებისადმი კუთვნილების მოწმობა. ეს იყო აგრეთვე ღმრთისა და შემოქმედისგან თავისი ერისადმი მოწყალების ნიშანი.
 
"გააკეთე ხალასი ოქროს ჯიღა და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფარით: სიწმიდე უფლისათვის. მიამაგრე იგი ლურჯი თასმით თავსაბურველს, თავსაბურველის წინა მხარეს უნდა იყოს. ეკეთოს აარონს შუბლზე და იტვირთოს აარონმა იმ შეწირულებათა ცოდვა, რომლებსაც შესწირავენ ისრაელიანები ყოველი შეწირვისას. მუდამ შუბლზე ეკეთოს, რომ წყალობა ჰქონდეთ უფლის წინაშე" (გამ. 28:36-38).
 
შესაბამისად, "ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, რომელიც ახალაღთქმისეულ პერიოდში მიენდო დიად და ნათელ ანგელოზს, ამ ბეჭდით "აღბეჭდილებს" უბრალოდ "უფლის სიწმიდის" სტატუსს კი არ ანიჭებს (შეად. გამ. 28:36; ზაქ. 14:20), არამედ, "შუბლზე აღბეჭდვა" წარმოადგენს ამ ბეჭდის აღნიშნული ადამიანის კუთვნილებას განსაკუთრებული სამღვდელოებისადმი, რომელზეც დაკისრებულია ახალაღთქმისეული მოწმობის მსოფლიო მისია (როგორც აარონი შუბლზე დადებული დიადამით გამოდიოდა ხილულ მოწმობად იმისა, რომ ისრაელის საზოგადოებაში მყოფობდა თვით უფალი).
 
ამასთან ერთად, ერთგულთა ზეციური აღბეჭდვის სიმბოლოთი, რომელიც წინ უსწრებს სამყაროს მომავალ რყევას, გამოცხადების წიგნში აღნიშნულია წინასწარმეტყველური კავშირი ახალაღთქმისეულ მოვლენებსა და წინასწარმეტყველ ეზეკიელის "სატაძრო" ხილვებს შორის, სადაც ნაჩვენებ იქნა ქალაქ იერუსალიმში "უკეთურების ექვსი მომსვრელის" შესვლის წინ თუ როგორ აღიბეჭდებოდა მონანულთა შუბლებზე განსაკუთრებული გადამრჩენელი ნიშანი, შეად.:
 
"აჰა, ექვსი კაცი მოდის ზემო კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, და თითოეულს ხელში თავისი შემმუსვრელი იარაღი უჭირავს; ერთი მათგანი სელით არის შემოსილი და მწერლის სამელნე აქვს წელზე. მოვიდნენ და დადგნენ რვალის სამსხვერპლოსთან. ისრაელის ღვთის დიდება ასცილდა ქერუბიმს, რომელზედაც იყო ის, და გაემართა ტაძრის ზღურბლისკენ; მოუწოდა სელით შემოსილ კაცს, რომელსაც მწერლის სამელნე ჰქონდა წელზე. უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო" (ეზეკ. 9:2-4).
 
ხოლო რადგან ეზეკიელის წიგნის სიმბოლოები ყველა მნიშვნელობით შეესაბამებიან "სულიწმიდის ბეჭედს", რომელიც მოწმობს ადამიანის გამოსყიდვასა და არჩევაზე ღმრთის ერში (ეფეს. 1:13-14; 4:30 და სხვა), - ყველა ზემოთაღნიშნული მნიშვნელობები განსაზღვრავენ ახალაღთქმისეულ დროებას, როგორც განსაკუთრებული საღმრთო აღმშენებლობის პერიოდს, როდესაც ღმრთის ბეჭედით აღიბეჭდება და განიწმინდება ყველაფერი, რაც კი ნაკურთხია და ეკუთვნის ურყევ ზეციურ კარავს (შეად. - ზაქ. 14:20; 2 ტიმ. 2:19).
 
რაც შეეხება თვით ყოვლისმპყრობელის სახელწოდებას "ცოცხალი", - ასეი სახელი გვხვდება ძველი და ახალი აღთქმის წმიდა წერილის მრავალ ადგილას და ყველგან მისი მეუფების უსასრულობას ადასტურებს, შეად.:
 
"ამის შემდეგ დარიოსმა ყველა ხალხს, ტომს და ენას - მთელი ქვეყნის მკვიდრებს მისწერა: მშვიდობა გაგიმრავლდეთ!  ბრძანებას ვიძლევი, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში ძრწოდნენ და შიშში იყვნენ დანიელის ღმერთის წინაშე, როდგან იგი ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთია, მისი სამეფო შეუმუსრავია და მისი ხელმწიფება დაუსრულებულია. იგი შველის და იხსნის, სასწაულებსა და ნიშნებს ახდენს ცაზე და დედამიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომების ხელიდან" (დან. 6:26-28).
 
მეტიც, შემოქმედის ასეთი სახელწოდება ყველაზე ამაღლებულ ბიბლიურ ქება-დიდებას განეკუთვნება, - რადგან ის ყოვლისმპყრობელს წარადგენს, როგორც საკუთარ თავში სიცოცხლის მქონეს და სიცოცხლის წყაროს, ამტკიცებს მის მარადის არსებობას და მით, გამონაკლისის გარეშე, ამხელს ყველა ცრუ ღმერთს, რომლებიც ფაქტობრივად არიან "მკვდარი კერპები" (იხ. მაგ.: 1 თესალონიკ. 1:9).


______________________

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому