განმარტება - I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები - აპოკალიფსისი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
უფალი იესუ ქრისტე

წინასიტყვაობა
 
წმიდა წერილი ეკლესიისა და ყოველი ქრისტიანის ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. ეკლესია ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში ხედავს საღმრთო გამოცხადებას, ჩაწერილს ღმრთითგანბრძნობილ კაცთა მიერ, რათა მისაწვდომი გახადონ ღმრთის სიტყვა მორწმუნეთათვის, ასევე ყველა მათთვის, ვინც ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სულიერ განათლებას ეძებს. მაგრამ ეკლესია ძველთაგანვე არა მარტო იცავდა წმიდა წერილს, არამედ განმარტავდა კიდევაც მას, რათა მის მკითხველებს შეძლებოდათ მისი ჭეშმარიტი აზრის გაგება. კომენტატორებად უპირველეს ყოვლისა გამოდიოდნენ ეკლესიის წმიდა მამები და მოძღვრები, რომლებმაც თავიანთი რწმენა და ღმრთისადმი ერთგულება ღვაწლით და ზოგჯერ ქრისტესთვის მოწამეობრივი აღსასრულითაც კი დაადასტურეს. ბიბლიურ წიგნთა ძველი კომენტატორების ხმას გარდაუვალი მნიშვნელობა გააჩნია. მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით, ღმრთის სიტყვის სწორი გაგება შესაძლებელია მხოლოდ წმიდა მამათა გადმოცემებთან შეთანხმებით.
 
ამგვარ გაგებას ემსახურება წმიდა წერილის წინამდებარე გამოცემაც, რომელიც ეხება კლასიკური პატრისტიკის პერიოდს (ქრ. შ.-დან I-VIII საუკუნეებს). ის წარმოადგენს მეცნიერ-პატროლოგთა დაუღალავი შრომის შედეგს, რომლებმაც ძველი ავტორების სხვადასხვა შრომებიდან ამოირჩიეს შესაბამისი ფრაგმენტები და ისე განათავსეს, რომ თანამედროვე მკითხველს შეძლებოდა გაცნობოდა ეკლესიის სხვადასხვა წმიდა მამის განმარტებას ბიბლიურ ტექსტებზე. მასალის განლაგების ამგვარი მეთოდი მომდინარეობს წმიდა მამებისეული ეგზეგეზის შუასაუკუნეობრივი კრებულებიდან. ის შესაძლებლობას გვაძლევს ბიბლიური წიგნები წავიკითხოთ წმიდა მამებთან ერთად, თანაც ისე, რომ შემწედ მოვუხმოთ ქრისტეს ეკლესიის კრებით ცნობიერებას.
 
მკითხველისთვის შეთავაზებული წიგნი კარგ სახელმძღვანელოდ გამოდგება მღვდელმსახურთათვის, მქადაგებელთა, მასწავლებელთა და სასულიერო სასწავლებელთა სტუდენტთათვის, ასევე ყველა მათთვის, ვინც წმიდა წერილს ძველი საეკლესიო გადმოცემის სულისკვეთებით სწავლობს.
 
მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტი ფილარეტი.
სერიის საზოგადო შესავალი
 
ეკლესიის I-VIII საუკუნეთა მამებისა და სხვა ავტორების ბიბლიური კომენტარების მიზანი გახლავთ ინტერესის გაღვივება კლასიკური ქრისტიანული ეგზეგეზისადმი, ის ცდილობს წმიდა წერილის შესწავლაში დაეხმაროს ერისკაცთ, რომლებიც ცდილობენ იმსჯელონ მასზე ადრინდელ ეკლესიასთან ერთად. მისი მიზანია ასევე ქრისტიან ისტორიკოსთა, ბიბლეისტთა, ღვთისმეტყველთა და მოძღვართა შეგულიანება შეისწავლონ ადრექრისტიანული ეგზეგეტიკა. კომენტართა ქრონოლოგიური საზღვრები, რომლებიც მოცემულ სერიაშია ჩართული, ვრცელდება ახალაღთქმისეული ეპოქის დასასრულიდან მსოფლიო კრებათა ეპოქის ბოლომდე, კლიმენტი ალექსანდრიელიდან ბედა პატივდებულამდე და იოანე დამასკელამდე.
 
საკმაოდ ხშირად ჩვენ გვესმის კითხვები იმაზე, თუ როგორ უნდა შევისწავლოთ წმიდა ტექსტები ძველი ეკლესიის დიდ მამათა ხელმძღვანელობით. ჩვენი სერია მომზადებულია მოცემული ინტერესის გათვალისწინებით და უმთავრესად გამიზნულია რიგით მკითხველთათვის, რომელთაც არ გააჩნიათ პროფესიონალური მომზადება ბიბლეისტიკის, ეკლესიის ისტორიის ან პატრისტიკის სფეროებში, მაგრამ გააჩნიათ დიდი სურვილი რეგულარულად შეისწავლონ როგორც წმიდა წერილის ბუკვალური აზრი, ასევე მისი საღვთისმეტყველო სიბრძნე და ზნეობრივი მნიშვნელობა, რომლის საფუძვლადაც შეუძლიათ აიღონ ადრინდელი ეკლესიის გამოცდილება.
 
წინამდებარე გამოცემა, რომელიც მიზნად ისახავს ნება მისცეს ძველ ქრისტიან ავტორებს ილაპარაკონ საკუთარი სახელით, გამორიცხავს უსასრულო ფიქსაციას წყაროთა თანამედროვე კრიტიკაზე და მკითხველს აწვდის ქრისტიანული ეგეზეგეტიკის შესანიშნავ ისტორიას, რომელიც მნიშვნელოვანწილად მიუწვდომელი ან მივიწყებული იყო ბოლო ასწლეულის განმავლობაში. მოცემული ანთოლოგიის დახმარებით მკითხველი შესაძლებლობას მიიღებს გაეცნოს წყაროებსაც, რომლებიც ეკუთვნოდათ სხვადასხვა კულტურებს, ენებს და მსოფლიო კრებათა ეპოქის განუყოფელი ეკლესიის თაობებს.
 
პირველი ათასწლეულის მიწურულის ქრისტიანული ქადაგება უპირველეს ყოვლისა კონცენტრირებული იყო წმიდა წერილის ტექსტის წარსულ და პატივდებულ ეგზეგეტიკურ ტრადიციაზე, უპირველეს ყოვლისა იმ ავტორებზე, რომლებიც ყველაზე სრულად ასახავდნენ კლასიკურ და საზოგადოდ მიღებულ საეკლესიო სწავლებებს. მეორე ათასწლეულის მიწურულის ქრისტიანული ქადაგება მისდევდა შებრუნებულ პრინციპს (თომას ოდინს მხედველობაში აქვს ვითარება დასავლურ ქრისტიანობაში, უპირველეს ყოვლისა პროტესტანტიზმში - რედ. შენიშვნა). კლასიკური კომენტარების უმეტესობა ან მივიწყებულ იქნა ან კიდევ არსებობდა არქაულ გამოცემებში და არაადეკვატურ თარგმანებში. მრავალი მქადაგებლის სიტყვა ჩვენს დროში უმეტესწილად მოკლებულია შთამაგონებელ პატრისტიკულ გავლენას. ამავდროულად თანამედროვე აკადემიური გამოკვლევები ისეთ დამოკიდებულებაში არიან ისტორიულ და ლიტერატურულ ანალიზთან, რომლებიც განვითარდა პოსტ-განმანათლებლობის ეპოქაში და, რომელიც უუნარო აღმოჩნდა დაეკმაყოფილებინა მრავალი ქრისტიანის მისწრაფება ეცხოვრა ძველი ეკლესიის ტრადიციათა მიხედვით (მოცემული შენიშვნა უპირველეს ყოვლისა ეკუთვნის მითითებულ სფეროთა დასავლურ გამოკვლევებს - რედ.).
 
ჩვენი სერია მკითხველს ამარაგებს მოხერხებული მასალით, რათა გაეცნოს, თუ რას ბრძანებდნენ წმიდა წერილის სხვადასხვა ტექსტებზე, ქადაგების, სულიერი მსჯელობებისა და ბიბლიური განმარტებების თვალსაზრისით, მაგალითად, ათანასე ალექსანდრიელი ან იოანე ოქროპირი, ან კიდევ მეუდაბნოვე მამები.
 
დღეს მართლმადიდებლები, კათოლიკეები და პროტესტანტები თანხმდებიან იმაში, რომ ქადაგება და სულიერი ჩამოყალიბება საჭიროებს უფრო მყარ საფუძვლებს, ვიდრე ამას გვთავაზობს ისტორიულ-კრიტიკული მიდგომები, რომლებიც ბოლო ორი ასწლეულის განმავლობაში განსაზღვრავდნენ ბიბლიურ კვლევებს. ამიტომაც ჩვენი გამოცემა ორიენტირებულია აუდიტორიაზე, რომელიც არ არის შეზღუდული უნივერსიტეტის პროფესორთა წრით, რომლებიც დაკავებულნი არიან ტექსტოლოგიით, ფილოლოგიით და სხვა უმაღლესი ხარისხის ტექნიკური თუ სპეციალიზირებული გამოკვლევებით პატრისტიკისა და ბიბლეისტიკის სფეროში. მიუხედავად ამ უკანასკნელთა განსაკუთრებული მნიშვნელობისა, ისინი წინამდებარე გამოცემის საგანს არ წარმოადგენენ.
 
შუასაუკუნეებში ბიბლიის კომენტარების კრებულები ამა თუ იმ სახით არსებობდა, როგორც აღმოსავლურ, ასევე დასავლურ ქრისტიანობაში, და მოგვიანებით - რეფორმაციის ტრადიციაშიც. ჩვენი სერია პირველი ანალოგიური გამოცემაა, რომელიც თანამედროვე მკითხველზეა ორიენტირებული. მეცნიერთა ერთობლივი ძალისხმევით მომზადებული ეს ნაშრომი, რომელიც წარმოადგენს, მართლმადიდებლურ, კათოლიკურ და პროტესტანტულ ტრადიციებს, განკუთვნილია, როგორც უკანასკნელთათვის, ასევე მათთვისაც, ვინც დასაქმებულია აკადემიური გამოკვლევებით ქრისტიანობის ისტორიის სფეროში ან უბრალოდ დაინტერესებულია ადრექრისტიანული ეკლესიით.
 
უმეტეს შემთხვევაში გამოყენებული იყო წყაროთა ინგლისური თარგმანები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, დაექვემდებარა შესაბამის სტილისტურ რედაქტირებას (1). სხვა შემთხვევებში გაკეთდა ახალი თარგმანები.
 
ფუნდამენტური ქრისტიანული წყაროები, რომლებიც გამოყენებულია მოცემულ კომენტარებში, თანდათანობით ბრუნდება საჯარო ბიბლიოთეკებში და კერძო ბიბლიოთეკათა თაროებზეც. ჩვენი მიზანია - ხელი შევუწყოთ ამ პროცესს და დავეხმაროთ ყველა დაინტერესებულ მკითხველს მიწვდეს ყველა იმ წყაროს, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვთ წმიდა წერილის განმარტებასთან.
 
ტომას კ. ოდენი, მთავარი რედაქტორი.
 
________________
 
1. პატრისტიკული ტექსტების ახალი თარგმანები, მრავალრიცხოვანი ცალკეული გამოცემების გარდა, უმთავრესად აღებულ იქნა ისეთი გაგრძელებადი სერიებიდან, როგორიცაა Fathers of the Church: A New Translation (Washington, D.C.: Catholic University of America Press, 1947-) და Ancient Christian Writers: The Иinks of the Fathers in Translation (Mahwah, NJ: Paulist Press, 1946 -). გამოცემებიდან, რომლებიც სტილისტურად დაძველებულია, მაგრამ ინარჩუნებენ პირველხარისხოვან მნიშვნელობას გადათარგმნილ წყაროთა რაოდენობისა და მრავალფეროვნობის გამო, უმთავრესი ადგილი კვლავ ენიჭება ორ სერიას, რომლებიც გასული საუკუნის ბოლოს გამოიცა და შესაბამისად მოიცავს ნიკეამდელი და ნიკეის შემდგომ პერიოდებს. იხ.: Ante-Nicene Fathers, edited by A. Roberts andj. Donaldson. 10 vols. (Buffalo, N.Y.: Christian Literature, 1885-1896; reprint - Grand Rapids, MI: Eerdmans, 1951-1956; reprint - Peabody, MA: Hendrickson, 1994), и A Select Library of the Nicene and Post-Nicene Fathers of the Christian Church, edited by P. SchafTet al. 2 series (14 vols. each) (Buffalo, N.Y.: Christian Literature, 1887-1894; reprint - Grand Rapids, MI: Eerdmans, 1952-1956; reprint - Peabody, MA: Hendrickson, 1994). - რედ.
________________

წყარო: Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I-VIII веков. Но­вый Завет. Том XII: Книга Откровения Иоанна Богослова / Пер. с англ., греч., лат. и сир. Под редакцией Вильяма С. Вайнриха / Русское изда­ние под редакцией Д. А. Федчука. - Тверь: Герменевтика, 2009.
Назад к содержимому